გამოდის 1998 წლიდან
2010-11-10
ჯერ ისევ პროცესია და არა - პროცესის დასასრული

საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით, მაინც მიდის პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე კამათი, პროცესების სტატისტიკური შედეგები არ გვაქვს, მეტიც, სისტემამ გარკვეული ტიპის სტაბილურობას უნდა მიაღწიოს, რომ, დაახლოებით, ათი წლის შემდეგ მისი შედეგები შევაფასოთ. ჯერჯერობით, სისტემა ძალიან ტურბულენტურია და ცვლილებების პროცესშია, ამიტომ შედეგებზე ვერ ვილაპარაკებთ. შეიძლება საზოგადოების ერთმა ნაწილმა თქვას, რომ პოლიტიკურად ეს მომგებიანია და რაღაც შედეგებს მივიღებთ, მეორე ნაწილმა კი განაცხადოს, რომ ამ შედეგებს ვერ მივიღებთ. ერთი რამ ცხადია, ჯერ სისტემას სტაბილური სახე არ მიუღია, მხოლოდ სტაბილური სახის მიღების შემდეგ შეგვეძლება შედეგებზე საუბარი.

_ ხუთი წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, საინტერესოა, რა სურათია _ როგორი დონის პირველკურსელები მოდიან, ან საერთოდ, ამ თვალსაზრისით, რა შედეგი მივიღეთ ერთიანი ეროვნული გამოცდებით?

_ მე ვერ გეტყვით საერთო მდგომარეობას, რადგანაც საქართველოში არ არსებობს ?ჩამოყალიბებული, მდგრადი კრიტერიუმები, რომლებითაც აბიტურიენტების განათლების ხარისხის ზრდას გაზომავ. ამ `არარსებობას~ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან, ყოველწლიურად, სტუდენტების განათლებისა და მომზადების დონე, წინა წელთან შედარებით, უკეთესია. ერთი მხრივ, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დამსახურებაა, რადგან გამოცდების ეს სისტემა, 2004 წლამდე არსებულთან შედარებით, ბევრად უფრო სამართლიანია; თუმცა, მეორე მხრივ, არც ისაა დასამალი, რომ გამოცდების სისტემა ხდება ელიტისტური: იზრდება გამოცდების რაოდენობა, გრანტის გაცემა დამოკიდებულია ოთხ საგანზე და არა უნარების გამოცდაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრანტის გაცემა ავტომატურად დამოკიდებულია რეპეტიტორთან მომზადებულ სტუდენტზე; უკეთესად მომზადებული სტუდენტი კი შეძლებული ოჯახიდანაა, რადგან მხოლოდ ეკონომიკურად შეძლებულ ოჯახებს აქვთ საშუალება, შვილები რეპეტიტორებთან მოამზადონ. ვფიქრობ, რომ ეს დროებითი გადახვევაა და სისტემა ისეთივე ადეკვატური გახდება სოციალური ვითარების, როგორც ეს ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შატატებშია. ვიცი, რომ ელიტისტურობის დაძლევის მცდელობა არსებობს, მიუხედავად ამისა, წლევანდელი სისტემა ნამდვილად იყო ასეთი, რადგანაც გრანტის გაცემა დამოკიდებული იყო კონკრეტული ინფორმაციის ფლობაზე და კონკრეტული ვიწრო უნარების გამომუშავებაზე, რაც რეპეტიტორთან მომზადებით მიიღწევა. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ, აბიტურიენტები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ეს სისტემა შეგვერბილებინა: ჩვენთან, საბაკალავრო ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველს მეოთხე საგნად ნებისმიერი საგნის ჩაბარება შეუძლია, საკუთარი არჩევანის მიხედვით. ამით, რა თქმა უნდა, ვკარგავთ გრანტიან სტუდენტებს, რადგანაც აბიტურიენტები ირჩევენ იმ საგნებს, სადაც ნაკლები კონკურენციაა და შედარებით დაბალი ქულა `იგებს~. სამაგიეროდ, ვიგებთ იმით, რომ ჩვენთან მოდიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც მაღალ ქულებს იღებენ უნარების გამოცდაში და მეტად არიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულები. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ოდნავ მაინც მოვახერხეთ მისაღები გამოცდების ელიტისტურობის განეიტრალება. მართალია, რეპეტიტორობა უძველესი პროფესიაა და ამას ვერაფერს უზამ, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ უნდა დაამყარო შენი საზოგადოების მომავალი.

