გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
ბავშვთა მიმართ ძალადობა

რეკომენდაციები პედაგოგებისთვის


როდის მივიტანოთ ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებულ
ძალადობაზე და როგორ მოვიქცეთ
პედაგოგებს ხშირად აქვთ შეხება ძალადობაგანცდილ/ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან. დროულ ჩარევას და სხვადასხვა სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენისა და ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირებისთვის, თითოეული შემთხვევის ეფექტურად გადაჭრისა და ბავშვის ძალადობისგან დაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
2010 წლის 7 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების ¹152/ნ საფუძველზე, ძალაში შევიდა დოკუმენტი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“. ამ დოკუმენტის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვთა დაცვის ხელშეწყობა, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.
აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ბავშვთან ურთიერთობს — სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სააგენტოს, საუბნო სამსახურს, საპატრულო პოლიციას.
ბავშვის ძალადობისაგან დასაცავად პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელებული ფორმები, ის ფიზიკური ნიშნები და ემოციურ-ქცევითი თავისებურებები, რომლებიც, შესაძლებელია, აღენიშნებოდეს ძალადობაგანცდილ ბავშვს. მას ასევე უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მან უნდა გადადგას ბავშვის მიმართ ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
პრობლემის სერიოზულობა
ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგები სერიოზულია.
ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანი ბავშვს ბავშვობის გვიან წლებამდე, მოწიფულობამდე და ზრდასრულ ასაკამდეც კი მიჰყვება.
ძალადობა ბავშვის განვითარების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას: ბავშვის თავის ტვინის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე, ემოციურ განვითარებაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე.
ბავშვობაში განცდილ ძალადობას უკავშირდება დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, ასევე ონკოლოგიური და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დეპრესია, მთელი რიგი სხვა დაავადებებისა..
კვლევებით დადგენილია, რომ ზრდასრულ კრიმინალთა უდიდესი ნაწილი ბავშვობაში ძალადობას განიცდიდა.

ტერმინთა განმარტებები
ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მისი ფორმების განმარტებები
ძალადობა — პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;
ფიზიკური ძალადობა — ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის და განვითარების მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობა — შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას და რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს;
სექსუალური ძალადობა — ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება ბავშვის მონაწილეობით;
ეკონომიკური ძალადობა — ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
იძულება — ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

საფუძვლიანი ეჭვი
ბავშვის მიმართ ძალადობაზე ეჭვი საფუძვლიანად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მშობლის არაადეკვატური ქცევა;
ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;
ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;
სხვ.

გადაუდებელი მდგომარეობა
მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან დაინვალიდება.
პედაგოგს ყურადღება
მართებს ბავშვზე ძალადობის შემდეგი ნიშნების
აღმოჩენისას:

ფიზიკური ნიშნები
ნიშნები, რომელთა გამოვლენისას ძალადობის შესაძლებლობას განიხილავთ:
სერიოზული ან უცნაური დაზიანებები, რომელთა ახსნა არასარწმუნოა;
ხშირი ავადმყოფობა, სკოლის ხშირი გაცდენები;
ქრონიკული ტრავმები;
პირადი ჰიგიენის დაბალი დონე.

ნიშნები, რომლებიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ეჭვს ბადებს:
დაზიანებები
— ხელის მტევნის, ნაკბილარის, ქამრის ბალთის ან რაიმე საგნის ფორმის;
— სხვადასხვა ფერის სისხლჩაქცევები;
— სახისა და სხეულის არაძვლოვან ნაწილებზე, მათ შორის, თვალებზე, ყურებზე, დუნდულოებზე.
ჭრილობები, ნაკაწრები
— არეებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ტანსაცმლითაა დაცული, ან თვალებზე, ყურებზე და სახეზე.
დამწვრობები
— რბილ ქსოვილებზე, სადაც ცხელი საგნების შემთხვევითი მოხვედრა შეუძლებელია, მაგ., ფეხის გულები, დუნდულოები, ზურგი;
— საგნის ფორმის (მაგ., უთოს, თეფშის).
მოტეხილობები
— დაზიანებები, ჭრილობები, დამწვრობები, მოტეხილობები აღენიშნება ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია ან/და რომელთა ახსნა არ არსებობს ან არასარწმუნოა;
— მეტყველების დეფექტები.

