გამოდის 1998 წლიდან
2011-06-29
წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის სიტყვიერი გადმოცემა

იაპონია მსოფლიო ყურადღების ცენტრში, რამდენიმე თვის წინ, შემზარავი ცუნამის გამო მოექცა და იაპონელი ხალხის მხარდაჭერა მსოფლიო საზოგადოებამ სხვადასხვა ღონისძიებით გამოხატა. ეს თანადგომა იაპონელი ხალხისთვის ერთგვარი ძალის მიმცემია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ და დაძლიონ თავს დამტყდარი უბედურებით გამოწვეული უიმედობა. „სოლიდარობა იაპონიას“ — ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი პოზიტიური წინ არის, ამ მოწოდებას თბილისის 147-ე საჯარო სკოლის X3 კლასის მოსწავლეები იაპონური პოეზიის საღამოთი გამოეხმაურნენ.
პროექტი „იაპონური პოეზია“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ტაბიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროექტზე, ასევე, მუშაობდნენ მარიამ კალანდარიშვილი და ნინო ჩახუნაშვილი. იდეა მოსწავლეებს ეკუთვნით. როგორც მათ გვითხრეს, ჯერ კიდევ IX კლასში სწავლისას ძალიან მოსწონდათ იაპონური პოეზია და წელს მაია მასწავლებელს სთხოვეს, ამით დაინტერესებულიყო მათთან ერთად და პოეზიის საღამო მოეწყოთ. ერთობლივი მუშაობის შედეგმა არ დააყოვნა და შექმნეს პროექტის ელექტრონული ვერსია, რომლის წარდგინებაც საჯაროდ მოაწყვეს.
ერთ პროექტში მოქცეული, დიდი გემოვნებით შერჩეული, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნების (რომელიც აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზეა დაფუძნებული) — იაპონური პოეზიის მოსმენა მართლაც სასიამოვნო აღმოჩნდა. პროექტორზე კი, მოსწავლეების ნაამბობს ფოტომასალითა და მუსიკით გაფორმებული ვიდეომასალა სდევდა.
იაპონური პოეზიის სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულებებიდან, მოსწავლეებმა ჯერ ტრადიციული იაპონური ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სიმბოლური დატვირთვის მქონე ჟანრი — ჰაიკუს შედევრები წაიკითხეს. ტერმინი „ჰაიკუ“ XIX საუკუნის იაპონელ პოეტ მასაოკა შიკის უკავშირდება, თუმცა მის მამამთავრად მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი ითვლება. ეს უკიდურესად მოკლე სტრუქტურული ლექსია, რომლის მიზანი წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემაა. ჰაიკუ უნდა შეიცავდეს ერთ კიგოს, ანუ წელიწადის ერთ-ერთ, დროის სახელს ან ისეთ სიტყვას, რომელიც წელიწადის რომელიმე დროს მიგვანიშნებს, მაგალითად: „ახალი წელი“, „ატმის ყვავილობა“ და ა.შ. თუმცა, კიგოს წარმოქმნის ასევე „სავსე მთვარის“ ხსენებაც. ეს ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც არ უნდა ჩანდეს მთხრობელი. გამორიცხული არაა იუმორი. ჰაიკუმ მკითხველში ფანტაზიის უნარი უნდა აღძრას და წარმოსახვით ესა თუ ის სურათი დაანახოს. ჰაიკუსთვის რითმა არ არის დამახასიათებელი.
ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების, ხუმრობებისა და მხიარული შაირების საფუძველზე. პოეზიის ეს სახეობა სრულყოფილებას იძენდა სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით, საჭირო იყო გონებამიხვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა კი მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციასა და სხარტ გარითმვაზე.
ხშირად ჰაიკუს პოეტური აზრი გამოუცნობი რჩებოდა. მაგალითად, ჰაიკუს ჟანრის სახელგანთქმულმა იაპონელმა პოეტმა მაცუო ბასიომ შეძლო მთელი სამყარო აესახა ამ ლექსში:

„შემოდგომის მწუხრისას
ყვავი მარტოდმარტო ზის
გამხმარ ტოტზე.“
ან თუნდაც:
„უშნო ყვავი
ისიც ლამაზია ზამთრის დილას
უმანკო თოვლზე“.

