გამოდის 1998 წლიდან
2010-11-10
პასუხგაუცემელი კითხვების კვალდაკვალ

14 პროფესიული სასწავლებლის გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენს გაზეთს ინტერვიუ მისცა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა დენის დავითაშვილმა. მან ღიად და დაუფარავად გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება მომხდარის გამო. გაზეთი რომ ტენდენციური არ ყოფილიყო, საჭიროდ ჩავთვალე მეორე მხარისთვის, ამ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც მოგვესმინა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ მოვახერხე და ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ლალი ებანოიძეს ვესაუბრე. მან კატეგორიულად უარყო ნახსენებ ინტერვიუში მოყვანილი რამდენიმე ფაქტი, თქვა, რომ დირექტორებმა მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ კარგა ხნით ადრე იცოდნენ, რომ ვიდრე მინისტრი #700 ბრძანებას გამოსცემდა, მან თავად მოინახულა ეს სასწავლებლები და რომ არც ერთ მათგანში სრულყოფილი სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, რომ ყალბია ის განცხადებები, რომლებითაც თითქოსდა აქ სწავლის მსურველებმა სასწავლებლის დირექციას მიმართეს. მაშინ მე შევთავაზე ქალბატონ ლალის, გაზეთის მეშვეობით ეპასუხა ოპონენტისთვის და ჩვენთვისაც აეხსნა, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ასობით სასწავლებელდაუმთავრებული ახალგაზრდა და 800-მდე უმუშევრად დარჩენილი პედაგოგი. თითქოს შევთანხმდით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ თანაშემწის (თუ სწორად მახსოვს) სატელეფონო ზარმა შემატყობინა, რომ ქალბატონ ლალის საჭიროდ არ მიაჩნია მსგავს ბრალდებებზე პასუხის გაცემა (!). შევეცადე, თანამოსაუბრე, საწინააღმდეგოში დამერწმუნებინა, შემეხსენებინა, რომ საჯარო პირს კანონი ავალდებულებს, უპასუხოს პრესის შეკითხვებს, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა, რადგან ჩემ მიერ გადაგზავნილ კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიმიღია. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ (თავის არიდებამ) მაფიქრებინა, თავად მეპოვა პასუხები და გავრკვეულიყავი რამდენად სწორი იყო ბატონი დენისი თავის შეფასებებსა და დასკვნებში.

რაც საკუთარი თვალით ვნახე

კაზრეთი
სამარშრუტო ტაქსი იმ დასახლებაში ჩერდება, სადაც სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები, ფაქტობრივად, კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები ან მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამიტომ მეგზურობის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარს, ამბობენ, რომ შეუძლებელია გაუქმდეს სასწავლებელი, რომელიც კომბინატისათვის ამზადებს კადრებს, მით უმეტეს, რომ არა მარტო აქაურთა, არამედ ახლომახლო სოფლების მცხოვრებთათვის განათლების მიღების ერთადერთი საშუალებაა.
თავად სასწავლებელი კარგად გამოიყურება. შენობის ფასადის გასწვრივ კარგად მოვლილი ტალავერია. ეზოში რამდენიმე ახალგაზრდა დაგვხვდა, როგორც გაირკვა, ამბის გასაგებად მოვიდნენ, მათ განცხადებები აქვთ შემოტანილი და აინტერესებთ, ხომ არაფერი შეიცვალა, როცა კიდევ ორი გოგონა შემოგვემატა და ისინიც იმავე მიზნით, გადავწყვიტე, მათ გავსაუბრებოდი: მადონა ატუშვილი და თემურ ავალიშვილი საბუღალტრო საქმის შესწავლას აპირებდნენ; თეა ყულიაშვილი _ სტილისტობას; გიგა ყაფლანიშვილმა და მათე ბასილაშვილმა სამშენებლოზე შეიტანეს განცხადებები _ მათემ შემდუღებლის პროფესია წელს აქ აითვისა; ელგუჯა ყაფლანიშვილმა კი სამთო საქმე შეისწავლა და ახლა შემდუღებლის პროფესიის დაუფლებას აპირებდა. ჩვენს საუბარს რამდენიმე პადაგოგი, საწარმოო