გამოდის 1998 წლიდან
2010-05-27
განვითარების თანამედროვე თეორიები

ბავშვები 8-დან 11 წლამდე
ასაკობრივი ამოცანები
ამ ასაკში ბავშვი ინტენსიურად ითვისებს სასიცოცხლო უნარებს, განსაკუთრებით სასკოლოს. ბავშვს სურს, ჰქონდეს მიღწევები, წარმატებული იყოს და პოზიტიური იმიჯი ჰქონდეს. ასევე, სურს ჰყავდეს ახლო მეგობრები, თანატოლთა მხრიდან აღიარება და მხარდაჭერა მოიპოვოს. თუ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული ყველა ამ სფეროში, თავს არასრულყოფილად იგრძნობს და საკუთარი შეზღუდულობის მიმართ მეტად მგრძნობიარე იქნება. თუ მშობლები, მასწავლებლები ან მეგობრები დასცინებენ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოსდის, ბავშვს საკუთარ სრულფასოვნებაში ეჭვი შეეპარება და ჩათვლის, რომ ცხოვრებაში წარმატებების მიღწევას ვერ შეძლებს.
 
რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებსა და მომვლელებს? 
·        უპირობოდ უყვარდეთ ბავშვი;
·        ასაკის შესაბამისად, სიტყვებით და ფიზიკურად გამოხატონ სიყვარული;
·        შეზღუდვებით, დამამშვიდებელი ქცევითა და სიტყვიერი შეხსენებებით დაეხმარონ ბავშვს გრძნობების, განსაკუთრებით უარყოფითი ემოციებისა და იმპულსების მართვაში;
·        აუხსნან ბავშვს წესებისა და შეზღუდვების საფუძვლიანობა;
·        შეაქონ მიღწევებისა და მოსაწონი ქცევებისათვის;
·        წარმოსახული სიტუაციებით ავარჯიშონ სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში;
·        ბავშვთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხები (გრძნობები, სიძნელეები);
·        შეუთავსონ ბავშვის დამოუკიდებლობა მის შესაძლებლობებს;
·        ბავშვის შეცდომებისა და წარუმატებლობის შემთხვევაში არ მოაკლონ მას სიყვარული და თანაგრძნობა;
·        შეუთანხმდნენ ბავშვს მისი დამოუკიდებლობის გაზრდაზე, იმაზე, თუ რას მოელიან მისგან;  
·        წაახალისონ ბავშვი, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქცევის შედეგებზე, ამასთანავე, განუვითარონ წმენა და ოპტიმიზმი სასურველი შედეგების მიღწევაში; 
·        ასწავლონ რთულ სიტუაციებში შესაბამისი სიცოცხლისუნარიანი ქცევის შერჩევა.

სიცოცხლისუნარიანობის განვითარების მაგალითები
სიტუაცია -11 წლის გოგონას მოსავლელად სამი წლის ძმა ჰყავდა დატოვებული, როცა სახლს ხანძარი გაუჩნდა. გოგონა შეეცადა, შეეღწია ძმასთან, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს სახლიდან გაიქცა, ძმამ კი სასიკვდილო დამწვრობა მიიღო.
მშობლები განავითარებენ სიცოცხლისუნარიანობას, თუ მთელ ოჯახთან ერთად გაიზიარებენ მწუხარებას და გოგონას თავიანთ სიყვარულში დაარწმუნებენ (მე მყავს); თუ გოგონას საშუალებას მისცემენ, უთხრას მათ, როგორ ცდილობდა ძმის გადარჩენას (მე შემიძლია); თუ დაეხმარებიან გოგონას, პასუხისმგებლობის გრძნობა გამოაცალკევოს ძმის გადარჩენის სურვილისაგან (მე ვარ); თუ გოგონას ტრაგედიის გადატანაში დაეხმარებიან.
