გამოდის 1998 წლიდან
2011-04-20
პუბლიკაციები, რომლებსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დიდი ხანია ელოდნენ

სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ოთხი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოამზადა: „საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“, „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა“, „სკოლამდელი განათლების პროგრამა“, „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის გზამკვლევი“. პუბლიკაციების მომზადებაში, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ჩართული იყვნენ: ფსიქოლოგები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორები, სხვადასხვა დარგის (ხელოვნება, მუსიკა, ფიზაღზრდა და სხვ.) სპეციალისტები.
ახალი პუბლიკაციები დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სწორად დაგეგმვაში, ასევე აღსაზრდელთა სათანადოდ მომზადებაში, რომ სკოლაში მისულ პირველკლასელს არ გაუჭირდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ოთხივე დოკუმენტი უსასყიდლოდ გადაეცემა, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო ბაღს.
გვესაუბრება „სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის“ ხელმძღვანელი ანა ჯანელიძე:
სკოლამდელი განათლების სფეროს მუშაკები დიდი ხანია ელოდნენ ამ დოკუმენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, „საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოა“, რომელიც დაეხმარება აღმზრდელებს უკეთ გააცნობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა, დაგეგმონ და განახორციელონ საქმიანობები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასევე მის მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის. სახელმძღვანელოში გაერთიანებულია ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიული მიმოხილვა, სწავლების მეთოდოლოგია და პრაქტიკული სავარჯიშოები.
ამ ტიპის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად მომზადდა, იყო ძველი დოკუმენტები, მაგრამ ბევრი რთულად გასაგები ენით იყო დაწერილი და იქ წარმოდგენილი მეთოდებიც მოძველებული იყო, დღეს მათი გამოყენება აღარ არის ადეკვატური.
„საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“ სამი ნაწილისგან შედგება:
პირველ ნაწილში — სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებანი განხილულია სხვადასხვა სფეროსა და ასაკის მიხედვით. ყველასთვის გასაგები ენით დაწერილი სახელმძღვანელო არ არის სამეცნიერო ტერმინებით გადატვირთული.
მეორე ნაწილი — სწავლების პრინციპები და მეთოდოლოგია სკოლამდელი განათლების საფეხურზე — როგორ დაიგეგმოს დღის რეჟიმი საბავშვო ბაღში; როგორ მოეწყოს სასწავლო გარემო, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეული ბავშვის უნარების განვითარებას; სწავლების რა მეთოდები გამოიყენოს აღმზრდელმა მეტყველების, შემეცნების განვითარებისთვის, ფიზიკური თუ ესთეტიკური განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილებულია სასკოლო მზაობაზე — როგორ უნდა მოამზადოს აღმზრდელმა ბავშვი სკოლისთვის. საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა ინკლუზიურ განათლებას სკოლამდელ საფეხურზე. მოცემულია რჩევები, როგორ მოახერხოს მასწავლებელმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ყველა იმ სიკეთის უზრუნველყოფა, რაც მათი თანატოლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
მესამე ნაწილი — თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც რჩევების სახითაა მოცემული სხვადასხვა სფეროში: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, წიგნიერება, სოციალური და ემოციური, შემეცნებითი უნარები, მეტყველება, ფიზიკური განვითარება.
გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ასაკობრივი ჯგუფი: 3-6;
თემა: ფიგურები, გეომეტრიული ფორმები (ძერწვა);
მიზანი: დაკვირვების უნარის, სივრცული აღქმის და ნატიფი მოტორიკის განვითარება, ბავშვმა შეძლოს სხვადასხვა ზომის საგნების შედარება და გარჩევა, სიბრტყეზე განაწილება;
საჭირო რესურსი: პლასტილინი, დაფა, ერთჯერადი პლასტმასის დანები.
მსვლელობა: (35-40 წთ.)
აქტივობა I (5 წთ.)
