2015-09-17 გამორიცხული მექანიკური პასუხები და ობიექტურად შეფასებული პროფესიული პასუხისმგებლობა ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დაამტკიცა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. კითხვარის შევსება მასწავლებლებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ და სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაურიგდებათ. პედაგოგებს პასუხის გაცემა დაახლოებით 120 კითხვისთვის მოუწევთ, ეს ყველაფერი ელექტრონულად ივსება და პასუხები ოთხ დონედ იყოფა. 1 ყველაზე დაბალი დონეა, ხოლო მე-4 — ყველაზე მაღალი. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საგნის მასწავლებელს ესა თუ ის პუნქტი არ შეესაბამება, ის 0-ს დაწერს.
პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლის მთელ პრაქტიკას ასახავს და პროფესიულ სტანდარტებს ეფუძნება. სტრუქტურაში ორი ძირითადი მიმართულებაა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს ეფუძნება — სასწავლო პროცესი და პროფესიული პასუხისმგებლობა.
თითოეული მიმართულება სფეროებადაა დაყოფილი, სფეროები კი ქვესფეროებადაა ჩაშლილი, რომლებიც, თავის მხრივ, პუნქტებს მოიცავს. რეალურად პედაგოგს თვითშეფასების კითხვარი კარნახობს, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომ იყოს წარმატებული პედაგოგი. როგორც აღვნიშნეთ, კითხვარი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ამიტომაც საილუსტრაციოდ რამდენიმე მიმართულებას მოვიყვანთ. მაგალითად, როგორი უნდა იყოს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, ამ პუნქტში პედაგოგს შემდეგ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა:
— ინტერესდება და ცდილობს თუ არა გაითვალისწინოს მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემები?
— ცდილობს შექმნას ისეთი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე?
— ამახვილებს თუ არა ყურადღებას მოსწავლის ძლიერ მხარეებზე და ამავდროულად, აძლევს თუ არა რჩევებს საჭირო უნარების გასავითარებლად
— მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას აქცევს თუ არა საკუთარ ლექსიკას და სხეულის ენას (ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, თვალის კონტაქტს, ჟესტიკულაციას, მიმიკას)?
— უდგება თუ არა ინდივიდუალურად ყველა მოსწავლეს, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე?
დამტკიცებულ კითხვარში ადგილი ეთმობა: მოსწავლეთა ტოლერანტობის გრძნობის წახალისებასა და მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას; ინკლუზიური განათლების საკითხებს; კლასის მართვას (ქცევის წესების დაცვა).
პედაგოგებს მოუწევთ ასევე პასუხი გასცენ შემდეგ მიმართულებებს:
სასწავლო რესურსის მართვა და გამოყენება:
— ახდენს სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების კლასიფიკაციას — კატეგორიზაციას; არჩევს და იყენებს მათ სასწავლო მიზნის შესაბამისად?
— სასწავლო რესურსის შერჩევისას ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად გაზრდის ეს რესურსი სწავლის მოტივაციას მოსწავლეებში?
— მიზანმიმართულად იყენებს თუ არა თვალსაჩინოებებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს ახალი ინფორმაციის აღქმასა და გაგებას?
— ამზადებს სასწავლო რესურსს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით?
გაკვეთილის დაგეგმვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნით:
— წინასწარ გეგმავს თუ არა გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით?
— გაკვეთილის მსვლელობისას, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახდენს თუ არა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას?
— მოსწავლეებს უხსნის გაკვეთილის/სასწავლო აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს?
— მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გეგმავს თუ არა კლასგარეშე აქტივობებს?
სწავლისა და სწავლების სტრატეგიები:
— იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარებაში?
— მოსწავლეებს სთავაზობს მკაფიო ინსტრუქციებს და პროცედურებს სასწავლო აქტივობებისთვის გაკვეთილის სპეციფიკის გათვალისწინებით?
— მოსწავლეთა საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით იყენებს თუ არა სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას?
— მოსწავლეებს რეგულარულად აძლევს საკლასო და საშინაო დავალებებს, რომლებიც ეხმარება მათ არსებითი და არაარსებითი ინფორმაციის განსხვავებაში, ცნებებსა და იდეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების დანახვასა და ინფორმაციის სინთეზში?
დისკუსიის დაგეგმვა; დისკუსიის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება:
— ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაასაბუთონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები?
— თავს არ ახვევს მოსწავლეებს არც საკუთარ და არც აღიარებულ/სტერეოტიპულ მოსაზრებებს?
