2017-06-08 მიზანი — კრიტიკულად მოაზროვნე პატრიოტი მოქალაქის აღზრდა
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების
კოორდინატორი ნიკო სილაგაძე
გვესაუბრება საგნის „მე და საზოგადოება“
სტანდარტზე — როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო
გეგმის რეალიზება სასკოლო ოთახში, როგორ არის მასში
ასახული ის სიახლეები, რაც მას წინა თაობის
სტანდარტებისგან განასხვავებს.
„მე და საზოგადოება“ — ზოგადი ინფორმაცია
საგანი „მე და საზოგადოება“ III-IV კლასებში ისწავლება. მას კვირაში 2 საათი ეთმობა.
„მე და საზოგადოება“ სამოქალაქო განათლების ნაწილია?
„მე და საზოგადოებაც“, „ჩვენი საქართველოც“, სამოქალაქო განათლებაც, ისტორიაც და გეოგრაფიაც ყველა საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის საგნებია. ახალი სტანდარტით, საზოგადოებრივი მეცნიერებები ასე იქნება ორგანიზებული:
v III-IV კლასებში ისწავლება „მე და საზოგადოება“;
v I-VI კლასებში — „ჩვენი საქართველო“;
ორივე მათგანი ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.
v საბაზო საფეხურზე, ვჳჳ-ვჳჳჳ-ჳხ კლასებში, დამოუკიდებელი საგნების სახით დაიწყება ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლება.
დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებული საგნები გვაქვს. შედარებით მაღალ კლასებში კი დამოუკიდებელი მეცნიერებების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) სწავლა-სწავლება იწყება.
როგორ არის აგებული მათი კურიკულუმი?
ამის გასაგებად ხუთი საკვანძო ცნების გათავისებაა საჭირო:
1) სასწავლო შედეგი;
2) სასწავლო ცნება;
3) სასწავლო თემა;
4) მაპროვოცირებელი/საკვანძო შეკითხვა;
5) წლიური პროგრამა.
რა არის სასწავლო შედეგი?
ეს არის აღწერილობა იმისა, თუ რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ. მაგალითად, მე-9 და მე-11 კლასების შედეგი შემდეგი სახითაა ფორმულირებული:
v მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოვრებისეული სიტუაციების დროსთან დაკავშირება და ტერმინების წარსულის, აწმყოს, მომავლის ადეკვატურად გამოყენება;
v მოსწავლემ უნდა შეძლოს ლეგენდების და მითების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების, მნიშვნელოვანი მოვლენების, ისტორიული და თანამედროვე პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება.
ამ მიზნის ზემოთ დგას ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, იმის ზემოთ კი — ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.
საგანში „მე და საზოგადოება“ 17 ასეთი სასწავლო შედეგია გამოყოფილი.
მნიშვნელოვანი ერთეულია, ასევე, სასწავლო თემა. ამ საგანში 6 თემაა გამოყოფილი:
v მესამე კლასში — „ჩემი ოჯახი“; „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“; „სკოლა, მეგობრები და თანატოლები“;
v მეოთხე კლასში — „სად და როგორ ვიღებ განათლებას“; „მედია და ინფორმაცია“; „მე და ჩემი ქვეყანა“.
ასე მკაცრად განსაზღვრული თემები წინა სასწავლო გეგმაში არ გვქონდა. თემები ახალ სასწავლო გეგმაში შემოტანილია იმისთვის, რომ მოხერხდეს სასწავლო პროცესის დროში სტრუქტურირება. თემა, განსხვავებით საკითხისგან ან პარაგრაფისგან, მსხვილი სასწავლო ერთეულია, რომელზე მუშაობა ორ თვეზე მეტ ხანსაც კი შეიძლება გაგრძელდეს. „მე და საზოგადოების“ ფარგლებში, თითოეული თემისთვის, დაახლოებით, 20 საათი ივარაუდება.
უფრო დაწვრილებით ავხსნათ, რისთვის არის შემოტანილი და რა ფუნქცია აკისრია სასწავლო თემებს?
სასწავლო თემა მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება, მოსწავლეს კი — სასწავლო საკითხების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებაში.
თემა არ არის პასუხი კითხვაზე — რა უნდა იცოდეს მოსწავლემ? ესაა ცხოვრებისეული კონტექსტი, რომელშიც მას შესაძლოა შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება მოუხდეს. აქ მნიშვნელოვანია ფუნქციური ცოდნა. მოსწავლეს ახალი მასალა იმაზე დაყრდნობით უნდა ავუხსნათ, რაც მან ისედაც იცის.
მაგალითად, თემაში „ჩემი ოჯახი“ ჩვენი მიზანი არ არის მოსწავლეს მივაწოდოთ „ცოდნა ოჯახის შესახებ“. ამ შემთხვევაში, ოჯახი უბრალოდ კონტექსტია. იგივე ითქმის სხვა თემებზეც.
ეს თემები მხოლოდ საშუალებებია იმისთვის, რომ მოსწავლეებს ნაცნობ საკითხებზე (ოჯახზე, სკოლაზე, მედიაზე და სხვა) საუბრის პირობებში განვავითარებინოთ ის უნარები და ჩამოვუყალიბოთ ის ღირებულებები, რომლებიც საგან „მე და საზოგადოების“ სტანდარტში სასწავლო შედეგების სახითაა გამოკვეთილი.
როგორ ხდება ეს?
მაგალითად, მიზანი (მისაღწევი შედეგი) გვაქვს:
v მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოვრებისეული სიტუაციების დროსთან დაკავშირება და ტერმინების — წარსულის, აწმყოს, მომავლის — ადეკვატურად გამოყენება.
თემად კი გვაქვს „მედია და ინფორმაცია“.
უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფთ მაპროვოცირებელ/ საკვანძო შეკითხვას, რომლის გასააზრებლადაც მოსწავლეს ცნებების — „წარსული“, „აწმყო“, „მომავალი“ — ფუნქციურ კონტექსტში გამოყენება დასჭირდება.
ამ ტიპის შეკითხვებს სამეცნიერო ლიტერატურაში ჶssential ჻uestions უწოდებენ. მათი თავისებურება ისაა, რომ ისინი შეკითხვებით — „რატომ?“ და „როგორ?“ იწყება და მათ არ აქვთ ერთი სწორი პასუხი. გაკვეთილის/გაკვეთილების მიზანია, მასწავლებელმა მოსწავლეები ამ კითხვებზე დააფიქროს.
მაგალითად: როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება/გადაცემა ძველად და ახლა?
უნდა შევარჩიოთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეს ამ შეკითხვაზე დააფიქრებს და მათი კვლევისკენ/შესწავლისკენ უბიძგებს.
მაგალითად, დავავალებთ გაიაზრონ, თუ როგორ შეიძლება „მტრედის“, „ბოთლის“, „ცეცხლის“ გამოყენებით ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემა.
რით განსხვავდება ახალი სტანდარტი ძველისგან?
ეს სტანდარტი, განსხვავებით წინა სტანდარტისგან, უფრო დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს შეიცავს.
მასწავლებელი, რომელიც ამ სტანდარტს აიღებს ხელში, ნახავს მკაფიოდ გაწერილ 17 შედეგს, ანუ სასწავლო ამოცანას — რისთვის ვასწავლი ამ საგანს. ნახავს, ასევე, მკაფიო ვალდებულებას — რომელი თემების ფარგლებში უნდა დაამუშაოს ეს შედეგები. აქვე ნახავს საკვანძო ცნებებსა და საკვანძო/მაპროვოცირებელ შეკითხვებს.
ცხადია, პედაგოგებს, პირველ ეტაპზე, შეიძლება გაუჭირდეთ შეკითხვების პროვოცირებისთვის საჭირო აქტივობების მოფიქრება. ამიტომ, სტანდარტთან ერთად, დეტალიზირებულ წლიურ პროგრამასაც ვთავაზობთ, სადაც თითოეული თემისთვის, საათების რაოდენობის გათვალისწინებით, გაკვეთილის იდეებია შეთავაზებული.
მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება?
რა თქმა უნდა, წლიური პროგრამა, სტანდარტისგან განსხვავებით, სარეკომენდაციოა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. ის შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ახალი იდეების გენერირების ხელშესაწყობად.
წელს ეს საგანი პილოტირების სახით შევა სკოლებში?
პილოტირება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, რეალურად იმის შემოწმებაა, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება შემოთავაზებული თემების ფარგლებში სასწავლო შედეგების დამუშავება. რამდენად მართებულადაა შერჩეული საკვანძო/მაპროვოცირებელი შეკითხვები; რამდენად რელევანტურია წლიურ პროგრამაში პედაგოგებისთვის შეთავაზებული აქტივობები.
ამ ტიპის პილოტირება, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ხელშეწყობით უკვე ჩატარდა „ცხოვრების ჯანსაღ წესთან“ დაკავშირებით. მომავალ წელს ალბათ სხვა საკითხებსაც შევეხებით.
უკვე განსაზღვრულია სკოლების რაოდენობა, რომლებშიც დაიწყება პილოტირება?
5 სკოლაა ჩართული, თბილისის და რეგიონის.
როგორი იყო უკვე ჩატარებული პილოტირების შედეგი?
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელები ადვილად იგებენ სტანდარტის მოთხოვნებსა და მისი რეალიზების გზებს. პილოტირების პროცესში ავლენენ შემოქმედებითობას. მოსწავლეები კი სწავლა-სწავლების პროცესში ხალისით ებმებიან, ვინაიდან, „მე და საზოგადოების“ ფარგლებში, მათ ევალებათ კვლევები, როლური გათამაშებები, დისკუსიები, ვიდეორგოლების გარჩევა, ინტერვიუების მოძიება. ბავშვებისთვის თვალშისაცემია ის, რომ არავინ აძალებს მაინცადამაინც დიდი მოცულობის მასალის წაკითხვას ან დასწავლას, ამიტომ მათი მხრიდანაც პოზიტიური დამოკიდებულება იყო.
რამდენად საფუძვლიანია „მე და საზოგადოების“ გარშემო ატეხილი ხმაური?
რეზონანსული თემების განხილვას ყოველთვის მოსდევს მითების ჩამოყალიბება, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ. „მე და საზოგადოების“ შემთხვევაში, უსაფუძვლო მითია ის, რომ ამ საგანს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ან სექსუალური უმცირესობების შესახებ სწავლებასთან აქვს საერთო. ამ ტიპის საკითხებს „მე და საზოგადოება“ საერთოდ არ ეხება.
მისი რეალური და უმთავრესი მიზანია მოსწავლეს სამშობლო შეაყვაროს და მასზე ზრუნვა ასწავლოს. საზოგადოებრივი მეცნიერების სხვა საგნებიც (ჩვენი საქართველო, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) იმავე მიზანს ემსახურება.
ჳჳჳ-ჳვ კლასებში (საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში) სამშობლო გაიგივებულია ოჯახთან, სკოლასთან, მშობლიურ გარემოსთან და სხვა „სოციალიზაციის აგენტებთან“, რომლებთანაც მოსწავლეს უწევს შეხება;
ვ-ვჳ კლასებში — საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან.
ჯამში, ყველაფერი ჰუმანური, კრიტიკულად მოაზროვნე, პატრიოტი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აღზრდას ემსახურება.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი
|