2017-06-15 სამოქალაქო ცნობიერებისა და უნარების დემონსტრირება
ვაგრძელებთ საუბარს ახალ ეროვნულ
სასწავლო გეგმაზე.
ჩვენი სტუმარია ეროვნული სასწავლო გეგმების
დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი.
დღეს საბაზო საფეხურზე სამოქალაქო განათლების სწავლების ახალ სტანდარტს მიმოვიხილავთ,
მის ძირითად სიახლეებსა და ცვლილებებს, ასევე მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.
— რა ცვლილება შეეხო სამოქალაქო განათლების სწავლებას?
— სამოქალაქო განათლების სწავლება არსებული სასწავლო გეგმის მიხედვით გრძელდება, სანამ არ დაიწყება ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა. ძველი სასწავლო გეგმა სამოქალაქო განათლების, როგორც სავალდებულო საგნის სწავლებას, ჳხ-ხ კლასებში ითვალისწინებს. გარდა ამისა, არსებობს არჩევითი საგნებიც („ეკონომიკა და სახელმწიფო“, „სახელმწიფო და სამართალი“ და სხვ.), რომელიც განკუთვნილია X-XII კლასელებისთვის, ანუ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ამ საგნების სწავლება სკოლის შესაძლებლობებსა და მათ არჩევანზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ არჩევითი საგნების სახელმძღვანელოები არ არსებობს, რაც ართულებს მათ არჩევას.
ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით კი, სამოქალაქო განათლება დაიწყება საბაზო საფეხურის პირველივე კლასიდან — VII კლასიდან და გაგრძელდება VIII-IX კლასებში. რა თქმა უნდა, სამოქალაქო განათლება საშუალო საფეხურზეც გაგრძელდება, თუმცა ამაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, ამიტომ დღეს ვისაუბროთ მხოლოდ საბაზო საფეხურის სამოქალაქო განათლებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ საგანს „სამოქალაქო განათლება“, ალბათ, აღარ ერქმევა. გვსურს, რომ მას ეწოდოს „მოქალაქეობა“. ახალგაზრდებს მოქალაქეობას ვასწავლით და გვინდა, ეს სახელწოდებაშიც აისახოს, ანუ რასაც ვასწავლით, ის ერქვას საგანს.
— სასწავლო გეგმის ცვლილება სტანდარტზეც აისახება?
— რასაკვირველია, ცვლილება შეეხება საგნის სტანდარტსაც — სასწავლო გეგმის მთავარ ნაწილს. ძველი სასწავლო გეგმით, სტანდარტში მოცემული იყო მისაღწევი შედეგები, ამ შედეგების განმსაზღვრელი ინდიკატორები და გარკვეული შინაარსობრივი საკითხების ჩამონათვალი. ახალ სასწავლო გეგმაში ეს ყველაფერი სხვაგვარადაა წარმოდგენილი: სწავლის შედეგები, სტანდარტის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ძირეულად გადამუშავდა. შეიცვალა თავად სწავლის შედეგის არსიც. აქამდე, IX და X კლასებში გვქონდა ყოველი წლის განმავლობაში მისაღწევი შედეგები. ჩვენ გადავედით საფეხურეობრივ შედეგებზე, ანუ მეშვიდე კლასისთვის, მერვესთვისაც და მეცხრესთვისაც შედეგები საერთოა. ამ სამი წლის განმავლობაში, პედაგოგმა ერთი და იმავე შედეგებზე უნდა იმუშაოს, მათ მიღწევას უნდა ცდილობდეს მოსწავლეებთან.
შინაარსობრივი საკითხები, რომლებიც ძველ გეგმაში, როგორც გითხარით, ჩამონათვალის სახით იყო, ამჯერად უფრო სტრუქტურირებული და მკაფიოდ განსაზღვრულია თემებისა და ცნებების მეშვეობით. გადავწყვიტეთ, რომ მე-7 კლასში შევიდეს ისეთი საგანი, რომელიც მოსწავლეს მოქალაქეობას ასწავლის მის უშუალო გარემომცველ საზოგადოებაში (თემში, უბანში, სოფელში) — რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე ამ არეალში. შესაბამისად, გვაქვს წლიური თემა „ინდივიდი და საზოგადოება“, ანუ ინდივიდი, როგორც მოქალაქე, როგორ უნდა მოქმედებდეს და როგორ უნდა ცხოვრობდეს თავის გარემომცველ საზოგადოებაში.
მე-8 კლასში წლიური თემაა „მოქალაქე და სახელმწიფო“ — რას ნიშნავს იყო ინიციატივიანი მოქალაქე სახელმწიფოს დონეზე, როგორ შეუძლია მას სახელმწიფოსთან ურთიერთობა, სახელმწიფო სტრუქტურებთან თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ა.შ.
