გამოდის 1998 წლიდან
2010-06-17
სსიპ - საჯარო სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტები


(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)
პატივცემულო მკითხველო, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საინტერესო და პრობლემური საკითხების გაშუქებას. ამჯერად შევეხებით საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა (დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის საკითხებს.
• უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რომ დირექტორის სამართლებრივი აქტებია: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2. შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები.
• პრაქტიკა ადასტურებს, რომ დირექტორების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ძირითადად, ბრძანების სახელს ატარებენ.
• იმისათვის, რათა სრულყოფილად გავიაზროთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სტატუსი, უნდა განვსაზღვროთ მისი ცნება, რომელიც შემდეგია: 1. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს; 2. გადაწყვეტილება საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
გარდა ამისა, არსებობს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცენბა - აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანუ აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
• ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოება კი არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების მიზნით.
• მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციული წარმოების რამოდენიმე სახეობას ითვალისწინებს და ამ სახეობებიდან, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, საჯარო სკოლების მიერ გამოყენებადი, ძირითადად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს - თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
• ახლა კი უშუალოდ აქტის გამოცემის საკითხებზე გადავიდეთ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ აქტის ზეპირად გამოცემის შემთხვევაში, ის ყველა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს და არსებობდეს ზეპირი ფორმით. კერძოდ, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიღებიდან 3 დღის ვადაში, უნდა გამოიცეს წერილობით, თუ: 1. ეს გათვალისწინებულია კანონით; 2. აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; 3. გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
• ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გააჩნია ფორმა, რომელიც დაცული უნდა იყოს და როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ხშირ შემთხვევებში საჯარო სკოლებში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს - აქტის სახეს; გამომცემ ორგანოს (მითითებული უნდა იქნეს, რომ აქტი სკოლის დირექტორის აქტია); სათაურს (რომელიც შეესაბამება მის შინაარსს); უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას (აქ მნიშვნელოვანია ის გარემობა, რომ კანონმდებლობა აქტზე დაწესებულების ბეჭდის არსებობის მოთხოვნას არ აყენებს, თუმცა მისი სანდოობიდან გამომდინარე, ბეჭდის არსებობა სარეკომენდაციოა); გამოცემის დროსა და ადგილს; აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის ცალკე წესი, ისინი უნდა დაინომრონ კალენდარული წლის მიხედვით, მათემატიკური ზრდადობის პრინციპით).
• პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა დირექტორის ბრძანებები ინომრება წლების განმავლობაში უწყვეტად ან მათთვის ნუმერაციის მინიჭების წესის არარსებობის პირობებში, ხდება აქტების ნუმერაცია მათზე არა მხოლოდ რიცხვის, არამედ რიცხვისა და ალფაბეტის რომელიმე ასობგერის დამატებით ან წილადის გამოყენებით, რაც არასწორია, ვინაიდან ქმნის ძველი რიცხვით ბრძანების გამოცემის (ჩამატების) შესაძლებლობას. შესაბამისად, ზემდგომ მაკონტროლებელ ორგანოს უქმნის საფუძვლიანი ეჭვის საბაბს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
• ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჯარო სკოლებში, ამ მხრივ დარღვევების დაფიქსირების საფუძველია, არის ის გარემოება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ანუ აქტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ის მიზეზი, რის გამოც გამოიცემა იგი, იმ საფუძვლების მითითებით, რომლებზე დაყრდნობითაც აუცილებელი გახდა მისი გამოცემა. შესაბამისად, ეს გამართლებული, ანუ საფუძველდებული უნდა იქნეს კანონის ან მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტის ნორმებით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კანონმდებლობა ითხოვს, რომ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
• გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში, წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.
• აქტის დასაბუთებისას საჯარო სკოლის დირექტორმა უნდა გაითვალიწინოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ანუ მის გამოცემამდე გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა გარემოება, რომელიც ეხება იმ საკითხს, რაც აქტის გამოცემას ედება საფუძვლად.
• გასათვალისწინებელია, რომ თუ აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.
• ასევე არსებობს შემთხვევა, როდესაც დაწესებულებას საკითხის გამოკვლევის შემდგომ გააჩნია გადაწყვეტილების რამდენიმე სახეობა, რომლიდანაც ერთ-ერთი უნდა იარჩიოს. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორი? კანონმდებლობამ ეს შემთხვევაც დაარეგულირა და განსაზღვრა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემისას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
• არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ საჭიროებს დასაბუთებას. აქტი დასაბუთებას არ საჭიროებს, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.
• მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის საკითხი, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში საჯარო სკოლაში გამოცემული აქტების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცემა და რჩება ადმინისტრაციის განკარგულებაში ისე, რომ მათ შინაარსს არ იცნობენ დაინტერესებული პირები (შესაბამისად, ისინი ძალაში შესულიც კი არაა). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის: ა) გამოქვეყნების დღეს ან ბ) მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
• თუ ინდივიდუალური აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით; აქტი უნდა გამოქვეყნდეს გამომცემის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში (თუ გამომცემს გააჩნია ასეთი ბეჭდვითი ორგანო/გაზეთი). თუ ასეთი ორგანო გამომცემს არ აქვს, აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც ან გამოცხადდეს საჯაროდ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საჯაროდ გამოცხადება ყველაზე კარგი საშუალებაა.
საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში, აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.
• თუმცა ეს ყველაფერი კანონიერ სახეს იღებს მაშინ, როდესაც შექმნილია აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი.
• რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მეორე გზას - დაინტერესებული პირისათვის მის პირადად გაცნობას. დაინტერესებული მხარისათვის აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ორივე ღონისძიება უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს აქტი არ მიუღია.
• ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ხშირია შეცდომები, რომლებიც სამწუხაროდ საჯარო სკოლებში, უმეტეს შემთხვევაში, სწორდება მარტივი წესით (ბრძანების გადახაზვით, მასზე წარწერის გაკეთებით - `გაუქმებულია~), რაც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
• იგივე ეხება იმ ბრძანებებს, რომლებიც მისმა გამომცემმა კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია ან მათ არსებობას საჭიროდ აღარ თვლის. განვიხილოთ შემთხვევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში დაწესებულება:
შეცდომა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შეცდომა არის - ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა. შესაბამისად, აქტის გამომცემმა უნდა შეიტანოს აქტში ცვლილება და ეს უნდა გაკეთდეს იმავე წესით, როგორც გამოცემულია თავად ეს შეცდომის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მარტივი ენით რომ ვთქვათ, უნდა დაიწეროს მეორე ბრძანება, რომლის მიზანი იქნება შეცდომის მქონე აქტში ცვლილების შეტანა - შეცდომის გასწორება. აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
• შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის ზემოაღნიშნული წესით.
• კანონმდებლობა ითვალიწინებს არარა აქტის ცნებას და ასეთად მიიჩნევს აქტს თუ: 1. შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; 2. გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; 3. მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; 4. მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აქვე გასათვალიწინებელია, რომ არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება გასაჩივრების ვადები. აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. არის თუ არა ეს გარემოებები საჯარო სკოლისათვის მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა არის, შემდეგი გარემოებების გამო - მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ სკოლიდან დისციპლინური დარღვევების გამო მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სკოლის დირექტორი დამატებით გამოსცემს ბრძანებას ამავე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ვხვდებით, რომ ჯერ ერთი სკოლის დირექტორი არ არის უფლებამოსილი სკოლიდან დისციპლინური დარღვევის გამო გარიცხოს მოსწავლე (შესაბამისად, მისი ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ), ხოლო მეორე მხრივ, სკოლის დირექტორის ბრძანება ვერ აღსრულდება, ვინაიდან ამ ბრძანებით გათვალისიწინებული ღონისძიება უკვე აღსრულებულია დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, დირექტორის ბრძანების შესრულება, მიუხედავად იმისა, მართებულია თუ არა დირექტორის გადაწყვეტილება, ვერ შესრულდება ფაქტობრივი გარემოებების გამო.
• იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა საჭიროებას მოკლებულია, ან იგი შეეწინააღმდეგა მოქმედ კანონმდებლობას, მის გამომცემს შეუძლია მიმართოს მისი გაუქმების ორ გზას - ძალადაკარგულად გამოცხადებასა და ბათილად ცნობას.
• ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.
• რაც შეეხევა აქტის ბათილობას, აქტი ბათილია, თუ იგი: 1. ეწინააღმდეგება კანონს ან 2. არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტს ბათილად ცნობს: 1. გამომცემი; 2. საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ბათილად ცნობასთან ერთად განისაზღვრება აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. აქტის ბათილად ცნობა ხდება მისი მიღებისათვის დადგენილი წესით.
შესაძლებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის შინაარსში ცვლილების ან დამატების შეტანა, რისი უფლებაც მის გამომცემ ორგანოს ან პირს აქვს. აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

27(861)N