– რეპეტიტორობა სერიოზულ პრობლემად იქცა, უფროს კლასებში სკოლა რეპეტიტორმა ჩაანაცვლა. გასულ წელს მეთორმეტეკლასელთა უმეტესობა სკოლაში არ დადიოდა, რეპეტიტორებთან მეცადინეობდნენ...

_ წელს სკოლებში უფროსკლასელთა დასწრება გამკაცრდა. უფროსკლასელთა სკოლაში დასწრებას ახალმა სასერტიფიკაციო გამოცდებმაც შეუწყო ხელი. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, რადგან ჯერჯერობით ჩვენი საგამოცდო სისტემა, რომლის მიხედვითაც ცხრა სასერტიფიკაციო (სასკოლო) და ოთხი სასელექციო (უნივერსიტეტში მოსახვედრი) გამოცდაა, მაინც ელიტისტურია, რადგან უნივერსიტეტში მოხვედრა ოთხ გამოცდაზეა დამოკიდებული, რაც კვლავ რეპეტიტორებზე ჩამოკიდებულად ხდის მოსწავლეს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ჯერ ისევ პროცესია და არა _ პროცესის დასასრული.

_ 2010 წლიდან დაიწყო რეფორმის ახალი ეტაპი, პირველი ეტაპიდან კი ბევრი რამ გადაფასდა, გადაიხედა და ზოგიერთი შეცდომადაც შეფასდა _ ტრიმესტრული სწავლება, ინტეგრირებული სწავლება და ა.შ. ბევრი სიახლე დაინერგა _ ახალი საგნებიც დაემატა, რას გვეტყვით ამის შესახებ...
_ ფიზკულტურის გადაკეთება სპორტის გაკვეთილებად ნამდვილად კარგია, არც კულტუროლოგიაა ცუდი, თუმცა არც ერთი მათგანის სასწავლო გეგმას არ ვიცნობ და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება ინტეგრირებულ სწავლებას, ვფიქრობ, მომავალში მაინც შემოვა, რადგან ეს გარდაუვალია და, საერთოდ, სასკოლო განათლების მომავალი ისეთია, რომ აუცილებლად მივალთ ინტეგრირებულ სწავლებამდე, განსაკუთრებით _ დაწყებით და საბაზო საფეხურზე. კიდევ ვიმეორებ, ეს გარდაუვალია. რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, რომ, მაგალითად, აუცილებელია, მეშვიდე კლასში მოსწავლემ ფიზიკა და ქიმია ისწავლოს ცალ-ცალკე, ეს ასე არ იქნება, განათლების სისტემის განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე. სკოლის ბოლო, საშუალო საფეხურზე კი შეიძლება პროფილირებული _ კონკრეტული მეცნიერებების სწავლება. ეს აუცილებლად ასე მოხდება. რაც შეეხება გადაფასებას, რასაკვირველია, გადაფასდა, რადგანაც 2004 წელს დაგეგმილი განათლების სისტემა ძვირიანი განათლების სისტემა იყო. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენ იძულებულები ვართ, იაფიანი განათლების სისტემა ავაწყოთ. იაფიანი განათლების სისტემა კი სწორედ იმ ცვლილებებს მოითხოვს, რაც განხორციელდა.

