2017-03-30 გაამართლა თუ არა უფასო ფაკულტეტებმა
ლალი ჯელაძე
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდება. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 35 200-ზე მეტი აპლიკანტი. ჯერჯერობით, უცნობია ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელმაც საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ინტერესი მას შემდეგ მიიპყრო, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მისი ცვლილების შესახებ დააანონსა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ცვლილებები იგეგმება ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ის მომხრეა, რომ უფასო ფაკულტეტებზე რაოდენობრივი კვოტა შემცირდეს, თუმცა, მინისტრი უფასო ფაკულტეტების გაუქმებას გამორიცხავს.
მისი თქმით, გაჩნდება მოთხოვნა, რომ სტუდენტმა გარკვეულ დონეზე ისწავლოს, რათა უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს. „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, უფასო ფაკულტეტები, გარდა იმ ხალხისა, ვისაც კონკრეტულად ამ მიმართულებით უნდა პროფესიის შეძენა, იმ ადამიანებისთვისაც გახდა ნავსაყუდელი, ვინც სხვაგან ვერ ჩააბარა და მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტების არჩევა. აკადემიური მოსწრება, ხშირ შემთხვევაში, უფასო ფაკულტეტებზე საკმაოდ დაბალია. ჩემი სურვილია, უფასო სწავლა აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული. უფასო ფაკულტეტი კარგია იმ შემთხვევაში, თუ რეალურად სწავლობ და იძენ პროფესიას. მე ვარ მომხრე, რომ რაოდენობრივი კვოტები შემცირდეს, უფასო ფაკულტეტების იდეას ვემხრობი.“
მინისტრი არ გეგმავს სპეციალობების რაოდენობის შემცირებას, პირიქით, აცხადებს, რომ: „სპეციალობების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ თითოეულზე უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ და ნამდვილად დებენ შედეგს.“
სულ რამდენიმე წელია, რაც უმაღლესი განათლების სფეროში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის პროგრამა ამოქმედდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაფინანსების გაცემის მიზანი, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, არის: ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებებით სწავლის გასაგრძელებლად; გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას მოითხოვს; დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის ზრდა.
გასულ წელს, პროგრამული დაფინანსების მიღებაზე 8 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი გახდა უფლებამოსილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (1225), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1900), აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი (970), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი (460), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (200), თელავის სახელმწფიო უნივერსიტეტი (230) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (360). საერთო ჯამში, გასულ წელს, სახელმწიფოს მიერ, 21 პროგრამა (5655 ადგილი) დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი გამოიყო. ექსპერტების ნაწილი მინისტრის ინიციატივას მიესალმება, გია ნოდიამ ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ: „არა მარტო შემცირებას, საერთოდ გაუქმებას დავუჭერდი მხარს, იმ პირობით, რომ ეს თანხა ისევ განათლებაში ჩაიდოს, ოღონდ უფრო ყაირათიანად“.
რა გახდა უფასო ფაკულტეტების კვოტების შესაძლო შემცირების მიზეზი და რას დაეყრდნო მინისტრი ამ განცხადებისას? — ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ: „სამინისტროს აქვს კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომ გარკვეული პროგრამების დაფინანსება შედეგს არ გვაძლევს როგორც დარგის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით. აბსოლუტურად რეზონული შეიძლება იყოს არსებული სიის გადახედვა.“
***
იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას აბიტურიენტების მიერ გაკეთებულ არჩევანზე უფასო ფაკულტეტების კვოტის შემცირება და იგეგმება თუ არა, უახლოეს მომავალში, სტუდენტთა დაფინანსების სისტემის შეცვლა, ამის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი:
— რეგისტრაცია მშვიდად მიმდინარეობს და 31 მარტს დასრულდება. დიდი ალბათობით, წელს აბიტურიენტების რაოდენობა 35 ათასს გადააჭარბებს, თუმცა ზუსტ ციფრს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან, როგორც წესი, ბოლო დღეებში რაოდენობა დრამატულად იცვლება.
რეგისტრაცია 31 მარტს შეწყდება და მსურველს აღარ ექნება შესაძლებლობა, გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო დარეგისტრირებულს — შეცვალოს ქალაქი. დარეგისტრირებულ აბიტურიენტს შეუძლია დანარჩენი ყველაფერი შეცვალოს, 20 მაისის ჩათვლით საგნის შეცვლაც შეუძლიათ, საგამოცდო ენის და, რა თქმა უნდა, ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილების გაკეთების უფლება კიდევ უფრო დიდხანს აქვს.
