გამოდის 1998 წლიდან
2010-05-27
„ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს”

 
ძლიერი პიროვნების კულტი კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში”
 

თანამგზავრებს ეძიებს შემოქმედი, არა ცხედართ, არა ჯოგს, არა ხალხს, 
შემოქმედი ეძიებს თანაშემოქმედთ, რომელნი სწერენ ახალ საუნჯეს ახალ ფიცარზე.“

ფრიდრიხ ნიცშე
 
კონსტანტინე გამსახურდიას სახით ჭეშმარიტად იპოვა თანამგზავრი ნიცშემ, გამსახურდიამაც იპოვა თანაშემოქმედი გერმანელი გენიოსის სახით. სწორედ ძლიერი პიროვნების ძიება, რაინდული, უტეხი სული და განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარი აერთიანებს გოეთეს, ნიცშესა და გამსახურდიას. სწორედ შინაგანი სიახლოვე და აზრთა თანაზიარობა იგრძნო კონსტანტინემ, როცა სრულიად ახალგაზრდამ თარგმნა ჯერ ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ რამდენიმე თავი, მერე კი გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“. გერმანული ფილოსოფიური სკოლის სიყვარულმა მისი ცხოვრების გზა შეცვალა და სწავლა განაგრძო ჯერ ლაიპციგის, მიუნხენის, კენისბერგის, მერე ბერლინის უნივერსიტეტებში, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
ნიცშე წერს: „მთაში მწვერვალიდან მწვერვალამდე უმოკლესი გზაა, ხოლო ამად ჯერ არს, გრძელი ფეხები გქონდეს. იგავნი მწვერვალთა მსგავსნი არიან და რომელნი იგავებით გელაპარაკებიან, ტანადნი და მაღლად ზრდილნი.“ ასეთი იყო კონსტანტინე გამსახურდიაც, ტანადი, მაღლად ზრდილი, არისტოკრატიული პროფილითა და თავდაჭერით, იგავმიუწვდენელი ცოდნითა და გენიოსური გონებით. იგავურად გადმოცემული სიბრძნე მის ნაწარმოებებში გამაოგნებელია ხშირად. თავად ურყევი ნებისყოფისა და ძლიერი შინაგანი ნების მქონე პიროვნება უმეტესად ასეთივე პერსონაჟებს ხატავს - კონსტანტინე სავარსამიძე („დიონისოს ღიმილი“), თარაშ ემხვარი („მთვარის მოტაცება“), დავით აღმაშენებელი, („დავით აღმაშენებელი“) - ყველას აერთიანებს საოცრად მიზანსწაფული ხასიათი და შეუდრეკელი ბუნება. განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ „დიდოსტატის მარჯვენა“. გიორგი მეფე, კონსტანტინე არსაკიძე, შორენა კოლონკელიძე, ზვიად სპასალარი, მელქისედეკ კათალიკოსი, ფარსმან სპარსი, მარიამ დედოფალი - მათი სიცოცხლეც გამორჩეულია და სიკვდილიც, ტრაგიკული ფინალი წინასწარ ნაგრძნობია თითქოს, მაინც არც ერთი პერსონაჟი წარბსაც არ იდრეკს მოსალოდნელი განსაცდელისა და საშიშროების წინაშე. ისინი წყნარი ცხოვრებისათვის არ არიან გაჩენილნი, მათ სიცოცხლეს მიზანი ენიჭება ბრძოლისა და თავგანწირვის დროს.
მწერალი უხვად აფერადებს სათქმელს პოეტური ფრაზებითა და სახე-სიმბოლოებით, მაინც შეიძლება რამდენიმეს გამოყოფა, რომელთაც ადამიანის მებრძოლი სულის სიმბოლოდ იყენებს შემოქმედი. „ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს“ - ეს პოეტური ფრაზა პირველად ჩნდება XXIX თავში, როცა დიდოსტატი შეიტყობს, რომ შორენა არ არის მისი ძუძუმტე და ქალი ერთბაშად გადასხვაფერდება მის წარმოსახვაში, და მერე მთელ ნაწარმოებში ლაიტმოტივად გასდევს დიდოსტატის ხაზს. საგულისხმოა, რომ რომანში ორი ცენტრალური ხაზია: დიდოსტატი -  შორენა -  მეფე გიორგი, და ფარსმანი - დიდოსტატი - მელქისედეკი. ორივე სამკუთხედში დიდოსტატი თავიდანვე განწირულია და მან ეს იცის, სასიყვარულო სამკუთხედში მეფე არ დაუთმობს მას შორენას, ხოლო მეორე შემთხვევაში  - ფარსმანი არ აპატიებს პირველობის წართმევას. მაინც ვაჟკაცურად იწყებს ბრძოლას კონსტანტინე ორივე მიმართულებით. მამალი ხოხობი და ავაზა მწერლის საყვარელი სახე-სიმბოლოებია რაინდული სულისა და ვაჟკაცობის დემონსტრირებისას, ღამესთან ბრძოლა კი უდაოდ ცხოვრებასთან ჭიდილთან ასოცირდება. საგულისხმოა, რომ ეს ფრაზა მხოლოდ ერთხელ განიცდის სახეცვლილებას, როცა მარჯვენამოკვეთილი უტა სიკვდილს ელის, მწერალი წერს: „დიდხანს ებრძოდაო მამალი ხოხობი ღამეს.“ ვფიქრობთ, ამ ერთი სიტყვის შეცვლით მწერალმა გაცილებით მეტი გვითხრა, ვიდრე ათი მარტივი წინადადებით გვეტყოდა.