მე-9 კლასში კიდევ უფრო ფართოვდება ახალგაზრდა მოქალაქის თვალსაწიერი და ასეთი წლიური თემა გვაქვს — „ადამიანი და გლობალური პროცესები“, ანუ როგორ შეუძლია მოსწავლეს მოქალაქეობრივი ცნობიერების გამოვლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით.
ასეთია საბაზო საფეხურზე „მოქალაქეობის“ შინაარსობრივი აღნაგობა. გარდა ამისა, კლასების მიხედვით, თითოეული წლიური თემა, ასე ვთქვათ, ჩაშლილია კიდევ უფრო დეტალურ სასწავლო თემებად, ანუ გვაქვს წლიური თემა და ამ წლიური თემის შემადგენელი სასწავლო თემები. მაგალითად, VII კლასში ხუთი სასწავლო თემაა, VIII-IX-ში — სამ-სამი.
VII კლასის სასწავლო თემებია: „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“, „სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება“ — ეს ის თემებია, რომელთანაც მოსწავლე უშუალოდ არის დაკავშირებული. ჩვენი ამოცანაა, ვასწავლოთ მოსწავლეს, როგორ გამოავლინოს თემში, სკოლაში თუ სხვაგან თავისი მოქალაქეობა; „ჯანსაღი ცხოვრება“ — ამ თემაზე საგანგებოდ გავამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ ბოლო ხანებში გარკვეული ბრალდებები გაისმის, თითქოს ჩვენ რაღაც ისეთს ვასწავლით, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამიტომ ჩამოგითვლით, რის სწავლებას გულისხმობს ეს თემა: პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, ადიქცია (დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, კიბერდამოკიდებულება და ა.შ.), ადრეული ქორწინება. „ჯანსაღი ცხოვრება“ ამ საკითხებს მოიცავს და მეტს არაფერს; ძალიან მნიშვნელოვანი თემაა „გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ და გვაქვს კიდევ „ეკონომიკური ურთიერთობები“.
VIII კლასის სასწავლო თემებია: „ადგილობრივი თვითმმართველობა“, „ცენტრალური ხელისუფლება“, „ეკონომიკა და სახელმწიფო“.
IX კლასის სასწავლო თემებია: „სამშვიდობო პროცესები და ადამიანის უფლებები“, „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, „მსოფლიო ბაზარი“.
ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყველა კლასში ბოლო თემა ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათისაა. ესეც ერთ-ერთი ცვლილებაა მოქალაქეობის ახალ სასწავლო გეგმაში — ამ საგანში ვაძლიერებთ ფინანსურ-ეკონომიკური განათლების კომპონენტს. ამის საჭიროება და აუცილებლობა მთელმა საზოგადოებამ დავინახეთ, რადგან ის უამრავი ეკონომიკური პრობლემა, რაც ათასობით ადამიანს ექმნება, უმეტეს წილად, გამოწვეულია ფინანსურ-ეკონომიკური განათლების დეფიციტით. ამის გამოსწორებას ვცდილობთ, გვინდა მომავალ თაობებს ამ მიმართულებითაც ავუმაღლოთ ცნობიერება.
— მე-7 კლასში თემატურ ცნებებს შორის ერთ-ერთი „ადრეული ქორწინებაა“. ამ ცნების შემოტანა ჩამონათვალში ხომ არ აძლევს საფუძველს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აგრესიულადაა განწყობილი? უფრო დეტალურად გავაცნოთ მკითხველს, რას ითვალისწინებს ეს სასწავლო თემა?
— მე-7 კლასისთვის განკუთვნილი ხუთი სასწავლო თემიდან ერთ-ერთს ჰქვია „ჯანსაღი ცხოვრება“ და თუ რას გულისხმობს „ჯანსაღი ცხოვრება“, მოცემული გვაქვს თემატურ ცნებებში, პირდაპირი ჩამონათვალია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ცნებაა „ადრეული ქორწინება“ — მეშვიდეკლასელმა უნდა გაიაზროს რა არის ადრეული ქორწინება, დაუფიქრდეს მის საფრთხეებს და იმ პრობლემებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ქორწინებას.
იმ საეჭვო ბრალდებების, რაც სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მოდიოდა, საფუძველი ამ ტექსტში, რასაც ჰქვია „მოქალაქეობის“ ვჳჳ-ჳხ კლასების სტანდარტი, შეუძლებელია არსებობდეს. მსგავსი საეჭვო და საორჭოფო ჩანაწერი არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა არც ერთ სამუშაო ვერსიაში. ამ სტანდარტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და არასოდეს გვიფიქრია რაიმე ისეთი ნეგატიურის ჩაწერა, რასაც, შეეძლო ყველა აღეშფოთებინა. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა არის მათი აღშფოთების საფუძველი. მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი.
