2011-12-21 განვითარებისა და სწავლის თეორიები ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების რეფორმატორი. დიუი ამერიკული პრაგმატიზმის# წარმომადგენელი და ინსტრუმენტალიზმის# ფუძემდებელია. ის არის ავტორი ცნობილი ნაშრომისა „დემოკრატია და განათლება“ (1916). დიუი თვლიდა, რომ კარგი განათლება არის ის, რაც ეხმარება ადამიანს საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრად ჩამოყალიბებაში. დიუის არ შეუქმნია სწავლების თეორია, მაგრამ მისმა შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა განათლების მიზნისა და პრინციპების თანამედროვე მიდგომებზე.
დიუის მიხედვით, განათლების პრინციპები გამოცდილების თეორიას უნდა ეყრდნობოდეს. მისი გამოცდილების თეორიაში ორი ცენტრალური ცნებაა: 1. უწყვეტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაბადებიდან გამოცდილების მიღების საშუალებით სწავლობს, ეს კი გავლენას ახდენს მის შემდგომ ქცევაზე. უწყვეტობა გულისხმობს იმას, რომ წინა გამოცდილება ადამიანის შემდგომი გამოცდილებისა და ცოდნის განმაპირობებელია.
2. ინტერაქცია აღწერს და ხსნის იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს წარსული გამოცდილება აწმყო სიტუაციაზე ახალი გამოცდილების შესამუშავებლად. დიუის ჰიპოთეზის მიხედვით, ჩვენი აწმყო გამოცდილება წარსული, შენახული გამოცდილების ფუნქციაა, რომელიც ზემოქმედებს მიმდინარე სიტუაციაზე და ახალი გამოცდილების საფუძველი ხდება.
შესაბამისად, სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარსული გამოცდილების ცოდნა და მისი დაკავშირება ახალ მასალასთან. ამ გზით მასწავლებელი აზრიანს და მოსწავლისათვის მნიშვნელოვანს ხდის ახალ ინფორმაციას და ამით ხელს უწყობს მის ეფექტიან დასწავლას.
დიუის შეხედულებით, ცოდნა ობიექტის იმ კავშირების გაცნობიერებაა, რომლებიც მისი გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს კონკრეტულ სიტუაციაში. სწავლა აქტიური პროცესია, რაც აუცილებლად პრაქტიკულ მოქმედებებს მოიცავს, რადგან სუბიექტი სწავლობს თავისი მოქმედებების საშუალებით. სწავლება კი აქტიური პროცესია, რომლის დროსაც მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს საკუთარ გამოცდილებასთან დააკავშიროს ახალი ცოდნა და გამოიყენოს ის შესაბამის სიტუაციაში.
დიუის შეხედულების მიხედვით, განათლების მიზანია არა მხოლოდ ფაქტების სწავლება და ცოდნის ათვისება, არამედ პიროვნების ცოდნისა და უნარების ინტეგრირება მისი მოქალაქედ და პიროვნებად ჩამოყალიბების მიზნით. დიუი თვლის, რომ სწავლება პრაქტიკული ელემენტის გარეშე არაეფექტიანია, ამიტომ „სწავლა კეთებით“ სწავლების მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს.
დიუის მიხედვით, სწავლება ეფექტიანია, თუ ძირითადი ყურადღება ექცევა პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას და არა მასალის, ფაქტების დამახსოვრებას.
|