გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
„ოლიმპოს მწვერვალი“ ქართულ სასკოლო სივრცეში

25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს, კერძო სკოლა „ოლიმპმა“თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების (კერძო და საჯარო) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის ყოველწლიური საგაზაფხულო სასკოლო ფესტივალი „ოლიმპოს მწვერვალი“ დააფუძნა. ფესტივალის იდეა სკოლა „ოლიმპში“ დაიბადა, „ამით „ოლიმპი“ განუცხადებს საზოგადოებას, რომ ის არა მხოლოდ სპორტული აქტივობების სასწავლებელი, არამედ უპირატესად და უპირველესად აკადემიური, მაღალაკადემიური სასწავლო პროცესის დამამკვიდრებელი და ამავე დროს ესთეტიკური და სახელოვნებო მიმართულებების განმავითარებულია სასკოლო საზოგადოებაში — განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა და სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლელა წიქარიშვილმა — დღეს არის ფესტივალის წარდგენა, რომელშიც მონაწილეობს 50-მდე მოსწავლე, მათ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ბერძნული ფონდი „ჰიპოკრატე“, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მუშაობს, სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ფესტივალის მიზანია ზოგადად მარვალსაუკუნოვანი ბერძნული კულტურის პოპულარიზება ქართულ სასკოლო სივრცეში“.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.
ფესტივალი „ოლიმპოს მწვერვალი“, რომელიც ხელს შეუწყობს ბერძნული (ანტიკური, შუასაუკუნეების, თანამედროვე) კულტურის პოპულარიზაციას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ექვს ფორმატად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების.
„ოლიმპოს მწვერვალი“ უდიდესი ბერძენი პოეტის კონსტანტინოს კალამისის ლექსით „ითაკა“ გაიხსნა — ორიგინალის ენაზე წარმოადგინა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ მაისურაძემ, ხოლო ქართულ ენაზე (თარგმანი იზა ორჯონიკის) — სკოლა „ოლიმპის“ მოსწავალემ თემურ ქურციკიძემ. „შემთხვევით არ შეგვირჩევია ეს ლექსი, რადგან ოდისევსისა და კალამისის თემა გასდევს მთელ ფესტივალს“, — განაცხადა ქალბატონმა ლელამ და სკოლის სახელით დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საბერძნეთის ელჩს საქართველოში გეორგიო ხაძიმიხელაკისს და უსურვა სამშობლოს წარმატებული და აყვავებული მომავალი.
ფესტივალის მონაწილეთა საყურადღებოდ კი მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა.
ფესტივალის კონცეფცია ძალიან საინტერესოდაა შედგენილი — მიზნად ისახავს, მრავალფეროვანი აქტივობებით ბერძნული ცივილიზაციის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას; დაწყებითი სწავლების საფეხურის მოსწავლეებისათვის მოეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა — ნახატები, ნაძერწები, ნაქარგები, აპლიკაციები, კოლაჟები, რომლებიც უნდა ასახავდეს ბერძნული მითოსისა და ისტორიის რეალიებს;
საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები და სპექტაკლები უნდა შექმნან ბერძნული მითოლოგიის, ისტორიისა და ლიტერატურის ნიმუშების საფუძველზე;
მოეწყობა ვიქტორინა „რა? სად? როდის?“ ბერძნული მითების სამყაროში — ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის; 46 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები წარმოადგენეს პროექტების პრეზენტაციას, რომელშიც ასახული იქნება მათ მიერ შერჩეული თემის დამუშავების პროცესი ვიზუალური მასალით (მულტიმედია საშუალებები, პლაკატები, პოსტერები, ფოტოები, კოლაჟები და ა. შ.). პროექტების თემატიკა ანტიკური, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე საბერძნეთის კულტურას ასახავს;
ანალიტიკური წერის აქცია მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შექმნან ანალიტიკური ესსე მიწოდებული მასალებისა და მიმართულებების მიხედვით; გათვალისწინებული იქნება ანტიკური რეალიების ასახვის სპეციფიკა თანამედროვე ბერძნულ მწერლობაში, ანტიკურობის, შუასაუკუნეებისა და თანამედროვეობის კავშირი ბერძნულენოვან (ქართულად ნათარგმნ) სამყაროში. ფესტივალის ერთ-ერთი ფორმატი კი ითვალისწინებს ბერძნული ენის კონკურსს ბერძნული ენის პედაგოგთა ჯგუფის მიერ შემუშავებული დავალებების საფუძველზე იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც თბილისის სკოლებში შეისწავლიან ბერძნულ ენას.
ფესტივალისათვის მზადების პროცესში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან არსებული აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ბიბლიოთეკით. საფესტივალო მასალები და დავალებები მომზადდება ინსტიტუტის თანამშრომლების კონსულტაციების საფუძველზე;
ფესტივალის მონაწილეების წასახალისებლად სკოლა „ოლიმპი“ და ინსტიტუტი მოამზადებენ სიგელებს, დიპლომებს, წიგნებს.
