გამოდის 1998 წლიდან
2012-10-25
ქარ­თ­ველ რო­მან­ტი­კოს­თა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი

 წერილი პირველი

ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე
„ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ფხიზ­ლად მსჯე­ლო­ბა გრძნო­ბა­თა და­უხ­მა­რებ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, წერ­და იოსებ გრი­შაშ­ვი­ლი, — იგი იყო დი­დი გრძნო­ბის მომ­ღე­რა­ლი, უხ­ვი, ლა­ღი, ჭარ­ბი, გულ­დოვ­ლა­თი­ა­ნი. მი­სი ლექ­სის ჯა­ვა­რი — ეს არის გრძნო­ბა“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; VII).
გა­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი ამ გრძნო­ბა­მო­ძა­ლე­ბუ­ლი პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ას, ორი სა­უ­კუ­ნის მიღ­მა რომ იწყე­ბა, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სვე-ბედს რომ ირეკ­ლავს და ასე­რი­გად ბევრს გვე­უბ­ნე­ბა ჩვენს წარ­სულ­ზეც და ჩვენს ხა­სი­ათ­ზეც.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ალექ­სან­დ­რე ვა­ჟი იყო გარ­სე­ვან ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა, — რუ­სეთ­ში  ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს ელ­ჩის, 1783 წელს გე­ორ­გი­ევ­ს­კ­ში და­დე­ბუ­ლი ტრაქ­ტა­ტის თა­ნაავ­ტო­რი­სა და ხე­ლის­მომ­წე­რის, მე­გობ­რე­ბი გარ­სე­ვანს „პა­ტა­რა კა­ხის მარ­ჯ­ვე­ნა ხელს“ უწო­დებ­დ­ნენ, ხო­ლო მტრე­ბი გეს­ლი­ა­ნად ამ­ბობ­დ­ნენ, რომ „გარ­სე­ვან­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი შეს­ძი­ნა და სა­მა­გი­ე­როდ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი და­ა­კარ­გ­ვი­ნაო“.
ალექ­სან­დ­რე პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ი­ბა­და, ეკა­ტე­რი­ნე მე­ო­რის ნათ­ლუ­ლი იყო, გა­ნათ­ლე­ბაც კერ­ძო პან­სი­ონ­ში რუ­სულ-ფრან­გულ-გერ­მა­ნუ­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­გორც კი 1804 წელს ხმა და­ირ­ხა — მთი­უ­ლეთ­ში ფარ­ნა­ოზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი აჯან­ყ­დაო, — ჭა­ბუ­კუ­რი რო­მან­ტიზ­მით ატა­ცე­ბუ­ლი, სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და მე­ამ­ბო­ხე­ებს შე­უ­ერ­თ­და.
აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი მა­ლე­ვე შე­იპყ­რეს, — მათ შო­რის — თვრა­მე­ტი წლის „ბე­დის ნე­ბი­ე­რი“ — ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მელ­საც ახ­ლა დროც ჰქონ­და და მი­ზე­ზიც, რა­თა მი­სი საყ­ვა­რე­ლი ევ­რო­პე­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბის მგსავ­სად, სევ­დი­ა­ნი ლექ­სე­ბი ეწე­რა:
ეჰა, ყა­რი­ბო, სევ­დის მკრი­ბო ნუ გაქვს ღაწვთ ბა­ნა,
მოკ­ვ­დავ­თ­თ­ვის ჭი­რი ანუ ძვი­რი უკ­ვ­დავ არს გა­ნა?
ჟა­მი­სა ფრთე­თა მა­ლად მფრენ­თა წა­რი­ღონ თა­ნა,
ჩე­მებ­რ­თა ჰკითხე, წა­რი­კითხე სოფ­ლის ან­ბა­ნა,
მა­შინ სცნო რე­ცა, ერ­თ­გ­ზის მე­ცა ვი­ყავ პყრო­ბი­ლი.
ნუ ჰგო­ნებთ ვი­თა სი­შო­რი­თა ვი­ყომ­ცა ცვლი­ლი.
(ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940, 126)
ალ­ქ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლად ცნო­ბი­ლი „ვი­საც გსურთ ჩემ­თა ამ­ბავ­თა ცნო­ბა...“ და მთე­ლი წყე­ბა ლექ­სე­ბი­სა — „ოჰ, წარ­მა­ვალ­ნო“, „მსურ­და ოხ­ვ­რა“, „პყრო­ბი­ლი­სა­გან თა­ნაპყ­რო­ბილ­თა მი­მართ“, „მწა­მებ ხსოვ­ნი­სა“ (რომ­ლის ბო­ლო სტრი­ქო­ნე­ბიც აქ გა­ვიხ­სე­ნეთ) — მი­სი პირ­ვე­ლი პა­ტიმ­რო­ბი­თა და ტამ­ბოვ­ში გა­და­სახ­ლე­ბით თა­რიღ­დე­ბა.
გარ­სე­ვა­ნი ვა­ჟიშ­ვილს ტამ­ბოვ­ში გაჰ­ყ­ვა და ახ­ლა იქი­დან ევედ­რე­ბო­და ხელ­მ­წი­ფე-იმ­პე­რა­ტორს: „მა­ჩუ­ქეთ შვი­ლი, აპა­ტი­ეთ და­ნა­შა­უ­ლი, სიყ­მაწ­ვი­ლით მო­უ­ვი­დაო!“ თბი­ლის­ში დარ­ჩ­ნენ გულ­შე­ღო­ნე­ბუ­ლი დე­და პო­ე­ტი­სა — მაია და ბი­ძა­მი­სი — მწე­რა­ლი და მოგ­ზა­უ­რი გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, მათ პე­ტერ­ბურ­გი­დან სა­სი­ხა­რუ­ლო ცნო­ბა მო­უ­ვი­დათ — იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სან­დ­რემ შე­იწყ­ნა­რა თა­ვი­სი ჭა­ბუ­კი სეხ­ნია და პაჟ­თა კორ­პუს­ში გა­ნა­წე­სა.
იწყე­ბა ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ზე­აღ­მა­ვა­ლი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა: ამ კა­რი­ე­რას ბრწყინ­ვა­ლე ფურ­ც­ლე­ბიც აქვს და არც თუ სა­სა­ხე­ლოც — სიტყ­ვა­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ხე­თის გლეხ­თა აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბა­ში 1812 წელს.
იონა მე­უ­ნარ­გი­ას გად­მო­ცე­მით: „ალექ­სან­დ­რე სწუხ­და, რომ სა­კუ­თარ ძმებ­თან უნ­და ეომა, მაგ­რამ მო­ვა­ლე­ო­ბი­სა და სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნის მო­ნა, ის შე­ე­ბა კა­ხე­ლებს და ცდი­ლობ­და საქ­მე ისე მა­ინც გა­ე­თა­ვე­ბი­ნა, რომ ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა არ მომ­ხ­და­რი­ყო“ (მე­უ­ნარ­გია 1954; 22).
ერთ-ერ­თი შე­ტა­კე­ბი­სას, ალექ­სან­დ­რე მუხ­ლ­ში და­იჭ­რა და აქიმ თურ­მა­ნი­ძე­თა მა­ლა­მო რომ არა, საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დო­და. თურ­მა­ნი­ძე­ე­ბი მარ­თ­ლაც დრო­უ­ლად გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, რად­გან თავ­მომ­წო­ნე 26 წლის ოფი­ცერს უკ­ვე აერ­ჩია თა­ვი­სი სა­ბე­დო — სარ­დალ ივა­ნე ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ა­ნის ქა­ლი — სა­ლო­მე. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ სწო­რედ მის­და­მია მიძღ­ვ­ნი­ლი ეს სტრი­ქო­ნე­ბი:
ვარ­დო კო­კო­ბო, ყოვ­ლ­თა მჯო­ბო, მომ­ხე­დე კრულ­სა,
მე შენ­სა მჭვრეტ­სა, გა­ნა­რეტ­სა, თვალ-და­უ­რულ­სა,
მო­ვედ, მე­კო­ნე და მი­მო­ნე, მე­წამ­ლე წყლულ­სა;
აღ­თ­ქ­მა გრძნო­ბი­თი, წამ-ყო­ფი­თი სრულ უქ­მენ გულ­სა,
გრძნო­ბა­თა ჩემ­თა სა­კა­მა­თოვ, ვაჰ, შენ­გან კლულ­სა!
(ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; 28)
ბე­სი­კის კვალ­დაკ­ვალ, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს ლექ­სი სატ­რ­ფია­ლო ბა­რა­თად გა­და­ექ­ცია, მაგ­რამ, თა­ვი­სი დი­დი წი­ნა­მორ­ბე­დი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ამ ბა­რა­თებს ად­რე­სა­ტე­ბის სა­ხე­ლებს არ აწერ­და. სა­ზო­გა­დოდ, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბის სა­თა­უ­რი­ცა და თა­რი­ღიც პი­რო­ბი­თია — ორი­გი­ნალ­ში  არ არის მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი.
ნი­შან­დობ­ლი­ვია ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი­სე­უ­ლი კო­მენ­ტა­რიც: მა­გა­ლი­თად, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი ლექ­სე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მო­ცე­მა­ში ვნა­ხავთ მი­სი ერთ-ერ­თი ლექ­სის სა­თა­ურ­ში გა­მო­ტა­ნილ სტრი­ქონს — „ნუ მომ­კალ მწა­რედ“, იმ დროს, რო­ცა ხელ­ნა­წე­რი და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია: „სარ იარი და­რამ შაბ. სპარ­სუ­ლია: სურ­ვი­ლი ამა­ღამ მიჯ­ნუ­რის ნახ­ვი­სა“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; 291).
ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ამ, აღ­მო­სავ­ლურ ნა­კად­თან და­კავ­ში­რე­ბით, იოსებ გრი­შაშ­ვი­ლი წერ­და, რომ სამ­მა მგო­სან­მა — ბე­სიკ­მა, სა­ათ­ნა­ვამ და ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ „მუ­ხამ­ბა­ზის ფორ­მა უმაღ­ლეს ხა­რის­ხამ­დე აიყ­ვა­ნეს. კერ­ძოდ, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე მა­ლე გან­თა­ვი­სუფ­ლ­და ირა­ნულ ფორ­მის ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან და თვით ამ მუ­ხამ­ბაზ­ში­აც ახა­ლი სი­ოს შე­ტა­ნით და შემ­დ­გომ­ში ახა­ლი ფორ­მის მო­მარ­ჯ­ვე­ბით (ის ხომ პუშ­კი­ნის პირ­ვე­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლი იყო) ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მა­ღა­ლი და ბრწყინ­ვა­ლე ად­გი­ლი და­ი­ჭი­რა“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; XXIII).
ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის გულ­დამ­წ­ვა­რი მუ­ხამ­ბა­ზე­ბი, რო­გორც წე­სი, ჭი­ა­ნუ­რის ან თარ-ჩონ­გუ­რის აკომ­პა­ნი­მენტს გუ­ლის­ხ­მობ­და. ჩონ­გურ­ზე თვი­თო­ნაც უკ­რავ­და, მაგ­რამ, რა­ღა თქმა უნ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უთ­ბე­ბო­და გუ­ლი, რო­დე­საც გა­ი­გო­ნებ­და, რო­გორ აჟ­ღე­რებ­დ­ნენ მის გრძნო­ბა­მო­ძა­ლე­ბულ სტრი­ქო­ნებს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სე­ლი აშუღ-მე­სა­ზან­და­რე­ნი.
დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი წერ­და, რომ „იმ სიმ­ღე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ცო­ტა თუ ბევ­რად ცნო­ბი­ლია ყო­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი­სათ­ვის, ორი მე­სა­მე­დი მა­ინც, და ისიც სა­უ­კე­თე­სო­ნი გრძნო­ბი­სა და აზ­რის სი­მაღ­ლით, ეკუთ­ვ­ნი­ან ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს“ (აბ­ზი­ა­ნი­ძე 1950, 18).
მაგ­რამ გა­მოხ­და ხა­ნი და რუ­სე­ბის შე­მო­ტა­ნილ­მა გი­ტა­რამ და ფორ­ტე­პი­ა­ნომ ნე­ლი­ნელ გა­ა­ძე­ვა აღ­მო­სავ­ლუ­რი საკ­რა­ვე­ბი... მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და მე­ო­ცეს დამ­დეგს, უკ­ვე ან­დ­რია ყა­რაშ­ვილს, ია კარ­გა­რე­თელ­სა და ფი­ლი­მონ ქო­რი­ძეს გა­დაჰ­ქონ­დათ „დამ­წე­რის ლექ­სე­ბი“ ქა­ლა­ქურ ჰან­გ­ზე, ხო­ლო წარ­მ­ტა­ცი ნა­ტო გა­ბუ­ნია მსმე­ნე­ლებს ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი „ჭმუნ­ვის მახ­ვი­ლით“ ატ­კ­ბობ­და:
ჭმუნ­ვის მახ­ვი­ლი გულ­სა მსო­მია:
მიკ­ვირს, თუ სუ­ლი რად არ მხდო­მია?
მაგ­რამ ახ­ლა მოგ­ვი­წევს გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ ბრძო­ლის ველ­ზე, სა­დაც ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს, ვიდ­რე სა­სიყ­ვა­რუ­ლო და სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე: „ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მიხ­დილ“ ნა­პო­ლე­ონს და­დევ­ნე­ბულ რუ­სულ ჯარ­თან ერ­თად, მან ბრძო­ლით გა­და­სე­რა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი პა­რიზ­ში შე­ვი­და, უკ­ვე რო­გორც ადი­უ­ტან­ტი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჯა­რის ერთ-ერ­თი სარ­დ­ლის — ბარ­კ­ლაი დე-ტო­ლი­სა. ოც­დარ­ვა წლის ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე პა­რი­ზი­დან დაბ­რუნ­და ოქ­როს ხმლით, ზედ ამოტ­ვიფ­რუ­ლი წარ­წე­რით „გუ­ლა­დო­ბი­სათ­ვის“ და რამ­დე­ნი­მე საბ­რ­ძო­ლო ორ­დე­ნით. შემ­დ­გო­მი ორ­დე­ნე­ბი მან მი­ი­ღო უკ­ვე რო­გორც გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა, ბა­ი­ა­ზე­თი­სა და თავ­რი­ზის აღე­ბი­სათ­ვის რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თი­სა და რუ­სეთ-სპარ­სე­თის ომე­ბის დროს. იმავ ხა­ნებ­ში ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე და­ი­ნიშ­ნა სომ­ხე­თის ოლ­ქის მმარ­თ­ვე­ლად, შემ­დ­გომ — სამ­ხედ­რო-მო­საზღ­ვ­რე უფ­რო­სად კა­ხე­თი­სა და ახ­ლა უკ­ვე მო­თა­რე­შე ლეკ­თა და­საფ­რ­თხო­ბად იშიშ­ვ­ლა თა­ვი­სი ხმა­ლი.
სწო­რედ ეს ხმა­ლი შე­მო­იხ­ს­ნა და ჩა­ა­ბა­რა ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ მის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად მო­სულ ჟან­დარ­მებს 1832 წლის დე­კემ­ბერ­ში.
1832 წლის შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ზე იონა მე­უ­ნარ­გია წერ­და: ხუთ­მე­ტი­ო­დე ყმაწ­ვილ­მა კაც­მა გა­ნიზ­რა­ხა მო­ეკ­ლათ საქა­რ­თ­ვე­ლოს მთა­ვარ­მარ­თე­ბე­ლი და ყვე­ლა ცალ­კე ნა­წი­ლე­ბის მო­თა­ვე რუ­სე­ბი, ჩა­ეგ­დოთ ხელ­ში არ­სე­ნა­ლი, ხა­ზი­ნა, მე­ტე­ხი და ბო­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვი­სუ­ფალ სა­ხელ­მ­წი­ფოდ გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ“ (მე­უ­ნარ­გია 1954; 22).
სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე არ­წ­მუ­ნებ­და, რომ არც კი გა­ე­გო­ნა „იგი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი გან­ზ­რახ­ვა“. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ფრან­გუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნი­ლი ტრაქ­ტა­ტი — „ახ­ლო­ით გან­ჩხ­რე­კი­ლი კა­ცი“, თა­ვი­სი გან­წყო­ბით „არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო“ კი იყო, მაგ­რამ სამ­ხი­ლად მა­ინც ვერ გა­მოდ­გე­ბო­და. მაგ­რამ აი ის, რომ შეთ­ქ­მუ­ლე­ბი, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძეს სამ­ხედ­რო მი­ნის­ტ­რად სა­ხავ­დ­ნენ, ხო­ლო მი­სი­ვე ცო­ლის­ძ­მა — ლუ­არ­საბ ორ­ბე­ლი­ა­ნი, ფი­ცით ადას­ტუ­რებ­და თა­ვი­სი სი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას „მა­მუ­ლის გა­მოხ­ს­ნის შეთ­ქ­მა­ში“, — საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და, რა­თა პო­ე­ტი კვლავ ტამ­ბოვ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.
ამ დრო­ი­სათ­ვის იგი ორ­მოც­და­ექ­ვ­სი წლი­სა გახ­ლ­დათ, ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი, ცხოვ­რე­ბის სიტ­კ­ბო­ნა­გე­მი, მაგ­რამ მარ­ცხის დრო­საც ღირ­სე­ბა­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ალ­ბათ, სწო­რედ მას უნ­და ეთ­ქ­ვა:
ვაჰ, დრო­ნი, დრო­ნი ნა­გებ­ნი მტკბა­რად,
წა­რილ­ტ­ვ­ნენ, გან­ჰ­ქ­რ­ნენ სიზ­მ­რებ­რივ ჩქა­რად;
მე იგი­ვე ვარ მა­რად და მა­რად!
არ ვსდევ ჟამ­თა ცვლას,
მე იგი­ვე ვარ მა­რად და მა­რად!
(ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; 4).
რუ­სე­თის ტახ­ტ­ზე ამ­ჯე­რად ნი­კო­ლოზ პირ­ვე­ლი იჯ­და, ხალ­ხ­ში „პალ­კი­ნად“ წო­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ, ეტყო­ბა, მან ჩათ­ვა­ლა, რომ ქარ­თ­ვე­ლებ­თან ლმო­ბი­ე­რი პო­ლი­ტი­კა უფ­რო ჭრი­და და, თუმ­ცა­ღა, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში ეჭ­ვი არ ეპა­რე­ბო­და (წერ­და კი­დეც ამის თა­ო­ბა­ზე გრაფ პას­კე­ვიჩს), შე­რის­ხუ­ლი პო­ე­ტი შე­იწყ­ნა­რა და პე­ტერ­ბურგს იხ­მო. სწო­რედ იქ, პე­ტერ­ბურ­გ­ში წა­რუდ­გე­ნია ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს იმ­პე­რა­ტო­რი­სათ­ვის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი ნარ­კ­ვე­ვი“, რო­მელ­შიც იგი­ შე­უ­ფა­რა­ვად ლა­პა­რა­კობ­და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ­დე მი­სულ თვის­ტო­მებ­ზე და ოდეს­ღაც აყ­ვა­ვე­ბულ, აწ კი გა­ჩა­ნა­გე­ბულ ქვე­ყა­ნა­ზე: „ახ­ლან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მნახ­ვე­ლი ძნე­ლად თუ და­ი­ჯე­რებს, რომ ეს ქვე­ყა­ნა ოდეს­ღაც ჰყვა­ო­და. მი­სი წი­ნან­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­წა­მედ მხო­ლოდ უტყ­ვი ნან­გ­რე­ვე­ბი-ღა დარ­ჩე­ნი­ლა...“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940; 241). ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია, რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბა ეს სიტყ­ვე­ბი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ლი­რი­კის აღი­ა­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შის, „გოგ­ჩის“ გან­წყო­ბი­ლე­ბას:
აჰა, პა­ლატ­თა დი­დე­ბულ­თა ნგრე­უ­ლი ნაშ­თი,
აჰა, ქა­ლაქ­თა ჩი­ნე­ბულ­თა ხვედ­რი უცი­ლო...
ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ წე­რილ­ში კი­ტა აბა­ში­ძე სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ „ეს სამ­გ­ლო­ვი­ა­რო კი­ლო მი­სი ლექ­სე­ბი­სა შექ­მ­ნი­ლი იყო სა­ზო­გა­დოდ მთე­ლი ერის გლო­ვი­სა და ოხ­ვ­რის ზე­გავ­ლე­ნით“ (აბა­ში­ძე 1962; 23), ამით კი­ტა აბა­ში­ძე თით­ქოს არ­ბი­ლებ­და თა­ვის­სა­ვე ულ­მო­ბელ გა­ნა­ჩენს: „ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე არ იყო სა­ე­როვ­ნო მწე­რა­ლი, სა­ე­რო დარ­დე­ბი­სა და ვა­რა­მის გა­მომ­ხატ­ვე­ლი, პო­ე­ტის ამ ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბის მი­ზე­ზი იმა­ლე­ბა იმ ატ­მოს­ფე­რო­ში, რო­მელ­ში­აც იზ­რ­დე­ბო­და, იმ აზ­რ­თა ზე­გავ­ლე­ნა­ში, რო­მელ­ში­აც თა­ვი­სი სიყ­რ­მე-სიყ­მაწ­ვი­ლე გა­ა­ტა­რა და რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვი­სე­ბუ­რი და­ღი არ და­ეს­ვა ამ მწე­რალ­ზე“ (აბა­ში­ძე 1962; 19).
„გოგ­ჩა“ 1841 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ დრო­ი­სათ­ვის ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე უკ­ვე გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტია, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მხა­რის მთა­ვარ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საბ­ჭოს წევ­რი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი, უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­სი ოჯა­ხის მა­მა.
ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებს სა­მი ქა­ლი და ერ­თი ვა­ჟი ჰყავ­დათ: ამათ­გან ორს — ნი­ნოს და ეკა­ტე­რი­ნეს — შეს­ტ­რ­ფოდ­ნენ, ემე­გობ­რე­ბოდ­ნენ, ლექ­სებს უძღ­ვ­ნიდ­ნენ „ხახ­ვის ფრან­ტე­ბად“  მო­ნათ­ლუ­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი, იქ­ნე­ბო­და ეს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი თუ გი­ორ­გი ერის­თა­ვი. მე­გობ­რო­ბა მე­გობ­რო­ბად, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი ჭავ­ჭა­ვა­ძი­ანთ ქა­ლებ­მა სხვებ­ზე შე­ა­ჩე­რეს: ნი­ნო მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ალექ­სან­დ­რე გრი­ბო­ე­დოვ­ზე გათხოვ­და და თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და თა­ვის­ზე ჩვიდ­მე­ტი წლით უფ­როს, ირო­ნი­უ­ლი ჭკუ­ი­სა და ენის დიპ­ლო­მატს და უკ­ვე სა­ხელ­მოხ­ვე­ჭილ მწე­რალს, რო­მელ­მაც, გზად სპარ­სე­თი­სა­კენ, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვ­რის რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლით მო­ა­ჯა­დო­ვა იგი. ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მუ­ზა — ეკა­ტე­რი­ნე („კა­ტინ­კა“, რო­გორც მას ყვე­ლა ეძახ­და), ცო­ლად გაჰ­ყ­ვა სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კ­ნელ მთა­ვარს — და­ვით და­დი­ანს. და ბო­ლოს, უმ­ც­რო­სი — სო­ფიო, უკ­ვე მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ათხო­ვეს კავ­კა­სი­ა­ში სა­იმ­პე­რა­ტო­რო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის დიდ­მო­ხე­ლეს — ბა­რონ ნი­კო­ლა­ის.
ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა ვა­ჟიშ­ვი­ლი — და­ვი­თი, მა­მა­მისს მხო­ლოდ დარ­დიმან­დო­ბით და­ემ­ს­გავ­სა და მას უპი­რა­ტე­სად მა­შინ იხ­სე­ნე­ბენ, რო­დე­საც წი­ნან­დ­ლი­დან ლე­კე­ბის მი­ერ მი­სი ოჯა­ხის გა­ტა­ცე­ბა­ზე ჰყვე­ბი­ან. მაგ­რამ, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე უკ­ვე ცოცხა­ლი აღარ იყო. ისე რომ, კავ­კა­სი­ის ომ­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შა­მი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ დი­დო­ეთ­ში ლაშ­ქ­რო­ბა პი­რა­დი ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლით არ იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი.
წი­ნან­დ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე: ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე ევ­რო­პე­იზმს მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში რო­დი ნერ­გავ­და — თა­ვი­სი სა­სახ­ლე­ცა და ბა­ღიც წი­ნან­დალ­ში მან სწო­რედ ევ­რო­პულ ყა­ი­და­ზე მო­აწყო და ქარ­თ­ველ სტუმ­რებს ჩვენ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ტა­ნი­ლი რო­ი­ა­ლი­თა და ბი­ლი­არ­დით ან­ც­ვიფ­რებ­და, ხო­ლო რუ­სებ­სა და ევ­რო­პე­ლებს — აღ­მო­სავ­ლუ­რი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და მას­შ­ტა­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თქმით — ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებ­თან სუფ­რა, წი­ნან­დალ­შიც და თბი­ლის­შიც, რო­გორც წე­სი, ოც კაც­ზე მა­ინც იშ­ლე­ბო­და. მრა­ვა­ლი წლის შემ­დე­გაც კი იგო­ნებ­დ­ნენ ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა სტუმ­რე­ბი მათ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ლონს, თბი­ლი­სუ­რი სახ­ლის ბან­ზე გა­ტა­რე­ბულ სა­ღა­მო­ებს — ტრა­დი­ცი­უ­ლი დუთ­მა-ნეს­ვი­თა და წი­ნან­დ­ლის ღვი­ნით....
ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე შე­უ­და­რე­ბე­ლი მას­პინ­ძე­ლი იყო: გუ­ლუხ­ვო­ბი­თაც, სიტყ­ვა-პა­სუ­ხი­თაც, იერი­თაც. პო­ე­ტის გა­რეგ­ნო­ბა ჩვე­ნ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი და­გე­რო­ტი­პე­ბით ვი­ცით: გა­დაწ­კე­პი­ლი ულ­ვა­შე­ბით (სხვა­თა შო­რის, ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და თურ­მე ამ ულ­ვა­შებს, რომ ბო­ლო წლებ­ში იღე­ბავ­და კი­დეც), ეშ­მა­კუ­რად მოწ­კუ­რუ­ლი თვა­ლე­ბი­თა და ჩა­მა­ლუ­ლი ღი­მი­ლით... სიტყ­ვი­ე­რი პორ­ტ­რე­ტიც შე­მოგ­ვ­რ­ჩა: „ალექ­სან­დ­რე შუ­ა­თა­ნა ტა­ნი­სა, კარ­გი თვა­ლა­დი, კარ­გი ზრდი­ლი, თავ­მ­და­ბა­ლი, რო­გორც ეკად­რე­ბო­და დი­დი კა­ცის შვილს, კარ­გი მო­ლა­პა­რა­კე იყო­ვო...“ — უყ­ვე­ბო­და ქე­თე­ვან ორ­ბე­ლი­ა­ნი იონა მე­უ­ნარ­გი­ას (მე­უ­ნარ­გია 1957, 305).
ქუ­ჩას, რო­მელ­ზეც ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მი­სი სა­ხე­ლი პო­ე­ტის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე და­არ­ქ­ვეს: ეს არც იყო გა­საკ­ვი­რი. პა­ტი­ვი მი­ა­გეს ბრწყინ­ვა­ლე თა­ვადს, მა­მაც მხე­დარ­თ­მ­თა­ვარ­სა და უმაღ­ლე­სი რან­გის მო­ხე­ლეს. ეს ჩა­მოთ­ვ­ლა, ერ­თი შე­ხედ­ვით უნ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სიტყ­ვე­ბით — „და სა­ხელ­მოხ­ვე­ჭილ პო­ეტს“, მაგ­რამ ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის სი­ცოცხ­ლე­ში მი­სი პრეს­ტი­ჟი სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფო და სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და არა იმ „მე­ლექ­სე­ო­ბას­თან“, რო­მელ­საც, ვგო­ნებ, თვი­თო­ნაც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტის მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს გუ­ლის მო­სა­ო­ხე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­და და არა თა­ვის უმ­თავ­რეს და უპირ­ვე­ლეს მო­წო­დე­ბად. ამი­ტო­მაც, არც თა­ვი­სი ლექ­სე­ბის შეკ­რე­ბა­ზე უზ­რუნ­ვია, არც მათ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე.
1846 წელს პირ­ვე­ლად დას­ტამ­ბუ­ლი მი­სი ლექ­სე­ბი, — და­ვით ჩუ­ბი­ნაშ­ვილს რომ შე­ე­ტა­ნა თა­ვის „ქრეს­ტო­მა­თი­ა­ში“ და პე­ტერ­ბურ­გი­დან გა­მო­ეგ­ზავ­ნა, უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლი ავ­ტო­რის სას­თუ­მალ­თან იდო.
ეგებ სიმ­ბო­ლუ­რიც იყო, რომ ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე სწო­რედ სამ­სა­ხუ­რებ­რივ­მა რი­ტუ­ალ­მა იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა.
ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას სკო­ლის მერ­ხი­დან შე­მორ­ჩა აღ­წე­რა იმი­სა, თუ რო­გორ და­უფ­რ­თხა ცხე­ნი მე­ფის­ნაც­ვა­ლ ვო­რონ­ცოვ­თან ვი­ზი­ტით მი­მა­ვალ ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს, რო­გორ წა­მო­ი­წია იგი მე­ეტ­ლის მი­საშ­ვე­ლებ­ლად და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში, რო­გორ და­ა­ნარ­ცხა ეტ­ლის ბორ­ბალ­ში მო­ყო­ლილ­მა გე­ნერ­ლის ში­ნელ­მა ქვა­ფე­ნილს ეს უმარ­ცხე­ბე­ლი მხე­და­რი...
თბი­ლი­სი გლო­ვამ მო­იც­ვა: ოჯა­ხი ეთხო­ვე­ბო­და თა­ვის ბურ­ჯ­სა და იმედს, ლი­ტე­რა­ტორ­თა ახალ­თა­ო­ბა — ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მის მა­მამ­თა­ვარს, თა­ნა­მებ­რ­ძოლ­ნი — მა­მაც და საზ­რი­ან მხე­დართ­მ­თა­ვარს.
„უნუ­გე­შოდ ჭმუ­ნავს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“, — წერ­და პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნი. „თბი­ლი­სი­ს მთე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თა­ვის ამ­ქ­რე­ბით  და ბა­ი­რა­ღე­ბით გაჰ­ყ­ვა მას სა­უ­კუ­ნო გან­სას­ვე­ნე­ბელ­თან“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1940, XVIII).
კა­ხე­თის პირ­ვე­ლი მე­მა­მუ­ლე შუ­ამ­თა­ში დაკ­რ­ძა­ლეს — საგ­ვა­რე­უ­ლო ძვალ­თ­შე­სა­ლაგ­ში, რომ­ლის ხავ­სი­ა­ნი სიღ­რ­მი­დან ექოდ მო­ის­მო­და ოდეს­ღაც ნათ­ქ­ვა­მი: „გვძლი­ვა სო­ფელ­მან ხელ­მ­ყო­ფელ­მან, აწ გვა­გო შუ­რი...“

წერილი მეორე

გრიგოლ ორბელიანი
იყო დრო, რო­დე­საც ქარ­თულ სუფ­რა­ზე რო­მე­ლი­მე სტუ­მარ­თა­გა­ნი აუცი­ლებ­ლად ჩა­მო­ი­ღებ­და კედ­ლი­დან ბან­ტი­ან გი­ტა­რას და ­ქა­ლა­ქურ ჰან­გ­ზე წა­იმ­ღე­რებ­და:
გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ,
თვალთ ავა­ხელ, ზედ წამ­წამ­ზედ მი­ზი­ხარ!
