2015-04-08 სიღრმისეული მენტალური რევოლუციის გარეშე უკეთეს სახელმწიფოს ვერ შევქმნით რუბრიკის სტუმარია ბესო ადეიშვილი, მაგდებურგის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
— საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ. თბილისის 103-ე საშუალო სკოლიდან სასწავლებლად მოსკოვში მიდიხარ და საშუალო სკოლასაც იქ ამთავრებ. როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები... როგორ შეადარებ ქართულ და რუსულ საშუალო სკოლებს ერთმანეთს... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი რუბრიკის სტუმრად არჩევისთვის. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო რუბრიკაა. უცხოეთში სწავლა, გარკვეულწილად, გამართლებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ყველას არ ეძლევა ამის შანსი. ისინი, ვისაც ეს შესაძლებლობა მიეცემა, ყველანაირად უნდა ეცადონ, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და დაგროვილი გამოცდილება თანამემამულეებს გაუზიარონ.
ვერ ვიტყვი, რომ სკოლამ ჩემი ახლანდელი პროფესიის არჩევანი განსაზღვრა. ერთადერთი, რაც დამანახა, იყო ის, რომ ფიზიკა-მათემატიკაში ნიჭი არ მაქვს! საერთოდ, სკოლის პერიოდმა, სამწუხაროდ, უმნიშვნელო კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ გაკვეთილების დროს კონცენტრაცია მაკლდა. ჩემი პიროვნული ჩამოყალიბება უფრო სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მეშვიდე კლასამდე თბილისში ვსწავლობდი, მერვე კლასიდან კი სწავლა მოსკოვში გავაგრძელე, სადაც უფრო მეტი მნიშვნელობა და დრო წაკითხულის ანალიზსა და დისკუსიას ენიჭებოდა (რაც ჩვენთან ნაკლებად იყო) და საერთოდ, რუსი მასწავლებლები უფრო მომთხოვნი იყვნენ. ასევე მეტი ყურადღება ექცეოდა დისციპლინას და სპორტს.
— სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას მოსკოვის ნატალია ნესტეროვას უნივერსიტეტში აგრძელებ. 2006 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, სწავლის შეწყვეტა გიხდება და საქართველოში ბრუნდები. უფრო კონკრეტულად მიამბე ამის შესახებ...
— 2006 წლის ოქტომბერში, მესამე კურსს ვიწყებდი, როცა საქართველოს და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. გახსოვთ ალბათ, მოსკოვიდან ქართველებს როგორ ადეპორტებდნენ სატვირთო თვითმფრინავებით. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი მოსწავლეების სიებს ადგენდნენ და ზოგიერთებს სახლებშიც კი უვარდებოდნენ. ჩემს უნივერსიტეტშიც იყვნენ მოსული მილიციის წარმომადგენლები, მაგრამ დეკანმა ჩემზე არანაირი ინფორმაცია არ გასცა. თუმცა, მაინც ამ მოვლენებმა გვიბიძგა რუსეთი დაგვეტოვებინა, მით უმეტეს დედაჩემს ძალიან უნდოდა საქართველოში, საკუთარ სახლში დაბრუნება... მე კი, გერმანიაში სწავლის გაგრძელება მსურდა.
— დედის სურვილისამებრ, სასწავლებლად გერმანიაში მიდიხარ. რა გზა გაიარე საქართველოდან გერმანიამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ქალაქი კილი?
— საერთოდ, გერმანიაში განათლების მიღება მამაჩემის იდეა იყო და ჩემი გარკვეული მიღწევები, ასევე, მისი დამსახურებაა. კილში მისი სტუდენტობის მეგობარი ცხოვრობს, რომელმაც გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა კილის სამხატვრო აკადემიაზე, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიად ითვლება. 2007 წელს გავაგზავნე ჩემი პორტფოლიო ნახატებით და რამდენიმე თვეში მივიღე მოწვევა. სანამ პასუხს ველოდებოდი, ოთხი თვე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში ენის კურსებზე დავდიოდი. როცა გერმანიაში ჩავედი, კიდევ ერთი წელი ვიარე ენის შემსწავლელ კურსებზე, რომელიც უფასო იყო. საერთოდ, იმ პერიოდში, უკვე ბევრ გერმანულ მიწაზე, სწავლა უფასო იყო, რამაც ასევე დიდწილად განაპირობა გერმანიაში სწავლის გაგრძელება. 2008 წელს ჩავაბარე მისაღები გამოცდები კილის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ერთი წელი ხელოვნებას ვსწავლობდი.
