2017-06-08 „ნაპრალები“ სასკოლო განათლებაში
ლალი ჯელაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ორდღიანი კონფერენცია — „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა“ (მCა) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (მCC) მხარდაჭერით გამართული კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთა ინფორმირება საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
პირველი დღე სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას დაეთმო, მეორე დღე კი — იმ ქმედითი ღონისძიებების თაობაზე დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას. რა უნდა შეიცვალოს და როგორ? ამის შესახებ იმსჯელეს კონფერენციის მონაწილეებმა, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა.
მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი კონფერენციებით წინა წლებში არ იყვნენ განებივრებულები. კონფერენცია უფრო მეტად იმითაა მნიშვნელოვანი, რომ „სასკოლო განათლების საფეხურზე არსებულ ვითარებას ეძღვნება და ეს განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მეთორმეტეკლასელების გარკვეულმა რაოდენობამ საატესტატო გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახა.
შედეგები, რომელიც საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებებიდან მივიღეთ, რომელშიც მეოთხე, მერვე და მეცხრეკლასელები მონაწილეობდნენ, სრულიად არასახარბიელოა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ არალოგიკური იქნებოდა, მე-12 კლასის ბოლოს, სხვანაირი შედეგები გვეჩვენებინა. ასე რომ, კონფერენცია განსაკუთრებულია იმ კუთხით, რომ ეს არ არის თავის მოწონების კონფერენცია, რადგან საუბარია სწორედ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას სასკოლო განათლების საფეხური.“
ალექსანდრე ჯეჯელავამ, კვლევის შედეგებში, ორი უმთავრესი განსხვავება გამოკვეთა: „პირველი — ქალაქის საჯარო სკოლები საკმაოდ მაღალ დონეზე არიან, უახლოვდებიან ევროპულ საშუალო დონეს, ხოლო სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს. ეს არის პირველი ნაპრალი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. მეორე ნაპრალი — სოფლის ქართულენოვან სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეთნიკური უმცირესობების სკოლები.“
სოფლის სკოლებსა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეთა შედეგების მკვეთრ სხვაობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სხვაობამ ნათლად გამოაჩინა პედაგოგების პრობლემა საბუნებისმეტყველო მიმართულებით. „ხარისხიანი მასწავლებლების გარეშე შუძლებელია ხარისხიანი სწავლება.“ — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ საგნებში მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლება სასწავლო გეგმის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი. მას მიაჩნია, რომ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა არასახარბიელო აკადემიური მოსწრება, რეგიონებში და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, მხოლოდ მასწავლებელთა კვალიფიკაციის დაბალ დონეს არ უკავშირდება, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დაასახელა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. მათ იმ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც დასახელებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.
ლევან დავითაშვილი: „წლის დასაწყისში მთავრობამ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებას კოორდინაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. ეს სტრატეგია გულისხმობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას სოფლად, არამედ სოფელში არასასოფლო ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას, სოციალური მიმართულებების აქცენტს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ვფიქრობ, ეს არის საფუძველი იმისა, რომ სოფელში, ზოგადად, ცხოვრების დონე ამაღლდეს და ამის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, სასკოლო განათლება სოფლად.“
ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. როდესაც საერთო სტანდარტებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული უმცირესობებისათვის სწავლის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. სპეციალურ სახელმწიფო სტრატეგიაში, ოთხ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას შორის, ხარისხიანი განათლება და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი და ძირითადი გამოწვევა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, უკავშირდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა ფაქტობრივად შეზღუდულია.“
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა: „სასკოლო გამოწვევების შესახებ კონფერენციას აქტუალობა კიდევ უფრო იმ 11 000-მა ჩაჭრილმა მოსწავლემ შესძინა, რომლებმაც CაT-ის გამოცდებზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. არასახარბიელო მდგომარეობაა არა მხოლოდ საერთაშორისო შეფასებებით და არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის მიმართულებებში, არამედ სკოლის დამამთავრებელ შეფასებებშიც, რითაც ზოგადი განათლების სისტემამ კრიტიკა კიდევ უფრო გაიორმაგა. არის თუ არა პრობლემა სისტემური ან სად ვეძებოთ მიზეზი, რატომ დარჩა საატესტატო გამოცდებზე გასული 48 000-მდე მოსწავლიდან 11 000-ზე მეტი ახალგაზრდა უატესტატოდ.“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმ მეთორმეტეკლასელთა კრახს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ასე აფასებს: „მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. გერმანიაში XII კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან — 80%, ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ უფრო ყოჩაღები ვართ, ვიდრე გერმანელები, არ მგონია. საქმე ის არის, რომ ხჳჳ კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვისაა. თქვენ თუ ნახავთ, და ალბათ გინახავთ, ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ბავშვმა ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა, ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა. სასიხარულო ისაა, რომ ამ 11 ათასი ადამიანის წინაშე, ჩემი აზრით, არის უფრო მოკლე გზა ღირსეული ცხოვრებისა და დასაქმებისკენ, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქვია. შედეგები, დაახლოებით, შარშანდელის მსგავსია, ანუ არც გაუარესებაა და არც გაუმჯობესება.“
