2017-01-26 ბავშვის ინტერესები და სოციალური ნორმები
ლალი ჯელაძე
გასულ კვირას საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია იმერეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის 15 წლის მოსწავლის ორსულობამ. ფაქტი განსაკუთრებით იმის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი იმავე სკოლის 40 წლის მანდატურმა დაამყარა. გოგონა ხუთი თვის ორსულია, ამის შესახებ სკოლის დირექტორს ექიმმა შეატყობინა. ოჯახი კი ჩივილს არ აპირებს, ვინაიდან ყოფილი მანდატური გოგონაზე დაქორწინების პირობას დებს. რომ არა ფაქტის საქვეყნოდ გახმაურება, როგორც ჩანს, ყველაფერი მხარეების გარიგებით დასრულდებოდა და ერთი „ტრადიციული ქართული ოჯახის“ შექმნით დაგვირგვინდებოდა. ასე გადაარჩენდნენ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის ქალიშვილის სახელის შებღალვას მშობლები, რომლებიც, რეალურად მოძალადე მანდატურის პირსწორად უფრო გვევლინებიან, ვიდრე გოგონას ინტერესებისა და უფლებების დამცველებად. არადა, მანდატურიც სწორედ ამ საქმის მსახურია, მას სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და მოსწავლის ძალადობისაგან დაცვა ევალება.
მანდატური 40 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს. 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში ერთი წლის წინ გადავიდა. სკოლიდან უკვე განთავისუფლებული მანდატურის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
„მანდატური, რომელმაც 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, აუცილებლად დაისჯება. — აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა — მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხევის გამო. ეს ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. თუმცა, ამის გამო, ჩვენ მანდატურის მუნდირს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. დასჯა აუცილებლად მოხდება, სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს.“
ამ შემთხვევას აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ამბობს, რომ სხვაგვარი შეფასება მას არ შეიძლება მიეცეს. მთავარია, დროულად მოხდეს რეაგირება, რადგანაც მისი თქმით, ერთ-ერთი პრევენციული მექანიზმი, სწორედ დროული და სწორი რეაგირებაა.
დღევანდელი მონაცემებით, 1300-მდე მანდატური 300 ათასზე მეტ ბავშვს ემსახურება 400-ზე მეტ სკოლაში და მათზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შვიდწლიანი ისტორიის მქონე მანდატურის სამსახურისთვის ასეთი სერიოზული ტიპის დარღვევა პირველია და მას მინისტრის მოადგილე „გამონაკლის ცუდ შემთხვევას“ უწოდებს. მისი თქმით, ეს საქმე ერთ-ერთი სასწავლო ქეისი გახდება მანდატურების მოსამზადებელ კურსშიც. რაც შეეხება მანდატურის სამსახურის განვითარებას, ლია გიგაური მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მისი განვითარება გაჩერდეს, რადგანაც გამოწვევებიც ყოველდღიურად სხვადასხვაა. „მანდატურები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტიპისა და დონის ტრენინგებს და ამაში აქტიურადაა ჩართული მანდატურის მსოფლიო ორგანიზაცია. ისინი ჩვენს მანდატურებს ტრენინგებს უტარებენ. თუმცა, რასაკვირველია, სამსახური კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და მეტად უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის უფლებების დაცვაზე, ამასთანავე მანდატური თვითონ უნდა იყოს განმანათლებელი უფლებებთან დაკავშირებით მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის და მშობლისთვის. სწორედ მან უნდა მოახდინოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის პირველი იდენტიფიცირება და დროული რეაგირება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მანდატურის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას და დროულ და სწორ რეფერირებას“.
ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რამდენად კარგად ართმევს თავს მანდუტურის სამსახური იმ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება და ვინ უწევს კონტროლს ამ ადამიანების საქმიანობას? როგორც ირკვევა, მანდატურის სამსახურის მონიტორინგი რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს. მანდატური ასრულებს თუ არა დაკისრებულ ფუნქციას (რა თქმა უნდა, ალბათ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევებიც იარსებებს) ამაზე პასუხისმგებელი კიდევ ერთი პირია და ეს სკოლის დირექტორია. ასევე, თვითონ მანდატურის სამსახურის სააგენტო, კოორდინატორების საშუალებით, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.
იქონიებს თუ არა გავლენას კონკრეტული შემთხვევა მანდატურებისადამი არსებულ ნდობაზე, ამის შესახებ ლია გიგაური ამბობს, რომ: „ამ სამსახურს ნდობა ნამდვილად აქვს და ცალკეული გამონაკლისები არ განაპირობებს ნეგატიურ დამოკიდებულებას. რომ არა ნდობის დიდი ფაქტორი, მაშინ არ იქნებოდა ასეთი დიდი მოთხოვნა სკოლის, მშობლის თუ დირექციის მხრიდან. თავისთავად, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მშობლებს უნდა ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა, რომ მათი შვილები სკოლაში დაცულები არიან და უსაფრთხო გარემო აქვთ.“
ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის მენეჯერი: „არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი იმ მოცემულობით, როგორც კონკრეტული ფაქტით ვიხილეთ, სისხლის სამართლის დანაშაულია და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო (და ასეც მოხდა) გამოძიების დაწყება. ამას სხვა ახსნა-განმარტება არ სჭირდება, საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტით, შავით თეთრზეა დაწერილი.
რა ვალდებულებები აქვთ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებებს — სკოლას, განათლების სამინისტროს თუ სხვ. როდესაც საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, მათი ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირება. ყველა სხვა ჩარევა, რომელიც, ასე ვთქვათ, მიზნად ისახავს გაუხმაურებლად დატოვოს ეს ფაქტი თუ „რბილად მოაგვაროს“, ეს იქნება როგორც კანონმდებლობის, ისე ბავშვის უფლებების დარღვევა. ამიტომ, ალტერნატიული არჩევანი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ თავიანთ ვალდებულებებში სახელმწიფო უწყებები გაცნობიერებული არ არიან და, შესაბამისად, მათი მხრიდან არ ხდება ხოლმე ერთმნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.
აუცილებლად მინდა, საზოგადოების დამოკიდებულებას შევეხო და გითხრათ, რომ ერთი პრობლემაა, რომ ბავშვზე ძალადობა განხორციელდა, მეორე, არანაკლებ პრობლემად ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია ის, რომ ამის შემდეგ, ფაქტობრივად, არასრულწლოვანი შეიძლებოდა ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი გამხდარიყო და პირველ დანაშაულს მეორე დანაშაული დამატებოდა. შეგნებულად დაირღვეოდა მისი კიდევ ერთი უფლება და შესაძლოა, ის იძულებით გახდეს სამუდამო მსხვერპლი. ხშირად საზოგადოება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რას იტყვის მესამე პირი და საერთოდ არ ფიქრობს, რა არის ბავშვის ინტერესები. არადა უპირველესი სწორედ მისი ინტერესების დაცვაა, მით უფრო, 15 წლის გოგონასი, რომელიც ისედაც ტრავმირებულია და იძულებითი ქორწინებით კიდევ ერთხელ ძალადობენ მასზე. ჩვენი ორგანიზაციისთვის ორივე ერთნაირად მიუღებელია, ამიტომაც აუცილებელია ძალადობის მსხვერპლთან ბავშვთა დაცვის სახელმწიფო უწყებებმა იმუშაონ და გოგონას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ჩაუტარონ. სასურველია, მასთან სოციალურმა მუშაკმაც იმუშაოს, ასევე საჭიროა მუშაობა მშობლებთანაც, რადგან მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ვალდებულებები აქვთ და როგორ უნდა დაიცვან თავიანთი შვილის უფლებები. კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ოჯახი თავადაც გვევლინება მოძალადედ, რადგანაც იძულებითი ქორწინების მომხრეა და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რას იტყვის საზოგადოება და არა იმას, რა არის ბავშვის ინტერესი. ისიც სამწუხაროა, რომ მათთვის ცნობილი არ არის ბავშვის რა უფლებებს არღვევს ადრეული ქორწინება, რომ ამით მათი შვილის ჯანმრთელობის, ასევე განათლების, პროფესიის არჩევისა თუ სხვა უფლება ირღვევა. ამიტომ, გამოსავალი იძულებით ქორწინებაში მოიფიქრა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ჩარევა და, მეორე მხრივ, ბავშვზე ზრუნვა — რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია, ის ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნოთ. ამდენად, მომხდარის შემდეგ უმთავრესი დანაშაულზე რეაგირება და ბავშვის ინტერესების დაცვაა.“
რა რეაგირება მოახდინა მანდატურის სამსახურთან არსებულმა ფსიქოლოგიურმა ცენტრმა, გაუწია თუ არა გოგონას დახმარება — ამის შესახებ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ზარდალაშვილმა განაცხადა, რომ „ფსიქოლოგიური სამსახური, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაერიოს, როცა მას მომართავენ. აქამდე კი, ჯერ არავის მოუმართავს. ფსიქოლოგიური სამსახური მთლიანად ნებაყოფლობითია, აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი ძალით ვერავისთან მივა. გვიკვირს კიდეც, დახმარებისთვის ჯერ არავინ რომ არ მოგვმართა — არც ყოფილმა მანდატურმა და არც ბავშვის მხრიდან არავინ.“ თუმცა მისი, როგორც ფსიქოლოგის, აზრით არა მხოლოდ კონკრეტულ, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ ასაკში ქორწინება გაუმართლებელია და მისი სუბიექტური აზრით, 25 წლამდეც არ არის სასურველი გოგოს გათხოვება, რადგან, როგორც წესი, ამას ძალიან ბევრი პრობლემა მოჰყვება ხოლმე. „ერთია, მე რა მიმაჩნია სწორად და მეორე, ის სოციალური გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს. კანონის გათვალისწინებით, როგორ დასრულდება ეს ქეისი არ ვიცი, მაგრამ საქართველოში, განსაკუთრებით პერიფერიაში მცხოვრებისთვის როგორ სჯობს, კიდევ საკითხავია. სავარაუდოდ, ის საზოგადოების მხრიდან წნეხში მოჰყვება იმის გამო, რომ შვილს ქორწინების და მამის გარეშე გააჩენს. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ნაადრევ ქორწინებას, ბოლოს და ბოლოს მე-14 საუკუნეში ხომ არ ვცხოვრობთ. ეს შემთხვევა კი, ვფიქრობ, მხოლოდ ძალადობის ფაქტად კი არა, პედოფილიის ფაქტადაც შეიძლება შევაფასოთ.“
გარდა იმისა, რომ კონკრეტული შემთხვევა ძალადობაა და ეს სერიოზული დანაშაულია, როგორც ჩანს, არასრულწლოვანთა ქორწინებაც უკვე სერიოზულ თავსატეხად იქცა, ადრეული ქორწინების მიმართ ქართული საზოგადოება გულგრილი არ არის. მინისტრის თქმით, ძალიან სამწუხაროა საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. „ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ საზოგადოება მაინც რჩება ტოლერანტული, რაც პრინციპში კარგი არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ განათლებით, პირველ რიგში, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშაობით, ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიუღებლობა დავანახოთ,“ — აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„საკუთარი უფლებების სწავლება ბავშვისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი (ხანდახან მეტადაც) უნდა იყოს, როგორც ამა თუ იმ საგნის. ის ვერ გამოიყენებს ამ აკადემიურ ცოდნას, თუკი მისი უფლებები იქნება დარღვეული, თუ სექსუალური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იქნება.“ — ამბობს ანა არგანაშვილი.
როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვებს ძალადობისგან და არის თუ არა ეფექტური მათი დაცვის მექანიზმები, როგორ მუშაობს მანდატურის სამსახური სკოლებში, ამის შესახებ გვესაუბრება მაია ქურციკიძე, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
— პირველ რიგში, თავად ფაქტს შევაფასებ, სრულწლოვანის მხრიდან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი, თუნდაც მისი თანხმობით, დაუშვებელია და მიჩნეულია ბავშვის მიმართ ძალადობად. ნებისმიერი ქმედება 16 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ სრულწლოვნის მხრიდან დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით, თუნდაც ეს არ შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს.
განსაკუთრებით მძიმეა, თუ ძალადობა იმ პირის მხრიდანაა, რომელსაც თავად ევალება ამგვარი ფაქტების გამოვლენა, მათზე რეაგირება და ბავშვის დაცვა ძალადობისაგან. მანდატურის სამსახური ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტია და აკისრია ამგვარი ფაქტების გამოვლენის და გადამისამართების პროცედურა.
კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის შესახებ, რამაც შექმნა ბავშვების ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩო. გარდა ამისა, ეროვნულ დონეზე, 2010 წლიდან არსებობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. აღნიშნული მექანიზმი ავალდებულებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს, მოახდინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება. 2016 წლის სექტემბერში დამტკიცდა მთავრობის ახალი დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ, რომლის თანახმადაც გაფართოვდა აღნიშნულ მექანიზმში მონაწილე სახელმწიფო უწყებების არეალი და კერძოდ, მან მოიცვა ყველა სახელმწიფო უწყება, მანდატურის სამსახური, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო, სამედიცინო და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები.
ყველა დაწესებულება და ორგანო, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი იმყოფება, ვალდებულია, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეატყობინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და აწარმოოს შემთხვევის მართვა დადგენილების შესაბამისად. ამავე დროს, მათ უნდა შეიმუშაონ შესაბამისი შიდა ინსტრუქციები. სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს ძალადობის ფაქტების გამოვლენას, ძალადობის შემთხვევის მართვას, პირების კონსულტირებას, ბავშვისთვის დაბადების რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვების/მიღების მიზნით დახმარებას. სააგენტო, აგრეთვე, გადაუდებელ შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით, უზრუნველყოფს ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის ან მოძალადისაგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
იუნისეფის კვლევებით გამოვლინდა, რომ რეფერირების მექანიზმში ჩართული პროფესიონალები კარგად არ იცნობენ საკუთარ ვალდებულებებს. მაგ. სკოლებში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების და მანდატურების) 46%-მა განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ შეტყობინება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ძალადობა მძიმე ფორმისაა და რამდენჯერმე განმეორდა. ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60% ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ. პროფესიონალები ვალდებულები არიან, მოახდინონ რეაგირება ძალადობის ფაქტებზე. დაწესდა ადმინიტრაციული სასჯელები მათთვის, ვინც არ მოახდენს რეაგირებას.
— როცა მოძალადეს როლში სწორედ მისი დამცველი გვევლინება, როგორ ფიქრობთ, უზრუნველყოფს მანდატურის სამსახური სკოლაში უსაფრთხო გარემოს?
— უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მანდატურები კარგად იცნობდნენ თავიანთ ვალდებულებებს. არსებობს ეთიკური სტანდარტები, ქცევის ნორმები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველასათვის, ვინც სკოლაში მუშაობს. თუმცა, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის მხოლოდ მანდატურის სამსახური საკმარისი არაა და უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ძალადობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სკოლებში პოზიტიური, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, მასწავლებლების მომზადება, ქცევის წესებისა და შიდა განაწესის შემუშავება, ბავშვების ჩართულობა, შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ა.შ. საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, სადაც მანდატურის სამსახურს თავისი როლი ექნება. სწორედ სკოლიდანვე უნდა სწავლობდეს ბავშვი, როგორ ჩამოყალიბდეს აქტიურ მოქალაქედ, გათავისებული ჰქონდეს ტოლერანტობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, პრობლემების მოგვარება არაძალადობრივი მეთოდებით.
