გამოდის 1998 წლიდან
2011-05-11
ვენახი და რტონი ვენახისანი

როლანდ ჩხეიძე

წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს: მაცხოვარს სურს გვიჩვენოს, რომ ადამიანში ღმერთისადმი სიყვარულის აღმოცენებისათვის მრავალგზის ძალვა და მეცადინეობაა საჭირო, რათა მასთან ერთობაში ვეზიარებით და მხოლოდ მასთან ერთად ყოფნით არის შესაძლებელი „ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ“ (2 პეტ. 1:4) და მხოლოდ მისგან შეიძლება ებოძოს ადამიანს „დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი“ (2 პეტ. 1:4). უფალი ბრძანებს: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა“ (იოან. 15:1). მართლაც, კაცობრიობამ არ იცის სხვა ვაზი, რომელიც თავის ნაყოფს უშუალოდ ღმერთისათვის აღივებს და ეს ნაყოფი ღმერთამდე აჰყავს. იესო ქრისტე ძეა ღვთისა და ის, თავის ქცევაში, მამის ნებისადმი სრულ მორჩილებას გამოხატავს.
ბიბლიური თვალსაზრისით იესო ქრისტე ვაზია ჭეშმარიტი, რომელსაც თავისი მადლით და ცხოვრებით ღვთის შესაფერისი ნაყოფი მოაქვს.
მორწმუნესათვის მთავარი, სულიერი საზრდოა, რადგან ის საზრდო ზრდის ადამიანს, რასაც მისი გული ითხოვს. უფალი თავის მოწაფეებს ახლებურად უხსნის ჭამადის შინაარსს: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოან. 4:34). იოანეს სახარების მეოთხე თავში უფალი თავის მოწაფეებს სოფლიდან გამოსულ ხალხზე მიუთითებს და ბრძანებს: „აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც“ (იოან. 4:35-36). იოანე ოქროპირი ამ ქარაგმას ჩვეულებრივი საგნების ხატოვან ასახვად მოიხსენიებს. ამ ეპიზოდის მიხედვით ლოცვა და მარხვა ქრისტიანის უმთავრეს საქმეს, საკუთარი თავისა და სხვათა ცოდვილობისაგან გამოხსნას ემსახურება. ამ აზრს მათეს სახარებაც ადასტურებს. იესო ქრისტე ბრძანებს: „ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“ (მათ. 17:21).
იესო ქრისტე ჭეშმარიტი ნაყოფის მომტანი ვაზია. ვინაიდან ვაზის დანიშნულება სავსე მტევნების გამოღებაა, უდიდესი მნიშვნელობა ლერწებს და იმას ენიჭება, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ვაზმა საბოლოოდ კარგი ნაყოფი მოიტანოს. ლერწების არსებობა ვაზზეა დამოკიდებული და რადგან ვაზის სახეში იესო ქრისტეა ნაგულისხმევი, მოწაფეებს, რომლებსაც ნაყოფი მოაქვთ, რჩებიან ვაზის ნაწილად, ე. ი. მის მოწაფეებად. სხვების შესახებ იესო ქრისტე ბრძანებს: „ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის“ (იოან. 15:6).
ყველა მორწმუნე ღმერთთან ერთიანია იესო ქრისტეში. ბასილი დიდი ბრძანებს: რადგან ადამიანი ღმერთი არაა, მაცხოვარმა კვლავდაბადებულად მის განკაცებულებაში მოგვიხსენია... ამიტომ კაცი ძე ღვთისას ერთარსად არ უნდა მოვიაზროთ. იესო ქრისტე ღმერთია და ის ღვთის ერთარსია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არ არის კაცთა მოდგმის ისეთივე დასაბამი, როგორც მამა ღმერთია ძე ღმრთის მამა.
იესო ქრისტე ადამიანის შემომქმედია და მამა ღმერთს ნებავს, ჩვენ გვწამდეს ძისა.
ის ერთადერთი პიროვნებაა, რომლის წყალობითაც მთელი კაცობრიობის ცხოვრება ჭეშმარიტ შინაარსს იძენს. მისი ძალაუფლება სამების ძალით არის განმტკიცებული და ეს მრავალჯერ დასტურდება სახარებაში.
ნამდვილ მკად მაცხოვარმა ის შემთხვევა მოიხსენია, როდესაც ფილიპემ და ანდრია პირველწოდებულმა მაცხოვართან ელინები მიიყვანეს (იოან. 12:20-30). ამ შემთხვევას უფალმა ესქატოლოგიური მნიშვნელობა მიანიჭა, კაცობრიობის გადარჩენისათვის დაწყებული მკის დასაწყისი უწოდა და ბრძანა: „მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს“ (იოან. 12:20-31).
ჭეშმარიტ ვენახს ცრუ მოწაფეები ვერ დაიმკვიდრებენ. უნაყოფო ლერწების ჩამოცილებით ვაზი განიწმინდება, ასეთი განწმენდა სუსტ და ახლადამოყრილ ლერწებს სიკეთეს მოუტანს. იუდა ისკარიოტელისაგან განთავისუფლებამ მოციქულთა საქმეს სასიკეთო შედეგი მოუტანა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი — აუცილებელი იყო იესო ქრისტესაგან განუყოფელი ცხოვრებისათვის ზრუნვა.
„თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, — ბრძანებს უფალი, — ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი“ (იოან. 15:7-8). უფლის სურვილია მოწაფეებთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს, რადგან სიყვარულში ერთიანობა და მცნებების აღსრულება ადამიანს უფალთან აერთიანებს, ხოლო ამ ერთიანობით აღსრულებული საქმეები ღმერთის დიდებას ემსახურება.
სახარებაში მამისა და ძის უანგარო სიყვარულს ვხედავთ. ასეთივე სიყვარული აქვს ძეს მოწაფეების მიმართ: „როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში“ (იოან. 15:9), — ბრძანებს უფალი. ძე მამისადმი სრულ მორჩილებას იჩენს და ეს ღვთის მორჩილების მაგალითია: „თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოან. 15:10). ძის სიხარული ჭეშმარიტი მოწაფეების დიდი სიხარულია: „ეს გითხარით, — ბრძანებს უფალი, — რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული“ (იოან. 15:11).
ღვთაებრივი სიყვარული ორმხრივი და უანგაროა: „ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის არა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის“ (იოან. 15:12-13). ამრიგად, — ბრძანებს უფალი, — ისევე როგორც მე ვწირავ თქვენთვის თავს, თქვენც — ქრისტიანებსაც უნდა შეგეძლოთ ერთმანეთისათვის თავის გაწირვა. არ იფიქროთ, რომ მე თქვენ იმის გამო გტოვებთ, რომ არ მსურს თქვენთან ერთად ყოფნა, პირიქით, დროებით თქვენი დატოვება თქვენი სიყვარულის გამო ხდება, და თქვენ დარწმუნდებით, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილებაა სრულფასოვანი სიყვარულის ნიშანი.
როდესაც უფალი ბრძანებს: „გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“, არ ნიშნავს, რომ უფალი რაიმეს შესწავლას საჭიროებდა ან საჭიროებს, — ამით ის გვამცნობს, რომ მხოლოდ იმ ცოდნას გვაუწყებს, რაც მამის წიაღიდან მოდის. უფალი ბრძანებს: საიდუმლოს გადმოცემა პირველი ნიშანია თქვენდამი დიდი სიყვარულისა, ხოლო მეორე უტყუარი ნიშანი ის არის, რომ თქვენ კი არ აგირჩევივართ, მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ“ (იოან. 15:16).
სწორედ იმისათვის, რომ ის, რაც მაცხოვარმა გადმოგვცა, უფრო უკეთ აღვიქვათ და მივიღოთ, ჭეშმარიტების აღქმის პროცესი, ღვთის მადლით, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება!
მოწაფეებმა თავად იხილეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა. ამ საოცარმა მოვლენებმა მათი გულები უფრო დიდი სიყვარულით აღავსო და მათმა სულებმა ჭეშმარიტების უფრო დიდი სიღრმეები დაიტია.
მაცხოვარი, აღდგომისა და ცხოვრების ხატად გვევლინება. მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში, როგორც დრომოჭმულ სინამდვილეს, ისე მომავლის ესქატოლოგიას ვხედავთ. მეორე მხრივ, სახარებაში, პარალელურად, პიროვნულ და ზოგადსაკაცობრიო აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები ვითარდება: „ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, — ბრძანებს უფალი, — რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 6:40), „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე“ (იოან. 6:54), „ვერავინ მოვა ჩემთან, — განაგრძობს იგი, — თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“ (იოან. 6:44). რადგან, განმარტავს იესო ქრისტე: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოან. 11:25-26). ეს სიტყვები ხაზს უსვამს მამისა და ძის ერთობლივ ნებას — კაცობრიობა, სიკვდილის ტყვეობიდან იქნეს გამოხსნილი.
წმინდა წერილი გვამცნობს, რომ ყველა, ერი იქნება თუ ადამიანი, ვინც საკუთარ კეთილდღეობას სხვისი ხელიდან მოელის, წარმართია და სიკვდილის სენითაა შეპყრობილი. იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ჯვარი შესთავაზა. მან განაცხადა, რომ ადამიანში კერპთაყვანისმცემლური ბუნება მხოლოდ წარმართობის სიკვდილით შეიძლება დაიძლიოს: „ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს“ (იოან. 3:3); ხოლო სასუფევლისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ ჭეშმარიტების მსახურებაშია.
და კიდევ ერთი.
უფალი ბრძანებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს“ (იოან. 12:24).

25-26(939-940)N