მშობლები ვერ განავითარებენ სიცოცხლისუნარიანობას, თუ გოგონას დაადანაშაულებენ იმისთვის, რომ ძმა ცეცხლიდან არ გამოიყვანა. ბავშვში დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობებს გაამძაფრებენ, რაც სამომავლოდ სიძნელეებთან გამკლავების უნარს დაასუსტებს.
სიტუაცია - ცხრა წლის გოგონას სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, ყოველდღიურად, იმ ადგილის გავლა უხდება, სადაც უფროსი ბიჭები ჯგუფურად დგანან. ისინი ეძახიან, დასცინიან და ზოგჯერ ხელსაც კრავენ. გოგონა ისე დაშინდა, რომ საერთოდ უარი თქვა სკოლაში სიარულზე და დედასთან ავადმყოფობა მოიმიზეზა. დედამ კი იცის, რომ ბავშვი ჯანმრთელია.
მართებული პასუხი:
 „დედა ბავშვს ექიმთან წაიყვანს, მაგრამ როცა აღმოჩნდება, რომ არაფერი აწუხებს, სკოლაში გააცილებს. მაშინ ბავშვი ნამდვილ მიზეზს გაანდობს. დედა ეცდება, ბავშვს შიში დააძლევინოს და ურჩევს: „ჯერჯერობით შენს მეგობრებთან ერთად იარე“. ბავშვი დედას ეთანხმება და შემდეგ სთხოვს, აღარ მიაცილოს სკოლამდე“.
არამართებული პასუხი:
„დედა უშვებს ბავშვს სკოლაში და ეუბნება, რომ საშიში არაფერია. ბავშვს ისევ ეშინია, მაგრამ მაინც მიდის“.
„დედა ყოველდღე აცილებს ბავშვს სკოლამდე და ძალიან შეწუხებულია ამ პრობლემის გამო. ბავშვი უხალისოდ დადის სკოლაში“.
 
სიცოცხლისუნარიანობის  განვითარების შედეგები
         მე მაქვს
სანდო ურთიერთობები
მშობლებს უპირობოდ ვუყვარვარ და მათი იმედი მაქვს. ისინი ხშირად მეუბნებიან, როგორ ძლიერ ვუყვარვარ და და რამდენად ამაყები არიან იმით, რომ მე მათი შვილი ვარ. ვიცი, რომ მათ მაშინაც ვუყვარვარ, როცა რამე ცუდს ვაკეთებ ან ცუდ ხასიათზე ვარ. ისინი ჩემს დამშვიდებას ცდილობენ, რათა თავი უკეთ ვიგრძნო. ჩვენ შეგვიძლია იმაზე ლაპარაკი, რაც მაწუხებს. მე სხვა ადამიანებთანაც სანდო ურთიერთობები მაქვს - მასწავლებელთან, სხვა უფროს ადამიანთან. სასიამოვნოა, როცა ამდენი საიმედო და საყვარელი ადამიანი გყავს.
განრიგი და წესები სახლში
მე უკვე აღარ მჭირდება იმდენად მკაცრი რეჟიმი სახლში, როგორც აქამდე. ჩემი მშობლები ნებას მრთავენ, შინ ცოტა უფრო გვიან დავბრუნდე, თუმცა სახლში ყოფნის დრო მაინც განსაზღვრულია. მე პატივს ვცემ ჩვენი ოჯახის რეჟიმს. მომეთხოვება ვიზრუნო სახლში სისუფთავის შენარჩუნებაზე, შემიძლია მოვუარო ჩემს დას ან ძმას, ვაკეთო საოჯახო საქმე და დახმარება ვითხოვო, როცა დამჭირდება. ვიცი, რა მოჰყვება ჩემ მიერ წესების დარღვევას. მსჯიან, მაგრამ ფიზიკურად - არა. შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა შემეშალა, და მე შემიძლია, ჩემი მხრიდან, ავხსნა, რატომ მომივიდა ეს. ხანდახან სასჯელის ფორმაზე ვთანხმდებით. მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ვიკრიბებით და მომხდარს ხელახლა ვაანალიზებთ.