არანაირი ტრაგედია იმაში არ არის, დღეს თუ არაა ცნობილი ზუსტად ის მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, რადგან აბიუტრიენტებს ცვლილებების განხორციელების უფლება დიდხანს აქვთ. უკეთესი იყო თუ არა, რომ ადრე სცოდნოდათ, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კარგია, რომ ყველაფერი ერთი და ორი წლით ადრე დავგეგმოთ. ბუნებრივია, კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონოდათ, ვიდრე რეგისტრაცია დაიწყებოდა, უკეთესი იქნებოდა, სექტემბერში რომ სცოდნოდათ. მაგრამ ამაშიც ხომ არის ლოგიკა, რომ მთავრობა ყოველწლიურად ადგენს პრიორიტეტულ მიმართულებებს და იმაშიც, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდება ამისთვის. როცა ე.წ. უფასო ფაკულტეტები გამოცხადდა, როგორც გახსოვთ, სწორედ მაშინ შევთავაზეთ ჩვენ რეგისტრაციის ასეთი მოქნილი პროცესი, თორემ მანამდე, წინა წლებში, დაახლოებით ერთი თვე იყო ამისთვის გამოყოფილი და ამ ხნის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა აბიტურიენტს ყველა არჩევანი — ეს ეხებოდა საგანს, უმაღლეს სასწავლებელს, ფაკულტეტს და ა.შ. მერე ვერაფერს ვერ ცვლიდა. ახლა ძალიან დიდი დრო აქვთ, რომ არჩევანი შეცვალონ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას იმით, რომ დღეს ზუსტად არ ვიცით ეს მიმართულებები. უფრო მეტსაც გეტყვით — რა თქმა უნდა, როდესაც უფასოდ ვსწავლობ უმაღლეს სასწავლებელში, ეს ძალიან კარგია და, რასაკვირველია, ჩემს არჩევანზე გარკვეულწილად მოქმედებს, მაგრამ, შევთანხმდეთ, რომ ეს განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ, მეტ-ნაკლებად, ჩამოყალიბებული უნდა მქონდეს, რა მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და, რა თქმა უნდა, უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ სახელმწიფომ ნაწილობრივ ან სრულად დამაფინანსოს. ამან ჩემი არჩევანი დრამატულად როგორ უნდა შეცვალოს? პირობითად ვამბობ, თუ მინდა გავხდე არქეოლოგი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო, არქეოლოგიას კი არა, ფიზიკას აფინანსებს, ამის გამო უნდა შევცვალო გადაწყვეტილება და ფიზიკურზე ჩავაბარო? ეს ხომ არ არის ნორმალური, ამით იმის თქმა მინდა, რომ რაღაც ფორმით უნდა ვიყო ჩამოყალიბებული, რა მიმართულებით მინდა სწავლის გაგრძელება, სულ ერთი არ უნდა იყოს, რას ავირჩევ პროფესიად.
— როგორია დინამიკა, თუ გაიზარდა უფასო ფაკულტეტების მიმართულებებზე აბიტურიენტების რაოდენობა?
— გაიზარდა, მაგრამ უნდა გვიხაროდეს თუ არა, ეს მეორე საკითხია. იმიტომ, რომ თუ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის უფასოდ სწავლა, ეს უკვე ნიშნავს „სუსტ“ სტუდენტს. ის აბიტურიენტები, რომლებიც ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ (რასაკვირველია, ყველას გაუხარდება, გადასახადი თუ არ ექნება) და ორიენტირებულად ირჩევენ იმ მიმართულებას, სადაც მართლა უნდათ სწავლის გაგრძელება, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო, „კარგი“ სტუდენტები არიან. აქედან გამომდინარე, თუკი ადრე ფიზიკურზე (ფიზიკურსაც პირობითად ვამბობ) ძალიან ცოტა სტუდენტი აბარებდა და ახლა სტუდენტების რაოდენობა იმის გამო გაიზარდა, რომ სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ეს არ ნიშნავს, რომ ხარისხს მივიღებთ.
— ანუ ეს ცვლილება დაფუძნებული იქნება სწორედ ხარისხის კვლევაზე? რატომ გახდა საჭირო ცვლილება, რას ეყრდნობა კვოტების შემცირების აუცილებლობა?
— ბევრი ფაქტორია, რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს და, ალბათ, გაითვალისწინებს. პრიორიტეტული მიმართულება იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, ქვეყნისთვის რომელი სფერო იქნება პრიორიტეტული. მაგალითად, ინჟინერია რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ სჭირდება თუ არა, მაგალითად, ამდენი სამართალმცოდნე, თუ უფრო მეტი ინჟინერი, ამის განსაზღვრაა მთავარი და ძირითადი.
