გამოდის 1998 წლიდან
2010-11-10
ექსპერიმენტების სკოლა

სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემოღებას თბილისის 142-ე საჯარო სკოლაშიც (დირექტორი _ სოსო ლაგვილავა) მიჰყვნენ და დროის მოთხოვნას დროულად აუბეს მხარი. მით უფრო _ ამ სკოლას ისედაც დიდი სპორტული ტრადიციები აქვს და მათთვის ეს რთული არ იყო. მშობლებთან და მოსწავლეებთან მოთათბირების შემდეგ აქცენტი სათამაშო სახეობებზე _ ფეხბურთზე, კალათბურთსა და ფრენბურთზე გააკეთეს, რადგან, ძირითადად, ტრადიციებიც და ბაზაც უფრო ამ სახეობებში აქვთ.
სპორტის გაკვეთილები, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად იწყება _ IV კლასამდე ყველასთვის საერთოა და ის საერთო მომზადებაში სპორტის ძირითად პრინციპებს ეყრდნობა, არჩეულ სახეობებში მეცადინეობები კი ამის შემდეგ ტარდება. ოღონდ ესეც დიფერენცირებულია _ IV-VII კლასებში კალათბურთს ასწავლიან, VII-IX _ ფეხბურთს, ზედა კლასებში კი _ ფრენბურთს. ამ სისტემაზე გადასვლისას სკოლამ ექსპერიმენტებს მიმართა. კერძოდ, დიფერენცირება მხოლოდ VII კლასიდანაა ნებადართული, მაგრამ მათ ადრევე გადაწყვიტეს გადასვლა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ სახეობის ანბანის შესწავლა ადრეც შეიძლება, ხოლო VII კლასი უკვე დაგვიანებულია.
შემთხვევითი არც ისაა, რომ მეორე საფეხურზე, ანუ სპორტის დიფერენცირებული სწავლების პირველ ეტაპზე კალათბურთით იწყებენ _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპორტის ეს სახეობა ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, მოქნილობას, ანუ აქცენტი ათლეტიზმზე გააკეთეს.
ექსპერიმენტია ისიც, რომ ცალკეულ ასაკში პარალელურ კლასებს ამ სახეობების არჩევის უფლება არ მისცეს და ყველა საერთო ჩარჩოში მოაქციეს. მაგალითად, კალათბურთი სავალდებულოა ამ ასაკის ყველა პარალელური კლასისთვის, ფეხბურთი _ მეორე საფეხურის ყველა კლასისთვის და ასე შემდეგ. აქ მოტივი ასეთია _ აჯობებს, ერთი ასწავლო და საფუძვლიანად, ვიდრე ყველაფერი _ ცოტა-ცოტა და არასრულყოფილად. თუმცა, მთავარ სიახლედ ის მიმაჩნია, რომ სამივე არჩეულ სახეობაში, ვაჟებთან ერთად, გოგონათა გუნდებიც გააკეთეს. ოღონდ ისე ნუ გავიგებთ, თითქოს, იმ მოცემულ ასაკში არჩეული სახეობის გარდა სხვას არ ათამაშებენ. მაგალითად, მოსწავლეთა სურვილისამებრ, იმავე კალათბურთის სპეციალიზაციის კლასებში შეიძლება ფეხბურთიც ათამაშონ, ფრენბურთიც, სხვა სახეობაც და _ პირიქით.
ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არც ის ბავშვები რჩებიან, რომლებსაც სპორტის სხვა სახეობები იტაცებთ. მით უფრო, ჰყავთ სხვა სახეობებში პროფესიულ დონეზე მოვარჯიშე ბავშვებიც. მათთვის სპორტის გაკვეთილების გვერდით სპორტული სექციები მუშაობს, სადაც კონკრეტული სახეობით დაინტერესებული ბავშვები ემზადებიან. ჯერჯერობით ეს სექციები უფასოა, მაგრამ სკოლაში არც მალავენ, რომ სამომავლოდ ასე გაუჭირდებათ და საბაზრო ეკონომიკის კანონები მათაც ფასიან სწავლებაზე გადასვლისკენ უბიძგებთ.
სპეციალისტთა მხრივ სკოლა წელგამართულია, რადგან აქცენტი `ნაცნობ~ სახეობებზე გააკეთეს და არც მასწავლებელთა ძებნა დასჭირვებიათ. ერთადერთი, მხოლოდ ფეხბურთის მწვრთნელი მოიწვიეს, დანარჩენები კი ადგილზე ჰყავდათ. ცხადია, სკოლაში იყვნენ ფიზკულტურის ისეთი მასწავლებლები, რომლებიც არჩეულ სახეობებში ვერ მოხვდნენ. ისინი დაწყებით კლასებში და ზემოაღნიშნულ სექციებში გადანაწილდნენ.
თუმცა ამ ყველაფრის გვერდით, სკოლისთვის ძალიან დიდი, ლამის მოუგვარებელი პრობლემაა სპორტული არენები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ადრეც დაგვიწერია, რომ ამ სკოლას ღია მოედნები, პრაქტიკულად, არ აქვს _ ფიზიკურად რაც გააჩნიათ, `გზას ვამბობ, თორემ რა გზაას~ მდგომარეობაშია. იქ სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ჩატარება შეუძლებელია. სკოლას დახურული დარბაზი კი გაურემონტეს, რაც მათ მდგომარეობაში ძალზე დიდი შენაძენია, ამან მოსწავლეებსაც დიდი სტიმული მისცა, მაგრამ ამდენი ბავშვისთვის _ ძალზე პატარაა. არენების პრობლემას ინვენტარის დეფიციტიც ემატება _ საკუთარი სახსრებით მის შეძენას ვერ ახერხებენ და ისევ სამინისტროს იმედად არიან. სამინისტრო ინვენტარით იმ სკოლების მომარაგებას აპირებს, სადაც ბაზების კეთილმოწყობა დასრულდება, მაგრამ ჯერ სწორედ კეთილმოწყობის პროცესი არ დამთავრებულა და ინვენტარიც ამიტომ იგვიანებს. თუმცა, შეთანხმება ძალაშია და ამის იმედად არიან.
დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი ფუჭად ჩაივლის, თუ მოსწავლეები შეჯიბრებებში ვერ გამოვლენ და ამაზეც იზრუნეს. როგორც სკოლაში გვითხრეს, მათი მოდელი სამინისტრომ სამაგალითოდ აიღო, არსი კი იმაშია, რომ პირველ სემესტრში სკოლაში ტარდება შიდა სასკოლო პირველობები, მეორე სემესტრში _ რაიონული, საქალაქო და ბოლოს _ რესპუბლიკური. უფრო დიდ ასპარეზზე გასვლის პერსპექტივა მოსწავლეებისთვის დამატებითი სტიმულია სპორტში ჩასაბმელად. ამასთან, ხელს უწყობს მათი მონაცემების წარმოჩენას.
ამ სკოლამ ჯერ კიდევ შარშან, დაამყარა ურთიერთობა საჩხერის რამდენიმე სკოლასთან, როცა იქაურობას აკაკი წერეთლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ესტუმრა, წლეულს კი მათთან სპორტული პაექრობებიც იგეგმება. სკოლა ასევე მეგობრობს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლიურ ბაკურიანის სკოლასთან. სპორტული ურთიერთობები მათ შორისაც დამყარდა.
ეს სკოლა ერთ-ერთი იყო იმათგან, რომლებიც უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით საქართველოში ბავშვთა სპორტის განვითარების, სპორტში მოზარდთა ჩაბმის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. აქ რეფორმის არსს ძირითადად მიესალმებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა მონაცემების წარმოჩენას, ამა თუ იმ სახეობაში, ადრეულ ასაკში. ამბობენ, ეს ყველაფერი ცხოვრებაში სრულყოფილად თუ გატარდება, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ შიშობენ, მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩესო. აქ კარგად ხედავენ ისეთი აუცილებელი ელემენტის საჭიროებასაც, როგორიც საკლუბო სისტემაა და რამდენიმე წლის წინ თვითონაც გააკეთეს, მაგრამ აქ უკვე საკანონმდებლო აბლაბუდაში გაიხლართნენ _ კლუბს საკუთარი მოზიდული თანხებით უნდა ეარსება, მოსწავლეებში ფულის აკრეფის ნება კი არ ჰქონდათ. საერთოდაც, საკლუბო სისტემა მაღალი მიღწევების სპორტში, სპორტული ფედერაციების საქმიანობაშიც კი `აქილევსის ქუსლია~ _ მართვის ძველებურ მიდგომებს მიჩვეული ქართული მენტალიტეტი დასავლურ სისტემას აქამდე ვერ ეგუება, მაგრამ გამოსავალი ამაშია.
როგორც გითხარით, სკოლაში რეფორმას მიესალმებიან, თუმცა ყურადღება ისეთ პრობლემებზეც გაამახვილეს, რაც საყოველთაო ვითარების ბრალია და მას სხვაგვარი, ბევრად ფართომასშტაბიანი რეფორმა სჭირდება. მაგალითად, სკოლა ვერაფრით დააკმაყოფილებს საცურაო სახეობებით დაინტერესებულ მოზარდთა მოთხოვნებს, რადგან საცურაო აუზი არათუ ამ სკოლაშია პრობლემა, ზოგადად _ მთელ ქვეყანაში. საცურაო აუზი ახლომდებარე სკოლებშიც კი არ აქვთ. მათ არ უთქვამთ, მაგრამ, ალბათ, იგივე პრობლემა იქნება მძლეოსნობაშიც _ ქვეყანაში სარბენი ბილიკების და მძლეოსნური დარბაზების დიდი დეფიციტია, რაც პირდაპირ ურტყამს ქართულ სპორტს, ვინაიდან `სპორტის დედოფალი~ ყველა სახეობას სჭირდება. როცა ლაპარაკია 21-ე საუკუნის სკოლაზე, ეს პრობლემა, წესით, არ უნდა იდგეს. აქ ვერაფრით მივიღებთ შენიშვნას იმის შესახებ, მსოფლიოს უძლიერეს სტაიერად მიჩნეული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ეთიოპიელი მარათონელი აბებე ბიკილა მთელი ცხოვრება ფეხშიშველი დარბოდა და თავის მეორე ოლიმპიადაზე _ 1964 წელს, ტოკიოში, შუა დისტანციაზე გაიძრო ფეხსაცმელები და სირბილი ისევ ფეხშიშველმა გააგრძელა; ვერც სხვა აფრიკელი მორბენლების _ მოზეს კიპტანუის, კეინო კიპჩოგეს და სხვათა მაგალითს მივიღებთ იმის შესახებ, რომ ისინი მშობლიურ სოფლებში ჩვეულებრივ მინდვრებში დარბოდნენ _ იქ 21-ე საუკუნის სკოლებზე არცაა ლაპარაკი.
ირაკლი თავაძე

25-28(942)N