მორიელების სახე-სიმბოლოც მნიშვნელოვანია ნაწარმოებში, „მორიელებმა გამოტეხესო ქვითკირი“ - ამცნობს მსახური ნონაი დიდოსტატს. პირველად ეს ფრაზა ჩნდება, როცა უტა სიზმარში ნახავს შორენას. აქედან იწყება ჭიდილი მის სულში სიყვარულსა და ხელოვნებას შორის, სიყვარულმა გამოტეხა ქვითკირი უტას სულში, თუმცა, მეორე მხრივ, მორიელების ხსენებით, რაც სიკვდილის საფრთხეს განასახიერებს, მწერალი მიგვანიშნებს, რომ იქვე ჩაისახა დიდოსტატის სასიკვდილო განაჩენიც. დამარცხდა დიდოსტატი ხელოვნებასა და ფარისევლობას შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, დამარცხდა მისი სიყვარულიც, თუმცა მამალი ხოხობი დარჩა ვაჟკაცური ბრძოლისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ, ხოლო სვეტიცხოველი - მარადიული მშვენიერების სახებად.
და კვლავ ნიცშე: „ჭეშმარიტად, ადამიანი ბინძური მდინარეა, ჭეშმარიტად, ზღვა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეირთო და არ წაიბილწო.“ „დიდოსტატის მარჯვენაში“ გამორჩეულად მაღალი სულის ადამიანი და ძლიერი პიროვნებაა მელქისედეკ კათალიკოსი. იგი თითქოს ზუსტად ამართლებს ნიცშეს სიტყვებს, თავის თავში იერთებს ზვიად სპასალარისა და გიორგი მეფის ვერაგულ ზრახვებს (ძელიცხოვლის მოწამვლა და მერე ამ ჯვრით ჭიაბერის მოკვდინება), და მაინც რჩება წმინდა, შეურყვნელი, მისი სისუფთავე და უდანაშაულობა არავის თვალში არ ბადებს ეჭვს, მწერალი ქედს იხრის ასეთი მტკიცე ნების მქონე ადამიანის წინაშე. მაგრამ სწორედ მელქისედეკია ის ფიგურა, რომელმაც არ დაინდო ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათის ავტორი, დიდოსტატს მკრეხელობა და ამპარტავნება დასწამა და სასიკვდილოდ გაწირა. ნაწარმოებში ბინძური მდინარის პროტოტიპიც მოიძებნება, ასეთია ფარსმან სპარსი, კაცი - უსამშობლო, ურწმენო, უმეგობრო, შურიანი, ღვარძლიანი, თუმცა, იმავდროულად, ბრძენი, ირიბმეტყველებით განთქმული და პიროვნულად ძლიერი (რამდენჯერ აწამეს, მაგრამ რკინისმკვნეტელი ხმლების საიდუმლო ვერ ათქმევინეს). გრძნობს რა, რომ არსაკიძე მას ჯაბნის მხატვრობაშიც და ხუროთმოძღვრებაშიც, ცინიკურად დასცინის, ცდილობს, გააუბრალოვოს მისი შრომა და ირიბულად ბნელმეტყველებს. მისთვის ცხოვრება „უდაბნოა ურწყული და უნდა ეცადო, გარს შემოუარო“. ურწყული უდაბნო ქრისტიანული თვალსაზრისით იმიტომ ჰგავს ცხოვრებას, რომ წუთისოფელი სავსეა ათასგვარი ცდუნებითა და განსაცდელით, ამიტომ უნდა ეცადო, სუფთად გაიარო შენი ცხოვრების გზა. მაგრამ ფარსმანისთვის მართლა უწყლო უდაბნოა ცხოვრება, მას წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს ქვეყნიერებაზე, ამიტომ იღუპება უთვისტომოდ, უპატრონოდ თვისტომთა შორის. დიდოსტატის სიმბოლო -  მამალი ხოხობი - ფარსმანის პორტრეტის ხატვისას გაკვრით არის ნახსენები, თუმცა ესეც საკმარისია, რომ მკითხველი მიხვდეს, ფარსმანს ეშინია მამლის, იმიტომ რომ მამლის ყივილს განთიადი მოსდევს, მას კი სიბნელე ურჩევნია, ღამე და ბოროტების საუფლო. „რა საოცარი არსებაა მამალი! იგი მარადჟამს ცისკენ იყურება. მზისა და სიკვდილის მოახლოების მაცნეა მამალი, ღამესთან მორკინე და მარადჟამს ღამისმთეველი.“ ამ შემთხვევაში მამლის ყივილი მისი აღსასრულის მაუწყებელია და ამიტომაც უფრთხის მას ფარსმანი.
თავისი პერსონაჟების დარად კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებაც ტრაგიზმითა და განსაცდელით იყო სავსე. სამწლიანი პატიმრობა, რეპრესიები, გადასახლება, დევნა საბჭოთა ხელისუფლების დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის და ბოლოს, პირადი ტკივილი - მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალება - ყველაფერს გასაოცარი სიმტკიცითა და შეუპოვრობით უმკლავდებოდა მწერალი. ვაჟკაცურად იბრძოდა ბოლომდე, ხანდახან უჭირდა ძლიერ, მაგრამ თავს იმხნევებდა: „ძლიერებს მუდამ უფრო მეტად უჭირთო ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მხიარულად დაცუნცულებენ.“
მაინც რა ევალება შემოქმედს, ალბათ ის, რომ თავისი ქმნილების თანაზიარი გახადოს სხვა. თუ ბოლომდე ვერ შეიმეცნებენ ადამიანები მისი ქმნილების სიდიადეს, მშვენიერებით ტკბობას მაინც ისწავლიან. „როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კვლავაც. მართლაც და სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?!“
 
ქეთევან ქათამაძე
თბილისის 144 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

25-28(942)N