2016-03-24 დუმილი მხოლოდ მათ აძლევთ ხელს, ვისაც სიჩუმით სურს პრობლემის დამალვა დღევანდელი „აგ“-ს სტუმარი განათლებით ფსიქოლოგი/ოკუპაციური თერაპევტი ანა არგანაშვილია, რომელიც წლების განმავლობაში იცავს მათ უფლებებს, ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე იოლად დასაჩაგრია — ესენი ბავშვები არიან და ამბობს, რომ ამაზე აუცილებლად „ბავშვები მოგვთხოვენ პასუხს“ — „სად ვართ, სად ხართ როდესაც ჩვენს თვალწინ ბავშვის ღირსება და ცხოვრება რისკის ქვეშ დგება? ეს ბავშვები ხვალ მოგვთხოვენ პასუხს და თითოეულ ჩვენგანს უმოქმედობაში დაადანაშაულებენ. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვექნება“. „არ გავჩერდები მანამ, ვიდრე მათი ცხოვრება არ შეიცვლება უკეთესობისკენ და მათი უფლებები არ იქნება დაცული“ — აცხადებს ის.
მისი ორგანიზაციის ჵჰR მომავალი ორი წლის პრიორიტეტული სფერო მართლმსაჯულებაზე ბავშვთა ხელმისაწვდომობაა და როგორც ანა ამბობს, მიზანს მაშინ მიაღწევენ, „როცა სასამართლო იტყვის, რომ ბავშვს უნდა მოვუსმინოთ — მაშინ ბავშვებს ყველა მოუსმენს“.
2003 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნეირორეაბილიტაციისა და დღის ცენტრებში, გაეროს ბავშვთა ფონდში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. „კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ანას საპატიო სიგელი გადასცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ავტორია არაერთი კვლევისა და მონიტორინგის ანგარიშის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და ხანდაზმულების უფლებრივ მდგომარეობას ასახავს საქართველოში. ამჟამად „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის მენეჯერია.
— „ადამიანის უფლებები არ ცნობს საზღვრებს და თუ უფლება სადმე ირღვევა, ჩვენ უნდა გავჩნდეთ იქ და დავიცვათ ისინი“ . ანა, ეს, ჩემი აზრით, ყვლაზე გულწრფელი და საუკეთესო მოწოდებაა, რაც კი ბოლო დროს მსმენია. თქვენ იგი ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე — „აქტიური საუბრები“ — გააკეთეთ. „ეს წერილი არ არის ჩემი თვითკმაყოფილებისა და კომფორტის საფუძველი, ეს არის საბუთი, ბილეთი მომავალი ბრძოლისათვის... არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე მათი ცხოვრება არ შეიცვლება უკეთესობისკენ და მათი უფლებები არ იქნება დაცული“. — ამ განცხადების შემდეგ, თითქმის, 2 წელი გავიდა, თქვენ ბრძოლას განაგრძობთ, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?
— ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ თემაზე უფრო დახვეწილად დაიწყეს საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საუბარი შინაარსობრივად ღრმა არ არის. ისე როგორც ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას, აქაც აქვთ ამორჩეული რამდენიმე თემა, სადაც გარკვეული პროგრესია და იმ თემების გარშემო ტრიალებენ, თუმცა ერიდებიან იმ თემების გახსნას, სადაც გაყინული ვითარება ან გარკვეული რეგრესია. ყველაფერს ამას განაპირობებს ის, რომ ბავშვთა უფლებები ჯერ კიდევ ნამდვილად არ არის პრიორიტეტი. გადავხედოთ წინასაარჩევნო პერიოდს ან არჩევნების შემდგომ პირველ წელს — მუდმივად გვეუბნებიან, რომ წინასაარჩევნოდ არ სცალიათ, არჩევნების შემდგომ კი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. შუა პერიოდი არის პატრა ფანჯარა, რომლის დროსაც ბავშვთა უფლებების დამცველები რაღაცას ვითხოვთ. როგორც წესი, არ გვაცლიან მთელი ციკლის მიყოლას. ამჟამად მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების რეფორმის კრიტიკული პროცესი, პარლამენტმა მოისმინა კანონპროექტი. რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ კანონპროექტს აქვს სერიოზული ხარვეზები, კერძოდ, გამოტოვებულია ბაღის პედაგოგთა გადამზადების ვალდებულება და მონიტორინგი ეკისრება იმავე უწყებას, ვინც უნდა განახორციელოს ახალი პროგრამა. მიუხედავად ამისა, ეს არავის ყურადღების ცენტრში არ მოექცა. ადამიანებს, რომლებიც დღეს ებრძვიან სხვათა პირადი ცხოვრების დამრღვევთ, ჩვენ ვეუბნებით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის სწავლება სწორედ ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ.
