2017-11-30 მოუსმინეთ, დღეს „ბავშვები მართავენ“
„პროგრესის მიუხედავად, 180 მილიონი ბავშვი უფრო არასახარბიელო მომავლის წინაშე დგას, ვიდრე მათი მშობლები“ — ამ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი, 20 ნოემბერს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. იუნისეფის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, გლობალური პროგრესის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, ყოველი მეთორმეტე ბავშვი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მისი მომავლის პერსპექტივა უარესია, ვიდრე მისი მშობლების. ამავე ანალიზის თანახმად, 37 ქვეყანაში მცხოვრები 180 მილიონი ბავშვი, დღეს, უფრო მეტადაა განწირული უკიდურესი სიღარიბისთვის, სკოლის მიღმა დარჩენისთვის თუ ძალადობრივი სიკვდილისთვის, ვიდრე იყვნენ ამავე ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები 20 წლის წინ.
„მაშინ, როცა ბოლო თაობა გახდა მსოფლიოს ბავშვების უმრავლესობისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ცხოვრების სტანდარტების შექმნის მოწმე, ის ფაქტი, რომ უგულვებელყოფილი ბავშვების უმცირესობა მოკლებულია ასეთი სტანდარტებით ცხოვრების შესაძლებლობას ისე, რომ ამაში არც მათ და არც მათ ოჯახებს ბრალი არ მიუძღვით, სხვა არაფერია, თუ არა რეალობის დამახინჯება“ — ამბობს ლოურენს ჩენდი, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების, კვლევისა და პოლიტიკის დირექტორი.
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 28-ე წლისთავისა და ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდმა, მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში, მოაწყო აქცია, სახელწოდებით — „ბავშვები მართავენ“ და სხვა ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ბავშვები. მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა მიეცათ — გამოხატონ საკუთარი პოზიცია, დაეხმარონ ბავშვებს სიცოცხლის გადარჩენაში და იბრძოლონ მათი უფლებებისთვის. „სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, რასაც შედეგად ცხოვრების სტანდარტების მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვება, დასაძრახია, რომ ასობით მილიონი ბავშვის ცხოვრების სტანდარტი უარესდება, რაც მათში უსამართლობის განცდას წარმოშობს, მათზე მზრუნველებს კი თავს წარუმატებელ ადამიანებად აგრძნობინებს — ამბობს ჩენდი. — რა გასაკვირია, რომ ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ, მათი მომავალი კი გაურკვეველია.“
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 14 ქვეყანაში, 9-18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული კვლევა, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა, ცხადჰყოფს, რომ ბავშვებს ძალიან აწუხებთ გლობალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენენ პირადად მათზე და მათ თანატოლებზე, მათ შორის: ძალადობა, ტერორიზმი, კონფლიქტი, კლიმატური ცვლილებები, ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ უსამართლო მოპყრობა და სიღარიბე.
იმ 37 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ბავშვებისთვის პერსპექტივა უარესდება, სულ მცირე, ერთ სფეროში, ასეთია: ბენინი, ბოლივია, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კომოროსი, კოტ დ’იუვარი, ჯიბუტი, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, გვატემალა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, იორდანია, კირიბატი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მადაგასკარი, მალი, მარშალის კუნძლები, მიკრონეზია, პალაუ, პარაგვაი, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, სენტ-კიტსი და ნევისი, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ სუდანი, სირიის არაბული რესპუბლიკა, ტონგა, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, უკრაინა, ვანუატუ, იემენი, ზამბია და ზიმბაბვე.
ბავშვთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნა — „ბავშვებისთვის და ბავშვების მიერ“. მათ მთელ მსოფლიოში აიღეს მართვის სადავეები მედიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტსა და გასართობ ინდუსტრიაში და გამოხატეს საკუთარი პოზიცია — რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მსოფლიო ლიდერებმა. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მილიონობით ბავშვს, რომლებსაც ნაკლებად იმედისმომცემი მომავალი აქვთ.
„ბავშვთა საერთაშორისო დღე ჩვენი მოსმენის და საკუთარი მომავლის შესახებ ჩვენი აზრის გამოხატვის დღეა. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: საკუთარი სახელით უნდა ვილაპარაკოთ და როდესაც ამას ვაკეთებთ, მსოფლიომ უნდა მოგვისმინოს“ — ამბობს ჟადენ მაიკლი, 14 წლის აქტივისტი.
ბავშვთა მსოფლიო დღე საქართველოშიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, კამპანიის მთავარი სლოგანით — „ბავშვები მართავენ“. მოსწავლეებმა, ერთი დღით, მმართველობა ხელში იმ მიზნით აიღეს, რომ საზოგადოებისთვის თავიანთი ხმა მიეწვდინათ.
ბავშვები მართავენ სკოლას — ეს აქტივობა საგანმანათლებლო პროცესში ბავშვების ჩართვის წახალისების, ასევე, ადმინისტრაციისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების შესახებ ბავშვების ხედვის გაცნობის მიზნით დაიგეგმა. სკოლებში მხიარული აქტივობები გაიმართა — მოსწავლეებმა, ერთი დღით, სკოლის მართვა გადმოიბარეს, უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს და გამართეს კვლევის „მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო“ პრეზენტაცია.
