2015-12-17 ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის დახმარებას ემსახურება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დაამტკიცა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა და მისი შევსება ნებისმიერ საფეხურზე მყოფი მასწავლებლისთვის სავალდებულოა. კითხვარი მასწავლებლებმა ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში უნდა შეავსონ. პედაგოგებს პასუხის გაცემა, დაახლოებით, 120 კითხვაზე მოუწევთ, ეს ყველაფერი ელექტრონულად ივსება და პასუხები ოთხი ქულით ფასდება. 1 ქულა ყველაზე დაბალ დონეს აღნიშნავს, ხოლო 4 — ყველაზე მაღალს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საგნის მასწავლებელს ესა თუ ის პუნქტი არ შეესაბამება, ის 0-ს დაწერს.
პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლის მთლიან პრაქტიკას ასახავს და მთლიანად მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს ეფუძნება.
თითოეული მიმართულება სფეროებადაა დაყოფილი, სფეროები კი ქვესფეროებადაა ჩაშლილი, რომლებიც, თავის მხრივ, პუნქტებს მოიცავს. რეალურად პედაგოგს თვითშეფასების კითხვარი კარნახობს, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომ იყოს წარმატებული პედაგოგი. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული კითხვარის მიზანი, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გააზრებაა. უმთავრესია, რომ მასწავლებლი გახდეს რეფლექსიური, ხოლო მისი პროფესიული განვითარება — შედეგზე ორიენტირებული.
როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, სიახლემ გარკვეული დაბნეულობა და შიშიც კი გამოიწვია. პედაგოგები თვითშეფასების კითხვარს იოლად ვერ ავსებენ, პროცესი რთულად წარიმართა და ვადების გადაწევაც გახდა საჭირო. მასწავლებლის მხარდასაჭერად, სქემის მიხედვით, შეიქმნა ფასილიტატორის ინსტიტუტი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა დაეხმაროს პედაგოგს წარმოქმნილი პრობლემების გარკვევაში, მათ შორის, თვითშეფასების კითხვარის შევსებისას. განხორციელდა ფასილიტატორთა ეტაპობრივი გადამზადება, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, მაგრამ თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესი ჯერჯერობით მაინც არ დასრულებულა. ერთმა ნიუანსმაც იჩინა თავი — პედაგოგებმა ჩათვალეს, რომ ობიექტური შეფასება, მათთვის, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს — დაბალი თვითშეფასებით მათ კარიერულ წინსვლას საფრთხე დაემუქროს. კომპეტენციების ნაკლებობამ, დასჯის შიშმა და ღირსების შელახვის რისკმა პედაგოგებში არაობიექტური თვითშეფასების მეტი ალბათობა წარმოშვა. რეალურად, რა ინსტრუმენტია თვითშეფასების კითხვარი და რატომ არის სავალდებულო მისი შევსება ნებისმიერი საფეხურის პედაგოგისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება ირინა სამსონია, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი:
— თვითშეფასების კითხვარის შევსება სკოლებში ჯერაც არ დასრულებულა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია პროცესის ასე გახანგრძლივება?