— დიდ ინტერესს იწვევს საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც სამოქალაქო განათლების ნაწილია
— „მე და საზოგადოება“ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის ნაწილია. ამ ჯგუფში შედის ასევე „ჩვენი საქართველო“, ისტორია. გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. ამჟამად საავტორო ჯგუფების მიერ „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. ისინი წერენ სახელმძღვანელოებს და წელს დაიწყება ამ საგნის პილოტირების პროცესი. „მე და საზოგადოების“ სტანდარტში ვერავინ ნახავს რამე ისეთს, რაც შეიძლება ვაი-ვიშის ატეხვის საფუძველს იძლეოდეს. გარწმუნებთ, ამ სტანდარტში არ წერია ის, რაზეც საუბრობენ გარკვეული ჯგუფები ტელევიზიით, ინტერნეტით თუ პრესით.
— ითქვა ისიც, რომ განათლების სამინისტროსა და გაეროს გენდერული თანასწორობის პროგრამის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება საგნებში.
— განვიხილოთ თითოეული ტერმინი.
ადამიანის უფლებები. საქართველო არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ბავშვთა უფლებების კონვენციის და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული უამრავი დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყანა. ადამიანის უფლებებს ცალკე თავი ეთმობა საქართველოს კონსტიტუციაშიც. ბუნებრივია, ეს ყოველივე პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სკოლაში შეისწავლონ და გაიაზრონ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და მოვალეობები.
გენდერული თანასწორობა, ანუ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ნამდვილად არის ის ცნება, რომელიც წინა სასწავლო გეგმაშიც იყო მოცემული და, ბუნებრივია, ახლაც არის მოქალაქეობის სტანდარტში. ეს ცნება, უფრო მარტივი ტერმინის სახით — ბიჭისა და გოგოს თანასწორობა, მოცემულია „მე და საზოგადოებაშიც“. რა შეიძლება იყოს აქ ცუდი, როდესაც ბავშვებს თავიდანვე ვასწავლით იმ თანაბარუფლებიანობას, რაც ბიჭებსა და გოგონებს აქვთ. რომ გაიზრდებიან, ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობაზე იქნება საუბარი.
ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს სხვადასხვა ასპექტს. სამოქალაქო განათლებაში, აქცენტი, ძირითადად, კეთდება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე — როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, დაფიქრდეს ამაზე, სხვადასხვა პრობლემური საკითხი იკვლიოს ამ კუთხით და ა.შ. იმავე ჯანსაღი ცხოვრების წესს ემსახურება სხვა საგნებიც, მაგალითად სპორტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში რეალიზებას უწყობს ხელს. ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, ვერ ვხვდები. თუ ისინი სხვა რამეს გულისხმობენ ჯანსაღი ცხოვრების წესში, როგორც ჩანს, ამ ცნების სხვადასხვანაირ აღქმასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვესმის ისე, როგორც დღეს ვისაუბრეთ. თუ მათ, ვინც ჩვენ რაღაცებს გვაბრალებს, სხვა რაღაც ჰგონიათ, ეს მათი პრობლემაა.
— დაბოლოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ...
— რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, „მოქალაქეობაში“ ეს საკითხი ვერ იქნება წარმოდგენილი, ეს არის ბიოლოგიურ-ანატომიური ხასიათის საკითხი და შეიძლება ისწავლებოდეს ბიოლოგიის საგანში. დღეს, რამდენადაც ვიცი, საბაზო საფეხურზე ეს საკითხი ისედაც ისწავლება და ადრეც ისწავლებოდა ადამიანის ანატომიის ფარგლებში. როცა მოსწავლე ვიყავი, მაშინაც ისწავლებოდა ანატომიაში გამრავლება, ანუ რეპროდუქცია.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა გარკვეულწილად დაკავშირებულია ადრეულ ქორწინებასთან. სტანდარტზე მომუშავე ჯგუფში ვმსჯელობდით, ნაადრევი ხომ არ არის ადრეული ქორწინების საკითხის შემოტანა მეშვიდე კლასში. აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მეშვიდე კლასის თემაა იმიტომ, რომ სწორედ ამ და შემდგომი ასაკიდან გვხვდება ადრეული ქორწინების ფაქტები. აუცილებელია, ბავშვებს თავიდანვე სწორად ავუხსნათ, რა საფრთხეებს მოიცავს და რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ქორწინებას.
— შეეხო თუ არა ცვლილება მოსწავლის შეფასების სისტემას?