ვფიქრობ, საქმე გვაქვს არაპროფესიონალურ მიდგომასთან, როდესაც ადამიანის უფლებებს ძალიან დაგვიანებით აქცევენ ყურადღებას, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი უფლებები დაირღვევა. გვავიწყდება, რომ პრევენცია სწორედ განათლებაშია. არც ერთი პარლამენტარი, დღეს, რეგულარულად, ბავშვთა საკითხებს განსახილველად არ აყენებს, მაშინ, როცა ვიცით, რომ ისინი სხვადასხვა თემას ლობირებენ — მაგ., საარჩევნო ან მართლმსაჯულების საკითხები და ა.შ. და თუ მათ მივმართავთ ინტერვიუს ჩასაწერად, ღიმილით საკუთარ ბავშვობაზე საუბრობენ. ფიქრობენ, რომ ბავშვთა უფლებების ცოდნა ეს არის. სამწუხაროდ, ეს არაპროფესიონალიზმია. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ დღეს პროფესიონალებს ბავშვთა უფლებებს არ ასწავლიან, არც ერთ უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს ბავშვთა უფლებების შესახებ აკადემიური სწავლება. მაგალითისთვის ავიღოთ მომავალი იურისტები. მათ ხომ ასწავლიან საჯარო სამართალს, საოჯახო სამართალს და ა.შ., მაგრამ არ ასწავლიან ბავშვთა უფლებებს. რატომღაც მიჩნეულია, რომ იურისტი ამ ცოდნის გარეშეც დაიცავს ბავშვთა უფლებებს, რაც არასწორია. ეს შედეგიდანაც ჩანს — როგორც წესი, ბავშვთა საკითხებზე არ გამოდის სასამართლო გადაწყვეტილებები. მაგალითად, დარღვევას, რომელზეც ზრდასრულის შემთხვევაში ვიტყოდით, რომ დანაშაულია, ბავშვთან მიმართებაში დანაშაულს არ ვეძახით. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ბავშვის უფლებები არც მართლმსაჯულების და არც პოლიტიკის დონეზე არ განიხილება — ეს არის დესერტი, რომელსაც აყოლებენ ხოლმე დიდ, მნიშვნელოვან საკითხს.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან — ასოცირების ხელეშეკრულების მიხედვით, — ძალიან სერიოზულ თემებს შორის, ერთ-ერთი იყო ბავშვთა უფლებების სფეროში არსებული ვალდებულების შესრულება ქვეყნის მხრიდან. იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მიგვეღო, ჩვენი ორგანიზაცია ასოცირების ხელშეკრულებას მონიტორინგს სწორედ ამ ნაწილში უწევდა. ბატონ დავით ბაქრაძის გარდა, რომელიც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, არც ერთი სხვა მინისტრი არ დაინტერესებულა და არ ესწრებოდა შეხვედრას, როცა ბავშვთა უფლებები განიხილებოდა. აი, რატომ გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით.
— ბულინგი სკოლებში — დღეს ძალიან აქტუალური და საჭირბოროტო თემაა. რას ფიქრობთ, რა მდგომარეობაა სკოლაში, რატომ იჩინა თავი ასეთი დოზით ძალადობამ? უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას და ვახმოვანებთ ძალადობის ფაქტებს, თუ მართლაც გაიზარდა ასეთი შემთხვევების რაოდენობა? და კიდევ, სკოლა უზრუნველყოფს თუ არა ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას?
— ვფიქრობ, ორივე ერთდროულადაა, გაიზარდა კიდევაც ძალადობის შემთხვევები და მეტი ყურადღებაც დაეთმო ამ საკითხს.
