გამოდის 1998 წლიდან
2010-06-17
”დაწყევლილი თაობის” ფოტოქრონიკა

ქართველი ფოლკლორისტები, მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ზეპირისტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, სასულიერო პირები - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა ცხოვრების ამსახეველი ფოტოქრონიკა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოფინა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ ნიშნულში გააერთიანა საბჭოთა რეჟიმმა - სამშობლოს მოღალატეებად შერაცხულნი რეპრესიებს ემსხვერპლნენ სხვადასხვა სახით. დამთვალიერებელმა ნახა საბჭოთა სახელმწიფოში მოწყობილი არაადამიანური რბევის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, ნაკვალევი, რომელმაც მართლაც უმძიმესი   შედეგები დატოვა. `საბჭოთა რეპერსიები და ქართული ფოლკლორი~ - გამოფენის იდეა ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის დირექტორს გიორგი უშიკიშვილს ეკუთვნის: `პირველი შემთხვევაა, როცა ერთად შეიკრიბა ამ დარგში მოღვაწე რეპრესირებული ხალხის დოკუმენტური და ფოტომასალა. აქ არის წარმოდგენილი ის ხალხი, რომლებიც მუშაობდნენ ქართული სიტყვის, ქართული გალობის, ქართული ქორეოგრაფიის და ქართული სიმღერის გადარჩენისა და ჩვენამდე მოტანისთვის, მათი დევნის მიზეზიც ხომ ეს იყო. იყო შემთხვევები, როცა ისინი ჰიტლერის ტყვეობას დაუსხლტნენ ხელიდან, მაგრამ რუსების დახვრეტას ვეღარ გადაურჩნენ. ეს იყო სისასტიკით განხორციელებული რბევა ქართული ინტელიგენციისა და, ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი ფონისა (გადასახლება, დახვრეტის სერია), მათ მაინც შეძლეს და გადაარჩინეს ქართული სიმღერის, გალობის და სიტყვიერების უნიკალური, ბრწყინვალე ნიმუშები. სიამაყით შემიძლია ჩამოგითვალოთ ასეთი ადამიანების გვარები: ვახტანგ კოტეტიშვილი, დათაშკა და სანდრო კავსაძეები, მიხა ხელაშვილი, მარო თარხნიშვილის მეუღლე, ძმები კარბელაშვილები და ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ემსხვერპლა საბჭოთა რეჟიმს. და კიდევ, ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გვინდა ახალმა თაობამ გაიგოს მათ შესახებ, ანუ პროექტმა საგანმანათლებლო დატვირთვაც მიიღო, გამოფენას ძალიან ბევრი მოსწავლე და ახალგაზრდა ეწვია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ ტურები სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებისთვის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხომ მათთვის - ახალგაზრდებისთვის კეთდება, რათა უკეთ გაიცნონ ჩვენი ტკივილიანი წარსული.~
გამოფენაზე ექსპონირებული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში თავმოყრილი და რეპრესირებულთა ოჯახებიდან მოძიებული უნიკალური ფოტოდოკუმენტური მასალის დათვალიერება ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად ემოციური - რეპრესირებულთა შთამომავალთათვის, ისინი დღესაც ისეთივე სიმძაფრით აღიქვამენ წარსულს, როგორც იმ ავბედით წლებში მათი მშობლები ან ახლობლები. მანანა ხიდაშელი იგონებს დედის დაპატიმრების წუთებს, გაუნელებელი ტკივილით გადმოგვცემს მცირეწლოვანი გოგონას განცდებს - `დედა წაიყვანეს~... კარბელაშვილების , ე. წ. `სამშობლოს მოღალატეთა~ პატარა შთამომალი კი აცხადებს, რომ ის ამაყობს თავის წინაპრებით... 
`ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ უზარმაზარი მასალისა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც შეეწირნენ არაადამიანურ რეპრესიებს~ - გვიამბობს ამირანარაბული. მწერალი როსტომჩხეიძე კი ამ გამოფენას უსადაგებს ჩვენს რეალობაში გაუფასურებულ ეპითეტებს `ბრწყინვალეს და შესანიშნავს~ - `ადვილად ამბობენ: დიდი, ბრწყინვალე და შესანიშნავი, ამიტომ ეს სიტყვები ეფექტს ვეღარ ახდენს ხოლმე. ეს ეპითეტები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც მართლა ღირებულია, რაც მართლა მნიშვნელოვანია, რომ დაინახოს ხალხმა, რა არის მისი სულიერი ორიენტირი, სულიერი სვლა. დღეს კი რასაც აქ ვხედავთ, ეს ეპითეტები უშურველად შეიძლება ითქვას~.
