2015-03-05 G-PRIED ამ სკოლაში ყველგან და ყველაფერში იგრძნობა ლალი ჯელაძე
ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახლეების დემონსტრირება.
***
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას. პროექტების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქართული და ეთნიკური უმცირესობის 300 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-VI კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლები და დაწყებითი საფეხურის, დაახლოებით, 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
დაწყებითი განათლების 5-წლიანი პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების ზრდის გზით.
დაწყებითი განათლების პროექტი, ასევე, ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას, რასაც დიდი წვლილი შეაქვს საჯარო სკოლებში მდიდარი სასწავლო გარემოს შექმნაში.
პროექტის ფარგლებში დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები, რაც გულისხმობს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მიდგომას და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ სწავლების მეთოდებს. სკოლებს გადაეცათ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები; მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები; განხორციელდა მშობელთა ჩართულობის პროგრამა ბავშვის სასწავლო პროცესში.
***
ინოვაციური მეთოდების, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) მიერ შექმნილი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებისა და მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, ღონისძიების ფარგლებში, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა.
პროექტის მონაწილე პედაგოგებმა აჩვენეს, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ, პრაქტიკაში, როგორ ხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსისა და თვალსაჩინოების გამოყენება კლასში და პროექტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების დახმარებით, როგორ მიმდინარეობს მშობელთა ჩართვა ბავშვის განათლების პროცესში.
შეჯამდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების — ანა ჭანტურიას, ნინო დოლაბერიძის, ნანა კაცაძის, ლელა მოსეშვილის, სალომე თადუმაძის, მაკა ჭელიძის, თამარ გურაბანიძის, მადინა ჭელიძის, რუსუდან ხობუას, თამარ მურუსიძის, თამარ ხმალაძის — მიერ გაწეული მუშაობა კითხვასა და მათემატიკაში. სკოლას სტუმრობდნენ: აშშ საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი ნენსი პარკსი, G-PriEd-ის დირექტორი ქეთი ჩაჩხიანი, გია ნოზაძე — მათემატიკის ექსპერტი, განათლების სამინისტროდან — ლაშა მკურნალიძე, მერიიდან — მერაბ დანელია, აზა ტყავაძე, ქალაქის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე და მთავარი სპეციალისტი ნინო მამრიკიშვილი, ტრენერები, საპილოტე სკოლებისა და მეზობელი სკოლების წარმომადგენლები.
ნენსი პარკსი, USAID-ის „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის“ ხელმძღვანელი: „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების უნარების გაუმჯობესებას კითხვასა და მათემატიკაში. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ არაერთ აქტივობას ვახორციელებთ, მასწავლებლებს ტრენინგებს ვუტარებთ ინოვაციური მეთოდების გასაცნობად. ასევე, ვმუშაობთ სკოლის დირექტორებთან, გვყავს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები სკოლაში, ვატარებთ სხვადასხვა ტიპის დიაგნოსტიკურ შეფასებას. ყველაფერი ეს ხდება იმ მიზნით, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი შედეგები კითხვასა და მათემატიკაში.“
ჯეინარ კოღუაშვილი, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენი სკოლის პედაგოგები, სწავლების დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები, ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას აჯერებენ. მესამე წელია, აქტიურად ვართ ჩართულები პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი გათვლილია სწავლების დაწყებითი საფეხურისთვის, განსაკუთრებით მიმართულია ქართულისა და მათემატიკის უნარ-ჩვევების დაუფლებისკენ, შესაბამისად, ამ საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები მომავალში სხვა სასწავლო დისციპლინების თავისუფლად დაუფლებას შეძლებენ.
