2015-03-12 სასკოლო მზაობის ოპტიმალური ასაკის ძიებაში ლალი ჯელაძე
ზოგადი განათლების შესახებ კანონში სასკოლო ასაკის განსაზვრის შესახებ ცვლილება ახალი სასწავლო წლიდან ძალაში შევა. დოკუმენტის თანახმად, ბავშვი პირველ კლასში სწავლას ვერ დაიწყებს, თუ სასწავლო წლის დაწყების დღეს 6 წლის არ არის. პროფესიული შეხედულება ასეთია: გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნისთვის აუცილებელია, მოსწავლეს 6 წელი შეუსრულდეს. კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედებას განსაკუთრებული უკმაყოფილებით ხვდება მშობელთა ის ნაწილი, რომელთა შვილებიც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხდებიან 6 წლის, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მათი შვილები სკოლისთვის მზად არიან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ერთ წელს აკარგვინებს. ისინი გამონაკლისის დაშვებასაც ითხოვენ და იმასაც, რომ შემოწმდნენ მათი შვილების სკოლისთვის მზაობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული სამართლიანი გაადწყვეტილება. მოკლედ, სასკოლო მზაობა ლამის მხოლოდ ასაკის დადგენა-განსაზღვრამდე დავიდა და ცოტა უხერხული სახეც კი მიიღო კამათმა — ხუთი თუ ექვსი წლის? — მთავარი, რასაც სასკოლო მზაობა გულისხმობს, ჩრდილში მოექცა. და მაინც, ალბათ, ღირს, თუნდაც იმ მშობლების მოსმენა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ერთი წელი მათი შვილისთვის დაკარგულია. მშობლების არგუმენტი, პირველ რიგში, იმაზე გვაფიქრებს, რა ხდება სკოლამდელ განათლებაში და რატომ თვლიან ისინი ბაღში სიარულს დაკარგულ წლად. იქნებ მეტად არის საჭირო სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობა. ან, უბრალოდ, მშობლები კარგად არ არიან ინფორმირებული ადრეულ ასაკში განვითარებისთვის შეუსაბამო პრაქტიკის უარყოფითი შედეგების შესახებ? იქნებ ღირდეს იმ მშობლების მოსმენა, ვისი შვილებიც ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში არიან, მაგრამ 15 სექტემბრისთვის 6 წელი არ უსრულდებათ.
სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები კერძო სკოლებზეც ვრცელდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებას, — სასკოლო ასაკის 6 წლით განსაზღვრას — მაქსიმალურად კომპრომისულ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ გამონაკლისი ვერაფრით ვერ დაიშვება:
„თუ გავეცნობით, როგორია ბავშვის განვითარების ეტაპები, არავითარი შეკითხვა აღარ დარჩება. რაც მთავარია, ძალიან საინტერესო იქნებოდა უშუალოდ დარგის სპეციალისტებთან გასაუბრება. შესაძლოა, ბავშვმა წერა-კითხვა იცოდეს, მაგრამ ძირითადი პრობლემა მის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მზაობაში მდგომარეობს. ეს ყველაფერი დადასტურებულია ძალიან ბევრი ნამუშევრით, კვლევით. საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით ვხელმძღვანელობდით. ბავშვის განვითარების ეტაპები ერთიდან 3 წლამდე და 3-დან 6 წლამდეა; 5 წელი არსად მოიაზრება, შესაბამისად, როდესაც 6 წელზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელიც დავუშვით და ვთქვით, რომ 6 წელი ის მინიმალური ზღვარია, როდესაც მოსწავლე/ბავშვი მომზადებულია ახალი ცხოვრებისთვის, სკოლისთვის.
კომპრომისი ვერ იქნება, ისევ და ისევ, მათი შვილების საკეთილდღეოდ. მე ავხსენი, რომ, მინიმუმ, 6 წელია კომპრომისული შეთავაზება. ზოგადად, სასკოლო ასაკად მიჩნეულია 7 წელი და ეს არ არის ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, ეს დასაბუთებულია. ნებისმიერი ქვეყანა ავიღოთ, თუნდაც ამერიკა, არც ერთ ქვეყანაში სკოლაში ბავშვი 6 წლამდე არ შედის. ყველგან ოპტიმალური ვარიანტი 6 წელი და 8 თვეა. ამიტომ, ჩვენ შემთხვევაში, 6 წელია ოპტიმალური ზღვარი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ და, რაც მთავარია, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. არც ერთი ფსიქოლოგი არ აიღებს თავის თავზე იმის გადაწყვეტას, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი ექვსი წლის, შემოწმების შედეგად აღმოჩნდეს, რომ ის სკოლისთვის მზად არის კოგნიტური უნარებიდან გამომდინარე“.
განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს სიმონ ჯანაშია:
„მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ბავშვი 6 წლის იყოს, არამედ ის, რომ ბავშვი მზად იყოს სკოლისთვის და სკოლა კი — ბავშვისთვის. ზოგი ბავშვი სკოლისთვის 5 წლისაც მზადაა, რადგან შესაძლოა: ა) ის დადიოდა კარგ საბავშვო ბაღში, სადაც მის განვითარებაზე ზრუნავდნენ და ბ) სკოლა ადაპტირებულია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
6 წლის ბავშვების დიდ ნაწილსაც კი სერიოზული პრობლემები აქვს სკოლაში, რადგან: ა) არ არის მზად შესვლისთვის და ბ) ბევრ სკოლაში უცებ იწყება ფორმალიზებული, სტანდარტული და მოსაწყენი სწავლება არცთუ კეთილგანწყობილ გარემოში“.
ღირს თუ არა ბავშვების დადგენილ ასაკზე ადრე სკოლაში შეყვანა —ამასთნ დაკავშირებით ფსიქოლოგი მაია ცირამუა მშობლებს შესაძლო რისკებს შეახსენებს და დაფიქრებისკენ მოუწოდებს. დაბალი თვითშეფასება, კონცენტრაციის ნაკლებობა, განვითარების დონე, ხერხემლის პრობლემები, სტრესი და პასიურობა — ეს იმ შესაძლო შედეგების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში მიყვანას ახლავს თან. „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იცის წერაც, კითხვაც და კარგადაც აზროვნებს, შესაძლოა ემოციურად ვერ ეწევა 6 წლის ბავშვებს და უჭირს სოციალიზაცია. ამას გარდა, მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ნაადრევად სკოლაში ბავშვის შეყვანას. გასაგებია მშობლების პოზიცია, რომ სურთ რაც შეიძლება მალე დაიწყონ მათმა შვილებმა სწავლა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია რისკებიც და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება — ღირს თუ არა 1 წლით ადრე სკოლაში შეყვანა“.
მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ. თუ მშობელთა უმრავლესობისთვის წერა-კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზია, ფსიქოლოგები აქცენტს სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე, ასევე მოტორიკის განვითარების დონეზე აკეთებენ. შესაბამისად, ფსიქოლოგების რეკომენდაციებსა და მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებზე დაყრდნობით, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. ზოგადად, ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ. შესაბამისად, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელია განსაზღვრული. ასევე 7 წელია სწავლის დაწყების ასაკი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ალბათ, ყველა მშობელს აინტერესებს, რას გულისხმობს სასკოლო მზაობა. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს არის ბავშვის უნარი, დაიწყოს და მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, რაც განვითარების გარკვეულ დონეს შეესაბამება, კერძოდ:
გონებრივი ნიშანი — აღქმის დიფერენციაცია, ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკური მეხსიერება, ანალიტიკური აზროვნება, სინამდვილისადმი რაციონალური მიდგომა, მიზანსწრაფულობა, ცოდნის დაუფლების ინტერესები, სიმბოლოების გაგების უნარი;
განვითარებული მოტორიკა (რაშიც იგულისხმება წიგნის ფურცვლის, კალმის დაჭერის უნარი.);
ემოციური მოწიფულობა — უკეთესი ემოციური სტაბილურობის მიღწევა, იმპულსური რეაქციების შემცირება. სასკოლო საქმიანობის მოტივირებისას ემოციების გამოყენება;
სოციალური მოწიფულობა — სურვილი, კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან და, გარკვეულწილად, დაექვემდებაროს ბავშვთა კოლექტივის ინტერესებს. მიიღოს საკუთარი როლი სასკოლო სწავლების სოციალურ სიტუაციაში.
