გამოდის 1998 წლიდან
2010-11-03
"არქეოლოგობანა"

მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობის შთაგონება

პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამის _ `საბავშვო არქეოლოგიის~ პრეზენტაცია გამართა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პოპულარიზაციის და კონკრეტულად მცხეთისა და მისი შემოგარენის შესახებ მეტი ინფორმირებულობის მიზნით, შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი. "საბავშვო არქეოლოგია" ჩვენი ქვეყნის უძველესი კულტურის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას მოზარდებს სკოლის ასაკიდან აზიარებს.
პროგრამა ყოველ შაბათ-კვირას, წლიური კალენდრის დასვენების დღეებში და ზაფხულის არდადეგების პერიოდში განხორციელდება და მეტად მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა ასაკი განსაზღვრულია მეხუთე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით.
პროექტი იუნესკოს მიერ დაცულ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლზე _ სამთავროს ველზე, პროფესიონალი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ხორციელდება.
პროგრამის შინაარსი ასეთია:
მოსწავლეები თავიდან სამთავროს ველის სამაროვანსა და ნამოსახლარს დაათვალიერებენ;
არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ არექოლოგიური იარაღით `აღიჭურვებიან~ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ებმებიან `გათხრებში~; მსჯელობენ მოპოვებულ ნივთებზე; პროგრამის მსვლელობაში ხდება გათხრილი ინვენტარის ფიქსაცია სპეციალურად მომზადებულ `ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში~;
შემდეგი ეტაპი გათხრილი კერამიკის რესტავრაციას გულისხმობს. მოსწავლეები თიხის ნივთების აღდგენაში თავად იღებენ მონაწილეობენ;
პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს `ნორჩი არქეოლოგის~ სერტიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცემათ;
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერებაც შეუძლიათ. სურვილის შემთხვევაში, აქვე შეძლებენ, შეიძინონ არქეოლოგიურ ექსპონატთა ასლები.
მცხეთა ხანგრძლივი ისტორიის ქალაქია. აქ უძველესი დროიდან _ ჯერ კიდევ ძვ.წ. III-II ათასწლეულებში დასტურდება სამოსახლოების არსებობა.
დიდი მცხეთის მიდამოებში განსაკუთრებით მრავლადაა გვიანბრინჯაო-ადრე რკინისა და გვიანანტიკური ხანის სამარხები. სწორედ ამ დროის სამარხებში ნაპოვნ ნივთებს `აღმოაჩენენ~ ხელახლა `საბავშვო არქეოლოგიის~ მონაწილეები.
სამთავროს ველი V-IX კლასის მოსწავლეებს ელის, თუმცა არც X-კლასელთათვის უნდა იყოს უინტერესო `არქეოლოგობანა~.
არქეოლოგის საქმიანობაში მრავალი დისციპლინა იყრის თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიასა და მშობლიურ ლიტერატურაზე, არქეოლოგია წარმოუდგენელია გეოგრაფიის, მათემატიკის _ გეომეტრიის, ქიმიის, ფიზიკის, ხატვის გარეშე. `საბავშვო არქეოლოგიაშიც~, ასევე, ერწყმის ერთმანეთს ამ დისციპლინათა ელემენტარული საწყისები. მართალია, მოსწავლეები ადგილზე ვერ ჩაატარებენ ქიმიურ თუ ფიზიკურ ანალიზს, მაგრამ გაიგებენ ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყობენ, როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს გათხრები და ა.შ. პროგრამას გამოცდილი და ახალგაზრდა არქეოლოგები გაუძღვებიან.
პეტრე კანკავა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: `სასურველია, პროექტში საქართველოს სკოლების უმრავლესობა ჩაერთოს, რადგანაც გვინდა ყველამ განიცადოს ეს სიამოვნება. პროექტში მონაწილეობენ საუკეთესო პედაგოგები. ჯერჯერობით მეცადინეობები შაბათ-კვირას, უქმე დღეებში, მიმდინარეობს, სამომავლოდ, თუკი სკოლები სხვა დღეებშიც გამოხატავენ სურვილს და ეს საგაკვეთილო პროცესს ხელს არ შეუშლის, ჩვენც ამისთვის მზად ვართ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, კიდევ ბევრი საგანმანთალებლო პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული.
პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე და კულტურის სამინისტროს საიტზე დაიდება, იმედია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც დადებს თავის საიტზე. მომავალ წელს ვაპირებთ, ანალოგიური პროექტი განვახორციელოთ გონიოს ციხეში და სენაკში, ნოქალაქევში, ანუ არქეოპოლისში. ჩვენი თანამშრომლები სხვა რეგიონებშიც მუშობენ მცირე პორტალის შექმნაზე, ვფიქრობთ პოსტის შექმნაზე ფაცებოოკ-ზე, რომელსაც ახალგაზრდა თაობა ძალიან კარგად იყენებს ინფორმაციის გასაცვლელად. ვგეგმავთ სპეციალური კლუბების შექმნას. როგორც გითხარით, ეს საწყისი ეტაპია. თუმცა, საქართველოში უკვე გვაქვს მსგავსი კლუბები: `ტაძარი~ და `კარავი~. ეს უფრო სტუდენტებისთვის, ისინი მონაწილეობენ არქეოლოგიურ გათხრებში და ამ მიმართულებით რაღაც გამოცდილება უკვე აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი პროექტი კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ახალგაზრდობას მეტი ინფორმაცია და გამოცდილება მიიღონ არქეოლოგიის დარგში, რასაც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, არქეოლოგიისათვის გამოვიყენებთ. ისიც მოგეხსენებათ, რომ იმდენი გვაქვს გასათხრელი და გასაკეთებელი, რომ ამას, ბუნებრივია, ერთი სააგენტო ვერ შეძლებს, საჭიროა მომავალი თაობების მობილიზება და დაინტერესება, მეტად ჩართვა ამ პროცესებში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ დღეს ამით გზას ვიკვლევთ მომავლისკენ, მომავალ თაობაში ვდებთ რესურსებს, ენერგიას, ანუ იმ სამუშაოს ვასრულებთ, რასაც თქვენ მასწავლებლები ყოველდღიურად აკეთებთ. თუკი დღემდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ იყო ამ პროცესებში ჩართული, დღეს ამით მეტ-ნაკლებად გამოვხატავთ ამ ჩართულობას, ვფქრობთ, ამ პროექტით გვერდში ამოგიდექით. თუნდაც, როცა მეცხრე-მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში მოსწავლეებს აჩვენებთ და წააკითხებთ ამ პროცესების შესახებ, ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ ისინი არქეოლოგიური გათხრების უშუალო თანამონაწილეები გახდნენ, რაც მეტ ინტერესს გამოიწვევს ისტორიისადმი. თაობა, რომელმაც თავისი ქვეყნის ისტორია და წარსული კარგად იცის, უფრო მომზადებულია შემდგომი ისტორიის შესაქმნელად. ეს კეთილი ნება და აზრი უდევს საფუძვლად ჩვენ პროგრამას.
