2018-04-19 მოდერნიზებული ტრენინგები გამოცდებზე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ: გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტრი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისთვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
ტრენინგის გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე, იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართული არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და დარეგისტრირდნენ გამოცდებზე.
რას სთავაზობს ცენტრი, კონკრეტული ტრენინგებით, პრაქტიკოს პედაგოგებს და რა სიახლეები იგეგმები სამომავლოდ ზოგადად ტრენინგების მიმართულებით, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე.
— ძირითადად, რაზე იქნება ორიენტირებული ტრენინგები და რა დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს?
— პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ტრენინგები ჩატარდება იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის, რომლებიც სქემაში არიან ჩართულები და დარეგისტრირებული არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კომპეტენციის დამადასტურებელ, საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდებზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებზე დარეგისტრირება კერძო სკოლების იმ მასწავლებლებსაც შეუძლიათ, რომლებიც სქემაში არიან ჩართულები.
ეს იქნება არა საგნის აკადემიური ცოდნის მიმცემი ტრენინგები, არამედ, ხელს შეუწყობს საგნობრივი ცოდნის აქტივაციას და მობილიზებას, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ტესტის შევსების ტექნიკური მეთოდოლოგიის შესწავლაზე და იმაზე, რომ მონაწილე პედაგოგებმა, ტესტის შევსების დროს, აღმოაჩინონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უფრო ეფექტურად მოემზადონ კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდისთვის.
ტრენინგები 20 მიმართულებით გამოცხადდა — როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული უნარების მიმართულებებით. რეგისტრაციის პერიოდი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრენინგების ჩატარების ლოკაციები წინასწარვე განსაზღვრულია და, რეგისტრაციის დროს, მასწავლებელს შეუძლია მიუთითოს, სად სურს ტრენინგის გავლა. მაქსიმალურად ვეცდებით, ტრენინგები რაიონულ დონეზე ჩავატაროთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ჯგუფი შედგეს, რეგიონულ დონეზე ჩატარდება. ტრენინგების ჩატარების დღეებად პარასკევი (საღამო) და შაბათ-კვირა ავირჩიეთ.
მოდულის მაქსიმალური ხანგრძლივობა 16 საკონტაქტო საათია — პარასკევს დადგეგმილია 4 საათი, ხოლო შაბათ-კვირას — 6-6 საათი. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვიცით ნაეკის ბაზაში დარეგისტრირებული მასწავლებლების რაოდენობა, ტრენინგების ციკლი ისე გაიწერა, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის სრულად უზრუნველვყოთ მათი გადამზადება. წელს მასწავლებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა პროფესიული უნარების კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირდა.
— განსხვავდება თუ არა წლევანდელი ტრენინგები წინა წლებისგან?
— ტრადიციულად, ეს ტრენინგები წინა წლებშიც ტარდებოდა, უბრალოდ, ახლა მოდულები გადაიხედა და, გარკვეულწილად განახლდა, მოდერნიზებულია, შესაბამისად, მასწავლებლებს სიახლეს ვთავაზობთ. რაც შეეხება საგნებს, ამ მხრივ სიახლე არ არის, ახალი საგანი ჯერჯერობით არ დამატებია.
— უფრო კონკრეტულად რას მოიცავს ტრენინგ-მოდულები?
— ტესტის სტრუქტურა, რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, რასაკვირველია ცნობილია, თუმცა უცნობია კითხვები, რომელიც საგამოცდო ტესტებშია შესული. სტრუქტურიდან და საგნის შინაარსობრივი ცოდნიდან გამომდინარე, გვაქვს ტრენინგ-მიქსი — როგორ შემოხაზოს ტესტი ან რა კითხვაზე გაჩერდეს მასწავლებელი. უფრო კონკრეტულად კი, ტრენინგ-მოდული მოიცავს საგნობრივ სტანდარტს + ტესტის შევსების ტექნიკური უნარები.
— თუ არის გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარება არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის?