როლური მოდელები
მშობლების საქციელის მაგალითზე ვსწავლობ, როგორ უნდა მოვიქცე სხვადასხვა სიტუაციებში. თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი არც ისე კარგად მოიქცნენ. შემიძლია მათ ვკითხო, რატომ მოიქცნენ ამგვარად, მაგრამ ვფრთხილობ, რომ არ ვიყო კრიტიკული. ეს ჯერ მათი უფლებაა და არა ჩემი. მყავს ასევე სხვა ადამიანები (მასწავლებლები, წიგნის ან ფილმის გმირები), რომლებიც ჩემთვის მისაბაძნი არიან. ვაკვირდები, როგორ იქცევიან და რას ამბობენ ისინი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სწორად არ იქცევიან და ვცდილობ, რომ იგივე არ გავიმეორო.
ავტონომიურობის წახალისება
მშობლები ჩემგან უფრო მეტ გადაწყვეტილებებს მოელიან. საშუალებას მაძლევენ, პრობლემა თვითონ დავძლიო, თუ დამჭირდა, შემიძლია რჩევა ვკითხო, ისინიც დასახმარებლად მზად არიან.
ჯანმრთელობის, განათლების, სოცუზრუნველყოფისა და დაცვის მომსახურება
მე და ჩემი ოჯახის წევრებს შეგვიძლია, საჭიროების დროს, ექიმს მივმართოთ. დავდივარ სკოლაში, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობ და სადაც თავს კარგად ვგრძნობ. მე მომწონს ადამიანები, რომლებიც მასწავლიან და უამრავი ამხანაგი მყავს. ჩვენს ოჯახსდახმარების მიღება შეუძლია სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებიდან ან მათგან, ვინც იცის, თუ რა გააკეთოს განსაკუთრებული პრობლემების დროს. ჩვენს საზოგადოებას ჰყავს პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ.
მე ვარ
საყვარელი და მიმზიდველი ხასიათის.
ვიცი, რომ ადამიანებს მოვწონვარ. ვცდილობ, სხვებს ვასიამოვნო - გავუნაწილო საკვები, ვაჩუქო საჩუქარი, გავაგებინო, რომ მათი ნახვა და დახმარება მახარებს. ასევე, ვცდილობ საკუთარი ქცევის მართვას - არც ძალიან სწრაფად ვმოქმედებ და არც ძალიან ნელა, ადამიანებს თავს არ ვაბეზრებ.
საკუთარი თავით ამაყი
საკუთარ თავს პატივს ვცემ და სხვებისგანაც იმავეს მოველი. საკუთარი თავით და მიღწეული წარმატებებით ვამაყობ, არ ჩავიდენ ისეთ რამეს, რაც შემარცხვენს. თუ რამე მაინც მეშლება, ვცდილობ გამოვასწორო და ისევ კარგად ვიგრძნო თავი. ვიცი, რომ სხვებისთვის მოსაწონი ვარ, რადგან მათზე ისევე კარგად ვზრუნავ, როგორც ჩემ საკუთარ თავზე.
ავტონომიური და პასუხისმგებელი
ვიცი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი რამის კეთება შემიძლია და ამასთან ჩემი პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩემი ქცევა გავლენას ახდენს სხვების ქცევაზე და მოვლენათა განვითარებაზე. არ შემიძლია სხვების დადანაშაულება, როცა თვითონ მეშლება რამე. ასევე ვსწავლობ, როგორ განვასხვავო ერთმანეთისგან ჩემი და სხვისი მოქმედების შედეგები. ეს მეხმარება ჩემი პასუხისმგებლობის საზღვრების ცოდნაში. ვცდილობ ჩემი შეცდომის გამოსწორებას ან ბოდიშს ვიხდი.
იმედით, რწმენით და ნდობით სავსე
მჯერა, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდება და მომავალი კარგი იქნება. ასეთი მომავლის შექმნაში ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. მაშინაც, როცა შეცდომებს ვუშვებ, მჯერა, რომ მათი გამოსწორება შეიძლება და ყველაფერი კარგად იქნება. სულ უფრო მეტად ვსწავლობ კარგისა და ცუდის გარჩევას, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ადამიანები ყოველთვის ვერ თანხმდებიან იმაში, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი.