— შემდეგ გერმანიის ქალაქ მაგდებურგის უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებ წარჩინებით, სამრეწველო დიზაინის განხრით. მიამბე, ამ სასწავლებლის ისტორია... რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
— მაგდებურგის უმაღლესი სასწავლებელი (ჰS მagdeburg) 1991 წელს დაარსდა, ხუთი ათასამდე სტუდენტია ჩარიცხული და 130-მდე პროფესორი მუშაობს. სასწავლებელი ტექნიკურად, მაღალ და თანამედროვე დონეზეა აღჭურვილი. ჩემს ფაკულტეტს ცალკე სახელოსნო აქვს, სადაც კონცეპტუალური მოდელის დამზადებისთვის საჭირო ყველა დანადგარი და ხელსაწყოა.
პროფესიას რაც შეეხება, მისი არჩევა, პირველ რიგში, ჩემმა უნარ-შესაძლებლობებმა და ინტერესმა განაპირობა. ვფიქრობ, პროფესიის არჩევის დროს, ეს ორი პირობა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ბავშვობაში ხშირად ვძერწავდი და ხატვაც მეხერხებოდა. ქანდაკება პლასტიკური ფორმების კარგ შეგრძნებას გაძლევს, რაც მნიშვნელოვანია სამრეწველო დიზაინში. კილის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს ღია კარის დღეები იმართებოდა, სადაც სამრეწველო დიზაინის სტუდენტების პროექტებიც იყო გამოფენილი, რომლებსაც დიდი ინტერესით ვათვალიერებდი. დავინახე, რომ საკმაოდ სერიოზული, მრავალფეროვანი და პრესტიჟული პროფესიაა. იდეა, რომ შემეძლო შემექმნა რაიმე სასარგებლო, კომფორტული და ლამაზი ნივთი, რომელიც მერე გაიყიდებოდა და ვინმეს გულს გაუხარებდა, ძალიან მომეწონა. გარდა ამისა, ეს პროფესია, კრეატიულობასთან ერთად, ანალიტიკურ აზროვნებასაც მოითხოვს, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა და, თვითგანვითარების მხრივ, დამატებითი მოტივატორი იყო, ამ მიმართულების არჩევისას.
— ბესო, მოდი, ჩვენი მკითხველისთვისაც განვმარტოთ, კონკრეტულად რა არის სამრეწველო დიზაინი?
— სამრეწველო დიზაინი, რომელსაც ზოგჯერ ტექნიკის ან საინჟინრო დიზაინად მოიხსენებენ, დიზაინის ყველაზე კომპლექსურ და მრავალფეროვან დარგად ითვლება, რომელიც კრეატიულ-ტექნიკურ საქმიანობას განასახიერებს. სამრეწველო დიზაინის მოვალეობაა არა მარტო რომელიმე ნივთის დიზაინის და ესთეტურობის შექმნა და გაუმჯობესება (როგორც ბევრს ჰგონია), არამედ უფრო მეტი — მისი ფუნქციონალურობის და ერგონომიის (ხმარებაში მოხერხებულობის) დახვეწა, ისეთი კონცეპტის შემუშავება, რომელიც გარკვეულ პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად: საინტერესო და ლამაზი ავეჯის დაპროექტება, რომელიც ასევე ძალიან კომპაქტური, კომფორტული და მოხერხებული იქნება, რაც მის პრაქტიკულ ფუნქციონალობაზე აისახება; ან ისეთი დიზაინის მოფიქრება, რომელიც კონკრეტულ ნივთს უფრო მჩატეს, დამზადებაში უფრო მარტივს და მოხმარებაში უფრო გასაგებს გახდის. მოკლედ რომ ვთქვა, სამრეწველო დიზაინერის მოვალეობაა არა მარტო ლამაზი, არამედ ჭკვიანი დიზაინის შექმნა. სამრეწველო დიზაინი ნივთების ფართო არჩევანს მოიცავს, დაწყებული ხელსაწყოებით, საათით, ტელეფონით, ავეჯით... ტრანსპორტითა და კომპლექსური ტექნიკური ნივთებით დამთავრებული. ტექნიკური დიზაინერის დეტალური სამუშაო პროცესის და მისი ეტაპების აღწერისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და კომპლექსური პროცესია. დიზაინის შექმნის პროცესში გასათვალისწინებელია ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, კულტურული და ესთეტიკური ასპექტები, ასევე სამომხმარებლო ჯგუფიც. ხშირ შემთხვევაში, სამუშაო პროცესი ინტერდისციპლინურ ჯგუფში მიმდინარეობს — ინჟინრებთან, ელექტრომექანიკოსებთან, მენეჯერებთან და მარკეტოლოგებთან ერთად. ერთი სიტყვით, სამრეწველო დიზაინი, პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ნივთის ყიდვის დროს, დიზაინს გადამწყვეტი როლი ენიჭება.