სექსუალური ძალადობა
ნიშნები, რომელთა გამოვლენისას სექსუალური ძალადობის შესაძლებლობას განიხილავთ:
მოზარდთა ორსულობა, როდესაც:
— მოზარდსა და ბავშვის სავარაუდო მამას შორის დიდი სხვაობაა ასაკის, ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების მხრივ;
— სექსუალური აქტივობა არ იყო ნებაყოფლობითი.
ქავილი გენიტალიებში;
ასაკისადმი შეუფერებელი სექსუალური ქცევისა და ცოდნის გამოვლენა;
პერიოდული ჩივილები ტკივილზე მუცლის არეში;
მოუსვენრობა ან პასიურობა, როცა ადრე ასეთი არ ყოფილა;
უფროსების მიმართ უნდობლობა, ფამილარული დამოკიდებულება მათ მიმართ;
ნარკოტიკების, ალკოჰოლის და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება.
ნიშნები, რომლებიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე ეჭვს ბადებს:
გაძნელებული სიარული და ჯდომა;
ჰიპერსექსუალურობა ბავშვის ქცევაში;
ხშირი მასტურბაცია;
სახლიდან გაქცევები;
სააბაზანოს, შხაპის, დაკეტილი კარების შიში;
სამედიცინო შემოწმების შიში;
ძილის დარღვევა (ღამის კოშმარები, ენურეზი, მარტო დარჩენის შიში ძილის დროს);
არ სურს ან უარს აცხადებს გამოიცვალოს ტანსაცმელი;
ინტერესი უფროსების, ბავშვების ან ცხოველების სასქესო ორგანოებისადმი.

უგულებელყოფა
ნიშნები, რომელთა გამოვლენისას უგულებელყოფის შესაძლებლობას განიხილავთ:
ბავშვი, რომელსაც მუდმივად შეუფერებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია (მაგ., სეზონისათვის, ბავშვის ზომისათვის);
მშობლები/მეურვეები, რომლებსაც არ მიჰყავთ ბავშვი ექიმთან სერიოზული და/ან გახანგრძლივებული დაზიანებებისა და დაავადებების დროსაც კი;
ბავშვი ჩამორჩება ზრდაში (წონა, სიმაღლე);
არ არსებობს უფროსი, რომელიც შესაბამისად იზრუნებს ბავშვზე;
მუნი და ტილები;
ცხოველების ნაკბენები და ტრავმები (მაგ., დამწვრობა, მზით დამწვრობა, მავნე ნივთიერების მიღება) ზედამხედველობის არარსებობის გამო.

ნიშნები, რომლებიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ უგულებელყოფაზე ეჭვს ბადებს:
სამედიცინო ჩარევის უარყოფა, საჭიროების მიუხედავად;
ბავშვი მუდმივად ჭუჭყიანია და უსიამოვნო სუნი აქვს;
ბავშვი მუდმივად მოთენთილია, გამოუძინებელი;
ოჯახში არსებული შემდეგი გარემოებები:
— ჰიგიენის დაბალი დონე;
— ბავშვისთვის აუცილებელი საკვების ნაკლებობა;
— საცხოვრებელი გარემო, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვს.
ემოციური, ქცევითი,
პიროვნებათშორისი და
სოციალური ფუნქციონირება
ნიშნები, რომელთა გამოვლენისას ძალადობის შესაძლებლობას განიხილავთ:
ქცევისა და ემოციური მდგომარეობის შესამჩნევი ცვლილებები, რომლებიც არ შეესაბამება ბავშვის ასაკსა და განვითარების დონეს;
დაბალი თვითშეფასება;
მუდმივად შეშინებული გამომეტყველება;
ყურადღების მიპყრობის დაჟინებითი მცდელობები;
ზედმეტად „კარგი“ ქცევა, მშობლის მხრიდან შენიშვნის არიდების მიზნით;
ურთიერთობებისგან გარიდება, იზოლირება;
მუდმივად დაკისრებული პასუხისმგებლობები, რომლებიც ჩვეულ, ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგალითად, სკოლაში სიარული) ხელს უშლიან;
სიტუაციის არაპროპორციული, მძაფრი ან ხანგრძლივი ემოციური რეაგირებები;
თვითდაზიანებები;
უჩვეულო, მოულოდნელი ან ბავშვის განვითარებისთვის შეუსაბამო რეაქცია სამედიცინო გამოკვლევაზე;
სახლიდან გაქცევები.
ნიშნები, რომლებიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ეჭვს ბადებს:
საკვების ამოღება ნაგვიდან, საკვების მოპარვა;
განურჩეველი ან ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ქცევა;
სექსის თემით ძლიერი გატაცება (მაგალითად, საუბრები სექსზე, ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა სექსის შესახებ, გენიტალიების ხატვა ან სექსუალური აქტივობის იმიტირება სხვა ბავშვთან);
სკოლის ხშირი გაცდენები;
სიძნელეები სწავლაში;
თვითდისციპლინის ნაკლებობა;
ყურადღების კონცენტრაციის სიძნელე, გაფანტულობა.