მინისტრის განმარტებით, შესაძლოა ბარიერმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც აიწიოს. „ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების და ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს. სისტემას აუცილებლად სჭირდება რეფორმა, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ახლა ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, ეს ბავშვები გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე ასევე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, ვითომ ისწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციასაც მიიღებდნენ, მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ თქვენ, მე და დანარჩენებს. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე, თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ, სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზეც შეძლებენ ბარიერის გადალახვას და ბედნიერადაც იცხოვრებენ.“
მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მართალია ხარვეზები არის, მაგრამ მონაცემები საგანგაშო არ არის: „11300-მა მოსწავლემ და აბიტურიენტმა ვერ გადალახა საატესტატო ბარიერი, მათ შორის 4400 ადამიანი განმეორებით ცდიდა საგამოცდო ბედს. საგანგაშო მონაცემი ნამდვილად არ არის, მით უფრო, თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებს, მაგრამ როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და უპირველესად, როგორც სტუდენტის და მოსწავლის დედა, ძალიან განვიცდი თითოეული მოსწავლის ემოციურ მდგომარეობას და მათი ოჯახების შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გვაქვს მოქნილი სისტემა, რომ მათ შეეძლოთ გადაბარება და ხელმეორედ ცდა, თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ. ძალიან ინტენსიური კონსულტაცია გავიარე ყველა კოლეგასთან განათლების სამინისტროში — დიახ, ძალიან სამწუხაროა, რომ 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი, მაგრამ იმავე სისტემაში 36 000-მა მოსწავლემ როგორც ქალაქში, ისე სოფლად ბარიერი წარმატებით დაძლია. ამდენად, როცა სისტემურ პრობლემას ვაფასებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამავე სისტემამ უზრუნველყო 85%-ში წარმატება. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის და ვფიქრობ, ეს კომპლექსური შედეგია განათლების ხარისხის, სასწავლო პროცესის და, რაც მთავარია, მომზადების.“
განათლებისა და მეცნიერების მისნისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ რასაკვირველია, შედეგებს თავისი წინაპირობა აქვს. პირველ რიგში, ხაზს უსვამს, იმას, რომ 11 ათასში ყველა აქტიური მოსწავლე არ ყოფილა. ციფრს აზუსტებს და ამბობს, რომ მოსწავლეების რაოდენობა შედარებით მცირეა, აქედან 4 ათასი ადამიანი არის გარეპირი, ანუ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სკოლას დაშორებული იყო, დასაქმებულია და გადაწყვიტა, მიიღოს ატესტატი, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ მეთორმეტეკლასელთა შედეგები.
„როცა შედეგებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით. ამიტომ პრობლემების ანალიზი უნდა მოხდეს კომპლექსურად და ყველა ის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც შედეგზე ახდენს გავლენას. ფაქტორები მართლა ძალიან ბევრია და თანამედროვე მიდგომები მიგვიყვანს საუკეთესო შედეგებამდე.
სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგიები, მოკლევადიანი სამუშაო გეგმა. შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილება პროგრამების გაუმჯობესებასთან და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ახალი სახელმძღვანელოების შექმნასა და სასკოლო ცხოვრებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებასთან, ასევე, შეფასების სისტემების დახვეწასთან დაკავშირებით; იგეგმება სკოლის დაფინანსების ფორმულის შეცვლა. სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტი უკვე მიღებული გვაქვს და ახლა სამოქმედო გეგმებზე ვმუშაობთ — როდის და როგორ დავიწყოთ თითოეული პროექტის ინპლემენტაცია.
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე როცა ვსაუბრობ, ეს თავისთავად გულისხმობს განტვირთვასაც, საათობრივი ბადის ცვლილებასაც, არჩევითი საგნების შემოტანასაც, საშუალო საფეხურზე დიფერენცირებულ მიდგომებთან და სწავლებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც. პროგრამების განტვირთვა უკვე დასრულდა პირველ — დაწყებით საფეხურზე, ჳ-ვჳ კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცებულია, გრიფირების კონკურსი გამოცხადებულია და დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. ამდენად, სტრატეგია, რომელიც გვაქვს, აუცილებლად მიგვიყვანს საუკეთესო შდეგებამდე, მაგრამ ამას აუცილებლად სჭირდება დრო. ამიტომ, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად განსხავავებული და გაუმჯობესებული შედეგები უნდა გვექნეს.“
განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ ერთი კონკრეტული მიზეზის ძებნა, თუ რატომ დარჩა ამდენი უატესტატო მოსწავლე, სწორ გზამდე არ მიგვიყვანს, რადგან ამის ბევრი მიზეზი არსებობს. „ერთი ცალსახად იმას აჩვენებს, რომ სკოლის შეფასების სისტემაც არ არის სათანადო დონეზე და,როგორც ჩანს, მოსწავლეები მაინც ახერხებენ კლასიდან კლასში ისე გადასვლას, რომ შესაბამის ცოდნას ვერ ადასტურებენ; მეორე მიზეზი, მთლიანობაში, სკოლა და მასწავლებლების კომპეტენციაა. თვითონ სასწავლო გეგმების პრობლემაცაა, რადგან ძალიან გადატვირთულია, პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულებაც ზოგადად განათლებისადმი. სხვადასხვა კვლევებითაც დასტურდება, რომ განათლება პრიორიტეტების ათეულშიც ვერ ხვდება. ამ ყველაფრის ერთბლიობა კი იწვევს სავალალო შედეგს, რაც გვაქვს. რეალურად, საფეხურების სტრატეგია და ეროვნული სასწავლო გეგმაც გადასახედია, გასამარტივებელია. ასევე, მასწავლებლების ჩანაცვლების პოლიტიკაა ძალიან მნიშვნელოვნად და ფორსირებულად გასატარებელი. ისეთი ჩანაცვლების პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მასწავლებელი გვყავდეს სკოლაში. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ძალიან მრავალმხრივია და, ძირითადად, მოსწავლეების ღირებულებებსა და უნარებზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, აქ რა ხდება, ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და თუკი რამე გვაქვს, სამწუხაროდ, არ არის იმედის მომცემი. შესაბამისად, კომპლექსური რადიკალური რეფორმის განხორციელების დროა და, რაც მთავარია, საზოგადოება უნდა იყოს ამ რეფორმის მთავარი დამკვეთი.
