გამოდის 1998 წლიდან
2010-06-14
ირაკლი ფარჯიანი - 60

ირაკლიმ, ჩვენმა თანამედროვემ (შეიძლება ახალი თაობისთვის ის იმდენად ცნობილი არ არის და ძალიან შორეული წარსული ჰგონიათ, მაგრამ ჩვენთვის ეს აწმყოა, ყოველ შემთხვევაში - ჩემი თაობის აწმყო) იმ რთულ დროს, იდეოლოგიური ზეწოლის, ძალიან ბევრი აკრძალვის, ძალიან ბევრი დეფიციტის პირობებში, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, შეძლო, ეპოვა საკუთარი თავი და ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით არ ეღალატა საკუთარი პრინციპისთვის და მრწამსისთვის.
21 წლის იყო, როცა უდიდესი სულიერი ტრავმა მიიღო. ასეთი ტრავმა ძლიერ პიროვნებას ან ძალიან ბევრს შესძენს ან პირიქით, დათრგუნავს და გაანადგურებს. ირაკლის პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ დეპრესიაში კი არ ჩაიგდონ თავი, არამედ გადალახონ სირთულეები და დაძლიონ ის პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას, რადგან ღმერთს, განგებას (რაც გნებავთ ის დავარქვათ) ამ განსაცდელით უნდა, მათგან რაღაც კარგი გამოადნოს, ანუ იმ კარგმა და დადებითმა, რაც ადამიანშია ჩადებული, სირთულეებთან ბრძოლის შედეგად უნდა იჩინოს თავი. ასე რომ, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლის მაგალითი. მე არ მალაპარაკებს მეუღლის განდიდების სურვილი, ეს არასოდეს მდომებია და არც დღეს მინდა, არამედ ის, რითიც მე დღემდე ვარ აღტაცებული, აღფრთოვანებული და განცვიფრებული. გაოცების შეგრძნება ირაკლის გაცნობის პირველი დღიდან დღემდე არ მშორდება. აი, ეს არის ყველაზე დიდი განცდა ირაკლის მიმართ - საოცარი გაოცება.
ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი
 
მახსოვს, მუშაობის დროს უცებ იტყოდა: ახლა უნდა ვიფიქრო და მეორე ოთახში გადიოდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოდიოდა და, ალბათ, ახალი ენერგია, ახალი იდეები გამოჰქონდა.
სახელოსნოში მაქვს ირაკლის პალიტრა და მისი ბოლო ტილო, რომელიც ყვითელი ფერისაა და ერთი წითელი მონასმი აქვს გაკეთებული. ეს მისი ბოლო მონასმია. სულ ვფიქრობ, ნეტავ, რის დახატვას აპირებდა? ვფიქრობ, უფრო ხარების.
მამა მახსოვს ძალიან უშუალო, ბავშვური და ძალიან თბილი, ამავე დროს, ძალიან მკაცრიც. ხანდახან უზომოდ მკაცრიც იყო, მერე ამ სიმკაცრეს ყოველთვის გვიხსნიდა - რატომ და რისთვის. მე პატარა ვიყავი და, რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ სიმკაცრეს არ იჩენდა, ძირითადად, ჩემს ძმაზე იყო გადართული.
რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, არასოდეს დამავიწყდება, ალბათ იმიტომ, რომ ირაკლის სამყაროში ვცხოვრობ, მისი ნახატების გარემოცვაში, რომელშიც მამას სულია ჩაქსოვილი, მის ატმოსფეროში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მისი არსი მუდამ აქ არის. განწყობა მის მიმართ ისეთივე მაქვს, როგორც ბავშვობაში, რადგან მაშინ მიღებული შთაბეჭდილებით შემექმნა და არ შეცვლილა. ხანდახან გამიჯვნა ხდება: ირაკლი ფარჯიანი - მხატვარი, ირაკლი ფარჯიანი - მამა. ჩემთვის ირაკლი ყოველთვის მამა იყო და ძალიან მენატრება, როგორც მამა. ხშირად უკითხავთ, რა გერჩივნა, ყოფილიყო ცოცხალი და არა ასეთი ცნობილი თუ ისე, როგორც არის. ალბათ ეგოისტური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მერჩივნა, მამა ჩემ გვერდით ყოფილიყო. მისი ნახატები ჩემთვის ძალიან მშობლიური და ახლობელია, ანუ მამაა ამ ნახატებში. ამიტომ, როცა მეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ მის ნახატებზე, მიჭირს პასუხის გაცემა. როგორც მხატვარს, ამის აღქმა არ შემიძლია. ვხვდები, რომ ეს სამყარო განსხვავებულიï, ვხვდები, რომ არაფერს არ ¸გავს, მაგრამ ჩემთვის ეს მშობლიური გარემოა, არ არის ნახატი, არ არის ტექნიკა, არ არის ის, რასაც ხელოვნებათმცოდნე აღწერს. ირაკლი, თავისი საღებავების სუნით, ჩემი სამყაროა, რომელშიც ბავშვობიდან ვცხოვრობ. ალბათ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მეტს ვერც გააკეთებდა. უცნაურია, მაგრამ მის არყოფნას ვერც ვგრძნობ. მის ნახატებში მისი სულია, ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა.
ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, აკადემიაში რომ ვაბარებდი. ასეთი ფრაზაც მახსოვს: საქართველოს ერთი ფარჯიანიც ეყოფაო. მეკითხებოდნენ, რატომ გადაწყვიტე აკადემიაში ჩაბარება, მამამ განაპირობა თუ არა? ბოლოს ძალიან დავიღალე და ვუთხარი, რომ არაფერმა არ განაპირობა, არაფრის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ჩემი საყვარელი საქმე მინდა ვაკეთო. არჩევანის წინაშე - მხატვარი გავხდე თუ სხვა საქმე ავირჩიო - არც ვყოფილვარ. მხატვრობა ჩემს ცხოვრებას ბავშვობიდან ლაიტმოტივად გასდევდა, ეს ჩემი ცხოვრებაა. მე არ ვიფინები, ეს არ არის პროფესია, რომლითაც მინდა, ცნობილი გავხდე ან შემოსავალი მქონდეს. ერთი ან ორი კვირა რომ გადის და თუნდაც უბრალო მონასმი არ გამიკეთებია, საშინელ ხასიათზე ვდგები, დეპრესია მეწყება და, რომ დავფიქრდები, რა მჭირს, ვხვდები, დიდი ხანია არ მიხატია - ავდივარ სახელოსნოში და ვხატავ.
სოფიო ფარჯიანი
 
ბოლოს, საავადმყოფოში რომ გადაგვყავდა, მზერა მიმოავლო ირგვლივ და თქვა: აქ მე ვეღარ მოვბრუნდებიო. ასეც მოხდა. 19 დღე საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ, მის გვერდით მეძინა. ზოგჯერ წუხდებოდა კიდეც, მაგრამ არ მაღვიძებდა, იცოდა, რომ ძილი მაკლდა. მაშინ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით უამრავ თემაზე.
პიკასოს აქვს ნათქვამი: ყველაზე მეტად ხატვის ცოდნის მოცილება მიჭირსო. ეს წინააღმდეგობა მაშინ იჩენს თავს, როცა შემოქმედი მაღალ ეტაპზე გადის. ეს მომენტი ირაკლის ძალიან სერიოზულად ჰქონდა. ის მეტაფიზიკური ლანდშაფტები ამის მაგალითია. მახსოვს, პირველი დღე იყო ირაკლის გარეშე, შევხედე ამ ლანდშაფტებს და სულისშემძვრელი აზრი დამებადა, რომ მას ეს ყველაფერი ნანახი ჰქონდა. ეს იქაური ლანდშაფტი იყო, არაბუნებრივი, არალამაზი, მაგრამ საოცრად ჰარმონიული. ნამდვილად დანახული ჰქონდა. რას ნიშნავს ეს დანახული? იცოდა ხოლმე ვიღაცის ნამუშევარზე თქმა, ეს მართალი არისო, ნამდვილი. რას ნიშნავს ეს ნამდვილი? - ვკითხე ერთხელ. რას ნიშნავს და ეს ამ კაცს აშკარად დანახული აქვსო. ეს ბავშვებს ახასიათებთ, იმდენად უშუალოები არიან. როდესაც ადამიანი ამას ცნობიერად მოახერხებს, უმაღლესი რანგის ხელოვანია.