— თვითშეფასების კითხვარი არის ინსტრუმენტი, რომელიც მთლიანად მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტზეა დაფუძნებული. თუ მასწავლებელი კარგად იცნობს დოკუმენტს და დამუშავებული აქვს, ბუნებრივია, მას შევსება არ გაუჭირდება. თუმცა, რატომ უჭირთ მასწავლებლებს კითხვარის შევსება და რაში მდგომარეობს სირთულე, ჩვენთვის ეს ცოტა გაუგებარია. რეალურად კითხვარში ახალი არაფერია, რაც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში არ წერია ან რასაც მასწავლებელი არ უნდა აკეთებდეს, როგორც პროფესიონალი. შესაძლოა, რომელიმე პუნქტი მისთვის უცხოდაა ფორმულირებული, მაგრამ ამისთვის ჩვენ გამოვეცით გზამკვლევი, სადაც თვითშეფასების კითხვარი ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსენით. ამის გარდა, დავიწყეთ ფასილიტატორების გადამზადება, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა, მასწავლებლებს ადგილზე განუმარტონ და აუხსნან, რას ნიშნავს თითოეული პუნქტი, როგორ შეავსონ და როგორ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი ეფექტურად. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ მასწავლებლებს ისევ დარჩათ ღია კითხვები, რომლებზეც პასუხის მოსმენა თავად სურდათ, გადავწყვიტეთ მათთვისაც ჩაგვეტარებინა ტრენინგები, რაც მთავარია, ამის სურვილი თავად გამოთქვეს. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ფასიანი ტრენინგები.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად ორი ტრენინგ-მოდული შეიქმნა — ერთი ფასილიტატორებისთვის, ანუ ფასილიტატორებს ასწავლიან, თუ როგორ ასწავლონ მასწავლებლებს ამ ინსტრუმენტის გამოყენება და მეორე უშუალოდ მასწავლებლისთვის — მოდიფიცირებული 8-საათიანი ტრენინგ-მოდული. ამ მოდულით უშუალოდ მასწავლებელს ასწავლიან, როგორ გამოიყენოს თვითშეფასების ინსტრუმენტი. ტრენინგები ჩატარდება რეგიონებში, ყველგან, სადაც ამის მოთხოვნა გაჩნდება. ფასილიტატორების ტრენინგები, რასაკვირველია, უფასოა, რაც შეეხება პედაგოგების ტრენინგებს, ფასიანია, რადგან პროფესიული განვითარების ცენტრმა ეს მოდული, საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით შესთავაზა.
ტრადიციულად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მასწავლებლები, რეალურად, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროფესიული განვითარების მომსახურების მხოლოდ პასიური მომხმარებლები იყვნენ. მართალია, მასწავლებელი საკუთარ სამუშაოს თავად გეგმავდა, მაგრამ რაში უნდა გადამზადებულიყო, რა გამოცდა უნდა ჩაებარებინა, როგორ უნდა ეზრუნა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ამას სხვა უგეგმავდა. რეალურად, პროფესიული განვითარების სისტემა ცენტრალიზებული და უნიფიცირებული იყო და, ამდენად, — მოუქნელიც. დღეს კი უკვე სხვა გზით მივდივართ. გასაგებია, რომ ეს ჩვენი პედაგოგებისთვის სიახლეა, მაგრამ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სისტემებში კარგად აპრობირებული და დანერგილი მიდგომაა. ამ მიდგომის მთავარი პრინციპი ისაა, რომ მასწავლებელი თავად გახდეს აქტიური, შეძლოს საკუთარი საქმიანობის ობიექტურად შეფასება და გაინაწილოს პასუხისმგებლობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
დღეს მასწავლებელს სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს ვაძლევთ, რომლითაც, ფაქტობრივად, ვკარნახობთ რას გულისხმობს მასწავლებლის საქმიანობა და როგორია საუკეთესო პრაქტიკა. ის, წელიწადში ერთხელ, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, კიდევ ერთხელ შეაფასებს საკუთარ თავს — დაფიქრდება, რაშია ძლიერი, სად არის მისი სისუსტე, რა სჭირდება იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი პრაქტიკა.
— და მაინც, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ავსებენ მასწავლებლები კითხვარს, რა არის ამის მიზეზი?
— მიზეზი, ერთი მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება პროფესიონალიზმის პრობლემა იყოს, მეორე მხრივ, რაც ძალიან საყურადღებოა — ალბათ უფრო ცნობიერების, მენტალიტეტის პრობლემა უნდა იყოს.
პრინციპში, ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა ხარვეზები, თუმცა, გარკვეული შემთხვევები ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგალითად ის, რომ გაჩნდნენ „პროფესიონალი შემვსებლები“, რომლებიც გარკვეული თანხის საფასურად მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარს უვსებენ. გარდა ამისა, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს არ შეიძლება მასწავლებელმა ერთი ან ორი ქულა დაუწეროს საკუთარ თავს, რადგან ეს მის მომავალზე ცუდად აისახება.