 ჩვენს მკითხველს კი შევეცდები იმ ფოტომასალის ისტორიებით დავანახო ჩვენი სულიერი ორიენტირი - სვლა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით ბრალდებულმა თანამემამულეებმა საბჭოთა ფონზე გვიჩვენეს.
თითო ფოტოს თითო ტრაგიკული ისტორია და განაჩენის აღსრულების ერთი და იგივე ხელწერა - დაპატიმრება, გადასახლება, დახვრეტა, თავის მოკვეთა, სამაგალითოდ ცხედრების დასჯა, ყველაზე მთავარი, რაც ამ გამოფენის რეპრესირებულებს აერთიანებთ ქართული ხელოვნების მსახურებაა: მღერიან, ცეკვავენ, საგალობლებს ასრულებენ, წერენ, ხატავენ ან უბრალოდ ამ ნიშნით გამორჩეული ადამიანების ცოლები, დედები ან შვილები არიან... მათ გარშემო კი
საქართველოში ჯერ კიდევ ბლომად ცხოვრობენ `კომკავშირულად დამკვრელი~ მამაცი ადამიანები(ტალე თეოდოსიშვილი 1926 წელი), რომლებიც რევოლუციის ნებას უზენაესად აყენებენ:
მემამასმოვკლავ,
დავახრჩობდედას
რევოლუციამთუკი
მიბრძანა.
ხელისუფლების მორჩილების დასამტკიცებლად თვისტომთა დამსჯელი ჯალათები თვალის დაუხამხამებლად სჩადიან სისასტიკეს და    ხელისუფალთა საამებლად ნივთმტკიცებად მხოლოდ თავებს სჯერდებიან...
`თავის მოკვეთა თვისტომის ცხედრისთვის მარტოდენ შორეულ წარსულში არ დარჩენილა, ახალ დროშიც უნდა განმეორებულიყო და ამითაც გამოხატულიყო ეპოქისა და სახელმწიფო წყობის სისასტიკე და ზნეობის ახდენაც. ხელისუფლების მორჩილნი ცინიზმსაც არ ერიდებოდნენ, ჩვენიანებმა გვამები რად უნდა ათრიონ, ხალხის მტრებს ხან სად ვკლავთ და ხან სად, ნივთმტკიცებად თავიც საკმარისიაო. ამ მხრივ ყველაზე მეტად თორღვას ხეობის თუშეთის ტრაგედია იყო გახმაურებული...~ (როსტომ ჩხეიძე `დაწყევლილი თაობა~ ).
 სწორედ ამ სისასტიკის მხვერპლნი აღმოჩნდნენ `სამანელები~( `საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები~).
1.             სამანელთა ფიცის ტექსტი საბრალდებო დასკვნამ შემოგვინახა:
2.            შევდივარ `სამანში~;
3.            ვიბრძოლებ კომუნიზმის წინააღმდეგ;
შევასრულებ ორგანიზაციის ყველა დავალებას და არავითარ შემთხვევაში არ გავცემ ჩემს ორგანიზაციას.
 ამ ფიცის ერთგული17 ქართველი ვაჟკაცი 1942 წლის 17 ოქტომბერს თბილისში დახვრიტეს. ამის შესახებ სამხედრო ტრიბუნალის საბრალდებო დასკვანში ვკითხულობთ: `სოციალისტური წყობისადმი მტრულად განწყობილმა ახალგაზრდებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნეს სამხედრო ფაშისტური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა მთავრობის დამხობას საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გზით და კაპიტალისტური ძალაუფლების აღდგენას ფაშისტური რეჟიმის პროტექტორატის მეშვეობით.~
 17 სიკვდილმისჯილიდან 12 უნივერსიტეტის ასპირანტი, მეცნიერ-მუშაკი და ერთიც სტუდენტი იყო:
კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ქადაგიძე, გიორგი წიქვაშვილი, მიხეილ კაციტაძე, თურმან შანშიაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი იმერლიშვილი, კოტე ჯოგლიძე, გივი თარგამაძე, მიხა საბაშვილი, ზურაბ მისაბიშვილი, შალვა შავიანიძე. შეთქმულთა ამ ჯგუფის აქტიური წევრი იყო ადამ ბობღიაშვილი-ალვანელი (დაიბადა 1912 წლის 12 მაისს, მაშინდელი თელავის რაიონის სოფელ ზემო ალვანში). `17 წელს ყაჩაღადა ვარ, კაცის ცოდვა არ მადევსა~, ამოსთქვამს   ადამ ბობღიაშვილი, მაგრამ არათუ დაინდობენ მის სულამოსულ ცხედარს, თავს აჭრიან თორღვას ხეობაში 1943 წლის 18 მარტს.