_ მასწავლებელთა ატესტაციის შედეგებს როგორ შეაფასებთ?
_ ეს სურათი მოსალოდნელი იყო, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მასწავლებელთა განათლებას ყურადღება არ ექცეოდა და ინსტიტუციურად არ იყო განმტკიცებული მათი თვითგანვითარება. ეს გამოცდა მასწავლებელთა განვითარების ერთგვარი ინსტიტუციური ხელშეწყობაა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, დანამატი მხოლოდ 75 ლარია. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელმა დრო დახარჯოს და გამოცდისთვის მოემზადოს, ის გაცილებით მეტ გასამრჯელოს აიღებს რეპეტიტორობით. როგორც მოსალოდნელი იყო, კარგი მასწავლებლების უმეტესობამ არ მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ისიც ვივარუდოთ, რომ გამოცდაზე გასული მასწავლებლების ნაწილი არ არის წარმატებული თავის საქმიანობაში, არ შეუძლია დამატებითი შემოსავლის აკუმულირება რეპეტიტორობით და მისი მოტივაცია 75-ლარიანი დანამატი იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მასწავლებლები ცუდები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში უფრო იმ მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა, ვისაც სხვა შემოსავლის წყარო, თავიანთი კვალიფიკაციის გამო, არ ჰქონდათ. ეს წახალისება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ყველა მასწავლებელმა მიიღოს მონაწილეობა ამ გამოცდებში და მომზადებაზე დრო დახარჯოს.

_ ითქვა ისიც, რომ მასწავლებლები ვერ გადამზადდნენ კარგად.
_ მასწავლებლები ვერ გადამზადდნენ კარგად _ არასერიოზული ნათქვამია. მე მესმის, რომ ამ ნათქვამის უკან უფრო ინტერესთა კონფლიქტი დგას, ვიდრე საქმით რეალური დაინტერესება. მასწავლებლების უკეთესი გადამზადება არარსებულ პირობებში შეუძლებელი იყო. მთავარი იყო ის, რომ სახელფასო დანამატი, რომელსაც სახელმწიფო მასწავლებლებს დაჰპირდა, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გამოცდებში მონაწილეობის მოტივაცია მაღალი ყოფილიყო.

_ იცვლება ეროვნული გეგმები და სტანდარტები. წელს სახელმძღვანელოების ახალი სტანდარტი მივიღეთ, სავარაუდოდ, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ცვლილებები მომავალშიც იგეგმება, შესაძლოა ალტერნატიული სახელმძღვანელოების ნაცვლად, ერთი სახელმძღვანელო დამკვიდრდეს...
_ სტანდარტებში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, უფრო მოხდა ცენტრალიზაცია, რაღაცების უფრო მეტად დაზუსტება. არც მომავალში მგონია, რომ რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს. რაც შეეხება ერთ სახელმძღვანელოს, ეს არ ამართლებს, შეიძლება ამის პოლიტიკური ნება არის, მაგრამ პრაქტიკაში, არსად მსოფლიოში ერთი სახელმძღვანელო არ მუშაობს და, თუ სადმე მუშაობს, კარგ შედეგს არ იძლევა. ეს უფრო პოლიტიკური ცდებია, რაც საბოლოო ჯამში საერთო სურათს არ აფუჭებს. საერთოდ ასეთი აქცენტის გაკეთება სახელმძღვანელოებზე, თავისთავად, არასწორია, რადგან სახელმძღვანელო ძირითადი სასწავლო მასალა არ არის, ძირითადია პროცესი, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მიდის, სახელმძღვანელო უბრალოდ ამ პროცესს ეხმარება.
საინტერესოა თვითონ სახელმძღვანელოს ისტორია _ მისი შექმნა სიღარიბესთანაა დაკავშირებული. პირველი სასკოლო სახელმძღვანელო, როგორც ვიცი, აშშ-ში შეიქმნა: იმიტომ, რომ ცენტრისაგან დაშორებულ ადგილებში ერთნაირი წიგნები არ ჰქონდათ, ბავშვებს, მაგალითად, კითხვის სასწავლად, სახლიდან მოჰქონდათ სხვადასხვა წიგნები. ეს კი მასწავლებელს პრობლემას უქმნიდა. წარმოიშვა იდეა, გაეკეთებინათ სტანდარტული ტექსტების კრებული, რომელიც ყველა ბავშვს ექნებოდა და მასწავლებელს მათთან მუშაობას გაუადვილებდა _ კითხვის სწავლებას და ტექსტებზე მუშაობას. ანუ სახელმძღვანელო გაჭირვების შედეგია და არა _ წინგადადგმული ნაბიჯი და განვითარების შედეგი. თუ კარგი მასწავლებელია და სკოლას კარგი ბიბლიოთეკა აქვს, სულ არ არის საჭირო სახელმძღვანელო. კარგ მასწავლებელს შეუძლია, ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით, კარგი ბიბლიოთეკის გამოყენებით, მით უფრო ახლა _ ინტერნეტის და სხვა საშუალებების დახმარებით _ ადეკვატურად ასწავლოს და მაღალი დონის შედეგები მიიღოს. სახელმძღანელოზე ასეთი აქცენტის გაკეთება, ვფიქრობ, ცოტათი გადაჭარბებულია და თან მოძველებული ტენდენციაა. სასკოლო განათლებას და სასკოლო განათლებაში წარმატების მიღწევას საკუთარი ლოგიკა აქვს.