რაც შეეხება ძალადობის შემთხვევების ზრდას, ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ, ზოგადად, ქვეყანაში არსებული მძიმე ფონი, მათ შორის სოციალური. ასევე, ის ფაქტიც, რომ ბავშვების დიდი ნაწილი დამოკიდებულია კომპიუტერზე, რომელსაც არასწორად მოიხმარენ, კიბერუსაფრთხოება კი, საქართველოში, ბავშვთა დაცვის კუთხით, არ არის განვითარებული. უამრავი შემთხვევა იყო, როცა ინტერნეტში განთავსდა ბავშვების პორნოგრაფიული კონტენტი ან ძალადობა. ჩვენი ორგანიზაცია პირადად მიმართავდა პროკურატურას, იმიტომ, რომ არ არსებობს ცენტრალიზებული დაცვა; არ არსებობს არც ერთი უწყება ან სააგენტო, რომელსაც მშობელი დაუკავშირდება და მიიღებს კონსულტაციას, როგორ დაიცვას შვილი. ვფიქრობ, ძალიან გაზრდილია კიბერბულინგი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებში — ერთმანეთისთვის ფოტოების გადაღება და ბოროტად გამოყენება, ინტერნეტსივრცეში ერთმანეთზე ძალადობა და ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაშიც აისახება. თუმცა, გეთანხმებით, რომ ყურადღებაც გაზრდილია. ხანდახან მსაყვედურობენ, რა არის ამდენი ნეგატიური ინფორმაციაო. მაგრამ უფრო საშიშია, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლად, დაუცველად გრძნობს თავს, ვიდრე ამაზე საუბარი. ადრე მასწავლებელმა არ იცოდა, რომ ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების შეზღუდვა ძალადობაა. მედიის და მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით ეს გაიგეს. ახლა მათთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ასეთ ფაქტზე საჩივარი დაიწერება. გვეუბნებიან ხოლმე, რომ ხშირად ბავშვები იტყუებიან. ასეთ შემთხვევაშიც კი, ბავშვის მოთხოვნის იგნორირება არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა ვიპოვოთ მიზეზები რატომაა იძულებული ბავშვი, რომ ტყუილი თქვას — ან გაკვეთილია მოსაბეზრებელი ან სხვა ტიპის პრობლემაა. შესაძლოა, ძიებამ ძირეული სწავლების ხარისხის პრობლემასთან მიგვიყვანოს. მე მივესალმები საკითხის ძალიან მკვეთრ გაშუქებას, რადგან მასწავლებლებსაც ესაჭიროებათ ინფორმაცია, მათაც არ უსწავლიათ ბავშვთა უფლებები და ისინიც ჩვენთან ერთად მიდიან წინ. სამწუხარო ის არის, რომ კონკრეტული ბავშვის უფლების დარღვევის მაგალითზე ვსწავლობთ, რა უნდა იყოს აკრძალული. ეს ჩემთვის არაჰუმანურია.
— რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს მოზარდებს შორის ან მოზარდებზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად?
— პრევენციაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ. ერთ მაგალითზე შევჩერდები: რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით, ღიად მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს და რეალური პრობლემა აღვწერე — როცა ბავშვებს ვესაუბრებით იმაზე, რომ ბულინგი და ძალადობა მიუღებელია და კანონითაა აკრძალული, ისინი გვიბრუნებენ კითხვას: ჩვენ ყოველდღე პარლამენტში ვხედავთ ბულინგს, სამართალდარღვევას და ამაზე პასუხი არავის მოეთხოვება, ეს ნორმალურია? პრევენცია შეიძლება მიკროდონეზეც განვიხილოთ და მაკროდონეზეც, ანუ შეიძლება სკოლაში მოსწავლეს მასწავლებელი ესაუბროს, რომ ჩაგვრა არ შეიძლება, მაგრამ მაკროდონეზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი როლი აკისრია. როცა ისინი ამას არ აღიარებენ, როგორც ძალადობის ფორმას — თუნდაც მათი სატელევიზიო დებატები, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არის შეურაცხყოფის, ურთიერთდამცირების მაგალითი და რომლის პირდაპირ მოდელირებასაც ახდენენ ბავშვები.