რამდენად გამართლებულია სასკოლო ასაკის ასე მკაცრად განსაზღვრა? განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად, უფრო მეტად, 7 წლის ასაკისთვისაა, ვიდრე 6 წლის ასაკისთვის. აქედან გამომდინარე, ქვედა ზღვრად სამინისტრომ 6 წელი აიღო. კანონთან დაკავშირებით იგი აცხადებს, რომ: „ვინაიდან ეს არის კანონი, ოდესმე ხომ უნდა ამოქმედდეს. კანონი რომ 20 სექტემბერს ამოქმედდეს, მაშინ რა ქნას 25 სექტემბერს ან დეკემბერში დაბადებულმა ბავშვმა. ეს კითხვა ყოველთვის იქნება. ჩემი აზრით, 6 წელი ის ქვედა ზღვარია, რაც საერთოდ შეიძლება დაიშვას. ხშირად მესმის, რომ ერთ წელს კარგავენ, მე ვიტყოდი, რომ ერთ წელს კი არ კარგავენ, არამედ იმატებენ. იმიტომ, რომ ამ ასაკში ბავშვის განვითარებისთვის თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილზე ჯდომა, თუნდაც 35 წუთი. სინამდვილეში, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონზე მუშაობა დაიწყო, პარალელურად, დაიწყო მუშაობა ბაღების პროგრამაზე, რომელმაც უკვე გაიარა პილოტირება და ახლა მერიას გადაეცა, რადგან ბაღები მის დაქვემდებარებაშია. იმედი გვაქვს, მერია პროგრამას ახალი სასწავლო წლიდან დანერგავს ბაღებში. ეს სპეციალური პროგრამაა, რომელიც გათვლილია არა 5 წლამდე, არამედ 6 წლამდე ბავშვებზე. ასე რომ, სამინისტრომ ამაზე უკვე იზრუნა. მშობლების მხრიდან მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ბავშვებმა წერა-კითხვა იციან, სასკოლო მზაობისთვის არ გამოდგება. ბაღი არ არის იმისთვის, რომ ბავშვს სასკოლო პროგრამა ასწავლოს, სინამდვილეში მისი დანიშნულებაა სკოლისთვის — სოციალიზაციისთვის, ჯგუფში ცხოვრებისთვის და პროცესებში ჩართვისთვის მომზადება. ამიტომაც 6-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვსაც შეუძლია ამ პროგრამის გავლა. როგორც გითხარით, ამ ასაკისთვის თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა.“
6-დან 7 წლამდე ბავშვები ბაღში უმცირესობაში აღმოჩნდებიან, ანუ მათ უფრო მცირე ასაკის ბავშვებთან მოუწევთ ყოფნა. ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტორი უმცირესობაში მყოფი ბავშვების განვითარების შეფერხებას? ამ კითხვაზე ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილს ასეთი პასუხი აქვს: „ნელ-ნელა დავიწყეთ აქცენტების გაკეთება ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომებზე, მაგრამ რეალურად, საქართველოში, ამის პრობლემა გვაქვს, არც ბაღში და არც სკოლაში მიდგომა ინდივიდუალური არ არის. ანუ, როცა საუბარია ასაკით განსხვავებული ბავშვების ჯგუფებზე, სწორედ აქ უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული ინდივიდუალური თავისებურებები. იდეალურ სიტუაციაში ბავშვი უნდა შეაფასოს განვითარების სპეციალისტმა, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს როგორც განვითარების ფსიქოლოგი, ისე კარგი პედაგოგი. ეს სწრაფი შეფასებები დიდ დროს არ მოითხოვს და იმ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ასპექტებზე აკეთებს აქცენტებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვის დროს. ასეთი შეფასებისას გამოვლინდება ის ინდივიდუალური განსხვავებები, რაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ერთ ჯგუფში ყოფნის დროს. ამის შემდეგ პედაგოგმა უნდა დაგეგმოს მათთვის მეტ-ნაკლებად განსხვავებული აქტივობები, რომ არ მოხდეს დემოტივაცია ან ბავშვს რაიმე არ მობეზრდეს. მაგრამ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სწორედ აქ იქმნება პრობლემები — საქართველოში პედაგოგების რაოდენობა მცირეა, ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში კი — დიდი; საბაღე თუ სასკოლო კურიკულუმები და პროგრამები დასახვეწია; მუდმივად ვართ რეფორმების სხვადასხვა ეტაპებზე და ვერ დავლაგდით, არ ვიცით რა როგორ იქნება; ერთი წლის წინ 5 წლის ასაკის ბავშვებს ვიღებდით სკოლაში, ერთი წლის შემდეგ კი 6 წლის ასაკის ბავშვები უნდა მივიღოთ. ყველაფრის სათავე ის არის, რომ საგანმანათლებლო სისტემა, ზოგადად, ყველა დონეზე — სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების — ძალიან