ეს გაკვეთილები სხვა ტრადიციული გაკვეთილებისგან იმით განსხვავდება, რომ პროექტში ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით, სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა შეიძინეს ინოვაციური სწავლების კომპეტენციები, რასაც ჩვენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს ვუწოდებთ. ეს მეთოდები მოწონებულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან, განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას მშობლების აქტიურობაზე, რადგან ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ მშობელთა ჩართულობაა.“
ნათელა ხაზარაძე, სკოლაში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED)) კოორდინატორი: „საპილოტე პროგრამაში სამი წელია ვართ ჩართული, აპრილში ორგანიზაცია ჩაატარებს ტესტირებას და გაზომავს ბავშვების შედეგებს, თუ როგორ ამაღლდა მათი უნარ-ჩვევები კითხვასა და მათემატიკაში. ამ პერიოდში მასწავლებლებმა მართლაც უდიდესი შრომა გაწიეს — ტრენინგების პარალელურად, მიმდინარეობდა მონიტორინგი, სადაც ფასდებოდა გაკვეთილები. რადგან საპილოტე პროექტი დასასრულისკენ მიდის, გადავწყვიტეთ, საჩვენებელი ღია კარის დღე მოგვეწყო როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის, ისე იმ სკოლებისთვის, რომლებიც ჩვენს რეგიონში არიან ჩართულები ამ პროგრამაში. ღონისძიების პარალელურად, სამი გაკვეთილი ჩაიწერა ვიდეოფირზე, რაც შემდეგში დამხმარე რესურსი გახდება იმ 500 სკოლისთვის, რომლის პროექტში ჩართვაც სექტემბრიდან იგეგმება. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლების სამწლიანი მუშაობა თავად ნენსი პარკსიმ დადებითად შეაფასა. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ის აღფრთოვანებული დარჩა სკოლაში პროექტის მიმდინარეობით. ჩვენმა მასწავლებლებმა, გაკვეთილების გარდა, პროექტში მშობელთა ჩართულობაც წარმოაჩინეს. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს კითხვის საათი, რომლის მიზანია, მშობელი უფრო აქტიურად ჩაერთოს შვილის სასწავლო პროცესში. პროგრამამ მართლაც გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა, 2005 წლიდან, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და სკოლის პედაგოგთა უმეტესობა ინოვაციური მეთოდებით მუშაობს, ამ პროექტმა ერთგვარი მობილიზება გაუკეთა დაწყებითი კლასის მასწავლებლების მუშაობას. თავად ორგანიზაციის მიერ გაწეული შრომაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, რაც ჩვენი პედაგოგების კარგ შედეგებზე აისახა. უკეთეს შედეგებს კი აპრილისთვის ველოდებით.“
ლელა მოსეშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „პროექტზე მუშაობა ბევრის მომცემი იყო თითოეული პედაგოგისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის აქტივობები, რაც ამ ხნის განმავლობაში მუშავდებოდა — ვგულისხმობ პირველ კლასში „პაუზებით კითხვას“და „ვარაუდებით კითხვას“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აქტივობა — „მთელი“, „ნაწილი“ და „მთელი“. ბავშვები ისმენენ მასწავლებლის მიერ შექმნილ ტექსტს, რომელიც წინადადებებად იჭრება, წინადადებები — სიტყვებად და ბოლოს ხელახლა იწყობა იმ ტექსტად, რომელიც მათ მოისმინეს. ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას, რადგან გამოცდილება აქვთ და შესაბამისი უნარიც განუვითარდათ. მესამე კლასში იყო ასეთი თემა: „მონაცემთა ანალიზი“. გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, აღფრთოვანებული დარჩნენ სტუმრები, განსაკუთრებით მოეწონათ ჯგუფური მუშაობა — დავალება ასეთი იყო: წიგნის სარჩევიდან ბავშვებს უნდა ამოეკრიბათ ქართული და უცხოური ზღაპრები და მოთხრობები, შემდეგ ცხრილში შეეტანათ და პიქტოგრამები შეედგინათ. თითოეულმა მოსწავლემ კარგად გაართვა თავი დავალებას.
ჩვენმა კოლეგებმა, ტრენერებმა დადებითად შეაფასეს ჩატარებული გაკვეთილი. თუმცა, ამით ჩვენი მუშაობა არ დასრულებულა, ტრენინგები გაგრძელდება, ხოლო აპრილში ბავშვებს ტესტირებები ჩაუტარდებათ, არასაპილოტე სკოლების მოსწავლეთა ტესტირების შედეგებთან შესადარებლად“.
რუსუდან ხობუა, VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „G-PriEd-ის პროექტმა ბევრი საინტერესო აქტივობა გამოგვაყენებინა, ამ მეთოდების შესახებ, დაახლოებით, ჩვენც ვიცოდით და ზოგიერთს ვიყენებდით, მაგრამ იყო ჩვენთვის უცნობი მეთოდებიც. აქტივობები საინტერესოა როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური მხრით. ძალიან კარგად იმუშავა სქემებმა, ბავშვებს უყვართ სქემების შევსება, რაც ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში ეხმარებათ. გარდა ამისა, ამ პროექტის აქტივობები ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. პერიოდულად ტარდებოდა დიაგნოსტიკური ტესტირებები — საინფორმაციო, მხატვრული და ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელი. საერთო ჯამში, პროექტმა მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სახალისოც გახადა და უფრო იოლად აღსაქმელიც. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში, გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსიმ, ტრენერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლების მუშაობა დადებითად შეაფასეს. შემიძლია გითხრათ, რომ პროექტმა მიზანს მიაღწია“.
შორენა ბიბიჩაძე, მშობელი: „ჩვენი სკოლა წარმატებულად ახორციელებს ამ პროექტს და მშობლებიც აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა სახის აქტივობებსა თუ ღონისძიებებში. ძალიან მომწონს „კითხვის კლუბი“, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. სასიამოვნო პროცესია, როცა მასწავლებლებთან ერთად, ჩვენც ვმონაწილეობთ ბავშვების უნარების განვითარებაში როგორც კითხვის, ისე მათემატიკის, ასევე, წერა-კითხვის შესწავლაში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ამ პროექტის წარმმართველებს და მხარდამჭერებს.“
„ეს სკოლა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელმძღვანელმა შექმნას სწავლაზე და წარმატებაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო, სადაც დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის თითოეული თანამშრომელი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული. მიხარია, რომ G-PriEd ამ სკოლაში ყველგან და ყველაფერში იგრძნობა“ — ამბობს G-PriEd)-ის დირექტორი ქეთი ჩაჩხიანი.
|