სწავლების ოსტატი და სასწავლებლის დირექტორი იზო კაპანაძე შემოუერთდნენ. `აი, ეს 3 ძირითადი კარი და გისოსები ჩვენმა შარშანდელმა კურსდამთავრებულებმა, შემდუღებლებმა დაამზადეს, მათივე ნახელავია ის საყვავილეებიც, რომლებიც სასწავლებლის საკლასო ოთახებსა თუ დერეფნებს ამშვენებს, კედლებზეც ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებია გამოფენილი, საკლასო ოთახებშიც~ _ გვითხრა ქალბატონმა იზომ და შენობაში შეგვიძღვა. სასწავლებელი კიდით-კიდემდე დავათვალიერე. სულ 2 კორპუსი მოქმედებს _ სასწავლო და ადმინისტრაციული. კლას-კაბინეტები თვალსაჩინოებებით, კომპიუტერული კლასი (12-დან 6-ღა დარჩა), საკუთარი ძალებით განახლებული მაგიდები და ყველა საჭირო ინვენტარი, ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობა, ყველა ნივთსა თუ ნაკეთობას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. აქ უგემოვნოდ და უფუნქციოდ ვერაფერს ნახავთ. დიდ, ნათელ ოთახში ბიბლიოთეკაა, სათანადო ინვენტარით აღჭურვილი კლუბი და სპორტული დარბაზი, ერთი სიტყვით, აქ ყველა პირობაა სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის.
სასწავლებელი ყოველწლიურად 6 ჯგუფს იღებდა, ძირითადად, 10-თვიანი პროგრამით, 100-დან 130-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა პროფესიაში მზადდებოდა. მათი დიდი უმრავლესობა მადნეულშია დასაქმებული, ბუღალტრები და კომპიუტერის ოპერატორები _ კერძო სექტორში, შარშან ელექტრომონტიორების ჯგუფი მოამზადეს, რომლებიც შემდეგ რაიონის გამრიცხველიანებაზე მუშაობდნენ.
იზო კაპანაძე _ 35 წელია ამ სასწავლებელში ვმუშაობ; 13 წელია დირექტორი ვარ. ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს. საშინელი პერიოდი გავიარეთ ერთად. უხელფასოდ ყოველდღე სასწავლებელში ვიყავით, რომ არაფერი დაკარგულიყო, მერე, როცა ცოტა გამოკეთდა მდგომარეობა, ნელ-ნელა სასწავლებლის მოწესრიგებას შევუდექით. დასაქმების პროგრამაც ძალიან დაგვეხმარა _ ერთობლივი ძალებით სასწავლებელი გადავხურეთ, სასწავლო პროცესის პარალელურადაც და არდადეგებზეც თითო-ოროლა საქმეს ვაკეთებდით, ხან კედლებს ვლესავდით, ხან საკლასო ოთახებს ვღებავდით, ხან შესასვლელს ვარემონტებდით, მეტლახი დავაგეთ, ეზოს ვალამაზებდით, ათასნაირი ყვავილები გავახარეთ, ახლახან ვარდებიც ჩავრგეთ. ძალიან მენანება, რომ ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ახლაც არ გვჯერა, რომ რაღაც არ შეიცვლება. ორი თვეა ყოველდღე დავდივართ, რომ არაფერი დაიკარგოს, აქაურობას ამ წუთში პატრონი არ ჰყავს, არც პასუხისმგებელი პირი დაუნიშნავთ, ახალგაზრდებიც ყოველდღე მოდიან და გვეკითხებიან, ხომ არაფერი შეიცვალაო, მათი საბუთები, სპეციალობებისა და ჯგუფების მიხედვით, აი, ამ საქაღალდეებში მილაგია. რა ვუპასუხო, თავად არაფერი მესმის. როცა ფეხზე დავდექით და ყოველმხრივ წელში გავიმართეთ, მაშინ გაგვაუქმეს, იუბილეს გადახდასაც კი ვაპირებდით, ვინ იფიქრებდა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი.
გურგენ ხაჩატურიანი, საწარმოო სწავლების ოსტატი _ ამ პატარა დაბაში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ჩვენი ცხოვრების ერთ პატარა მონაკვეთს ყველანი ამ სასწავლებელში ვატარებდით. ჰკითხეთ, თუ გინდათ, ჩვენს მეზობლებს, თითქმის ყველა გეტყვით, რომ ეს სასწავლებელი აქვთ დამთავრებული მათაც და მათ შვილებსაც. მე აქ 5 წელია ვმუშაობ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ შარშან პირველად მოვამზადეთ ელექტროშემდუღებელთა 17-კაციანი ჯგუფი, ნამდვილად ვიცი, რომ 4 მათგანი კარიერზე მუშაობს, რამდენიმემ ახლა სხვა სპეციალობაზე შემოიტანა განცხადება. ამას არავინ ელოდა, ძალიან გაკვირვებული ვარ...
