გამოდის 1998 წლიდან
2010-06-03
ფართომასშტაბიანი კვლევა სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კერძოდ, კითხვის მიმართულებაში იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საბაზო საფეხურზე დაასრულეს სწავლა.
 
ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობდა 5385 მეცხრეკლასელი 231 საჯარო სკოლიდან, ასევე, ამ სკოლების დირექტორები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, სულ 324.
 
შედეგების გაანალიზებაზე მუშაობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, ასევე დარგის 61 მოწვეული სპეციალისტი.
 
ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე ხორციელდება და რომლის მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად წარმატებულია სწავლა-სწავლების პროცესი ქვეყანაში. კვლევა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ხდება საგნობრივი პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და, შესაბამისად, სწავლების პროცესის დახვეწა. უმთავრესი მიზანი სწორედ სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა. განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის საშუალებაა ეროვნული სასწავლო გეგმა.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: 1. შესავალი, რომელშიც წარმოდგენილია საგნის სწავლების კონცეფცია, მიზნები და ამოცანები; 2. სტანდარტი, რომელშიც საგნის სწავლების მიზნები კონკრეტული შედეგების სახითაა მოცემული. ეს პროცედურული ცოდნაა, რომლის ფლობაც მოეთხოვება მოსწავლეს თითოეული კლასისა თუ საფეხურის დასრულების შემდეგ; 3. პროგრამის შინაარსი, ანუ დეკლარატიული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამ შედეგების მისაღწევად სჭირდება. ამ ტიპის კომპეტენციებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყნებში `შინაარსობრივ სტანდარტს~ უწოდებენ და მათი შეფასება მხოლოდ სტანდარტზე დაფუძნებული ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი.
 
სტანდარტზე დაფუძნებული ტესტი ამოწმებს პროცედურულ ცოდნას, ანუ იმ კომპეტენციებს, რომელთა ფლობაც მოეთხოვებათ მოსწავლეებს კონკრეტული კლასის თუ საფეხურის დასრულებისას. კომპეტენცია მოსწავლის კონკრეტული ქმედებაა, რომლის გაზომვა შესაძლებელია იმის გასაგებად, თუ რა მიღწევები აქვს მას ამა თუ იმ საგანში.
 
ამ ტიპის კვლევის მიზანი არ არის იმის ჩვენება, ვინ ვისზე უკეთესია ან ვინ ვის ჩამორჩება რომელიმე საგანში, როგორც ეს სასელექციო შეფასებისას ხდება. ამ შემთხვევაში, მთავარია, მოსწავლეების ცოდნისა და უნარების დიაგნოსტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოინიშნოს მოსწავლეთა ჯგუფები მიღწევის დონეების მიხედვით და ზუსტად აღიწეროს, რას აკეთებს თითოეული მათგანი, რა მიმართებაშია მათი ცოდნა და კომპეტენციები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ამასთანავე, მან უნდა გამოავლინოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტორები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
 
მოსწავლეთა ცოდნა და უნარები განსხვავებული იყო რეგიონების მიხედვით. საუკეთესო შედეგები აჩვენეს თბილისში, კახეთსა და იმერეთში. შემდეგ მოდიან: რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, სვანეთი და ა.შ. ზოგადად, შედეგებიგაცილებითუკეთესიადიდ ქალაქებში, განსაკუთრებით გამოირჩევა: ქუთაისი, თბილისი, თელავი, რუსთავი.
 
საინტერესოა, რომ განსხვავებულია მიღწევის დონეები გოგონებსა და ბიჭებს შორის, კერძოდ, გოგონებს უკეთესი შედეგები აქვთ, რაც, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო, რადგან თითქმის ყველა ქვეყანაში, ამ ასაკში, გოგონები სჯობნიან ბიჭებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში.
 
კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს ჩაუტარდა ფსიქომეტრული ანალიზი. ემპირიული შედეგების საფუძველზე დადგინდა მიღწევის სტანდარტი ექსპერტულ დონეზე, რის შედეგადაც გამოიყო მიღწევის ოთხი დონე და აღიწერა თითოეული მათგანი. ამ პროცედურაში მონაწილეობდნენ მოწვეული საგნობრივი ექსპერტები, მათ შორის, მასწავლებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სახელმძღვანელოს ავტორები, ფსიქოლოგები. გამოვლინდა შედეგი:
 
მიღწევის მაღალი დონე _ 16%;
მიღწევის საშუალოზე მაღალი დონე _ 28%;
მიღწევის საშუალო დონე _ 23%;
მიღწევის დაბალი დონე _ 33%.
.
 
ჩვენ ვთხოვეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელს, ირინა სამსონიას უფრო დეტალურად გაეცნო ჩვენი მკითხველისთვის ჩატარებული კვლევა, განემარტა ფსიქომეტრული და ექსპერტული ანალიზის შეჯერების საფუძველზე მიღებული შედეგები და ამ შედეგებთან დაკავშირებული   ფაქტორები.
 
***
თითოეული სასკოლო საგნის პროგრამა განათლების ეროვნული მიზნების შესრულებას უწყობს ხელს. ამ მიზნებიდან ჩვენი შეფასებისთვის შევარჩიეთ ორი: 1. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება; 2. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი.
 
საკვლევი ობიექტის, ანუ ამ ორი მიზნის შესამოწმებლად მასალად შევარჩიეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტები, მათ შორის მხატვრული (პროზა და პოეზია) თხზულებები და არამხატვრული (საინფორმაციო, შემეცნებითი, სამეცნიერო-პოპულარული) ტექსტები. ხოლო ინსტრუმენტი, რომელმაც საგნობრივი ცოდნისა და უნარების შეფასების საშუალება მოგვცა, იყო ამ ტექსტებზე შექმნილი ტესტური დავალებები.
 
  1. მოსწავლეებს რამდენიმე ტიპის ტესტური დავალება შევთავაზეთ:
  2. დახურული ტიპის, რაც გულისხმობს სტანდარტულ, არჩევითი პასუხების მქონე კითხვებს, ასევე, ე.წ. `ჭეშმარიტია/მცდარია~ ტიპის კითხვებს და ტესტურ დავალებებს, რომლებიც ჩამოთვლილი მოვლენებისა თუ საგნების გარკვეული თანმიმდევრობით (ქრონოლოგიური, ლოგიკური და ა.შ.) დაწყობას მოითხოვს;
  3. შესაბამისობის ტიპის ტესტური კითხვები, რომლებიც მოსწავლისგან მოითხოვს ტექსტის ინფორმაციულ, შინაარსობრივ თუ ენობრივ სიბრტყეებზე კონკრეტული ნიშნით ურთიერთმიმართებების ამოცნობას;
ღია ტესტური დავალებები, სადაც მოსწავლემ თავად უნდა დაწეროს პასუხი (მოკლე, ვრცელი და ესეს ტიპის), ჩასვას გამოტოვებული სიტყვა ან ფრაზა და დაასრულოს წინადადება.
 
ჩვენი შეფასების მიზანი იყო შეგვესწავლა, რა დონეზე ფლობენ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კომპეტენციებს კითხვის მიმართულებაში საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ; როგორ ახერხებენ წაკითხული ტექსტის აღქმა-გაგებას, გააზრებასა და ინტერპრეტირებას; რამდენად ფლობენ წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და სტრატეგიებს. მისაღწევი შედეგები დავყავით ოთხ ძირითად სფეროდ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა კომპონენტებად დაიშალა და ქვესფეროების სახით ჩამოყალიბდა. ამან საშუალება მოგვცა სხვადასხვა დონეზე კითხვისთვის აუცილებელი კოგნიტური და ოპერაციული უნარები შეგვეფასებინა.
 
შეფასების ჩარჩოს შექმნისას პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ის, რომ კითხვის პროცესი კოგნიტური თვალსაზრისით, ორ ძირითად დონეს მოიცავს _ გაგება-გააზრება და ინტერპრეტაცია.
 