— მოსწავლეებს უბიძგებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასებისაკენ?
— მოსწავლეებს უსვამს პრობლემურ შეკითხვებს, რაც ხელს უწყობს მათ ჩართვას კამათში და აქტიურ დისკუსიაში?
პედაგოგები მოახდენენ თვითშეფასებას, თუ როგორ გამოსდით ხალისიანი და დინამიური გაკვეთილის ჩატარება, როგორია მოსწავლეთა მოტივაცია და აქტიური მონაწილეობა:
— იყენებს მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიებს, რომლებიც სტიმულს მისცემს მოსწავლეებს, დასახონ სასწავლო მიზნები და მათი მიღწევის გეგმა?
— მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახის კვლევით აქტივობებში, რომლებიც იწვევს მათ ინტერესს და ასევე უკავშირდება რეალურ სიტუაციებს?
— აძლევს მათ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზაციის, ასევე არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობას?
სწავლების დროს შეფასების გამოყენება:
— მოსწავლეებს რთავს შეფასების კრიტერიუმების (რუბრიკის) შემუშავების პროცესში?
— აწვდის მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი (შეფასების რუბრიკები, ხარისხიანი ნამუშევრის ნიმუში და სხვ.)?
— ყველა დაინტერესებულ პირს (მშობლებს, კოლეგებს, სხვ.) აცნობს ინფორმაციას შეფასების რუბრიკების, მეთოდების, ასევე შემაჯამებელი სამუშაოს ვადებისა და ტიპების შესახებ?
— სწავლის პროცესში გამოყოფს მნიშვნელოვან ეტაპებს, განსაზღვრავს თითოეულ ეტაპზე მისაღწევ შედეგებს და იყენებს სხვადასხვა სახის განმავითარებელ შეფასებას, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს თითოეულ ეტაპზე საკუთარი პროგრესის შეფასებაში?
შეუფასებელი არც თავიანთი პროფესიული ქცევები რჩება ან ის, თუ როგორ ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე:
— დროულად ცხადდება გაკვეთილზე?
— მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას არის კონსტრუქციული, კორექტული და იცავს ეთიკის ნორმებს?
— საჭირო დოკუმენტაციას აწარმოებს დროულად და ხარისხიანად?
— თავს არიდებს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას სასკოლო სივრცეში?
— მისი ჩაცმულობა სასკოლო სივრცეში შეესაბამება მასწავლებლის ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს?
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა:
— ეძებს და ეცნობა პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ბეჭდურ, ელექტრონულ და მულტიმედიურ რესურსებს?
— ეუფლება ეფექტური სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
— ეუფლება სსსმ სწავლების მეთოდიკას და მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებულ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომებს?
— არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის: ეუფლება სახელმწიფო ენას და ეცნობა ქართულ კულტურას.
მთლიანობაში, სულ 120 პუნქტამდეა, თითოეულ ქვესფეროს ბოლოში რეფლექსია ახლავს, რომელიც აუცილებლად უნდა შეავსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც თვითშეფასების კითხვარის შედგენას გააგრძელებს. კითხვარის შევსება სავალდებულო აქტივობაა ყველა მასწავლებლისთვის, ანუ მას ყველა სტატუსის მქონე მასწავლებელი შეავსებს, მაგრამ ამაში კრედიტ-ქულა არ მიენიჭება. არც დაბალი შეფასების შემთხვევაში მოსთხოვს ვინმე პასუხს, უბრალოდ მას, სკოლის ბაზაზე, პროფესიული ფასილიტატორი დაეხმარება ხარვეზების აღმოფხვრაში. თუმცა კითხვარის შეუვსებლობა დაუშვებელია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი გაკვეთილს არ ატარებს და, როგორც განმარტავენ, ამას თავად სკოლა არ დაუშვებს.
ყველა კითხვაზე პედაგოგმა ოთხი ტიპის პასუხიდან ერთ-ერთი უნდა გასცეს:
1. არ ვიყენებ ამ პრაქტიკას ან მისი გამოყენება დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეების სწავლის პროცესზე;
2. ვიყენებ ამ პრაქტიკას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ვხედავ დადებით შედეგებს მოსწავლეების სწავლის პროცესზე;
3. კარგად გამომდის ამ პრაქტიკის გამოყენება და ვამჩნევ მუდმივ დადებით ზეგავლენას მოსწავლეების სწავლის პროცესზე;
4. ამ პრაქტიკის გამოყენება ჩემი ძლიერი მხარეა, მას ვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს, მოსწავლეთა მიღწევებში ვხედავ მუდმივ და პოზიტიურ შედეგს
5. არ შემესაბამება (პასუხი განმარტეთ).
