2015-03-12 პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა დასაქმების თაობაზე დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევის შედეგებს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის მიზანი იყო შშმ და სსსმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად რელევანტური სერვისების ამოქმედება.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ: განათლების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლები.
2013 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. შედეგად, 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, 16 პროფესიულ სასწავლებელში, ოცდაათამდე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, 203 სსსმ და შშმ პირი ჩაირიცხა. თუმცა, ამ ადამიანთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აქტუალურია პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა.
საქართველომ, 2006 წლის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით, აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის თანასწორი უფლება ღია და მისაწვდომ შრომის ბაზარზე და აიღო ვალდებულება, უზრუნველყოფილ იქნეს შშმ პირთა დასაქმება საჯარო თუ კერძო სექტორში. შესაბამისად, განათლების სამინისტრო ეფუძნება ხედვას — ყველა პირს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს პროფესია ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და გახდეს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას შშმ და სსსმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ჩართულობით, დაიწყო მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე.
თანამედროვე სამყაროში ახალი მიდგომების განვითარებას მუდმივად უსწრებს წინ საფუძვლიანი კვლევა, რათა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სტრატეგია იყოს თანმიმდევრული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული. ამ მიზნით, განათლების სამინისტროს დაკვეთით, ორგანიზაციის „აი ფი ემ კვლევები“ მიერ, 2014 წლის ბოლოს, ჩატარდა კვლევა — „დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ“.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რასაც მოჰყვა გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ფაქტორების განხილვა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალი სამოქმედო გეგმის წარდგენა.
მარიკა ზაქარეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი: „ჩვენ ვაპირებთ ერთობლივად, უკვე წელს, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, პილოტირების რეჟიმში გამოვცადოთ სხვადასხვა სერვისები, რაც პერსპექტივაში დაგვანახებს, რა მუშაობს ეფექტურად დასაქმებასთან მიმართებაში და რა გახდება დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის საფუძველი.“
ორგანიზაციამ „აი-ფი-ემ კვლევები“ დაადასტურა, რომ კერძო და საჯარო სექტორი მზადაა, დაასაქმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, თუ მათ შესაბამისი კომპეტენცია აქვთ. კომპანიებთან შუამავლის ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტრო შეასრულებს.
ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: „ჩვენთან არსებობს ვაკანსიების მონაცემთა ბაზა, გვაქვს ასევე შესაბამისი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან. ჩვენი სამინისტრო მოახერხებს, მედიატორის ფუნქციის სახით, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის პირების დაკავშირებას დამსაქმებლებთან და მათ შემდგომ დასაქმებას.“
ვახტანგ მარგოშვილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია, სწავლობს საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ და სამი თვეა თექაზე მუშაობს. ამბობს, რომ ამ პროფესიით საქმიანობის გაგრძელება სურს და სახელმწიფოს დახმარების იმედი აქვს. მის მსგავსად სახელმწიფოს იმედად კიდევ 41 სტუდენტია.
ანა სეროპიანი მზარეულის პროფესიას ეუფლება: „ძალიან მომწონს აქ სწავლა და აქაური გარემო. კარგად ვეუფლებით ჩვენს პროფესიას, მალე საწარმოო პრაქტიკაც გვექნება. ძალიან მინდა, ჩემი პროფესია, რომელსაც აქ შევისწავლი, მომავალში გამოვიყენო.“
შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების აუცილებლობაზე საუბრობს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი დარეჯან გულაზიანი: „სტუდენტები აქ ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე გადიან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას. ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან მოხდეს იმ უნარ-ჩვევების რეალიზაცია, რომლებსაც აქ ეუფლებიან. ამისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მომავალში იმ სტუდენტთა დასაქმება, რომლებიც აქ სწავლობენ. ამაში მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ.“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების დასაქმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებს არ გულისხმობს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ თანამშრომლობის შედეგს კი ათეულობით ადამიანი ელოდება.
|