გამოდის 1998 წლიდან
2010-11-03
აბელი და კაენი

აბელი და კაენი ბიბლიური ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის ხსენებისას თავისთავად იგულისხმება მეორეც და პირიქით. აბელი სამაგალითო, მართალი, უბიწო შვილი თავისი ძმის მსხვერპლი გახდა. წმინდა წერილში ამ ეპიზოდს, მცირე მოცულობის მიუხედავად, განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სამოთხიდან განდევნის შემდეგ `შეიცნო ადამმა დედაკაცი თვისი და შვა კაენი~, მოგვიანებით აბელი.
კაენი (ნიშნავს შეძენას) მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან. ის მიწათმოქმედია. მიისწრაფვის შეძენის, მატერიალური კეთილდღეობის, მომხვეჭელობისაკენ. მიაჩნია, რომ მიწა კვებავს, მიწის მადლით არის სავსე და არა ღვთის მადლით. მიწა არის მისი კეთილდღეობის საფუძველი, ამიტომაც, მადლიერების გრძნობა მიწისადმი აქვს და არა ღვთისადმი.
აბელი (ნიშნავს სულის შთაბერვას, სუნთქვას) მესაქონლეა და თითოეულ ნამატს ღმერთის მადლად მიიჩნევს. იგი, კაენისგან განსხვავებით, ღვთისაკენ არის მიმართული, ღმერთს უმადლის თავის ყოფას. აბელი თითქოს ამბის მეორეხარისხოვანი გმირია. დამჯერი, მორწმუნე, სამაგალითო შვილი და კარგი მეურნეა. მისი ფარა წლიდან წლამდე მოვლილი და ნაპატიებია. როგორც ვხედავთ, უკვე გმირების სახელებში გამოკრთის აბელისა და კაენის პირადული ნიშან- თვისებანი.
დაბადების წიგნში ვკითხულობთ: `გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა~ (დაბ. 4:3-4). გადმოცემით, აბელის მიერ მირთმეული საუკეთესო ნათავარი და ნამატი ცეცხლის ალმა ცაში წარიტაცა. კაენის ძღვენი ცეცხლის ალში არ გაეხვია, ანუ უფალმა იგი არ მიიღო. კაენი განრისხდა, შური და ავი ზრახვები კართან დაუდარაჯდნენ კაენს. აზრები, რომლებიც კაენის თავში დატრიალდა, უფალს არ გამორჩენია. ^`უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე~ (დაბ. 4:6-7). ჩაღუნული თავი იმ შინაგან ბრძოლაზე მიგვანიშნებს, რომელიც განაწყენებული ადამიანის სულში ტრიალებს. ის შესაძლოა სიმბოლოც იყოს ქვევით, უფსკრულში, ბოროტი ძალებისაკენ მიმართული გონებისა. ყველა ქვეყნის მითოლოგიაში კეთილი, ღვთიური ძალები ზემოთ, ცაში სუფევენ, ხოლო ბოროტი, ბნელი ძალები სწორედ მიწის ქვეშ ბინადრობენ, ამიტომაც, ვინაიდან კაენმა თავისი მზერა მიწისაკენ მიმართა ის სამართლიანობის აღსადგენად თითქოს ბოროტ ძალებს უხმობს. ღმერთი აფრთხილებს მას ბოროტის მოახლოების გამო, უბიძგებს გაერკვეს თავისი ზრახვების შინაარსში და იმ შედეგში, რაც მათ მოჰყვება. `რად გამწარდი?~ ეკითხება იგი. იქვე შეახსენებს, რომ სიკეთის კეთებისას თავაწეულმა უნდა იარო, ხოლო თუ სიკეთეს არ აკეთებ, ბოროტს არ სძინავს და შესაფერის წამს ელოდება, რათა გულში შემოიჭრას და ავი ზრახვა განახორციელოს. როგორც კი ადამიანის გულისყური სცილდება სიკეთესა და სათნოებას, ივიწყებს უფალს, ბოროტიც იქვეა. `შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე~. უფალი კაენის პიროვნულ და არჩევანის თავისუფლებაზე ამახვილების მის ყურადღებას. მან თავად უნდა დაამარცხოს ბოროტი და გაბატონდეს მასზე ან დამარცხდება და დაემორჩილება ბოროტებას. აი, მაშინ კი დაკარგავს პიროვნულ თავისუფლებას. ასეთი სულიერი მდგომარეობის შესახებ პავლე მოციქული ბრძანებს: `ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში~ (რომ. 7:15-20). კაენი თავისთვის და თავისი შთამომავლობისათვის ცოდვას ირჩევს. ის მუხანათურად კლავს ძმას.
