2016-04-07 330 მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ლალი ჯელაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები მასწავლებლებს საზეიმოდ გადასცა მათთვის საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე სამინისტროში.
სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ვინც წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, ასეთი 330 პრაქტიკოსი მასწავლებელი აღმოჩნდა. ამის გამო, საფეხურების მიხედვით გადანაწილებული მასწავლებლების სურათიც, ბუნებრივია, შეიცვალა და დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა და საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.
„თქვენ ხართ იმის დამადასტურებელი, რომ საგნის გამოცდის ჩაბარება პრობლემა არ არის.“ — მიმართა ლია გიგაურმა შეხვედრაზე მოწვეულ პედაგოგებს და განმარტა: „იმას, რომ პედაგოგთა არც თუ მცირე რაოდენობას გამოცდაზე გარკვეული სირთულე შეექმნა, ობიექტური გარემოებები ჰქონდა — ძალიან კარგად ვიცით, რომ უმრავლესობა მესამე სერტიფიკატის აღებას ცდილობდა და იმ საგანს აბარებდა, რომელსაც არ ასწავლის, თუმცა სასიხარულოა, რომ ამ მასწავლებლებმა სცადეს გამოცდის ჩაბარება. ჩვენ დავანგრიეთ მითი, რომ მასწავლებლის გარდა ყველა სხვა პროფესიის ადამიანი წარმატებულია — თქვენ ხართ ამ წარმატების სიმბოლოები“.
თამარ სანიკიძეს მასწავლებელთა შემდგომ საფეხურზე გადასვლა, ამ დროისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან სქემა საპილოტე რეჟიმში მუშაობს და სულ ერთი სემესტრია, რაც სქემით განსაზღვრული აქტივობები ამოქმედდა. „მასწავლებლებმა ამ პროცესშიც კი მოახერხეს აქტიურობა და მათ არა მხოლოდ დაძლიეს ამოცანები, არამედ უკვე წინ გადაინაცვლეს, იქ, სადაც, ამჟამად, 40-პროცენტიანი სახელფასო მატება მიიღეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 1 აპრილიდან მათ კიდევ 50 ლარით ეზრდებათ საბაზო ხელფასი, საკმაოდ კარგ სურათს გვაძლევს — საშუალო ხელფასი 500-600 ლარამდე ავა. ეს კი ბევრად უკეთესი სურათია, ვიდრე გვქონდა, თუნდაც ორი წლის წინ. მინდა პედაგოგებს მივულოცო წარმატება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან კარგია, რომ საპილოტე რეჟიმშიც კი მოახერხეს და კოლეგებს დაანახეს შედეგები, რაც მათთვის მოტივაცია უნდა გახდეს — ეს იმას ნიშნავს, რომ სქემა რეალურად ამუშავდა და არის შესაძლებლობა, წინ წავიწიოთ და განვვითარდეთ. ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფოსგან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, კიდევ უფრო წინ წასვლა არ გაგვიჭირდება.“
მინისტრის აზრით, რაც შეიძლება მეტი გახმოვანება სჭირდება მასწავლებლების ამ წარმატებას, მათ კარიერულ წინსვლას, რადგანაც მათ დღეს ძალიან სჭირდებათ მოტივაციის გაჩენა, მით უფრო, გამოცდების შედეგების გახმაურების შემდეგ, ოპონენტებისა და ექსპერტების დიდი „ხმაურის“ გამო, რამაც პედაგოგებში კიდევ უფრო გაამძაფრა დემოტივაცია. „მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არ იყო ტრაგედია. პირველ ჯერზე, არც მოველოდით რომ მასწავლებლები განსაკუთრებულ შედეგებს გვიჩვენებდნენ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო — წინა პერიოდისგან განსხვავებით, პედაგოგები დღეს მხოლოდ იმით არ არიან დაკავებული, რომ ტესტის ჩასაბარებლად იმეცადინონ. მასწავლებელი დღეს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან აქტივობაშია ჩართული. მაგალითად, როგორიც არის სასკოლო შეფასებისთვის მზადება, ფასილიტატორის გადამზადება, თვითშეფასების კითხვარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. აი, აქედან უნდა დავიწყოთ ყველაფერი და სატესტო რეჟიმიდან გადავიდეთ თვითშეფასებასა და სასკოლო შეფასებაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, იქნება წამყვანი, რადგანაც არც ერთ სხვა ეტაპზე, მომავალი სამი-ოთხი წლის შემდეგ, ტესტირების რეჟიმი აღარ განიხილება. სკოლამ უნდა შეძლოს და სამი წლის განმავლობაში ისე დადგეს ფეხზე, რომ თვითონ მოახერხოს სწორი შეფასებისა და ამ შეფასებაზე დაყრდნობით — გადაწყვეტილების მიღება.“
დაჯილდოებამდე მინისტრმა მასწავლებლებს მოუწოდა, გამოეთქვათ აზრი სქემის შესახებ, მათ შორის კრიტიკულიც, თუკი ასეთი მოსაზრება ექნებოდათ. მათ შენიშვნებს სამინისტრო მიიღებს და გაითვალისწინებს კიდეც საპილოტე წლის დასრულების შემდეგ: „საპილოტე წელი ნელ-ნელა იწურება და ჩვენ მოგვიწევს, შემდეგი აკადემიური წლიდან, უფრო მიზანმიმართულად ჩავერთოთ ყველა აქტივობაში, ამიტომ უკეთესად უნდა ვიყოთ მომზადებულები. თუმცა, საპილოტე წლის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ თუკი რაიმე იქნება შესაცვლელი, არ შევცვლით. ამის საშუალებას თვითონ ინსტრუმენტი — სქემა იძლევა და ჩვენგანაც არის მზაობა. ამიტომ, გამოთქვით თქვენი აზრი და ჩვენ მზად ვართ, მოგისმინოთ“.
ბევრმა მასწავლებელმა გამოთქვა დარბაზში სიტყვით გამოსვლის სურვილი, თუმცა არც ერთს კრიტიკული აზრი სქემის შესახებ არ ჰქონია.
მაია ნოზაძე, 123-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი: „ჩავაბარე გამოცდა და, მოქმედი სქემის ფარგლებში, გავხდი უფროსი პედაგოგი. მიმაჩნია, რომ პედაგოგი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მუდმივად უნდა ვეძებოთ სიახლეები და ამ სიახლეების ფარგლებში კრეატიული შემოქმედებით გავამრავალფეროვნოთ გაკვეთილები და სასწავლო პროცესი, რაც შემდეგ, თავისთავად, მოსწავლეთა შედეგებზე აისახება. იმისთვის, რომ სქემაში არსებული მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და წარმატებული პედაგოგები ვიყოთ, აუცილებელია სკოლაში კათედრების სათანადო მუშაობა. ჩვენს სკოლაში კათედრების საშუალებით ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და კოლეგები ერთმანეთის გაკვეთილებს ვესწრებით, შემდეგ განვიხილავთ და, სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში, აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში კი, მივდივართ წარმატებისკენ, რასაც, თავისთავად, მივყავართ ხელფასის ზრდისკენ“.
ფიქრია გოდერძიშვილი, 190-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი: „გამოცდა საკუთარი თავის შეფასება, კონტროლია და არა მასწავლებლის შეფასების ერთადერთი მექანიზმი. მომწონს გარე დაკვირვების რუბრიკა — ვიდეოგაკვეთილით მასწავლებლის შეფასება. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავთან სერიოზული მუშაობა მოგვიწევს, აუცილებლად პროფესიულად უნდა შევხედოთ ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. საშუალება მოგვეცემა, ხელმისაწვდომად და ერთგვარ რესურსად ვაქციოთ ვიდეოგაკვეთილები. ეს ერთგვარი გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმანეთისთვის. გამორჩეული მასწავლებლების გამოცდილება ძალიან სასიკეთოდ შეიძლება გამოვიყენოთ.