ფესტივალის პროგრამის წარდგინებას წარმომადგენლობითი ხასიათი ჰქრონდა, მას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა საბერნეთის ელჩი საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისი. მან მადლიერება გამოხატა სკოლისა და ქართველი ბაშვების მიმართ ბერძნული კულტურის პოპულარიზებისათვის: „სასიამოვნოა, ასეთი ფესტივალის დაფუძნება. როგორც მივხვდი, ამ ფესტივალის არსი არის ის, რომ მხოლოდ წარსული კი არ წარმოვაჩინოთ, არამედ წავიდეთ წინ, მომავალში. ქართველ ბავშვებს ვუსურვებ საინტერესო მოგზაურობას და გრძელ გზას ითაკამდე.“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ ფესტივალისადმი მხარდაჭერა გამოხატა და მონაწილეებს წარმატება უსურვა: „ჩემთვის დიდი პატივია ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ყოფნა. მინდა აღვნიშნო, რომ ბერძნული კულტურა და ლიტერატურა არ არის მხოლოდ ბერძენი ხალხის საკუთრება, ეს მსოფლიო კულტურის საგანძურია და მისი კარგად გაცნობა და შესწავლა ქართველი ბავშვების ზოგად განათლებას უდავოდ წაადგება. მე მქონდა ბედნიერება საბერძნეთში მემოგზაურა და იქაური კულტურით, ბუნებით მოვხიბლულიყავი. ბერძნული ენა ჩემმა მეგობარმა მამუკა ახვლედიანმა შემაყვარა, რომელიც ამ ენაზე კარგად საუბრობს. დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან შეგიყვარდებათ. მინდა წარმატებები გისურვოთ ფესტივალის მსვლელობისას, წინ საინტერესო გზა გელით“.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა კი ფესტივალს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა: „ვფიქრობ, „ოლიმპოს მწვერვალი“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფესტივალი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარებულ ფესტივალებს შორის. ამის საწინდარს უკვე გვაძლევენ ასე კარგად მომზადებული მოსწავლეები და სხვადასხვა საჯარო სკოლების მიერ გამოხატული ინტერესი. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ მართლაც ძალიან დიდია ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა, ეს ურთიერთობა არც 1 წლის არის და არც 100 წლის, ეს ბევრად უფრო მეტ დროს უკავშირდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები ეზიარებიან უდიდეს ელინურ კულტურას, ბიზანტიის უბრწყინვალეს ისტორიას და სწორედ ამ თანაზიარებით გახდებიან მოწმენი იმისა, რომ ეს არის მართლაც შედევრი მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურისა. მჯერა, რომ ეს მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგანაც ამ კულტურასთან ზიარება მხოლოდ კეთილის და დადებითის მომტანია. ჩემს უსაყვარლეს ბერძენ ერს კი მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე.“
ფესტივალის იდეა, როგორც ქალბატონმა ლელამ განაცხადა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრთან — ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და პარტნიორობით ჩამოყალიბდა. ცენტრის ხელმძღვანელმა რისმაგ გორდეზიანმა ფესტივალის გახსნა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ქალბატონი ლელა წიქარიშვილის ეს ინიციატივა მისთვის გასაკვირი არ იყო, რადგანაც მას კლასიკური ძირები უნივესიტეტიდან აქვს და საბერძნეთის სიყვარული სწორედ აქედან მოსდგამს.
„მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო მის აღმატებულებას ბატონ ელჩს, ბერძენ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ბერძენი ხალხისათვის, სიმბოლურია, რომ ფესტივალს სწორედ დღეს ვიწყებთ. მინდა ვუსურვო მის მონაწილეებს მართლაც დიდი წარმატება და რა იქნება ეს წარმატება? ჩვენს ახალგაზრდობაში ჰორიზონტი, განათლების დონე გაფართოვდეს და კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ბერძნული კულტურა — ვგულისხმობ ანტიკურობას, ბიზანტიას და თანამედროვე ბერძნულ კულტურას. ჩვენი ინსტიტუტი მზად არის, თანადგომა გაუწიოს „ოლიმპოს მწვერვალს“ , ჩვენ გვექნება პროგრამა ძალიან დეტალური და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვსაზღვრავთ სკოლისა და ინსტიტუტის ურთიერთანამშრომლობის ფორმებს.“
„ის გულისხმიერად იზიარებს ჩვენი ფესტივალის იდეას“ — ასე წარადგინა სკოლის დირექტორმა ჟურნალისტი დათო პაიჭაძე, რომელიც ფესტივალის გახსნაზე მშობლის სტატუსით გამოვიდა: „დღეს ქართულ საზოგადოებაში მიდის დისკუსია, როგორი უნდა იყოს განათლების კონცეფცია, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა, რა არის განათლება და ა. შ. და არაერთ ჭკვიან ადამიანს შეუნიშნავს, რომ დღეს საქართველოში იგონებენ ტრადიციებს... აქ კი ძალიან საინტერესო რამ ხდება — გამოგონება არ გვჭირდება, უბრალოდ შეხსენება ხდება კარგად ნაცნობი ბერძნული კულტურისა, რომელიც შემდგომში უნდა განვავითაროთ. თუკი ვინმე ძირებსა და ტრადიციებზე ისაუბრებს, მე ვისურვებდი ამ თაობამ უტყუარად გაუსწოროს თვალი იმ ძირებს და ფესვებს, რაც ქართულ კულტურაშია. ეს კი ქართული კულტურის არა ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შენაკადია და მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო განათლებული და ჯანსაღი გახდება, როცა ამ უძველეს კავშირებს გააცნობიერებს — კავშირებს ბერძნულ სამყაროსთან. დღეს, ამ წუთებში, აქ იწყება ეს ყველაფერი და ვფიქრობ, ფესტივალით ჩვენ ვხდებით არა გამოგონების, არამედ ახალი ტრადიციის დაბადების მოწმენი.“
„ოლიმპის“ კედლებში მართლაც დაიბადა ახალი ტრადიცია — „ოლიმპოს მწვერვალი“, რომელიც ყოველწლიურ საგაზაფხულო სასკოლო ფესტივალის სახეს მიიღებს. ფესტივალის მონაწილეები ანტიკური საბერძნეთიდან თანამედროვე საბერძნეთში იმოგზაურებენ, როგორია გზა ითაკადან დღემდე ამას ფესტივალის მსვლელობისას შევიტყობთ.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N