გამოდის 1998 წლიდან
2011-05-11
ჩემს სათაურებს მორგებული აკა მორჩილაძის პასუხები...

რამდენიმე დღით ლონდონიდან საქართველოში დაბრუნებულ მწერალთან, აკა მორჩილაძესთან, ილიას უნივერსიტეტმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ილიას უნივერსიტეტის თეატრში შეხვედრა მოაწყო. საღამოზე წარმოდგენილი აკა მორჩილაძის ლიტერატურული პალიტრა 20-ზე მეტი წიგნისგან შედგებოდა. მწერლის მოყვარული მკითხველი, ბუნებრივია, ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდით, რადგან, მაშინაც კი, როცა მწერალი საქართველოში ცხოვრობდა, ამის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლეოდა.
აკა მორჩილაძეს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, ბოლო 2010 წელს ერგო — „ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია“ რომანისათვის „მამლუქი“.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011 წლის 23 აპრილიდან, ერთგულ მკითხველს „აკა მორჩილაძის ბიბლითეკას“ სთავაზობს. ბიბლიოთეკა, თანამედროვე დიზაინით, გააერთიანებს 1998 წლიდან დღემდე გამოსულ ყველა რბილყდიან გამოცემას. წლის ბოლომდე კი, მკითხველი კიდევ ერთ საჩუქარს — აკა მორჩილაძის სამტომეულს მიიღებს. იგეგმება, აგრეთვე, ერთი საინტერესო პროექტის განხორციელება, რომელიც „სარბიელში“ გამოქვეყნებულ მწერლის სპორტულ მიმოხილვებს შეკრებს და წიგნის სახით გამოსცემს.
კარგა ხანია, მასთან ინტერვიუს ჩაწერა მსურდა, ამიტომაც საგანგებოდ მოვემზადე, თუმცა, ვერც ამჯერად მოვახერხე. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის მხოლოდ იუმორით სავსე პატარა მონაკვეთები მოვამზადე, რომელთაც ასე ვუწოდე: ჩემს სათაურებს მორგებული აკა მორჩილაძის პასუხები...

ტრადიციული კითხვა — რა არის იმპულსი თქვენი ნაწარმოების წერისას?
თუ მოვყევი, რაღა საინტერესო იქნება, გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევებს. მართალი გითხრათ, არ ველოდი ამ შეკითხვას და შევეცდები გავიხსენო. ყველა წიგნს თავისი იმპულსი აქვს. ძირითად შემთხვევაში იმპულსი არის რაღაც ამბავი, რაც თავში მომივა ან რაღაცას ვნახავ, მერე ვფიქრობ ამის შესახებ და ვიწყებ წერას. ანუ, ძირითადად, ვფიქრობ დიდხანს და მერე ვწერ. არ არის ხოლმე ისე, რომ ნელ-ნელა ვწერო. როცა აღარ გრძელდება ამბავი, ბუნებრივია, ვწყვეტ წერას.
ყველაზე მეტად ნამდვილი ამბავი არ მიყვარს ხოლმე, თუმცა ეგეც დამიწერია, მაგრამ ნაკლებად. რასაც მე ვაკეთებ, ეს არაა მხოლოდ ამბავი ან თუ ამბავზე ვწერ, მას ემატება ხოლმე დიდხანს ნაფიქრი. მექანიკურად ვწერ, მერე არაფერს არ ვცვლი. ალბათ, ყველას თავისებური წერის ტექნიკა აქვს. ჩემ შემთხვევეში ასეა — წერის დროს არ ვფიქრობ, თუ ფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ იტანჯები. ზოგი პირიქით, ბევრს ფიქრობს ხოლმე. მე სიუჟეტზე, ძირითადად, წერამდე ვფიქრობ. შეიძლება წერის დროს რაღაც ამბავი დაემატოს, მაგრამ სიუჟეტი უცვლელია.
სულ რაღაცას ვიგონებ, ადრეც კი ვიგონებდი, მაგრამ ასეთი სიხშირით არა. თუ გაწუხებს რაღაც, აუცილებლად დაწერ.
სიდონია გამოვიგონე თუ არა? ის ქვეყანა საერთოდ არსებობს? გამოგონება უფრო საინტერესოა. ვიღაც შეიძლება შეგხვდეს და საინტერესო იყოს, მაგრამ გამოგონებული გმირები უფრო საინტერესონი, იდიალიზირებული გმირები არიან...
ინგლისურენოვან წიგნებს რაც შეეხება, მე არ ვარ პროფესიონალი ინგლისელი მწერალი, სწავლა მომიწია. დავწერე ორი წიგნი, რომელიც ჯერ არ გამოსულა და ალბათ კარგა ხანს იდება ასე.
რაც შეეხება ქართულ გამოცემას, დიდი იმედი მაქვს, წლის ბოლოს კიდევ ერთი ახალი რომანი გამოვა, მეც ველოდები, წერის პროცესში ვარ. სულ ვწერ, აბა, რა გავაკეთო... ჩემს ნაწარმოებებს იშვიათად ვკითხულობ, შემთხვევით თუ წავიკითხავ, წიგნების დალაგების დროს ...

