გამოდის 1998 წლიდან
2010-11-17
ეს არის ამბავი ნოესი

     სამოთხიდან განდევნის და აბელის სიკვდილის შემდეგ ადამს კიდევ შეეძინა ერთი ვაჟი, შეთი და თქვა ევამ: `აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად~ (დაბ. 4:25). შეთს უფლის სახელის მადიდებელი შთამომავლობისათვის უნდა ჩაეყარა საფუძველი. გამრავლდა დედამიწაზე ადამის მოდგმა. მიწის პირს კაენისა და შეთის შთამომავლები მოედვნენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთი საერთოდ დაივიწყეს. ადამისა და ევას მიერ პირველჩადენილი ცოდვა მათ სულ უფრო მეტად აბრუებდათ. გაირყვნა და აივსო ქვეყანა უსამართლობით, ცოდვით დაეცა კაცობრიობა, მასთან ერთად დაეცა ცხოველთა სამყაროც, რომელიც ადამიანის საპატრონოდ იყო შექმნილი. არავინ დაჩა მართალი და მორწმუნე. `და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე~ (დაბ. 6:5,6).
უზენაესი კანონების მიხედვით, ამქვეყნიური არსებობა ჩვენი სულების სრულყოფის საშუალებაა. ღმერთმა ჩვენს გარშემო ხილული სამყარო იმისთვის შექმნა, რათა ჩვენი სულებისათვის, სრულყოფილების მიღწევისა და ჭეშმარიტებასთან შეერთების საშუალება მიეცა. როდესაც დაეცა და გაიხრწნა ქვეყანა, სამყაროს არსებობამ აზრი დაკარგა. გაჩნდა მისი განადგურების კანონზომიერება, რადგანაც როგორი ზნეცა აქვს მიწის მკვიდრ ხორციელ სულდგმულს, ისეთივე სახეს ღებულობს მიწაც. თავისი ზრახვებით, სიტყვებითა და საქმით ადამიანს შეუძლია ღვთის მადლი მოუტანოს დედამიწას ან უბედურება და კატასტროფები გამოიწვიოს მასზე. `მიწა დაიწყევლოს შენს გამო~ (დაბ.3:17) _ ასე მიმართავს ღმერთი ადამს მისი ცოდვით დაცემის შემდეგ.
ერთადერთი კაცი ამ მიწაზე, ღმერთის ხატისა და სახელის მატარებელი და მადიდებელი, ნოეღა იყო. ნოე შეთის შთამომავალია. ის და მისი ოჯახი გამორჩეული, მორწმუნე, მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. სწორედ ის შეარჩია ღმერთმა და უბრძანა ექადაგა ხალხისათვის, რათა მოექცია ისინი. წმინდა გადმოცემის თანახმად, ნოემ ასოცი წელიწადი იქადაგა, მაგრამ უშედეგოდ. კაცობრიობამ გადარჩენის შანსი ხელიდან გაუშვა. მაშინ ღმერთმა განიზრახა დედამიწა სიბილწისაგან განეწმინდა _ წარღვნით მოესპო შეუნანებელი კაცობრიობა. თუმცა ღმერთი ყოველთვის გვიტოვებს გამოსავალს. ხსნის იმედი შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს დამყარებული. ის ერთადერთი ინახავს ღვთის ხატს თავის თავში, ამიტომაც ღირს მისი სახით კაცობრიობის თესლის გადარჩენა. `მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე~ (დაბ.6:8,9). ღმერთმა აუწყა ნოეს: `...მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ~ (დაბ.6:13). `შენ კი აღთქმას დაგიდებ...~ (დაბ.6:18) _ უთხრა ღმერთმა ნოეს და ადამიანთან რიგით მეორე აღქმა დადო. ნოე მეორე ადამად მოგვევლინა, ის განაახლებს დედამიწას, ღვთის ნებით მისგან დაიწყება ადამიანის ახალი, მართებული და მორწმუნე მოდგმა. ნოეს შთამომავლებში ნამდვილად გამოჩნდებიან განსაკუთრებული მისიის მქონენი.