ლეილა მაღრაძე _ 19 წელია აქ ვმუშაობ. ადრე ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლიდი, ახლა დირექტორის მოადგილე ვარ სასწავლო დარგში. ჩემმა შვილებმაც აქ ისწავლეს. თუმცა უფროსმა ვაჟმა შემდეგ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა ენერგეტიკის ფაკულტეტზე, აქ სამთო-გამამდიდრებელი პროფესია შეისწავლა. გოგონამაც აქ დაამთავრა, კომპიუტერული სისტემის ოპერატორია. ყველა ჩვენი თანამშრომლის შვილი აქ სწავლობდა, ცუდი რომ იყოს, მშობელი მიიყვანდა იქ საკუთარ შვილს? საქმე მარტო იმაში კი არ არის, რომ 25-ვე თანამშრომელი უმუშევარი დავრჩით, არც ერთი არა ვართ საპენსიო ასაკის და ჩვენს ოჯახებში ერთადერთი დასაქმებული ჩვენ ვიყავით, საქმე იმაშია, რომ ჩვენს შვილებს წაერთვათ განათლების მიღების უფლება და ესაა ტრაგედია. არც მარნეულშია სასწავლებელი და არც დმანისში, ბოლნისის რაიონში ეს ერთი იყო და ისიც გააუქმეს.
ლია ბასილაშვილი _ მეც ეს სასწავლებელი მაქვს წითელ დიპლომზე დამთავრებული. 12 წელია აქ ვმუშაობ. ჩემმა შვილმაც აქ შეისწავლა გობელენის ქსოვა, როცა კი დროს ნახავს (პატარა ბავშვი ჰყავს), სულ რაღაცას აკეთებს. სამომავლოდ გეგმებიც აქვს. მთავარია, პროფესია აქვს და გამოყენება უკვე მისი საქმეა. გადამზადების პროგრამას რომ ვახორციელებდით, უამრავი ხალხი მოვიდა ჩვენთან, არა მარტო ახალგაზრდები, ბევრი ინსტიტუტდამთავრებულიც იყო და ლექციები რომ მთავრდებოდა, მადლობას გვიხდიდნენ. როგორ შეიძლებოდა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა, მოსულიყვნენ, ენახათ როგორ ვასწავლით, რა ბაზა გვაქვს, შევემოწმებინეთ, მიზეზი მაინც ეთქვათ რატომ გაგვაუქმეს. შეიძლება ამდენი ხნის სასწავლებელს, ამდენ პედაგოგსა და მოსწავლეს ასე მოექცე? აქ ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ჩვენი შრომაა, გული შეგვტკივა აქაურობაზე, ამიტომაც ვერ მივატოვებთ ასე უპატრონოდ აქაურობას. უკვე ორი თვეა ხელფასს არ ვიღებთ, მაგრამ ყოველ დილით მოვდივართ, რაღაცის იმედი გვაქვს, რისი არ ვიცი, მაგრამ წარმოუდგენელია ასე უმიზეზოდ სასწავლებლის ლიკვიდაცია.
