2017-04-27 „ვისწავლოთ საქართველოში“ — მეტი შესაძლებლობა უცხოელ სტუდენტებს
არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად წარდგა პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“, რომელსაც საქართველო უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო საქართველოს რვა უნივერსიტეტი: 4 სახელმწიფო და 4 კერძო. ქართული უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებას — სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობას — დამთვალიერებლებს ორი სტენდი აცნობდა. დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმ პერსპექტივებზე ესაუბრებოდნენ, რომელიც საქართველოში სწავლას აქვს.
„დარწმუნებული ვარ, როგორც სამედიცინო, ასევე ბიზნესის, ინჟინერიის, ფიზიკა-ქიმიის, ტექნიკური საგნების მიმართულებით, ჩვენი შეთავაზება ძალიან კონკურენტულია. სტენდიც ძალიან მომეწონა, ადგილიც და აქტივობაც აჩვენებს, რომ ჩვენმა მონაწილეობამ ამ ღონისძიებაში უკვე გაამართლა. — უთხრა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ღონისძიების გახსნას დაესწრო — ამ გამოფენაზე წარმოდგენილია არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, აქ არის კანადის, შეერთებული შტატების ძალიან სერიოზული უნივერსიტეტები. მჯერა, რომ ჩვენ კონკურენტული ვართ. მართალია შეფუთვა გვაკლია, არ ბრჭყვინავს ჩვენი პროექტი, თორემ შინაარსობრივად ძალიან კარგია.“
თეიმურაზ მურღულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ სტუდენტს გავაცნოთ საქართველო. ძალიან მაღალი ხარისხის განათლება გვაქვს, ასევე, კომფორტული ცხოვრების პირობები, ამიტომ გვინდა, ბევრი სტუდენტი მოვიზიდოთ საქართველოში.
საქართველოს წარმომადგენლობა დუბაის საგანმანათლებლო გამოფენაზე უკვე ძალიან დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. პირველ რიგში, ქვეყანა დაფიქსირდა, როგორც განათლების ცენტრი, სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან ერთად, მათთან ერთ რიგში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. მინიმუმ, 600 სტუდენტი დარეგისტრირდა, მათ საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატეს და, რაც მთავარია, თავად უნივერსიტეტებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შემოთავაზება, რაც, ჯამში, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, შედეგები იქნება. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისწავლის საქართველოში, მათი მშობლები, მათი გარემო დაინტერესდება საქართველოში ვიზიტით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმ სტუდენტების მშობლები, რომლებსაც სასწავლებლად ვიწვევთ, ამბობენ, ჩვენც ჩამოვალთ საქართველოში, გვინდა ვნახოთ, სად იაწავლიან ჩვენი შვილები. ეს ყველაფერი ერთად ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
კიდევ არაერთ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გამოფენა პირველი და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოგვცა საფუძველი, ვიყოთ ოპტიმისტები.“
ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 10 000-მდე საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. განათლების სამინისტრო აპირებს, მათი რაოდენობა რამდენიმე ათასით გაზარდოს. ძალიან კარგი ტენდენციაა — ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მაღალია.