— ახლახან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინის კონკურსზე — iF Student Design Sward — წარადგინე შენი საბაკალავრო პროექტი „მულტიფუნქციური სავარჯიშო დანადგარი სახლისთვის“ და მოიპოვე ნომინაცია. შენი პროექტი, გერმანიაში, სამრეწველო დიზაინის სფეროში ყველაზე ცნობილ ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა.
— დიახ, ჩემი პროექტი გამოქვეყნებული იყო, როგორც მოზარდი დიზაინერის სამაგალითო ნიმუში. რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. iფ Student დesign აward მსოფლიოში დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კონკურსად ითვლება, მასში მთელი მსოფლიოს სტუდენტი და უმაღლესდამთავრებული დიზაინერები მონაწილეობენ.
ჩემი კონცეპტის იდეა და პროექტის მიზანი იყო, ფუნქციონალურად და ვიზუალურად გამეუმჯობესებინა „სავარჯიშო დანადგარი სახლისთვის“, უფრო კომპაქტური და სახლის ინტერიერთან ინტეგრირებადი, შერწყმული გამეხადა. საამისოდ შევიმუშავე კონცეპტი, რომლის მიხედვითაც, სავარჯიშო დანადგარი ფაქტობრივად დაიმალებოდა სკულპტურის ტიპის ობიექტში და ასე უკეთ შეერწყმებოდა სახლის ლამაზ ინტერიერს. სკულპტურას კი, მცენარეული კედელი უქმნის ფონს, რაც ოთახში ჰაერს ასუფთავებს და ესთეტიკურ გარემოს ქმნის. კონცეპტის მეორე ვარიანტი კომპაქტურობით გამოირჩევა — უკვე დაკეცილ დანადგარს, ოთხი მხრიდან ჩამოსაწევი ფარდები მალავს (სურათზე წარმოდგენილია კონცეპტების ფინალური ვერსია). სამწუხაროდ, ჯილდო ვერ მოვიპოვე, მაგრამ ამ პროექტით სხვა კონკურსებშიც ვმონაწილეობ და შესაძლოა, სხვაგან გამიმართლოს. საერთოდ, ჩემი პროფესიული კარიერა ახლა იწყება და იმედია, ყველაფერი წინაა.
— რა შეგიძლია გვითხრა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების როლსა და მნიშვნელობაზე, სტიპენდიებსა და გრანტებზე უცხოელი სტუდენტებისთვის...
— პირველ რიგში, გერმანული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები არქიტექტურულად ძალიან ლამაზი შენობებია. ადამიანს გსიამოვნებს იქ ყოფნა და მეცადინეობა. წიგნების ძალიან დიდი არჩევანია. ასევე შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა და ბიბლიოთეკის შიდა ქსელით წიგნების მოძებნა ან გამოტანა. ბიბლიოთეკა ერთგვარი კუნძულის როლს ასრულებს, სადაც გამორთავ ტელეფონს და არაფერი გიშლის ხელს კონცენტრირებულად იმეცადინო. რა თქმა უნდა, სტიპენდიები უცხოელებისთვის არსებობს, მაგრამ მეტწილად გაცვლითი პროგრამის და ჰუმანიტარული მეცნიერების სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ, სამრეწველო დიზაინი ამ სიას არ მიეკუთვნება. თუმცა, მე ორჯერ მოვიპოვე სემესტრული დაფინანსება სტუდენტურ-ეკლესიური საზოგადოებისგან. ამ მხრივ, ჩემს ფაკულტეტზე, უცხოელი სტუდენტისთვის არანაირი შეღავათები არ არსებობდა, რის გამოც, სწავლის შემდეგ, ხშირად მუშაობა და ჩემი თავის შენახვა მიწევდა.
— როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით? რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ მასწავლებლების შესახებ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?
— პირველ რიგში, უპირატესობა განათლების მიმართ ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. ამისთვის სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს. გერმანიაში სწავლა, უკვე ყველა მიწაზე უფასოა, თუ არ გავითვალისწინებთ სასემესტრო გადასახადს, რომელიც დაახლოებით 250 ევროს შეადგენს. ამით ყველას ეძლევა შანსი მიიღოს განათლება. იმედია ჩვენთანაც ასე იქნება და ყველას მიეცემა უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების შანსი. გადასახადების მხარდამჭერების არგუმენტი, რომ სტუდენტს უფრო მეტი მოტივაცია აქვს სწავლის მიმართ, როცა ის ფულს იხდის, არასწორად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მოტივაციას გმატებს, მაგრამ გერმანიის მაგალითი, სადაც სწავლა უფასოა, ცხადყოფს, რომ ყველაზე მთავარი მოტივატორი, ისწავლო და კარგი განათლება მიიღო, წარმატებული კარიერის, სოციალური სტატუსის და, აქედან გამომდინარე, მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უნდა იყოს.
პროფესორ-მასწავლებლები კომპეტენტურები, პროფესიონალები და მომთხოვნები არიან. სწავლის დროს უამრავ ახალ ინფორმაციას იღებ და ვითარდები. ტექნიკური აღჭურვილობა მაღალ დონეზეა. არსებობს სახელმწიფო სტიპენდია (ბafჯg), რომლის მიღება ყველა გერმანელს შეუძლია, თუ მისი მშობლები მდიდრები არ არიან. სწავლის დროს არა ერთხელ გამოგვკითხეს, თუ რამდენად მოგვწონს ესა თუ ის ლექცია და ლექტორი. დისციპლინა და წესრიგი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია გერმანული განათლების სიტემის. ლექტორის ლექციაზე დაგვიანება იშვიათობაა, მისი გაკვეთილისთვის მოუმზადებლობა კი ფაქტობრივად გამორიცხულია. ყველა სასწავლებელს აქვს გაცვლითი პროგრამები და პარტნიორული ურთიერთობა უცხოელ სასწავლებლებთან. ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია ერთი სემესტრი ან პრაქტიკა გაიარო, ან საზღვარგარეთ ისწავლო.
— ამჟამად რა საქმიანობას ეწევი, მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
— ამჟამად ვცდილობ, დამოუკიდებლად, რამდენიმე ახალი კონცეპტი შევქმნა და ჩემი პორტფოლიო გავამდიდრო, რათა სამუშაოს პოვნის კარგი შანსი მქონდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლახან დავიწყე ჩემი საბაკალავრო პროექტით დიზაინის მნიშვნელოვან კონკურსებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე, გერმანიაში ვაპირებ დარჩენას და მუშაობას. ვფიქრობ, საქართველოში დასაქმებაში უცხოეთში მიღებული განათლება გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს, მით უმეტეს გერმანიაში მიღებული განათლება და დიპლომი. თუმცა, ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული პიროვნებაზე. სამწუხაროდ, საქართველოში წარმოება ფაქტობრივად არ არსებობს და ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, ჯერჯერობით, სამუშაო არც არის.
— განათლების საზღვარგარეთ მიღება ქართველ ახალგაზრდებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. რას ურჩევ საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ ახალგაზრდებს.
— პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვურჩევ, უკან არ დაიხიონ და ყველანაირად ეცადონ, დასახულ მიზანს მიაღწიონ. დამერწმუნეთ, ამას არასდროს ინანებენ, რადგან უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება და მზად უნდა იყვნენ, გარკვეული პერიოდი მოიკლონ ძვირადღირებული ნივთები, ტანსაცმელი, უარი თქვან ხშირ მოგზაურობასა და გართობაზე. არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლის დროს ბევრს მუშაობენ, იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, რაც რეალურად საკმარისია ნორმალური ცხოვრებისთვის. სამაგიეროდ, სწავლას საჭირო დროს ვეღარ უთმობენ და დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. ყველაფერი ერთად არ მოდის და ზოგჯერ საჭიროა რაღაცის მოკლება. პრიორიტეტის განსაზღვრა მნიშვნელოვანი უნარია. საზღვარგარეთ განათლების მიღების შანსი ყველას არ ეძლევა და ამის გამოყენება აუცილებელია, ერთგვარი პასუხისმგებლობაა. თავიდან ძნელი იქნება, მაგრამ თანდათან გაუგებთ სისტემას, აყვებით რიტმს, შეეჩვევით რეჟიმს და ახვალთ იმ მწვერვალზე, რასაც უცხოეთის დიპლომი ჰქვია. სანამ მისაღებ გამოცდებს ჩავაბარებდი, და საერთოდ, ადგილს მივიღებდი, უცხოეთის დიპლომი ჩემს პროფესიაში რაღაც აუღებელი ევერესტი მეგონა, მაგრამ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალზე მეც ავედი. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ჭკუით და დისციპლინით გამოვირჩევი, მაგრამ მოტივაცია დიდი ძალაა. ასე რომ, დასაწყისში არ შეშინდეთ და თუ რომელიმე საგანში ჩაიჭრებით, უკეთ მოემზადეთ. ჩემი რჩევა იქნება: ნუ აჩქარდებით, მაგალითად, გერმანიაში შეიძლება რეგულარული სწავლის პერიოდის გადაცილება, ასე რომ, ჯობია კარგად მოემზადოთ გამოცდებისთვის, მით უმეტეს — სადიპლომო პროექტისთვის/ნაშრომისთვის. ყოველი სიძნელის დროს, იფიქრეთ თქვენს პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, სამშობლოსა და ბედზე. იფიქრეთ იმაზე, რომ რაც უფრო მეტს იშრომებთ, მით უფრო დაგიფასდებათ ინტელექტუალური შრომა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი ნიშნებით თქვენ საქართველოს ასახელებთ. იმედია, ეს რჩევები პათეტიკურად არ ჟღერს. ეს ის მიდგომაა, რომელიც ბევრჯერ დამეხმარა. მახსოვს, ყოველი კარგი ნიშნის მიღების დროს, პროფესორები ინტერესდებოდნენ ჩემით, მეკითხებოდნენ — „შენ, რომელი ქვეყნიდან ხარ?“, ვპასუხობდი — „საქართველოდან!“ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სასწავლებლად რომელ ქვეყანაშიც წახვალთ, აუცილებლად დააკვირდით იქაურ აზროვნებას და საქმისადმი მიდგომას. შეისრუტეთ ამ დაკვირვებიდან მიღებული ცოდნა და მაქსიმალურად გამოიყენეთ.
— შენი ინტერესთა სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია — მეცნიერება, ფილოსოფია, ასტრონომია, ისტორია, პოლიტიკა, სპორტი... ხომ არ გაგვიზიარებდი რომელიმე სფეროდან კონკრეტულ საკითხს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება?
