2014-09-18 „ხილულს მიღმა“ UNICEF-ის ახალი გლობალური მონაცემები ბავშვის მიმართ ძალადობის მკვეთრ ზრდას ასახავს ლალი ჯელაძე
ბავშვის მიმართ ძალადობის ამსახველი მონაცემების ყველაზე სრულყოფილი კრებული, რომელიც 2014 წლის 4 სექტემბერს ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ბავშვის მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობის გასაოცარ ხარისხს ასახავს და გამოავლენს დამოკიდებულებას, რომელიც უკვდავყოფს და ამართლებს ძალადობას, რაც ნებისმიერ ქვეყანაში და მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში „ხილულს მიღმა“ რჩება. მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვების 60% ფიზიკურად ისჯება; 190 ქვეყნის მონაცემების მიხედვით, ბავშვთა მიმართ ძალადობა უნივერსალურია და მას ყველგან შეხვდებით. არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიულ, ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და სოციოეკონომიკურ საზღვრებს. მშობლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი დისციპლინა ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით, 10-დან 6 ბავშვი ფიზიკურად ისჯება, 15-დან 19 წლამდე მოზარდი გოგონების თითქმის მეოთხედს კი განუცდია ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ, რაც 15 წლის გახდა. „ეს არის არაკომფორტული ფაქტები — არც ერთ მთავრობას და მშობელს არ აქვს ამის დანახვის სურვილი, — განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა, — მაგრამ სანამ ჩვენ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას — თითოეული შემაძრწუნებელი სტატისტიკა წარმოადგენს ბავშვის ცხოვრებას, რომლის უსაფრთხო, დაცული ბავშვობის უფლება შეილახა — ვერასდროს შევცვლით მოსაზრებას, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა ჩვეულებრივი და დასაშვებია. არა, ეს ასე არ არის.“ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში — „ხილულს მიღმა“ 190 ქვეყნის მონაცემებს ეფუძნება და ძალადობის დოკუმენტირებას ახდენს იმ ადგილებში, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს: საზოგადოება, სკოლა, სახლი. მასში აღწერილია ძალადობის განგრძობადი, თაობიდან თაობაზე გადამცემი ეფექტი. ანგარიში ადგენს, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან იყვნენ უმუშევრები, იცხოვრონ სიღარიბეში და თავად გახდნენ მოძალადეები სხვების მიმართ. ავტორები აღნიშნავენ, რომ მონაცემები მოპოვებულია მხოლოდ ინდივიდუალურად, იმ პირებისგან, რომლებმაც გამოხატეს სურვილი და შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში და ამიტომ მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებს წარმოადგენს.
ძირითადი მიგნებები მოიცავს: სქესობრივი ძალადობა — მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 20 წლამდე ასაკის 120 მილიონ გოგონაზე მეტს (დაახლოებით, ყოველი მეათე), საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი იძულებითი სქესობრივი კავშირი ან სხვა სახის სქესობრივი აქტი და ყოველი მესამე გათხოვილი, 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში (84 მილიონი), ყოფილა ემოციური, ფიზიკური და სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი, რომელიც განხორციელდა მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან. პარტნიორის მიერ განხორციელებული ძალადობა 70%-ით ან მეტით უფრო მაღალია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ეკვატორულ გვინეაში. უგანდას, ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში ეს მაჩვენებელი აღწევს ან აღემატება 50%-ს. შვეიცარიაში, 2009 წელს ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გოგონებსა და ბიჭებში, 22% და 8%, შესაბამისად, ერთხელ მაინც ყოფილა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ კონტაქტს. სქესობრივი ძალადობის ყველაზე ხშირად გამოვლენილი ფორმა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის იყო კიბერ-ვიქტიმიზაცია.
მკვლელობა — მკვლელობის მსხვერპლთა ერთი მეხუთედი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არიან ბავშვები და 20 წლამდე ახალგაზრდები. 2012 წელს დაფიქსირდა, დაახლოებით, 95 000 სიკვდილის შემთხვევა. მკვლელობა წარმოადგენს მამაკაცის სიკვდილის წამყვან მიზეზს, 10-დან 19 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: პანამა, ვენესუელა, ელ სალვადორი, ტრინიდადი და ტობაგო, ბრაზილია, გვატემალა და კოლუმბია. ნიგერიაში ფიქსირდება ბავშვის მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 13 000. დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
დაშინება — მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან ერთი სტუდენტი, 13-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სკოლაში დაშინების რეგულარული მსხვერპლია. სამოაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 3-ს ყოველ 4 სტუდენტში. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სტუდენტების დაახლოებით მესამედი, 11-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აღიარებს სხვების დაშინებას, ლატვიასა და რუმინეთში კი ეს მაჩვენებელი 10-დან 6 მოსწავლეს შეადგენს.