_ შთაბეჭდილება რჩება, რომ სკოლებში დეცენტრალიზაციის პროცესი შენელდა. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
_ განათლების სისტემაში არც ცალკე ცენტრალიზაცია და არც ცალკე დეცენტრალიზაცია წარმატების საფუძველი არ არის, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია. დეცენტრალიზაციას უფრო მეტი რეგულირება სჭირდება, ცენტრალიზაციას _ ნაკლები. რაც უფრო დეცენტრალიზებულია სკოლები, მით უფრო მეტი საზოგადოებრივი და სახელმწიფო შემოწმების მექანიზმებია საჭირო იმისათვის, რომ დეცენტრალიზებულმა სისტემამ კარგად იმუშაოს. ეს, თავისთავად, არც იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი აიწევს, არც იმას _ რომ დაიწევს. არსებობს წარმატებული სისტემები, სადაც დეცენტრალიზაციის ხარისხი მაღალია ან პირიქით _ დაბალი. მაგრამ იმის თქმა, რომ დეცენტრალიზაციის ხარისხი უნდა იყოს მაღალი იმისათვის, რომ კარგი შედეგები გვქონდეს, არასწორია. დღეს მივიღეთ სისტემა, რომლის მიხედვითაც სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში არიან სკოლები, ანუ ის არის სკოლების არა შემმოწმებელი (როგორც ეს იყო 2004 წლის სისტემით), არამედ _ მმართველი. ვნახავთ, როგორი შედეგი ექნება ამ სისტემას, არის პლიუსებიც და არის მინუსებიც. საბოლოო ჯამში, გარკვეული ტიპის დელეგირების გარეშე შეუძლებელია ამხელა სასკოლო სისტემის მართვა, თუმცა შეიძლება ეს დელეგირება მოდიოდეს როგორც ცენტრალიზაციიდან, ისე დეცენტრალიზაციიდან. ასე რომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ვნახოთ, როგორ სისტემას ააწყობს სამინისტრო.

_ რეფორმის ახალი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სკოლებში მანდატურების შეყვანაა, რასაც საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს. თქვენი აზრით, მანდატურის სამსახური არის `უსაფრთხო სკოლის~ შექმნისთვის შესაფერისი ფორმა?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ სკოლაში მასწავლებლები და დირექტორები ვერ აკონტროლებენ მოზარდებს და ვერ ახერხებენ, თუნდაც, ძალადობის პრევენციას, საჭიროა რაღაც ზომის მიღება. არის აზრი, რომ მანდატური დირექტორის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჩემი აზრით, დირექტორის დაქვემდებარებაში ისედაც არიან მასწავლებლები, რომლებიც ამ სიტუაციას ვერ ფლობენ და ძალადობას ვერ ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გამიგია, როცა მანდატურებმა ვერ გაამართლეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ძირითადად, როგორც ვიცი, მანდატურების დანიშნულება სკოლაში არსებული ძალადობის პრევენციაა, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორისაც არსებობს. ბუნებრივია, ისინი ამ მიმართულებითაც მუშაობენ. ეს, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ზომაა, არ შეიძლება შენ გქონდეს სისტემა, სადაც მანდატური ცალკე ხაზი იქნება, მაგრამ, როგორც მოკლევადიანი საშუალება, ვფიქრობ, გაამართლებს.
დასამალი არ არის, რომ საქართველოს სკოლებში მასწავლებლების მხრიდან საკუთარი პოზიციების ბოროტად გამოყენების ხშირი შემთხვევებია, ეს სრულიად მოსალოდნელია იმ სისტემაში, სადაც მასწავლებლების მომზადებისა და სტიმულირების ტექნოლოგიებს წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, რის შედეგადაც ასეთი სისტემა მივიღეთ. მანდატური არ არის სისტემური მიდგომა, ეს ცეცხლის ჩაქრობის მცდელობაა, უმეტეს შემთხვევაში _ აქრობს, ზოგ შემთხვევაში _ ვერ აქრობს, ასეთი შემთხვევების რაოდენობა უფრო მცირეა.