აღმზრდელი სთხოვს ბავშვებს, გაიხსენონ წინა მეცადინეობიდან რა ახსოვთ, რა გააკეთეს, მოეწონათ თუ არა დავალება; ჩამოთვალონ, რა ფორმები ისწავლეს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე), გაიხსენონ და დაასახელონ ფერები და ა.შ.
აქტივობა II (15-20 წთ.)
1. აღმზრდელი ეუბნება ბავშვებს, რომ დაიწყონ პლასტილინისგან სხვადასხვა ზომის (აღმზრდელმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ფიგურები სხვადასხვა ზომის უნდა იყოს) და ფორმის ფიგურების/ფორმების გამოძერწვა. თითოეული ფიგურა შეიძლება გამოიძერწოს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ფერის პლასტილინისგან;
2. მას შემდეგ, რაც ბავშვები მორჩებიან ძერწვას, მათ ფიგურები/ფორმები უნდა გაანაწილონ დაფაზე და შექმნან გარკვეული კომპოზიცია.
აქტივობა III (10-15 წთ.)
აღმზრდელი სთხოვს ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვს, ისაუბროს მის ნამუშევარზე გამოსახულ ფიგურებზე, ყურადღებას ამახვილებს ფიგურების/ფორმების ზომებსა და განლაგებაზე:
• რომელია უფრო დიდი ფიგურა/ფორმა? პატარა?
• რა ფერის არის ესა თუ ის ფიგურა/ფორმა?
• როგორი ფორმა აქვს?
• რომელია უფრო წინ? შუაში? უკან? ერთმანეთის გვერდით?
აღმზრდელი ბავშვებს ავარჯიშებს შემდეგ ცნებებში: დიდი-პატარა, წინ-უკან, ახლოს-შორს.

მუსიკა
ასაკობრივი ჯგუფი: 3-4;
თემა: კონცერტი;
მიზანი: აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, კონცერტზე დასწრების ჩვევების შემუშავება; გუნდში სიმღერის ჩვევის, მუსიკალური სმენის, მეხსიერების განვითარება.
საჭირო რესურსი:
3-4 ნასწავლი სიმღერის სანოტო ტექსტი, მაგალითად:
მ. დავითაშვილის — „ჩიტო, ჩიტო ნაცარა”;
მ. დავითაშვილის — „ეს საწყალი კურდღელი”;
ლ. იაშვილის — „კრიჭი, კრიჭი”;
ი. გურგულიას — „აჩუ, აჩუ”.
მოსამზადებელი სამუშაო: ბავშვებს შეუძლიათ, იმღერონ ან აჰყვნენ რამდენიმე, მათ შორის, ამოსაცნობ სიმღერას.
მსვლელობა (20 წთ.):
1. აღმზრდელი აფრთხილებს ბავშვებს, რომ მოისმენენ მათთვის ნაცნობ სიმღერებს. თითოეული მათგანის მოსმენის შემდეგ უნდა ამოიცნონ და დაასახელონ ისინი: „ახლა მოისმენთ თქვენთვის ნაცნობ რამდენიმე სიმღერას. გთხოვთ, გაიხსენოთ, რომელი სიმღერებია”;
2. ფორტეპიანოზე უკრავს თითოეული სიმღერის აკომპანემენტს იქამდე, სანამ ბავშვები არ დაასახელებენ ან არ მიანიშნებენ სიმღერაზე. აღმზრდელი თითოეულ ბავშვთან შეთანხმებით არკვევს, ვის რომელი სიმღერის შესრულება სურს; არჩეული სიმღერების მიხედვით ყოფს ბავშვებს 3-4 ჯგუფად;
3. აღმზრდელი ეუბნება, რომ სიმღერები ისე უნდა შესრულდეს, როგორც კონცერტზე — თითოეული ჯგუფი მეგობრების წინაშე გამოვა სცენაზე და იმღერებს. სიმღერის დასრულების შემდეგ მომღერლები თავს დაუკრავენ მსმენელს; დანარჩენები კი ტაშს დაუკრავენ მათ, როგორც ამას კონცერტზე მისული მსმენელი აკეთებს;
4. კონცერტის დასრულების შემდეგ აღმზრდელი შეაქებს და მადლობას გადაუხდის ბავშვებს. შეეკითხება, მოეწონათ თუ არა კონცერტზე გამოსვლა და დასწრება.
