2011-11-03 ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში — ვექტორი გამარტივებისაკენ გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის
ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი
რამდენად საფუძვლიანია მღელვარება, რომელმაც საზოგადოება მოიცვა, თითქოსდა, სკოლებში ქართული ლიტერატურის შევიწროვების გამო. რა ცვლილება განიცადა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტმა? მოგეხსენებათ, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ორი ტიპის ტესტს ამზადებს — სავალდებულო საგამოცდო ტესტს და არჩევითი ლიტერატურის ტესტს. რაც შეეხება ლიტერატურის არჩევითი გამოცდის ტესტს, არავითარი ცვლილება არ იგეგმება, როგორიც იყო შარშან, იმგვარივე დარჩება, ანუ იქნება განსხვავებული ტიპის ორი წერითი დავალება, რომლებიც 50 ქულას მოიცავს. 25 ქულით შეფასდება ერთი წერითი დავალება, მეორეც — 25 ქულით. 30 ქულით შეფასდება ლიტერატურის ცოდნა — გარკვეული ეპიზოდების ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების, ანუ იმგვარი შეკითხვები, ლიტერატურული ტექსტის ცოდნას რომ მოითხოვს. მთლიანობაში ეს იქნება 80-ქულიანი ტესტი, როგორც იყო შარშან და შარშანწინ.
შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი სავალდებულო გამოცდისათვის. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ისიც, როგორც არჩევითი გამოცდის ტესტი, იქნება 80-ქულიანი (წინა წლებში 100-ქულიანი იყო), სამუშაო დრო კი აბიტურიენტებს ისევ 4 საათი მიეცემათ. ამ თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, საქმე უფრო გამარტივებისაკენ წავიდა, ვიდრე გართულებისაკენ.
ყველა დავალება, რომელიც შევა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტში, იქნება იმგვარივე, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ. დავალება იქნება ოთხი. შარშანაც იყო ე.წ. რედაქტირების დავალება — ტექსტი, რომელშიც ყველა ტიპის ენობრივი შეცდომაა დაშვებული, სტილისტური ხარვეზების ჩათვლით და აბიტურიენტს ევალება, გაასწოროს და ისე გადაწეროს პასუხების ფურცელში. ეს დავალება ისევ იქნება, ოღონდ შეფასდება 20 ქულით (იყო 15-ქულიანი). შესაბამისად, შეცდომების რაოდენობა გაიზრდება — თითო შეცდომის პოვნასა და გასწორებაში თითო ქულა იწერება. შეცდომები რაოდენობრივად მოიმატებს, სირთულის მიხედვით შეიძლება უფრო იოლიც იყოს.
მეორე დავალება, რომელიც შევა ჩვენს ტესტში, ფუნქციური წერაა. ეს ტესტიც იყო შარშან და მომავალ წელსაც იქნება. ახლა ჩვენ უფრო მარჯვე სახელი მოვუფიქრეთ — არგუმენტირებული ესე, ეს არის რაღაც საკითხი, გარკვეული თემა, რომლის შესახებაც აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს და გამოამჟღავნოს თავისი დამოკიდებულება (დავუშვათ, ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უცხო არ არის და რაზეც მათ შეიძლება ნაფიქრიც ჰქონდეთ. განსხვავებით შარშანდელისაგან, დავალება 20-ქულიანი იქნება. წინა წლებში, კრიტერიუმები ისე იყო შედგენილი, რომ ამ ტიპის დავალება 15 ქულით ფასდებოდა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ იმგვარად დაწერილ დავალებაში (რა თქმა უნდა, კარგად დაწერილ), როგორც შარშან დაწერდნენ, ნაცვლად 15 ქულისა, მიიღებენ 20 ქულას, ანუ რაც ადრე უნდა დაეწერათ, ის უნდა დაწერონ, ოღონდ შეიძლება მეტი ქულა მიიღონ. სხვა არანაირი ცვლილება ამ დავალებაში არ არის.
წლების განმავლობაში, 2006 წლიდან, უცვლელი სახითაა (მხოლოდ 2005-ში იყო განსხვავებული) წაკითხულის გააზრება-წერითი დავალება, ანუ შეთავაზებულია ლიტერატურული ტექსტები, რომელიც აბიტურიენტებს სკოლაში არ უსწავლიათ. ეს არის ქართული და უცხოური კლასიკური, გემოვნებიანი, კარგი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები ან პოეტური ნაწარმოებები მთლიანად, რომლებიც შედარებით დიდი მოცულობისაა. მათ უნდა წაიკითხონ და გაიაზრონ. ტექსტებს ერთვის ოთხი სავარაუდო პასუხის მქონე შეკითხვები, რომელთაგან ერთ-ერთია სწორი და აბიტურიენტებმა ტექსტიდან გამომდინარე უნდა უპასუხონ. წაკითხულის გააზრება მომავალშიც დარჩება, ერთი განსხვავებით შარშანდელისაგან — შემოსახაზპასუხიანი კითხვა იქნება არა 10, არამედ 15, ანუ ეს დავალება 15-ქულიანი იქნება. შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, იმავე ტექსტზე, რომელსაც აბიტურიენტები გაიაზრებდნენ, უნდა დაეწერათ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ზუსტად ასევე დარჩება. მხატვრული ტექსტის, ანუ თხზულების შეფასების კრიტერიუმები არ იცვლება და ისევ 25-ქულიანი იქნება.