როცა ადამმა და ევამ ეჭვის ქვეშ დააყენეს ღმერთის მიერ აკრძალული, ღვთის ნებაზე მაღლა დადგნენ, ერთგვარად გაილაშქრეს ღმერთის წინააღმდეგ, ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ცოდვა კიდევ უფრო მრავალსახოვანი და მძიმე ხდება. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: `საიდან შემოვიდა სოფელში ცოდვა და სიკვდილი, თუ არა შურისაგან, ...შურმა არ მოაკვლევინა კაენს თავისი ძმა აბელი?~
ვიდრე კაენი შესცოდავდა, ყურადღებით აკვირდებოდა, რას ნიშნავდა ღმერთის კეთილგანწყობა აბელის მიმართ და რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა მის მიერ შეწირული მსხვერპლი არ მიიღო. გადმოცემის შესაბამისად, იმ წელიწადს აბელის საქონელი ბევრად გამრავლდა, ხოლო კაენმა ცუდი მოსავალი აიღო. ამან კიდევ უფრო გააბრაზა და გაახელა კაენი. ყველაფერთან ერთად, კაენისათვის გაუგებარი იყო ის გაბედულება და თვითმოქმედება, რომელიც აბელმა გამოავლინა. გავიხსენოთ, რა კურთხევა ჰქონდა სამოთხიდან გამოდევნილ ადამსა და მის შთამომავლობას `...რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო~ (დაბ. 3:17-18). (საგულისხმოა, რომ უფალს, `კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის~ მსგავსად, მესაქონლეობა არ აუკრძალავს), შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კაენის აზრით აბელი ღმერთს უნდა დაესაჯა, რადგანაც მან თვითონ, ღმრთის კურთხევის გარეშე დაიწყო მესაქონლეობა. თუმცა, თავისი ინიციატივის საუკეთესო შედეგი გულმხურვალედ მიუძღვნა უფალს. უფალმა მსხვერპლად სწორედ აბელის არჩევანის თავისუფლება და გულწრფელობა მიიღო.
მოგვიანებით, წარღვნის შემდეგ, უფალი ბრძანებს: `ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ~ (დაბ. 9:3-4).
ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთი კითხვით მიმართავს კაენს: `...სად არის შენი ძმა აბელი?~ (დაბ.4). ღმერთი თითქოს კიდევ ერთხელ აძლევს კაენს არჩევანის საშუალებას, თქვას სიმართლე და მოინანიოს ჩადენილი დანაშაული, იზრუნოს სულის გადარჩენაზე, შეიმსუბუქოს ცოდვა ან დაფაროს იგი და კიდევ უფრო დაამძიმოს. კაენის არჩევანი შემზარავია. ის არა მხოლოდ ფარავს დანაშაულს, არამედ ერთგვარი ცინიზმით პასუხობს ღმერთს: `...მიუგო: არ ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ~ (დაბ. 4:9). სწორედ ასეთი ფრაზებით ცდილობენ გაიმართლონ თავი ყველა დროისა და რჯულის მკვლელებმა.
`უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს~ (დაბ. 4:10). ძველი აღთქმის აპოქრიფებში კაენის ცოდვის შედეგების შესახებ საგულისხმოა ენოქის მონათხრობი. ანგელოზებმა ენოქი სულთა სამფლობელოში წარიტაცეს _ `ვიხილე ადამიანთა სულები, ვინც მოკვდა და მათი წუხილი ცას სწვდებოდა. ამჯერად ვკითხე ანგელოზ რაფაილს, რომელიც მახლდა, ვისი სულია ასე სასოწარკვეთით რომ მოსთქვამს? და მან მიპასუხა: ეს ძმისგან მოკლული აბელის სულია, ის წუხს კაენის გამო მანამ, სანამ მისი მოდგმა არ აღიგვება პირისაგან მიწისა~.
სიტყვები `კაენის მოდგმის~ შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული სიტყვასიტყვით. იგულისხმება ადამიანები, რომლებიც კაენის ცოდვიანი გზით ცხოვრობენ. მთელი კაცობრიობა, მიუხედავად თავისი სოციალური, რელიგიური, ნაციონალური ან სხვა რაიმე კუთვნილებისა, იყოფა `კაენის მოდგმად~ და `აბელის მოდგმად~. ერთი მხრივ ადამიანებად, რომლებსაც უყვართ ღმერთი და მოყვასი და რომელთა მსხვერპლისადმი ღმერთი კეთილგანწყობილია, მეორე მხრივ _ კაცთმოძულე, სულიერად და ფიზიკურად ბოროტმოქმედ ადამიანებად.
`ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან... დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე~ (დაბ. 4:10,11). ასე დაისაჯა კაენი თავისი საქციელის გამო. კაცისმკვლელი ფსიქოლოგიურად მეტად მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ პოულობს მოსვენებას, საკუთარ თავსაც კი ემალება, შეშინებული და დამფრთხალია, `დევნილი და მიუსაფარია~. რაც უნდა უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს, ფიზიკურად დაცულიც რომ იყოს, კაენის ცოდვით დამძიმებულ ადამიანს გარიყულობის შეგრძნება და საფრთხის მოლოდინი ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. ამიტომაც `უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა~ (დაბ. 4:13,14). ცოდვის ჩამდენს ასეთივე ცოდვით სამაგიეროს მიღების შიში სდევს. ეს ადამიანის არსშია ჩადებული, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ყველა ადამიანი ერთარსია და მეტ-ნაკლებად, სხვადასხვანაირად ერთმანეთის ანარეკლია. `გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი~ (ლევ.19:18); შესაბამისად, ის, ვინც მოყვასს ავნებს, თავის თავს ავნებს.
`აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს~, ამბობს კაენი. მან თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, შიშისაგან დაფეთებული თავად გაურბის ადამიანებს. ცოდვილთ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დაემალონ ღმერთის მზერას, სინამდვილეში, ცოდვილი ადამიანისთვის თავად ღმერთი და სულიერი სამყარო ხდება უხილავი. ის, ვინც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის, უფალთან სამუდამოდ წყვეტს კავშირს. `უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს~ (დაბ. 4:15). `შვიდწილად~ შესაძლოა ნიშნავდეს `მეშვიდე თაობას~. მართლაც, შემდგომში ვნახავთ, რომ ადამიდან მეშვიდე თაობის წარმომადგენელი ლამექი კლავს კაენს.
ამბავი კაენის შესახებ წმინდა წერილის რიგი ნეგატიური სახეების გალერეას წარმოადგენს. შიში, შური, სიბრაზე, მკვლელობა, დევნილობა... ძნელად წარმოსადგენია, ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, გაიზიაროს კაენის ბედი. არჩევანის თავისუფლება ეს ის უმთავრესი ნიჭია, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და ადამის ცოდვიდან დაწყებული სწორედ ბოროტსა და კეთილს შორის გვიწევს თავისუფალი ნების გამოვლენა, ჩვენთვის მისაღები არჩევანის გაკეთება.

25-28(942)N