გამოდის 1998 წლიდან
2010-06-17
”კაცსა ფიცნი გამოსცდიან”

საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ერთადერთხელ იყო საუკეთესო. მაშინ კაცი კაცობდა, ქალი ქალობდა და ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა. მაღალი იყო ზნეობა და მორალი, იყვნენ ბრწყინვალე რაინდები და მშვენიერი ქალბატონები. მათი სიტყვა, აზრი და საქმე ერთი იყო. ყოველივე ეს `ვეფხისტყაოსანში~, XII საუკუნის ქმნილებაში, აისახა. ნაწარმოებში უამრავი საინტერესო რამაა გადმოცემული, ჩემი ყურადღება კი ფიცმა მიიქცია.
`ვეფხისტყაოსანში~ ხშირად გვხვდება დაფიცება. ამ პოემაში ფიცს საკუთარი სიმართლის, სიტყვების და ქმედებების დასამტკიცებლად იყენებენ. მაგრამ რა არის ზოგადად ფიცი და რა მნიშვნელობა აქვს მას ამ პოემაში?
ფიცი არის ღვთის წინაშე დამტკიცება სიტყვისა, რომელსაც კაცი წარმოთქვამს. დაფიცებით კაცი ადასტურებს ღმერთის წინაშე, რომ ის მართალია და დაპირებულს შეასრულებს. ღმერთზე დაფიცება, რომელიც ხშირად გვხვდება `ვეფხისტყაოსანში~, გულისხმობს რომ ღმერთი არის ამ თქმის გამგონე და თანამოწმე და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში კაცი პასუხს აგებს ღვთის წინაშეც. სწორედ ამიტომ არის ტყუილი ცოდვა. ანუ ფიცი წმინდა სიტყვაა, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით წარმოითქმება. მის გამტეხს სასჯელი მოელის ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რელიგიაზე ვსაუბრობთ - ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროშიც ფიცი წმინდაა და მისი გატეხა ცოდვაა.
`ვეფხისტყაოსანში~ ფიცის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ის ხშირად დავის საგანიცაა მეცნიერებს შორის. პოემაში ჩვენ არ ვხვდებით სისხლით დაფიცებას, ანუ თითიდან სისხლის გამოშვებით ფიცს. მასში ყველგან გამოყენებულია ფიცის უფრო ცივილური და ჰუმანური ფორმა - სიტყვით დაფიცება. `ვეფხისტყაოსანში~ ფიცი მრავალი სახისაა, თუმცა მათ შორის გამოვყოფთ რელიგიურ ფიცს, რომელიც გულისხმობს ღმერთზე, ცაზე, მზეზე, მიწაზე, სულზე დაფიცებას. ასევე გვხვდება საღმრთო წიგნზე დაფიცება. როდესაც საღმრთო წიგნზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ მაჰმადიანთა რელიგიურ წიგნს - `ყურანს~. `ვეფხისტყაოსნის~ გმირები სხვა ჩვეულებრივ საგნებზე და მოვლენებზეც იფიცებენ. მეცნიერი ვიქტორ ნოზაძე თავის ნაშრომში `ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება~ აღნიშნავს: `ვეფხისტყაოსანში გვაქვს ფიცის საგნობრივი ერთი წესი: ესაა დაფიცება წმინდა წიგნზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ფიცი პოემაში ხდება სიტყვიერად, მხოლოდ საფიცარის ხსენებით. უმთავრესია, რასაკვირველია ფიცი ღმერთზე და ცაზე~.
ვაზირთან საუბარში არაბეთის სპასპეტი ამბობს: `კაცსა ფიცნი გამოსცდიან~. ანუ კაცის კაცობა იზომება, თუ რამდენად შეუძლია მას იყოს სიტყვის პატრონი, ფიცის ერთგული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, `ვეფხისტყაოსანში~ გვხვდება რელიგიური ფიცი და ფიცი ჩვეულებრივ საგნებზე. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ნესტანი ტარიელს თავის სიყვარულს ფიცით უდასტურებს: `გეცრუო ღმერთმან მიწა მქნას...~ ანუ ის ღმერთზე იფიცებს. ღმერთზე დაფიცების კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც ავთანდილი ტარიელს ეუბნება: `ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს...~
პოემაში ფიცი ცაზე იგივეა, რაც ფიცი ღმერთზე, ამიტომ როდესაც ტარიელი ნესტანს ეფიცება `ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩათვის ნუ შუქნია~ - ის ღმერთზე იფიცებს.