როგორია დეპრესიული აკა
როგორც გაირკვა, მჩვევია დეპრესია. უბრალოდ, სახელი არ მცოდნია იმ მდგომარეობისა, რასაც დეპრესიას ვეძახით. ისე, მგონი ყველაზე კარგი ფორმაა, მშვიდობიანი, მაქსიმუმ შეიძლება შეაწუხო ვინმე.

აკასეული „მამლუქი“
გეტყვით, ამ წიგნში ასეთი ეპიზოდია: რაიონული ცენტრის მუზეუმში მუშაობს ერთ-ერთი გმირი. პატარა ქალაქებში ადრე იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი ბავშვობაში. ძალიან საინტერესო იყო. ახლა არ ვიცი, არსებობს თუ არა მსგავსი მუზეუმები. ეს გახდა მიზეზი ამ წიგნის დაწერისა. დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის ერთ ასეთ მუზეუმში ხდება ყველაფერი. „მამლუქში“, რაღაცნაირად, ეს მუზეუმი გახდა სოციალური კატაკლიზმების ცენტრი ერთ ქართველ ბიჭთან ერთად, მერე გამოჩნდა პატარა კაციც და ასე აღვწერე 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული მოვლენები.

გამოცდილება, წარმოსახვა თუ დაკვირვება...
უფრო ბოლო ორი ალბათ. გამოცდილება არაფრის არ მაქვს. გამოცდილებით არ ვწერ, „აგვისტოს პასიანსი“ — ეს გამოცდილება არ არის, ეს კარგი თვალია. წარმოსახვა მე მგონი მაქვს, არასაჭიროც კი, ხშირად შემაწუხებელიც.

მწერლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი
ისტორიულზე ვსწავლობდი, შეხება მქონდა მატიანესთან, გამოცდებსაც კი ვაბარებდით ამ მიმართულებით. მიყვარდა მეცხრამეტე საუკუნის ისტორია, შესაბამისად, იმ დროის გაზეთებს ვკითხულობდი ბევრს, ძალიან ბევრს, ახლა აღარ ვკითხულობ გაზეთებს, თორემ, იმდროინდელი პრესა სულ ნომრების მიხედვით მაქვს შესწავლილი. შესაბამისად, ისე ვლაპარაკობდი კიდევაც, სასაცილოდ, იმ ენით. ანუ როცა დავწერე წიგნი იმდროინდელ საქართველოზე, მივხვდი, რომ ეგრე უნდა დამეწერა, ანუ არანაირად არ მოვმზადებულვარ ამისთვის. საერთოდ, რომელ წიგნსაც როგორი ენა უხდება, ისე ვწერ. მივხვდი, რომ ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი წერისას. არ მაქვს მუსიკალური სმენა, მაგრამ საოცრად შემიძლია ინტონაციის დამახსოვრება. ქართულ წიგნებს რომ ვკითხულობდი, სულ მქონდა ისეთი განცდა, რომ ეს დიალოგები არ არის ნამდვილი, ადამიანები ასე ხომ არ ლაპარაკობენ. ისეთი ფრაზის დაწერა არაფრით არ შემეძლო, მართალია, გრამატიკულად სწორია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტყუილია. ამიტომ გადავწყვივტე, ვწერო ისე, როგორც მესმის. ჩვენი ენა ბევრის საშუალებას იძლევა.

