გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
ოპტიმიზმის საფუძველს დინამიკა უფრო მაძლევს, ვიდრე მიღწევები

სამეურვეო საბჭოებისა და სკოლის დირექტორების არჩევნები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი იმ სიახლეთაგანია, რომელსაც საზოგადოებისაგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ეს ბუნებრივიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ დრომ კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც საარჩევნო პროცესს თან ახლდა.
არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენი გაზეთის მკითხველს რამდენიმე ახლად არჩეული დირექტორიც გავაცანით, მათ შორის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის ¹42 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც 2010 წლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა. იგი ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია.

— ბატონო ალუდა, თქვენი მიზანი იყო შეგექმნათ წარმატებული სკოლის მოდელი. წინ კიდევ სამი წელია, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მიზნის მიღწევას?
— ცოტა ამბიციური განცხადებაა, მაგრამ სხვა შემთხვევაში დირექტორობის სურვილი არც გამიჩნდებოდა. წინასაარჩევნო პროგრამიდან არ გადამიხვევია, მნიშვნელოვნად არაფერი შემიცვლია და გარკვეულ შედეგებზე ნამდვილად შეიძლება საუბარი. ეს არის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ხასიათის შედეგები. რაც მთავარია, სკოლა განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც შედეგები უფრო და უფრო ხილული ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გარე მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ისაა, რომ სკოლა 2009-10 სასწავლო წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მარტო ფიზიკასა და მათემატიკაში კი არა, ჩვენს მოსწავლეებს, ფაქტობრივად, ყველა საგანში მაღალი შედეგები აქვთ. ჩვენი სტრატეგიაა ვიმუშაოთ არა ვარსკვლავებზე (თუმცა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ წარმატებებისთვის კლასის და სკოლის დონეზე. ამიტომაცაა, რომ I ან II ადგილის მფლობელები უფრო ცოტა გვყავს, ვიდრე კონკურენტ სკოლებს, მაგრამ საერთო რაოდენობით, მოცულობით ჩვენი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. ეს ასეც უნდა იყოს, მნიშვნელობა სწორედ ამას აქვს, ჩვენ ხომ ზოგადსაგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება ვართ. საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატება და ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული, სწორედ სკოლის საერთო დონის მაჩვენებელია. ასევე ნამდვილად საამაყოა, რომ 42-ე სკოლის 50%-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად აღქმადია სკოლაში განხორციელებული თვისობრივი ცვლილებები. პირველ რიგში, კლუბური მუშაობის დამკვიდრებას აღვნიშნავდი, რადგან ამ გზით მოვახერხეთ საპროექტო აზროვნების ჩამოყალიბებაში დავხმარებოდით ჩვენს მოსწავლეებს. ეს პროცესი ბუნებრივად და წარმატებით მიმდინარეობს, მოსწავლეები დამოუკიდებელნი არიან თავიანთ არჩევანში, ჩვენ მხოლოდ ფორმის განსაზღვრაში ვეხმარებით, შინაარსს თავად ირჩევენ. თემატიკაც მრავალფეროვანია: ლიტერატურა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ეკოლოგია. ინტერესი არის, იმიტომ რომ პროექტზე მუშაობა თვითმიზანი არაა, ეს საშუალებაა, მოსწავლე მიეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას და საქმიანობას. ეს ხომ ძიების ასაკია — დღეს ერთი მიმართულებით მოსინჯავს ძალებს, ხვალ-ზეგ კიდევ სხვა სფეროში. მას აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, იპოვოს მისთვის ყველაზე საინტერესო სფერო. სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოზარდი ემზადება ცხოვრებისთვის.