ლალი ქებაძე, მშობელი _ მე სასწავლებლის ინტერესს კი არა, ჩემი და ჩემი მეზობლების შვილების ინტერესს ვიცავ. ამ დაბის მაცხოვრებელთა 75-80% ჩემსავით სოციალურად დაუცველია. ჩემმა გოგონამ სკოლაც წარჩინებით დაამთავრა და ეს სასწავლებელიც, მაგრამ სასწავლებლად ქალაქში ვერ გავუშვი. იმის შიში არ მქონდა, რომ ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებდა, პირიქით, დარწმუნებული ვარ, გრანტსაც აიღებდა, მაგრამ სხვაც ხომ ბევრი რამ სჭირდება სტუდენტს, მე ამას ვერ შევძლებდი. ჩემი ხელფასით მხოლოდ ბანკის სესხს ვიხდი, რომელიც მეუღლის ავადმყოფობის გამო ავიღე. ამ სასწავლებლის არსებობა ჩვენი კაპრიზი კი არა, აუცილებლობაა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილმა პროფესია შეიძინოს, თორემ მდიდრებსა და შეძლებულებს სასწავლებელი არაფერში სჭირდებათ. ვერ გამიგია, რატომ გვინგრევენ აშენებულს და თანაც კარგსა და საჭიროს. ვინმე მაინც მოსულიყო და ენახა, სად სწავლობენ ჩვენი შვილები, თუ რაიმე ისე არ არის, როგორც საჭიროა, დაგვხმარებოდნენ. პრეზიდენტი სულ იმას ამბობს, ეს სფერო პრიორიტეტულია ქვეყნისთვისო, ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ხელის ერთი მოსმით აუქმებს ასე ნალოლიავებ სასწავლებელს. ჩვენს გუბერნატორს ისიც კი უთქვამს, ელექტროშემდუღებლები ვთხოვეთ და ვერ მოგვცესო. ტყუილია, მსგავსი არაფერი ყოფილა, დირექტორიც დამეთანხმება. პირიქით, ჩვენ ვთხოვეთ კირკიტაძეს მოსულიყო სასწავლებელში, დაეთვალიერებინა, კოლექტივს შეხვედროდა და მის შენარჩუნებაში დაგვხმარებოდა, გვითხრა დმანისში მეჩქარება აზერბაიჯანული სკოლა უნდა გავხსნა და მერე აუცილებლად მოვალო, მაგრამ მოგვატყუა, არ მობრძანდა.
_ ნეტა მართლა ეთხოვათ ელექტროშემდუღებლები, ჩვენი ბავშვების კვალიფიკაციაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, დაუფიქრებლად გავუგზავნიდი, რამდენსაც მოისურვებდა, მაგრამ მსგავსი რამ მართლაც არ ყოფილა, _ საუბარში ჩაერთო ქალბატონი იზო.
ლენა ცაბიაშვილი _ თავის დროზე მეც ეს სასწავლებელი დავამთავრე. მეუღლე უმუშევარია და ჩემი ხუთი შვილისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს იყო _ დამლაგებლად ვმუშაობდი. მინდოდა გოგონა გადმომეყვანა, ცხრაკლასდამთავრებულია, შემდეგ ვაჟიც, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი.
ნუგზარ ყაფლანიშვილი, კაზრეთის საკრებულოს დეპუტატი _ ამ პროფესიულ სასწავლებელშია მომზადებული იმ კადრების 60%-ზე მეტი, ვინც კომბინატში მუშაობს. არც ადრე და არც ახლა მათი პროფესიული მომზადების დონე და კვალიფიკაცია არავის დაუწუნია. ჩვენი წარმოება პერსპექტიულია, მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და კადრები აუცილებლად დასჭირდება, ძალიან მოსახერხებელია და გონივრულიც რომ მუშახელი სწორედ აქ მომზადდეს, მისი ლიკვიდაცია წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ რეგიონში სასწავლებელი აღარ დარჩა, რუსთავის ერთადერთი სასწავლებლის გარდა.

წინამძღვრიანთკარი
1883 წლის 4 სექტემბერს (ძვ. სტილით) ილია წინამძღვრიშვილის დიდი ხნის თავდაუზოგავი მცდელობის შემდეგ, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სკოლის გახსნას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ილია ოქრომჭედლიშვილი, ნიკო ცხვედაძე, მოსე ჯანაშვილი, დიმიტრი სტაროსელსკი.
სკოლაში სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებით და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა, სწავლა ექვსწლიანი იყო და ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა. პირველ წელს სკოლაში მიღებულ იქნა 22 მოსწავლე.
