გამოდის 1998 წლიდან
2010-11-03
სასწავლო პროცესი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში შემოგთავაზეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსის, თამარ ჯაყელისა და ამავე ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის, მარინა ჩხიკვაძის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ადრეულ ასაკში უცხო ენის შესწავლა და ხომ არ შეუშლის ეს ხელს მშობლიური ენის ათვისებას (რადგან საზოგადოებაში არ წყდება მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ). დღეს შევეცდებით, ორი სკოლის _ თბილისის #53 საჯაროსა და პირველი ექსპერიმენტულის _ მაგალითზე, გიჩვენოთ _ როგორ ითვისებენ პირველკლასელები უცხოურ ენას, შეიძლება თუ არა უკვე გარკვეულ შედეგებზე საუბარი. ჩვენი რესპონდენტები პირველი კლასების ინგლისური ენის პედაგოგები არიან: ლია ნინიაშვილი, მაკა ხუნდაძე, სოფო მაღლაფერიძე _ თბილისის #53 საჯარო სკოლა; ნინო ცირეკიძე, ეკა ცინცაძე _ პირველი ექსპერიმენტული სკოლა.

თბილისის #53 საჯარო სკოლა
ლია ნინიაშვილი: ინგლისური ენის შესწავლა პირველ კლასში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ბავშვები იმ განწყობით მოდიან გაკვეთილზე, რომ უნდა ისწავლონ. პირველკლასელებს უცხოური ენის დაუფლებაში ბევრად შეუწყო ხელი ინგლისურ ენაზე მულტფილმების ყურებამ _ ეს ენა მათთვის უკვე უცხო აღარ არის. მოგეხსენებათ, ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. არც ერთი მოსწავლისთვის საგაკვეთილო გარემო უცხო არ არის, ისინი სავსებით ბუნებრივად გრძნობენ თავს. ბევრი რამ მათთვის უკვე ნაცნობია. ჩვენ ბავშვების გონებაში უსისტემოდ გაბნეული ინფორმაცია სისტემაში მოგვყავს, ტოპიკებად ვაერთიანებთ და ვაჯამებთ, შემდეგ ამ ცოდნას ვამტკიცებთ და შედეგიც სახეზეა. ვეხმარებით პატარებს მათთვის უკვე ნაცნობი ინფორმაცია ახალთან დააკავშირონ. ამ მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სირთულეს გადავაწყდით.
სასწავლო მასალა, რომელიც ჩვენ ხელთაა, ძალიან კარგ შედეგს იძლევა _ არც ერთი ბავშვი არ არის გარიყული, არც გაუცხოებული, არ ეშინია, რომ ვერ შეძლებს, ყველა მოსწავლე თანაბრადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში _ თამაშობენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, სუფთად, ერთმანეთის დახმარების სურვილით, ხალისით აკეთებენ.
სახელმძღვანელო ისეთი დონისაა, ვერ იტყვი, რომ არ არის ევროპული სახელმძღვანელო და საქართველოში შეიქმნა _ ევროპულ ბაზას ეყრდნობა, იმავდროულად, კარგადაა მორგებული ქართულ კულტურას. თუმცა, ჩვენი მხრივ, ბავშვები რომ წავახალისოთ, ვამატებთ ფიზიკურ აქტივობებს; ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით გვაქვს ლექსები, დიალოგები თუ სიმღერები. თუმცა, ზედმეტადაც ვერ ვტვირთავთ პატარებს, მათი ასაკის თავისებურებაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ _ ძირითადად, ზეპირმეტყველებაზე ვამუშავებთ, გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც ვეხმარებით. ყველა გაკვეთილს ვიწყებთ გამეორებით _ თავიდან ვიმეორებთ განვლილ მასალას.
სახელმძღვანელო ისეა მომზადებული, რომ დამხმარე მასალის ძიება აღარ არის საჭირო, ყველაფერი კომპაქტურად და ეტაპობრივადაა მოწოდებული. ქარდები ისეა განლაგებული, რომ მოსწავლისთვის სიტყვის ამოცნობა, მოძებნა, დაკვირვება სახალისოა. სახელმძღვანელოს გვერდები ძალიან კარგადაა ილუსტრირებული, მოსწავლეს შეუძლია ამოჭრას, გაკვეთილის მსვლელობისას მაგნიტებით ვამაგრებთ და, როგორც თვალსაჩინოებას, ისე ვიყენებთ. ეს პროცესი პატარებს ძალიან ახალისებთ.