დასახვეწია. ცხადია, ჩვენ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა არასამთავრობოები თუ ინდივიდუალური განვითარების სპეციალისტები) ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ, მოდით, ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სრულყოფილებისგან. საჭიროა საზოგადოებისა და პროფესიონალების სერიოზული ჩართულობა, რომ მეტ-ნაკლებად იდეალურს მივუახლოვდეთ. აუცილებლად დავესესხოთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც ძალიან კარგი განათლების სისტემა აქვთ — ასეთი ბევრი ქვეყანაა— ეგებ გვეშველოს რამე. რეალურად პრობლემა ესაა და ამიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, ამიტომ იწყება ამდენი კამათი. ამიტომაც გეტყვით, რომ პრობლემას სამი დღით სასკოლო ასაკში განსხვავება კი არ იწვევს, არამედ, ზოგადად, განათლების სისტემის დაუხვეწაობა.“
რამდენად სასარგებლო ან აუცილებელია, თუნდაც სამი დღის სხვაობის გამო, სკოლაში არმიღებული ბავშვებისთვის, ისევ ბაღში დაბრუნება და მომდევნო სასწავლო წლის დალოდება, ამის შესახებ ნატა მეფარიშვილი ფიქრობს, რომ: „როგორც წინასასკოლო პერიოდში, ანუ ბაღის დონეზე, უნდა შეფასდეს ბავშვის განვითარება, ასევე მისი სასკოლო მზაობა — ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ამ ნიშნით უნდა იყვნენ დიფერენცირებულნი და უნდა არსებობდნენ მეტად მომზადებული ან ნაკლებად მომზადებული ბავშვები. შეიძლება, ასაკის მიუხედავად, ბავშვი, გარკვეული მიზეზების გამო, აბსოლუტურად მოუმზადებელი იყოს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია მშობელსაც და საგანმანათლებლო დაწესებულებასაც უნდა ჰქონდეს. შეიძლება რაღაც პრობლემათა გამო, 6 ან 7 წლის ასაკში, ბავშვი ვერ მოხვდეს იმ სკოლაში, სადაც გვინდა, უფრო სწორად, მოხვდეს, მაგრამ გარკვეულ პროგრამაში, ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, შეფასების შედეგად ბავშვების შესახებ ინდივიდუალური რეკომენდაციები უნდა მომზადდეს. სწორედ ეს დაეხმარება პედაგოგს და მშობელს ბავშვის სასწავლო აქტივობების ინდივიდუალურად და წარმატებით დაგეგმვაში. ეს რეკომენდაციები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ამოვარდეს ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
რაც შეეხება იმას, რომელ ასაკშია ბავშვი უფრო მზად სკოლისთვის — 6 თუ 7 წლის, გადაჭრით ვერ გეტყვით, უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მზაობის ყველა კომპონენტის გათვალისწინება. ეს გულისხმობს როგორც ინტელექტუალურ, ანუ კოგნიტურ მზაობას, ისე სოციალურ-ემოციურსა და ქცევითს. ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი უნდა შეზავდეს, რადგან არსებობენ ბავშვები, რომლებიც კოგნიტურად არიან მზად 5 წლის ასაკში იმისთვის, რომ პირველი კლასის მასალა აითვისონ, მაგრამ არ არიან მზად სოციალურ-ემოციური და ქცევითი თვალსაზრისით“.
ვინ უნდა შეაფასოს ბავშვების განვითარება? ეს კითხვა ლევან ზარდალიშვილმა მხოლოდ ერთი წინადადებით განმარტა: „რეალურად ეს ახლა შეუძლებელია“.
და მაინც, სად ეჩქარებათ მშობლებს, რომლებიც ცდილობენ, 6 წლამდე ბავშვები სკოლაში შეიყვანონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ მათი მცირეწლოვანი შვილები სკოლისთვის მზად არიან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ წელს აკარგვინებთ; რა შეცდომას უშვებენ ისინი?
ლევან ზარდალიშვილს, საკუთარი შვილის მაგალითზე, ის უკუჩვენება მოჰყავს, რომელიც სკოლაში ბავშვის ნაადრევად შეყვანას შეიძლება მოჰყვეს: „ჩემმა შვილმა სკოლა 19 წლისამ დაამთავრა იმიტომ, რომ ჩეხეთში ვცხოვრობდით დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მაინც შეცდა პროფესიის არჩევაში, ამიტომ მეორედ ჩააბარა სხვა უმაღლეს სასწავლებელში. მეტსაც გეტყვით, ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობ. სტუდენტები, რომლებიც 17 წლის ასაკში მოვიდნენ უმაღლეს სასწავლებელში, აბსოლუტურად მოუმზადებელი არიან უმაღლესი განათლებისთვის. ისინი, პრინციპში, სასკოლო ასაკის ბავშვები არიან, რომლებიც „თამაშობენ“ ლექციაზე და მეც მათთან ისე მიწევს ურთიერთობა, როგორც ბავშვებთან სკოლაში, მესამე კურსზე ნელ-ნელა მწიფდებიან“.