უკანასკნელი ცოცხალი სამანელი, გოგალე ხოხიაიძე , რომელსაც დაკარგული აქვს თვალის ჩინი, აი, რას იხსენებს (ჩაიწერა ამირან არაბულმა): `ათი წელი პატიმრობაში გავატარე, ექვსი წელი გადასახლებაში, ყაზახეთში კუსტანას ოლქში. ჯერ თელავის ციხეში ჩამსვეს, შემდეგ თბილისის, ბაქოს, კრასნოდარის, ასტრახანის საპატიმროები შემომატარეს. სულ საბჭოთა კავშირის 22 ციხეში ვარ შესულ-გამოსული და ნაცხოვრები. ასტრახანის ციხეში ჩემთან ერთად სხვა ტყვეებიც იყვნენ: არსენ აბულიძე, მათე იჩუაიძე, იროდი კიბორჭაიძე, მათე დევდარაიძე, საბა ქურთუშიძე, არც ერთი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ყველა იქ მოკვდა. აბანოსხევში, 1943 წლის მარტში, სამი კაცი მოკლეს: ადამ ბობღიაშვილი, მიხაკო იმედიძე, დეკანოზ თავბერიძე. ადამს და მიხაკოს თავები მოაჭრეს, მოჭრილი თავები დატყვევებულ სამანელებს ომალოში ზურგით ჩაატანინეს, შემდეგ მოჭრილ თავებს სურათი გადაუღეს და წვერმოშვებული თავები, ხითხითით `რომელი კაცი~ აჯობებსო, ქარაფზე დააგორეს. აბანოს ხევზე რომ ჩამოგვატარეს, თოკზე ჩაბმულები დავინახეთ, როგორ ესეოდნენ სვავები დახოცილთა უთავო მხედრებს. ამ საზარელი სურათის ნახვამ ლექსიც მათქმევინა:
`გავიგე, ვნახე ამბავი,
თორღვას აბანოს გზაზედა,
თოვლზე ეყარა ცხედრები,
თავებ არ ჰქონდა ტანზედა. ~
კოტეჭრელიშვილი წერს: `...სუსხიანი ამინდი მძვინვარებდა... ჰაერში თოვლის ბურუსი ტრიალებს. სოფელ ბეჭოდან (თუშეთი, სადაც მათი შტაბი იყო)
 აიყარა აჯანყებულთა რაზმი და თოვლიან მთებს შეუდგა. ესენი იყვნენ: ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დეკანოს ამირანიძე... მათი კახეთისკენ წამოსვლა თითქოს მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ როგორც იტყვიან ეშმაკს არ ეძინა. ვიღაცამ გასცა და ომალოდან მდევარი გამოუყენეს, როგორც იქნა თოვლიანი უღელტეხილი გადმოლახეს, პირი კახეთისკენ ქნეს და გულს მოეშვათ. დაქანცულებმა თავი გამოქვაბულს შეაფარეს. გათენდა. ადამ ბობღიაშვილი გამოქვაბულიდან გამოდის და თურქეთის თოვლიან მწვერვალებს თვალს ხარბად მიმოავლებს. ამ დროს კვალდაკვალ გამოდევნებული მდევარი თოფის ნიშანში იღებს და ადამის წმინდა სისხლმა მთის ქათქათა თოვლი შეღება. თოფის გასროლაზე გამოცვიდნენ სხვები, კვლავ გასროლა. ადამის ბედი გაიზიარა მიხეილ იმედიძემ და დეკანოზ ამირანიძემაც. ისტორიას არ ახსოვს ასეთი ვერაგული დანაშაული, სიკვდილი არ იკმარეს, გამხეცებული მკვლელები მიცვივდებიან და როგორც ცხვრებს თავებს აჭრიან, რათა გამარჯვების ნიშნად მიართვან მათ, ვინც ასეთი ბარბაროსული დავალების შესრულება უბრძანათ. მხილველთა გადმოცემით არჩილ კიტოშვილს უბრძანეს, მოჭრილი თავები აეკიდა. მან ეს დამამცირებელი ბრძანება არ შეასრულა, გაცოფებულ სუკის წარმომადგენელს დაუყვირია არჩილისთვის: შენ იცი, მე ვინ ვარო? ვიცი, შენ სტალინის გაწვრთნილი ლეკვი ხარ, - სიმწრით უპასუხია არჩილ კიტოშვილს.~  