— ძნელია ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა... ვარსკვლავების შემხედვარე, გიფიქრიათ ალბათ: „იყურება თუ არა ახლა, სადმე იქ, ვინმე... ასე ჩემსავით კოსმოსში და ფიქრობს თუ არა იგივეს, რასაც მე?“ საქმე იმაშია, რომ როცა ცაში ვიხედებით და ვარსკვლავებს ვაკვირდებით, ჩვენ მათ წარსულში ვიხედებით. სამყარო იმდენად დიდია, რომ მზის სისტემები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. მზის სხივს, ინფორმაციის მატარებელს, გარკვეული დრო სჭირდება, ჩვენამდე რომ მოაღწიოს რომელიმე პლანეტიდან თუ მზიდან. ჩვენგან რაც უფრო შორსაა პლანეტა, მით უფრო დიდი დრო გვჭირდება, ის რომ დავინახოთ. მაგალითისთვის: უცბად ჩვენი მზე რომ ჩაქრეს, ერთ წამში, ჩვენ ამას 8 წუთის მერე დავინახავთ, მანამდე კი, ჩვენთვის ის 8 წუთის განმავლობაში ისევ იკაშკაშებს. წარმოიდგინეთ, ცაში რომელიმე ვარსკვლავს ვუყურებთ, ამ დროს კი, შესაძლებელია, ის უკვე აღარც არსებობს... წარმოიდგინეთ, რომ გქონდეთ ისეთი ტელესკოპი, რომლის მეშვეობითაც შეძლებდით, რომელიმე ეკზოპლანეტის ზედაპირის ძალიან კარგად დანახვას. დააკვირდებოდით რომელიმე პლანეტას და ნახავდით იქ დინოზავრებს... ან პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებიც ცეცხლის დანთებას სწავლობენ... სინამდვილეში კი, იქ ახლა შეიძლება უკვე კოსმოსში დაფრინავენ და კვანტურ კომპიუტერებს ხმარობენ! იქნებ ჩვენც გვიყურებს ვინმე შორეული პლანეტიდან და ჩვენთან დინოზავრების ან ანტიკურ ეპოქას აკვირდება... რომის იმპერიის დაცემას... ან კიდევ იმას, თუ როგორ წერდა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანს“. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აზრია, რაც წამიკითხავს.
საერთოდ, ძალიან კარგია, როცა ადამიანს ბევრი რამ აინტერესებს, მრავალმხრივი ინფორმირებულობა კრეატიული აზროვნების საწინდარია, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და გამოსადეგი. გიყალიბდება უნარი, რომელიმე პრობლემის გადაჭრის დროს, სხვადასხვა პოტენციური გზები გამონახო, ნებისმიერ საგანს ან საკითხს, სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედო. ერთი სიტყვით, მრავალფეროვანი ინტერესთა სფერო, მინიმუმ, საინტერესო მოსაუბრედ მაინც გაგხდის. ამასთან ერთად, ადამიანი თუ ფილოსოფიითაა დაინტერესებული, ეს კიდევ უფრო კარგია. ზოგს ჰგონია, ფილოსოფია მოსაწყენი ტერმინები და ფილოსოფოსთა ჩახლართული მსოფლმხედველობაა. გარკვეულწილად შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ფილოსოფია, პირველ რიგში, სიბრძნისკენ მისწრაფება და აზროვნებაა. ვფიქრობ, აუცილებელი არაა ბევრი ფილოსოფოსის სახელის და მსოფლმხედველობის ცოდნა, საკმარისია კითხვების დასმის უნარი, რაღაცების ეჭვქვეშ დაყენება, როგორც სამყაროს, ასევე ადამიანების ქცევებზე დაკვირვება და ანალიზი. ეს ყველაფერი კი განვითარების წინაპირობაა, რასაც ცხოვრებაში პრაქტიკული წარმატება მოჰყვება. რომ შემეძლოს, ფილოსოფიას აუცილებელ, სავალდებულო სასკოლო საგნად გავხდიდი.
— ბესო, დამეთანხმები ალბათ, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვაგვარად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ, თუ ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? შენი აზრით, რა მოგცა გერმანიაში გატარებულმა პერიოდმა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?