ჩემთვის ეს არის პრობლემა — პრევენცია მხოლოდ ფურცელზე და წიგნში... ყველაფერი კი მთლიანად მასწავლებლებზეა გადატეხილი. ის, ვინც უნდა იყოს მოდელი ჩვენი ქცევის, თავად აჩვენებს არასწორ ქცევას.
რაც შეეხება შეკითხვას, უზრუნველყოფს თუ არა სკოლა ბავშვის უსაფრთხო გარემოს, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სკოლა ამას ვერ აკეთებს.
ამ თემაზე დუმილი მხოლოდ მათ აძლევთ ხელს, ვისაც სიჩუმით სურს პრობლემის დამალვა. ვფიქრობთ, სკოლაშიც, და ზოგადად განათლების სისტემაშიც, არის საკითხები, რომლებიც ძალიან პროგრესულად მიმდინარეობს, თუნდაც საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მყარი პოზიცია. მაგრამ, მეორე მხრივ, რაც შეეხება ბულინგის დროს ფსიქოლოგიურ მომსახურებას — ბატონი ლევან ზარდალაშვილი სატელევიზიო გამოსვლებში აცხადებს, რომ არ ჰყოფნით რესურსი და, რიგ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლ ბავშვს ურჩევს, მხოლოდ სწორ პოზაში დგომას. სამწუხაროდ, მხოლოდ სხეულის სწორი პოზა ბულინგის მსხვერპლ ბავშვს ვერ დაეხმარება, საჭიროა ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა. სამოქალაქო საზოგადოება ვთხოვთ განათლების სამინისტროს, პრობლემები გამოაჩინონ და მათ მერე, მოგვარებაში, ჩვენც დავეხმარებით.
— მინდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას შევეხოთ, რა იცვლება მოზარდებისთვის, რომლებსაც პრობლემა აქვთ კანონთან?
— არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა მართლაც ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯია. შეიცვალა ზოგადად ხედვა — არასრულწლოვანი არის, უპირველეს ყოვლისა, ბავშვი, რომელსაც გარემოებებმა უბიძგა, რომ აქეთ წასულიყო. ჩემი აზრით, კანონთან კონფლიქტში მყოფი ყველა არასრულწლოვანი, გარკვეულწილად, არის მსხვერპლი არასწორი აღზრდის, განათლების, სოციალიზაციის ნაკლებობის. აი, ეს ხედვა შემოგვთავაზა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმამ. ერთ ფრაზაში ეს ხედვა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს — სასამართლო პროცესზე არ არსებობს ორი მხარე, არის მხოლოდ ერთი და ეს არის ბავშვის მხარე — ყველა ცდილობს, გაიაზროს რატომ ან როგორ ჩამოყალიბდა ბავშვი ამგვარად, მას არ უწოდებენ დამნაშავეს, არამედ — კანონთან კონფლიქტში მყოფს. თუმცა, ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ რეფომას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს და თუ ვითარება არ შეიცვალა, შესაძლოა, რეფორმა ჩაიშალოს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო მხოლოდ იუსტიცია და სასამართლო ან საპატიმრო არ არის. ეს არის სოციალური დაცვა, განათლება და ჯანდაცვა. სოციალური დაცვის კუთხით, ძალიან სერიოზული ხარვეზები გვაქვს — ვიდრე არასრულწლოვანი მოხვდება იუსტიციის სფეროში (სანამ დანაშაულს ჩაიდენს), მთელი რიგი რისკ-ფაქტორები არსებობს, რომლებიც უნდა აკონტროლოს ბავშვთა სოციალურმა დაცვამ. არასრულწლოვანს არ უნდა შიოდეს, რომ საკვები არ მოიპაროს, არ უნდა სციოდეს და ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეს — ვიცით, რომ ბოტასები მოიპარა მოზარდმა, ამის გამო დაიჭირეს. სად არის ამ დროს სოციალური დაცვა? სად არის და, სოციალურ დაცვას აქვს კრიზისი, ბოლო ხუთი წელია გაჩერდა მისი განვითარება. თითოეულ სოციალურ მუშაკს 200 საქმე დააწერეს, მათ არ აქვთ ტრანსპორტირების და