კიდევ ერთ თვისობრივ წარმატებად მიმაჩნია სკოლის ინიციატივა, პირდაპირი კავშირი დაამყაროს რეალურ დამკვეთთან — უმაღლეს სასწავლებლებთან. დიდი ხანი არაა, რაც ეს კამპანია დავიწყეთ და აქცენტს, ძირითადად, ჩვენი პროფილის უნივერსიტეტებზე ვაკეთებთ. ტრადიციულად, სკოლის ძირითად დამკვეთად მიჩნეულია მშობელი. გარკვეული თვალსაზრისით ეს ასეცაა და მეც ვეთანხმები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოლის განვითარება არ შეიძლება აეწყოს მხოლოდ მშობლის კერძო ინტერესებზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა მოთხოვნა აქვს უმაღლესი განათლების სისტემას, რომელიც თავისთავად მიბმულია შრომის ბაზარზე. ეს არ არის მექანიკური შეხვედრები. უმაღლესმა სასწავლებლებმა არ იციან როგორი სასწავლო გეგმები გვაქვს, ჩვენთვის უცნობია რა ცოდნას, რა უნარ-ჩვევებს ითხოვენ ისინი მომავალი სტუდენტისგან, ბევრი რამ მათთვისაც აღმოჩენაა. ჩვენ, მაგალითად, სიამოვნებით ვითანამშრომლებდით მათთან სასწავლო გეგმის ფორმირების პროცესში, პროფესიული განვითარების კუთხით, მოსწავლეთა შეფასების სისტემაშიც კი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების კუთხით გასაგები მიზეზების გამო, მათ ამ მხრივ გაცილებით უკეთესი ბაზა აქვთ, ვიდრე სკოლებს. თანამშრომლობის შემთხვევაში, ამ რესურსით სარგებლობის საშუალება გვექნებოდა. ეს კი ჩვენი ერთ-ერთი მიზნის მოსწავლეთა სამეცნიერო კარიერით დაინტერესების პროვოცირებაში წაგვადგება. პროფილური, სპეციალიზებული სკოლის დანიშნულება ხომ ესეცაა. ასეთი შეხვედრა უკვე შედგა თავისუფალ უნივერსიტეტში. შეხვედრები გვექნება თსუ-ში, შავი ზღვის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ამ გზის არჩევით მშობელსაც ვეხმარებით და მოსწავლესაც, რადგან თუ ბავშვი სწავლობს ისეთ სკოლაში, რომლის სასკოლო სასწავლო გეგმა, სწავლების ტექნოლოგია მიახლებულია იმასთან, რასაც დღევანდელი დამკვეთი უკვეთავს, ბუნებრივია, მას წარმატების რეალური შანსი აქვს.
— თქვენ იმედოვნებით, რომ წარმატებული სკოლის მოდელის შექმნაში დაგეხმარებოდათ მენეჯმენტის კუთხით მიღებული განათლება.
— დიახ, ამის დიდი იმედი მქონდა და დამეხმარა კიდეც. საქმე ისაა, რომ დღევანდელი სკოლების პედაგოგიური კოლექტივები მეტ-ნაკლებად ერთი სტილისანი არიან. ვგულისხმობ იმას, რომ ერთი ტიპის განათლება აქვთ მიღებული, ერთი სისტემიდან მოდიან. ამ მხრივ, სკოლებს შორის ძირეული განსხვავება, ფაქტობრივად, არ არსებობს. განსხვავება შეიძლება იყოს მართვის სისტემებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში ეს სისტემა არ მუშაობს. ეს არის პროცესი, რომელიც აიძულებს ყველას (ამ სიტყვის კარგი გაგებით) შემოთავაზებულ სტანდარტს აუწყოს ფეხი. მშობელი იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რამდენად გაუმართლებს მის შვილს და კარგი მასწავლებელი შეხვდება, ამას სისტემა უნდა აწესრიგებდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ახალი თანამშრომელი, პედაგოგი თუ არა პედაგოგი, კონკურსის წესით ავიყვანეთ. არ მეგულება სკოლა, სადაც რამდენიმე გამორჩეულად კარგი პედაგოგი მაინც არ მუშაობს, მაგრამ რამდენად ქმნიან ისინი საერთო კლიმატს, ესაა საქმე. ამ მხრივ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ახლად წარმოწყებული ხარისხის მართვის თვისობრივად ახალი პროექტი — ხორციელდება ყველა პედაგოგის გაკვეთილის ვიდეოგადაღება. მასალას გადავცემთ პედაგოგს. პედსაბჭოსთან თანამშრომლობით ვქმნით გაკვეთილისა და პედაგოგის შეფასებისა და თვითშეფასების ანკეტებს და ვეხმარებით თვითშეფასებაში. თუ პედაგოგის სურვილი იქნება, მასალის განხილვა შეიძლება კათედრის დონეზეც, ეს მისი გადასაწყვეტია. მასალას გაეცნობა დირექციაც და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებსაც მისცემს, ოღონდ ეს იქნება კონფიდენციალური. კარგა ხნით ადრე