_ კიდევ ერთი ხმაურიანი პროგრამა _ `ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის~.
_ ეს პროგრამა პოლიტიკურად საკამათო უფრო გახდა, როგორც ჩანს, მაგრამ თავისთავად კარგია. ამ მიმართულებით `მშვიდობის კორპუსი~ მუშაობდა და შედეგებიც ჰქონდა ინგლისური ენის სწავლებაში. ასე რომ, ამ მაგალითის გათვალისწინებით, პროგრამას `ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის~ შედეგი ექნება.

_ თქვენ, როგორც განათლების რეფორმის თანამონაწილემ, იქნებ შეაფასოთ, რა წარმატება და რა ჩავარდნა იყო რეფორმის მიმდინარეობისას?
_ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა მთლიანად წარმატებული იყო, მიუხედავად იმ ჩავარდნებისა, რაც არსებობდა. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, სასკოლო განათლების სისტემა წარმატებულია თუნდაც იმის გამო, რომ პოლიტიკოსების კამათისა და ზრუნვის საგანი გახდა. მოგეხსენებათ, 2003 წლამდე სასკოლო განათლებაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. ის, რომ სისტემა იცვლება, უკვე წარმატებაა; ის, რომ ეს საბოლოო სახე არ არის, წარმატებაა; ის, რომ სასწავლო გეგმების მიხედვით (სხვა საკითხია, რა სიხშირით და როგორ იცვლება სასწავლო გეგმები) ხდება სწავლების შინაარსის განსაზღვრა და არა სახელმძღვანელოების მიხედვით, ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2004 წლამდე, ფაქტობრივად, სახელმძღვანელოების ავტორები საზღვრავდნენ სასწავლო შინაარსს და ფორმალური სტანდარტები არსებობდა. ასე რომ, რაღაც წარმატებულია, რაღაც _ წარუმატებელი.
მასწავლებლების სერტიფიცირებაც წარმატებაა, როგორც იქნა დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, დახვეწა სჭირდება _ სტიმულირება საკმარისი არ არის. ის, რომ სისტემა საკუთარი დანახარჯების ადეკვატური ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ ძვირ სისტემას იაფად, ვაკეთებთ იაფ სისტემას შესაბამისი ქულით, ეს კი პოლიტიკური სიმწიფის ნიშანია _ როცა შეუსრულებელ მიზნებს არ სახავ. თუმცა, ბუნებრივია, როცა მოდიხარ პრინციპულად წარუმატებელი სისტემიდან (რომელიც 2003 წლამდე გვქონდა), ძნელია ყველაფრის შეცვლა, რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც იქნება. საბოლოო ჯამში, მთავარია, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ბევრჯერ მოუხეშავი, ბევრჯერ უხერხული, ბევრჯერ სასაცილო ზომებიც კი ხორციელდება, მაგრამ, რაც მთავარია, მუშაობა მიმდინარეობს და რაღაც ხორციელდება. საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით, მაინც მიდის პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე კამათი, პროცესების სტატისტიკური შედეგები არ გვაქვს, მეტიც, სისტემამ გარკვეული ტიპის სტაბილურობას უნდა მიაღწიოს, რომ, დაახლოებით, ათი წლის შემდეგ მისი შედეგები შევაფასოთ. ჯერჯერობით, სისტემა ძალიან ტურბულენტურია და ცვლილებების პროცესშია, ამიტომ შედეგებზე ვერ ვილაპარაკებთ. შეიძლება საზოგადოების ერთმა ნაწილმა თქვას, რომ პოლიტიკურად ეს მომგებიანია და რაღაც შედეგებს მივიღებთ, მეორე ნაწილმა კი განაცხადოს, რომ ამ შედეგებს ვერ მივიღებთ. ერთი რამ ცხადია, ჯერ სისტემას სტაბილური სახე არ მიუღია, მხოლოდ სტაბილური სახის მიღების შემდეგ შეგვეძლება შედეგებზე საუბარი.