— შეეხება თუ არა წელს განხორციელებული ცვლილება წინა წლებში ჩარიცხულ უფასო ფაკულტეტის სტუდენტებს?
— ყველა წესით და რიგით, არ უნდა შეეხოს და დარწმუნებული ვარ, არც შეეხება.
— უნდა ველოდოთ თუ არა დაფინანსების ახალ სისტემას, რომელიც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იქნება მიბმული, რომლის შესახებაც მიდის საუბარი.
— ასე მარტივად გადაწყვეტილების მიღება, რომ სტუდენტი სახელმწიფო გრანტს ერთი წლით მოიპოვებს და ერთი წლის შემდეგ, მოდი, აკადემიურ მოსწრებაზე მივაბათ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რისკის შემცველია. ასეთი სისტემის შექმნა, ნამდვილად არ არის მარტივი და სერიოზული მუშაობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით უარეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს. თუმცა, ისევ ვიმეორებ, იდეის დონეზე, ისეთი მექანიზმის შექმნა, რომ სტუდენტს გავუჩინოთ მოტივაცია კარგი აკადემიური მიღწევებით შეინარჩუნოს თავისი ფინანსური სტატუსი, ძალიან კარგია, მაგრამ ამის განხორციელება რთულია — სტუდენტების ცენტრალიზებულად დაფინანსება აკადემიურ მიღწევებზე მიბმით ნამდვილად არ გამოვა.
წელს ამ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, დაფინანსების სისტემა ისეთივე დარჩება, როგორც არის. თავისთავად, დაფინანსების მსგავსი სისტემა უკვე არსებობს (ვგულისხმობ სტიპენდიებს). ამ სისტემის გამართვა გაცილებით სწორად მიმაჩნია, ვიდრე ცენტრალიზებულად დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
***
რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტის სტუდენტებს ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ? ამის შესახებ აზრის გამოხატვა ვთხოვეთ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს. ნაწილმა იმის გამო შეიკავა თავი, რომ ჯერჯერობით ცვლილების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთებასაც უადგილოდ მიიჩნევენ (ან მას შემდეგ გააკეთებენ, როცა ცვლილებას ოფიციალური დოკუმენტით შეიტყობენ). ნაწილმა, უბრალოდ, არ გვიპასუხა. ჩვენ შეკითხვას ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა უპასუხა. მას მიაჩნია, რომ უფასო ფაკულტეტების შემოღებით სახელმწიფომ, თავის დროზე, ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა განმარტავს, რომ უფასო არ არის, რადგანაც სტუდენტების სწავლის საფასურს სამინისტრო იხდის.
„მართლაც ძალიან დროული და სასარგებლო გადაწყვეტილება იყო, რადგან ამის შემდეგ გამოცოცხლდა ჩვენთან მთელი რიგი ფაკულტეტები, მაგალითად, სამშენებლო. არქიტექტურის ფაკულტეტზე არც მანამდე იყო პრობლემა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ აქ სწავლის კიდევ უფრო სერიოზული სტიმული გაუჩინა ახალგაზრდებს, მოდიან უფრო მოტივირებულებიც და მეტად წარმატებულებიც. ამის გარდა, ფინანსდება ენერგეტიკისა და აგრარული ფაკულტეტებიც. აგრარულ ფაკულტეტზე სწორედ დაფინანსებამ იქონია დიდი გავლენა და ძალიან დიდი რაოდნეობით სტუდენტი მოიზიდა. ადრე ამ ფაკულტეტზე მსგავსი მოთხოვნა არასდროს გვქონია. მთლიანობაში, შეიძლება გითხრათ, რომ ამ ნაბიჯმა სასარგებლო შედეგი გამოიღო და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ისევ უნდა გაგრძელდეს, მეტიც, უფრო ფართო შინაარსი მიეცეს, რადგან, როგორც გითხარით, მთელ რიგ ფაკულტეტზე სერიოზული მოთხოვნა გააჩინა და გააცოცხლა ეს მიმართულებები. ამ ჩანაფიქრის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო.“
რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებზე სტუდენტების აკადემიური მოსწრების ხარიხს, ბატონი ლევანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ისინი დანარჩენ სტუდენტებზე დაბალი აკადემიური მოსწრების არიან: „არც ერთ შემთხვევაში ეს ასე არ არის, რადგან ამ ფაკულტეტების სტუდენტებიც ისევე სწავლობენ, როგორც დანარჩენები, არც უარესად და არც უკეთესად. ისინი ჩვეულებრივი სტუდენტების რანგში არიან, არც წარმატებულები და არც ჩამორჩენილები“.
თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე ამბობს, რომ: „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ხორციელდება, უზრუნველყოფილია მისი განხორციელების ვადებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები არ უნდა შეეხოს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ამჟამად გადიან რეგისტრაციას ან უკვე დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.“ მისი აზრით, „უფასო პროგრამებზე“ სწავლისას სტუდენტებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ — გაამართლონ სახელმწიფოს მოლოდინები. „ მათ აკადემიურ მოსწრებას გადამწყვეტი ადგილი უჭირავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების პროექტის გაგრძელების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვერ ექნება სასურველი შედეგი და აღმოჩნდება, რომ სტუდენტთა პროგრამული დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები არ იქნა დახარჯული ჯეროვნად.“
კოალიციის „განათლება ყველასათვის საქართველო“ კომუნიკაციის მენეჯერი გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ინიციატივა იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ პროფესიების პოპულარიზაცია მომხდარიყო და ახლა მინისტრის განცხადებას, რომ უფასო ფაკულტეტებზე შეიძლება სტუდენტთა რაოდენობა შემცირდეს, უფრო პირველად კომენტარს უწოდებს. ამბობს, რომ ეს დასკვნა ისევ მინისტრის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რადგან თავად ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ რაიმეს თქმა გადაწყვეტით (ან ასე იქნება, ან ისე), არასწორია. „ეს მისაღებია და მოგვეწონა, რადგანაც, სავარაუდოდ, თემას განხილვა მოჰყვება და იმედია, ჩართულობაც მაღალი იქნება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან მაღალი ინტერესის საკითხია და ამიტომაც მხოლოდ სამინისტროს მიერ საკითხის განხილვა არასწორი იქნება. — ამბობს გიორგი ჭანტურია. — გარდა ამისა, ის მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებენ ან აპირებენ, განიხილონ და მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენც უნდა ვნახოთ და დავრწმუნდეთ მათ სისწორეში. ღია და გასაგები უნდა იყოს, რა მონაცემებზეა საუბარი და ა.შ. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს მიმართულებები პრესტიჟული არ არის ან შემდგომში დასაქმებას ვერ უზრუნველყოფენ, არ კმარა. პრინციპში, არც კი ვიცით, რამდენად არის დასაქმების პრობლემა მიზეზ-შედეგობრივ კავშირში უფასო ფაკულტეტებთან. ერთი რამ ცხადია, განათლების სისტემაში ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ სწავლების ხარისხთანაა დაკავშირებული (სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ). რამდენად იწვევს უფასო ფაკულტეტი აღნიშნულ პრობლემებს, ეს კიდევ გასარკვევია. ამიტომ, საჭიროა ამ საკითხის კიდევ მეტად შესწავლა და, კონსულტაციების შემდგომ, გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება.“
არის თუ არა ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი? ამის შესახებ გიორგი ჭანტურია ამბობს: „ფაქტია, რომ მინისტრი რაღაცას დაეყრდნო, როცა ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ არ ვიცი, რა მონაცემებს. მაგრამ, ალბათ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ, რამდენად სწორია უფასო ფაკულტეტებზე კვოტების შემცირების გადაწყვეტილება, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შესაძლებელია რაიმე ალტერნატივაც არსებობდეს (დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს), რომელიც იმ პრობლემებს აღმოფხვრის, რაზეც მინისტრი საუბრობდა. გარდა ამისა, აუცილებელია, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ დაემთხვეს გამოცდების პერიოდს. შესაბამისად, თუ ახლა იქნა მიღებული, არა მგონია, ეს სტუდენტებისთვის კარგი იყოს. მართალია, მაია მიმინიშვილმა განაცხადა, რომ ეს ტრაგედია არ არის. დავეთანხმები, ტრაგედია არ არის, მაგრამ აბიტურიენტისთვის ნამდვილად დამაბნეველი იქნება, არჩევანის გაკეთების შემდეგ, შეიტყოს მის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე განხორციელებული ცვლილების შესახებ. ამიტომაც სასურველია, მსგავსი გადაწყვეტილება რეგისტრაციის დაწყებამდე მიიღონ ხოლმე, მაგალითად, სექტემბერში ან ოქტომბერში. ახალგაზრდას გონივრული ვადა უნდა მიეცეს, რომ საგნის და ფაკულტეტის მონიშვნისას, სწორი არჩევანი გააკეთოს, რადგან ფინანსური საკითხი, ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტთა უმეტესობისთვის გადამწყვეტია.“
უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი საზოგადოებისთვის, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უახლოეს მომავალში, მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად.
|