რჩევა აღმზრდელს:
• ბავშვებმა აკომპანემენტის მიხედვით (ტექსტის გარეშე) უნდა ამოიცნონ მათთვის ნაცნობი 3-4 სიმღერა. ამიტომ აკომპანემენტში აუცილებლად უნდა გატარდეს სიმღერის მელოდია;
• ბავშვებმა სიმღერაზე შეიძლება მიანიშნონ სათაურით, სიმღერის ტექსტის ფრაგმენტით, ტექსტისა და მელოდიის გამღერებით — ყველა პასუხი დადებითად ჩაითვლება. სასურველია, რომ ამოცნობის პროცესში ყველა/ბევრმა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა;
• თუ ბავშვებს გაუჭირდებათ სიმღერებს შორის მათთვის სასურველის შერჩევა, მათ აღმზრდელი უნდა დაეხმაროს ბუნებრივი მონაცემებისა და რეპერტუარის ცოდნის გათვალისწინებით;
• ამ სავარჯიშოს მთავარი დატვირთვა არის „როლური თამაში”, სადაც ბავშვი შემსრულებლისა და მსმენელის როლში გამოდის. აღმზრდელი ხელმძღვანელობს როგორც ჯგუფების სცენაზე გამოსვლას, ასევე მსმენელის ქცევას. ამ სავარჯიშოში შედარებით ნაკლებად ექცევა ყურადღება შესრულების ხარისხს.

წიგნიერება
ასაკობრივი ჯგუფი: 5-6;
თემა: ასოების ამოცნობა;
მიზანი: ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან და ეს ასოები მეორდება სხვადასხვა სიტყვებში.
საჭირო რესურსი: ბარათები ნახატებით და შესაბამისი წარწერებით, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი ასოები.
მოსამზადებელი სამუშაო:
მოიმარაგეთ ანბანის ბარათები, რომელზეც მოცემულია ნახატი და ნახატის ამსახველი სიტყვის პირველი ასო. ბარათებზე მოცემული ასოები გამოჭერით ფერადი ფურცლებისგან და მიამაგრეთ დაფაზე.
მსვლელობა:
ბავშვებს დაურიგეთ ბარათები. თხოვეთ, გითხრან, რა არის გამოსახული ნახატზე. აუხსენით, რომ ბარათზე წერია ამ სიტყვის პირველი ასო. ბავშვები უნდა დააკვირდნენ ასოებს, იპოვონ შესაბამისი ასოები დაფაზე და მოხსნან ისინი. ბავშვები ადარებენ ერთმანეთს ასოებს და ერთნაირი ასოების მქონე ბავშვები ერთად ჯგუფდებიან. აღმზრდელი თხოვს ჯგუფებს ჩამოთვალონ სიტყვები, რომელიც ჯგუფის მიერ შერჩეული ასოთი იწყება.
ბავშვები ჩამოთვლიან სიტყვებს. ჯგუფებში გაერთიანებული ბავშვები ერთმანეთს უწევენ დახმარებას.

სოციალური და ემოციური სფერო
ასაკობრივი ჯგუფი: 5-6;
თემა: მე მიხარია, როცა;
მიზანი: საკუთარი მოწყენილობისა და მხიარულების მიზეზების გარკვევა;
საჭირო რესურსი: 2 დიდი ფორმატის ფურცელი და ფლომასტერი.
მსვლელობა:
დახატეთ ერთი ფორმატის ფურცელზე მოწყენილი და მეორეზე მხიარული სახე. გააკარით ფურცლები ერთმანეთისგან მოშორებით. ჰკითხეთ ბავშვებს, რომელია მოწყენილი გამოსახულება და რომელია მხიარული. გააკეთეთ შესაბამისი წარწერა გამოსახულებების ქვეშ.