ირაკლის ჰქონდა ასეთი ეპიზოდი ცხოვრებაში. ერთ-ერთი ექიმის მკაცრი განაჩენის შემდეგ (ასეთი პოტენციის ადამიანს, რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, უთხრეს, ყველაფერი დამთავრდაო) სამი დღე კედლისკენ გადატრიალებული იწვა, არ ეძინა. მოგვიანებით მითხრა: სამი დღე სადღაც, აბსოლუტურ სიცარიელეში ვიყავიო... მესამე დღეს, შორიდან თითქოს ზარის რეკვა შემომესმა, რომ მივაყურადე, თითქოს არაფერი, მერე ისევ, ნელ-ნელა მოიმატა ხმამ და მომიახლოვდაო. ჩემ მიერ გაკეთებული სახარების ფრაგმენტები დავინახეო. ამან მისცა ძალა, წამომდგარიყო და ეხატა. სამი დღე ისეთ ადგილას იყო, სადაც არც დრო და არც სივრცე არ მუშაობს. ამის მერე კიდევ იმდენი განსაცდელი გაიარა, რომ, შეიძლება ითქვას, ლანდშაფტების სერია, რომელიც გააკეთა, მართალია, ნანახი ჰქონდა. ბოლოს სახარებაზე ტუშით უნდოდა ემუშავა. მომიტანა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც შტრიხები ჰქონდა გაკეთებული და მითხრა, ასეთი მინდა გავაკეთოო. რაღაც სხვანაირი შრტიხი ჰქონდა, თითქოს სუნთქავდა.
ამის შემდეგ მოხვდა საავადმყოფოში. იქ თქვა: მე მუშაობა დავამთავრეო. გამხნევებას ვცდილობდი, მაგრამ  ხელი გაიქნია და მითხრა, არა, მე ვეღარ დავხატავო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.
ალექსანდრე (ანზორ) მიქაძე
მხატვარი
 
რა თქმა უნდა, ჩვენთვის უდიდესი შოკი იყო, ირაკლი რომ ძალიან ახალგაზრდა დავკარგეთ, როგორც ადამიანი და მეგობარი, მაგრამ გული არ მწყდება იმ თვალსაზრისით, რომ წავიდა და რაღაც ვერ მოასწრო. ხომ სასაცილო იქნება, ჯორჯ ბაირონზე, რომელიც 36 წლის წავიდა, ვთქვათ, რომ რაღაც ვერ მოასწრო. მეტი რა უნდა მოესწრო?! ირაკლის მიმართაც ასეთივე შეგრძნება მაქვს. ის მემკვიდრეობა, ის ნამუშევრები, რïც მან დატოვა, სავსებით საკმარისია, ამაზე მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა. თუმცა, რომ ეცხოვრა, ვინ იცის, შემოქმედებას ხომ საზღვარი არ აქვს.
სავსებით შეგნებულად, გაცნობიერებულად შესწირა თავი მხატვრობას. არაერთხელ იყო გაფრთხილება და რეკომენდაცია ექიმების მხრიდან, რომ არ უნდა ესუნთქა საღებავები, არ უნდა ეშრომა. მაგრამ მან არჩევანი მხატვრობის სასარგებლოდ გააკეთა. ერთადერთი, რაზეც ნამდვილად მწყდება გული არის ის, რომ მას პატრიარქისგან ჰქონდა შეთავაზება სიონის მოხატვის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დათანხმდა. ეს, ალბათ, სიქსტის კაპელის მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა. მისი ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული.