 მე შემიძლია
ურთიერთობა
მშობლებთან ლაპარაკი შემიძლია ჩემს მზარდ დამოუკიდებლობაზე, მომავალზე, ჩემს მოთხოვნილებებზე, იმაზე, რას მოელიან ჩემგან და რა სურთ. შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები, შევთანხმდეთ პრობლემების გადაჭრაზე. შემიძლია ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან, მათთვის ჩემი ფიქრების და გრძნობების გაზიარება.
პრობლემის მოგვარება
ხშირად ვახერხებ პრობლემის ყველა მხრიდან დანახვას და გაგებას. შემიძლია მასწავლებელს დახმარება ვთხოვო, როცა რამეს ვერ ვგებულობ, შემიძლია ველაპარაკო მეგობარს ან ვინმეს, როცა ურთიერთობაში პრობლება მაქვს. სანამ ვიმოქმედებ, შემიძლია ჩემი გადაწყვეტილებები გავიაზრო.
საკუთარი გრძნობებისა და იმპულსების მართვა
შემიძლია ამოვიცნო საკუთარი გრძნობები და მათ სახელი დავარქვა. შემიძლია ამოვიცნო და დავასახელო სხვისი გრძნობებიც. ასევე, ვცდილობ გავარკვიო, რამ გამოიწვია ეს გრძნობა ჩემში ან სხვაში. ეს მაშინ მეხმარება, როცა საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოხატვა მინდა და მაშინ, როცა სხვას ვუსმენ. ვცდილობ, თავი დავიმშვიდო და ვიფიქრო, სანამ იმპულსურად ვიმოქმედებ.
საკუთარი და სხვისი ხასიათის შეფასება
მშვენივრად ვიცნობ საკუთარ თავს. ვიცი, როგორი რეაქცია მაქვს საგნებსა და მოვლენებზე. ზოგჯერ ადვილად ვყვები სხვებს, ზოგჯერ კი დაძალება მჭირდება რამის გასაკეთებლად. ზოგი ჩემი მეგობარიც ასეა. როცა ერთად ვართ, ვფრთხილობ, რამე სულელური არ ჩავიდინოთ. ჩემი მეგობრებიდან ზოგი შეიძლება ჩემნაირი იყოს, ზოგი - განსხვავებული. ეს მეხმარება ვიცოდე, თუ ვისგან რას შეიძლება ველოდე.
სანდო ურთიერთობების მოძებნა
შემიძლია მოვძებნო ვინმე, ვისი დახმარების იმედიც მაქვს გარკვეულ შემთხვევებში. ეს შეიძლება იყოს მშობელი, მეგობარი ან სხვა ადამიანი. ისინი იზიარებენ ჩემს განცდებს, ინტერესებს, იმედებსა და ოცნებებს, გვერდში მიდგანან, როცა მიჭირს. 
ამრიგად, პიროვნების სიცოცხლისუნარიანობის განვითარება ადრეული ასაკიდანვე იწყება და უშუალოდაა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც ბავშვის გარემოს ქმნიან - მშობლებზე, აღმზრდელებზე, მასწავლებლებზე. ბავშვის მიმართ მათი ქცევა და დამოკიდებულება განსაზღვრავს, თუ რამდენად ექნება ბავშვს, შემდგომში მოზრდილს, სხვა ადამიანებთან კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობების უნარი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თავდაჯერებულობა, სირთულეების დაძლევისა და პრობლემების მოგვარების, განსაცდელში ზიანის თავიდან აცილების უნარი. სიცოცხლისუნარიანობის ენა ეხმარება მოზრდილებსაც და ბავშვებსაც, ეფექტურად წარმართონ ქცევა სიცოცხლისუნარიანობის განვითარებისკენ.