რაც შეეხება გამოცდას, ვიტყვი, რომ ეს გამოცდაცაა და, იმავდროულად, კარიერული წინსვლაც, წახალისებაც და მოტივაციაც. გამოცდის ჩაბარებაში მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა შემიწყო ხელი, მართლა ძალიან საინტერესო ახალი მეთოდები იყო მოწოდებული, რომელიც მხოლოდ გამოცდაზე კი არ გამომადგა, პრაქტიკაშიც მეხმარება.“
თეა ღვინჯილია, 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი: „გამოცდა წელს ჩავაბარე. მართალია, მეორედ დამჭირდა გასვლა, მაგრამ, ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ეს სულაც არ არის დამამცირებელი. დაწყებითი კლასის მასწავლებლის გამოცდა არ არის იოლი, რადგან კომპლექსურია — ქართული, მათემატიკა, ბუნება — მაგრამ შეუძლებელი, პრინციპში, არაფერია.
რაც შეეხება სქემას, მასწავლებლისთვის აუცილებელია პროფესიული ზრდა როგორც საკუთარი, ისე მოსწავლის წარმატებისთვის.“
შეხვედრაზე გამომსვლელი მასწავლებლების გარდა, გავესაუბრეთ დარბაზში მყოფ პედაგოგებსაც და არც მათ შორის აღმონჩდა ის, ვისაც რაიმე შენიშვნა აქვს სქემის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მეტიც, მათი უმეტესობა მზად არის, არა მხოლოდ სტატუსის შესანარჩუნებელი, არამედ შემდეგ საფეხურზე გადასასვლელი აქტივობების განსახოცრიელებლად.
თემურ სუყაშვილი, მარნეულის ¹2 საჯარო სკოლის მასწავლებელი: „მესამე წელია, რაც სკოლაში ვასწავლი, თუმცა განათლებით იურისტი ვარ. რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე პროექტის „ქართული როგორც მეორე ენა“ კონკურსში და გავიმარჯვე. დავიწყე მუშაობა და მივხვდი, რომ სკოლაში ჩემი ადგილი ვიპოვე. ხშირად ჩემი მეგობრებიც კი მეკითხებიან, რატომ დავრჩი სკოლაში? მათაც ვპასუხობ და თქვენც იმავეს გაგიმეორებთ, რომ მომწონს, როცა მომავალი თაობის აღზრდაში მცირე წვლილი შემაქვს. სკოლა ამისთვის საუკეთესო ასპარეზია — მოსწავლეებს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ვეხმარები და ეს ძალიან მხიბლავს. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მეტიც — ფაქიზი და საფრთხილო, რადგან შენგან ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს, არაპროფესიონალიზმი კი დამღუპველია. სიმართლე გითხრათ, პასუხისმგებლობის განცდის მაღალმა ხარისხმა განაპირობა ჩემი მასწავლებლად დარჩენა — პასუხისმგებლობამ მოტივაცია აამაღლა.
ქართულის გარდა, ვარ სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული მასწავლებელი. თუმცა, სამოქალაქო განათლებას, ჯერჯერობით, ვერ ვასწავლი, რადგან სკოლაში ქართულენოვანი კონტინგენტი არ გვყავს. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ქართულის საგნის კომპეტენციის დადასტურებამ მომიტანა. გამოცდა პირველივე ჯერზე ჩავაბარე. ვერ გეტყვით, რომ იოლი იყო, თან, როგორც გითხარით, ჩემს პროფესიასთან საკმაოდ შორს ვარ, მაგრამ სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდი. ბევრი ვიშრომე, ვიმეცადინე კიდევაც, ტრენინგები გავიარე და, როგორც ხედავთ, გამოცდა ჩავაბარე, დაუძლეველი არაფერია. არაქართულენოვან სკოლაში ვასწავლი ქართულს, მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ამას განათლების სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდი. პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენინგები გავიარე და დღეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს მივიღებ“.