მაკა ხუნდაძე: მე არ ვაჭრევინებ გვერდებს, ვთხოვ, სახელმძღვანელოში მიმითითონ სათანადო ქარდი, ჩამოვივლი და ვამოწმებ, სწორად მიჩვენებენ თუ არა. ჯერჯერობით, ვერ შევიმუშავე რაიმე მექანიზმი, რომ მოხერხებულად ჩააწყონ ამოჭრილი ქარდები, ამიტომ, მირჩევნია წიგნი გამოიყენონ. მთავარია, რომ მათ ყველაფერი იციან და სწავლის პროცესი ძალიან მოსწონთ.
გაკვეთილი 35 წუთი გრძელდება, მაგრამ პირველკლასელისთვის ყოველი გაკვეთილი იმდენად შრომატევადია, რომ შეიძლება სამ გაკვეთილსაც უდრიდეს. ერთი პრობლემაა _ ძალიან დიდი კლასებია და ჯგუფებად რომ დაიყოს, ბევრად უკეთესი იქნება. მერხების დიდი რაოდენობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ნახევარწრეზე განვალაგოთ და მეტი ადგილი გვქონდეს თამაშისთვის. მომავალში, ალბათ, ეს პრობლემაც მოგვარდება. მთავარია, პილოტირების დონეზე, პროცესი ძალიან კარგად მიდის, გარკვეული შედეგიც უკვე სახეზეა.
კმაყოფილები ვართ მასწავლებლის სახელმძღვანელოთი, რადგან იქ დეტალურადაა აღწერილი ყველა გაკვეთილი. ჩვენთვის ეს ჩარჩო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავცდეთ მას, მაგრამ კარგია, რომ გვაქვს, როგორც საფუძველი. ადრე, როცა ლამარა მარგველაშვილი იყო დირექტორი, დაწყებით კლასებში უცხო ენა შევიტანეთ, მაგრამ არც სათანადო პროგრამა გვქონდა და არც _ მეთოდიკა, ბიბლიოთეკაში გვიწევდა მუშაობა და მასალის მოძიება. ამას კი ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. ეს სახელმძღვანელო იმდენად კარგადაა შედგენილი, რომ პირდაპირ წერია, გაკვეთილების მიხედვით, რა უნდა აკეთოს მასწავლებელმა, რაც ბევრად გვიიოლებს შრომას. ბევრ ჩვენს კოლეგას გაუჩნდა ამ სახელმძღვანელოთი სწავლების სურვილი, მაგრამ წელს ამის საშუალება მხოლოდ პილოტირებული სკოლების პედაგოგებს მოგვეცა.

სოფო მაღლაფერიძე: ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი როგორც სახელმძღვანელოს ავტორებთან, ასევე პროექტის ხელმძღვანელთან. ამ პროექტმა აჩვენა, რომ ჩვენი ბავშვები ინგლისური ენის შესწავლისთვის მზად არიან. ეს ცხოვრებამ მოიტანა _ კომპიუტერული თამაშები თუ მულტფილმები ინგლისურ ენაზე მათთვის კარგი საფუძველი აღმოჩნდა ენის შესასწავლად. ბევრს საბავშვო ბაღიდან მოჰყვება გარკვეული მარაგი. პატარები იმდენად მოწადინებულები არიან, მოსწავლეთა სიმრავლის მიუხედავად (ეს ერთადერთი პრობლემაა და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კლასები აუცილებლად დაიყოფა), სასწავლო პროცესი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. გაკვეთილის მსვლელობისას მთელი კლასი თანაბრადაა ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ პირველკლასელთა შორის 5 წლის ბავშვებიც არიან.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროგრამამ ნამდვილად გაამართლა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა
ნინო ცირეკიძე: წელს ჩვენს სკოლაში საპილოტე პროგრამა შემოვიდა _ `ინგლისური ენა პირველ კლასში~. ამისთვის საგანგებოდ მომზადდა ძალიან კარგი სახელმძღვანელოები, არაჩვეულებრივად ილუსტრირებული, ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო. მცირე დროის მიუხედავად, ბავშვები უკვე კარგად ფლობენ ელემენტარულ დიალოგებს, ინგლისურ ენაზე შეუძლიათ მარტივი კომუნიკაცია, დაუგროვდათ გარკვეული რაოდენობის ლექსიკური მარაგი _ დაახლოებით, 100 სიტყვამდე იციან (შეიძლება ოდნავ მეტიც). რა თქმა უნდა, ამაში ძალიან ეხმარებათ ნეთბუქები. პირველკლასელის ზედმეტად გადატვირთვა მიზანშეწონილი არ არის, ამით აიხსნება ამ საგნისთვის გამოყოფილი მცირე დრო და სწავლების გამარტივებული მეთოდი.
რა თქმა უნდა,ზოგი უფრო აქტიურია, ზოგი _ პასიური, მაგრამ საერთო სურათი სავსებით დამაკმაყოფილებელია. თამაშ-თამაშით პატარა ზღაპრებსაც კი ჰყვებიან, იციან ცხოველების სახელები, ლექსები, სიმღერები, დათვლა, ფერები, როგორც მოგახსენეთ _ დიალოგები. პირველი წელი მხოლოდ ზეპირმეტყველებას ეთმობა და სახელმძღვანელოები ძალიან დაგვეხმარა სასწავლო პროცესის შედეგიანად წარმართვაში. ილუსტრაციების დახმარებით, ბავშვები უკეთ აღიქვამენ შესასწავლ მასალას. ასევე დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლის წიგნი.