სჯულზე ფიცი, რომელიც დღეს გავრცელებულია და `ვეფხისტყაოსნის~ ფიცთან შედარებით ზნეობრივი შინაარსი გამოცლილი აქვს, მეკობრეების ეპიზოდში გვხვდება. დამარცხებული მეკობრეები ავთანდილს სჯულს აფიცებენ: `ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა~.
ფიცი თავზე დღესაც გავრცელებულია და ის `ვეფხისტყაოსანშიც~ ბევრ ადგილას გვხვდება, მაგალითად: გაჯავრებული ინდოეთის მეფე ფარსადანი თავის დას ემუქრება და თავის თავს იფიცებს: `აწ თავსა ჩემმან, მას მოვკლავ...~ ასევე განრისხებული როსტევან მეფე ვაზირს ემუქრება: `თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი~.
პოემაში უმაღლესი პატივისა და სიყვარულის გამოხატვაა სიკვდილზე ფიცი. ნესტანი ავთანდილს ეუბნება: `შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე~.
`ვეფხისტყაოსანში~, ასევე, გვხვდება აღმოსავლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიცის ფორმა - წვერზე დაფიცება. კაცი საკუთარ წვერზე იფიცებდა და მასზე ხელს იკიდებდა. ასეთი ფიცი დადო ჭაშნაგირმა, როდესაც ფატმანს დაემუქრა: `დავშალო, წვერთა ფუ მიყავ...~; `ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა~.
პოემაში გვხვდება დღეს ფართოდ გავრცელებული ფიცი ძმობაზე. ავთანდილი ვაჭრებს აფიცებს: `თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა~.
ესაა მცირეოდენი ჩამონათვალი ფიცის სახეობებისა, რომლებიც გვხვდება პოემაში.
ფიცი არის მტკიცე და მისი გატეხა ცოდვაა. პოემაში მიცემული ფიცი ორად-ორჯერ დაირღვა. პირველად ის რამაზ მეფემ დაარღვია: ხატაეთის დასალაშქრად მიმავალ ტარიელს რამაზ მეფის მოციქულმა უთრა:
`ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
მოურბევლად მოგახსენებთ თავნი, შვილნი, საქონელი~.
სიტყვა ზენაარი დღესაც დისკუსიის საგანია. ვიქტორ ნოზაძის ცნობით, ის სპარსულიდან 2 მნიშვნელობით ითარგმნება: 1. შეწყალება, შებრალება; 2. აღქმა, ფიცი. ხოლო ეს ტაეპი შეიძლება ასე განვმარტოთ: შეგვიწყალე და ჩვენი ფიცი მიიღე, დამორჩილების ნიშნად ყელს წნელი გვაბიაო. მოგვიანებით რამაზ მეფე ფიცს გატეხს და ტარიელს მუხანათურად დაესხმება თავს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ფიცის დამრღვევი ისჯება ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც. როგორც ვიცით, მუხთლობის მიუხედავად, იგი დამარცხდა და მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი დაკარგა (ძალაუფლება, ქონება, ტიტული).
მეორედ უსენმა ფარსადანის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია. თუ რამაზ მეფის შემთხვევაში მისი საქციელი ცოტათი მაინც შეიძლება გავამართლოთ და სამხედრო გადაწყვეტილებად ჩავუთვალოთ, უსენს გამამართლებელი არაფერი აქვს.
სანამ ფატმანი ნესტანის შესახებ რამეს მოუყვებოდა, მან უსენი დააფიცა, რომ საიდუმლო არ გაეცა. უსენი ამბობს:
`ფიცი ფიცია საშინელი: `თავიცაო კლდეთა ვიცე~.