სფეროებად დაყოფისას გავითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა სააზროვნო ოპერაცია, რომელიც მოსწავლეს წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის, გაანალიზებისა და ინტერპრეტირებისთვის სჭირდება, მიემართება არა მხოლოდ ტექსტის შინაარსობრივ პლანს, არამედ მის ენობრივ-გამომსახველობით და ფორმალურ მხარეებსაც.
 
  • აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასების ჩარჩოს მიხედვით, გაგების დონე მოიცავს შემდეგს:
  • ტექსტში პირდაპირი (ექსპლიციტურად) და ქვეტექსტურად (იმპლიციტურად) მოცემული ინფორმაციის გაგება, მოძიება და კონკრეტული ნიშნით კლასიფიკაცია;
  • ტექსტის შინაარსის გაგება. ეს გულისხმობს მთლიანი ტექსტის ან მისი ცალკეული ნაწილის, როგორც დასრულებული ერთეულის, ზოგადი და დეტალური შინაარსის გაგებასა და აღქმას, მასში პირდაპირ და ქვეტექსტის საშუალებით გადმოცემული ამბების, გამოთქმული მოსაზრებების გაგება-გააზრებას, დასკვნების გამოტანასა და ტექსტის (ასევე, მისი ცალკეული ეპიზოდისა თუ მონაკვეთის) შეჯამებას, ასევე მის დაკავშირებას საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან თუ არსებულ ლიტერატურულ ცოდნასთან;
  • ლექსიკის გაგება. შეფასების ფარგლებში ჩვენი მიზანი იყო არა იმის შემოწმება, თუ რა ლექსიკური მარაგი აქვთ მოსწავლეებს, არამედ იმის გაგება, თუ რამდენად კარგად ფლობენ ისინი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს უცნობი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის გასაგებად, ანუ რამდენად ეფექტურად იყენებენ ტექსტზე დართულ საცნობარო აპარატს (კერძოდ, ლექსიკონს და სქოლიოს), ასევე რა სააზროვნო უნარები აქვთ მათ ამოსაცნობად, შეუძლიათ თუ არა კონტექსტზე დაყრდნობით უცნობი ლექსიკური ერთეულების სწორად გაგება და აღქმა;
  • ტექსტის ენის აღქმა-გაგება, რაც გულისხმობს კონკრეტული ტიპის ტექსტისთვის დამახასიათებელი ენობრივი კონსტრუქციების, ავტორისა თუ პერსონაჟის ენის, პროფესიული ლექსიკის, ჟარგონის, დიალექტური ფორმებისა და არქაიზმების ამოცნობასა და გაგებას, ასევე ფრაზეოლოგიზმებისა და მხატვრული ხერხების ამოცნობას, მათი შინაარსის აღქმა-გაგებას.
  • ტექსტის ფორმისა და სტრუქტურის ამოცნობა და აღქმა, კითხვის ეს კომპონენტი ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეს წარმოადგენს და გულისხმობს ტექსტის ტიპის ამოცნობას მისი ენობრივი, სტილური, სტრუქტურული თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით.
რაც შეეხება ტექსტის ინტერპრეტაციასა და ანალიზს, ჩვენი მიზანი იყო, შეგვემოწმებინა მოსწავლეების რეფლექსიისა და შეფასების უნარები, რაც გულისხმობს ტექსტში მოცემული იდეების, მოსაზრებების, შეხედულებების, მხატვრულ ტექსტებში ასევე პერსონაჟთა საქციელის, აგრეთვე, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გაანალიზებისა და შეფასების, მოსწავლისგან საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარების გამოვლენას. ინტერპრეტაციის დონეც, გაგების მსგავსად, მოიცავს შემდეგს:
 