ნატა მეფარიშვილის აზრით კი, მშობლები შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა ცდილობენ სხვა მშობლებს მიბაძონ და ამით ვითარების მსხვერპლად იქცევიან. მას შეცდომად მიაჩნია: „როცა მშობელი ფიქრობს, თუ სხვა მშობელმა მიიყვანა შვილი ისეთ კერძო ბაღში, სადაც აკადემიური კომპონენტია გათვალისწინებული, მე რატომ არ უნდა მივიყვანო. წინასასკოლო ასაკში დიდი რაოდენობით აკადემიური კომპონენტის შეტანა ბაღებში, განსაკუთრებით კერძო ბაღებში, მართლაც აქტუალური პრობლემაა. როგორც წესი, ასეთ აქტივობებს კერძო ბაღები, მარკეტინგის სახით, ბიზნესისთვის იყენებენ, ანუ ასეთ ბაღებში ტარდება გაკვეთილები. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრჯერ მქონია ამ ბაღების მესვეურებთან კამათი და მითქვამს, რომ ეს არასწორია, მათ არგუმენტად მშობლების დაკვეთა მოაქვთ. მაგალითად, მშობლების სურვილია, რომ 3-წლინახევრის, 4-ის ან 5 წლის ბავშვებს ასწავლონ წერა-კითხვა, უცხო ენები, მათემატიკა და ა.შ. ვფიქრობ, შეცდომასაც (არ მინდა ცუდად გამომივიდეს ამ სიტყვის ხმარება) სწორედ აქ უშვებენ. თუმცა ეს შეცდომა არ არის, ეს უფრო განათლების, ინფორმაციის არ ქონაა. მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ასაკობრივად ბავშვის განვითარების შესახებ. რეალურად, პრობლემა ჩვენს ქვეყანაში მართლაც მწვავედ დგას. მაგალითად, არ მეგულება არც ერთი პედიატრიული დაწესებულება, რომელიც სრულფასოვნად ზრუნავდეს იმაზე, რომ კარგი საინფორმაციო ბუკლეტი მიაწოდოს ან საუბრები ჩაუტაროს მშობელს ბავშვის განვითარებაზე. ვფიქრობ, თბილისში ასეთი დაწესებულება არ არის. არადა, სწორედ ასე უნდა ხდებოდეს მშობლის განათლება. თუ სადმე არის კიდეც ასეთი დაწესებულება, ის აუცილებლად კერძოა. დამეთანხმებით, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. სასურველია, მშობლების ინფორმირებულობამ მასიური ხასიათი მიიღოს.“
ყველა პრობლემა საბოლოოდ ისევ განათლებასთან მივიდა. ქალბატონი ნატას განცხადებით, ქვეყანაში, ზოგადად, განათლების პრობლემაა და სხვა პრობლემებიც აქედან გამომდინარეობს. თუმცა, მისი განწყობა იმედიანია: „იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცდელობა, ყველა დონეზე გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი, უშედეგოდ არ ჩაივლის“. ლევან ზარდალიშვილის აზრით კი: „თუ სახელმწიფოს მიერ ეს სფერო სათანადოდ დაფინანსდება, მაშინ ყველაფერი დალაგდება. განათლების სისტემაში ქვეყანამ ყველაზე მეტი ფული უნდა ჩადოს, თუ ასე მოხდება, მაშინ შემიძლია გითხრათ, იდეალურს თუ არა, სასურველს მაინც მივუახლოვდებით“.
მშობლებს კი, რომელთა შვილებს 15 სექტემბრამდე 6 წელი არ უსრულდებათ, კანონის თანახმად, ისევ ბაღში მოუწევთ მათი მიყვანა და იმ ახალი პროგრამის გავლა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბაღებს შესთავაზა. ფსიქოლოგების განმარტებებმა შესაძლოა დააფიქროს კიდეც მშობლები, ღირს კი ნაადრევად ბავშვის სკოლაში მიყვანა. მეტიც, ამ რისკების გულდასმით გაცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, თვითმიზანი — სკოლაში შვილის შეყვანა — შეიცვალოს და ის ერთი წელი დაკარგულად არ ჩაითვალოს. დაბალი თვითშეფასება, კონცენტრირების უნარის ნაკლებობა, განვითარების დაბალი დონე, ხერხემლის პრობლემები, სტრესი და პასიურობა — ეს იმ შესაძლო შედეგების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანას ახლავს თან.
ალბათ, ღირს იმაზე დაფიქრება, რომ სასკოლო მზაობა, ასაკის გარდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება — რას გვაძლევს სკოლამდელი განათლება და რას გვახვედრებს სკოლა.
|