2018-02-22 გარე დაკვირვების კომპონენტი პილოტირებიდან ფართომასშტაბიან დანერგვაზე გადადის
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, გარე დაკვირვების გავლის მსურველი უფროსი მასწავლებლების რეგისტრაციას აცხადებს. გარე დაკვირვება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში შემოწმებას ემსახურება, რომლის გავლაც უწევს უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.
რეგისტრაციის უფლება ექნება უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს: აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა, მათ შორის, მინიმუმ, 2 კრედიტქულა მოპოვებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო აქტივობებიდან (2 სამოდელო გაკვეთილი ან კვლევა); უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად, განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
I ეტაპი — რეგისტრაცია
გარე დაკვირვების გავლის მსურველი პირი რეგისტრაციას ახორციელებს eshool-ის ელექტრონულ სისტემაში, სპეციალურ ბმულზე და აუცილებელია, რეგისტრაციის დროს შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საგანი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა; ბ) კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვებისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
II ეტაპი — გაკვეთილის წარდგენა
რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, დარეგისტრირებული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის.
გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვის, გრაფიკის დადგენას ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, ასევე, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს — საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმირებას.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი, მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე, არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე, ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთ-ერთზე განხორციელდება გარე დაკვირვება.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება. მასწავლებელი ვალდებულია, გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს რეგისტრაციის დროს მითითებულ საგანსა და კლასში. მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარების განსაზღვრული პერიოდის ან მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება, 2017 წელს, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში განახორციელა. პილოტირების რეჟიმში დარეგისტრირებული 105 მასწავლებლიდან გარე დაკვირვება 100-მა მასწავლებელმა გაიარა, რომელთაგან 86 დადებითად შეფასდა. 2018 წლის იანვარში, გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შედეგად, 42-მა მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 44 მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად, სასწავლო წლის დასრულებამდე, დარჩენილი აქვს 1 ან 2 კრედიტქულა დასაგროვებელი.
„პილოტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები, ცვლილების სახით, შეფასების ინსტრუმენტებსა და გარე დაკვირვების წესში აისახა. ეს ცვლილებები მიმართულია პროცესის მაქსიმალურად ღია და ობიექტური წარმართვისაკენ. ასევე, გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნოს როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“ — განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ პილოტირების პროცესი, თავისთავად, იმიტომ ხორციელდება, რომ გამოვლინდეს ხარვეზები და პროცესების ფართომასშტაბიანად დანერგვამდე, შესაძლებელი გახდეს მათი დაკორექტირება: „პილოტირებამ გვიჩვენა რამდენიმე კომპონენტის ცვლილების აუცილებლობა. პირველი რუბრიკის შეცვლას ეხება, რაც გულისხმობს ცალკე, ერთ-ერთ კრიტერიუმად, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის გამოყოფას.
გარე დამკვირვებელთა ნაწილი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობდა იმისა, რომ უარყოფითად შეფასებულიყო იმ მასწავლებლის გაკვეთილი, რომელმაც საგანი კარგად არ იცოდა — შეიძლება პედაგოგი სწავლების კარგ მეთოდებს ფლობდა, პოზიტიური გარემო იყო მის საკლასო ოთახში, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ შეცდომასაც უშვებდა საგნობრივი კომპეტენციის მიმართულებით, მიუხედავად ამისა, მისი გაკვეთილის ჩაგდება ძალიან რთული იქნებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ ერთ-ერთი სფერო მიმართული ყოფილიყო მასწავლებლის საგნობრივ კომპეტენციაზე. შესაბამისად, დამტკიცდება რუბრიკა, რომელიც, ამავდროულად (შეიძლება გარე დაკვირვებასთან კავშირი არ აქვს), მასწავლებლების დიდი რაოდენობის ინტერესს წარმოადგენს. რუბრიკის დამტკიცების შემდეგ, ჩავატარებთ კონსულტირებას შეფასების ჯგუფებთან და ყველა სკოლას ვაცნობებთ, რომ სწორედ ამ შეცვლილი რუბრიკით უნდა ჩაატარონ შიდა საგაკვეთილო დაკვირვებებიც. თუმცა განვმარტავ იმასაც, რომ აქამდე ჩატარებული შიდა საგაკვეთილო დაკვირვებების შედეგები არ შეიცვლება.
მეორე ცვლილება გარე დამკვირვებლების რაოდენობას შეეხო. საპილოტე რეჟიმში გაკვეთილს ორი გარე დამკვირვებელი აფასებდა: ერთი — ცენტრის მიერ დაქირავებული გარე დამკვირვებელი, ხოლო მეორე — მეზობელი სკოლის ფასილიტატორი, რომელსაც, ასევე, ცენტრთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული და გაკვეთილს შეფასების უფლებით ესწრებოდა. ცვლილების შედეგად, გარე დამკვირვებელი იქნება მხოლოდ ერთი, ცენტრის მიერ დაქირავებული კვალიფიციური კადრი, რომელსაც საგაკვეთილო გამოცდილებაც აქვს, ამ მიმართულებით, სანდოა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევა. გარე დაკვირვება რომ ობიექტურად განხორციელდეს, ამისთვის გარე დამკვირვებელს სათანადოდ გადავამზადებთ. ამავე გაკვეთილზე დასწრების უფლება ექნება ადგილობრივი სკოლის ფასილიტატორს და რესურსცენტრის წარმომადგენელს, მაგრამ, როგორც გითხარით, ის შეფასებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სიახლეა ისიც, რომ, ობიექტურობის მეტად დასაცავად, დავუშვით აპელაცია. პილოტირების პროცესში მასწავლებელს უარყოფითი შედეგის გაპროტესტების უფლება არ ჰქონდა, რადგან რუბრიკაში ეს მექანიზმი არ იყო ჩადებული. ცვლილების შედეგად კი, მასწავლებელს მისთვის არასასურველი შედეგის გაპროტესტების შესაძლებლობა ეძლევა.
დამკვირვებელთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია სტრესულმა მდგომარეობამ, რომელსაც მასწავლებელი უცხო პირების გაკვეთილზე დასწრების შედეგად იღებდა. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შედის გაკვეთილზე, მით მეტი სტრესია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ვარჩიეთ, რომ ერთ ადამიანზე დაგვეყვანა გარე დამკვირვებლის რაოდენობა და მასწავლებლებისთვის აპელაციის საშუალებაც მიგვეცა.“
რეგისტრაცია, 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით, eschool-ის ელექტრონულ სისტემაში იწარმოებს.
წლევანდელი პოტენციური კანდიდატი 560 მასწავლებელია — 13 კრედიტის მქონე უფროსი მასწავლებელი და დოქტორის ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც უფლება აქვთ, გაიარონ გარე დაკვირვება.
|