სთხოვეთ ბავშვებს დაჯგუფდნენ მხიარული სახის მქონე გამოსახულებასთან და მიიღონ მხიარული სახეები. ჰკითხეთ თითოეულ ბავშვს, როდის გრძნობენ თავს მხიარულად და რატომ. პირველად მაგალითი თქვენ მიეცით: „მე მიხარია თქვენთან ერთად თამაში“.
თითოეული ბავშვის პასუხის მოსმენის შემდეგ, სთხოვეთ მათ გადაინაცვლონ და დაჯგუფდნენ მოწყენილ სახესთან. ბავშვებმა უნდა მიიღონ მოწყენილი სახეები. ჰკითხეთ თითოეულ ბავშვს, როდის არის მოწყენილი და რატომ. მიეცით მაგალითი: „მე მოწყენილი ვარ ხოლმე, როდესაც მატყუებენ”. დაყავით ბავშვები წყვილებად. ისინი უნდა შეთანხმდნენ და მიმიკით გამოხატონ მოწყენილობა ან მხიარულება.
წყვილები გამოდიან და იღებენ მოწყენილ ან მხიარულ სახეებს. ბავშვებმა უნდა მიუთითონ, კედელზე გამოკრულ რომელ გამოსახულებას შეესაბამება წყვილების მიმიკა. წყვილები დგებიან ამ გამოსახულების ქვეშ. თამაშის დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად დათვალეთ რამდენმა ბავშვმა განასახიერა მოწყენილი და რამდენმა მხიარული სახე.

ფიზიკური განვითარება
ასაკობრივი ჯგუფი: 4-5;
თემა: მოძრავი თამაში: „ესტაფეტა გაძრომით”;
მიზანი: სისწრაფისა და სიმარდის განვითარება, მოძრაობათა კოორდინაციის განმტკიცება;
საჭირო რესურსი (ინვენტარი): 40-45 სმ. სიმაღლის 2 რკალი, იგივე დიამეტრის 2 სალტე;
მოსამზადებელი სამუშაო: 2 გუნდად გაყოფილი მოთამაშეები რიგებად მოეწყობიან მოედნის შუაში გავლებულ ხაზთან, ერთმანეთისგან 3-4 მ დაცილებით. მათ პირდაპირ, 4-6 მ დაშორებით, დაიდგმება თითო რკალი, ხოლო რკალებიდან 4-6 მ. იქით, იატაკზე, დაიდება თითო სალტე.
მსვლელობა (ხანგრძლივობა 8-10 წუთი):
აღმზრდელის სათანადო ნიშანზე (სასტვენი, ტაში) ორივე გუნდის დამწყები მოთამაშეები გარბიან რკალებისკენ, გაძვრებიან მათში, იმავე ადგილზე ტოვებენ სალტეს და სირბილით ბრუნდებიან უკან. დაბრუნებისას ხელმეორედ გაძვრებიან რკალში, ხელით შეეხებიან თავის მომდევნო მოთამაშის გამოშვერილ ხელს და დგებიან თავისი გუნდის ბოლოში. ასევე აგრძელებენ თამაშს დანარჩენებიც.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ადრე დაამთავრებს თამაშს.
წესები:
1. თუ გაძრომისას რკალი გადაადგილდა, მოთამაშემ იგი საწყის ადგილზე უნდა დადგას;
2. სანამ დაბრუნებული მოთამაშე ხელზე არ შეეხება, მომდევნო მოთამაშეს, უფლება არა აქვს განაგრძოს თამაში.
რჩევა აღმზრდელს:
სალტეში გაძრომა (წინასწარი შეთანხმებით) შეიძლება ნებისმიერი წესით: სალტის თავზე ჩამოცმით ან პირიქით, სალტეში ჩადგომით და თავზემოდან გადაძრობით.