* ტექსტისშინაარსისინტერპრეტირება, გაანალიზებადაშეფასება. ინტერპეტირება შეიძლება პირდაპირ (ზედაპირულ, ექსპლიციტურ), გადატანით (მეტაფორულ, ქვეტექსტურ) და სიმბოლურ დონეზე. ეს გულისხმობს წაკითხული ტექსტის იდეური მხარის, მთავარი პრობლემის, ავტორის ჩანაფიქრის ამოცნობას და გააზრებას, მისი პოზიციის შეფასებას; ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, არაპირდაპირი დასკვნების გამოტანას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას და ახსნას, პერსონაჟის საქციელისა თუ შეხედულებების გაანალიზებას და შეფასებას სხვადასხვა პოზიციიდან, აგრეთვე, მთლიანი ტექსტის თუ მისი ცალკეული ეპიზოდის ინტერპრეტაციას, ანალიზს, შეფასებას თუ სხვა კომპლექსურ სააზროვნო ოპერაციებს;
* ტექსტისენისგაანალიზებადაშეფასება. ეს არის წაკითხული ტექსტის ენობრივი ანალიზი იმ ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებით (მხატვრული სახეები, სპეციალური ლექსიკა, ენობრივი კონსტრუქციები და სხვ.), რომლებიც ქმნიან სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს;
* ტექსტისფორმისადასტრუქტურისგაანალიზებადაშეფასება.
 
საბოლოოდ აღიწერა ყველა კომპეტენცია, რომელთა ფლობაც მეცხრეკლასელს მოეთხოვება ქართულ ენასა და ლიტერატურაში კითხვის მიმართულების დასაძლევად.
 
კვლევისას ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ, შინაარსობრივი თვალსაზრისით სრულად მოგვეცვა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მიმართულება და, მეორე მხრივ, მოსწავლის ინტელექტუალური მზაობისა და მიღწევის კრიტერიუმები, ანუ სრულად დაფარული კითხვის მიმართულება დაგვეყო, დაგვენაწევრებინა ისე, რომ მოსწავლეთა მთლიან ოდენობაში ერთგვაროვანი მიღწევების დონეების, მიღწევის ჯგუფების მონიშვნა, მარკირება შეგვძლებოდა. ეროვნული სასწავლო გეგმის კითხვის მიმართულება ისე ამოგვეწურა შინაარსობრივად, რომ მარტო ძლიერებსა და კარგებზე კი არ ყოფილიყო ეს კითხვები გათვალისწინებული, არამედ საშუალო და დაბალი მოსწრების მოსწავლეებისთვისაც, სრულად მოგვეცვა სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეთა მთელი ოდენობა, მთელი სპექტრი.
 
ის, რომ კვლევის ფარგლებში შერჩეულ მოსწავლეთა 16 პროცენტი მაღალ დონეზე, სრულად ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს კითხვის მიმართულებაში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ნამდვილად კარგი შედეგია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ დიდია იმ მოსწავლეთა რაოდენობაც, რომლებიც კითხვის მინიმალურ კომპეტენციებს ფლობენ, რასაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინც პირდაპირ თუ ირიბადაა სასწავლო პროცესის მონაწილე, მათ შორის საგანმანათლებლო პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, სახელმძღვანელოს ავტორები, მშობლები.
 
ცხადია, ყურადღება იმ 33%-ზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც მიღწევის დაბალ დონეზეა და ვეცადოთ, როგორმე დავწიოთ ეს პროცენტული მაჩვენებელი. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ დაბალ დონეზე მყოფმა ბავშვებმა არაფერი იციან. ემპირიული შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მათ შეიძლება უჭირთ რთული სააზროვნო ოპერაციები, ტექსტის კომპლექსური, ღრმა ანალიზი, რთული მხატვრული ხერხების გაანალიზება, მაგრამ გარკვეული უნარები აქვთ, მაგალითად, შეუძლიათ ტექსტის ზოგადი შინაარსის გაგება, პერსონაჟის საქციელის მოტივის ახსნა, კონკრეტული ეპიზოდის თუ მონაკვეთის მარტივი ანალიზი. იყო კითხვები, რომელთა შედეგებმა, სიმართლე გითხრათ, გაგვაოცა.
 
მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვთავაზობდით მხატვრული სახეებით საკმაოდ დატვირთულ პოეტურ ტექსტს, მოველოდით, რომ უფრო ძლიერი მოსწავლეები შეძლებდნენ მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას. აღმოჩნდა, რომ მხატვრული სახეების აღქმის უნარი სუსტ მოსწავლეებსაც აქვთ განვითარებული და ასეთ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა მათთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
 
მიღწევის მაღალ დონეზე მყოფი 16%, პრინციპში, სრულად ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ შედეგებს კითხვის მიმართულებაში.
 