შემთხვევით არაფერი ხდება. ალბათ, არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც თბილიში პირველი ჭურვები აფეთქდა და სამოქალაქო ომი დაიწყო. სიკვდილს ძალიან ვაჟკაცურად შეხვდა. მე ამის მომსწრე ვარ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. იცოდა, რომ მიდიოდა, მაგრამ ეს არავის უგრძვნია.
...იყო ასეთი ქვეყანა - საქართველო და არის, იყო ასეთი მხატვარი - ირაკლი ფარჯიანი და არის.
ლალი კერესელიძე
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, შექსპიროლოგი
 
მისი შემოქმედება მარტო მისთვის არ იყო და არც თავის გამოსაჩენად ან სახელის დასატოვებლად, ყველასთვის იყო. ეს უთქვამს კიდეც. სწორედ ეს კაცთმოყვარეობა ახატინებდა. მისი სახარების თემაზე შექმნილი რელიგიური სურათები მართლაც საოცრებაა. ხომ დაზგური სურათებია, დაზგური ფერწერის ყველა პრინციპია დაცული, მაგრამ იმდენად ღრმა სარწმუნოებრივი და სულიერი ძალითაა დახატული, რომ ხატვის ძალას იგრძნობ. რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრები არ არის სალოცავი ხატი, მაგრამ ისეთი ძალა აქვà, ისეთი სინათლე იღვრება და ისე შეყავხარ ნამუშევარში, თითქოს ეს თავად ლოცვებია ღვთისადმი აღვლენილი. თუნდაც, ბოლოდროინდელი აბსტრაქციები რა არის?
რამდენჯერაც საავადმყოფოში იწვა თუ აბასთუმანში იყო, არც ერთხელ ბოლომდე არ მიუყვანია მკურნალობა. ვეღარ ითმენდა. ბოლოს არჩევანი მხატვრობაზე გააკეთა. აბასთუმნიდან წერდა: ლუკას სახარების დასურათებაზე ვფიქრობ და სხვანაირ სიმწიფეს ვგრძნობ, ალბათ, ამით შემიძლია გავამართლო აქ ყოფნა და სხეულზე ფიქრი. ძალიან მინდა გამოვჯანმრთელდე არა იმიტომ, რომ გადავრჩე, არამედ იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვიყო და ვიმუშავო. არჩია, დარჩენილი დრო ემუშავა. იმ პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდი მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, რაღაც სიმსუბუქე ჰქონდა, სულ ხუმრობდა, მუშაობდა და მუშაობდა.
ბოლოს, საავადმყოფოში რომ დააწვინეს, დაგვირეკეს და მე და ჩემი მეუღლე მივედით. ასმათი გარეთ დაგვხვდა და მითხრა, წამოდი, ირაკლის გაჩვენებ, მერე ვეღარ ნახავო. შევედი და ვხედავ, ჟანგბადის ბალიშით სუნთქავს, მოიშორა და გამომხედა. ასეთი სახე ფრესკაზე თუ მინახავს - უზარმაზარი თვალები, ძალიან გამხდარი, შუაზე გაყოფილი თმა. ვუთხარი, ირაკლი, რა ლამაზი ხარ, ფრესკას გავხარ-მეთქი. აბა, მომიტანეთ სარკე, თქვა ხუმრობით, ჩაიხედა და... ხო, თმები ასე არ ვარგაë და გვერდზე გადაიწია. ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც მოცინარი იყო და ჩვენ ცრემლებს ძლივს ვიკავებდით. ძალიან გამეხარდაო, მაგრამ მთხოვა, წავსულიყავი, გადავეხვიე და წამოვედი. მეორე დღეს უკვე აღარ იყო.