ანუ უსენმა ფატმანს საკუთარი სიცოცხლე შეჰფიცა - თუ გაგცე თავი მოვიკლაო. ფატმანიც დარწმუნებულია თავის ქმარში და ამბობს კიდეც:
`სულსა ვერ წასწყმეტს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა~.
`დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსა ნი, რა მექანი!~
ამბობს ქმარზე გაბრაზებული ფატმანი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. უსენს საკუთარი სიცოცხლე აქვს დაფიცებული, მან კი ფიცი დაივიწყა და გატეხა ის. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფიცის გამტეხი დაისჯება, რომ არაფერი ვთქვათ იმ შედეგზე, რომელიც მის უგუნურებას მოჰყვება. ფატმანი ამბობს:
`გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა~,
შემდეგ უსენს კვლავ კიცხავს:
`უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა~,
ეს არის ის ორად-ორი ეპიზოდი, რომელშიც მიცემული ფიცი დაირღვა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნესტანი ტარიელს ფიცის გატეხაში ადანაშაულებს, მაგრამ ტარიელი თავის სიმართლეს ადვილად ამტკიცებს და ყურანზეც იფიცებს, მისი ფიცი კი სანდო და ეჭვგარეშეა.
არაბეთის სპასპეტი, სიტყვის კაცი, უამრავ შინაგან ტკივილს და გარეგან წინააღმდეგობას გადაიტანს, რათა მოყვრისადმი მიცემული ფიცი შეასრულოს და ჩავიდეს ტარიელთან. მას მოუწია გამზრდელი მეფის, სატრფოს, ჯარის, არაბეთის, ქვეშევრდომების, მშვიდი ცხოვრებისა და ფუფუნების დატოვება. ხოლო გამოქვაბულში მისულ ავთანდილს ტარიელი იქ, უბრალოდ, არ დახვდა. არაბეთის სპასპეტი გაოგნებულია არა მეგობრის უმადურობით, არამედ: `იგი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა~ - ამბობს გაოგნებული ავთანდილი. ამ ფრაგმენტიდან ჩანს, რამდენად მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ფიცი მთლიანად პოემაში. მაგრამ, როგორც ვიცით, ტარიელმა კვლავ დაამტკიცა თავისი სიმართლე.
ყველა სხვა შემთხვევაში მიცემული სიტყვა, ანუ ფიცი ეჭვგარეშე იყო. `ვეფხისტყაოსნის~ გმირების მიერ მიცემული ფიცი განიხილებოდა, როგორც ერთგვარი აქსიომა, მის სისწორეში ეჭვი არავის შეჰქონდა. მათი ფიცი სანდო იყო. მაგრამ, რატომ არ ცრუობენ `ვეფხისტყაოსნის~ გმირები? მათ ხომ შეუძლიათ დაიფიცონ, მოიტყუონ და, შესაბამისად, სიტუაცია საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენონ? მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ `ვეფხისტყაოსანში~ ალეგორიულად ვსაუბრობთ საქართველოს იმ ეპოქაზე, როდესაც ზნეობა, მორალი და სამართალი ოქროზე მეტად ფასობდა. ჩვენ, ასევე ვიცით, რომ ტყუილი და ფიცის გატეხა ცოდვაა. ავთანდილი თავის ანდერძში პლატონის სიტყვებს იშველიებს:
`სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა.~
პლატონი ამით გვეუბნება, რომ სიცრუე და, შესაბამისად, ფიცის გატეხაც ჯერ ხორცს ავნებს და შემდეგ სულს - `ავნებს ხორცსა მერმე სულსა~. ჩვენ შეგვიძლია ასეც გავიგოთ: ფიცის გატეხა გამოიწვევს ამქვეყნიურ, ანუ ხორცის და იმქვეყნიურ ანუ სულის ტანჯვას. როგორც ავთანდილი აღნიშნავს, სიცრუე `ყოვლისა უბედობის~ თავია. ანუ ავთანდილს სიცრუე უღირსობად, მორალურ ნაკლოვანებად მიაჩნია. შემდეგ ანდერძშივე ვკითხულობთ:
`ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!~ - ავთანდილი ამბობს, რომ ის გმობს და არ მოსწონს სირცხვილიანი, ღალატის ჩამდენი, სირცხვილნაჭამი და მატყუარა ადამიანები. ხოლო ის, ვისაც ეს ყოველივე არ მოსწონს, ტყუილს და ფიცის გატეხასაც არ იკადრებს! ამით ავთანდილი (რუსთაველი) გამოხატავს `ვეფხისტყაოსნის~ გმირთა აზროვნებას, იდეალებს, ქცევის მიზეზებს და ნათლად გვიხსნის, რატომ არ კადრულობენ ეს გმირები ტყუილს, ფიცის გატეხას და სიცრუეს.
