2013-03-27 „მოდით, ერთად მივცეთ მათ უკეთესი მომავლის შანსი“ „ვუძღვნი ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ადამიანების სითბო აკლიათ, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც აკლდა ბევრი და ყველაზე მთავარი — ოჯახური სითბო, განათლება და პირობები. მეც მინდა თქვენნაირი ვყოფილიყავი, ჩვეულებრივი წევრი. მე დღეს მათი სახელით გელაპარაკებით, იმ ბავშვების, ვინც ცხოვრობენ ჩვენგან შორს, ქუჩაში, ოჯახში ან ბავშვთა სახლში და რომელთაც გული სტკივათ იმის გამო, რომ არ არიან ისეთები, როგორც ყველანი, რომელთაც სულ პატარა სითბო და ადამიანური ყურადღება ენატრებათ, მაგრამ იმედით აგრძელებენ ცხოვრებას იმის იმედით, რომ გაჩნდებიან ერთ დღეს მათ ცხოვრებაში ადამიანები, ვინც ხელს მოკიდებენ და გზის გაკვლევაში დაეხმარებიან. ეს ადამიანები თქვენ ხართ. მოდით, ერთად მივცეთ მათ უკეთესი მომავლის შანსი, რადგან მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით შეიძლება მოხდეს სასწაული მათ ცხოვრებაში.“ — ეს წერილი პავლე კონდრატევს ეკუთვნის, რომელმაც ფოტოკოლაჟი მიუძღვნა „ამ სასწაულის“ მომლოდინე ასობით მოწყალების მისაღებად ქუჩაში გამოსულ თანატოლს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე რომ კვლავ ყველაზე მნიშნელოვან პრობლემად რჩება, ქუჩაში გამვლელი ამას ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეც იოლად იგრძნობს. რეალობის ამსახველი სტატისტიკა კი, მართლაც, უკიდურესია. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში 77 ათასი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმაა, მათთვის განკუთვნილი მხოლოდ 2 ლარი კი, ბუნებრივია, ცხოვრების ელემენტარულ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს. „ქუჩის ბავშვების“ ფენომენის გაჩენის მთავარ მიზეზთან — სიღარიბესთან ერთად, ოჯახური ძალადობა, ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარება, დისფუნქციური ოჯახები სახელდება. შედეგი არასახარბიელოა, მით უფრო, როცა მსგავსი ბავშვების რიცხვი დღითი დღე იზრდება.
ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი აღნიშნავს, რომ „მეტი მოქმედებაა საჭირო ქუჩის ბავშვების დასახმარებლად. ევროკავშირი მუდმივად ფოკუსირებულია ყველაზე დაუცველთა უფლებებზე. ევროკავშირი, საქართველოს მასშტაბით, უკვე იცავს ბავშვთა უფლებებს ათი სხვა პროექტის მეშვეობით, რასაც ერთი მილიონი ევრო ხმარდება“.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი აღნიშნავს, რომ: „ქუჩაში მყოფ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი განათლებასა და ჯანდაცვის სათანადო მომსახურებაზე. ისინი ხშირად რეგისტრირებულიც არ არიან და, შესაძლოა, სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნიც გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ნაკლები შანსი აქვთ, გახდნენ აქტიური და განათლებული მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომაც, აუცილებელია ისეთი პროგრამების ამოქმედება, რომლებიც ამ ბავშვების უფლებებს დაიცავს“.
27 თებერვალს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ საქართველოში ახალი პროგრამა — „ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე საქართველოში“ — წარმოადგინეს. პროგრამა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მძიმე გავლენის ქვეშ მყოფ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. არასტაბილური ცხოვრების წესის, ჯანდაცვის მომსახურების ხელმიუწვდომლობისა და არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო, ეს ბავშვები საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ამ პროგრამის ფარგლებში კი, მათთვის ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი ამუშავდება. ინიციატივის ფარგლებში, დაიწყება ამ ბავშვების იდენტიფიცირება და მათი კონკრეტულ პროგრამებში ჩართვა.
პროექტი, პირველ წელს, თბილისში განხორციელდება, მეორე წელს კი — ბათუმსა და ქუთაისში. დაახლოებით 700 ბავშვზეა გათვლილი და მათ შესთავაზებს შემდეგ მომსახურებას:
t შეიქმნება ოთხი მობულური ჯგუფი, რომლებშიც შევლენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მოსწავლეები და თანატოლ-განმანათლებლები და შეაფასებენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
t დაარსდება ბავშვებზე ზრუნვის ოთხი დღის ცენტრი, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, შესთავაზებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას განათლების ოფიციალურ სისტემაში.
t ამუშავდება სამი 24-საათიანი თავშესაფარი, რომელთა მიზანი ბავშვების ქუჩისგან განრიდება და ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტირება იქნება.