მქონდა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ განვახორციელეთ მაშინ, როცა პედკოლექტივი მზად იყო ამისთვის. შეიძლება ძალიან კარგი რაღაც ჩაიფიქრო, მაგრამ თუ არ გაიაზრებ იმ ბარიერებს, რომელიც ამა თუ იმ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს, ჩანაფიქრი ჩანაფიქრადვე დარჩება. ეს ხომ ერთგვარი კონტროლია, რასაც, როგორც წესი, მოსდევს ხოლმე სადამსჯელო ნაწილი. ამიტომ ჯერ უნდა დარწმუნდნენ ადამიანები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იქნება და შემდეგ მისი განხორციელებაც აღარ გაგიჭირდება. ამიტომაც ჩავწერეთ ბრძანებაში, რომ ეს (გაკვეთილის ვიდეოგადაღება) არ შეიძლება გახდეს სანქციის საფუძველი და ასეც იქნება, თუმცა აუცილებლად გახდება ხვალინდელი დაგეგმვის საფუძველი. ჩვენ გვექნება სურათი, რა კუთხით ვიზრუნოთ პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის — ტრენინგები და სემინარებია ჩასატარებელი, თეორიული და დამხმარე მასალებია მოსაძიებელი თუ კიდევ სხვა რამეა საჭირო.
როცა მართვის სისტემებზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ჯერჯერობით, ბევრი რამ დასახვეწია. არ გვაქვს პედაგოგის გამოსაცდელი ვადის შეფასების სისტემა; ასევე მოიხსნება დღის წესრიგიდან სახელშეკრულებო ვადის საკითხი გამართული შეფასებისა და თვითშეფასების სრულყოფილი სისტემის პირობებში. პირადად მე არ მიმაჩნია სწორად პედაგოგთან მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება. ეს არ ქმნის სტაბილურობის განცდას. თუ პედაგოგი გრძელვადიან პერსპექტივაში არ გეგმავს თავის საქმიანობას ამ სკოლაში, შეუძლებელია, პროდუქტიული იყოს.
— წინასაარჩევნო პროგრამაში თქვენ აღნიშნავდით, რომ სამოქალაქო განათლება ნებისმიერი სკოლის სააღმზრდელო მიმართულების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. რა შედეგი გაქვთ ამ მიმართულებით?
— ზემოთ ჩვენ კლუბების შესახებ ვისაუბრეთ. სამოქალაქო განათლების კუთხით ეს ერთ-ერთი ინდიკატორია და ამიტომაც ვუდგებით ამ საკითხს სერიოზულად. ეს საკითხი შეიძლება 2 ნაწილად გავყოთ. ერთია — როგორ ვასწავლით, ვინ ასწავლის, როგორ ვაფასებთ, რამდენად წარმატებულია პროცესი და მეორე — ვიძლევით თუ არა სამოქალაქო ცნობიერების მაგალითებს. ყველაზე მარტივი მაგალითი — საკლასო ოთახის ან სკოლის დონეზე რომ ავიღოთ, რამდენად ემყარება ფორმალურ ჩარჩოებს მოსწავლესა და სკოლას შორის ურთიერთობები, ანუ რამდენად გამომდინარეობს მოსწავლის ქმედებები სკოლის შინაგანაწესიდან და თუ ადგილი აქვს გადაცდომებს, შინაგანაწესიდან გამომდინარე თუ ხდება მათზე რეაგირება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ მართლა თვისობრივი ცვლილება გვაქვს. თანამშრომლებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული, რომ ფორმალური ურთიერთობები, ანუ დაწერილი წესებიდან გამომდინარე რეაგირება, გაცილებით ეფექტურია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობის ბრძანება იწერება დისციპლინარულ გადაცდომებზე, მაგრამ თუ პრაგმატული თვალით შევხედავთ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ აქ დაუწერელი კი არა, დაწერილი კანონით მოქმედებენ. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხელს არ ვაფარებთ არანაირ გადაცდომას, დაგვიანებიდან დაწყებული ჟურნალის დაკარგვით დამთავრებული, მაგრამ ეს ხდება კანონის ფარგლებში. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს, რომ მას აქვს სკოლის შინაგანაწესის დაცვის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გაიგოს, რომ თავისუფლება და დემოკრატია სულაც არ გულისხმობს, რაც გინდა ის აკეთო, ოღონდ თავი იგრძნო კომფორტულად, დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონის დარღვევა. ვფიქრობ, ჩვენმა მოსწავლეებმა იციან, რომ უკანონოდ, შინაგანაწესის მოთხოვნის გარეთ მათ არავინ დასჯის, მაგრამ არც თავნებობას წაახალისებენ.