ეკა ცინცაძე: სექტემბერში პირველი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლებს ერთიანი ტრენინგი ჩაგვიტარდა ბაზალეთზე. იქ სახელმძღვანელოების ავტორებმა პრეზენტაცია გამართეს _ გაგვაცნეს სახელმძღვანელო და ის მეთოდიკა, რომლის დახმარებითაც უნდა გვემუშავა პირველკლასელებთან.
ბავშვებს ინგლისური ენის გაკვეთილები ძალიან მოსწონთ და ეხალისებათ. ეს არ არის ჩვეულებრივი გაკვეთილები _ უფრო მხიარულები, გახსნილები და კმაყოფილები არიან. ასევე კმაყოფილები არიან მშობლები, რადგან ნამდვილად სახეზეა გარკვეული შედეგი _ პატარებს უკვე ლექსიკური მარაგი დაუგროვდათ.

ნინო ცირეკიძე: მართალია, ზოგადად პირველკლასელებს გაკვეთილზე ჯდომა უჭირთ, არიან ჰიპერაქტიური ბავშვებიც, მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ისინიც ჩართულები არიან. ზოგი ხატავს, თამაშობს კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, კარგად იმახსოვრებს და კლასთან ერთად იმეორებს ლექსს ან სიმღერას. რომ გგონია, არ გისმენს, ხშირ შემთხვევაში, უფრო კარგად და სრულყოფილად ითვისებს ახალ მასალას. პატარებს მოქნილი სამეტყველო აპარატი აქვთ და საბოლოო ჯამში, უკლებლივ ყველა, გარკვეულ დონეზე, საკმაოდ კარგად მეტყველებს.

***
პედაგოგები რომ არაფერს ამეტებდნენ, ამაში ერთ-ერთ პირველ კლასში (დამრიგებელი _ ჯანა მერკვილაძე) დავრწმუნდით. პატარებმა ინგლისურად, პედაგოგების დახმარებით, მართლაც იმღერეს, ლექსებიც თქვეს და პატარა ზღაპრის ინსცენირებაც წარმოადგინეს. საგაკვეთილო პროცესში მთელი კლასი იყო ჩართული, ყველა მოსწავლე იწევდა ხელს და მზად იყო მასწავლებლის შეკითხვაზე ეპასუხა. პატარები საკმაოდ გაბედულად და ხალისიანად, რაც მთავარია, სწორი ინტონაციით მეტყველებდნენ.
პირველ კლასში ინგლისური ენის სწავლების პირველი შედეგები მართლაც სახეზეა, სერიოზულ შედეგზე, ალბათ, უკვე სისტემური წერა-კითხვის დაწყების შემდეგ შეგვეძლება საუბარი. დღეს კი ერთი რამ ცხადია, პატარებს ეხალისებათ და აინტერესებთ უცხო ენის სწავლა, თან კარგადაც გამოსდით.

ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N