„სარბიელი“
„სარბიელში“ მუშაობის დროს საინტერესო რაც დამიწერია, ეს იყო ნეკროლოგები. მახსოვს ჯო დი მაჯიოს ნეკროლოგი, დიდი ბეისბოლისტი, ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი — როგორ გინდა დაწერო ამ ადამიანის ნეკროლოგი საინტერესოდ? ის მოხსენიებულია ყოველ მეორე ამერიკულ რომანში. მაგრამ ამას მართლა ვახერხებდი, ნეკროლოგებს ვწერდი საინტერესოდ. მახსოვს, რომ ეს იყო დიდი შემოქმედებითი პროცესი, ეს არ იყო ნეკროლოგების წერა. ვწერდი ფეხბურთზე, არა რეპორტაჟულს, უფრო ვთარგმნიდი, ვწერდი ასევე პროფესიულ კრივზე, იმიტომ, რომ ბავშვობიდან მომწონდა კრივი. იმიტომ კი არ მომწონს, რომ ერთმანეთს ასისხლიანებენ, ადამიანი კრივის ყურებისას ყველფერს კარგად გაიგებ.

რატომ აკა მორჩილაძე?
სულ მარტივად, მაშინაც გაზეთში ვმუშაობდი. სიარული მეზარებოდა, არადა თუ არ იარე, ამბავსაც ვერ გაიგებ. მაინც მომიწია ამ სასიარულო ჟურნალისტიკაში ყოფნა. როგორც ხდება ხოლმე, როცა პატარა გაზეთია, იქ სამი ან ოთხი კაცი მუშაობს და ფსევდონიმებით წერა უწევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დროს ასე იყო. მე მქონდა ხუთი ფსევდონიმი, ერთ-ერთი იყო აკა მორჩილაძე. რა იყო დანარჩენი? რა მნიშვნელობა აქვს. ერთი ქალი რეკავდა ხოლმე რედაქციაში, ერთს ლანძღავდა ხოლმე და მეორეს აქებდა, არადა ორივე მე ვიყავი. მერე რამდენიმე წიგნი დავწერე და ეს ფსევდონიმი ავირჩიე.

„იმერეთის ენციკლოპედიიდან“ „სანტა ესპერანსამდე“

თავიდან გაზეთში იბეჭდებოდა, ვიგონებდი არარსებულ იმერეთს, ვითომ დამოუკიდებელი იყო, დანარჩენი საქართველო კიდევ საბჭოთა კავშირში იყო. მეთვრამეტე საუკუნის იმიტაციას ვაკეთებდი, მაშინ წიგნებს არ ვწერდი, გაზეთში კი რასაც მინდა იმას ვაკეთებდი, მოკლედ, ვწერდი... ერთხელ ერთმა ჩემმა საყვარელმა მწერალმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ გაზეთი იპოვეს, სადაც მეფე ერეკლეს დროინდელი ციტატებიაო... ძალიან შემრცხვა. ეს ადამიანი გამოვიყვანე და ვუთხარი, რომ ეს ციტატები მე დავწერე-მეთქი. გამიბრაზდა და მომაყოლა შე.... ოოო. ასეთი რამ დამემართა. შესაბამისად, ეს რეალობები როცა მოვიგონე, გარდაიქმნა წიგნად... მივხვდი, რომ ეს შეიძლება იყოს წიგნი, მეტი არაფერი.

როგორ იწერება მისი სცენარები
სცენარის წერა დიდად არ მიყვარს, მაგრამ თავი ხომ უნდა შეინახო. პროფესიონალი სცენარისტი კიდევ სხვა არის, მწერლები, ძირითადად, ამას (დასამალი რა არის) შემოსავლის გამო აკეთებენ. ეგ სხვა პროფესიაა, ეგ უფრო მოსასმენია. წიგნის წერას რომ ხარ მიჩვეული, ძალიან ძნელია წერო სცენარი, მაგალითად: შუადღე, სოფლის გზა. გამოივლის მანქანა, ოდნავ შეანელებს. შუადღე, სოფლის გზა, გაჩერებულ მანქანასთან მოდის.... და ა.შ. ფოლკნერს რა, ეხალისებოდა სცენარის წერა?