მაკა ქორიძე, მეთორმეტეკლასელი: „ამ დღის მთავარი კონცეფცია ის არის, რომ ბავშვები ჩართულები არიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩართულობა და, ზოგადად, მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ისე იმ გარემოსთვის, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ. შესაბამისად, მათი აზრებისა და იდეების რეალიზებას უნდა შევუწყოთ ხელი. მაგალითად, მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩვენს სკოლაში აუთვისებელ ტერიტორიაზე პატარა სკვერი მოვაწყვეთ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბავშვების ჩართულობას მათივე პრობლემების გადაწყვეტაში. ისევ ჩვენს მაგალითს მოვიყვან: მოვიძიეთ უსინათლო ბავშვთა სკოლა, ვესტუმრეთ და გავეცანით მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, იმ პრობლემებს, რომელსაც ისინი ყოველდღე ხვდებიან. შესაბამისად, მათთან დიდი დრო გავატარეთ და დავეხმარეთ ამ პრობლემების მოგვარებაში. ისე დავმეგობრდით, რომ ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.
იუნისეფის მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართული იყო ყველა — უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებიც და ისინიც, ვისაც არა აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება; ყველა, ვინც ამ სოციალურმა თემებმა დააინტერესა. რაც მთავარია, გვინდა ჩვენი ხმა საზოგადოებას მივაწვდინოთ და დავარწმუნოთ, რომ ბავშვებსაც შეგვიძლია საინტერესო იდეების მოფიქრება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.“
მეორე ინიციატივა ბავშვების მიერ პარლამენტის მართვა იყო — 12-17 წლამდე ასაკის 15-20 მოსწავლე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას წარუძღვა. მათ საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს შემდეგ საკითხებზე: განათლების ხელმისაწვდომობა, ბულინგი და უსაფრთხო სკოლები, არაფორმალური განათლება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში. პოსტერების გამოყენებით, ბავშვებმა უფროსებს საკუთარი ხედვა წარუდგინეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური ქმედებისკენ მოუწოდეს.
გიორგი შელია, მეთერთმეტეკლასელი: „დღეს, პარლამენტში, ძალიან კარგი რამ ხდება — უფროსები სხედან და უსმენენ მოსწავლეებს. მოსწავლეები კი წარადგენენ ინიციატივებს, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო და საჭიროა. ერთ-ერთი ინიციატივა სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებას შეეხება, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები წარვადგენთ. ასევე, ძალიან საინტერესოა დანარჩენი სამი ინიციატივაც — ბულინგის პრობლემა სკოლაში და მისი აღმოფხვრის გზები, არაფორმალური განათლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ხელმისწვდომობის ისეთ დონეზე აყვანა, რომ ნებისმიერმა მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილისთვის მომზადება. რაც მთავარია, ყველასთვის მარტივი იყოს საგაკვეთილო პროცესი. მაგალითად, უსინათლო მოსწავლეებისთვის წიგნების გახმოვანება, რაც უკვე გაკეთდა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივების განხორციელებით საკმაოდ დიდ პროგრესს მივაღწევთ. იმედია, ჩვენს სათქმელს მივიტანთ კანონმდებლებამდე.“
20 ნოემბერს, ბავშვებმა მედიის მართვაშიც აიღეს ინიციატივა და თავიანთი შესაძლებლობები თანაწამყვანების როლშიც გამოავლინეს — ახალგაზრდა რეპორტიორებმა „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ბავშვების პრობლემებზე ისაუბრეს.
ამ დღეს ბავშვებმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ფეისბუქის გვერდიც მართეს — შერჩეულმა უფროსკლასელებმა იუნისეფის ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორის როლი მოირგეს და დაწერეს პოსტი, თემაზე — „ერთი რამ, რასაც გავაკეთებდი სამყაროს შესაცვლელად.“
მაკა ქორიძე კი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩს საქართველოში, ნიკოლოზ რაჭველს ეწვია და რამდენიმე კითხვა დაუსვა ბავშვებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან შეხვედრა და მიხარია, რომ ამ დღის ერთ-ერთი მონაწილე ვარ.“ — აცხადებს მაკა ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ.
„საერთოდ, კულტურათა შორის, ერთ-ერთ უმთავრესად ყოველთვის მოსმენა და ერთმანეთის თანაგრძნობა მიმაჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მოსმენა, ვისგანაც, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო მეტის სწავლა შეგვიძლია. ვფიქრობ, ეს ყველა თაობისთვის მომავალი თაობაა და ბავშვების ხედვის გააზრებით, ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტურები ვიქნებით“ — ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შშმ ბავშვებს ისეთივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორც დანარჩენებს? — ამ კითხვას იუნისეფის ელჩი საქართველოში პასუხობს, რომ: „არც ისე რთულია სწორად დაიგეგმოს ის ნაბიჯი, რომელიც მათთვის უაღესად სასარგებლო იქნება... ეს არის ადამიანების ჯგუფი, ვისაც სრული უფლება აქვს, ისარგებლოს ჩვენი ქალაქით, გარემოთი ზუსტად ისევე, როგორც სარგებლობენ სხვები, მიიღონ ზუსტად ისეთივე პროფესიული განათლება და იყვნენ ზუსტად ისეთივე ნაწილი ჩვენი სოციუმის, როგორც დანარჩენები. ეს, ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ, ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, იმის გააზრება, რა უნდა გავუკეთოთ მათ. მეორე რიგში, არავის დავუცადოთ და ყველამ თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ამ არაჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში თავი ბრწყინვალედ იგრძნონ.“
მოამზადა ლალი ჯელაძემ
|