— ამჯერად, ეს კონკრეტული საგნობრივი ტრენინგები არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის გათვალისწინებული არ არის. თუმცა, პედაგოგები, რომლებიც ქართულ ენაზე მოისურვებენ, მაგალითად, ფიზიკის, მათემატიკის, გეოგრაფიის ან სხვა მიმართულებით ტრენინგის გავლას, რასაკვირველია, დარეგისტრირდებიან. ასევე, მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ პროფესიული უნარების მიმართულებით და ქართულ ენაზე გაიარონ ტრენინგები (იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც წელს გადაწყვიტეს პროფესიულ უნარებში კომპეტენციის დადასტურება).
— აქვს თუ არა დარეგისტრირების უფლება პედაგოგობის მსურველს ?
— როგორც გითხარით, ტრენინგები მოქმედი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტარდება და ისიც მხოლოდ მათთვის, ვინც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ, კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე დარეგისტრირდა.
— რა სიახლეებს გეგმავს ცენტრი, სამომავლოდ, ტრენინგების მიმართულებით?
— სიახლეები ნამდვილად იგეგმება. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრის ინიციატივაა, რომ სასწავლო პროცესის დროს ნაკლებად დავტვირთოთ მასწავლებლები ტრენინგებით. მართლაც რთულია საგაკვეთილო პროცესის დროს, პარალელურ რეჟიმში, ტრენინგებზე სიარული და ამაზე დროის ხარჯვა, რაც, თავისთავად, ნაკლებად ეფექტურიცაა. ამიტომ, მინისტრის ინიციატივით, ტრენინგები, ძირითადად, შაბათ-კვირას ჩატარდება და მაქსიმალურად გამოვიყენებთ არდადეგებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოგვიწია მოდულების გადახედვა, რადგან გვქონდა ისეთები, რომლებიც შაბათ-კვირის გარდა, გადაწყობილი იყო სამუშაო დღეებზეც. ახლა მოდულების მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ერთი მხრივ, მოგვიწევს ტექნიკურად გადაწყობა შაბათ-კვირასა და არდადეგების პერიოდზე და, მეორე მხრივ, ცვლილება შეეხება იმასაც, რომ ყველა ტრენინგი მაქსიმალურად ორიენტირებული გავხადოთ პრაქტიკაზე, რომ მასწავლებელმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოს გაკვეთილზე. აქამდე სრულად ვერ ვამოწმებდით, რამდენად გამოიყენებდა მასწავლებელი შეძენილ ცოდნას გაკვეთილზე.
შინაარსობრივადაც ვგეგმავთ მოდულის ცვლილებას ისე, რომ ტრენინგზე მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მათი შესაბამის გარემოში გამოყენება. ამის გარდა, ცენტრის მხრიდან, მნიშვნელოვანი ინიციატივაა ხარისხის კომპონენტის გაძლიერება, რაზეც 2018 წლიდან უკვე მიმდინარეობს მუშაობა. ეს კომპონენტი არა მარტო ტრენინგებს მოიცავს, არამედ ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებსა და აქტივობებს, ამიტომაც ეს ძალიან კომპლექსური კომპონენტი იქნება. კონკრეტულად ტრენინგების კუთხით კი, შეფასდება არა მხოლოდ ის, რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ტრენინგი და როგორია ჯგუფთან უკუკავშირი, არამედ ისიც, რამდენად ხარისხიანად უზრუნველყოფს პედაგოგი იქ მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანას.
ამ სიახლეების გარდა, ვიწყებთ დისტანციური ტრენინგების დანერგვას საპილოტე რეჟიმში. დაახლოებით სამ სკოლაში განვახორციელებთ პილოტს. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ, ძირითადად, სწორედ დისტანციური ტრენინგების რეჟიმზე გადავერთოთ. რასაკვირველია, ამ პროცესს ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება, რადგან ადამიანური რესურსის გარდა, ტექნიკური რესურსის მომზადებასაც მოითხოვს. ამიტომ წელს რამდენიმე სკოლაში დავგეგმეთ პილოტის განხორციელება, მუშაობის პროცესში კი გამოჩნდება ის პრობლემები თუ საჭიროებები, რის წინაშეც დავდგებით, რომ ცენტრი ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციური ტრენინგების ჩატარებაზე. აქვე გეტყვით, რომ დისტანციური ტრენინგების ამოქმედება მილენიუმის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, მუშავდება მოდულები და ტრენინგების გეგმა. მას შემდეგ, რაც ცენტრი ამ პროგრამის სამართალმემკვიდრე გახდება, ჩვენი სურვილია, არათუ შევინარჩუნოთ ეს წამოწყება, არამედ განვავითაროთ და, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად დავნერგოთ.