 
ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები
ჩვილობა (ახალშობილები, ტოდლერები) - დაბადებიდან 18-24 თვემდე
         ფიზიკური და მოტორული განვითარება
·        საშუალოდ ახალშობილი დაახლოებით 3-4კგ-ს იწონის, სიგრძე დაახლოებით 50სმ-ია. სიცოცხლის პირველი წელი სხეულისა და ტვინის სტრუქტურების ინტენსიური განვითარებით ხასიათდება;
·        ჩვეულებრივ ახალშობილის წონა 4 თვისათვის ორმაგდება, 12 თვისათვის სამმაგდება, 18 თვისათვის ოთხმაგდება. შემდგომში ზრდის ტემპი კლებულობს;
·        რეფლექსების უმრავლესობა 2-3 თვისათვის ქრება, რადგან ორგანიზმის მართვას და კონტროლს ტვინის ცენტრები იწყებენ;
·        საგნის მხედველობით წარმართული მიწვდენა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც ჩვილი დაახლოებით 5-6 თვისათვის აღწევს;
·        წვრილი და მსხვილი მოტორიკა სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში და შემდგომ რთულდება და პროგრესირებს; სიარულის სწავლა დროში ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ჩვილების უმრავლესობა 18 თვისათვის უკვე დადის;
·        დაახლოებით 12 თვისათვის ჩვილების უმრავლესობას „პინცეტური აღების“ კარგად განვითარებული უნარი აქვს.
·        ჩვილების არასრულფასოვანი კვება ფართოდ გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში; არასრულფასოვანი კვება გამოფიტვას, ზრდის შეფერხებას იწვევს;
·        დედებს, რომლებსაც ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ბიოლოგიური ან სხვა უკუჩვენებები არ აქვთ, ექსპერტები ერთხმად ურჩევენ მიმართონ ბუნებრივ და არა ხელოვნურ კვებას, უკიდურეს შემთხვევაში მშობიარობის შემდგომ პირველ თვეებში; ზოგიერთი დედა შვილს 2-3 წლამდე ძუძუთი კვებავს.
სენსორული განვითარება
·        უკვე დაბადებისას გრძნობათა ორგანოები კარგად განვითარებულია; პერცეპტული შესაძლებლობები შეზღუდულია;
·        ახალშობილები ადამიანის სახის ნაკვთების მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან და დედის სახის ცნობას უკვე 2 კვირის ასაკში სწავლობენ; ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ჩვილებს ამ ასაკში ასევე შეუძლიათ სახის გამომეტყველების იმიტირება;
·        ჩვილების უნარი, განასხვავოს სახეები და სახის გამომეტყველებები, პირველი 6-7 თვის განმავლობაში სწრაფად ვითარდება, ისევე როგორც სხვა სხვა ბინოკულარული უნარები, მათ შორის სიღრმის ბინოკულარული აღქმა;
·        უკვე რამდენიმე დღის ასაკში ახალშობილებს უამრავ სხვადასხვა ბგერაზე რეაგირება და მათი წყაროს ლოკალიზება შეუძლიათ; კიდევ უფრო ადრე ისინი სხვა ბგერებთან შედარებით უპირატესობას ადამიანის ხმას ანიჭებენ;
·        დაბადებისას გემოს, ყნოსვისა და შეხების სისტემები კარგადაა განვითარებული.
კოგნიტური განვითარება
·        ჩვილობის ასაკში კოგნიტური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ნივთებით თამაში;
·         ჩვილობის პერიოდში მიბაძვა სულ უფრო რთულდება; დადგენილია, რომ უკვე სიცოცხლის პირველი წლის შუაში ჩვილებს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ იმიტაცია შეუძლიათ;
·        დახსომების უნარები საკმაოდ ადრე ვლინდება; ჩვილებს განსაკუთრებით კარგი მხედველობითი მეხსიერება აქვთ;
·        სიმბოლურ თამაშს ჩვილები 6-12 თვის ასაკში იწყებენ;
·        ობიექტების პოტენციური შესაძლებლობების აღქმა ჩვილობის ადრეულ ეტაპზე იწყება.
 

25-28(942)N