რაც შეეხება „სკოლამდელი განათლების პროგრამას“, ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ცენტრმა გამოსცა „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები“. სწორედ იმ დოკუმენტს ეფუძნება ეს პროგრამა. სტანდარტისგან განსხვავებით, პროგრამაში ორი ასაკობრივი ჯგუფია, რადგან მხოლოდ სკოლამდელ განათლებას მოიცავს და გამიზნულია 3-4 და 5-6 წლის ასაკობრივ ჯგუფებზე.
ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია სკოლამდელი განათლების სასწავლო მიზანი და ძირითადი ამოცანები; აღწერილია სკოლამდელი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლებისა და აღზრდის ძირითადი სფეროები. მათი დასახელებები და შინაარსიც განსხვავდება სტანდარტში მოცემული სფეროებისგან, სხვა სტრუქტურაა, საგანმანათლებლო მოდელზე მორგებული, სტანდარტში კი უფრო განვითარების მოდელი იყო წარმოდგენილი. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყოფილია ხუთი სფერო: მეტყველება, მოსწავლედ ჩამოყალიბება, ფიზიკური განვითარება, სამყაროს აღმოჩენა და ხელოვნება. თითოეულ სფეროში სხვადასხვა მიმართულებებია, მაგალითად, სფერო — მეტყველება, მიმართულება — ზეპირი მეტყველება; წერითი მეტყველება (კითხვა და წერა). თითოეულ მიმართულებას რამდენიმე შედეგი აქვს, რომელიც შესაბამისი ინდიკატორებით მოწმდება.
„სკოლამდელი განათლების პროგრამაში“ თავმოყრილია ის ძირეული და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მასწავლებელს დაეხმარება, უკეთ გაართვას თავი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, იცოდეს, რა შედეგს უნდა მიაღწიოს ბავშვმა და როგორ დაეხმაროს მას ამ შედეგის მიღწევაში, რაზე გაამახვილოს ყურადღება.
პროგრამაზე, ძირითადად, მუშაობდნენ: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსი თამარ ჯაყელი და მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ეკატერინე სლოვინსკი. ისინი აგრეთვე ჩართულნი იყვნენ დაწყებითი განათლების სტანდარტების მომზადებაში, შესაბამისად მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი ბმა ამ ორ დოკუმენტს შორის.
ჩვენ ვერ დავავალდებულებთ ვერც ერთ საბავშვო ბაღს, რომ იხელმძღვანელონ ამ პროგრამით, იმიტომ რომ, ცენტრალურ ხელისუფლებას, დღევანდელი კანონმდებლობის ფარგლებში, არ აქვს უფლება, დაავალდებულოს რომელიმე მუნიციპალიტეტი. მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღები მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არიან როგორც ადმინისტრაციულად, ასევე ფინანსურად. ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ჩვენ შევიმუშავეთ და უსასყიდლოდ გადავცემთ ბაღებს, იხელმძღვანელებენ თუ არა ამ დოკუმენტებით, ეს უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება. მუნიციპალიტეტს შეუძლია სავალდებულო გახადოს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეც მოიქცევა. ამის პრეცედენტი, სტანდარტის შემთხვევაში, უკვე იყო ბათუმში და შესაძლოა, ბევრ სხვა მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების სისტემა დეცენტრალიზებულია, მაინც სასურველია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთიან მინიმალურ სტანდარტს ექვემდებარებოდნენ.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა“ — ეს დოკუმენტიც „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებსა“ და „სკოლამდელი განათლების პროგრამაზეა“ მიბმული. მოყვება ინსტრუქცია, როგორ გამოიყენოს აღმზრდელმა. ხაზია გასმული იმაზე, რომ ეს არ არის რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტესტი, ანუ შეფასების სტანდარტული ინსტრუმენტი, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი გამოყენება დიაგნოსტიკის მიზნით არ შეიძლება. ეს არის ბავშვის შესახებ ინფორმაციის ორგანიზებულად შენახვის ფორმა, რომელსაც წლის დასაწყისში შეავსებს აღმზრდელი და წლის ბოლოს მას შესაძლებლობა ექნება შეადაროს, ჰქონდა თუ არა ბავშვს თავდაპირველად რომელიმე სფეროში განსაკუთრებული საჭიროება ან შემდეგ თუ გაუჩნდა და ა.შ. ფორმები მომზადებულია ცალ-ცალკე — 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე და 5-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის. მითითებული ასაკი საორიენტაციო ხასიათისაა და არ ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკში ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ამა თუ იმ ინდიკატორის დამოუკიდებლად, სრულყოფილად შესრულება. უბრალოდ, განსაზღვრული ასაკი ხელს უწყობს მშობელსა და აღმზრდელს, მხედველობაში იქონიონ განვითარების ყველა სფერო და დაეხმარონ ბავშვს მრავალმხრივ განვითარებაში.