ათი გზა მაქვს, ათი­ვე შენ­ს­კენ მო­დის!
ფიქ­რე­ბი მაქვს, წინ შე­ნი სა­ხე მო­დის!
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 65)
დღეს, იმავ სუფ­რა­ზე, შე­საძ­ლოა ბევ­რ­მა არც კი იცო­დეს, რომ ეს მუ­ხამ­ბა­ზი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს ეკუთვ­ნის. იმ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს, რომ­ლის კო­ლო­რი­ტუ­ლი ფი­გუ­რის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე.
იგი ამ სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე და­ი­ბა­და, 1804 წელს და უკ­ვე თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბით იწ­ვევ­და გა­რე­შე­მო­თა რიდ­სა და ინ­ტე­რესს: გრი­გო­ლის მა­მა — დი­მიტ­რი (იგი­ვე ზუ­რაბ) ორ­ბე­ლი­ა­ნი, — დი­დი ყაფ­ლან ორ­ბე­ლის­შ­ვი­ლის (სულ­ხან-სა­ბას პა­პის) შთა­მო­მა­ვა­ლი იყო, უკა­ნას­კ­ნელ ქარ­თ­ველ მე­ფე­თა კარ­ზე ნამ­სა­ხუ­რე­ვი, ხო­ლო დე­და — ხო­რე­შა­ნი — ასუ­ლი გახ­ლ­დათ მე­ფე ერეკ­ლეს შვი­ლიშ­ვი­ლის — ელე­ნე­სი.
გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი, იონა მე­უ­ნარ­გია, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ხო­რე­შა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი თვი­სე­ბე­ბით, წერ­და: „მარ­ტო გრი­გო­ლის გა­მოზ­რ­დით არ იყო შე­სამ­ჩ­ნე­ვი დე­და პო­ე­ტი­სა. გრი­გო­ლის გარ­და, მას ჰყავ­და სა­მი სხვა შვი­ლი ილია, ზა­ქა­რია და ეფე­მია. სა­მი­ვე თა­ვის­თა­ვად შე­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ხე­ლო­ვა­ნი პირ­ნი. პირ­ველ ორ­თა სა­ხელს კა­ცი ხში­რად შეხ­ვ­დე­ბა კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში. თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბი­თა და სიკ­ვ­დი­ლით მათ ორ­თავ და­ამ­ტ­კი­ცეს თავ­გან­წი­რუ­ლი ვაჟ­კა­ცო­ბა და ერ­თ­გუ­ლე­ბა მა­მუ­ლი­სა. ეფე­მი­ამ კი და­უ­ვიწყარ­ჰ­ყო თა­ვი­სი სა­ხე­ლი იმით, რომ შე­იქ­მ­ნა დე­და ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო პო­ე­ტის ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა. იშ­ვი­ათს ქარ­თ­ველ ქალს გა­უზ­რ­დია ამ­დე­ნი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი...“ (მე­უ­ნარ­გია 1954: 31).
ეს ბრწყინ­ვა­ლე შტო ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბი­სა შეწყ­და გრი­გო­ლის სიკ­ვ­დილ­თან ერ­თად. იგი უძე­ოდ გა­და­ე­გო და აკ­ვან­ში­ვე და­წინ­დუ­ლი, მაგ­რამ სხვა­ზე გათხო­ვი­ლი თა­ვი­სი მოგ­ვა­რე-სა­ცო­ლის, სო­ფიო ორ­ბე­ლი­ა­ნის სახ­სოვ­რად, მი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­მი­ოდ ლექ­სი­ღა და­ტო­ვა:
მე გან­შო­რე­ბულს, სვე გამ­წა­რე­ბულს
მა­შინ გო­ნე­ბით თუ და­მი­ვიწყებ,
არ შე­ვი­ნა­ნებ, ოღონდ კი შენს გულს
ზოგ­ჯერ ვახ­სოვ­დე ჩემ­და­მო ერ­თ­გულს!
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 52)
ეს ლექ­სი რი­გა­შია და­წე­რი­ლი. პო­ე­ტი-პო­რუ­ჩი­კი აქეთ გა­მო­ამ­წე­სეს 1832 წლის შეთ­ქ­მუ­ლე­ბას­თან კავ­ში­რის გა­მო.
აქ იგო­ნებ­და იგი სიყ­მაწ­ვი­ლის ბედ­ნი­ერ დღე­ებს, თბი­ლი­სის ლა­მაზ­მა­ნებს, თა­ვის ტოლ-ამ­ხა­ნა­გებს და ყა­რა­ჩო­ღელ თა­ნა­მო­ი­ნა­ხე­ებს — დი­მიტ­რი ონი­კაშ­ვილს, მირ­ზა­ჯა­ნა მა­და­თოვს, ლო­პი­ა­ნას.... ხუ­თი, გა­და­სახ­ლე­ბას მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის წე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და, ეს მო­გო­ნე­ბე­ბი და სი­ჭა­ბუ­კი­დან თა­ნა­შეზ­რ­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან ხე­ლა­ხა­ლი შეყ­რის იმე­დი რომ არა:
მაგ­რამ ნუ­გე­შად, ჩემ­და შვე­ბად, სა­სი­ხა­რუ­ლოდ,
ლხე­ნად გუ­ლი­სა, უდ­რო­ო­და მწარ-დამ­ჭ­კ­ნა­რი­სა,
დაო სა­სურ­ველ! ამა სო­ფელს შენ დამ­შ­თი მხო­ლოდ
და გან­მის­ვე­ნე კვე­თე­ბათ­გან ბო­როტ მხვედ­რი­სა!
მის­თ­ვის ვლო­ცავ ცას, შავ­ნი დღე­ნი ჩემ­თ­ვის შთო­მილ­ნი,
არ შეჰ­ს­წყ­დ­ნენ, ვიდ­რე კვა­ლად ჩემ­თა თვალთ არ გიხ­ლონ
და მა­შინ, ოდეს სა­უ­კუ­ნოდ მივ­ლუ­ლო თვალ­ნი,
მშობ­ლი­ურ მი­წა ხელ­თა შენ­თა გულს და­მა­ყა­რო.
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 48)
რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი გა­და­ი­კითხავ­და თა­ვი­სი დი­სად­მი — ეფე­მი­ა­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ამ სტრი­ქო­ნებს, იქ­ვე გად­მო­ი­ღებ­და ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილი წე­რილს, რო­მელ­შიც დის­შ­ვი­ლი ძალ­ზედ დე­ლი­კა­ტუ­რად საყ­ვე­დუ­რობს ბი­ძას გუ­რი­ის გლეხ­თა ამ­ბო­ხის ჩახ­შო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ყუ­რადღე­ბით გა­და­ი­კითხავ­და ჯერ აქ­ვე თან­დარ­თულ ტა­ტოს ლექსს — „ვპო­ვე ტა­ძა­რი“, მე­რე და­ნარ­ჩენ ლექ­სებს და მო­ძა­ლე­ბულ, უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რებს გან­რი­დე­ბუ­ლი, თა­ვის საყ­ვა­რელ ლი­ქი­ორს წა­ე­ტა­ნე­ბო­და...
უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ჩა­ნა­წე­რებ­ში თუ პი­რად წე­რი­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც თით­ქ­მის მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა აისა­ხა, მათ შო­რის, გულ­წ­რ­ფე­ლი და­ტი­რე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა, სიტყ­ვა არაა დაძ­რუ­ლი მი­სი დის­შ­ვი­ლის ლექ­სე­ბის შე­სა­ხებ და ქარ­თულ მწერ­ლო­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის „მტერ-მოყ­ვა­რემ“ — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და­უბ­რუ­ნა.
აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, „მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლა­ში“ ერ­თობ „და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი“ პერ­სო­ნა­ჟი ილი­ას „გა­მო­ცა­ნე­ბი­სა“ — „ზოგ­ჯერ ქვე­ყა­ნა ფე­ხებ­ზე რომ ჰკი­დია“, აკა­კი­სა­გან „ხა­რა­ბუ­ზა გე­ნერ­ლად“ მო­ნათ­ლუ­ლი, იმავ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს და­სა­ბეჭ­დად უგ­ზავ­ნის თა­ვის „ფსალ­მუნს“ და ელო­დე­ბა მის პი­რუთ­ვ­ნელ მსჯავრს.
თა­ვის მხრივ, ილია სთა­ვა­ზობს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს წა­რუძღ­ვეს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ტექ­ს­ტის დამ­დ­გენ კო­მი­სი­ას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის აღორ­ძი­ნე­ბა­სა თუ ბან­კის და­არ­სე­ბა­ში. ილი­ას არ და­ვიწყ­ნია, რო­გო­რი მო­წი­წე­ბით შეს­ც­ქე­რო­და იგი სტუ­დენ­ტო­ბი­სას, არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ პე­ტერ­ბურგს მი­მა­ვა­ლი, მლე­თის დაღ­მარ­თ­ზე ეტ­ლი­დან გად­მო­სულ, ტან­მორ­ჩილ, მაგ­რამ მა­ინც შთამ­ბეჭ­და­ვი გა­რეგ­ნო­ბის ბა­კენ­ბარ­დე­ბი­ან პო­ეტ-გე­ნე­რალს...
ამ ტან­მორ­ჩი­ლე­ბას­თან და გე­ნერ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: გრი­გო­ლი თა­ვის თავს ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ხაზ­გას­მუ­ლად „ნა­პო­ლე­ონს“ უწო­დებ­და, ახ­ლობ­ლებ­მა კი სიყ­მაწ­ვი­ლე­ში „კურ­კა“ შე­არ­ქ­ვეს. შერ­ჩა კი­დეც ეს მეტ­სა­ხე­ლი სი­ბე­რემ­დე და ვიდ­რე გე­ნერ­ლის კა­რი­ე­რას მი­ვად­გე­ბო­დეთ, ერ­თხელ მა­ინც თვა­ლი შე­ვავ­ლოთ „კურ­კას“ მის ჩვე­ულ გა­რე­მო­ში: პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ეს თბი­ლი­სია, ე.წ. „ორ­ბე­ლი­ან­თა აული“ (კოლ­მე­ურ­ნე­თა მო­ედ­ნის უბა­ნი, რო­მელ­საც, რო­გორც იქ­ნა, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და), სა­დაც მო­ტიტ­ვ­ლე­ბულ ეზო­ში იდ­გა დი­დი, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ფარ­თო მო­ა­ჯი­რით შე­მოვ­ლე­ბუ­ლი სახ­ლი ზუ­რაბ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა. „კაცს შე­უძ­ლია ყველ­გან იყოს, თუნ­დაც იაპო­ნი­ა­ში, — რო­გორ­ღაც უთ­ქ­ვამს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს, — მაგ­რამ ცხოვ­რე­ბით კი მარ­ტო თბი­ლის­ში უნ­და იცხოვ­რო­სო“ (მე­უ­ნარ­გია 1954: 137).
ზაფხუ­ლო­ბით იგი უმე­ტე­სად ტა­ბახ­მე­ლა­შია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ კო­ჯორ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს, ან კუ­მისს, კო­დას, წავ­კისს ჩა­ა­კითხავს... აქ მარ­ტო იწყენს ხოლ­მე და აგა­რა­კად ეპა­ტი­ჟე­ბა თა­ვის მე­გობ­რებს და ნა­თე­სა­ვებს — ან­ტონ ორ­ბე­ლი­ანს, და­ვით ყორ­ღა­ნაშ­ვილს, დი­მიტ­რი ონი­კაშ­ვილს. თვე­ო­ბით ცხოვ­რო­ბენ მას­თან — დი­მიტ­რი ჯორ­ჯა­ძე (რო­მე­ლიც ამ მე­გობ­რო­ბას თა­ნა­შემ­წი­სა და მდივ­ნის მოვა­ლე­ო­ბას უთავ­სებს) და ყაფ­ლან ორ­ბე­ლი­ა­ნი — ბი­ძაშ­ვი­ლი გრი­გო­ლი­სა, ვგო­ნებ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და სა­სურ­ვე­ლი მი­სი სტუ­მა­რი. ყაფ­ლანს — მომ­ღე­რალ­სა და თარ­ზე დამ­კ­ვ­რელს, აშიკს, თა­ვი­სი დე­ვი­ზით — ეს ცხოვ­რე­ბა — ქა­ლია“, ეტყო­ბა, ის ხიბ­ლი და ხა­ლი­სი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ერ­თ­ფე­რო­ვან, მდო­რე ყო­ფას აფე­რა­დებს და ზე­ი­მად გა­და­აქ­ცევს... სა­ლა­პა­რა­კოს რა გა­მო­უ­ლევ­და ყაფ­ლან­სა და უცო­ლოდ დარ­ჩე­ნილ, თუმ­ცა (შე­საძ­ლოა — სწო­რედ ამი­ტომ), სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს და­ხარ­ბე­ბულ გრი­გოლს. აკი წერს ერ­თი წე­რი­ლის პოს­ტ­ს­კ­რიპ­ტუმ­ში ან­ტონ ორ­ბე­ლი­ანს: „ან­ტონ, თუ ვის­მე ჩუ­მად ეარ­ში­ყე­ბი, ისიც მომ­წე­რეო“.
ამ, პი­კან­ტუ­რი თე­მა­ტი­კი­სად­მი შე­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ლი­რი­კა­შიც შე­აღ­წევს და თუ ჩაკ­ვირ­ვე­ბით გა­და­ი­კითხავთ მის „მუ­ხამ­ბაზს“ („არა­ვის­თ­ვის მე დღეს არა მცა­ლი­ან, სა­ლო­მე­ს­თან სა­დი­ლად მე­ძა­ხი­ან“) და იმავ ქა­რაგ­მულ მი­ნიშ­ნე­ბებ­ზე აგე­ბულ მის ლექსს — „სა­ლო­მეს — ბე­ჟა­ნა მკერ­ვა­ლის მა­გი­ერ“, გა­ი­ფიქ­რებთ, რომ ამ სა­ლო­მეს ქმა­რი, — ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე, — აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და გრი­გო­ლის „ლი­რი­კულ-იუმო­რის­ტუ­ლი“ ჟან­რით, მაგ­რამ, რო­გორც გო­ნი­ე­რი კა­ცი, თავს არი­დებ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბას თა­ვი­სი ცო­ლი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მე­გო­ბარ­თან.
ჭავ­ჭა­ვა­ძი­ანთ ქა­ლე­ბი მარ­თ­ლაც გულ­წ­რ­ფე­ლად ემე­გობ­რე­ბი­ან მათ გა­ნუყ­რელ მე­სა­ი­დუმ­ლე­სა და თა­ნა­მო­სა­უბ­რეს — „კურ­კას“. გრი­გო­ლის წე­რი­ლე­ბი­დან და ლექ­სე­ბი­დან კი ჩანს, რომ ის სი­ხა­რუ­ლით აირ­ჩევ­და სხვა როლს — საყ­ვარ­ლი­სა თუ ქმრი­სას (ჯერ ნი­ნო­ზე ფიქ­რობს, მე­რე — „წი­ნან­დ­ლის ვარ­დ­ზე“ — ეკა­ტე­რი­ნე­ზე). ვაი რომ, ქალ­ბა­ტონ­ნი გრი­ბო­ე­დო­ვი­სა და და­დი­ა­ნი­სა, ესო­დენ ახ­ლო­ბელ­ნი და მიმ­ზიდ­ველ­ნი, „კურ­კას­თ­ვის“ მი­უწ­ვ­დო­მელ­ნი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ...