აღნიშნულ ორწლიან ინიციატივას ევროკავშირი აფინანსებს 750 000 ევროთი, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდი — 100 000 ევროთი. პროექტს ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით. პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროები და თბილისის მერია. არასამთავრობო ორგანიზაციები — „ვორლდ ვიჟენი“, „კარიტას საქართველო“ და „ბავშვი და გარემო“ ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებულ სათანადო მომსახურებას შესთავაზებენ.
ინიციატივის ძირითადი ასპექტები დეტალურად გააცნო შეკრებილ საზოგადოებას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამუკა მაჭავარიანმა:
„ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო და რეფორმის ძირითადი მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება და ბავშვთა ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა . პრიორიტეტულ მიმართულებას დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს, რაც გულისხმობს დიდი ზომის ბავშვთა სახლების ჩანაცვლებას ალტერნატიული მზრუნველობის ფორმებით და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას. რეფორმის შედეგად დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა შემცირდა — 2004 წელს დაწესებულებებში იმყოფებოდა 5200 ბავშვი, ხოლო 2013 წლისთვის მათი რიცხვი 100-მდე შემცირდა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2013 წელს უნდა დასრულდეს. რეფორმის შემდშგომი ეტაპი კი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები არიან. 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს დიდ ქალაქებში 1500-მდე ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგანაც უმრავლესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ახალი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით სოციალური მომსახურების სააგენტომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა „მოწყვლადი ბავშვებისათვის, განსაკუთრებით ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისათვის მომსახურების სისტემის ჩამოყალიბებას“ გულისხმობს. ახალი ინიციატივის მიზანია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის ისეთი მომსახურების ქსელის განვითარება, რომლის საშუალებით ეტაპობრივად მოხდება ბავშვების /მათი ოჯახების ჩანერგვა ბავშვთა დაცვის და სოციალური დაცვის ძირითად სისტემაში.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომელშიც გაერთიანდებიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი/პედაგოგი; დამხმარე მუშაკი (თანასწორ-განმანათლებელი) და მძღოლი/ადმინისტრაციის მუშაკი. მობილური ჯგუფი მოიძიებს ბავშვებს ქუჩაში და სწორედ ისინი დაამყარებენ მათთან პირველად კონტაქტს. მათ უნდა შეძლონ ამ ბავშვების ნდობის მოპოვება და დღის ცენტრებში მოზიდვა. ხოლო შემდგომ დღის ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვების დღის და კრიზისული თავშესაფრის ტიპის მომსახურებას. აქ ბავშვებს საშუალება ექნებათ მიიღონ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, დაიკმაყოფილონ ჰიგიენური მოთხოვნები და, ამავდროულად, ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობებში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება მშობლებთან, რათა მათ ბავშვების ცხოვრებაში უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულონ. თუ მოკლე ვადაში შეუძლებელია ოჯახში დაბრუნება, ბავშვები 24-საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში გადასაყვანად მომზადდებიან. 24-საათიანი ტრანზიტული მომსახურების მიზანი კი, იმ ბავშვებთან მუშაობაა, რომლებიც მომსახურების სტაბილურად მიღებისათვის მზად არიან. განისაზღვრება თავშესაფარში ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის შესაძლო ფორმები, ასევე, მათი მომზადება ბავშვზე ზრუნვის სისტემაში არსებულ სხვა მომსახურებებში ჩასართავად.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სათათბირო საბჭო, რომელიც გახდება მიკრო დონეზე გადაწყვეტილების მიმღები/ზედამხედველი მთავარი ორგანო. სათათბირო საბჭო განიხილავს შემუშავებულ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, ჩაერთვება ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც დაკავშირებული იქნება უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს ბავშვთა ფონდი; სახალხო დამცველი; თბილისის მერია; არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ უწყებების წარმომადგენლობით დაკომპლექტდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფები: ქუჩის ბავშვების დოკუმენტაციაზე მომუშავე ჯგუფი; მომსახურების სპეციფიკა, მომსახურების მოქნილი ფინანსური უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რეფერირების მექანიზმის აწყობა და სხვ.“
პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უწყება, რომლებმაც ამ მეტად საჭირო პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
ყველაზე დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ახალი ინიციატივა მრავალ ასპექტს მოიცავს და კონკრეტულ შედეგებზეა გათვლილი. მათგან უმთავრესი კი, პირველ რიგში, ქუჩის ბავშვების იდენტიფიცირება და მათი სავარაუდო რაოდენობის დადგენაა; პროგრამის ამოქმედება უფრო გამოკვეთავს კონკრეტულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს — ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებს (სადაც ეს შესაძლებელი გახდება), ხოლო იმ ბავშვებისთვის, რომელთა რეინტეგრაცია არ ხერხდება, განისაზღვრება ალტერნატიული ზრუნვის ფორმები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახდება მათი უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. პროგრამის საბოლოო მიზანი კი, პრობლემების მართვის მრავალპროფილიანი სისტემის შექმნაა, რაც მაქსიმალურად აღმოფხვრის ბავშვების ქუჩაში მოხვედრის მიზეზებს, ხელს შეუწყობს მათ, თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. შექმნილი სისტემა ხელს შეუწყობს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ბავშვების რაოდენობის შემცირებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ პატარებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ერთხელ მაინც შეუხედავს ქუჩაში ხელგამოწვდილი სევდიანი პატარასთვის, რომელიც საზოგადოების ნაწილისგან თანადგომას იღებს, ნაწილისგან კი — აგრესიას. არადა, მძიმე ყოველდღიური ცხოვრების უკან ძალიან სევდიანი ისტორიები იმალება:
14 წლის ჟანა: „დედაჩემი და მამინაცვალი მაიძულებდნენ ქუჩაში მათხოვრობას. როდესაც ვუთხარი, რომ აღარ მინდა ამის გაკეთება, დედამ დამარტყა. მამინაცვალი მთხოვდა, რომ ფული მისთვის მიმეტანა, რადგან სასმელისთვის და სიგარეტისთვის სჭირდებოდა... რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჩემნაირ გოგონას. არ მჯერა მომავლის, ჩემნაირ გოგონას არ უნდა ჰქონდეს მომავალი. მე არ მყავს ოჯახი, უარს ვამბობ იმ კაცთან ცხოვრებაზე, რომელიც სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, როცა 10 წლის ვიყავი და დედა ამისგან არ მიცავდა.“
ჟანა ერთი წლის წინ პატრულმა მიიყვანა გლდანის კრიზისული ცენტრის 24-საათიან თავშესაფარში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. მას შემდეგ იქ ცხოვრობს და ამბობს, რომ არასოდეს დაბრუნდება ოჯახში და 18 წლის რომ გახდება, თავად იპოვის საკუთარ გზას.
18 წლის დათო: „16 წლიდან ვცხოვრობ კრიზისულ ცენტრში. 13 წლის ვიყავი, როცა მარტო დავრჩი, მეზობლებმა ბავშვთა სახლში წამიყვანეს. არ ვიცოდი, დედა სად იყო. ერთ დღეს ვიღაც მოვიდა ციხიდან და დედასთან შესახვედრად წამიყვანა. მას შემდეგ ხშირად მივდიოდი მასთან. 15 წლის ვიყავი, როცა დედა ციხიდან გამოუშვეს. სკოლაში არ დავდიოდი, უმეტეს დროს ქუჩაში ვატარებდი. იმ დღეს, რატომღაც, ჯერ კიდევ სახლში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი და ისიც კი მახსოვს, რას ვუყურებდი. დედამ მთხოვა, წყალი მომიტანეო. მოვუტანე და ის უცებ დაეცა. მე ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, მაგრამ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დედა გარდაიცვალა. მას შემდეგ არ მენაღვლებოდა, სად დავრჩებოდი, საერთოდ არაფერი არ მენაღვლებოდა. ისევ ბავშვთა სახლში მივედი. ვფიქრობ, ეს სიტუაცია დამეხმარა პრობლემების გადალახვაში“.
დათომ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. დედის დაკარგვა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, საკუთარ თავსაც კი ადანაშაულებდა, რომ ვერ დაეხმარა. ახლა, როცა მომავალზე ეკითხებიან, ამბობს: „რადგან ღმერთმა აქამდე არ მიმატოვა, ალბათ, მომავალშიც დამეხმარება. მე თითოეული დღით ვცხოვრობ და არ ვიცი, რა იქნება მომავალში“.
ასეთი მძიმე და სევდიანი ისტორებითაა გაჟღენთილი ქუჩის ბავშვების ყოველდღიურობა. მათთვის მომავლის რწმენის დაბრუნებას და ცხოვრების სწორ გზაზე დაყენებას უზრუნველყოფს სწორედ ეს პროექტი.
დაბოლოს, მინდა ისევ პავლე კონდრატევის წერილიდან პატარა ამონარიდი შეგახსენოთ: „მოდით, ერთად მივცეთ მათ უკეთესი მომავლის შანსი, რადგან მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით შეიძლება მოხდეს სასწაული მათ ცხოვრებაში“.
ლალი ჯელაძე
|