ილიას უნარიანი ხელმძღვანელობით, სკოლამ მოკლე ხანში მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. სკოლას ჰქონდა ორგვარი წიგნთსაცავი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, სამჭედლო-სახელოსნოები თანამედროვე მანქანა-იარაღებით მოწყობილი, ფერმა, ოთახი, სადაც ზამთრობით სხვადასხვა ჯიშის მცენარეს ზრდიდნენ, საფუტკრე, მუზეუმი, ღვინის სარდაფი _ სადაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ღვინის საწური დღესაც ასრულებს თავის დანიშნულებას. სკოლის ტერიტორიაზე ილიამ ააგო ქვის ეკლესია, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და 1887 წლის 17 მაისს აკურთხეს, ეკლესია დღესაც მოქმედია. სკოლის ტერიტორიაზე იყო და დღესაც თავს იწონებს საუკუნეებს გამოვლილი ისტორიული `ცხრა მუხა~ (1600 წ.). ლეგენდის თანახმად: 1795 წელს, კრწანისის ველზე, ირანის შაჰთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, თბილისიდან წამოსულმა მეფე ერეკლე მეორემ, თავის ამალასთან ერთად გადმოიარა ზედაზნის ქედი, გვერდით აუარა ბოკოწინის ციხე გალავანს და სოფელ წინამძღვრიანთკარში `ცხრა მუხის~ ქვეშ შეჩერდა, მუხლი მოიყარა, ღმერთს თავის ქვეყნის ბედი შეავედრა, მეომრები გაამხნევა და მცირედი შესვენების შემდეგ ანანურისაკენ გაემართა.
1920 წლის 2 სექტემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ილია წინამძღვრიშვილი, 7 სექტემბერს კი მისი ცხედარი, ანდერძისამებრ, დაკრძალეს მშობლიურ სოფელში ცაცხვის გორაზე.
1924 წელს სკოლას დაემატა სპეციალური კლასი და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დაერქვა. ერთ დროს შეუმჩნეველი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის მეოხებით, საქვეყნოდ ცნობილი სოფელი გახდა. 1928 წლიდან _ წინამძღვრიანთკარის ცენტრალური საცდელ-საჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ეწოდა.
სასწავლებლის ისტორია სათუთად ინახავს იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც აქ სწავლობდნენ და შემდეგ წარმატებულები გახდნენ, ასეთები არიან: გამოჩენილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, `საქართველოს ბულბულად~ წოდებული მომღერალი სიკო ქუმსიაშვილი, `მცხეთელი მინდია~ _ მიხეილ მამულაშვილი, სამაგალითო მეფუტკრე აპოლონ წულაძე და სხვ.
1933 წლიდან სასწავლებელს ეწოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, რომელიც წარმატებით აგრძელებდა ძველ ტრადიციებს;1966 წლიდან _ იწოდება წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის სახელობის საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად.
1993 წლიდან სასწავლებელი გადაკეთდა წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიურ კოლეჯად, ხოლო 2008 წლიდან, ორი სასწავლებლის რეორგანიზაციის (მცხეთის პროფესიული ლიცეუმის და წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კოლეჯის) შედეგად, ჩამოყალიბდა სსიპ წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრად.
საქართველოს განათლების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, სხვა 13 სასწავლებელთან ერთად, `ცოდნის აკვანი~ (ასე უწოდა ილია ჭავჭავაძემ) ლიკვიდირებულია. მინისტრის არგუმენტი არ ვიცით, მაგრამ ებანოიძის თქმით, სახელმწიფო ვერ შეინახავს ისეთ სასწავლებელს, რომელსაც უკუგება არ აქვს.
რა იგულისხმა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უკუგებაში ვერ გეტყვით, მაგრამ, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. სასწავლებელი, ყოველწლიურად, 6 ჯგუფში 100-ზე მეტ ახალგაზრდას ამზადებს. წელს 120-მა ახალგაზრდამ აიღო სერტიფიკატი, თუმცა ფერმერთა 3 ჯგუფიდან ერთი გარდამავალია და რომ არა პედაგოგიური კოლექტივის დიდი პასუხისმგებლობა ამ ახალგაზრდების მიმართ, ისინი ვერ დაასრულებდნენ სწავლას _ პედაგოგები, ორი თვეა, უხელფასოდ მუშაობენ, რათა სტუდენტები შუა გზაზე არ მიატოვონ. ორ ჯგუფში ბუღალტერ-მოანგარიშე, ხოლო ერთში მდივან-რეფერენტი მოამზადეს.
სასწავლებლის მფლობელობაშია 22 ჰა მიწა, აქედან 8 ჰექტარზე გაშენებულია ასობით ძირი ატამი და მუხა, 300 ძირი კაკალი, 80 ძირი პავლოვნია, 100 ცაცხვი, ახალ სანერგეში ბევრი ევროპული ჯიშის მცენარეს ახარებენ და ეს ყველაფერი 400-წლოვანი `ცხრამუხის~ გარშემო. ლეგენდა რომ მუდამ ცოცხლობდეს, იქვე ახლოს, იმგვარივე განლაგებით, მუხის 9 ნერგი ხარობს.