შეფასების ფორმა წარმოდგენილია ნიმუშის სახით და აღმზრდელმა ყოველ აღსაზრდელზე ინდივიდუალური ფორმა უნდა შეავსოს.
მეოთხე დოკუმენტი — „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი“ განკუთვნილია ბაღის გამგეებისთვის და დირექტორებისთვის. თავიდან გზამკვლევი პროექტში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშროლებთან და საბავშვო ბაღების დირექტორებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ ძალიან საჭირო იყო. ბაღების დირექტორები განათლების სამინისტროს სთხოვდნენ შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას.
გზამკვლევი აერთიანებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.
ეს დოკუმენტიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და იმედი გვაქვს, ხელს შეუწყობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უკეთ წარმართვაში (როგორ აწარმოონ ორგანიზებულად დოკუმენტაცია, რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს თითოეულ თანამშრომელს, რა სამუშაოს უნდა ასრულებდნენ, როგორი უნდა იყოს სამუშაო განრიგი, პროგრამული მოთხოვნები, როგორ უნდა მოხდეს აღსაზრდელის ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.). გზამკვლევში რამდენიმე დანართია, რომელთა შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პედაგოგიური პერსონალის შეფასების დოკუმენტი, რომელიც ბევრ კითხვას მოიცავს. კითხვარის დახმარებით, დირექტორი ინიშნავს ამა თუ იმ აღმზრდელის პრობლემებს და მასთან ერთად მუშაობს ამ სირთულეების დაძლევაზე.
ოთხივე დოკუმენტი დიდ დახმარებას გაუწევს სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი დიდი ხანია ელოდნენ მსგავს დამხმარე მასალას. მაგრამ ერთია მასალის მომზადება და მეორეა — შინაარსობრივად აღმზრდელამდე მიტანა. იმედი გვაქვს, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად დავგეგმავთ ტრენინგებს. საქმე ისაა, რომ ბევრი მუნიციპალიტეტი მზადაა გაიღოს თანხა ტრენინგებისთვის, უბრალოდ არჩევენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ენდობიან. ამ მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რა თქმა უნდა, მეტი წონა აქვს. თუკი მსგავსი ტრენინგები სამინისტროს მხრიდან იქნება ინიცირებული, ისინი მზად არიან, გახდნენ თანამონაწილეები დაფინანსების კუთხით.
ამ დოკუმენტების საფუძველზე უკვე შემუშავებულია 7-თვიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც, იმედია, მომავალში განხორციელდება. ბუნებრივია, სექტემბრამდე ერთდროულად ყველას გადამზადება ვერ მოხერხდება, მაგრამ შეიძლება საპილოტე რაიონები შეირჩეს და იქ განხორციელდეს. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ, მით უმეტეს, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან მზაობა ნამდვილად არის.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

N35(669)

თქვენი აზრით, უზრუნველყოფს თუ არა სახეცვლილი მანდატურის სამსახური სკოლაში ბავშვისთვის უსაფრთხო ფიზიკური გარემოს შექმნას?
კი
არა
  ხმა მისცა 129 ადამიანმა