 `არჩილ კიტოშვილი ჩემი მასწავლებელი იყო. ერთ დღესაც ხმა დაირხა სოფელ ქომელაურთუბანში, არჩილი მოყავთ სხვა ბიჭებთან ერთადო. თოვლი იდო, გამოვიშალეთ მთელი სოფელი. გამოჩნდნენ ფეხშიშველები, ხელებშეკრულები, ქათქათა თოვლზე სისხლის წითელი ნაკვალევი ჩანდა, თქრიალით სდიოდათ ბიჭებს დახეთქილი ფეხებიდან სისხლი, ჩვენმა დედებმა დანაყილი ნიორი გამოიტანეს, ფეხები მაინც შევუხვიოთ დამზრალ-დამსკდარია. ის, ვინც მოჰყვებოდა, თანახმა იყო, მაგრამ არჩილმა თავისი გაიტანა, არ გატყდა, არაფრით არ შეახვევინა დასისხლიანებული ფეხები. ცოტა შეადოდგოვეს (შეაჩერეს) და ისევ გააგრძელებინეს ბიჭებს გზა. მიდიოდნენ და უკან მიჰყვებოდათ სისხლის ნაკვალევი. იმის შემდეგ არჩილ კიტოშვილი აღარ მინახავს.~
კესო ბოუღაიძე-თათარაიძისა
`იმ შავ დღეს დეკანოზის ცხედარი იქვე დააგდეს, ადამისა და პანწალას გვამები ყვავ-ყორანთა საწიწკნად ხევში დაყარეს და დამარხვა არც ერთს არ აღირსეს. ~
როსტომ ჩხეიძე, `დაწყევლილი თაობა~.
საბჭოთა რეჟიმი არ ინდობს არავის და არაფერს (!) და ბოლშევიკურად დაწერილი განაჩენი სისრულეში მოჰყავს - სოციალიზმის ყველა მავნებელს სამაგალითოდ ხვრეტს:  
 
---
ვაშა, გპუ შენი განაჩენი,
ბოლშევიკურად არის დაწერილი.
როგორც პოეტმა პოლიტიკურმა
უნდა შეასრულოს შენი გაკვეთილი.
 
სოციალიზმის ყველა მავნებელი
დიქტატორის ტყვიით იყოს დახვრეტილი.
ვაშა, გპუ შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი.
(პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია ,
ფრიდონ ნაროუშვილი, 1931 წელი.)
 
1922 წელს სათიბში ნამყოფ ლევან რაზიკაშვილს აპატიმრებენ. ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანაგიმნაზიელი იყო. ის დიდხანს თიანეთში ჰყოლიათ დაპატიმრებული, შემდეგ მეტეხში ჩამოუყვანიათ და დახვრეტა მიუსჯიათ, 1923 წლის თებერვალში ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს.
როდესაც ქართველმა ინტელიგენციამ სთხოვა ორჯონიკიძეს, დაენდო ლევან რაზიკაშვილი როგორც ვაჟა-ფშაველას მემკვიდრე და არ დაეხვრიტა, გაგულისებულმა ორჯონიკიძემ წამოიყვირა: ლევანს კი არა, ვაჟა-ფშაველა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც სიამოვნებით დავხვრეტდიო.
`...მე თიანეთში ვნახე ცხენზე შეესვათ...
...არა ჰქონდა დაკითხვა, არა. ეგრე გამოიყვანეს და მოკლეს ნადირივითა, არ იფიქრეს ემ კაცის შვილია და ვკითხოთ, მტყუანია თუ მართალიაო და...