ნიკოლოზ მელქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: „პირველად ვიღებთ მსგავს გამოფენაში მონაწილეობას და ძალიან კმაყოფილები ვართ. უკვე ძალიან ბევრ პოტენციურ სტუდენტს ვესაუბრე, ასევე მშობლებს, რომელთა შვილებსაც უნდათ საზღვარგარეთ სწავლა, არჩეული აქვთ საქართველო ან ფიქრობენ აირჩიონ საქართველო. მომავალშიც აუცილებლად მივიღებთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას.“
ელენე ალადაშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში: „ძალიან წარმატებული ღონისძიება გამოვიდა, კმაყოფილები ვართ. საქართველო იცის აბსოლუტურად ყველამ, ნამყოფები არიან, მათთვის ცნობილია საქართველოს უნივერსიტეტები. უკვე დავარეგისტრირეთ რამდენიმე ასეული პოტენციური სტუდენტი და მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი რეალური სტუდენტია. განსაკუთრებით პოპულარულია საინჟინრო პროგრამები, სამედიცინო, სხვადასხვა მეცნიერებები, აგრეთვე, ბიზნეს ადმინისტრირება და სხვ. ყველა პროგრამა ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მომავალ მსგავს ღონისძიებებში იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი ჩამოვიდეს და საქართველომ დაიმკვიდროს სახელი, როგორც მაღალი დონის განათლების მიღების ახალმა მიმართულებამ.“
ქეთევან ბოიკო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხარულია, რომ საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო, პროექტის „Study in გeorgia“ ფარგლებში, დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე. ჩვენ მუდმივად მხარს დავუჭერთ მსგავს ინიციატივას და მოხარული ვართ, რომ სამინისტრო, ამ კუთხით, ხელს უწყობს უნივერსიტეტებს, საშუალებას გვაძლევს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ უცხოელ სტუდენტებს, შევთავაზოთ ჩვენი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მსგავსი ინიციატივა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას და, ამავდროულად, საერთაშორისო და მულტიკულტურული გარემოს განვითარებას.
სამივე დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ბევრი მონაწილე დაინტერესდა საქართველოში სწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოდენობის ადამიანების ყურადღება დავიმსახურეთ მთელი სამი დღის განმავლობაში.“
კენ ვოულში, საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი: „როგორც ვხედავთ, სტუდენტები ძალიან დაინტერესებულები არიან. ჩვენი გზავნილი აქ ისეთივეა, როგორც საქართველოში — სტუდენტებს ვთავაზობთ ამერიკულ დიპლომს ბევრად იაფად, ვიდრე შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, ბევრ სტუდენტს დავაინტერესებთ.“
ხათუნა თოდაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი: „მაქსიმალურად ვცდილობთ არა მარტო აზიის, არამედ ევროპის ქვეყნებიდან მოვიზიდოთ სტუდენტები. ჩვენ გვყავს სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და ა.შ. ვცდილობთ, გავაფართოოთ კონტინგენტი.“
დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული უნივერსიტეტების მიზანი არა მარტო უცხოელი სტუდენტების საქართველოში ჩამოყვანა, არამედ სპეციალურ სააგენტოებთან თანამშრომლობაც იყო.
საინტერესოა, თუ როგორ აფასებენ უცხოელი ექსპერტები პროექტს „ვისწავლოთ საქართველოში“:
ანსელმ კოდინო, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ წარმოდგენილია ჩვენს საგანმანათლებლო გამოფენაზე. ვმასპინძლობთ საქართველოს წარმომადგენლებს და ვიმედოვნებთ, მათი ვიზიტი წარმატებულად ჩაივლის. ვხედავთ, რომ საქართველოს სტენდი ძალიან აქტიურია დამთვალიერებლებისთვის.
საქართველოში განათლების მიღება საკმაოდ მიმზიდველია უცხოელი სტუდენტებისთვის, ამას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოში განსხვავებული კულტურის და ეროვნების სტუდენტები სწავლობენ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველ და ხელმისაწვდომ სამედიცინო და პროფესიულ განათლებას გვთავაზობს რეგიონში. ვფიქრობ, ბევრი უცხოელი სტუდენტი დაინტერესდება ამ პროგრამით და მათთვის საქართველო განათლების მიღებისთვის სასურველი ადგილი გახდება.“
სითჰარტ ჯეინი, უფროსი კონსულტანტი: „მოხარული ვარ, რომ გამოფენაზე ვიხილე საქართველოს წარმომადგენლები. საქართველოდან ბევრი საინტერესო უნივერსიტეტია წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას და ეს პროექტი მართლაც მიღწევაა მათი მხრიდან. მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტს და მხარდაჭერას ვუცხადებ ნებისმიერ აქტივობას თუ ინიციატივას, რაც სამომავლოდ დაიგეგმება.“
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დუბაიში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
|