საკმაო დრო დავყავი სასწავლებელში. ბევრი რამ მოვისმინე სასწავლო გეგმებისა და პროგრამების კოორდინატორის, მერი ყოჩიაშვილისა და დირექტორის მოადგილის, გემურ ჩხაიძისაგან. მათ დიდი გამოცდილება აქვთ უცხოელ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობის, კერძოდ, ვაშინგტონისა და კენტუკის უნივერსიტეტებთან. მათი წარმომადგენლები საქართველოში ჯიპას პროგრამით მოხვდნენ. სასწავლებელი მეტად მოსწონებიათ, ვიდრე აგრარული უნივერსიტეტი, განსაკუთრებით მისი ისტორიით დაინტერესებულან და გადაუწყვეტიათ, რაც ყველაზე მეტად წაადგებოდათ, თანამედროვე ტექნიკა ეჩუქებინათ. ასე გაჩნდა აქ ხორბლის დამხარისხებელი დანადგარი, მინი-ტრაქტორი, ჰერბიციდების შემტანი აპარატი, 100 კვ.მ მოცულობის სათბური. თავად ქალბატონი მერი, ტასისის პროგრამით, ლონდონში იმყოფებოდა, ასეთივე ტიპის სასწავლებელში ფერმერული მეურნეობის გასაცნობად და შესასწავლად. ამ სასწავლებელს თურმე სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ბრიტანელებს ამ დარგის განვითარება, რომ ცალკეული საგრაფოები, კერძო პირები, მათ შორის მშობლები, დიდ პატივად მიიჩნევენ საკუთარი წვლილის შეტანას სასწავლებლის შემდგომ განვითარებაში; ასევე ბევრის მომტანი იყო სასწავლებლისთვის გერმანიის ქალაქ ვაინშტეფანის უნივერსიტეტთან ურთიერთობა. გერმანელმა სპეციალისტებმა გარკვეული პერიოდი იმუშავეს წინამძღვრიანთკარის სასწავლებელში, შემდეგ ტესტური გამოცდა ჩაუტარეს სტუდენტებს, მათგან 16 საუკეთესო 6 თვით სასწავლებლად წაიყვანეს გერმანიაში და ფერმერების ოჯახებში აცხოვრეს; აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ თავისი არსებობის მანძილზე სასწავლებელი სოფლისთვის საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა. უცხოეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ათასგვარი ლიტერატურით, სათესლე მასალის დასამუშავებელი პრეპარატებით, მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებით, ვეტექიმის რჩევებით ეხმარებოდნენ ადგილობრივ გლეხებს.
ბოლო განსაცდელი, ისე როგორც ჩვენმა ქვეყანამ, ამ სასწავლებელმაც 90-იან წლებში გამოიარა, მაგრამ მცხეთის გამგეობის განსაკუთრებული ყურადღებით (15 წლის განმავლობაში 11 ჯგუფს _ 300-მდე ბავშვის სწავლას აფინანსებდა) და მხარდაჭერით გადარჩა. საფრთხე მხოლოდ ახლა, დაარსებიდან 127 წლის შემდეგ, შეექმნა მის არსებობას, როგორც მინისტრი ამბობს, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებით (!).
ილიას (ჭავჭავაძეს ვგულისხმობ) არ სჩვეოდა პათეტიკური ტონით წერა და საუბარი. თუმცა სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა, ამ მხრივ, ნამდვილად გამორჩეულია. მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ: `...როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც, ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავი მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვრიშვილია, ის აკვანი _ აი, ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან~...
ის პატარა შენობა კარგა ხანია უფრო დიდით შეიცვალა, მაგრამ თუ დროზე არ მივხვდით, რომ ჩვენს ქვეყანას დღესაც უჭირს და როგორც არასდროს, ისე სჭირდება მცოდნე კაცები, მალე ძიძებიც დატოვებენ აქაურობას, ისინი აღარავის დასჭირდება... ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე მოხდეს.

