2016-02-25 ყველა პროექტი მნიშვნელოვანია და მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება ზოგად და უმაღლეს განათლებაში გასულ წელს
განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებისა და
პროექტების შესახებ საუბრობს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე
— ქალბატონო თამარ, 2015 წელს თქვენ პედაგოგების წელი უწოდეთ და აღნიშნეთ, რომ „ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელი დაგვრჩა, უნდა გადავჭრათ აუცილებლად ერთად იმიტომ, რომ პედაგოგს დასჭირდება სახელმწიფოს მხრიდან რეალური ხელშეწყობა, პროფესიას დასჭირდება დაფასება“. მართლაც, 2015 წელი პედაგოგებისთვის ბევრი სიახლით დაიწყო და მათთვის ახალი სქემის დანერგვა ყველაზე სენსიტიურ თემად იქცა. როგორ შეაფასებთ ე.წ. „პედაგოგის“ წელს?
— 2015 ერთგვარი გამოწვევის წელი იყო. რეალურად 2013-14 წლებში დაგეგმილი სიახლეების განხორციელება დავიწყეთ. წინა წლებში სისტემა სრულად შევაფასეთ და შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მუშაობას ვაგრძელებთ. სისტემურ ცვლილებებსაც ვგულისხმობ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაა. ამ სისტემაში მოვაქციეთ პედაგოგიური განათლების რეგულაციის საკითხები, უმაღლესი განათლების კომპონენტიდან დაწყებული, მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის და მათი შეფასების კრიტერიუმებით დასრულებული. შეფასების სისტემა, სერტიფიცირებაზე ბევრად ეფექტურია. ამ სისტემაში მოვაქციეთ სახელფასო პოლიტიკაც, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელფასო პოლიტიკის დარეგულირების გარეშე, რეფორმის ეფექტურობაზე საუბარიც ზედმეტია.
სახელმწიფომ გამოყო დამატებითი ფინანსური სახსრები მასწავლებელთა ანაზღაურებისთვის, რომელიც, ახალი სქემის ფარგლებში, სამ ეტაპად განისაზღვრება: 2015-2016 სასწავლო წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასი 2-ჯერ გაიზრდება და, არსებულთან შედარებით, 34%-ით მოიმატებს. მომდევნო ზრდა 2016-2017 სასწავლო წელს განხორციელდება, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებულ საშუალო ანაზღაურებას გაუთანაბრდება, ხოლო მაღალი სტატუსის მასწავლებლებისთვის ბევრად გადააჭარბებს.
— რომელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობებიდან და პროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი? ან რისი განხორციელება ვერ მოხერხდა?
— სამინისტროსთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანია და მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება. რაც შეეხება აქტივობებს, როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ და უმაღლეს განათლების სფეროში არაერთი პროექტი განხორციელდა.
მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ზოგად განათლებაზე ოჯახის წლიური დანახარჯი 60%-ით შემცირდა. უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს უფასო სახელმძღვანელოების პროექტი — 2013 წლიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს და კერძო სკოლის გარკვეულ კონტინგენტს 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 12 მილიონამდე სასკოლო სახელმძღვანელო და რვეული აქვს მიღებული. ამ სასწავლო წელსაც, სამინისტრომ სახელმძღვანელოებით ნახევარ მილიონამდე მოსწავლე უზრუნველყო. უფასო სასკოლო ავტობუსების პროგრამის შედეგად, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს. 2015 წლისათვის პროგრამაში 1150 საჯარო სკოლა ჩაერთო და ავტობუსებით მომსახურების სერვისით 60 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი არასრულწლოვანი მოსწავლეები სახელმწიფოს მხრიდან სრულად არიან უზრუნველყოფილი სასწავლო რესურსებით. 2013-2015 წლებში, დაწესებულებაში მყოფებიდან ექსტერნატის გამოცდები 36-მა დაძლია, გამოსაშვები გამოცდები — 16-მა, ხოლო ეროვნული გამოცდები — 8 მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 2013-დან 2015 წლის ჩათვლით, სახელმწიფომ 318 000 ლარი გამოყო, რაც გალელი პედაგოგების გადამზადებასა და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებას ითვალისწინებს. სამინისტრომ წარმატებით დაასრულა სკოლების ინტერნეტიზაციაც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეწარმეობის საკითხების შეტანა როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული განათლების დონეზე, რაც წარმატებით განხორციელდა. თუმცა, სიახლეა და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ვფიქრობ, ეს კომპონენტი დასახვეწი და გასავითარებელი იქნება მომავალში.
მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით. სკოლისა და პროფესიული განათლების დონეზე, მოწესრიგდა პედაგოგთან, დამხმარე პერსონალთან, რესურსებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები, რაც საშუალებას იძლევა, მოვემსახუროთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა პროფესიული განათლების კონცეფცია. სახელმწიფო დღეს სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას საჯარო დაწესებულებებში. შეიცვალა დაფინანსების სისტემა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დამსაქმებლების ჩართულობით, შემუშავდა და დამტკიცდა ახალი, თანამედროვე სტანდარტები. სტანდარტების შესაბამისად მომზადდა მოდულური პროგრამები, რომლის დანერგვაც უკვე მიმდინარეობს და 2017 წლიდან სრულად გადავალთ მოდულურ სწავლებაზე. ამისათვის მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გადაიარაღდა სახელოსნოები. წინა პლანზე წამოიწია პრაქტიკული მეცადინეობა და საწარმოო პრაქტიკა. მიმდინარეობს ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნების პროცესი. ჯერჯერობით ვერ მოვასწარით ახალი კანონის პარლამენტში შეტანა, რომლითაც უნდა დასრულდეს დაწყებული რეფორმა, აღმოიფხვრას საგანმანათლებლო ჩიხები და ა.შ.
სამინისტროს მხრიდან განხორციელებულია ათობით სხვა პროექტი, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგალითად, მოსწავლეებში კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ტოლერანტობისა და სხვა ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის სამინისტრო ახორციელებს საზაფხულო სკოლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში მონაწილე მოსწავლეების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მოკლევადიანი ვიზიტებით გაგზავნას უცხოეთის სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებში. პროგრამის განსახორციელებლად, 2013-2015 წლებში, სახელმწიფომ 3 165 000 ლარი გამოყო. სამინისტრო უზრუნველყოფს ასევე ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას. 2015 წელს გადაიჭრა მცირეკონტინგენტიანი სკოლების პრობლემაც, რომელიც კლასკომპლექტებს უკავშირდება. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მომზადდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ კანონპროექტი.
სახელმწიფოს მიერ სრულადაა შესწავლილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და გადაუდებელი საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებულია ხუთწლიანი გეგმა. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 54 მლნ აშშ დოლარია. აქტიურად მიმდინარეობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების რეაბილიტაციის პროცესიც.
— რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში?
— 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით: უნივერსიტეტებში სამეცნიერო კომპონენტის გაძლიერება, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია და მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება. მოკლედ მოგახსენებთ თითოეული მათგანის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, 2010 წელს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დიდ ნაწილს შეეცვალა სამართლებრივი სტატუსი და ისინი შეუერთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუმცა ამ შეერთებას, ძირითადად, მექანიკური ხასიათი ჰქონდა და პოზიტიური შედეგები ვერ მოგვცა. არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ მომხდარიყო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ჩართვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში — მართვაში, სწავლებასა და დოქტორანტების მომზადების, მომავალი მეცნიერების აღზრდის საქმეში. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და მათი პერსონალი, მცირე გამონაკლისის გარდა, შესაბამისი იურიდიული სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებების გარეშე დარჩა.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გვარდება ზემოთ აღნიშნული პრობლემები — სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ხდებიან უნივერსიტეტების სრულუფლებიანი სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი სტატუსით, ფუნქციებითა და უფლებებით. ახალგაზრდების მეცნიერებაში მოსაზიდად შემოდის პოსტ-დოქტორანტის სტატუსი. მკვიდრდება მეცნიერის სტატუსი და მეცნიერები, უახლეს მომავალში, მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მუშაობაში, ისე მომავალი თაობის და განსაკუთრებით მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში, ანუ ჩვენ შევქმენით იურიდიული საფუძვლები ჩვენს ქვეყანაში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების, რაც მთავარია, სამეცნიერო პერსონალის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია-ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ეს არის როგორც ერთიან დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, ისე სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების გათვალისწინებას და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ ანალოგებთან, რისი ვალდებულებაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც აქვს. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტულია, ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ მისი პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება. აღნიშნული ტენდენციის ხელშეწყობას ემსახურება ევროკომისიის პროგრამის „ერაზმუს+“ ერთ-ერთი მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ზემოთ აღნიშნული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებისთვის დამატებითი თანხების მოძიების რეალური წყარო.
აღსანიშნავია, საქართველოს კანონმდებლობა აქამდე არ ცნობდა ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნებას (joint degree), რაც შეიძლებოდა სერიოზული ბარიერი გამხდარიყო საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი დამატებითი თანხების მოსაზიდად.
აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, კანონმდებლობით განისაზღვრა უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭების შესაძლებლობა.
მოკლედ მოგახსენებთ მასწავლებლის მომზადების სისტემის სრულყოფის შესახებაც. 2015 წლის 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ¹68 „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით და შემოგვთავაზა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის მასწავლებლის მომზადების განსხვავებული მოდელის დანერგვა — დივერსიფიცირებული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-განხორციელება, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლება, რომელიც 300 კრედიტს მოიცავს და რომელშიც განსაკუთრებით გაძლიერებული იქნება მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.
ამ დადგენილების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრა სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო/საშუალო, სპეციალური საჭიროების, სახელოვნებო/სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი და მოცულობა (კრედიტები).
ათასწლეულის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში შემოვიდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად. ეს არის უნიკალური შანსი ქართველი სტუდენტებისათვის, რომ ამერიკული დიპლომი მიიღონ აქ, საქართველოში. სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის — თსუ, ილიაუნი და ტექნიკური უნივერსიტეტი — ბაზაზე სან დიეგოს უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ფინანსური სქემა ისე დალაგდა, რომ ამ პროგრამებზე სტუდენტის მიერ გადასახდელი სრული თანხა სამჯერ ნაკლებია ამავე პროგრამების ღირებულებაზე სან დიეგოში. ამის გარდა, სტუდენტების თითქმის 20% იღებს სრულ ან ნაწილობრივ სტიპენდიას. რეალურად, ამ პროექტით, ჩვენს უნივერსიტეტებში ახალი სტანდარტი დაინერგა. ამავდროულად, მიმდინარეობს ჩვენი უნივერსიტეტების ინსტიტუციური გაძლიერება იმისათვის, რომ მათაც შეძლონ სამომავლოდ საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების განხორციელება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ მიმართულებებში.
მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2013 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, გაფორმდა მრავალწლიანი ხელშეკრულებები, დაახლოებით, 20 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გამოიყო შვიდი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სარეაბილიტაციო პროექტების დასაფინანსებლად.
უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემაზე გადადის, რისთვისაც ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები შეიცვლება. ხარისხის გარე უზრუნველყოფის განახლებული სისტემა გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ ანალიზს დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე და შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობას.
განათლების ხარისხის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის — ჶნ჻ა-ს აფილირებული წევრი, ხოლო გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (ჲნდჵ) დაფინანსებით, ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაციის პროექტი — „განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვის პროექტი“.
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამები და საკანონმდებლო ინიციატივებიც. კანონმდებლობით განსაზღვრულია უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და ერთობლივი, ორმაგი/მრავლობითი აკადემიური ხარისხის მინიჭების შესაძლებლობები, რაც ექსპერტთა აზრით, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების მიმართ ნდობის ამაღლებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას.
— 2013 წლიდან სახელმწიფომ 17 საბაკალავრო პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, შემდგომში ეს მიმართულებები 21-მდე გაიზარდა, რომელთა დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფს. რამ გამოიწვია ამის აუცილებლობა?
— ზოგადად, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2013 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რიგი ღონისძიებები გაატარა. შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან და არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პროგრამის მიზანია ხელმისაწვდომობის ზრდა და სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამული დაფინანსების ხელშეწყობა. მართალია, პირველ ეტაპზე, 17 პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, მაგრამ დღეისათვის 21 მიმართულება ფინანსდება, ამ ხარჯსაც სახელმწიფო სრულად ფარავს. მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდა სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამასთან მიმართულებითაც. წინა წლებთან შედარებით, სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა და 2.6-ჯერ გაიზარდა დახარჯული თანხების მოცულობა. მოქმედებს სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო საგრანტო დაფინანსება, სოციალური პროგრამების ფარგლებში. წინა წლებთან შედარებით, სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდება.
— რას გვეტყვით სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის შესახებ?
— ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, ამ თემის გაშუქებისას, დიდი შეცდომა დაუშვა. არხზე გავიდა სიუჟეტი უმაღლესი განათლების შესახებ უკვე დამტკიცებულ კანონზე. თუმცა, ტელეკომპანიამ იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს აღნიშნულ კანონს ამჟამად კანონპროექტის სახე აქვს. მიღებულ კანონს წამყვანმა რამდენჯერმე კანონპროექტი უწოდა. ასევე დეზინფორმაციას წარმოადგენდა ისიც, თითქოს კანონი აკადემიური პერსონალის ტესტირებას ითვალისწინებს.