ზოგადად კი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ ვხედავ გამოცდებზე ორიენტირებული სისტემის აუცილებლობას, რადგან ზოგად განათლებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული, ვიდრე კონკრეტული საგნის საკითხების ცოდნაა. საუბარია იმაზე, რა ღირებულებების მატარებელ მოქალაქეს ვზრდით, რა უნარებითაა აღჭურვილი. მნიშვნელოვანია, ასევე, რამდენად მოქნილი არიან ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებისადმი, როგორ უყურებენ გარემოს, შეუძლიათ თუ არა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რამდენად აქვთ კომუნიკაციის უნარი და ა.შ. ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რასაც ზოგადი განათლება უნდა წყვეტდეს და რა ხდება ამ მიმართულებით, არაფერი ვიცით. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ გარკვეულ ფაქტობრივ ცოდნას ვერ ითვისებს მოსწავლეების გარკვეული ნაწილი და თუ ითვისებს (ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები), ამაში სკოლას რა როლი აქვს, ეს კიდევ საკითხავია, რადგან ვიცით, რომ საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალია რეპეტიტორობის მაჩვენებელი. საერთოდ, სკოლას რა როლი რჩება მოსწავლეების წარმატებაში, თუნდაც კონკრეტული ცოდნის მიღების, კონკრეტული მეცნიერებების ათვისების თვალსაზრისით, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“
განათლების დოქტორი სიმონ ჯანაშია კომენტარისგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ ჯერ ბოლომდე ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია, მათ შორის, არ ვიცით რა საგნებში იჭრებიან მოსწავლეები, არის თუ არა განსხავავება სკოლებს შორის, თუ შემთხვევით არის ის 11 ათასი ადამიანი განაწილებული. საერთოდ კი, ფიქრობს, რომ „გამოცდები თავად არის ერთ-ერთი ცუდი ინდიკატორი და ცუდ ინდიკატორზე კარგი პროგრამების დაფუძნება ძნელია, ამიტომ მე ასეთ მნიშვნელობას არც კი მივანიჭებდი ამ გამოცდებს, პირიქით, საერთოდ გავაუქმებდი, რადგან, როგორც ჩანს, მას არანაირი შედეგი არ მოაქვს.“
***
პარლამეტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ახალი ინიციატივით გამოვიდა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა, რომ გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს მეორე შანსი მიეცეს: „რატომ არ შეიძლება მეთორმეტეკლასელებსაც მიეცეთ, შედარებით შემჭიდროებულ ვადაში, ხელმეორე შანსი, რადგან გამოცდის წარუმატებელი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს ტექნიკური მიზეზით. ბუნებრივია, არსებობს სუბიექტურად ემოციური ფონი — სტატისტიკაში, არამასიურად, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც. ვფიქრობ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი არა ხარისხის კომპრომისისთვის, არამედ სისტემის ცოტა მეტი ჰუმანიზაციისთვის და მეტი მოქნილობისთვის.“
ალექსანდრე ჯეჯელავა ამ ინიციატივის წინააღმდეგია, მიიჩნევს, რომ „ბარიერი არის უდაბლესი და წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ეს ბარიერი გადალახოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არ მოგვცემს დადებით ეფექტს. მეორე მხრივ, მარიამ ჯაშის ინიციატივაში საუბარი იყო არა უბრალოდ მეორე შანსის მიცემაზე, არამედ ტექნიკური ხარვეზების შემთხვევებზე, ანუ არა თავისი მიზეზით თუ შეექმნა მოსწავლეს პრობლემა. ამას აუცილებლად განვიხილავთ მომავალი წლისთვის და თუ აღმოვაჩენთ, რომ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა (ტექნიკური ხარვეზი მოხდა), რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ ბავშვი ჩვენი მიზეზით დაზარალდეს.“
|