 
საშუალოზე მაღალი დონე _ 28% და მაღალი _ 16%, ერთიანობაში 44%, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსწავლეები ფლობენ პოტენციალს, რომ წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა კვლევის შედეგების საფუძვლიანად გაანალიზება და ხარვეზების აღმოფხვრა.
 
მოსალოდნელი იყო ის, რომ ტექსტის შინაარსის გაგებასთან, მარტივი ინფორმაციის ამოკრებასა და ამ ინფორმაციის კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ დავალებას მიღწევის ყველა დონეზე მყოფი მოსწავლეები გაართმევდნენ თავს. კითხვის პროცესი კოგნიტური თვალსაზრისით ორ დონეს მოიცავს _ გაგება( პირველ რიგში უნდა გაიგო) და ინტერპრეტაცია(ანალიზი, შეფასება _ ღრმად სააზროვნო ოპერაციები). ერთი შეხედვით, ყველას წარმოუდგენია, რომ გაგება უფრო მარტივია, ვიდრე ინტერპრეტაცია, მაგრამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში, ტექსტის შინაარსის გაგება და მასში ინფორმაციის მოძიებაზე ორიენტირებული დავალებების შესრულება უფრო გაუჭირდათ მოსწავლეებს, ვიდრე ტექსტით გადმოცემული შეხედულებების, მოსაზრებების, იდეების, პერსონაჟთა სახეების ამოცნობა, მაგალითად, შედარებით ძლიერ მოსწავლეებსაც კი არ გაუადვილდათ ისეთი ტესტური დავალებების შესრულება, რომლებიც საგნების, მოვლენებისა თუ ფაქტების რაიმე კონკრეტული ნიშნით კლასიფიკაციას, ან მოვლენათა თანამიმდევრობის ამოცნობასა თუ აღდგენას მოითხოვდა, რაც შესაძლებელია არა კოგნიტური, არამედ ოპერაციონალურ დონეზე არასაკმარისი გავარჯიშების პრობლემა იყოს.
 
 
მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგებისა და გააზრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, გაიზარდა არამხატვრული ტექსტების ხვედრითი წილი და ეს საკმაოდ უხვად აისახა სახელმძღვანელოებშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მხრივ ხარვეზები ჯერ კიდევ არის. შესაბამისად, მიღწევებთან ერთად ნაკლზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ზოგადი დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების აღქმა-გაგება უფრო უადვილდებათ, ვიდრე არამხატვრულის. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მიღწევის საშუალო და დაბალ დონეებზე მყოფ მოსწავლეებში. საშუალოზე მაღალ და მაღალ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს შორის ეს განსხვავება არ შეინიშნება, ფაქტობრივად, თანაბრად შეუძლიათ გაართვან თავი.
 
შეფასების შედეგად გამოვლინდა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლეთა სასწავლო შედეგებთან ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მშობლების ფაქტორი. ყველა საერთაშორისო კვლევასა და სახელმწიფო დონის კვლევაში, რასაც ჩვენ ვიცნობთ, ძალიან დიდი როლი ენიჭება მშობლების ჩართულობას და მათთვის შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას იჩენს მშობელი შვილის განათლებისადმი, მით უფრო დაბალია მისი მიღწევის დონე. რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში, მით უფრო იმატებს შედეგი.
 
მნიშვნელოვანია, ასევე, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა _ აქ ძალიან საინტერესო შედეგი გამოიკვეთა. მოსწავლეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ მასწავლებელთან _ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პრობლემაა, ცუდი შედეგები აქვთ, მათი უმრავლესობა მიღწევის დაბალ დონეზეა. როცა არის თანამშრომლობითი, საშუალოზე უკეთესი ურთიერთობა, შედეგები გაცილებით უმჯობესდება. მაგრამ თუ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ზედმეტად კარგი ურთიერთობაა, ანუ გარკვეულ ზღვარს მიღმა გადასული, შედეგები საგრძნობლად უარესდება. ეს ძალიან თვალსაჩინო შედეგია და მასწავლებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ამ ფაქტორზე.
 