ქართველი მწერლის ლონდონური დღიურები
რა ცხოვრება ეგ არის, თქვენ გგონიათ მაგარია? ყოფა ძალიან მარტივია, ვზივარ და ვწერ. ხო, გაფიცვებია მეტროში, მიტინგები, სამასი ათასი კაცი; ლუდი, ისეთი სპეციფიკური; კარგი ტკბილი ქვეყანაა, თავისუფალი და, რა ჰქვია ჩვენთან? დემოკრატიული. ვცხოვრობ მუშებსა და იაპონელებს შორის, სპეციფიკური ქვეყანაა და ქალაქიც. ჩემი სახლის გვერდზე გადის ჩრდილოეთ ლონდონისკენ მიმავალი გზა, ანუ ფართო შარაგზა, ეს ითვლება ცუდ ადგილად, რადგან ბევრი მანქანა მოძრაობს, მეორე მხარეს კი, იაპონელების სოფელია. ინგლისურ სახლებს თავისი სტილი აქვს, იქ დანგრეული არაფერა. სახლების სტილიც ამისდა მიხედვითაა.
შენ რომ თქვა, „ჯორჯიან რაითი“ ხარ, ჩათვლიან, რომ მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი მწერალი ხარ, იმიტომ, რომ სამი ჯორჯი მეფობდა იმ დროს და როცა ამას წერ, მათთვის ცოტა ძნელი ასახსნელია. აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ ქართველი მწერლები. მოკლედ, თუ გინახავთ ჰოლანდიურ ნახატებში შავ-თეთრი სახლები, იქ სულ იაპონელები ცხოვრობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს დასახლდნენ. ყველაფერი იაპონურია, უფრო აქეთ, თურქები ცხოვრობენ და პენსიაში გასული ინგლისელები — მუშათა კლასის წარმომადგენლები, ეს კიდევ ცალკე თემაა... ისე რა სალაპარაკოა, რეებს მაყოლებთ... ბრიტანული პასპორტის მქონე მოხუცებული თუ დეპრესიაში ჩავარდება, მას პენსიას უხდიან. ამ თანხით შეუძლია ყოველდღიურად რამდენიმე კათხა ლუდი დალიოს, სიგარაც იყიდოს და ცხოვრებაში ცუდად არ გახდეს. პიაცაზე ხომ წაგიკითხავთ წიგნები? აი, ასეთი ინგლისელი კაცები არიან ჩემი მეზობლები. ჩემს სახლში ცხოვრობენ რუსი, იტალიელი, ორი კონგოელი, საშოვარზე წამოსული ლივერპულელები. ჭრელია რა, არ არის სუფთა ინგლისელების ქალაქი, მაგრამ საინტერესოა.

maid in tiflis
სად დავწერე აღარ მახსოვს, მაგრამ კარგა დიდხანს ვწერდი. ამხანაგების ამბავია აღწერილი, ვერც იტყვი, ვისი. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ბავშვობის სახლები, ჩვენი მეგობრების ბავშვობის სახლები, ბევრი წიგნები.... ეს სახლი არ გამომიგონებია, შეხვედრას რომ მოვრჩები, მოვიკითხავ მოვიკითხავ ამ სახლს, კიდევ თუ დგას.

ინგლისში ყველაზე სასურველი პროფესია
ინგლისიდან რომ ჩამოვედი საქართველოში, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა ადამიანი წერს. იქ ყველა წერს, კაცი რომ ჯარიდან გადადგება, ჩათვალე, ერთ-ორ წიგნს აუცილებლად დაწერს. იქ მწერლობა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პროფესიაა, რაც ძირითადი მიზეზია იმისა, რომ წიგნების გამოცემა ძალიან ძნელია.