უბრძანა ღმერთმა ნოეს აეშენებინა კიდობანი _ დიდი ხომალდი, რომლის სათავსოები ნოეს ოჯახისა და დედამიწის სულდგმულთათვის საცხოვრებლად გამოსადეგი იქნებოდა: `გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით _ ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით _ ოცდაათი წყრთა; სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე~ (დაბ. 6: 14-16). ნოემ რწმენით მიიღო ღმერთის დავალება და შეუდგა კიდობანის მშენებლობას. ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. როდესაც კიდობანი განმზადდა ნოემ კვლავ მოისმინა ღვთის სიტყვა: `აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს... შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები~ (დაბ. 6: 17,18). ნოე თავის ოჯახთან: მეუღლესთან, სამ შვილთან და მათ მეუღლეებთან ერთად შევიდა კიდობანში. ღვთის სიტყვის მიხედვით შეიყვანა კიდობანში ყველა სახის ცხოველი და ფრინველი და მათი სამყოფი საკვები, იმისათვის, რათა ყველა სახეობის სულდგმული შენარჩუნებული ყოფილიყო. სულდგმულთაგან წმინდა (ვინც შეიძლება მსხვერპლად შეიწიროს) _ შვიდი წყვილი, ანუ შვიდი დედალი და შვიდი მამალი იყო, ხოლო უწმინდური (ვინც მსხვერპლად ვერ შეიწირება) ერთი წყვილი. საინტერესოა, რომ წარღვნამდეც არსებობდა ცხოველების ერთგვარი გრადაცია წმინდა და უწმინდურ სახეობებად. წარღვნის შემდეგ სწორედ ეს დაყოფა გახდება საფუძველი მათი საკვებად გამოყენების ვარგისიანობისა.
გადმოცემის მიხედვით, ქვევითა სათავსო ქვეწარმავლების საცხოვრებელი იყო, მათ ზევით სახლობდა ნოე ოჯახით, ხოლო მესამე, ზემოთა ნაწილში ფრინველები.
ღვთის მიერ დანიშნულ დღეს ნოე თავისი სახლობით შევიდა კიდობანში და შეიყვანა ცხოველები. დაწერილია: უფალმა ამოგმანა კიდობნის კარები და დაიწყო ძლიერი წვიმა. `მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები~ (დაბ. 7:11). წვიმდა 40 დღე და ღამე. სტიქია მძვინვარებდა, წყალი ყოველი მხრიდან უტევდა ხმელეთს. ზღვები, ტბები და მდინარეები გადმოვიდნენ ნაპირებიდან. `ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ~ (დაბ.7:17). ნიშანდობლივია, რომ დედამიწა, რომელზეც უწმინდურობა და ბოროტება იყო გამრავლებული მთლიანად დაიფარა წყლით. მხოლოდ კიდობანი მოექცა მიწის ზემოთ. სწორედ ამიტომაც, მოგვიანებით კიდობანი ეკლესიის სიმბოლოდ იქნა მიჩნეული. ისევე როგორც წარღვნისას კიდობანი, მეორედ მოსვლის წინ ხსნის ერთადერთი საშუალება ეკლესია გახდება. ამ თვალსაზრისით ნოეს განიხილავენ, როგორც მესიის მომასწავებელს, სოფლის მხსნელს, ერთგულ მწყემსსა და გზააბნეულთა გადამრჩენელს.
სტიქია განაგრძობდა ბობოქრობას. 150 დღე მატულობდა წყალი და დაფარა მთელი დედამიწა. კიდობანში მყოფთა გარდა მიწის ზედაპირზე მობინადრე ყოველი სულდგმული დაიღუპა. `მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში~ (დაბ.7:19). `მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი~ (დაბ.7:21). ადამიანი, რომელიც შემქმნელის მიერ სამყაროს გვირგვინად იყო მიჩნეული, ამ ჩამონათვალში ყველაზე უწმინდური ცხოველების შემდეგაა ნახსენები. იგი ზნეობრივად და სულიერად ქვეწარმავალთა და მიწაზე მძრომელთა დაბლა დაეცა. წარღვნის მიზეზიც ხომ სწორედ ეს გახდა.