რად­გან „თა­ნა­მო­სა­უბ­რე“ ვახ­სე­ნეთ, არ შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე არ აღ­ვ­ნიშ­ნოთ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი თა­ნა­მო­სა­უბ­რი­სა. აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იონა მე­უ­ნარ­გია წერს: „...და მოჰ­ყ­ვე­ბო­და მუ­სა­იფს, მაგ­რამ რა მუ­ს­აიფს. არა, ვი­საც არ უნა­ხავს გრ. ორ­ბე­ლი­ა­ნი გულ­დამ­შ­ვი­დე­ბით, ტკბი­ლად მო­სა­უბ­რე ნაც­ნობ-მე­გო­ბარ­თა შო­რის, ის თა­ვის დღე­ში ვერ შე­ად­გენს პო­ეტ­ზე და­ახ­ლო­ვე­ბულ აზ­რ­საც. მარ­ტო იმის ახ­ლო, იმას­თან ლა­პა­რა­კის დროს, რო­დე­საც ის თა­ვის მო­სა­უბ­რეს მად­ლი­ა­ნად შე­ხე­დავ­და და გუ­ლი­დან გარ­დ­მო­ფე­ნილს ნა­თელ­ში გა­ახ­ვევ­და, რწმუნ­დე­ბო­და კა­ცი, რა გა­მო­უ­ლე­ვე­ლი, წმინ­და, მო­კამ­კა­მე წყა­რო იყო ეს კა­ცი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი გრძნო­ბი­სა. არც ერ­თი სა­გა­ნი, არც ერ­თი კითხ­ვა არ იყო კავ­კა­სი­ა­ში, რო­მელ­ზე­დაც მას არ შეს­ძ­ლე­ბო­და ლა­პა­რა­კი, არც ერ­თი კა­ცობ­რი­ო­ბის გო­ნე­ბის მა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­კითხი არ იყო, რო­მელ­ზე­დაც იმას არ შე­ედ­გი­ნა თა­ვი­სი, ქარ­თუ­ლი, აღ­მო­სავ­ლე­თის ქრის­ტი­ა­ნის აზ­რი“ (მე­უ­ნარ­გია 1954: 121).
ამ სა­უბ­რე­ბის (მას­ლა­ა­თის, მუ­სა­ი­ფის, რო­გორც ად­რე იტყოდ­ნენ), ერ­თი მთა­ვა­რი თე­მა — ქარ­თუ­ლი ენის შერ­ყ­ვ­ნა იყო: გრი­გოლს დას­ტად ედო მა­გი­და­ზე ფე­რა­დი ფან­ქ­რით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ახალ­თა­ო­ბი­სა — მე­ტად­რე სერ­გეი მეს­ხ­სა და გი­ორ­გი წე­რე­თელს კიცხავ­და, „დრო­ე­ბის“ რე­დაქ­ტო­რებს...
გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი იმ­დ­რო­ინ­დელ „ცის­კარ­ში“, სწო­რედ გი­ორ­გი წე­რეთ­ლის ახ­ლად­გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბის („კი­კო­ლი­კო, ჩი­კო­ლი­კი და კუ­დაბ­ზი­კა“) ენობ­რივ მხა­რეს ეძღ­ვ­ნე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე შე­ნიშ­ვ­ნა მარ­თ­ლაც მარ­თე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ, სა­ზო­გა­დოდ, დე­კა­ნოზ დი­მიტ­რი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის მო­წა­ფე, ან­ტონ კა­თა­ლი­კო­სის ენობ­რივ პრინ­ცი­პებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, აქაც ისე­თი­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რი მო­ჩანს, რო­გორც თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის მარ­შ­ლის არ­ჩე­ვი­სას, რო­დე­საც იგი წი­ნა­ღუდ­გა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ღირ­სე­ულ კან­დი­და­ტუ­რას და რად­გან ყი­ფი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, თა­ნა­მედ­რო­ვეთ და­ა­მახ­სოვ­რე­ბი­ნა გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა: „მა­შინ და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­ცა მე და წვი­მი­ტი­ძე ერ­თ­მა­ნეთს შეგ­ვა­ტო­ლე­სო“.
მაგ­რამ მო­დით, და­ვუბ­რუნ­დეთ ამ ზვი­ა­დი ფე­ო­და­ლის ოჯა­ხურ გა­რე­მოს, სა­დაც იგი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მეტ სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებს, ვიდ­რე სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო საკ­რე­ბუ­ლო­ში.
აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მარ­ტო­ხე­ლა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნს თა­ვი­სი სახ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ლო­ნად არ გა­და­უქ­ცე­ვია. ოც-ოცი კა­ცი დღე­ში აქ მა­გი­დას არ შე­მო­უს­ხ­დე­ბო­და ხოლ­მე: ამი­სი არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და დღე­ნი­ა­დაგ ვა­ლებ­ში ჩა­ვარ­დ­ნილ გრი­გოლს და, ვგო­ნებ, არც სურ­ვი­ლი. სახ­ლ­ში მას თი­თო-ორო­ლა თა­ნა­მო­სა­უბ­რე ერ­ჩია, თუ სუს­ტი სქე­სი­სა იყო — მით უკე­თე­სი... ქე­ი­ფი კი — ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებ­ში, ან ტივ­ზე, ან აბა­ნო­ში, აქ ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში — დას­ტით, ზურ­ნა-დუ­დუ­კით, თა­რით, არ­ღ­ნით, — ეს უკ­ვე გე­მოვ­ნე­ბი­სა და მი­ხედ­ვით... აკი მო­უ­წო­დებ­და თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ებს ერთ თა­ვის მუ­ხამ­ბაზ­ში:
სუ­ლით ერ­თ­ნო, მოლ­ხი­ნე­ნო, აწ შეკ­რ­ბით
თა­სით, ჯა­მით, ყან­წით, აზარ­ფე­შე­ბით!
ლხი­ნის სუფ­რა მოჰ­ფი­ნეთ ყვა­ვი­ლე­ბით;
ალა­ვერ­და დას­ვით თა­რით ნა­ქე­ბით,
ყო­ჯა ბულ­ბულ ტკი­ბი­ლის ხმით აღუ­ღუ­ნეთ,
დიმ­პ­ლი­პი­ტო დაჰ­კარ-და­ა­რა­კუ­ნეთ!                       
                                                                       და ა.შ.
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 49)
არის ტი­პი — მომ­ლ­ხე­ნი­სა, მო­ქე­ი­ფის, რომ­ლის­თ­ვი­საც სუფ­რას, მის კო­ლო­რიტს თა­ვის­თა­ვა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. გრი­გოლ და ყაფ­ლან ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სუფ­რის ხიბ­ლი იმ უხი­ლავ ნა­პერ­წ­კალ­საც გუ­ლის­ხ­მობ­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ლა­მაზ ქალს შე­მო­აქვს. „არ­ში­ყო­ბა­ნი არ იყო და უამი­სოდ, სწო­რე გითხ­რა, წას­ვ­ლა-მოს­ვ­ლა და სა­დი­ლი სრუ­ლე­ბით არა­ფე­რია“, — წერს ერთ თა­ვის ად­რე­სატს ვნე­ბა­და­უმ­ცხ­რა­ლი პო­ე­ტი... (ორ­ბე­ლი­ა­ნი 1936: 75).
ამ მხა­რეს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა —/ გრძნო­ბად­სა და რო­მან­ტი­კულს, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის ხი­ლულ კა­ლა­პოტ­თან, მის სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო კა­რი­ე­რას­თან, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე ეს — ერ­თი ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და თუ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის პორ­ტ­რე­ტი სრუ­ლად გვინ­და წარ­მო­ვი­სა­ხოთ, მი­სი ცხოვ­რე­ბის ამ მხა­რე­საც უნ­და მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი.