მშობლის და ბავშვის
ურთიერთობა
ნიშნები, რომელთა გამოვლენისას ძალადობის შესაძლებლობას განიხილავთ:
ბავშვისადმი მშობლის უარყოფითი ან მტრული დამოკიდებულება;
მშობლის მიერ ბავშვის უარყოფა ან ყველაფრის მასზე გადაბრალება;
ბავშვის შესაძლებლობების მიმართ არარეალური მოლოდინი;
ძალადობის აღიარება ბავშვის აღზრდის ეფექტურ მეთოდად;
მშობელი ბავშვის სოციალიზაციას ხელს არ უწყობს.
ნიშნები, რომლებიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ეჭვს ბადებს:
მშობელი მუდმივად ემოციურად მიუწვდომელია ბავშვისათვის ან გულგრილია მის მიმართ;
ბავშვი ძლიერ შიშს გამოხატავს ცუდი ნიშნის მიღებისას, მშობლის რეაქციის გამო;
მუდმივი შიშები ან წუხილი სწავლასთან, მეგობრებთან, სპორტთან დაკავშირებით;
ბავშვი სკოლაში ადრე მოდის, გაკვეთილების შემდეგ ცდილობს შეყოვნდეს და სახლში გვიან ბრუნდება;
კითხვის, წერის სიძნელეები ან მათემატიკური უნარების დაქვეითება;
შემაშფოთებელ გარემოებათა ან შეცდომების დაშვების მეტისმეტი შიში;
ტირილის, ყვირილის, უმიზეზო გაღიზიანების შეტევები;
თვითდაზიანება ან საუბრები სიკვდილზე, თვითმკვლელობაზე;
განმარტოებისკენ მიდრეკილება, ურთიერთობებისგან თავის არიდება;
ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა.
თუ პედაგოგი ბავშვზე ძალადობის ამგვარ ნიშნებს აღმოაჩენს, მან ბავშვის დასაცავად კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად და უწინარესად, ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს:

მოისმინეთ და დააკვირდით
ბავშვთა მიმართ ძალადობის ეჭვის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია, როდესაც ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან გვაქვს. ბავშვისა და მისი გარემოცვის შესახებ სრული სურათის დასანახად საჭირო ინფორმაციის წყაროებია:
ნებისმიერი ისტორია, რომელიც მოწოდებულია;
შეტყობინება ძალადობის შესახებ, ბავშვის პირდაპირი განცხადება ან მოწმის განცხადება;
ბავშვის გარეგნული ნიშნები და ფიზიკური ნიშნები;
ბავშვის ქცევა;
მშობლის ქცევა;
მშობელს/მეურვეს და ბავშვს შორის ურთიერთობა.

მოიპოვეთ ინფორმაცია
ბავშვისგან და მშობლებისგან მოიპოვეთ ინფორმაცია ნებისმიერი არსებული დაზიანებებისა და გამოვლენილი ნიშნების შესახებ, მათი განსჯისა და მათდამი ღია უნდობლობის გამოხატვის გარეშე. გაითვალისწინეთ, ახსნა შეუსაბამოა, როდესაც:
მონათხრობი არათანმიმდევრულია;
გადმოცემული ინფორმაცია არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება;
მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება.

გააკეთეთ ჩანაწერი
ზუსტად ჩაიწერეთ ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ: რა ნახეთ, რა მოისმინეთ, ვისგან გაიგეთ და როდის;
ჩაინიშნეთ, რატომ იწვევს ეს ეჭვს ძალადობაზე.

განიხილეთ ძალადობის
შესაძლებლობა
თუკი არსებული ნიშნები გაფიქრებინებთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბავშვის მიმართ ძალადობას, მოიქეცით შემდეგნაირად:
მოიძიეთ ძალადობის სხვა ნიშნები;
მოიძიეთ, ხომ არ ჰქონია ბავშვს მსგავსი ნიშნები წარსულში;
განიხილეთ თქვენი ვარაუდი გამოცდილ კოლეგებთან ერთად, ინფორმაციის კონფიდენციალურობის აუცილებელი დაცვით;
მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვთან მომუშავე სხვა პროფესიონალებისგან.

გამორიცხეთ
ბავშვის მიმართ ძალადობა
თუ არსებული ნიშნების შესატყვისი ახსნა მოიძებნა, ძალადობა გამორიცხეთ.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის მოგროვებისა და განხილვის შემდეგ მიიღეთ.