დაიგმინებდა, გადაბრუნდებოდა მამაი საფლავში... ერთხელ მკვდარი კვლავ მოკვდებოდა. ვაი, შენ დასაცა და მიწაი, ლევან, მიწაი... (გულქან რაზიკაშვილი, `მამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი~)
სასტიკად დასჯილთა სია გრძელია: სტეფანე ფიცხელაური, დაიბადა ყაზბეგში 1912 წელს, იგი თავის დებთან და ძმებთან ერთად იბრძოდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. სტეფანე ფიცხელაურს 1942 წლის სექტემბერში თავი მოჰკვეთეს; 
სანდრო მჭედლიშვილი, მიხა ჯიღაურის გუნდის წევრი, დაიჭირეს 1937 წელს;
 ალექსანდრე ბარამიძე, ქერჩში მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდა, სამშობლოში დაბრუნებულმა 6 წელი საბჭოთა ბანაკში გაატარა, 1951-53 წლებში ბარამიძეების ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს;
საქულა გალუსტოვი, მიხა ჯიღაურის გუნდის წევრი, 1937 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს;
ზაქარია მჭედლიშვილი, 1937 წელს მოსკოვში საქართველოს კულტურისა და ხელოვნების დეკადაზე გამგზავრების წინ დაიჭირეს და გადაასახლეს, გაათავისუფლეს 12 წლის შემდეგ, გარდაიცვალა 1985 წელს;  
ბარამ ბარამიძე, ეთნომუსიკოლოგი, 1951-53 წლებში 15 წლისა გადაასახლეს ყაზახეთში;
ბესარიონ გელიაშვილი ტყვეთა გუნდის წევრი, 1941 წელს ტყვედ ჩავარდნილი იმყოფებოდა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში, ბანაკიდან დათაშკა კავსაძემ და ვალოდია ხარბედიამ გამოიყვანეს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, განთავისუფლდა 1956 წელს;
აკაკი ტატიშვილი ქართველ ტყვეთა გუნდის წევრი, 1941 წელს ტყვედ ჩავარდა, 1946 წელს დაბრუნდა გერმანიიდან,   1948 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს, 1955 წელს გაანთავისუფლეს; 
რაჭული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი - სამი რეპრესირებული, გვარები უცნობია;
ზემო სვანეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი - 1929 წელი, მურზაყან დადეშქელიანი, ფოლკლორის უბადლო მცოდნე, დახვრიტეს 1937 წელს;  
შოთა აბაშიძე, ქორეოგრაფი, ემიგრანტი, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ცხოვრობდა საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტებს ასწავლიდა ქართულ ცეკვებს, ქართველ ქორეოგრაფებთან - ილია ჯაბადარსა და სერგო კოხრეიძესთან ერთად პარიზში დადგა ბალეტი `კავკასიელი ტყვე~;
ქორეოგრაფისა და ქორეოლოგის რევაზ ჭანიშვილის მშობლები: მამა - რუბენ ჭანიშვილი დახვრიტეს 1938 წელს, დედა - ნატალია გორდელაძე გადაასახლეს, შვილები: რეზო და მისი და, დედის დაბრუნებამდე იზრდებოდნენ ბავშვთა სახლში;
ალექსანდრე ზარდიაშვილი, ქართველ ტყვეთა გუნდის წევრი, ომში წასვლამდე მღეროდა ლევან მუღალაშვილის ანსამბლში, ტყვედ ჩავარდა და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, დაიჭირეს და გადაასახლეს, გაანთავისუფლეს 1956 წელს;
ლონგინოზ ჩიჯავაძე, ცნობილი ეთნომუსიკოლოგ ოთარ ჩიჯავაძის მამა. ინჟინერი, ხრამჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავტორი, დახვრიტეს 1937 წელს;
პეტრე ქუთათელაძე (სამსონიძე), ხონის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი, მწერალი, დრამატურგი, პიესების - `სალტე~ `პირველი ქარტეხილი~, `ეწერის~ ავტორი, დახვრიტეს თანამოძმეებმა 1937 წელს, რადგან ტროცკისტობა გაუხსენეს. მისი პიესები იდგმებოდა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში და ა.შ. 
გამოფენის ერთი კუთხე 1937-46 წლებში ყაზახეთში გადასახლებულ ე.წ. `სამშობლოს მოღალატეთა~ ცოლების ამსახველ ფოტოქრონიკას დაეთმო: 
ანაიდა ბაღათუროვა-სტეფანიანი, თამარ გვეტაძე, კაროლინა შენგელი, თამარ ქუთათელაძე, ლიზი კიწმარიშვილი, მარგარიტა გენინი, ნინო ზაალიშვილი...
მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი, მანია, მხატვარი, სოლიკო ვირსალაძის მეუღლე. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა 1921 წლიდან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 40-იანი წლებიდან ისევ რეპრესირებულია. საქართველოში მუშაობდა ბატიკის საამქროში, დაკრაძულულია სვეტიცხოველში.