ირაკლიზე რომ ვფიქრობ, რაც დრო გადის, შორს კი არ მიდის, თითქოს უფრო ახლოს მოდის მისი სული. მუდმივად მაქვს კონტაქტი - სახლში მისი ნახატები მაქვს, ვუყურებ ჩემს სახეს მის მიერ დახატულს, მის ოჯახთან მაქვს კონტაქტი არა მარტო მე, ჩემი ოჯახის წევრებსაც, ჩემი მეუღლე ხშირად მარტო მიდის ირაკლის საფლავზე ან ასმათს გაუვლის და ერთად მიდიან ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ირაკლისთან ერთად ვცხოვრობთ. რაც დრო გადის, სულ უფრო გასაგები და ახლობელი ხდება. ბევრ რაღაცაში მეხმარება კიდეც, მაშინ შეიძლება სულიერად უმწიფარი ვიყავი და იმდენად ვერ ვგრძნობდი მის მნიშვნელობას. არიან ნიჭიერი შემოქმედები, მაგრამ არიან ჩაკეტილები, არავის არ აჩვენებენ ნამუშევრებს და არ უზიარებენ აზრებს. ირაკლი თუ რამეს აღმოაჩენდა, გინდა მხატვრობაში, გინდა ცხოვრებაში, გიზიარებდა. ალბათ, ეს ერთგვარი სიყვარულია, რაც მის ნამუშევრებსაც ეტყობა. იმდენად დადებითი იმპულსი მოდის, რომ დადებითი ემოციით გავსებს. ამიტომაც უყვარდა ყველას ირაკლი. მართლაც ნიჭია, როცა ასეთი სიყვარული შეგიძლია, ასეთი შენდობა შეგიძლია, გახსნილი ხარ და თან ამდენს მუშაობ, შენს სულიერებას ავითარებ. ეს ყველაფერი ერთად შერწყმული, თან ნიჭიერება და ოსტატობა იმას გაძლევს, რომ ასეთ შემოქმედებას, ასეთ ნათელ მხატვრობას ტოვებ.
თამარ  ხუნდაძე
ხელოვნებათმცოდნე
 
ირაკლის შემოქმედების ძირითადი შტრიხები უკვე მაშინ იკვეთებოდა, როცა გავიცანი. ეს, დაახლოებით, 1977-78 წლები იყო. ასმათი, მისი მეუღლე, ჩემი სტუდენტი გახლდათ. ირაკლიმ და ასმათმა ერთმანეთი ჩემს სახლში გაიცნეს. ორივე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ასმათი უფრო დამიახლოვდა.
გაცნობისთანავე შინაგანად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს. მე კი არ მინდოდა, რომ ასმათი ირაკლის გაყოლოდა. ალბათ, დედის პოზიცია მქონდა, რადგან ირაკლი ძალიან რთული პიროვნება გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა, რთული ხასიათის ადამიანი იყო, რთული ვითარება ჰქონდათ ოჯახში და ა.შ. ვიცოდი, ასმათს ძალიან მძიმე ტვირთი დააწვებოდა. ირაკლიმაც იცოდა, რომ მაინცდამაინც მხარს არ ვუჭერდი მათ ქორწინებას და, მგონი, ერთი პერიოდი ნაწყენიც იყო ჩემზე. მაგრამ მათი ბედი, როგორც ამბობენ ხოლმე, ცაში იყო გადაწყვეტილი და შეუღლდნენ. და ახლავე მინდა გითხრათ, ირაკლი ფარჯიანმა 1991 წლამდე რომ იცოცხლა, ეს ასმათის დამსახურებაა. ამ ათი წელიწადისთვის საქართველომ მადლობა უნდა უთხრას ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანს. მას არც ერთი წუთი და საათი არ უცხოვრია თავისთვის. აცოცხლა ქმარი, რომელიც იმხანად უკვე სერიოზულად იყო ავად. აქ ჩვეულებრივი ძალისხმევით არაფერი გამოვიდოდა, ირაკლის გვერდით უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც დღედაღამ მასზე იფიქრებდა. ასმათი დღედაღამ ფიქრობდა ირაკლის სულზე და მის ჯანმრთელობაზე. დღედაღამ წამლებს ეძებდა, მთელი საქართველო და გერმანია შეაჯერა, თუკი რაიმე სამკურნალო წიგნი იყო - ოფიციალური და არაოფიციალური მედიცინა, ფიტოთერაპია. ვისთან აღარ ჰქონდა კავშირი, რას არ აკეთებდა. ეს იყო წარმოუდგენელი, რასაც მე ვუყურებდი და რაც ჩემს სიახლოვეში ხდებოდა.