— რა აჩვენა განვლილმა პერიოდმა, რამდენად სრულყოფილია საკანონმდებლო ბაზა სკოლების დეცენტრალიზაციის და დემოკრატიზაციის კუთხით და შეცვალეს თუ არა რაიმე ამ მიმართულებით არჩეულმა დირექტორებმა?
— 2004 წელს, როცა მივიღეთ „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლა მაშინაც იყო დეცენტრალიზებული და დემოკრატიული, თუმცა არა სისტემის დონეზე. გახსოვთ, ალბათ, დიდი აჟიოტაჟი ატყდა სამეურვეო საბჭოების ირგვლივ, სრულიად გადაჭარბებული და არაელევანტური მოლოდინები შეიქმნა. მაშინაც ამ აზრის ვიყავი და ახლაც ასე ვფიქრობ — სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა ძალიან დიდი შეცდომაა. არაფერი სიკეთე ამას სკოლისთვის არ მოუტანია. მე ნორმად მიმაჩნია, რომ დირექტორი დაინიშნოს. ეს წმინდა პროფესიონალური საკითხია და არ შეიძლება მისი გემოვნების დონეზე გადაწყვეტა. არავითარი კომპეტენცია ამ საკითხში მშობელს და პედაგოგს არ აქვთ. ჩვენ მივიღეთ სურათი, როცა დამსაქმებელს ირჩევს დასაქმებული, მივიღეთ დემოკრატია (უფრო სწორად დემოკრატიის თამაში), მაგრამ გაუკუღმართებული ადმინისტრირება. დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი და თუ ეს ასე არის, ვინც აირჩია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რომელი სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა ან დადგება?! სკოლა პოლიტიკური ორგანიზაცია ხომ არაა, სადაც დემოკრატია უნდა ვითამაშოთ. სკოლა კონკრეტული მიზნებისთვის დაარსებული საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ხარისხიანი განათლება უნდა მიაწოდოს მოსწავლეს. ეს პროცესი წინააღმდეგობრივი ხასიათისაა და არც ბევრი რამ კეთდება ნებელობით. არც ერთ ქვეყანაში არ ირჩევენ დირექტორს, დირექტორი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ინიშნება. იგი არის ადმინისტრატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმების, სტრატეგიების, სტანდარტების განხორციელება. ეს საკმაოდ სერიოზული, შრომატევადი საქმეა და პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად ადმინისტრატორისთვის აუცილებელ, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსაც მოითხოვს. მართვა იძულებასთან დაკავშირებული პროცესია, დემოკრატია კი — ძალიან მკაცრი წესრიგი. არც ერთი მათგანი, რამდენიმე წელია, ჩვენს სკოლებში არ არის. ხომ ყველამ იცის, რომ სკოლაში სიარული სულაც არ იყო აუცილებელი და მიუხედავად ამისა იწერებოდა ნიშნები, მეთორმეტეკლასელები, ძირითადად, რეპეტიტორებთან ემზადებოდნენ, სკოლა კი მათ საგზურს აძლევდა უმაღლეს სასწავლებელში. იმატა ძალადობამ, რომელზედაც არ იყო არავითარი რეაგირება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას. მთავარი იყო, სკოლას არ დაეკარგა ვაუჩერი და თვალს ხუჭავდა მოსწავლის ნებისმიერ გადაცდომაზე. ამგვარ „დემოკრატიას“ და „თავისუფლებას“ შეეწირა სკოლა და ეს დიდწილად არასწორი პოლიტიკის შედეგია. ღრმად მწამს, რომ დირექტორი უნდა დანიშნოს სკოლის დამფუძნებელმა, დანარჩენი დემაგოგიაა. ალბათ გახსოვთ, რამდენი ღირსეული დირექტორობის კანდიდატი დარჩა გვერდზე, იმიტომ რომ არჩევანი გემოვნების საკითხი იყო, ამიტომაც ვამბობ, რომ სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორების არჩევის ეპოქა უნდა დამთავრდეს. მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, დეცენტრალიზაცია ახალი თემა არ არის, ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა, დასკვნა კი ასეთია — დეცენტრალიზაციით ვიღებთ მაღალი ხარისხის დემოკრატიას, მაგრამ დაბალი ხარისხის ადმინისტრირებას. ღრმად ცენტრალიზებულ საზოგადოებაში ავტონომიურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოკლა ადმინისტრირების პროცესი. ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს დირექტორი, ჰქონდეს შესაბამისი უფლება-მოვალეობები და რომ არ გადააჭარბოს ძალაუფლებას, აკონტროლოს სამეურვეო საბჭომ, რომელიც დაკომპლექტდება მშობლებით, საზოგადოების წარმომადგენლებით, კურსდამთავრებულებით, მაგრამ არამც და არამც პედაგოგებით. თუ მაინცდამაინც კომპრომისზე წავალთ, შეიძლება წარმომადგენლობითი სახით შევიდეს საბჭოში პედსაბჭოს თავმჯდომარე, რატომ არ იქნება საკმარისი, ის ხომ პედაგოგების ნდობით აღჭურვილი პირია!