_ დაიწყო უმაღლესი სასწავლებლების ახალი ავტორიზაცია. რითია ეს განპირობებული?
_ უმაღლესი სასწავლებლების ახალი ავტორიზაცია განპირობებულია უფრო საერთაშორისო მდგომარეობით უმაღლეს განათლებაში, ვიდრე შიდა პრობლემებით, რადგანაც შიდა პრობლემებს აკრედიტაცია საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა. ავტორიზაცია დაიწყო იმიტომ, რომ საზღვარგარეთ, მაგალითად, ევროპაში, ამერიკაში ლიცენზირებული სასწავლებლის დიპლომი ითვლებოდა სახელმწიფო აღიარების მქონედ. რას ნიშნავს ეს? როდესაც ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული სასწავლებლის მოწმობა გადიოდა საზღვარგარეთ, მომართვის შემთხვევაში, სამინისტრო ადასტურებდა, რომ ეს დიპლომი გაცემულია ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ, ფაქტობრივად, ამით სახელმწიფოს ირიბად უწევდა დიპლომის აღიარება, თუმცა ლიცენზირება სულ არ ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფო იმავე დიპლომს ჩვენს ქვეყანაში აღიარებდა. ავტორიზაცია პროცესს გაამკაცრებს, რომ სახელმწიფომ მართლა აღიაროს დიპლომი და არ მოუხდეს ისეთი დიპლომის აღიარება, რაც მას არ სურს. ეს უფრო საერთაშორისო ვალდებულებებით განპირობებული სისტემური ცვლილებაა, ვიდრე შიდა ვალდებულებებით. ქვეყნის შიგნით ყველაფერი გარკვეული იყო, თუ სასწავლებელს არ ჰქონდა აკრედიტაცია, მის დიპლომს სახელმწიფო არ აღიარებდა, თუმცა, როცა რაღაც ვალდებულება გაქვს სასწავლებელზე აღებული, უცხოეთში ეს აღიარებად აღიქმებოდა. სწორედ ამ უხერხულობის გამოსასწორებლად ტარდება ავტორიზაცია.
_ დაბოლოს, რა სიახლეებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?
_ ილიას უნივერსიტეტი როგორც სასწავლო სისტემით, ისე სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციით საერთოდ ახალია, საქართველოში მსგავსი უნივერსიტეტი არ არსებობს. სასწავლო სისტემას რაც შეეხება, ეს არის ჩრდილო ამერიკული და კანადური სისტემა, როდესაც სტუდენტი არ ირჩევს თავიდანვე ვიწრო სპეციალობას, ზოგად ტალღაში შედის და ერთი წლის შემდეგ ირჩევს ძირითად და მეორე პროგრამას. ეს ლიბერალური განათლების სისტემაა. მეცნიერების ორგანიზიაციას რაც შეეხება, ილიას უნივერსიტეტი ხაზგასმულად კვლევითი უნივერსიტეტია, ანუ ამ უნივერსიტეტის მთავარი მიზანი კვლევების ჩატარებაა, ამიტომ კვლევითი დატვირთვა ის მთავარი პრიორიტეტია, რომელზეც ჩვენი უნივერსიტეტი მუშაობს. აქედან გამომდინარეობს ყველა ის სასწავლო გეგმა, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება. ეს ისეთი სისტემაა, რომელსაც, ჯერჯერობით, არც ერთი უნივერსიტეტი არ იმეორებს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

25-28(942)N