150 დღის შემდეგ, ღვთის ბრძანებით, ამოვარდა ძლიერი ქარი, ღრუბლები გაფანტა და წყალმაც კლება იწყო. გამოჩნდნენ მაღალი მთების მწვერვალები. კიდობანი გაჩერდა არარატის მთასთან. ამის შემდეგ, მეორმოცე დღეს ნოემ გააღო კიდობნის ფანჯარა და გამოუშვა ყორანი. `მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე~ (დაბ.8:7). შვიდი დღის შემდეგ ნოემ გამოუშვა მტრედი. მტრედმაც ვერ ჰპოვა საცხოვრებელი ადგილი და მობრუნდა კიდობანში. შვიდი დღის შემდეგ ნოემ კვლავ გამოუშვა მტრედი. საღამოხანს მობრუნებულ მტრედს ნისკარტით ზეთისხილის რტო ეჭირა. ნოე მიხვდა, რომ ქვეყანა აღარ არის წყლით დაფარული და მასზე სიმწვანე ხარობს. კიდევ შვიდი დღის შემდეგ მან მესამედ გამოუშვა მტრედი. ის უკან აღარ დაბრუნებულა... `ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი~ (დაბ. 8: 13). დარწმუნდა ნოე, რომ გაშრა და საცხოვრებლად კვლავ ვარგისია დედამიწა. `... ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად~ (დაბ.8:15-17). ნოე გამოვიდა კიდობნიდან, გააკეთა სამსხვერპლო და გამოხსნისათვის ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა _ `აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე~ (დაბ. 8:20). ცხოველის მსხვერპლად შეწირვა სრული მორჩილების, ცხოველური საწყისის სამსხვერპლოზე დადების სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ: იკვლება ცხოველი და ეს თავისთავად ნიშნავს ადამიანში არსებული ცხოველის მოკვდინებას, სულიერი საწყისის გამარჯვებას ხორციელზე. ამავე დროს, მსხვერპლი შეიწირება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი წრფელი გულითა და სულით ღვთის სადიდებლად ლოცულობს. მადლიერების გრძნობით პირთამდეა აღვსილი და სასოებით დგას უფლის წინაშე. სწორედ ასეთ მსხვერპლშეწირვას ასდის კეთილსურნელება, ის არის სასურველი და მისაღები უფლისათვის. `იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება _ არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება~ (დაბ.8:21, 22). ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი და შვილებითურთ აკურთხა იგი: დაუმორჩილა მათ ყოველი ცხოველი, `...ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი~ (დაბ. 9:1, 2). ისევე, როგორც ადამს, ნოესაც მიეცა ღვთისაგან ყველა ცხოველზე ბატონობის უფლება, თუმცა ადამისგან განსხვავებით მისი და დანარჩენი სამყაროს ურთიერთობაში წარმმართველი შიში და ძრწოლა გახდა. კიდევ ერთი სიახლე. ადამისგან განსხვავებით ნოეს შთამომავლებს მიეცათ კურთხევა ეჭამათ: `ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ~ (დაბ. 9:3, 4). როგორც ვხედავათ, ადამიანს აკრძალული აქვს ცოცხალი ცხოველის ხორცისა და სისხლიანი საკვების მირთმევა.
აქვე, ღმერთი ნოესა და მის შთამომავლობას ცხოვრების რამდენიმე წესის შესახებ ამცნობს და ერთგვარ ხელშეკრულებას სთავაზობს მათ: `და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს~ (დაბ. 9:5), შემდეგ კიდევ უფრო აკონკრეტებს: `და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი~ (დაბ. 9:6), რაც გულისხმობს ყოველი მკვლელის განკითხვას ადამიანური და უფლის სასამართლოთი.
უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს: `აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას, ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს, გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად~ (დაბ. 9: 9-11). და გამოჩნდა ცაზე ცისარტყელა `...ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის~ (დაბ. 9:13). უფლის აღთქმა ნათლად გვეუბნება, რომ აღარასდროს წალეკავს დედამიწას წარღვნა, აღარასდროს განადგურდება ადამიანის მოდგმა. ამის ნიშანი ღრუბლიან ცაზე გადაჭიმული ცისარტყელაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღთქმა ორ მხარეს შორის იდება, შესაბამისად ადამიანმაც უნდა შეასრულოს ამ აღთქმის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფები და უბედურებები კვლავ დაემუქრება სიცოცხლეს.
აქვეა გამეორებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჭეშმარიტება: `ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი~. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ რაც უნდა ცოდვილი და ზნედაცემული იყოს ადამიანი, მისი მსგავსება ღვთის ხატთან ანუ მისი სულიერი, შინაგანი თვისებების საწყისი ყოველთვის შენარჩუნებული იქნება. ეს კი ადამიანის შემოქმედთან მიახლოების საშუალებაა.

რუბრიკას უძღვება
მაკა თაქთაქიშვილი

25-28(942)N