როგორც გითხარით, ეს არის პირველი ნაბიჯი იმ დიდი საქმისა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. პროექტის ავტორი ანზორ სიხარულიძე ჩვენი მუზეუმის არქეოლოგია და, ბუნებრივია, ის მარტო არ იქნება, ამ პროგრამაში ჩაერთვებიან ასევე კვალიფიციური არქეოლოგები. რაც შეეხება მოსწავლეების უსაფრთხოებას, მათ გვერდით ეყოლებათ პედაგოგები, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმუშავებენ და ამავდროულად მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. შეიძლება 30 ბავშვიდან ერთნაირი ენთუზიაზმით არ გათხაროს ყველამ, მაგრამ თუნდაც ერთ ან ორ მოსწავლეს რომ გაჰყვეს ამ დარგისადმი ინტერესი, ეს უკვე პროგრამის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პროფესია არც თუ ისე პოპულარულია, მისი წარმომადგენლები უფრო ასაკოვანი ხალხია, ვფიქრობთ, ახალი სისხლის შემოდინება დაეხმარება დარგს. ვიდრე გვყავს ამ დარგის პროფესიონალები, გამოცდილი არქეოლოგები, ალბათ, საშური საქმეა, მივცეთ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს მათთან ურთიერთობისა და არქეოლოგიური გათხრების ერთობლივად წარმოების საშუალება. ესეც ისტორიაა.~
ამირან ჯამაგიძე, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი: `საბავშვო არქეოლოგია~ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პროექტია. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეეხონ იმ მოვლენებს, რასაც მხოლოდ წიგნში კითხულობდნენ. ამის შემდეგ ბავშვს კონკრეტული ინფორმაცია არასოდეს ავიწყდება და გაცილებით მეტი ინტერესი უღვივდება გარკვეული საკითხებისადმი. გარდა ამისა, არქეოლოგიის დარგი ძალიან ბევრ მეცნიერებებთანაა კონტაქტში, აქ მხოლოდ ისტორიაზე არ არის საუბარი, შეიძლება ამ დროს მოსწავლეები შეეხონ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, გეომეტრიას _ საბუნებისმეტყველო თუ ზუსტ მეცნიერებებს. ამდენად, მართლაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროგრამა დაიწყო, რომელიც ინიცირებულია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ. ამ პროექტის იდეის ავტორი ჩვენი სკოლის მასწავლებელი ნანა კვიციანი გახლავთ.~
ანზორ სიხარულიძე, პროექტის პედაგოგი: `ისეთი პროგრამა გაკეთდა, რომ ამ ხნის გამოცდილების მქონე ადამიანი აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამ არქეოლოგიას არ ახსოვს და ამით ძალიან გახარებული ვარ. ცოტა ვშიშობდით, ბავშვებს როგორ მოეწონებოდათ, ის კი არა და იმისიც გვეშინოდა, მოსწავლეები ჩონჩხმა არ დააფრთხოსო, მაგრამ შიშის ნაცვლად ფოტოებს იღებდნენ ჩონჩხებთან და ეხუტებოდნენ. მერწმუნეთ, არაჩვეულებრივი პროგრამაა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ რამდენიმე სკოლამ უკვე დამირეკა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტოს ასეთი პროექტის წამოწყებისთვის, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მშობლების მხრიდანაც კი არის დაინტერესება, ზოგიერთი შვილს მოჰყვებოდა და თვითონაც სიმოვნებით მონაწილეობდა გათხრების პროცესში.~
ნაზი პაჭიკაშვილი, რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელი: `დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ბავშვებისთვის ასეთ სახალისო საქმეს რომ მოჰკიდეთ ხელი. ჩვენ გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში უკვე გვაქვს. ჩვენი მუზეუმი, მოგეხსენებათ, უძველეს ისტორიას ინახავს. რუსთავის მუზეუმი ეფუძნება შუა საუკუნეების ქალაქის ისტორიას, შუა ბრინჯაოდან მეთვრამეტე საუკუნის ჩათვლით, ყველა მასალა ქრონოლოგიურადაა წარმოდგენლი, რომლის გაცნობის შემდეგ მოსწავლეს შეეუძლია