როგორ ვიმოქმედოთ
პროცედურების ფარგლებში
თქვენ უნდა მოახდინოთ:
ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე შემთხვევის გაანალიზება;
საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისა თუ სააგენტოს ინფორმირება;
სააგენტოსთან თანამშრომლობით ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.
ამისათვის:
თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ბავშვზე შეიძლება ძალადობა ხორციელდებოდეს:
ადგილზე გააანალიზეთ შემთხვევა, ჩაატარეთ გამოკითხვა და განსაზღვრეთ:
— საფუძვლიანია თუ არა გაჩენილი ეჭვი;
— შეიძლება თუ არა შექმნილი სიტუაცია შეფასდეს, როგორც გადაუდებელი მდგომარეობა;
თუ სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ;
თუ ძალადობაზე ეჭვს საფუძვლიანად თვლით, შეავსეთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის ბარათი და ფოსტით ან ფაქსით გაუგზავნეთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს;
სააგენტოსთან შეთანხმებით, თვალყური ადევნეთ ბავშვის მდგომარეობას და წერილობით, რეგულარულად შეატყობინეთ სააგენტოს სოციალურ მუშაკს ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
თუ ბავშვის დაცვის მიზნით შემაკავებელი ან დამცავი ორდერია გამოწერილი და თქვენ მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე გახდით, აცნობეთ ამის შესახებ პოლიციას.
მნიშვნელოვანია,
გავითვალისწინოთ
ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია ბავშვის განცხადება მომხდარის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვები ძალზე იშვიათად ტყუიან;
უგულებელყოფის განსაზღვრის „ოქროს სტანდარტი“ არ არსებობს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. უგულებელყოფის დადგენისას ამოსავალი იყოს ბავშვი, მისი მდგომარეობა და სასიცოცხლო საჭიროებები;
მშობლები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ ბავშვის მიმართ, პრობლემას უარყოფენ, ბავშვს ადანაშაულებენ, შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობენ, ბავშვის მიღწევებით არ ინტერესდებიან;
ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობის ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ფორმაა, რადგან ის სხეულზე ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. მისი უარყოფითი ეფექტი ხშირად ბავშვის განვითარების შემდგომ პერიოდში ვლინდება;
ბავშვის უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახიდან გაყვანა უკიდურესი ზომაა;
ოჯახში ბავშვზე ძალადობისას მხარდაჭერას იქ მყოფი სხვა ბავშვებიც საჭიროებენ.
შესაძლო სირთულეები:
არ არსებობს ძალადობის პირდაპირი ნიშნები;
ბავშვთან და მშობელთან კარგი ურთიერთობის დაკარგვის შიში;
შეცდომის დაშვების შიში: „ვეჭვობდი, ვფიქრობდი და შეცდომით დავადანაშაულე მშობელი“;
კონფიდენციალურობის დარღვევის შიში;
განხორციელებული ძალადობის მიზეზების გამართლება, — „მშობელს გამიზნულად არ მიუყენებია ზიანი ბავშვისთვის“;
ბავშვის დაცვის პროცესზე გავლენის დაკარგვის შიში და ეჭვი, რომ ეს ბავშვს სიკეთეს არ მოუტანს;
ნანახით, მოსმენილით მიღებული სტრესი;
პირად უსაფრთხოებაზე წუხილი.
ბავშვის შესახებ ინფორმაციის გამხელა
თუ თქვენ ბავშვისგან მოიპოვეთ ინფორმაცია მასზე მომხდარი ძალადობის შესახებ:
აუხსენით, რომ მისი დაცვის მიზნით, თქვენ შესაძლოა კონფიდენციალურობის დარღვევა მოგიხდეთ;
დაამშვიდეთ და უთხარით, რომ ინფორმაციას მხოლოდ იმ ადამიანებს მიაწვდით, რომლებსაც ბავშვის დაცვა შეუძლიათ;
დაარწმუნეთ, რომ აუცილებლად ეტყვით, თუ ვის გაუმხილეთ ინფორმაცია;
განუმარტეთ, რა ზომებს იღებთ მის დასაცავად.
როგორ გავხდეთ სანდონი ბავშვისთვის
იყავით მშვიდი და ტაქტიანი;
საუბრისას უყურეთ თვალებში;
დაუჯერეთ ბავშვს და იყავით მისი მხარდამჭერი;
ყურადღებით მოუსმინეთ, არ გააწყვეტინოთ, მიეცით საშუალება გიამბოთ პრობლემის შესახებ, გამოთქვას აზრი და გაგიმხილოთ გრძნობები;
დაარწმუნეთ, რომ მისი მეგობარი ხართ და მას არაფერში ადანაშაულებთ;
უთხარით, რომ მის დახმარებას შეეცდებით. შეარჩიეთ დამაჯერებელი სიტყვები;
აუხსენით, რის გაკეთებას აპირებთ.

ქეთევან ლორთქიფანიძე
 ფსიქოლოგი

25-28(942)N