... და რაც მიამბეს

რუსთავი
`იმედი~ _ ასე ერქვა 14-თაგან ერთს, რომელიც რუსთავში ფუნქციონირებდა და 19 სპეციალობაში ამზადებდა ახალგაზრდებს, მათ შორის, მეტალურგებს. ახლა ამ პროფესიას არსად აღარ ასწავლიან, ჯერჯერობით არც `მოდუსში~, ვისაც `იმედი~ შეუერთეს, და სადაც უკვე გადაიტანეს ყველაფერი, რაც `იმედის~ საკუთრება იყო. ამიტომ იძულებული გავხდი, მის აწ უკვე ყოფილ დირექტორთან, განათლების გამოცდილ მუშაკთან, ბატონ დავით ჯალაღანიასთან საუბრით შემოვფარგლულიყავი. `ჩემთვის დღემდე გაუგებარია ამ გადაწყვეტილების არსი და მიზანი. 2007 წლიდან დავინიშნე აქ დირექტორად და სამინისტროდან არასოდეს შენიშვნა არ მიმიღია, პირიქით კი ყოფილა. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ვაწყობდით ე.წ. საანგარიშო ღონისძიებას და, ბუნებრივია, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტსაც ვიწვევდით. წელს ქალბატონი ლალი ებანოიძე ვერ მოვიდა, მაგრამ დეპარტამენტის ორი თანამშრომელი _ ანა მაჭარაშვილი და თამარ სამხარაძე გვესწრებოდნენ. მოწვეული იყვნენ დამსაქმებლები, რომელთაც ატესტატები გადასცეს კურსდამთავრებულებს, საქმიანი და საზეიმო ღონისძიება იყო; სამინისტროს წარმომადგენლებს კმაყოფილება არ დაუმალავთ, ამიტომაც ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ, 7 აგვისტოს, სამინისტროში დამიბარეს და სასწავლებლის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ მაცნობეს. სულ მალე, ამას კიდევ უფრო გამაოგნებელი ფაქტი მოჰყვა _ განათლების მინისტრმა, 24 აგვისტოს ბრძანებით, `იმედს~ გადასცა კომპიუტერები და სხვა სახის ინვენტარი, გახარებულებმა ოპერატიულად ჩამოვიტანეთ საჩუქარი რუსთავში და სასწავლებელში დავალაგეთ. ჩავთვალეთ, რომ ლიკვიდაციის საფრთხე აღარ არსებობდა, მაგრამ როგორც განვითარდა მოვლენები, თავადაც იცით _ 14 სექტემბრის ბრძანების `წყალობით~ 500-მდე ახალგაზრდა გაწბილებული, ხოლო 54 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ვთქვა, დირექტორებთან შეხვედრისას ლალი ებანოიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სწყდება გული `იმედზე~ და ბორჯომის სასწავლებელზე, მაგრამ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ეს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა (!). თუმცა, მოგვიანებით გავიგე, როგორ აუხსნია განათლების მინისტრს სასწავლებლების ლიკვიდაციის აუცილებლობა _ დირექტორებს ფინანსური დარღვევები ჰქონდათ, გენინსპექციის შემოწმებისა შეეშინდათ და განცხადებები თავად დაწერესო (?!) უცნაური ახსნაა. აქამდე კანონდამრღვევს სჯიდნენ, უწყებას კი არ აუქმებდნენ. ფაქტია, ძალიან გაუაზრებელი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებაა მიღებული.

***
კომენტარისთვის არა, მაგრამ დასკვნის სახით მინდა მაინც ხაზგასმით ვთქვა _ არც ერთ ამ სამ სასწავლებელში წინასწარ, მაგალითად, შარშან ან წელს რამდენიმე თვით ადრე, არ იცოდნენ, რომ სასწავლებელი გაუქმდებოდა; გადაწყვეტილების მიღებამდე, სამინისტროდან, შესაბამისი დეპარტამენტიდან არავის შეუმოწმებია თუნდაც ერთი მათგანი. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია იმის მტკიცება, რომ თითქოს ლიკვიდაციის მიზეზი სასწავლებლის გაუმართაობა, ფინანსური დარღვევები ან ყალბი განცხადებებია.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე პუბლიკაციებს. ვთხოვთ ყველა ლიკივდირებული სასწავლებლის წარმომადგენლებს, გამოგვეხმაურონ და მოგვაწოდონ ობიექტური ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელზეც დღევანდელ წერილში ვისაუბრეთ.

ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N