განიცდის თუ არა მწერალი სხვა მწერლების გავლენას
როგორ არ განვიცდი მწერლების გავლენას. ჯერ კიდევ პატარა რომ ხარ და წერ, უკვე განიცდი მათ გავლენას. შენ რა იცი წერა რა არის, არც ამბავი არ იცი. ეს იმ მწერლების ბრალი კი არ არის, რომელსაც კითხულობ და გიყვარს, შენი ბრალია, იზრდები და ეს გავლენაც იცვლება. 19 წლის რომ ხარ, ყველაზე მაგარი მწერალი ჰემინგუეი გგონია, მაგრამ 39-ის რომ ხარ, ფიქრობ, ეს კაცი რამ გააგიჟა? 49-ისას, გიხარია, რომ მესამე რაღაც იპოვე ისეთი, რასაც წაიკითხავ. სიმართლე გითხრათ, ჩვენს დროს არ იყო წიგნების ფუფუნება. ახალი წიგნი ძნელი საშოვნელი იყო, ჩვენზე უფროსები, უფრო გავლენიანი ადამიანები, ლიტერატურასთან ახლოს მდგომი ხალხი და ინტელექტუალები შოულობდნენ. მე ჩვეულებრივ წიგნებს ვკითხულობდი.
ისე, არავის დაუჯეროთ, თუ პირდაპირ არ იწერს ადამიანი, ირგვლივ ყველაფერი გავლენას ახდენს — ტელევიზორში რომ უყურებდა როგორ ჩამოახრჩვეს სადამ ჰუსეინი, ერთმა ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. მაგას ვერ აცდები... ვკითხულობდი სათავგადასავლო წიგნებს, „მადამ ბოვარის“ არ ვკითხულობდი, მერე ერთხელ წავიკითხე, ისიც ცოტა... მომწონდა და დღემდე მომწონს „განძთა კუნძულის“ სამი თავი, მერე აღარ ვარგა, ფუჭდება. კი არაფერს ვერჩი მწერლებს, უბრალოდ, აღარ გხვდება გულში. ასე ვერ გეტყვით, რომელი მწერალია საყვარელი, ყველა საყვარელია, ოსტატურია...

კარტოფილით სავსე ტომარა
სადღაც ვიყავი ერთხელ და იყიდებოდა ტომარა, გამყიდველმა ამიხსნა, რომ საწყალი, ღატაკი ირლანდიელი ბიჭები სასწავლებლად რომ მიდიოდნენ, მამა გაუვსებდა მათ ტომარას კარტოფილით, ზურგზე აკიდებდა და ეტყოდა სექტემბერში: შობამდე შენი ხმა არ გავიგონოო — აი, შენ საჭმელ-სასმელი და ისწავლეო. ასეთი იყო ცხოვრება ირლანდიაში... კიდევ ერთი კარგი ანდაზა გავიგონე: სასმელი იმიტომ მოიგონეს, რომ ირლანდიელებს მსოფლიო არ დაეპყროთო.

...არ იცი, რომელი აინთება
წინასწარ არ იცი რა გამოვა, ისე მე მომწონს წერის პროცესი და არა შემდგომი... საერთოდ, ყოველთვის იცი, რომ უკეთესი უნდა დაგეწერა. როგორ არის იცით, აი, ასანთის ღერებს რომ გაკრავ, ზოგი ინთება, ზოგი არა. ისე კი, ყველა უნდა აინთოს, ასეა ნაწარმოებებიც, არ იცი, როგორი გამოვა და რომელი აინთება. სრულყოფილება საერთოდ არსებობს? ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც გინდა. ვერ ქაჩავ! ადრე უფრო საინტერესო იყო, ახლა არც ისე საინტერესოა, ცხოვრება სხვა რამე გამოდგა. ადრე უფრო ბევრი მინდოდა ხოლმე, ახლა — ნაკლები, ალბათ, ასაკის ბრალია.