ძალადობრივი დისციპლინა — 58 ქვეყანაში ბავშვების დაახლოებით 17%-ია მკაცრი ფიზიკური სასჯელის ობიექტი (თავში, ყურში ან სახეში დარტყმა; მძიმედ და განმეორებით დარტყმა). 2-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების 40%-ზე მეტი ყოფილა მკაცრი ფიზიკური დასჯის ობიექტი ჩადში, ეგვიპტესა და იემენში. ზოგადად, 10-დან 3 სრულწლოვანი პირი ფიქრობს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის კარგად აღზრდისთვის. სვაზილენდში 82% აღნიშნავს, რომ ფიზიკური დასჯა აუცილებელია.
დამოკიდებულება ძალადობის მიმართ — 15-დან 19 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გოგონების დაახლოებით ნახევარს (საშუალოდ 126 მილიონი) სწამს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია გარკვეულ გარემოებებში. პროპორცია იზრდება 80%-მდე და კიდევ უფრო მეტად ავღანეთის, გვინეის, იორდანიის, მალის და აღმოსავლეთ ტიმორის შემთხვევაში. 60-დან 28 ქვეყანაში, სადაც მონაცემები ორივე სქესთან მიმართებით არსებობს, გოგონების უმეტესობა ფიქრობს, რომ ცოლის ცემა ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია. კამბოჯაში, მონღოლეთში, პაკისტანში, რუანდასა და სენეგალში გოგონების ორჯერ მეტი რაოდენობა, ბიჭებთან შედარებით, ფიქრობს, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის ხელის დარტყმა, ზოგიერთ შემთხვევაში, გამართლებულია. 30 ქვეყნის მონაცემები ადგენს, რომ 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, დაახლოებით, ყოველი 10-დან 7 გოგონას, რომლებიც ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, არასდროს უცდია დახმარების მიღება: ეს ქმედება არ მიუჩნევია ძალადობად და პრობლემად. გაეროს ბავშვთა ფონდი მიუთითებს ექვს სტრატეგიაზე, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას მთლიანად — როგორც ოჯახებს, ისე ხელისუფლებას — მოახდინოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია და შეამციროს ის. ეს მოიცავს: მშობლების დახმარებას და ბავშვების ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვას; საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას; სასამართლო, სისხლის სამართლებრივი და სოციალური სისტემის და მომსახურების გაძლიერებას; ძალადობის და მისი სოციალურ-ეკონომიკური ღირებულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას იმისათვის, რომ შეიცვალოს ნორმები და დამოკიდებულებები. „ბავშვის მიმართ ძალადობა ყოველდღე და ყველგან გვხვდება. ეს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს ბავშვებს ინდივიდუალურად, ასევე ანადგურებს საზოგადოებას — არყევს სტაბილურობას და პროგრესს. მაგრამ ბავშვის მიმართ ძალადობა არ არის გარდაუვალი. მისი პრევენცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით ძალადობის დამალვაზე, — აღნიშნავს ლეიქი, — ამ ანგარიშში წარმოდგენილი მტკიცებულება გვაიძულებს მოქმედებას როგორც ბავშვების კეთილდღეობისათვის, ისე მომავალში მთელ მსოფლიოში საზოგადოების სიძლიერისთვის“.
დაასრულე ძალადობა — ინიციატივა ბავშვის მიმართ ძალადობის დასასრულებლად კოლექტიური მოქმედება — გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), 2013 წლის 31 ივლისს, იმ ფაქტის აღნიშვნით დაიწყო, რომ ძალადობა ყველგან არის, მაგრამ ის ხშირად ჩვენი მხედველობის მიღმა ხდება ან ადამიანები ძალადობას იტანენ სოციალური და კულტურული ნორმების გამო. სლოგანით „გახადე დაფარული აშკარა“, ინიციატივის მიზანია, გაზარდოს, პირველ ეტაპზე, ცნობიერება და მოხდეს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის და პოლიტიკის მოდიფიცირება. ინიციატივა ასევე მხარს უჭერს მცდელობებს ნათელი გახადოს, თუ რა მუშაობს და ამით ხაზი გაუსვას მოსაზრებას, რომ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია საზოგადოების ნებისმიერ დონეზე განხორციელებული წარმატებული მცდელობების, და მოქმედებების გზით. მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, დაახლოებით 70 ქვეყანა შეუერთდა კამპანიას „დაასრულე ძალადობა“, რათა მოხდეს ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის იდენტიფიცირება, აღრიცხვა და ანგარიშგება.
|