ამასთანავე, ყოველი თავის შემდეგ, პედაგოგს მოუწევს შესაბამის კითხვებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა პრაქტიკიდან, ასევე უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრება, როგორ შეძლებს პრაქტიკის გაუმჯობესებას აღნიშნული მიმართულებით.
მასწავლებელთა სახლის დირექტორი გიორგი მაჩაბელი აღნიშნავს, რომ: „მასწავლებელი ისწავლის საკუთარი შესაძლებლობის სწორად შეფასებას. იმისთვის, რომ ვნახოთ, განვითარების რა ეტაპზე ვართ, უნდა შევაფასოთ ჩვენი თავი და სწორად მოვახდინოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც შეფასების პროცესში გამოიკვეთება. სწორედ ამის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა“.
ბუნებრივია, ჩნდება ინტერესი, რამდენად ობიექტურად შეაფასებენ პედაგოგები საკუთარ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, არარეალური იქნება, თუკი ყველაფერში კარგი შედეგი აჩვენეს. ობიექტურობის დამცავი მექანიზმი სპეციალური გრაფაა, რომელსაც რეფლექსია ეწოდება და ის მექანიკურ პასუხებს გამორიცხავს, რადგანაც გაუაზრებლად პედაგოგი ვერაფერს ჩაწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრაფა აჩვენებს, რომ არასწორადაა შევსებული. ფასილიტატორის პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ მასწავლებელს კითხვარის სწორად შევსება ასწავლოს. მეტიც, მისი ვალდებულებაა პირველ წელს ასწავლოს, შემდეგ — თვალყური ადევნოს. თუმცა, როგორც განმარტავენ, არასწორად შევსების შემთხვევებში პედაგოგებს არავინ დასჯის.
ბუნებრივია, პედაგოგები უკვე გაეცნენ თვითშეფასების კითხვარებს. გთავაზობთ დირექტორებისა და მასწავლებლების კომენტარებს, თუ რას ნიშნავს მათთვის 120- პუნქტიანი თვითშეფასების კითხვარი და როგორია მათი განწყობა და ობიექტურობის ხარისხი?
ლია თუშური, 173-ე სკოლის დირექტორი: „ბუნებრივია, პედაგოგები ყველა სიახლეს სიფრთხილით ეკიდებიან, ერთგვარი ეჭვიც კი უჩნდებათ ხოლმე რამე ხომ არ იმალება ამ სიახლის მიღმა, რომ მათი მდგომარეობა არ გააუარესონ. სამწუხაროდ, ძალიან გვიშლის ხელს საზოგადოების პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაწილი. ხშირად სოციალურ ქსელებში არასწორი ინტერპრეტაციით იტვირთება ესა თუ ის სიახლე, რომელიც შავ პიარზეა გათვლილი. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი სწორედ ამის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და დოკუმენტს წინასწარ შექმნილი განწყობით კითხულობს. ასეთ შემთხვევაში, მათთან სკოლის ხელმძღვანელობას ძალიან ბევრი მუშაობა და ახსნა-განმარტებები გვიწევს, რომ რეალურად შეაფასონ არსებული შუქ-ჩრდილები. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვარს, მასწავლებლები მას გაეცნენ და ორგვარი დამოკიდებულება გაჩნდა: ნაწილი სიფრთხილით ეკიდება, ხოლო იმ ნაწილმა, რომელიც უფრო სიღრმისეულად გაეცნო, თვითშეფასების კითხვარში საკუთარ თავზე მუშაობის ძალიან ბევრი საჭიროება აღმოაჩინა. მეტსაც გეტყვით — პედაგოგების ნაწილი მართლაც ფიქრობს, რომ ეს არის პროფესიულ დაოსტატებაზე ზრუნვა — საკუთარი თავის ერთგვარი დიაგნოზი.
ბუნებრივია, თვითშეფასებისას ვერ იქნება ობიექტურობის მაღალი ხარისხი, მაგრამ მთავარია, პედაგოგები თვითონ აღმოაჩენენ და დაფიქრდებიან სად არის ხარვეზი, რა მიმართულება უნდა განავითარონ და სად დასვან სწორი აქცენტები“.