პასიური დასვენება
ვისვენებ პასიურად, რესტორანში და თეატრში წასვლა არა მგონია დასვენება იყოს, ეს სერიოზული სამუშაოა... დასვენება არის, რომ წევხარ, ხმას არ იღებ და არ ფიქრობ. სხვანაირი დასვენება არ ვიცი. ეგრე იყო ილია ჭავჭავაძე. წაკითხული მაქვს, რომ დაწერდა, ერთი კვირა იწვა, ხმას არ იღებდა და ეწეოდა... აბა, ორმოც ხინკალს რომ შეჭამ, ეს რა დასვენებაა, მერე იქიდან წამოხვალ, ბიჭები დაგხვდებიან, მერე მეზობლები მიგიპატიჟებენ და ა.შ. ეს დასვენებაა? ეს მუშაობაა, მართალია შენი სიამოვნებისთვის, მაგრამ მაინც მუშაობაა.
რა მიყვარს? ფეხბურთის ყურება მიყვარს, ბევრი კიდევ სხვა რამე მასთან დაახლოებული. კიდევ კრივი მიყვარს, მაგრამ ძნელია ტელევიზორში ყურება. ისე, მე ტელევიზორი საერთოდ არ მაქვს. კრივის ყურებაა ყველაზე ძნელი მსოფლიოში.
დიდი მელომანი არ ვარ, მარტივ რაღაცებს ვუსმენ... ვუსმენ სამოციანი წლების მუსიკას, რაც უფრო გულუბრყვილოა, მით უკეთესია. მაგალითად, ქანთრი მიყვარს.

გული სადამდეც მიდის, იქამდე წერ...
ჩემი ნაწარმოებების ბოლო როგორია? ხშირად გამიგია, რომ დაუსრულებელია ან შუაში რაღაც აკლია... ამას განგებ არ ვაკეთებ... გული სადამდეც მიდის იქამდე ვწერ ხოლმე. წიგნის დამთავრებაზე ერთ ასეთ რამეს მოვყვები — ჩემი ერთ-ერთი წიგნი „მესაიდუმლის ქამარი“ რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო, 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები, აკლია. დღემდე ასეა გამოცემული, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ აკლია.
როცა არ იცი, როგორ დაასრულო წიგნი, კარგია, შექსპირზე რომ იფიქრო... იქ ხომ წარმოუდგენლად მთავრდება სცენა — ჩაწყობილი 27 გვამი. მოკლედ, როცა გაგიჭირდება და ერთ სცენაში გინდა ჩაატიო ყველაფერი, მაშინ უნდა გაგახსენდეს შექსპირი და უცებ მიალაგებ ერთმანეთზე, შენც გული გაგიჩერდება და ხარ ასე სულ ნერვიულობაში.
სხვა მიზანი წერისას არ მაქვს, ყველა განცდა, რაც იქ ხდება, მეც მაქვს, ეს ჩემი პერსონაჟების თანაგანცდაა. მიყვარს ხოლმე ნაწარმოების ბოლო. ჩვენს ბავშვობაში ყველაზე მძაფრად მახსოვს საავადმყოფოს მიმღების სუნი, ძალიან სპეციფიკური. ასეთი მძაფრი განცდა მაქვს ხოლმე ნაწარმოების დასრულებისას. პერსონაჟებზე არ შემიძლია ვილაპარაკო თუ ვინ არიან, თითქოს, ჩემს თავზე ვწერ, აქ ხომ ყველა ყველას იცნობს — თელავში მამალი რომ დაიყივლებს, აქაც ხომ ისმის, თუ კარგად არ არის გათენებული.
რამდენი ხანი ვმუშაობ, ეს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარადაა. დიდი მწერლების შესახებ თუ წაიკითხავ, დილით ადრე უნდა ადგე და დაიწყო წერა, ერთი 6 საათი მაინც უნდა იმუშაო. როგორც ევროპის სამუშაო დღეა, დაახლოებით, ისე. მე ასე არ გამომდის, ხშირად მეტსაც ვმუშაობ. როცა სცენარებს ვწერ, აი მაშინ ღამეებსაც ვათენებ.
ყოფილა შემთხვევა, როცა ერთდროულად ვმუშაობ ორ ნაწარმოებზე, ეს, ძირითადად მაშინ, როცა შეკვეთით მიწევს წერა, სამსახურივითაა.
ჩვენნაირად რომანებს მსოფლიოში არავინ არ წერს, სულ სხვანაირად ვწერთ, მეტი თავისუფლება გვაქვს წერის დროს. იქ ამდენი ფუფუნება არ აქვთ, უფრო ზუსტია ხოლმე ყველაფერი.