საინტერესოა, როგორ აისახება შედეგზე მოსწავლის გარეგანი და შინაგანი მოტივაცია _ რატომ ასრულებენ დავალებას: აინტერესებთ, სიამოვნებთ, მასწავლებლის ეშინიათ, მშობლის ეშინიათ, უნდათ თავი წარმოაჩინონ თუ სხვ. ამ მხრივაც საგულისხმო შედეგები გვაქვს. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ამბობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ მასწავლებელი არ ეჩხუბოს ან იფიქროს, რომ კარგი მოსწავლეა, როგორც წესი, მიღწევის დაბალ დონეზეა. რაც უფრო რბილდება შეფასება და ამბობენ, რომ არა, ასე არ არის, მით უკეთესია შედეგები. ასევეა შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში _ თუ მოზარდი ამბობს, რომ დავალების შესრულება მისთვის სახალისო და სასიამოვნოა _ შედეგიც მაღალია.
 
მასწავლებლები ხშირად ამბობენ, მოსწავლე ვერ კითხულობს კარგად. რას ნიშნავს ეს? რა უნარი არ აქვს გამომუშავებული? ამ თვალსაზრისით, მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი კვლევა, რადგან აქ გაწერილია კითხვის ყველა კომპონენტი, რომელთა დაუფლებაც სჭირდება მოსწავლეს იმისთვის, რომ წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბდეს. როდესაც მასწავლებლები კვლევის შედეგებს გაეცნობიან, უკეთ გააანალიზებენ, რატომ ვერ კითხულობს ესა თუ ის მოსწავლე. მასწავლებლებისთვის ჩვენი კვლევის შედეგები ამ თვალსაზრისითაც ძალიან საჭირო დოკუმენტი იქნება. ფაქტობრივად, ეს იქნება გზამკვლევი, თუ როგორ გააგრძელონ შემდგომში მუშაობა.
 
 
კვლევას საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო უძღოდა წინ. პირველ რიგში, კომპონენტების მიხედვით გაიწერა კითხვის სფეროები. შემდეგ შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ტესტური დავალებები, რომელთაგან თითოეული კითხვის ერთი კონკრეტული კომპეტენციის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული. ტესტური დავალებები ორჯერ გამოიცადა, რის შედეგადაც ზოგიერთი დაიხვეწა, ზოგი გადაკეთდა, ზოგიერთზე საერთოდ უარი ითქვა. შემდეგ ჩატარდა ტესტის გამოცდა, რის შედეგადაც ის საბოლოოდ დაიხვეწა. ჩატარდა ტესტირება, რომლის საფუძველზე მივიღეთ ემპირიული შედეგები, კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც შევძელით ტესტური დავალებების სირთულის შკალაზე დალაგება მიღწევის დონეების მიხედვით. ამას მოჰყვა სტანდარტის დადგენის პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ მასწავლებლები, სახელმძღვანელოების ავტორები, მეცნიერები და განათლების ფსიქოლოგები, ანუ საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტები. შემდეგ შეჯერდა ემპირიული და ექსპერტული შედეგები. გამოიყო და აღიწერა მიღწევის დონეები. როგორც ხედავთ, მთლიანობაში საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცედურა გავიარეთ.
 
2010 წლის შემოდგომაზე ყველა დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს დაწვრილებით ანგარიშს ჩატარებული ეროვნული შეფასების შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ანალიზი, აგრეთვე, შესაბამისი რეკომენდაციები საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის.
 
მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეირჩა ტესტური დავალებები, რომლებსაც 4 წლის შემდეგ ტესტირებისას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა შეიცვალა _ პროგრესი გვაქვს, რეგრესი თუ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით.
 
ესუბრა ლალითვალაბეიშვილი 

25-28(942)N