წარმოიდგინოს, როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა ქალაქი თავიდან ბოლომდე. გადავწყვიტეთ, ბაშვებისთვის გაგვეკეთებინა პატარა ველები, რომლებიც მოთავსებულია ყუთებში და ისინი თვითონ ატარებენ სახალისო გათხრებს. იწყებენ გათხრებს და ყველა ნიუანსის დაცვით მიჰყავთ ბოლომდე. ეს ერთჯერადი კურსია. გარდა ამისა, შარშან პრაქტიკული არქეოლოგიის კურსიც დავამატეთ, მოზარდებს ვაცნობთ, რა მეთოდოლოგიას იყენებენ მეცნიერები გათხრების პროცესში, შემდეგ ისინი ამ ცოდნას პრაქტიკულად იყენებენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი თავად გვიკვეთავენ თუ რომელი ცივილიზაცია აინტერესებთ და ჩვენ შესაბამის მასალას ვამზადებთ . თუკი თბილისის სკოლებს დააინტერესებთ ეს ინფორმაცია, დაგვიკავშირდნენ: 824 140228; 824 157895; 899518317 _ მათაც სიამოვნებით მივიღებთ.~
ნუგზარ მოლაშვილი, არქეოლოგი, 42-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი: `ჩემი ახალგაზრდობის ოცნება ახდა. მე არქეოლოგიიდან მოვედი სკოლაში, უმთავრესი მიზანი ის იყო, რომ ინფორმაცია უახლესი აღმოჩენების შესახებ, რაც განსხვავდებოდა სახელმძღვანელოებიდან შეძენილი ცოდნისგან, მოსწავლეებამდე მიმეტანა. უამრავი ახალი, საზოგადოებისთვის უცნობი მასალა იყო. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან მწირია საზოგადოების ინფორმირებულობა ამ დარგში. ამიტომაც არის ეს პროექტი სასარგებლო, თუ დროში და სივრცეში გაიშლება კიდევ უფრო კარგი იქნება. მე და ჩემი მეგობრები 90-იანი წლებიდან ამას სისტემატურად ვაკეთებდით, მაგრამ ეს კერძო ინიციატივებზე იყო დამყარებული. დღეს ამ საქმემ სერიოზული სახე მიიღო და თითო-ოროლა კაცის სურვილი საქვეყნო საქმედ იქცა, ბუნებრივია, ეს მისასალმებელია. და კიდევ, დავამატებ, მომავალი წლიდან სკოლებში მსოფლიო ისტორიის სწავლება შემოვა, რომლის პილოტირებაც ახლა მიმდინარეობს, სასურველია, ამ კუთხითაც მოხდეს ინტეგრირება.~
ნანა კვიციანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინატორი: `გასულ წელს, ბატონმა ნიკა ვაჩეიშვილმა ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროექტების დაწერა დაგვავალა, ერთ-ერთი სწორედ ეს პროექტია, რომელიც მე დავწერე. შეიქმნა სხვა პროექტებიც, რომლებიც, ასევე, უჯრაში არ ჩადებულა. მათზე მუშაობაც მიმდინარეობს და იმედია, ყველა განხორციელდება.
ამ პროექტით, გარკვეულწილად, რამდენიმე საგნის ინტეგრირება ხდება _ მათემატიკა, გეოგრაფია, ქიმია და ა.შ. რაც მთავარია, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ _ თხრიან, აფიქსირებენ, ასუფთავებენ, შემდეგ მაგიდაზე შლიან და აკვირდებიან.
პროექტის პირველი ჯგუფი მცხეთის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. გარდა ამისა, ჩატარდა ოთხი მეცადინეობა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. პროგრამის ღირებულება მინიმალურია _ ვეცადეთ, ფასი დაბალი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თუმცა, პროგრამა საკმაოდ შრომატევადია და ბევრი ადამიანის დახმარებას ითხოვს. პირველად მეცადინეობის დღეები შაბათ-კვირას დავგეგმეთ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მეცადინეობების სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველებიც გამოჩნდნენ, ანუ მათ სურთ ჩვენი მეცადინეობები ისტორიის გაკვეთილების ერთგვარ გაგრძელებად იქცეს. ამას წინ არაფერი უდგას, მხოლოდ დრო უნდა განისაზღვროს სწორად.~
ვინ იცის, იქნებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებულმა საგანმანათლებლო პროექტმა ქართველ არქეოლოგთა ახალი თაობა აღმოაჩინოს და მათში `არქეოლოგობანამ~ სერიოზული გაგრძელება ჰპოვოს.

ДПДТ ЦЕДПЫЕ

25-28(942)N