— რა აქცენტები ან რა ტიპის ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად?
— საჭიროა, პროფესიონალები უკეთ იყვნენ მომზადებული და უკეთ იყოს ფორმულირებული მათი ვალდებულებები რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით და, პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიღებული იქნეს ზომები.
მთავარია, რომ ბავშვი დაცული იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან და ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა არის ძალადობა, რომ მის მიმართ კონკრეტული ქმედება სრულწლოვნის მხრიდან იქნება ძალადობა, რაც დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ბავშვთა მიერ ინფორმაციის მიღება სექსუალური ძალადობის, ასევე საკუთარი თავის დაცვის საშუალებათა შესახებ, მათი განვითარების დონის შესაბამისად.
ბავშვი უნდა იყოს ნებისმიერი ქმედების ცენტრში და ყველა ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მისი ინტერესები საუკეთესოდ იყოს დაცული. ბავშვი დაცული უნდა იყოს სისტემის მხრიდან — კანონმდებლობა, ინსტიტუციონალური მექანიზმები, სკოლა, მანდატურის სამსახური და ყველა უწყება, რომლებსაც შეხება აქვს ბავშვთან, პროფესიონალები უნდა იცნობდნენ თავიანთ ვალდებულებებს და ახდენდნენ რეაგირებას.
იმისთვის, რომ ამ ინსტიტუციურმა მექანიზმმა სათანადოდ იმუშაოს, უმნიშვნელოვანესია, ყველამ ვიაქტიუროთ და ამოვიღოთ ხმა, როდესაც ვხედავთ ძალადობას. საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს ბავშვის მიმართ ძალადობა. იმაზეც უნდა დავიწყოთ დისკუსია, თუ რა იწვევს ძალადობას, რა არის ამის მიზეზები. ამჟამად ჩვენ შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე. საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმები უნდა შეიცვალოს.
— ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოჯახი, გარკვეულწილად, არის თუ არა მეორე მოძალადის როლში, როდესაც გამოსავალს ქორწინებაში ხედავს?
— ეს მიუღებელია. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინების ასაკი არის 18 წელი. შესაბამისად, 18 წლამდე არასრულწლოვნის ქორწინება აკრძალულია. ადრეული ქორწინებაც ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმაა.
გარდა ამისა, არავის აქვს უფლება, აიძულოს ბავშვი, დაქორწინდეს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი პირის, მათ შორის, მშობლების მხრიდან ბავშვის იძულება ქორწინებაზე ან ნებისმიერ არარეგისტრირებულ კავშირზე დასჯადია.
ადრეული ქორწინება საზიანო გავლენას ახდენს გოგონების განვითარებაზე: შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები ორსულობისას და მშობიარობისას; ერთმევათ განათლების მიღების შესაძლებლობა, ტოვებენ სკოლას, რაც მათ ართმევს უფლებას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ, დამოუკიდებლები გახდნენ, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვონ და თავად მიიღონ გადაწვეტილებები თავიანთ ცხოვრებაზე; ნაკლებია დასაქმების პერსპექტივაც; ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის წევრების მხრიდან, რამდენადაც არ შეუძლიათ თავის დაცვა. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გოგონებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განათლების მიღების და განვითარების შესაძლებლობა და თავად გადაწყვიტონ, როდის და როგორ შექმნან ოჯახი.
სოციალური ნორმები და მავნე ტრადიციები გადასახედია, საზოგადოებაში აქტიური დისკუსია უნდა დაიწყოს მავნე ტრადიციებისა და სოციალური ნორმების შესაცვლელად.
|