გამოდის 1998 წლიდან
2010-05-19
საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი

პატივცემულო მკითხველებო, ვაგრძელებთ რუბრიკას `საგანმანათლებლო გზამკვლევი~. პირველი ოთხი წერილი ეხებოდა სკოლის საქმიანობის ისეთ საკითხებს როგორიცაა: `საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები) მესამე პირებზე დროებით სარგებლობაში გადაცემის წესი~ (აუქციონი, კონკურსი).

 

ამჯერად შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ დამუშავებულ რამდენიმე თემას, რომელიც საჯარო სკოლის (ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების) ფინანსურ საკითხებს შეეხება.

 

კერძოდ, დღევანდელი თემა იქნება _ სახელმწიფო შესყიდვები. მოგეხსენებათ, 2010 წლიდან ამოქმედდა ახალი ცვლილებები კანონში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ. აღნიშნული კანონი და ასევე დებულება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობისაა და ჩვენი დღევანდელი თემის ფარგლებში ყველა საკითხის განხილვა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ, ჩვენი შეხედულების მიხედვით, დავამუშავეთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დამახასიათებელია ყველა საჯარო სკოლისთვის. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, დღევანდელი თემა იქნება ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად განსახორციელებული შესყიდვები. ასეთი ტიპის შესყიდვები დამახასიათებელია აბსოლუტურად ყველა საჯარო სკოლისთვის. როგორც ჩვენი გამოცდილება და პრაქტიკა გვიჩვენებს, საჯარო სკოლებში ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარვეზების დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე მოდის. ამიტომ მიშვაჩნია, რომ დღევანდელი თემა საინტერესო და ახალი ინფორმაციის მომცემი იქნება არა მარტო დაწესებულების ფინანსური მართვის რგოლისათვის, არამედ დირექციისთვისაც. მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ, ასევე, ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ _ ფასთა კოტირების და ტენდერის ჩატარების მეშვეობით.

 

რაც შეეხება დღევანდელ თემას, აქ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის წესი განისაზღვრება `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ კანონითა და დებულებით _ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახე~.

 

·             შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ: 

·             შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება _ 100.000 ლარს;

·             საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. ექსკლუზიურ უფლებად საქონლის მიწოდებაზე, სამუშაოს შესრულებაზე, მომსახურების გაწევაზე არ განიხილება შემთხვევა, როდესაც არსებობენ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა;

·             არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე  გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შემსყიდველ ორგანიზაციაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ. დებულება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ).

 

I ეტაპი _ შესყიდვების გეგმა

 

ნებისმიერი შესყიდვის განხორციელება, თუნდაც მცირეფასიანი საქონლის, გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება შესაძლებელია როგორც საბიუჯეტო შემოსავლებიდან (ვაუჩერი და სხვა), ასევე სკოლის სხვა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. ორივე შემთხვევაში, მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების ერთი და იგივე წესები. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების გეგმა და შემდგომში შესყიდვების ანგარიში უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია სკოლისთვის საჭირო ყველა შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა და შესაძლებელია საჭირო გახდეს გეგმის კორექტირება. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმა. ფინანსური პარამეტრით ცვლილების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დამატებით უნდა მოახდინოს წერილობითი ფორმით მისი დასაბუთება.

 

II ეტაპი _ შესყიდვების განხორციელება

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; ასევე, საბიუჯეტო კლასიფიკაციის `საქონელი და მომსახურების~ მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე, მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ. კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 1.)

 

მნიშვნელოვანია: საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული მეშვეობით. გამარტივებული ელშესყიდვა შესაძლებელია _ სახელმწიფო შესყიდვების კანონის 10.1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 2 000 ლარამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების და 5 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის დროს, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირდაპირ დადებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ანდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის, ან ელექტრონული ტენდერისათვის გათვალისწინებული პროცედურებით (იხ. მუხლი 10.1. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები) _ აღნიშნული პროცედურების განხორციელება სავალდებულო გახდება 2010 წლის სექტემბრიდან.

 

თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია მოყვანილი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის შემდგომ წერილებში გამოქვეყნება.

 

რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი თემის ძირითად საკითხებს: ერთ პირთან მოლაპარაკებას შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (პირები). ხელმძღვანელი უფლებამოსილია, კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ შესაძლებელია იყოს როგორც ერთჯერადი ასევე მიმდინარე (მიმდინარე _ არაუმეტეს 1 საბიუჯეტო წლისა). მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს  სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების დადების შემდეგ უნდა განხორციელდეს საქონლის მიწოდება ან სამუშაოს შესრულება. მხოლოდ ამის შემდგომ, ანუ მომსახურების გაწევის შემდეგ შემსყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველს არ აქვს უფლება სახელშეკრულებო თანხის წინასწარ ანაზღაურებისა. ჯერ უნდა განხორციელდეს საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს თანხის ანაზღაურება. საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტს აფორმებენ უფლებამოსილი მხარეები.

 

გამონაკლისი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წინასწარ ანგარიშსწორებას. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.

 

1.       კიდევ ერთხელ მოგაწოდებთ მოკლე ინფორმაციას იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას:

2.      სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

3.      ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით გაწეული მომსახურებისთვის ან/და მოწოდებული საქონლისთვის თანხის ანაზღაურება (თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ).

 

III ეტაპი _ შესყიდვების ანგარიში

 

შესყიდვის პროცესი აისახება შესყიდვის შესახებ ანგარიშში, რომლის შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

ჩვენ შემთხვევაში, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში და გაფორმებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტლის პირველი თვის 30 რიცხვისა. ანგარიშების წარდგენა ხდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულების `დანართი N4~-ის შესაბამისად. ანგარიშს თან უნდა დაერთოს საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების და მათში განხორციელებული ცვლილების (ასეთების არსებობის შემთხვევაში _ დამადასტურებელი დოკუმენტების) ასლები.

 

ასევე გასათვალისწინებელია: შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში (ამოქმედდა 2010 წლის 1 მარტიდან)

 

ყოველივე ზემოთმოყვანილი არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. შემდგომ წერილებში შემოგთავაზებთ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ _ ფასთა კოტირების და ტენდერის ჩატარების მეშვეობით. ასევე, თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში _ ინფორმაციას ელექტრონული შესყიდვების განხორციელების შესახებ.

 

საკონსულტაციო/ანალიტიკური ჯგუფი `... ექსპერტი~

40(914)N