ირაკლი ამას აფასებდა. მას სხვადასხვა სანატორიუმებში უხდებოდა ყოფნა. ასმათი მიყვებოდა ხოლმე, დააბინავებდა, მერე ბავშვთან ბრუნდებოდა და იყო ასე გადებული ქმარსა და შვილს შორის. ვფიქრობ, ის არის სამოქალაქო გმირობის, ადამიანური გმირობის, ქალური გმირობის მაგალითი. ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდათ - არც ფინანსურად ულხინდათ, არც არანაირად, ბინის პრობლემა ჰქონდათ და, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ცხოვრების ყველა დარტყმას არაჩვეულებრივად მშვიდად და მყარად იღებდა თავის თავზე, ფარივით იყო ჩამდგარი ირაკლისა და ცხოვრებას შორის. ერთხელ ირაკლიმ ტელეფონით დამირეკა აბასთუმნიდან და მე ვუთხარი: ასმათი იყო ჩემთან, გელოდა, გელოდა, მაგრამ აღარ შეიძლებოდა, ბავშვთან უნდა წასულიყო და თვალცრემლიანი წავიდა, რომ არ დარეკე-მეთქი (მაშინ თბილისიდან აბასთუმანში ვერ ვრეკავდით). და ირაკლის აღმოხდა: „ვენაცვალე... ეგ ხომ სულ მელოდება და ხომ სულ დამელოდებაო“. მისი ხმა ახლაც ყურებში მიდგას. ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ - ძალიან სავსე და ინტენსიური, ერთდროულად ძალიან მწუხარე და ძალიან ბედნიერი. ამ ურთიერთობამ შექმნა ორივე.
უნდა გითხრათ, რომ ასმათი ირაკლიზე არანაკლებ ნიჭიერი ადამიანია. ჩემი სტუდენტი იყო და ამიტომ ვიცი მისი შესაძლებლობები - ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი გერმანისტი, მთარგმნელი, განათლებული ადამიანი, რომელიც სულიერად სულ ვითარდებოდა და ვითარდება. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ზრდიდა. ამ თვალსაზრისით ნამდვილი კავშირი იყო. ასმათს შეეძლო კარგი წიგნები დაეწერა და ბევრი რამ ეთარგმნა, განსაკუთრებით - სულიერი სიფაქიზის თვალსაზრისით ძნელად სათარგმნი წიგნები, მაგრამ თავისი შესაძლებლობების მინიმუმს ახორციელებდა იმიტომ, რომ ირაკლის ჰქონოდა სრული თვითრეალიზაციის პირობები. მერე ბავშვი გაჩნდა და მათ ცხოვრებაში პრობლემა პრობლემას ემატებოდა. ძლივს შეიძინეს ბინა და როცა ირაკლი გარდაიცვალა, ამ მხრივ მაინც იყო მშვიდად, ცოლ-შვილს ბინა და სახელოსნო რომ დაუტოვა.
ბოლოს, როდესაც ძალიან ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, 1991 წელი ილეოდა, არც ტრანსპორტი იყო ქალაქში, არც შუქი, თბლისში ჯოჯოხეთური დღეები იდგა. მახსოვს, ძლივს მივაღწიე საავადმყოფომდე. სახლში ღვთისმშობლის საოჯახო ხატი მქონდა, რომელიც ჩემი მეუღლის, გივი მარგველაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა - ძველი, გაცრეცილი, ხეზე ნახატი ღვთისმშობელი, რომელსაც ავადმყოფს აძლევდნენ და ხელში უნდა სჭეროდა ან თავისთან ახლოს დაედო. საავადმყოფოში რომ მივედი, ეს ხატი მივუტანე ირაკლის. ეძინა. მისი მეგობარი ანზორი დამხვდა და მითხრა, გავაღვიძებო. არ გავაღვიძებინე, ვთხოვე, ხატი ახლოს დაუდე და უთხარი, რომ მე მოვუტანე-მეთქი. რომ გაუღვიძია, უსაყვედურია, რატომ არ გამაღვიძეო, რადგან ნაირამ მოიტანა, ამ ხატს ალბათ ძალა ექნებაო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ირაკლი ძალიან მშვიდად გარდაიცვალა, სახეზე ღიმილით. თვითონ ავადმყოფობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ძლიერ იტანჯა, მაგრამ გარდაცვალების დროს არ უწვალია.