— ძალიან ბევრი რამის შეცვლა და გაუმჯობესება გვჭირდება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი თავი ევროპელებად. როგორც ვამჩნევ, ზოგს ეს არ უნდა. მიჯაჭვულია წარსულს და სრულიად უსაფუძვლოდ „იდენტობის დაკარგვის“ ეშინია. მათთვის ევროპა გარყვნილების განსახიერებაა. ამ დროს კი, იმ ტექნიკით სარგებლობენ, იმ ფილმებს უყურებენ, იმ მუსიკას უსმენენ, რაც ევროპასა და ამერიკაში შეიქმნა, იმ მიღწევებით ცხოვრობენ, რაც მათ გამოიგონეს. ავიწყდებათ, რომ სოკრატე, მარკუს ავრელიუსი, ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, გოეთე, შექსპირი, კანტი, ჰეგელი, აინშტაინი და მრავალი სხვა გამორჩეული პიროვნება ევროპელები იყვნენ. გარდა ამისა, ელემენტარული საზოგადოებრივი ქცევის ნორმები უნდა გვქონდეს: რიგში დგომა, მეტროს ვაგონიდან თუ ავტობუსიდან ჯერ გამომსვლელის გამოშვება და მერე შესვლა, ფეხით მოსიარულეთა გზაზე მანქანის არგაჩერება, ნაგვის არდაყრა, გზის დათმობა, განსხვავებული აზრის ტოლერირება და მრავალი ის თვისება, რის გარეშეც ევროპელები ვერ გავხდებით. მაგრამ ეს არ კმარა, უფრო სიღრმისეული მენტალური რევოლუციის გარეშე უკეთეს სახელმწიფოს ვერ შევქმნით. აუცილებელია ბევრი რამის გადაფასება: ჩვენთვის დამახასიათებელი არაადეკვატური სიამაყის განდევნა; სიზარმაცის გადალახვა; საქმის კეთების დროს იდეალურობისკენ მისწრაფება და არა მიფუჩეჩება; მაქსიმალისტური მიზნების დასახვა და არა მცირედი წარმატებით კმაყოფილება; ძაღლის ან კატის შესაბამის თავშესაფარში ჩაბარება და არა მათი გარეთ უმოწყალოდ გაყრა; ბუნების დაცვა და სიყვარული; ანალიტიკურ-რაციონალური აზროვნების განვითარება, პასუხისმგებლობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება და კიდევ ბევრი რამ. ამ ყველაფერს მივაღწევთ, როცა განათლების სისტემა იქნება პრიორიტეტული, ყველასთვის მისაწვდომი და, რაც მთავარია — ეფექტური. ჩვენ თუ არ გვყოფნის გამოცდილება და ინტელექტუალური ძალა, ასეთი სისტემა შევქმნათ, მაშინ გამოვყოთ ფული ბიუჯეტიდან, ჩამოვიყვანოთ, მაგალითად, გერმანელი სპეციალისტები და ახალი სისტემა მათი დახმარებით ვაშენოთ. მესმის, რომ ეს ადვილი არაა, მაგრამ დიდი მიზნების მიღწევა ხომ ადვილი არასდროს ყოფილა. ყველაფერი ეს, რაც ჩამოვთვალე, ფუნდამენტალური და მტკივნეული ცვლილებებია, რის განხორციელებას ძლიერი იმპულსი და მოტივაცია სჭირდება. ადამიანმა თუ კარგად არ დაინახა და გაიაზრა ის ჯილდო, რაც ელოდება შრომისა და ცვლილებების მერე, ხელს არ გაანძრევს. ამიტომ მთავრობა, ასევე, უნდა ეწეოდეს ამ ყველაფრის პროპაგანდას და ხალხისთვის იმ ნათელი და წარმატებული მომავლის წარმოდგენას, რაც გველოდება. მარტო მთავრობის იმედზეც არ უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, ყველა ჩვენთაგანმა საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ გარდაქმნა და გაუმჯობესება. ვფიქრობ, ევროკავშირში ჩვენ მაინც კარგა ხანი არ მიგვიღებენ, გაფართოებაზე ლაპარაკი უკვე აღარ სურთ, მაგრამ ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, განვითარება უნდა იყოს, ევროპა კი, როგორც სამაგალითო მოდელი.
რაც შემეხება მე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გერმანიაში გატარებულმა დრომ მომცა, არის: ჩემი პროფესია, სიძნელეების გადალახვის გამოცდილება, ბევრ რამეზე დაფიქრების და გაანალიზების უნარი, პერფექციონიზმისკენ მისწრაფება და სხვადასხვა კულტურების გაცნობა. გერმანული ენის ცოდნამ გამიხსნა კარი ბევრი საინტერესო ინფორმაციისკენ და ალტერნატიული ევროპული სამყაროს შემეცნებისკენ.
ესაუბრა მაკა ყიფიანი
|