გამოდის, რომ იქნება ერთი ენობრივი ნაწილი 40-ქულიანი, იმ ორი დავალებისაგან შემდგარი, რომელიც შარშანაც იყო და მეორე ნაწილი — ე.წ. კითხვისა და წერის, ლიტერატურული ნაწილი, რომელიც მთლიანობაში ასევე 40-ქულიანი იქნება. მთლიანობაში ჩვენი ტესტი იქნება 80-ქულიანი. ამოვარდა ორი შედარებით ნაკლები დატვირთვის მქონე ენობრივი დავალება, რომელიც იყო შემოსახაზპასუხიანი. ენობრივი კომპეტენცია ძალიან კარგად მოწმდება ტექსტის რედაქტირებით და ამ დავალებებს დიდი დატვირთვა არ ჰქონდა. ასევე ამოვარდა 25-ქულიანი ბლოკი, რომელშიც პატარ-პატარა ტექსტები იყო მოცემული საპროგრამო ლიტერატურული ნაწარმოებებიდან და ამ ტექსტებზე იყო შემდეგ რამდენიმე შეკითხვა დასმული, ფაქტობრივად, ესეც წაკითხულის გააზრება იყო, ოღონდ უკვე ნაცნობი, სკოლაში გავლილი ტექსტის. მეთოდოლოგიურად ეს გაუმართლებელია, რადგან წაკითხულის გააზრების უნარის, ანუ ფიქრის შემოწმება თუ გსურთ, ნასწავლი ნაწარმოებიდან მოტანილი ტექსტით ამას ვერ გაარკვევ — ვერ მიხვდები, ეს მან იქვე გაიაზრა გამოცდაზე თუ რეპეტიტორთან ან სკოლაში ნასწავლი ახსოვს. ეს იმ წერითი დავალების დუბლირება იყო, რომელიც ისედაც უნდა შეესრულებინა და რომელიც მართლაც გამართლებული და სწორია, რადგან არასაპროგრამო ტექსტებიდანაა ამონარიდები. ეს იყო გარკვეული ხარკი, რომ ქართული ლიტერატურის პროგრამა არ ამოვარდნილიყო. ჩვენ არც ვაგდებთ და ვერც ამოვაგდებთ ქართულ ლიტერატურას, რადგან ამ საგნის სწავლება სკოლებში არავის გაუუქმებია. ყველაზე დიდი არგუმენტი ამ ნაწილის ამოღების ის არის, რომ, მოგეხსენებათ, გასული სასწავლო წლის ბოლოს საკმაოდ წარმატებით ჩატარდა გამოსაშვები გამოცდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო ტესტში არის ამ ტიპის შეკითხვები, სადაც ტექსტია მოცემული და შეკითხვები ოთხი სავარაუდო პასუხით, რომელთაგან ერთ-ერთი სწორია, გამომდინარე ტექსტის სწორი გაგებიდან და გააზრებიდან. ასევე იყო იმ ტიპის შეკითხვები, რომლებსაც ტექსტი არ ახლდა და მეთორმეტეკლასელს უნდა გაეხსენებინა გარკვეული ეპიზოდი, ორიენტირებული ყოფილიყო მასალის ცოდნაზე. გამოდიოდა ელემენტარული დუბლირება — ის ბავშვები ეროვნულ გამოცდაზეც იმავეს აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ ჩაითვალა, რომ ამ დავალებას არავითარი დატვირთვა აღარ აქვს ეროვნული გამოცდების ტესტში.
ტესტში პრინციპული ხასიათის ცვლილება არ არის იმ თვალსაზრისით, რომ არცერთი ახალი დავალება მომავალი წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ იქნება, ყველა დავალება იყო შარშანაც და შარშანწინაც, უბრალოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აღარ იქნება 26 (25+1) ქულა, იქნება 21 (20+1), რადგან 20 80-ის 25%-ია. შეიცვალა ქულების გადანაწილება — 100-ქულიანის ნაცვლად, გამოგვივიდა 80-ქულიანი ტესტი. ვექტორი არის აქეთ, გამარტივების მიმართულებით და არა პირიქით — გართულების.
გავიმეორებ, გამოსაშვები გამოცდების ტესტი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ შეიცვლება. ისევ იქნება წმინდა ენის ნაწილიც და ლიტერატურის ნაწილიც, რომელშიც იქნება ნაწარმოების ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები და შეკითხვები — წაკითხულის გაგებაზე.