ტელეფონის ფული, რომ ადგილზე დროულად ჩავიდნენ და შეისწავლონ საკითხი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ჩანს, ბავშვთა უფლებებს და ბავშვთა სოციალურ დაცვას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ამით საფრთხეს უქმნის ყველა სხვა სფეროს, სადაც გარკვეული მიღწევები გვაქვს, ან პროგრესი, ან პოტენციალი მიღწევებისთვის. და კიდევ, თუ არასრულწლოვანს განრიდებას გაუკეთებენ, სამწუხაროდ, იმავე სიტუაციაში ჩავარდება — ოჯახში არ ათენებს ღამეს, ანტისაზოგადოებრივ ქცევაშია ჩაბმული, მათხოვრობს და ა.შ., რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რეფორმა გვექნება მართლმსაჯულებაში? სხვა სფეროები ნიადაგს აცლიან იმ პროგრესს, რასაც ძალიან დიდი შრომით და ძალისხმევით მივაღწიეთ ერთ სფეროში. ვფიქრობ, იუსტიცია და შსს ინტერდისციპლინარულად უნდა მუშაობდნენ ჯანდაცვასა და განათლებასთან. მართლმსაჯულებაში ეს მიდგომა ნაწილობრივ იცვლება, მაგრამ თუ არ დაეხმარა სოციალური დაცვა და განათლების სისტემა, არაფერი შეიცვლება და ისევ იქ დავბრუნდებით, სადაც ვიყავით.
— 21 მარტი დაუნის სინდრომის დღეა, ხოლო 2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის ამაღლების, როგორია შშმ ბავშვების ბედი ჩვენს ქვეყანაში და რა კეთდება მათთვის?
— მათთვის სახელმწიფოს მხრიდან, სამწუხაროდ, მინიმალური და ფრაგმენტული ღონისძიებები ტარდება — ერთი პროგრამა, ერთი კურსი, ერთი სკოლა, მაგრამ ეს არ არის ერთიან ხედვაში მოქცეული, ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, რომ ის, რაც იხარჯება, იხარჯება არასწორად.
ამ მიმართულებით დიდ პროგრესად მიმაჩნია, რომ ძალიან გაძლიერდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების ფრთა. იმდენად, რომ მათ უკვე ვერაფერი შეაჩერებთ. თბილისში, რუსთავში, სოფლებში მშობლების საკმაოდ დიდი ჯგუფებია, რომლებიც არ ეპუებიან ამ უყურადღებობას. შეიძლება ამიტომაც წამოიწია შშმ ბავშვების საკითხმა წინ, ვიდრე, მაგალითად, მზრუნველობამოკლებული, ან ქუჩაში მყოფი, ან ეთნიკური უმცირესობების ბავშვთა საკითხებმა. სწორედ მშობლების აქტიურობა მოიტანს შედეგს. ჩვენი ორგანიზაცია მხარში ვუდგავართ და ვეხმარებით მათ, ისინი ამ პრობლემებზე ლაპარაკობენ და ჩვენ მათ სამართლის ენაზე ვუთარგმნით. მაგალითად, როცა შშმ ბავშვს, არდადეგების შემდეგ, სკოლაში დაბრუნებას უგვიანებენ, ეს დისკრიმინაციული პრაქტიკაა. აგვიანებს ბრძანება, ან ტრანსპორტში საწვავის ჩასხმა, ან მათთვის ოთახის გამოყოფა, ან სპეციალური მასწავლებლის დაქირავება და ამის გამო ინკლუზიურ ან ინტეგრირებულ კლასში შშმ ბავშვი თვე-ნახევრით გვიან იწყებს სწავლას, ვიდრე დანარჩენი მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს დისკრიმინაციის ფაქტია და, ასეთ შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს. აქამდე კი, ამგვარ ფაქტს ასეთი გამართლება ჰქონდა — აქამდე სულ არ დადიოდა და ახლა თუ დაიგვიანებს, რა უჭირსო. როგორც კი ფაქტს სამართლის ენაზე ვთარგმნით და მას დისკრიმინაციულ მოპყრობას ვუწოდებთ, მაშინვე არის სწრაფი რეაგირება იმიტომ, რომ დისკრიმინაციულ პრაქტიკას მოსდევს საჩივარი სახალხო დამცველთან, სასამართლოში, ხდება ზიანის განსაზღვრა და პასუხისმგებლობის დაკისრება. ამაში ძალიან დაგვეხმარა ანტიდისკრიმინაციული კანონი. კანონი კი სავალდებულოა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე ჩვენთვის.