არაობიექტური თვითშეფასების მიზეზად, ძირითადად, კომპეტენციების ნაკლებობა, დასჯის შიში და ღირსების შელახვის რისკი შეგვიძლია დავასახელოთ.
— გავრცელდა ინფორმაცია, თუ მასწავლებლები დაბალ შეფასებას მისცემენ საკუთარ თავს რომელიმე სფეროში ან პუნქტში, მათ ამით ხელი შეეშლებათ კარიერულ წინსვლაში, რას ეტყვით ამის შესახებ პედაგოგებს?
— სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია გავრცელდა და ისიც კი გავიგეთ, რომ ერთ-ერთი მასწავლებლისთვის უთქვამთ, რომ თუ კითხვარის შევსებისას დაბალ ქულას დაუწერდა საკუთარ თავს, სტატუსს ჩამოართმევდნენ ან ჩამოაქვეითებდნენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს მოსაზრება თავიდან ბოლომდე მცდარია. თვითშეფასების ინსტრუმენტი შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა თავისი საქმიანობის კრიტიკულად გააზრება შეძლოს — იპოვოს ხარვეზები და თავად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული საქმიანობა. მან უნდა თქვას კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება განვითარება, რის შემდეგაც სახელმწიფო მას შესთავაზებს დახმარებას როგორც სკოლის ბაზაზე — სწორედ ამას ემსახურება ფასილიტატორისა და შეფასების ჯგუფის ინსტიტუტის შემოღება, ისე პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობით, იქნება ეს ტრენინგები, დამხმარე რესურსები თუ სხვა.
— სწორად ესმით მასწავლებლებს, რისთვის არის საჭირო ობიექტური თვითშეფასება?
— ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ამაშია, რომ მათ არასწორად ესმით რისთვისაა საჭირო ობიექტური თვითშეფასება. ვერ აცნობიერებენ, რომ პროფესიონალიზმის მისაღწევად საკუთარ თავზე მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. შეიძლება თვითკმაყოფილი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი იცის და აღარაფრის სწავლა არ სჭირდება, პროფესიონალად ჩაითვალოს? ვერ ჩაითვლება, რადგანაც ნამდვილი პროფესიონალი მუდმივად ცდილობს, რომ განვითარდეს. საჭიროა მუდმივი დაკვირვება საკუთარ ქმედებებზე, საკუთარ შეხედულებებზე და ფიქრი იმაზე, როგორ დახვეწო, გააუმჯობესო და განავითარო საკუთარი თავი. ჩვენ მხოლოდ ამის ფორმალიზება მოვახდინეთ და პედაგოგებს კონკრეტული ინსტრუმენტის სახით შევთავაზეთ.
— სექტემბერში პედაგოგებს დახვდათ თვითშეფასების კითხვარი, რამაც ასე დააბნია ისინი — გულახდილად რომ ვთქვათ, პროცესი რთულად წარიმართა. რა მოსამზადებელი ღონისძიებები უძღოდა წინ ამ სიახლეს, თუნდაც საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით — როგორ და როდის მოახდინეთ პედაგოგების ინფორმირება?
— სქემაში პირდაპირ წერია, რომ მასწავლებლის ვალდებულება იქნება, სასწავლო წლის დასაწყისში თვითშეფასების კითხვარის შევსება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ იცოდნენ, რომ სექტემბერში დახვდებოდათ კითხვარი, რომლის შევსებაც სავალდებულო იქნებოდა მათთვის. იმისათვის, რომ მათთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, სქემის დამტკიცების შემდეგ (თებერვალში დამტკიცდა), მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია. ჩავდიოდით რაიონებში, სკოლებში ვხვდებოდით დირექტორებს, რესურსცენტრების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე ვაცნობდით სქემას და მასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითშეფასების კითხვარსაც, მაქსიმალურად ვუხსნიდით ყველა დეტალს და ვპასუხობდით მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავებაზე. როგორც კი ინსტრუმენტი შეიქმნა, მაშინვე დავიწყეთ გზამკვლევის და, პარალელურად, ტრენინგ-მოდულის მომზადება, ანუ სასწავლო წლის დაწყებისთვის პედაგოგებს გზამკვლევი უკვე ჰქონდათ. ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა, სკოლებმა აირჩიეს ფასილიტატორები და დაკომპლექტდა შეფასების ჯგუფები. ამ პროცესის დასრულებისთანავე გამოვაცხადეთ ფასილიტატორების ტრენინგები და დავიწყეთ მათი გადამზადება ამ მიმართულებით.
— გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი — როგორ მუშაობენ ფასილიტატორები, ასრულებენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას?
— სურათი სხვადასხვაგვარია — ზოგ სკოლაში კარდად მუშაობენ, ზოგიერთი სკოლიდან კი არასახარბიელო სიგნალები მოდის, მაგრამ იმისათვის, რომ რეალურად გავიგოთ, როგორ მუშაობენ ფასილიტატორები, ანუ როგორ დაინერგა ეს ახალი ინსტიტუტი სკოლებში, ვმუშაობთ მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რომელშიც ფასილიტატორების მუშაობის შეფასების კომპონენტიცაა ჩადებული. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტეა, წლის ბოლოს გავაანალიზებთ შედეგებს, რის საფუძველზეც დავგეგმავთ შესაბამის ღონისძიებებს და ვეცდებით ხარვეზების გამოსწორებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონიტორინგი ამით დამთავრდება, რა თქმა უნდა, მონიტორინგის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მუდმივად საჭიროა, რომ ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება სკოლებში. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, არ მინდა ისე გაიგონ, თითქოს მონიტორინგის საშუალებით რაიმე სადამსჯელო ღონისძიებებს ვგეგმავთ.
— თვითშეფასების კითხვარის შევსება ყველა საფეხურის პედაგოგისთვის აუცილებელი აქტივობაა, რომელშიც არც ერთ კრედიტქულას არ იღებენ. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რატომ არის ეს აქტივობა სავალდებულო?
— სქემამ ეს საქმიანობა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცია, ამიტომ მასწავლებლისთვის ის არა მხოლოდ სავალდებულოა, არამდე მისი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილიცაა. ნებისმიერი მოქმედი მასწავლებელი, რომელიც დღეს სისტემაში გვყავს, ვალდებულია ობიექტურად შეაფასოს საკუთარი საქმიანობა და შესაბამისად დაგეგმოს პროფესიული განვითარება.
ვალდებულება ეკისრება ყველა სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას, რომ უზრუნველყონ პროცესის სწორად წარმართვა, ხელი შეუწყონ მასწავლებლებს დროულად და ობიექტურად შეავსონ თვითშეფასების კითხვარი. სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სანქცია, რომელიც გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი უარს იტყვის კითხვარის შევსებაზე. თუმცა, ვინაიდან ეს საქმიანობა სქემის პირდაპირი მოთხოვნაა, ხოლო სქემა თავისთავად ნორმატიული აქტია, სკოლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს მისი შესრულება, რისთვისაც შეუძლია შიდა რეგულაციების გამოყენება.
მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ: თუ მასწავლებლები გააცნობიერებენ თვითშეფასების კითხვარის მნიშვნელობას და ისწავლიან საკუთარი საქმიანობის ობიექტურად შეფასებას, რასაკვირველია, ჩვენ თანდათანობით შევძლებთ სასწავლო გარემოს შესამჩნევად გაუმჯობესებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები შეეცდებიან პროცესის ფორმალიზება მოახდინონ და არაჯანსაღი მომსახურებით ისარგებლონ, მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ — ობიექტური თვითშეფასება არ შეიცავს არანაირ საფრთხეს მასწავლებლისთვის კარიერული თვალსაზრისით. ეს არის მათი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|