პელაგია დავითაშვილი, კასპის რაიონის სოფელ მეტეხის ¹2 საჯარო სკოლის მასწავლებელი: „წელს დავადასტურე საგნის კომპეტენცია ხელოვნებაში. სულ ოთხ გამოცდაზე გავედი — ჩაბარებული მაქვს უნარების გამოცდა და ხელოვნების საგანი, ორ გამოცდაში — მათემატიკა და ქიმია — მიზერული ქულები დამაკლდა ბარიერის გადასალახად. აუცილებლად კიდევ ვცდი ბედს. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ხელოვნების გამოცდით მოვიპოვე, რთული და შეუძლებელი არ არის, მაგრამ ბევრი შრომა კი სჭირდება. გასული წლის დეკემბერში, მასწავლებელთა სახლში, 24-საათიანი ტრენინგი გავიარე, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი რამ მომცა. სასურველია, მსგავსი ტრენინგები სხვა საგნებშიც ჩატარდეს.
უკვე 60 წლის ვარ და ამ პოზიციაზე გაჩერებას მაინც არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესია საკმაოდ შრომატევადია და სერიოზული აქტივობების განხორციელება გვიწევს, მაინც ვაპირებ ვიზრუნო როგორც სტატუსის შენარჩუნებაზე, ისე წინსვლაზე. მოტივაცია გამოცდის ჩაბარებამ კიდევ უფრო გამიზარდა — სტატუსის ზრდასთან ერთად, ჩემი ხელფასიც იზრდება“.
ეთერ ქოქაშვილი, ნატახტრის სკოლის მასწავლებელი: „დაწყებითი საფეხურის მათემატიკა ჩავაბარე და მინდა ჩემს კოლეგებს ვუთხრა, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვთ გამოცდა — მითია, თითქოს ტესტი ურთულესია. ყველაფერი დაძლევადია და ნუ შეშინდებით, ნურც იმაზე იფიქრებთ, რომ გამოცდაზე ერთხელ ან ორჯერ ჩაჭრა დაგაკნინებთ. “
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა პედაგოგებს კარიერული წინსვლა მიულოცა და სთხოვა მათ: „ხმა მიაწვდინეთ კოლეგებს, ნურაფრის შეეშინდებათ. ვისაც რა უნდა, ის თქვას გამოცდებთან დაკავშირებით, არავინ არ გითვლით, ვინ რამდენჯერ გამოხვალთ და როგორ ჩააბარებთ. წინა რეზულტატები არ ჩაითვლება, ეს არ არის სადამსჯელო მექანიზმი. ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, გვაინტერესებს და ვამოწმებთ პედაგოგების ცოდნას იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლიან და მერამდენე გასვლაზე ჩააბარებს მასწავლებელი გამოცდას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დაადასტუროთ საგნობრივი კომპეტენცია და შემდეგ ჩვენც, თქვენთან ერთად, დავიწყებთ კარიერულ საფეხურებზე ძალიან სკრუპულოზურ სვლას — მოგამზადებთ ყველა მიმართულებით, რაც კი დაგჭირდებათ. გარწმუნებთ, ამ წლების განმავლობაში, სანამ სკოლაში არ შეიქმნება ისეთი მექანიზმი, რომ პროფესიული განვითარება მის ბაზაზე განხორციელდება, თქვენ გვერდით ვიქნებით“.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, 330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წარმატებით გადალახა საგნობრივი გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. პედაგოგთა პროფესიული განვითარების გზა კი პირდაპირ ბმაშია შრომით ანაზღაურებასთან, რაც ყველაზე მეტად ზრდის მათ მოტივაციას.
|