— „სად ვართ, სად ხართ, როდესაც ჩვენ თვალწინ ბავშვის ღირსება და ცხოვრება რისკის ქვეშ დგება? ეს ბავშვები ხვალ მოგვთხოვენ პასუხს და თითოეულ ჩვენგანს უმოქმედობაში დაგვადანაშაულებენ. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვექნება“ — რას ეტყვით, როგორ მოიქცეს საზოგადოება, რომ შემდეგ ბავშვების თვალებში ჩახედვა არ შეგვრცხვეს და კიდევ, როგორ იქცევიან სამართალდამცველები, როცა ხედავენ, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა?
— სამწუხაროდ, სამართალდამცველები ბავშვის უფლებების დარღვევას სერიოზულად არ აღიქვამენ, უბრალოდ ფიქრობენ, რომ ბავშვზე ძალადობა მისი აღზრდის და გაზრდის ნაწილია. რაც იმთავითვე შეცდომაა და ამ სტერეოტიპზე არავინ მუშაობს. მეორე — სამართალდამცველები ბავშვებს არ აღიქვამენ სრულფასოვან მოსარჩელედ, სრულფასოვან მოწმედ ან დაზარალებულად. მაგალითად, როცა ბავშვია მსხვერპლი, მას არავინ ესაუბრება, მის შესახებ ისევ სხვები საუბრობენ. ხშირად ამბობენ, რომ ის იტყუება, მაშინ, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებობს ასეთი ჩანაწერი — თუ ბავშვს რაიმე ტიპის დანაშაული ეხება, პრეზუმციად უნდა აიღო, რომ ბავშვი არ იტყუება. იმიტომ, რომ ბავშვი მაქსიმალურად ცდილობს, ხმა მოგაწვდინოს, მისი ხმა არსად ისმის. როცა აჩუმებ და მის ყოველ სიტყვას ეჭვის თვალით უყურებ, ბუნებრივია, იქ სამართლიანობა დაცული ვერ იქნება. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა უთქვამთ, ბავშვმა მოიტყუა გარყვნილი ქმედების შესახებ. ამას ეძახიან ბავშვის წინაშე სისტემის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ანუ ჩვენ ორი დამნაშავე გვყავს — ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე — სისტემა, რომელმაც მსხვერპლს არ დაუჯერა და არ დაიცვა. ორივე თანაბარმნიშვნელოვანია. მომავალში, როცა მოწესრიგდება ბავშვთა უფლებების სფერო, დამერწმუნეთ, ორივეს მოეთხოვება პასუხი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვთა უფლებები ყველა ძირეულ რეფორმაში უნდა იყოს გათვალისწინებული — პროკურატურის, სასამართლოს, პოლიციის და ა.შ.
სამწუხაროა, საქართველოში ბავშვებს იმიტომ ვჩაგრავთ, რომ პატარები არიან, რაც უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, ეს ასეა, ვინც ადვილი დასაჩაგრია, იმას ვჩაგრავთ. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა გამოსცა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც ბავშვებს მისცემდა საშუალებას, საჩივარი დაეწერათ გაეროს კომიტეტისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ამის რატიფიცირება არ მოახდინა — მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ გვინდა ბავშვები იყვნენ ჩუმად. იმედი გვაქვს, ეს მიდგომა შეიცვლება.
ჩვენი ორგანიზაციის სამუშაო სფეროა ბავშვთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე. ჩვენ უნდა გადავამზადოთ იურისტები ბავშვთა უფლებების მიმართულებით და მივაღწიოთ, რომ თავად ბავშვები გახდნენ საკუთარი უფლებების დამცველები სასამართლოში. მომავალი ორი წლის პრიორიტეტი სწორედ ეს საკითხებია. როცა სასამართლო იტყვის, რომ ბავშვს უნდა მოვუსმინოთ — მაშინ ბავშვებს ყველა მოუსმენს და მიზანსაც მივაღწევთ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|