რეალურად, კანონში გამოყენებულია ტერმინი „ატესტაცია“ და არა „ტესტირება“ (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1 პუნქტი). ეს ნიშნავს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების თანამშრომლები ატესტაციას გაივლიან, კონკურსის ნაცვლად, იმისათვის, რომ კანონმდებლობის შესაბამისად დაიკავონ თანამდებობები (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 372-ე მუხლი). ხოლო საუნივერსიტეტო სივრცეში ატესტაცია შეეხება პროფესორს, რომელიც იმავე საკანონმდებლო ცვლილებებით, მუდმივ პოზიციას დაიკავებს (იხ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი). კანონის თანახმად, ატესტაცია 5 წელიწადში ერთხელ, არჩევნების ნაცვლად, ჩატარდება, კრიტერიუმებს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამტკიცებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა ინფორმაციის დაზუსტება, რადგან აღნიშნულმა სიუჟეტმა ისეთი შეკითხვების პროვოცირება მოახდინა, რომელსაც აღნიშნულ კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების მიმართულებით არსებული ვითარება დეტალურად ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს შევისწავლეთ. რეალურად, წინ იმდენად წავიწიეთ, რომ საშუალება მოგვეცა, განგვესაზღვრა, რა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იყო აუცილებელი ამ სფეროს განვითარებისთვის. დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება, გაიზარდა მეცნიერთა ხელფასიც. დავიწყეთ, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოსაწესრიგებლად, ინვესტიციის განხორციელება. 2015 წლის ჩათვლით, 34 მილიონი ლარი მივმართეთ უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში არსებული კვლევითი ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღდგენისთვის. პარალელურად, შევიმუშავეთ მეცნიერების მართვის მექანიზმები, რისთვისაც საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა და უკვე გვაქვს კანონი, რომელიც შესაბამის შედეგებზე გაგვიყვანს. ყველა მიმართულებით განვითარებისკენ მივდივართ, რაც ძალიან კარგია.
— მომავალ წელს იგეგმება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლა. რა ცვლილებებს გულისხმობს ახალი გრიფირების წესი და რა ბედი ეწევა უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოებს?
— საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში და, შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოებში გარკვეული ხარვეზები არსებობდა, ამიტომ 2014 წლიდან, დავიწყეთ წამყვანი ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შედარება და გაანალიზება. მოვიწვიეთ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებიც, რომლებმაც რეკომენდაციები დაწერეს. უკვე დასრულებულია ჳ-ვჳ კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა, მალე დასრულდება საბაზო საფეხურის რევიზიაც. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობდა გრიფირების ახალი წესის შემუშავებაც, რადგან წინა წესი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო იყო. თავის სახელს თუ დავარქმევთ, ეს საქმე პროკურატურაში დევს, იმდენად გაუმართავი იყო სისტემა. კითხვები რომ არ გაჩენილიყო და პროცესი გამჭვირვალედ წარმართულიყო, საჭირო იყო გრიფირების წესის სათანადო დონეზე დამუშავება. სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან, ტექნიკურ პარამეტრებზე, წიგნის ღირებულებაზე, შრიფტზე, სტანდარტზე, ყველა დეტალზე მუშაობს. მალე ჳ-ვჳ კლასების სახელმძღვანელოებზე გამოვაცხადებთ გრიფირებას. ახალი სახელმძღვანელოები, სავარაუდოდ, მომდევნო აკადემიური წლის მეორე სემესტრისთვის გვექნება და პილოტირებისთვის გამოვიყენებთ.
— „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები, 2012 წელთან შედარებით, 55,6 პროცენტით იზრდება. რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი? რა იქნება უმთავრესი პრიორიტეტი 2016 წლისთვის?
— ბიუჯეტი მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, სახელმძღვანელოების მომზადებას, პედაგოგთა ხელფასის ზრდას და ამ სქემის შემდგომ განხორციელებას, მეცნიერების გაზრდილი დაფინანსების შენარჩუნებას, უმაღლეს განათლებაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციას, ახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის და ახალი სტანდარტებით უნივერსიტეტების ხარისხის მონიტორინგის განხორციელებას და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რაც სამინისტროს მიერაა შემუშავებული. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო-სამეცნიერო თანამშრომლობაც — ვხდებით უმსხვილესი ფონდის — „ჰორიზონტი 20-20“-ის წევრი, საიდანაც სამეცნიერო პროექტებისთვის დაფინანსების მოძიებას შევძლებთ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|