ნაირა გელაშვილი
მწერალი, გერმანისტი
 
იმ ხელოვანთაგან, რომელნიც ადრე მიდიან, ალბათ მარად ახალგაზრდულ სიხალასეს მოითხოვს განგება. მათ შემოქმედებას, მათ ქმნილებებს დაღლილობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. საქართველოში, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ალბათ, პოეზიის ახალგაზრდული მარადიულობა მაინც ნიკოლოზ ბარათაშვილი გახლდათ. მხატვრობაში კი ირაკლი ფარჯიანი - ჩემი უფროსი ძმა, საყვარელი მეგობარი და დიდი მხატვარი.
ირაკლის შემოქმედებას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართული ხატწერის უშორესი და ულამაზესი ტრადიციის სიბრძნეში.
ეს არის მისტიური თვითგარინდება - თვითჩაღრმავების საუკუნოვანი ტრადიციებიდან რომ იკვებება და ასევე ივსება, ნაყოფიერდება თანამედროვე მხატვრობის, სახვითობის კონცეფციურ-სტილისტური მეთოდებითა და ხერხებით, რაც ირაკლი ფარჯიანის ხელოვნებას, მე ვიტყოდი სამარადჟამოდ თანამედროვეს ხდის. ასე რომ მისი წარმოუდგენლად დამაჯერებელი, განუმეორებელი ხატოვანება გახლავთ ნაერთი ტრადიციის სიბრძნისა და დღევანდელობის ცხოველმყოფელობისა.
ირაკლი ფარჯიანი ამ ცხოვრებიდან 41 წლისა წავიდა. მის სულში მოკაშკაშე მზე დილის იმპულსებით ძალუმად სხივოსნობდა, რაც არაჩვეულებრივი ძალით აისახა მის ბოლო ქმნილებებში, გრაფიკულ ოპუსებში, რომელიც მან უკანასკნელ ზაფხულს შექმნა მანგლისში მანამდე კი, მართლაც გენიალურ ჯვარცმა-ხარების ციკლებში.
ირაკლი წარმოადგენდა შუა საუკუნეების სვან ხატმწერთა დიდ ოჯახს, ლატალელ ფარჯიანთა გენეტიკური ტალანტის სრულ კვინტესენციას. ირაკლის სულში ღრმად და ძალუმად ცოცხლობდა ხატწერის, კერძოდ, სვანური ხატწერის განუმეორებელი ტრადიციები. მხატვრის მართლაც არაჩვეულებრივი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფიგურები მოზრდილი თავებით, საოცრად მეტყველი ფართოდ გახელილი თვალებით, ამ უღრმეს, სისხლში გამჯდარ შემოქმედში ტრადიციის გამოხატულება გახლავთ.
მხატვრობაში საკუთარი ტიპაჟის, საკუთარი განუმეორებელი სახის საკითხი, ირაკლი ფარჯიანამდე არავის არც დაუყენებია და არც გადაუწყვეტია ესოდენ მხატვრული დამაჯერებლობითა და სტილური მთლიანობის განცდით.
ირაკლის შემოქმედება ეს არის ამაღლებული სიმფონია არაჩვეულებრივი სახოვანებისა და მხატვრულობის, სითბოსა და სიყვარულის, სიკეთის და თავდადების.
გია ბუღაძე
„ჩვენიუკვდავითანამედროვე“
ამონარიდი

N31(865)