არავის აზრად არ ჰქონია ქართული ლიტერატურის შევიწროება. ამიტომ მღელვარება, რომელმაც საზოგადოება მოიცვა, უსაფუძვლოა. არ არის მართალი მოსაზრება, თითქოს მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას აღარ ისწავლიან, რადგან ამას მხოლოდ ეროვნული გამოცდისთვის არ აკეთებდნენ. ლიტერატურის უცოდინარი ბავშვი სკოლის გამოსაშვებ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ამიტომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ყურადღება სხვა რამეზე უნდა გავამახვილოთ. ეროვნული გამოცდები საუკეთესოთა შერჩევაა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე როგორი იყო სურათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში?
ერთი რამ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, წერის კულტურა იზრდება. ბოლო ორი წლის ნაშრომების შედარებაც არ შეიძლება 2005-06 წლების ნაშრომებთან. მხატვრული ტექსტის ანალიზი და ესეს წერის კულტურა ნამდვილად ამაღლდა აბიტურიენტებში. ეს აისახა კიდეც ჩვენს კრიტერიუმებში. პირველ ორ წელიწადს სპეციალური კრიტერიუმი გვქონდა ჩადებული — ტექსტის მოცულობა. იმიტომ რომ, ძალიან გვეშინოდა და ასეც აღმოჩნდა — ნაშრომების დაახლოებით 1/3 იყო ცარიელი ან მხოლოდ ერთი აბზაცი ეწერა. ასეთი ნაშრომები, რა თქმა უნდა, არ სწორდებოდა, რადგან 200 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ბოლო ორი წელია, ფაქტობრივად, ცარიელი ნაშრომები აღარ გვქონია. სხვა საკითხია, რას წერენ, მაგრამ ასეთი შემთხვევა აღარ გვქონია. უკვე შესაძლებელი გახდა აბიტურიენტთა ნაწერების დიფერენცირება არა მოცულობის კრიტერიუმის მიხედვით, არამედ შინაარსობრივი, რაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. შემდგომში ეს კრიტერიუმი საერთოდ ამოვარდა და ყურადღება ექცეოდა არგუმენტაციას, დამოუკიდებელ აზროვნებას, ტექსტის აგების, ლოგიკური მსჯელობის, საკუთარი აზრის ნათლად და მკაფიოდ გამოთქმის უნარებს, ასევე, შესაბამისი მაგალითების მოხმობის უნარს ანალიზის დროს და ა.შ. უკვე მესამე წელია, ამგვარი კრიტერიუმებით ვასწორებთ ნაშრომებს. იმედი გვაქვს, მდგომარეობა უფრო და უფრო გამოსწორდება.
მესამე წელია, რაც სხვა ტიპის წერითი დავალება შემოვიღეთ, ე.წ. არგუმენტირებული ესე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მხატვრული ანალიზის გარდა, სხვა ტიპის წერითი დავალების შესრულებაც უნდა შეძლოს ადამიანმა — ელემენტარული განცხადების დაწერა, საპროექტო წინადადების შედგენა, არალიტერატურულ, განყენებულ საკითხებზე მსჯელობა. უნდა აღვნიშნო, რომ შარშანწინდელთან შედარებით წლევანდელი მდგომარეობა უკეთესი გახლავთ.
რა რჩება პრობლემად? ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები უყურადღებოდ კითხულობენ დავალების პირობას, არაადეკვატურები არიან დავალების პირობისა, ანუ იმას არ აკეთებ, რასაც მათ სთხოვენ. რატომღაც ამას წლების განმავლობაში არაფერი ეშველა, ძალიან სერიოზული პრობლემაა. არ ვიცი, რისი ბრალია, უბრალოდ უყურადღებობის გამო ხდება თუ წაკითხულის გააზრებისა და გაანალიზების უნარი არ აქვთ გამომუშავებული სკოლაში. სამწუხაროდ, წლევანდელმა შედეგებმაც იგივე სურათი აჩვენა. მაგალითად, დავალების პირობაში წერია: ამოიწერე ორი სიტყვა, რომელიც გამოხატავს... იწერენ მთელ სტრიქონს, ამის შეფასება კი ნულია. იმიტომ რომ, მთელ სტროფს რომ გადმოწერს, ის ორი სწორი სიტყვაც მოხვდება, მაგრამ როგორ უნდა შეაფასო, სწორად ჩაწვდა თუ არა აბიტურიენტი დავალების პირობას. როდესაც პირობა გეუბნება, ამოწერე ორი სიტყვა, უნდა ამოწერო ორი, ერთს ან სამს თუ ამოწერ, ეს დავალება უკვე აღარ გასწორდება. აი, ასეთი ელემენტარული — დავალების პირობის უყურადღებოდ წაკითხვა ან უარესი — ვერგაგება დაუძლეველ პრობლემად რჩება. საბედნიეროდ, წერის თვალსაზრისით, ნამდვილად პროგრესი გვაქვს. იმედია, ჩვენი ახალგაზრდები მომავალში ამ პრობლემასაც დაძლევენ.
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი
|