XII საუკუნემ, ანუ ეპოქამ, რომელზეც პოემაშია საუბარი, შექმნა არა მარტო პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების ზეობის ხანა, არამედ უმაღლეს დონეზე აიყვანა ყველა ის მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები, რომლებიც კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, ყველა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი იყო. `ვეფხისტყაოსნის~ ადამიანი მაღალი ზნეობის მატარებული პიროვნებაა, რომლის აზრი, სიტყვა და საქმე ერთია, ანუ კაცი რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და რასაც ამბობს, იმას აკეთებს. ანდერძში ავთანდილი ამბობს:
`არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა~.
ადამიანის, პიროვნების აზრის, სიტყვისა და საქმის ერთობის გამოხატულებაა ფიცი და მასთან დამოკიდებულება.
ამრიგად, `ვეფხისტყაოსანში~ ჩვენ ვხედავთ, რომ ფიცი იგივეა, რაც შესრულებული საქმე და სიმართლე. პერსონაჟები საკუთარ სიმართლეს, ნდობას, ერთგულებასა თუ სიყვარულს საკუთარი ფიცით ადასტურებენ. მათი სიტყვა კი ყოველთვის სანდოა. სამწუხაროდ, დღეს ფიცმა სახე იცვალა და საკუთარი სანდოობაც და ფასიც დაკარგა. ყოველი მეორე ფიცი ლაპარაკზე ფუჭად დახარჯული ენერგიაა, რადგან ის არ არის სანდო და ჭეშმარიტების დამამტკიცებელი. დღევანდელ საქართველოში ფიცი, გარკვეულწილად, ჩაანაცვლა `შეგინება-დაგინებამ~, რომელიც ისეთივე უსარგებლოა, როგორიც უსენის ფიცი.
თუ `ვეფხისტყაოსანში~ ღმერთზე და საღმრთო წიგნზე დაფიცება ყველაზე გავრცელებული და სანდოა, დღეს ვამბობთ, რომ ღმერთზე დაფიცება არ შეიძლება და ეს ცოდვაა. ჩემი აზრით, ეს ფიცის გაუფასურებას და მნიშვნელობის დაკარგვას უკავშირდება. ფიცი აღარ არის სიმართლისა და ჭეშმარიტების დასტური. ადამიანმა თავად გააუფასურა და აღარ შეასრულა ღმერთზე დანაფიცები და სწორედ ამიტომ გახდა ყოველ მეორე საკითხზე ღმერთის დაფიცება ცოდვა. რადგან თუ დღევანდელი გაგებით ვიხელმძღვანელებთ, ანუ ღმერთზე ფიცს ცოდვად ჩავთვლით, მაშინ `ვეფხისტყაოსანი~ `ცოდვის კონა~ გამოდის და არა ერის უდიდესი მონაპოვარი!
მაშინ კი, XII საუკუნეში, კაციც კაცობდა, ფიციც ფიცობდა და ქვეყანაც დიდებული იყო. ჩვენ, ქართველები, ერთხელ ვიყავით ასეთები, ერთხელ, ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.
ავთანდილკობალაძე
თბილისის 21-საჯაროსკოლის X კლასისმოსწავლე
ხელმძღვანელირუსუდანმეგრელიშვილი

27(861)N