2016-04-21 სტრასბურგში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა დღევანდელი ნომრის სტუმარია ნინი ბასილაშვილი,
სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი
— ნინი, ზოგადი განათლების მისაღებად ფრანგულ-ქართულ სკოლაში დადიოდი. რა ასაკიდან დაიწყე ფრანგული ენის შესწავლა და განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მარი ბროსეს ფრანგულ-ქართული სკოლა დავამთავრე. ფრანგულის სწავლა ხუთი წლიდან დავიწყე. ამ სკოლაში ჩემი შესვლით გადაწყდა, რომ საფრანგეთში ვისწავლიდი. რა თქმა უნდა, სკოლას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სტრასბურგის უნივერსიტეტში ვსწავლობ. სკოლიდან გვაგზავნიდნენ ხოლმე საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, სადაც რამდენიმე თვე იქაურ სკოლაში ვსწავლობდით. ეს ფრანგული ენის უკეთ სწავლაშიც გვეხმარებოდა და ნელ-ნელა ახალ გარემოსა და ცხოვრების რეჟიმს ვეგუებოდით.
— სკოლის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად საზღვარგარეთ, კერძოდ სტრასბურგში მიდიხარ, როგორ ჩაირიცხე სტრასბურგის უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
— დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ, სტრასბურგში წამოვედი სასწავლებლად.
მარი ბროსეს ფრანგულ-ქართული სკოლა გასცემს ფრანგული სკოლის ატესტატს, რისი მეშვეობითაც, გამოცდის გარეშე, შეგიძლია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. ამჟამად, სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.
— სტრასბურგის უნივერსიტეტში რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები და ნაწილობრივ მაინც თუ აკმაყოფილებს სტიპენდია სტუდენტის მოთხოვნებს?
— სამწუხაროდ, საფრანგეთში, ბაკალავრიატზე, ქართველ სტუდენტებს არანაირი სახის სტიპენდია არ გვეკუთვნის.
— როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით. რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?
— სასწავლო წელი ათი თვე გრძელდება, ლექციები ყოველ დღე გვაქვს. სასწავლო პროგრამა ორ სემესტრზეა განაწილებული. სისტემა ისეა მორგებული და ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ დრო ყველაფრისთვის ზუსტადაა განსაზღვრული. ყველა გამოცდის წინ ერთკვირიან არდადეგებს გვინიშნავენ, რაც გამოცდებისთვის მოსამზადებლადაა გათვლილი. შვიდ კვირაში ერთხელ გვაქვს არდადეგები. რაც შეეხება მასწავლებლებს, ძალიან მეგობრულები და თავაზიანები არიან. როგორც თანატოლებს, ისე გვიდგებიან. როგორც მომავალ კოლეგებს, გვაძლევენ რჩევებს, გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, გვეხმარებიან, როცა რაიმე გვიჭირს. განსაკუთრებით ყურადღებიანები უცხოელი სტუდენტების მიმართ არიან.
— რა როლი უჭირავს საფრანგეთში (სტრასბურგში) საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?
— ბიბლიოთეკას დიდი და მთავარი ადგილი უჭირავს. ლექციების მერე ყველა იქ მიდის. სახლში თითქმის არავინ ამზადებს დავალებებს. საღამოს ათ საათამდეა ღია.
ყველა ფაკულტეტს თავისი ბიბლიოთეკა აქვს (ცალკე მდგომი, რამდენიმესართულიანი შენობები), ასევე ცენტრალური საუნივერსტეტო ბიბლიოთეკაცაა, რომელიც კვირაობითაც მუშაობს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიბლიოთეკაში მისულებს თავისუფალი ადგილი არ დაგვხვედრია. ასეთ შემთხვევაში, სხვა ფაკულტეტის ბიბლიოთეკებს ვსტუმრობთ.
— ნინი, მიამბე შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. სწავლის პარალელურად, ახერხებ მუშაობას?
— ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში. სტუდენტური სამსახურია, ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. იურიდიული განხრით, პირველი გამოცდილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ერთთვიანი სტაჟირება იყო, რომელიც დიასპორის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გავიარე. ნოემბერში ვაპირებ ერთთვიან სტაჟირებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
— რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ...
— პირველ რიგში, ვურჩევ იმ ენის კარგად შესწავლას, რომელ ქვეყანაშიც აპირებენ გამგზავრებას. ბევრი მუშაობა და მეცადინეობაა საჭირო, საზღვარგარეთ რაიმეს რომ მიაღწიო. აქ ნიშნებს ხათრით არავინ დაგიწერს, ცოდნას და შრომას სათანადოდ და სამართლიანად გიფასებენ. საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეგეძლოს. უნდა იცოდე, რა გსურს და რა არის შენი მიზანი. ყველას, ვისაც საშუალება აქვს, ვურჩევ სწავლა სტრასბურგში გააგრძელონ. ვთვლი, რომ ვინც აქ ისწავლის, დაამთავრებს და დიპლომს აიღებს, წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვს, რაც თავისთავად გულისხმობს კარგ მომავალს. ყველას ვურჩევდი ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში, სწავლის გაგრძელებას. არა მარტო უნივერსიტეტში, არამედ სკოლაშიც. ჩემი და მეთერთმეტე კლასშია და შემდეგი წლიდან აქ აგრძელებს სწავლას. მინდა, სკოლა აქ დაასრულოს და შემდეგ ჩააბაროს უნივერსიტეტში.
— სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? მიამბე, როგორ ცხოვრობენ ფრანგი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია ფრანგული სტუდენტური ცხოვრება?
— არდადეგები, როგორც ასეთი, დასვენებისთვის, სწავლის პერიოდში არ გვაქვს. როგორც გითხარით, ყველა არდადეგებს გამოცდები მოსდევს. თუმცა მაინც ვახერხებთ თავისუფალი დროის გამონახვას. სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა ალბათ ყველაზე საინტერესო დასვენებაა, მოგზაურობა საკმაოდ იაფია. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროპაში ცხოვრების. უნივერსიტეტიდან სტუდენტები, შაბათ-კვირას, ჯგუფურად, დადიან ალპებში სასრიალოდ ან ერთდღიან ექსკურსიებზე სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. რაც შეეხება გართობას, როგორც ქართველ ახალგაზრდებს, ასევე აქაურ სტუდენტებსაც უყვართ ერთად შეკრება და დროის ტარება კლუბებში, პიკნიკებზე, კინოში, ასევე, რესტორანში სავახშმოდ სიარული. თავისუფალ დროს ყველაფრის კეთება შეიძლება. ამ მხრივ, ალბათ, დიდი სხვაობა არაა.
ყველა ფაკულტეტს ჰყავს თავისი სტუდენტური თვითმმართველობა. ჩვენი ფაკულტეტის თვითმმართველობა ყოველ ხუთშაბათს ან შაბათ დღეს აწყობს წვეულებას და ხშირად იქ მთელი უნივერსიტეტი იკრიბება. წვეულებების გარდა, ხშირად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქველმოქმედო სადილებს.
— როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს გადამწყვეტ როლს?
— პირველ რიგში, სწავლის დასრულებას სტრასბურგში ვაპირებ. მაგისტრატურის გავლა, ერთი წელი, აქ მინდა, მეორე წელი — ჟენევაში. სწავლის შემდგომ, გამოცდილების დაგროვების მიზნით, გარკვეული პერიოდი ალბათ, სამუშაოდ სტრასბურგში დავრჩები, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დასაქმებაში ევროპული განათლება და სამუშაო გამოცდილება ნამდვილად ითამაშებს გადამწყვეტ როლს და კარიერასთან დაკავშირებულ ჩემს სამომავლო გეგმებს, ჩემს ქვეყანაშიც თავისუფლად და წარმატებით განვახორციელებ.
— საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. ბუნებრივია, ალბათ ხშირად ფიქრობ საქართველოზე. როგორ გგონია, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს?
— გულწრფელად რომ ვთქვა, საქართველოს ევროპამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველ რიგში, როგორც სტუდენტს, მიმაჩნია, რომ საქართველოს განათლების სისტემას სერიოზულად უნდა მიხედონ. სახელმწიფოს მხრიდან, ფრანგ სტუდენტებს, ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვთ. თითოეულ მათგანს აქვს სტიპენდია, რომელიც ნიშნებზე და მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე არაა დამოკიდებული. ეს ერთგვარი ფინანსური დახმარებაა, რომელიც ხელს უწყობს მათ, ბოლომდე კონცენტრირებულები იყვნენ სწავლაზე. ბევრჯერ მქონია სურვილი და მინატრია კიდეც — ნეტავ საქართველოშიც ისეთი სიტუაცია იყოს, როგორიც საფრანგეთშია, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, რადგან ამ შემთხვევაში არ მომიწევდა ათასობით კილომეტრის მოშორებით ყოფნა ოჯახისგან და მეგობრებისგან.
— რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც სტრასბურგში გატარებულმა პერიოდმა მოგცა?
— სტრასბურგში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა — პირველ რიგში, დამოუკიდებლობა, მიზნის მისაღწევად ბრძოლა. როგორი სირთულეც უნდა შეგხვდეს, არასდროს არ უნდა დაიხიო უკან და უარი არ უნდა თქვა შენს სურვილებზე. აქ სირთულეები გარდაუვალია. თუ ერთხელ არ გამოგივა, აუცილებლად მეორედ უნდა სცადო. არ უნდა დანებდე და ყველა შესაძლებლობა გამოიყენო დასახული მიზნის მისაღწევად. ყოველთვის, როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა გახსოვდეს, რატომ დაიწყე მისი კეთება. ინგლისურად უკეთ ჟღერს: „never forget why you started“.
ესაუბრა მაკა ყიფიანი
|