ვეღარ იჭერ ვინ ვის რითი სჯობია — საშუალოზე მაღალი დონე გაჭედილია
NBA-სთვის თუ გიყურებიათ 25 წლის წინ და დღეს — აი, დაახლოებით ასეთი სხვაობაა ადრინდელსა და თანამედროვე ლიტერატურას შორის. დღევანდელი უარესი კი არ არის, შეიძლება რაღაცით უკეთესიცაა, ვეღარ იჭერ ვინ ვის რითი სჯობია. საშუალოზე მაღალი დონე გაჭედილია.
დეტექტივებს და ასეთ რამეებს საერთოდ ვეღარ ვკითხულობ. მომწონს ერთი ჩილელი მწერალი რობერტო ბოლანიო, რომელიც გარდაიცვალა. ის ითარგმნა ინგლისურად. ძალიან კარგი წიგნები აქვს დაწერილი, თუ სადმე ნახავთ მის ნაწარმოებებს, გირჩევთ წაიკითხოთ. ასეთი რომანი აქვს — „ბოროტი დეტექტივები“, ძალიან მომწონს, წაიკითხეთ აუცილებლად.
საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ფრანგები უნდა იკითხოთ ყველა დროის.
ახლა დეტექტივებს უფრო იმიტომ ვეღარ ვკითხულობ, რომ აღარ მაინტერესებს, წინასწარ ვიცი რა მოხდება, კინოები უფრო მიყვარს ამ ჟანრის. ჩემს შვილს დავსამ ხოლმე და ვნიძლავდებით, აი, ახლა რა მოხდება. იცი, როცა სცენარის წერას მიეჩვევი, მით უმეტეს, ერთ ან ორ ამერიკულ წიგნს წაიკითხავ სცენარის წერაზე, უკვე იცი რა მოხდება, თუ ცოტა წარმოსახვა გაქვს, საერთოდ! წიგნებს იმიტომ ვეღარ ვკითხულობ, რომ კითხვისას იმაზე კი ვეღარ ვფიქრობ, რა მოხდება, იმაზე ფიქრი მისწრებს, ეს როგორ დაწერა. ამიტომ აღარ არის საინტერესო, მიჭირს ამის აღწერა. რითი განსხვავდება ფრანგული ამერიკულისგან? ამას ვერ მოვყვები, რადგან შეგრძნებებით უფრო ვიგებ. ფრანგულზე სულ სხვას ვგრძნობ, ამერიკულში კი — სულ სხვას, მათ სხვაგვარი უნარი აქვთ. რაც ძველებში გიყვარს, იმას თუ იპოვი ახლებში, გიხარია. აი, ამ ტიპის მკითხველი ვარ. სტენდალს, კორტასარს რომ წავიკითხავ, სულ სხვა შეგრძნება მეუფლება, მიყვარს, სულ ვკითხულობ... ინგლისელები ასეთ წიგნებს ვერ წერენ. წერენ ვაშლებზე, ძაღლებზე...
თანამედროვე ქართველ მწერლებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ის არის, რომ არ ვარ აქტიური და გადევნებული მკითხველი, მეორე — ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი ან ახლო მეგობარია; მესამე — ზოგი ნათესავია... მეოთხე — უბრალოდ, კარგი ადამიანია. ჰოდა, ახლა რომ დავიწყო, ეს იმიტომ არ მომეწონა ან ეს იმიტომ მომეწონა... ამას მირჩევნია, საერთოდ არ ვიკითხო, ვიყო ასე ჩემთვის ტკბილად და ამ შეკითხვასაც პატიოსნად ვუპასუხო.

გავიარე, მაგრამ სხვაგან აღმოვჩნდი
თბილისი მომენატრა, ძალიან მომენატრა, ასე იშვითად თუ მომნატრებია რამე ცხოვრებაში; მეც უკან მობრუნება მინდა, მაგრამ მეუბნებიან, არ არის ეგრეო, გაიარე და გაიარეო, გავიარე, მაგრამ სხვაგან აღმოვჩნდი. მოკლედ რთულია.
წასვლა რამ განაპირობა? რამდენიმე ფაქტორი იყო, პირველი და ბოლო ერთი და იგივეა — რაღაც არ მომეწონა საშინლად — ჩემში, სხვაში, ეგ არ ვიცი. რაღაც, ყოველდღე რომ დავდიოდი, ის აღარ იყო...

ლალი ჯელაძე

25-28(942)N