ასევე სერიოზულად გადასახედია პედსაბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცების საკითხი. ეს ის ნაკლია, რომელიც აფუჭებს სკოლის მართვის სისტემას; დღევანდელი რეგულაციით ასევე ბუნდოვანია, ვინ ნიშნავს კლასის დამრიგებელს. დემოკრატია ძალაუფლების განაწილებაზე მეტად დახვეწილ პროცედურებს გულისხმობს. ამ მხრივაც ბევრი ხარვეზია კანონმდებლობაში, მაგალითად: თუ სამეურვეო საბჭო არ ეთანხმება სასკოლო სასწავლო გეგმას ან დირექტორის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში რა პროცედურებია, ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას? რატომ არ ევალება პედაგოგს სილაბუსის შედგენა, როცა იგი ამბობს, ამ კონკრეტულ შედეგს ან მიზანს ამ გზით ან მეთოდით მივაღწევო, ეს რომ წერილობით ჩამოაყალიბოს, მისი უფლების შელახვა რატომაა?
რამდენიმე სხვა საკითხიცაა კანონმდებლობაში, რომლის შეცვლის აუცილებლობა დრომ და პრაქტიკამ მოიტანა, ზოგიც შეიძლება იმთავითვე მიუღებელი იყო. მე მზად მაქვს პოლიტიკის დოკუმენტი ზოგადი განათლების მართვის საკითხებზე; ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ხელს უშლის სკოლის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ბევრი ჩემი კოლეგა იზიარებს მასში გამოთქმულ შეხედულებებს. ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ სამინისტროცა და პარლამენტიც საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაში.
— ბატონო ალუდა, წლების განმავლობაში ძალიან მწვავედ იდგა „უსაფრთხო სკოლის“ პრობლემა. მიუხედავად ამისა მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას ბევრი მითქმა-მოთქმა, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა — უზრუნველყოფს მანდატური სკოლის უსაფრთხოებას?
ჩემი აზრით, მანდატურის სამსახური არის მყისიერი რეაგირება იმ პრობლემებზე, რაც სკოლაში ე.წ. დემოკრატიის სახელით დაგროვდა და შექმნილ ვითარებაზე რეაგირების თუ ზემოქმედების უნარი, სხვადასხვა ფაქტორების გამო, სკოლამ დაკარგა. ყველას გვახსოვს ბოლო წლების სკოლა, ეს იყო სრული ქაოსი, ალბათ ყველგან არა, მაგრამ სკოლების დიდ უმრავლესობაში სრული განუკითხაობა იყო, ჩხუბს, იარაღის ტარებას, დაჭრებსა და სიკვდილის შემთხვევებს წინ უძღოდა დისციპლინის მოშლა არა მხოლოდ მოსწავლეების, პედაგოგებისა და დირექციის მხრიდან, მასწავლებლის 5-10 წუთის დაგვიანებით გაკვეთილზე შესვლაც ნორმად იქცა; მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გამოივლიდნენ სკოლაში, ყველა საგანში სასურველი შეფასება ჰქონდათ. როგორ ახერხებდნენ ამას და სად იყო ამ დროს ან დირექცია, ან სამეურვეო საბჭო გაუგებარია. ამ და ბევრი სხვა გადაცდენის ფორმალური დაფიქსირების ტრადიცია რომ არ იყო, ამიტომ არც გვაქვს არავითარი სტატისტიკა იმ წლების სკოლაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელიც იყო ჩარევა, მიმაჩნია, რომ ეს ადრეც უნდა მომხდარიყო. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მანდატურს აქვს მკაცრად გაწერილი უფლება-მოვალეობანი და მან ამ ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, კერძოდ, თვალი მიადევნოს რამდენად ასრულებს სკოლა შინაგანაწესს დისციპლინის კუთხით, აკადემიური მხარე მას არ ეხება, დაეხმაროს დირექციას, რომ სკოლა, როგორც საჯარო დაწესებულება, სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს.