მაკა მოწონელიძე, 173-ე სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებელი (ქართული ენა და ლიტერატურა): „ჩემი აზრით, თვითშეფასების კითხვარი დაგვეხმარება შევაფასოთ საკუთარი შრომა და კრიტიკულად შევხედოთ პროფესიულ უნარ-ჩვევებს. თავისთავად, ეს დამატებით შრომასა და დროს მოითხოვს, თუმცა, საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მიღმა დარჩენილი ხარვეზები და პრობლემები აღმოვაჩინოთ, გულწრფელად ვაღიაროთ და შემდეგ მათ აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ. შესაძლოა, ისეთი პრობლემები ან საკითხები ამოტივტივდეს, რომელზეც ადრე არასოდეს დავფიქრებულვართ და არც კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიყენებია. რაც მთავარია, მის გამოსასწორებლად მთელი წელი წინ გვაქვს. თავისთავად, ეს ჩვენს პროფესიულ წინსვლას უწყობს ხელს.“
ნანი კაჭარავა, ბუნების მასწავლებელი:„რასაკვირველია, გავეცანი თვითშეფასების კითხვარს და გულწრფელად გეტყვით, რომ მისი შევსება საუკეთესო საშუალება იქნება საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების კრიტიკულად შეფასებისთვის. ვფიქრობ, ბევრ რამეს აღმოვაჩენ ისეთს, რაზეც ადრე არ მიფიქრია. ბუნებრივია, თვითშეფასება ვერ იქნება მაქსიმალურად ობიექტური, თუმცა, გარკვეულწილად, გზის მაჩვენებელი ნამდვილად იქნება, მთელი წლის განმავლობაში რომელ მიმართულებაზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი.“
ლიანა ფუტკარაძე, 133-ე სკოლის დირექტორი: „ჩვენთვის ახალი თითქმის არაფერია, რადგანაც დაწყებითი განათლების პროექტში — ჯიპრაიდში ვართ ჩართულები და სამოქმედო გეგმა, რომელსაც კარიერული წინსვლის სქემა უსახავს მასწავლებლებს, ხორციელდება დაწყებითი სწავლების საფეხურზე, აქედან გამომდინარე, არც თვითშეფასების კითხვარია მათთვის სიახლე. სკოლაში 70 პროცენტი სერტიფიცირებული მასწავლებელია. მართალია, თვითშეფასებას არავინ ამოწმებს, მაგრამ გარე და შიდა დაკვირვება, რომელიც მასწავლებლის პროფესიულ უნარებს შეამოწმებს, გარკვეულწილად, აიძულებს მათ თვითშეფასება ობიექტურად მოახდინონ, რადგანაც პროფესიული ხარვეზები აღმოფხვრან. შეიძლება ითქვას, პირიქით, ეს მათ დაეხმარებათ კიდეც. რასაკვირველია, პედაგოგებს გავაცანი თვითშეფასების კითხვარი და მას, 21 სექტემბრის შემდეგ, ყველა პედაგოგი შეავსებს. განწყობაც დადებითია, რადგანაც ისინი თავიანთი კარიერული წინსვლისთვის მუშაობენ, რაც, ფინანსურ გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია.“
ნანა ზურებიანი, 133-ე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი: „რა თქმა უნდა, ნებისმიერ პედაგოგს ექნება მიმართულება ან საკითხი, რომელიც მეტად უნდა განავითაროს. თვითშეფასების კითხვარი სწორედ ამ მიმართულების აღმოჩენაში დაგვეხმარება, თვითდაკვირვებას ვაწარმოებთ, სად არის ხარვეზი, რომელზეც შემდეგ მთელი წელი ვიმუშავებთ. რაც შეეხება ობიექტურობის ხარისხს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები, თუ გვინდა პროფესიული ზრდის საშუალება მოგვეცეს.“
პედაგოგები კითხვარს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეავსებენ, წლის ბოლოს კი, ფასილიტატორთან ერთად, შედეგებს გააანალიზებენ — რა გააკეთეს და რა დარჩა გამოსასწორებელი. შემდეგ წელს კი თვითშეფასებას სწორედ ამის შესაბამისად მოახდენენ და სამუშაო გეგმასაც შეიმუშავებენ. 120-პუნქტიანი თვითშეფასების კითხვარი პედაგოგების კარიერული წინსვლის სქემის ნაწილია, რომელიც მხოლოდ იმაში ეხმარებათ, რომ მორიგ აქტივობაზე გადასასვლელად არსებული ხარვეზები გამოასწორონ.
|