— რა არსებითი ცვლილებები შევა საგნობრივ მოდულებში?
— ის, რაც შინაარსობრივად კარგი იყო, თავისთავად დარჩება და გადაეწყობა თანამედროვე მიდგომებზე. აქცენტი, მიძინებული ცოდნის აქტივაციის გარდა, მის პრაქტიკაში გამოყენებაზე გაკეთდება. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს ცოდნა მოსწავლეებს გადასცეს შესაბამისი ტექნიკისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამიტომაც მოდერნიზებული მოდულები სწორედ ამ პრაქტიკული უნარების შეძენა-გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული. ვინაიდან მოდულების არსებითი ცვლილება და პრაქტიკაზე ორიენტირება იგეგმება, აუცილებელია ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამოქმედებაც. ამიტომ, იანვრიდან აქტიურად ვმუშაობთ ხარისხის კომპონენტზე, რაც, თავისთავად, მონიტორინგსაც გულისხმობს. თუმცა, ეს არ არის ხარისხის კონტროლის ერთადერთი მექანიზმი. პროცესი მოდულების შექმნით იწყება და გრძელდება ტრენერის მომზადებით (ტრენერთა სკოლის ფარგლებში, ვგეგმავთ დარჩენილი ტრენერების გადამზადებას), შემდეგ ტრენინგები ჩატარდება და დასრულდება მასწავლებლის გადამოწმებით — რამდენად ხარისხიანად და სწორად მიაქვს მას საკლასო ოთახში ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. ეს შეიძლება შემოწმდეს მონიტორინგით, კითხვარებით ან კვლევით, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ხარისხის კონტროლის მექანიზმს. ვმუშაობთ ელექტრონულ პროგრამაზეც, რაც ასევე შეუწყობს ხელს ხარისხის მონიტორინგს. ამ პროგრამაში პედაგოგი ინდივიდუალურად დარეგისტრირდება, ატვირთავს დავალებას და შემდეგ ცენტრის შესაბამისი სტრუქტურები გააანალიზებენ. როგორც ტრენინგ-მოდულებით, ისე შესაბამისი კონტროლის მექანიზმებით, ძალიან ფართოდ ვგეგმავთ, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი გავხადოთ პრაქტიკაზე ორიენტირებული და ამ მიმართულებით გავუძლიეროთ უნარ-ჩვევები — ერთია ეფექტიანობის ზრდა და მეორეა მისი გაზომვის აუცილებლობა.
— არის თუ არა რეალურად ხელშესახები ტრენინგების შედეგები?
— ეს კითხვა ძალიან დიდი ხნის წინ დამებადა — ვატრენინგებთ, მაგრამ რა არის შედეგი? შედეგი, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად გვაქვს, მაგრამ, კიდევ უკეთესი გვინდა. სწორედ ამიტომ შეგვაქვს გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით. საგნობრივი ტრენინგები, რასაკვირველია, მიმდინარეობს, ახლა ვაცხადებთ ისტ-ის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი სიახლე გვაქვს — ძირითადად, ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ისტ-ის საგანი ვაქციოთ გამჭოლ კომპეტენციად ნებისმიერი საგნის გაკვეთილზე. თავისთავად, კარგია, პედაგოგს „მაუსის“ ხმარება ვასწავლოთ და საბაზო მიმართულებით მასწავლებელთა 95 პროცენტი უკვე გადამზადებულია, მაგრამ ახლა, ძირითადი ორიენტირი გამჭოლ კომპეტენციაზე ავიღეთ. გვინდა, ნებისმიერი საგნის პედაგოგმა შეძლოს გაკვეთილის ისტ-ის გამოყენებით ჩატარება. ეს მართლაც შრომატევადი პროცესია, მაგრამ ვიწყებთ მუშაობას ისტ-ის საგნობრივ მოდულებთან შერწყმაზე.
დაბოლოს გეტყვით, რომ მოდერნიზებული მოდულები ამოქმედდება და ზაფხული ტრენინგებით დატვირთული იქნება. ინტენსიურად გაგრძელდება გასულ წელს დარეგისტრირებული იმ პედაგოგების გადამზადებაც, რომელთა დატრენინგებაც ვერ მოესწრო.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|