ზემოთ ვსაუბრობდით, რომ მოსწავლეებს სამოქალაქო ცნობიერების მაგალითი უნდა მივცეთ. ეს სამსახურიც უნდა დაგვეხმაროს ამ კუთხით, ანუ ყოველ საჭირო შემთხვევაში ნახოს მოზარდმა, როგორ სრულდება ის, რაც დაწერილია. სხვა სამყაროშიც არის წესები, მაგრამ ის დაუწერელი წესებია. განსხვავება ესაა. შეიძლება ძალიან სწორად და ოპერატიულად ჩაერიოს დირექცია ან პედაგოგი რაიმე კონფლიქტის მოგვარებაში, მაგრამ როდესაც ამის დაფიქსირება არ ხდება, მერე ძალიან ძნელია გაავლო ზღვარი, სად ჩაერია სუბიექტური გემოვნებით და სად — ობიექტური საჭიროებით. თუ ჩვენთვის მთავარია, რომ მოზარდი თეორიებით კი არა, მაგალითებით აღიზარდოს, ცხადია, სკოლა ვალდებულია, მეორე გზა აირჩიოს. როცა ვაფიქსირებთ თუნდაც უმნიშვნელო გადაცდენას, ამით ვეხმარებით მოსწავლეს საკუთარ თავზე იმუშაოს.
ფაქტია, რომ ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ბევრი რამ თავად სკოლებზეცაა დამოკიდებული, ჩვენთან მანდატურებს არავითარი პრობლემა არ შეუქმნიათ, შეიძლება იმიტომაც, რომ კოლექტივისთვის ეს სიახლე არ იყო, ჩვენ მანამდეც გვყავდა ამ ფუნქციის შესასრულებლად ადამიანი, მას, უბრალოდ, მანდატური არ ერქვა.
— დირექტორად არჩევიდან სულ რამდენიმე თვეში თქვენ ვარაუდობდით, რომ წარმოდგენილი პროგრამის განსახორციელებლად 6 წელი არც დაგჭირდებოდათ, ამას მანამდეც მოახერხებდით, ახლა როგორ ფიქრობთ?
— ვფიქრობ, რომ არ ვცდებოდი. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უფრო რთული იყო. ახლა ბევრი ბარიერი მოხსნილია, რაც ტემპის აჩქარების საშუალებას მომცემს. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ არა ყველაფერზე. მაგალითად, მიდგომების მხრივ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში სერიოზულ შედეგად მიმაჩნია, რომ ყველა საქმიან კომუნიკაციას თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტით ვახორციელებ. ვინმესთვის შეიძლება ეს უმნიშვნელო რამ იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას შედეგისთვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ოპტიმიზმის საფუძველს დინამიკა უფრო მაძლევს, ვიდრე მიღწევები. რაიმე სიახლის დამკვიდრებისას არასოდეს არ ვჩქარობ და ყოველთვის მზად ვარ განხილვისათვის. გასაგები ფაქტორების გამო, ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როცა დირექტორი პოლიტიკოსი უფროა, ვიდრე ადმინისტრატორი და „პოლიტიკოსობას“ მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ადმინისტრირების საკითხებს. ვფიქრობ, დარჩენილი დრო საკმარისი იქნება ჩემი პროგრამის შესასრულებლად და არა მგონია, თუ ჩემს რესურსს ამოვწურავ, კიდევ საინტერესო ვიყო ამ აუდიტორიისთვის.

ესაუბრა
ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N