ერ­თი სა­უ­კუ­ნის წინ კი­ტა აბა­ში­ძე თა­ვის „ეტი­უ­დებ­ში“ წერ­და: „რა უნ­და იყოს სა­ერ­თო იმ გრ. ორ­ბე­ლი­ანს შო­რის, რო­მელ­მაც, რაც უნ­და ვთქვათ, ძა­ლი­ან მძლავ­რად ააჟ­ღე­რა პატ­რი­ო­ტუ­ლი თა­ვი­სი ჩან­გი და იმ გრ. ორ­ბე­ლი­ანს შო­რის, რო­მელ­საც დე­და­მი­წა­ზეც ერ­თად ერთ სა­ყუ­რადღე­ბო ცენ­ტ­რად, ერ­თად ერთ წერ­ტი­ლად თა­ვი­სი ოჯა­ხობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი მი­აჩ­ნ­და და ზუ­რა­ბი­ანთ გვა­რე­უ­ლო­ბის და­ცე­მა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ღუპ­ვას ერ­თ­მა­ნეთს უკავ­ში­რებ­და. აბა მიბ­რ­ძა­ნეთ ერ­თი, რა აქვთ სა­ერ­თო იმ პო­ეტს, რომ­ლის ქნა­რიც ნა­ზი და მომ­ხიბ­ლა­ვი მე­ლო­დი­ე­ბით აღ­სავ­სე ჰან­გებს გვას­მენს, და იმ სას­ტიკ, გამ­ხე­ცე­ბულ მე­ო­მარს, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხ­ვა მხა­რის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს „დრა­კო­ნის კა­ნო­ნე­ბი“ შე­მო­ი­ღო? აბა, რა რი­გათ შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­თავ­სოთ ერთ არ­ს­ში მა­ღალ­გ­რ­ძ­ნო­ბი­ე­რი მგო­სა­ნი, რო­მე­ლიც გულ­ზ­ვი­ად და გულ­ცივ სატ­რ­ფო­საც კი გზას ულო­ცავს და ის გაშ­მა­გე­ბუ­ლი სის­ხ­ლის­მ­ს­მე­ლი მე­ო­მა­რი, რო­მელ­საც თა­ვი­სი სიმ­კაც­რით თა­ვი მოს­წონს“ (აბა­ში­ძე 1962: 41).
შემ­დ­გომ, კი­ტა აბა­ში­ძეს მოჰ­ყავს რამ­დე­ნი­მე ნაწყ­ვე­ტი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის პი­რა­დი წე­რი­ლე­ბი­დან, სა­დაც იგი აღ­წერს, მი­სი ბრძა­ნე­ბით რო­გორ ას­წო­რე­ბენ მი­წას­თან და­ღეს­ტ­ნის სოფ­ლებს, რო­გორ აჭ­რი­ან თა­ვებს ყა­ჩა­ღებს და ას­კ­ვ­ნის: „...ამის დამ­წერ კაცს ვერ უნ­და შეძ­ლე­ბო­და ვერც ერ­თი სტრი­ქო­ნის და­წე­რა, რო­მელ­ში­აც ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბა სჩან­დეს. გრ. ორ­ბე­ლი­ა­ნის პო­ე­ზია კი სავ­სეა ღრმა გრძნო­ბი­ე­რე­ბი­თა და მა­ღა­ლი აზ­როვ­ნე­ბით“ (აბა­ში­ძე 1962: 41).
კითხ­ვებს, რომ­ლებ­საც უფიქ­რ­დე­ბო­და კი­ტა აბა­ში­ძე, დღე­საც არ და­უ­კარ­გავთ თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ყო­ვე­ლი მიბ­რუ­ნე­ბა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ას­თან და მის შე­მოქ­მე­დე­ბას­თან, იმავ­დ­რო­უ­ლად მი­სი გა­ო­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის ამოც­ნო­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. ეს გა­ო­რე­ბა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას შო­რის კი არ არის მხო­ლოდ, ზოგ­ჯერ თვით მის პო­ე­ზი­ა­შიც გვხვდე­ბა.
მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, პა­რა­დოქ­სე­ბით აღ­სავ­სე, სწო­რედ კი­ტა აბა­ში­ძის მი­ერ და­წუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლად ცნო­ბი­ლი „სადღეგ­რ­ძე­ლო“ ავი­ღოთ: გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ უთავ­ს­დე­ბა ერ­თ­მა­ნეთს ბან­გ­ნა­რე­ვი სტრი­ქო­ნე­ბი, ესო­დენ რომ ანა­ნა­ვებ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის ყურ­თას­მე­ნას:
სხვა სა­ქარ­თ­ვე­ლო სად არის, რო­მე­ლი კუთხე ქვეყ­ნი­სა?
ერი — გუ­ლა­დი, პუ­რა­დი, მებ­რ­ძო­ლი თა­ვის ბე­დი­სა?!
შავ­თა დროთ ვე­რა შეს­ც­ვა­ლეს მის გუ­ლი ან­და­მა­ტი­სა,
იგივ მხნე, იგივ მღე­რა­ლი, მოყ­ვა­რე თა­ვის მი­წი­სა!..
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 100)
და იქ­ვე, რამ­დე­ნი­მე ტა­ე­პით ად­რე, მუხ­ლ­თ­მორ­თხ­მუ­ლი და ზე­ა­ტა­ცე­ბუ­ლი მი­მარ­თ­ვა რუს­თხელ­მ­წი­ფი­სად­მი:
ხელ­მ­წი­ფევ ჩვე­ნო,
ძლი­ე­რო ბრძე­ნო,
ნი­კო­ლოზ დი­დო სულ­გ­რ­ძე­ლე­ბი­თა!
მხე­დარ­ნი შენ­ნი;
ერ­თ­გულ­ნი მხნე­ნი,
ვჰსვამთ შენს სადღეგ­რ­ძოს მო­წი­წე­ბი­თა!
გულ­ნი ი­ვერ­თა გვაქვს მსხვერ­პ­ლად მზა­და,
შენ­და შე­სა­ფერ-შე­სა­წი­რა­ვად;
ტა­ძა­რი შე­ნი ჰსდგას გულ­სა ჩვენ­სა,
მო­ვედ მშვი­დო­ბის ჩვენ­და საკ­მე­ვად...
                                                                       და ა.შ.
(ორ­ბე­ლი­ა­ნი 1959: 98)
რაც მთა­ვა­რია, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში გულ­წ­რ­ფე­ლია — იმ, პატ­რი­ო­ტუ­ლი გზნე­ბით გამ­ს­ჭ­ვა­ლულ სტრი­ქო­ნებ­შიც და თა­ვის ქვე­შევ­რ­დო­მულ მო­წი­წე­ბა­შიც. კარ­გად თუ ჩა­უკ­ვირ­დე­ბით 1832 წლის შეთ­ქ­მულ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს, და­ვი­ნა­ხავთ, რომ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ევო­ლუ­ცია საკ­მა­ოდ ნი­შან­დობ­ლი­ვია: პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლებ­თან ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ტახ­ტის გა­მო­ტი­რე­ბა, კონ­დ­რა­ტი რი­ლე­ე­ვის „ნა­ლი­ვა­ი­კოს აღ­სა­რე­ბის“ თარ­გ­მ­ნა, ამ­ბო­ხე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­თის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა... ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ კი — სა­იმ­პე­რა­ტო­რო ტახ­ტი­სათ­ვის თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი ოფიც­რი­სა და დიდ­მო­ხე­ლის კა­რი­ე­რა — აჯან­ყე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­თი­სა და და­ღის­ტ­ნის დაპყ­რო­ბით, ამ­ბო­ხე­ბუ­ლი თბი­ლი­სუ­რი ამ­ქ­რი­სა და გუ­რი­ის გლე­ხო­ბის სა­მა­გა­ლი­თო დარ­ბე­ვით და სა­ზო­გა­დოდ, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გა­ნა­პი­რა გუ­ბერ­ნი­ის ერთ-ერ­თი წი­ნამ­ძღო­ლის მსოფ­ლ­შეგ­რ­ძ­ნე­ბით.

ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძე

25-28(942)N