1937-46 წლებში `ალჟირის~ (ყაზახეთში ყარაგანდის მახლობლად, კამოლენსკში) ბანაკებში სასჯელს იხდიდა ე.წ. სამშობლოს მოღალატეთა 7257 მეუღლე. მათ ბრალდების იგივე მუხლი მიუსადაგეს, რაც მამაკაცებს, ქალებს სასჯელი მხოლოდ იმიტომ უნდა მოეხადათ, რომ მოღალატეთა დედები, ცოლები, ქალიშვილები იყვნენ. ამ ქალებისთვის შექმნილ სპეციალურ ბანაკებს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. მოკავშირე რესპუბლიკათა სახკომატების ბავშვთა სახლებში გაგზავნეს რეპრესირებულ მშობელთა 17 355 ბავშვი, დამატებით უკრაინის ბავშვთა სახლებში გაიგზავნა 5 ათასი ბავშვი. რეპრესირებული ქალები ბანაკებში ხალხური რეწვით დაასაქმეს, ძირითადად, ქსოვა-ქარგვით. მათი ნამუშევრები შემდგომ გასაყიდად იგზავნებოდა.
ოცდაჩვიდმეტში ლავრენტი ბერიას `ბრძნული ხელმძღვანელობით~ ხელოვნებაში დიდ მიღწევებს გაზეთი `ლიტერატურული საქართველო~ ასე აფასებს:   
`განა შეიძლება, ძველი კულტურა ახალი მებრძოლი მასების კულტურას შევადაროთ? ხელოვნების ფრონტის ამ დიდი გამარჯვების ორგანიზატორი არის ამხანაგი ლ. ბერია. ყველა მიღწევა მწერლობაში, მხატვრობაში, მუსიკაში და საერთოდ კულტურის ყველა დარგში მისი ბრძნული ხელმძღვანელობის და თაოსნობის შედეგია,~ (`ლიტერატურული საქართველო~, 1937 წელი).
ამ `ბრძნული ხელმძღვანელობის~ შედეგი იყო, ალბათ, ხალხის კიდევ ერთი `მტრის~ ცნობილი ქართველი მეცნიერის და ხელოვანის, ლიტერატორის, ფოლკლორისტის, ხალხური სიტყვიერების მეცნიერული კვლევის ფუძემდებლის, ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტა (ვახტანგ კოტეტიშვილი დაიბადა 1892 წლის 25 ოქტომბერს, 1937 წელს დახვრიტეს).
 `ვახტანგ კოტეტიშვილს ხშირად უყვარდა ფოლკლორის შედარება იმ ზღაპრულ ჭასთან, რომლიდანაც რამდენიც არ უნდა ამოიღო წყალი მაინც არაფერი აკლდება და ეს შემთხვევითი არ იყო. ის კარგად იცნობდა ამ ზღაპრულ ჭას და ხარბად ეწაფებოდა. ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციებს ხშირად სხვა ფაკულტეტებიდან მოსული სტუდენტებიც უხვად ესწრებოდნენ, ისე მჭიდროდ ვისხედით ჩაწერის საშუალებაც არ გვქონდა. ვახტანგ კოტეტიშვილს ლექციებზე ხშირად ფანდური შემოჰქონდა და დემონსტრაციას უკეთებდა, თუ როგორ წარმოედგინა მას ამა თუ იმ ხალხური ლექსის შესრულება უძველეს დროში. ეს `სენსაციაც~ ბევრს იზიდავდა,~ - წერს დ. გამეზარდაშვილი. მისი განაჩენის მიზეზიც ხომ სწორედ ფოლკლორის ასეთი `სენსაციური~ სიყვარული გახდა.
საბჭოთა რეჟიმს არც მუშა და გლეხი რჩებოდა ყურადღების მიღმა და მათი მცდელობა - `კულტურულიდაგანათლებულიგავხადოთყველამუშადაყველაგლეხი~ - საჩვენებელ ხასიათს იღებდა. 