— სტანდარტს თან ახლავს ძალიან საინტერესო ნაწილი — როგორ შეფასდეს მოსწავლე ამ საგანში. მოსწავლეთა შეფასება საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხია, რომელიც საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი სტანდარტში. ეს, ბუნებრივია, პირველ რიგში, განკუთვნილია მასწავლებლებისთვის. მათ ამის მიხედვით უნდა იმოქმედონ, იხელმძღვანელონ. მოქალქეობა პროექტულ აქტივობებზე დაფუძნებული საგანია. ზუსტად ამას ვთავაზობთ პედაგოგს, რომ მან ძირითადად ყურადღება მიაქციოს პროექტულ აქტივობებს და მათი მეშვეობით შეაფასოს მოსწავლე. ვთავაზობთ ჩამონათვალს, რა შეიძლება დავავალოთ მოსწავლეს მოქალაქეობის საგანში — ეს შეიძლება იყოს კედლის გაზეთი, ფეისბუქის გვერდი, ბლოგი ან ვებსაიტი... ჩვენ ძალიან კარგი შემთხვევები ვიცით, როდესაც მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში შექმნეს შესანიშნავი ელექტრონული რესურსები, ჩაატარეს სოციალური კვლევა და წარმოადგინეს მისი ანგარიში. შეფასების სისტემაში ისეთი სახის აქტივობები და პროექტებია მოცემული, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგება ადამიანს. ასეთი დავალებები უნდა მიეცეს მოსწავლეს და ამ დავალებებითვე უნდა შეფასდეს.
გვაქვს, ასევე, დისკუსიები, დებატები, იმიტირებული სასამართლო პროცესები და თოქ-შოუები, რომლებიც ძალიან სახალისოს ხდის საგნის სწავლა-სწავლების პროცესს, ამავე დროს, ძალიან ნაყოფიერია, რადგან სწორედ ამგვარ აქტივობებში ვლინდება მოსწავლის მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომაც, რაშიც კარგად გამოსჭვივის ეს უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, ზუსტად ისეთ აქტივობებს ვთავაზობთ. ამ საგანში კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ტესტის, განსაკუთრებით დახურულ ტესტებს ვგულისხმობ, როგორც შეფასების ფორმისა.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ეს კომპონენტი ჩადებულია სტანდარტში, ანუ სასწავლო გეგმის სავალდებულო ნაწილში. რაკი ასეთ შეფასებას ვითხოვთ, პედაგოგებს შესაბამის მეთოდიკურ ორიენტირებსაც ვთავაზობთ. ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს უამრავი ტიპური აქტივობა, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ „მოქალაქეობის“ სწავლების პროცესში.
—კიდევ რას დაამატებდით
— გარდა იმისა, რომ ძირითადად ვსაუბრობთ სტანდარტზე, „მოქალაქეობას“, სტანდარტის გარდა, აქვს წლიური პროგრამაც. ეს კიდევ ერთი სიახლეა, რაც ძველ სასწავლო გეგმებში არ არსებობდა.
ძველი გეგმის მიხედვით, მასწავლებლებს და ავტორებს ვეუბნებოდით, რა სასწავლო შედეგები გვინდოდა, რომ მიღწეული ყოფილიყო კონკრეტულ კლასში და რა შინაარსზე დაყრდნობით, მაგრამ როგორ წარემართათ სასწავლო პროცესი, ნიმუშის სახით არ ვთავაზობდით. ახლა ეს შეცვლილია, ვაძლევთ კონკრეტულ ნიმუშს, თუ როგორ წარმართონ „მოქალაქეობის“ სწავლების პროცესი, რათა მიაღწიონ იმ სასწავლო შედეგებს, რაც გაწერილი გვაქვს სტანდარტში, ანუ წლიურ პროგრამაში მოცემულია სტანდარტის რეალიზების გზა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. ბუნებრივია, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ პედაგოგს თუ სახელმძღვანელოს ავტორს შეუძლია წლიური პრაგრამისაგან განსხვავებული, ორიგინალური გზის დასახვა.
— როდის გაივლის პილოტირებას საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა?
— ამ სასწავლო წელს, ალბათ, არა. 2017 წლის შემოდგომიდან იგეგმება დაწყებითი საფეხურის საგნის „მე და საზოგადოების“ პილოტირება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელი უკვე საბაზო საფეხურისთვის იქნება საპილოტე. ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა, ამავე დროს, ჩვენი სურვილიცაა. გვინდა, დროულად მოესწროს. შემდეგ უკვე გველის საშუალო საფეხურის (ხ-ხჳჳ კლასების) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა, ისიც შესაცვლელია.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი
|