ასეთი საჩვენებელი სიკვდილით დასაჯეს საკუთარ დაბადების დღეს ცნობილი ხალხური მელექსე, მიხა ხელაშვილი. მიხა ფშავში, სოფელ ახათაში დაიბადა, 1900 წლის 25 იანვარს. დაუნდობლად მოკლეს 1925 წლის 25 იანვარს. მიხა ამ დღეს 25 წლის გახდა. `მიხას დედა ავხუშოდან ხოდაში მიედინებოდა, ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ კომკავშირელნი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერე ტყვია ჰკრეს და იქვე მოკლეს. ამ ამბავმა მწარე სიტყვები ამოათქმევინა მიხას:
 `სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
 მხარეო არაგვისაო.~
მიხას ღალატით, ძმადნაფიცის ხელით, ვერაგულად კლავენ, ზოგი ვერსიით კი კაცისკვლაში გამოწრთობილმა კომკაშირელმა მოკლა, ლევანს (მიხას ძმადნაფიცს)   ხელის აკანკალება რომ შეატყო. მიხას ცხედარი გამთენიისას ჩამოიტანეს საფიხვნოში და იქ დააგდეს ხალხის დასაზაფრად. მერე ცხენგამობმულ მარხილზე დააკრეს, დუშეთში ჩამოიტანეს და მილიციის ეზოში დააგდეს. იქ ტანსაცმლის გახუნებამდე და დასახსრებამდე, სხეულის ნაწილ-ნაწილ დაშლამდე ნაგვემი ცხედარი ხელაშვილის კაცობისა და ლექსის პატივისმცემელმა ერთმა ხევსურმა მილიციელმა - ტუჩა ქეთელაურმა მიხას დას, სალომეს მოაპარინა. სალომემ ნაწილ-ნაწილ ჩააწყო მიხას დაშლილი ძვალი ხურჯინში და ღამე ტყე-ტყე სიარულით და დღე მალვით ააღწია ჩარგლამდე, წინასწარ, წამებული დედის საფლავის გვერდით ძმის ტვინისა და თმების ნაძოძისათვის გათხრილი სამარე გახსნა და მიხა ხელაშვილის ნაწამები ნაწილები სამუდამო განსასვენებლად მიწას მიაბარა.
ძირსრელიგიადასამღვდელოება, გაუმარჯოსკომუნიზმს! ეკლესიისმიმდევარნირევოლუციისზურგშიხანჯლისჩამცემნი! - არც ეს ლოზუნგები ჰქონდათ საბჭოელებს მხოლოდ ლოზუნგებად. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს, წამებით კლავდნენ მღვდლებს, თავებს აჭრიდნენ ქართული საგალობლების გადამრჩენლებს და ანგრევდნენ ეკლესიებს... ამ მდგომარეობით აღშფოთებული ვასილ კარბელაშვილი სტალინს წერდა:
`დიდად პატივცემულო ბატონო სოსო, გაგიკვირდება ძველი მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელმაც უნდა მოგაგონოს რაც იყო, ჩაგაფიქროს რაც არის და გაგათვალისწინებინოს რაც იქნება. ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი: ვაი, იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს, განათლებას და შეგნებას გაურბის და ქრისტეს მოძღვრებასაც ანგარიშს არ უწევს. სამეგრელოში ზარის ხმა არ ისმის, დაკეტეს ეკლესიები, მღვდლებს კრეჭენ, ხელფეხშეკრულს აპატიმრებენ. ნუთუ ამისთანა ამბები სასარგებლო და ხელსაყრელია თვით მთავრობისათვის. სამთავროს, სვეტიცხოველსა და სხვა ტაძრებს უპირებენ თეატრებად გადაქცევას. აღდგომის ღამეს ბევრი ეკლესია დაკეტეს და ლიტანია მოუსპეს. დიდ ძალმომრეობას ხმარობენ ეკლესიაზე, მღვდლებზე, რაც ხალხში დიდ და ჩემ უკმაყოფილებასაც იწვევს. ხალხში ბოროტება ვრცელდება, ზოგიერთ ადგილებში მორწმუნე ერმა მიმართა იარაღს ასეთი ძალადობისთვის ეკლესიაზე და საზოგადოებაზე. ბევრი რამ არის მოსაწერი, მაგრამ აღშფოთებული მდგომარეობა ნებას არ მაძლევს, რომ დაწვრილებით მოგწერო ყველაფერი. თუმცა მეშინის დატვირთული ხარ და ყურადღებით არ გადაგღალო. სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ და საქართველოს მიწამ გამოგზარდა. სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში. კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ.  
რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ოსები და ურიები არ წამოასხა კისერზედ ქართველ ხალხს. საზღვრები ჩაარჭეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან როგორ შეავიწროონ ტერიტორია. იქნებ გწყინს ჩემო სოსო, ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს. იმედია ყურად იღებ და მოალბობ ჩემს გულს და მალე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენ მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი. ~
დიდი სტალინის პასუხი სანუგეშო არ აღმოჩნდა ვასილ კარბელაშვილისთვის, რადგან ისევ გაგრძელდა სისხლიანი ისტორია...
მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ფოტოქრონიკა ასეთია: ძმები - ანდრია და პეტრე კარბელაშვილები 1924 წელს დახვრიტეს - მათ ქართული გალობა ჩაიწერეს და გადაარჩინეს კარბელაანთ კილო;  
რაჟდენ ხუნდაძე, დეკანოზი, ჩაიწერა და გადაარჩინა ქართული საგალობლები, მას აუკრძალეს მღვდელთმსახურება და არ აძლევდნენ პენსიას;
ესტატე კერესელიძე, წმინდა ექვთიმე აღმსარებელი 2003 წლიდან, 1924 წელს ფარულად გადაზიდა და სვეტიცხოვლის წიგნთსაცავში გადამალა ქართულ საგალობელთა ხელნაწერები. მიაკვლია ძილისპირთა უძველეს კრებულს და ნოტებზე გადაიტანა;
 ნესტორ კონტრიძე, მღვდელი, მგალობელი, დასავლური გალობის უბადლო მცოდნე და გადამრჩენელი. შემოაკვდათ წამებისას;
მელიტონ კელენჯერიძე, დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. მართლმადიდებლური მრწამსისა და აქტიური თეოლოგიური საქმიანობის გამო საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი და შევიწროებული;
და სხვები...
და კიდევ ერთი პასუხი სტალინისგან: რეპრესირებული კავსაძეები. დათაშკა კავსაძე, სანდრო კავსაძე - ქართლ-კახური სიმღერის მომღერალთა გუნდი, ხელმძღვანელი სანდრო კავსაძე.
დავით (დათაშკა) კავსაძე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ლოტბარი, 1936-1941 წლებში. 1941 წელს ტყვედ ჩავარდა ქერჩში. 1941-45 წლებში ქართველ ტყვეთა გუნდის ლოტბარია. ბევრი ქართველი თუ არაქართველი იხსნა საკონცენტრაციო ბანაკებიდან. 1945 წელს სამშობლოში მომავალი სოჭში დააპატიმრეს და გადაასახლეს. აღარ დაბრუნებულა.
ასეთი სისასტიკით ჩადენილ ქართველი ინტელიგენციის რბევას შემდგომ ასეთ შეფასებას აძლევდნენ - ვიაჩესლავ მოლოტოვი: `მიმაჩნია, რომ რეპრესიები ძირითადად გამართლებული იყო. არის ტენდენცია, ბევრი მსჯავრდებული, თითქოს, ტყუილუბრალოდ დაიჩაგრა. უმეტესად დაისაჯნენ დამნაშავენი, რომლებიც აუცილებლად რეპრესირებულნი უნდა ყოფილიყვნენ~. მეტიც, ორჯონიკიძე ქართულ ინტელიგენციას გაბუტვას სწამებდა და რჩევასაც აძლევდა: `ჩვენი ინტელიგენცია თავის ბუტიაობას ეროვნულ ქურქში ახვევს. ასეთი მდგომარეობის გაგრძელება შეუძლებელია, ან მტრობა ან მოყვრობა. მტერს მტრულად მოვეპყრობით, მოყვარეს მოყვრულად~. მტრულად მოუწია მოპყრობა ვირსალაძეების ოჯახსაც. ელენე ვირსალაძე, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფოლკლორისტი (დაიბადა 1911 წელს) 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ჩრდილოეთში 5 წლით, 1943 წელს გადაიყვანეს შუა აზიაში. ამავე წელს გაათავისუფლეს, გარდაიცვალა 1977 წელს.
სასწაულებიც ხდებოდა: თარხნიშვილების ქართლ-კახური სიმღერების გუნდის წევრი დიმიტრი თარხან-მოურავი - მარო თარხნიშვილის მეუღლე - 1924 წელს გორში დახვრიტეს, მამასთან ერთად ხვრეტდნენ 15 წლის ივანე თარხან-მოურავსაც, დედამ მიუსწრო და შვილი გადაარჩინა...
ასე დაიხვრიტა დიქტატორის ტყვიით `სოციალიზმის ყველა მავნებელი~... ამ ადამიანებს კომუნისტების `წყალობით~ მართალია სიცოცხლე მოუსწრაფეს, მაგრამ ყველამ მოასწრო ეროვნული საქმის კეთება, მათი სულიერი ორიენტირი დღესაც ერთადერთი სწორი გზაა, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ამ ადამიანების დამსახურებით ვერ მოსპეს ის, რითაც ერმა თვითმყოფადობა დღემდე შეინარჩუნა.
 `რასაძლევთერს, როდესაცუგინებთსჯულს, სიწმინდეს დაუსპობთდიდებულკულტურას~ - სტალინის მიერ უპასუხოდ დარჩენილ ვასილ კარბელაშვილის   კითხვას ათწლეულების შემდგომ ამ გამოფენამ გასცა პასუხი.
 
ლალიჯელაძე
 

25-28(942)N