XVI-XVII საუკუნის ხოკუს — ბასიეს, ისსას, კიკაკუს, მაცუო ბასიოს, ტიენის, ტაიგის, ბუსონის, ტეიძიო ნაკამურასა და კოიჩირო ნაგატას მშვენიერი პოეზიის, ასევე მშვენიერი, ქართული თარგმანების შემდეგ, მოსწავლეები შეეცადნენ, ტანკით დაეტკბოთ მსმენელი („ტანკა“ იაპონურად სიმღერას ნიშნავს). ორი ათასწლეულის წინ ჩამოყალიბებული ტანკა 5 სტრიქონისა და 31 მარცვლისგან შედგება და არსებითად განსხვავდება ევროპული სალექსო ფორმებისგან. ლაკონური, კონცეპტუალურად და ემოციურად დატვირთული უძველესი ტანკების ავტორებად გვევლინებიან იმპერატორები, პრინცესები, ფეოდალები, მაღალი წრის ქალბატონები და განსწავლული ბერები. მათი სალიტერატურო ენა მეტაფორების ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს. აი, რას წერს ტეიძიო ნაკამურა: „სამშობლოში რამესთან ერთად ხურმაც ტკბილია“. უცნობი ავტორის მიერ დაწერილი ტანკა კი ნებისმიერ ადამიანს გამოადგებოდა „მასწავლებლად“:

„გააკეთე ისე,
როგორც შენამდე უკეთებიათ
და გააკეთე უკეთ.
შემდეგ დალეწე ყველაფერი
და ისე გააკეთე,
როგორც მანამდე არავის გაუკეთებია.
ხვალ კი სხვა მოვა.“

აცუტადას, სუვოს, სადაიეს, კანკეს, სადაკატა ფუჯივარას, ბერი კისენის, იმპერატორ გოტობას და სხვათა ტანკების ქართული ვერსიები სიყვარულზე, სევდაზე, მარტოობასა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც უფრო ღრმა და ფარულ აზრებს გვაძებნინებს.

„ღრმა სინანულით
ვუხმობ მეგობრებს,
მძულან
თვალთმაქცი
მტრები...
მორჩა
სიცოცხლე! გზას
უკანასკნელს
ვიკვლევთ ცეცებით
ხელის...
სამარადჟამოდ ვეძებ
სიმშვიდეს...“
(იმპერატორი გოტობა)

ამ ყველაფრის მოტანა მოსწავლეებმა მართლაც დიდი ემოციითა და, რაც მთავარია, სწორად შეძლეს. პოეზიის საღამო დასრულდა, მაგრამ მაყურებელი ისევ რაღაცის მოლოდინში იყო, ეს რაღაც სწორედ იაპონური პოეზიით თავსმოხვეული დიდი შთაბეჭდილება იყო. მონაწილეებმა, სამახსოვროდ, ფურცლებზე დაბეჭდილი პოეზიის ნიმუშები დაგვირიგეს, იქვე გაჩნდა იდეა, რომ აიკინძოს და ამ სახით შეინახოს სკოლამ. კრებული ნებისმიერ მასწავლებელს გაუწევს დახმარებას, მოსწავლეები აზიაროს იაპონური პოეზიის ამ უმშვენიერეს ნიმუშებს და მოუთხროს იაპონელ პოეტებზე, რომ: „როგორც ჩინელი ხელოსნები ნემსის წვერით ბრინჯის ერთ მარცვალში მთელ მოთხრობას ამოკაწრავდნენ ხოლმე, ასევე, იაპონელი პოეტებიც თავიანთ ტრადიციულ სალექსო ფორმებში — ხუთსტრიქონიან ტანკასა და სამსტრიქონიან ხოკუში მთელ თავიანთ სიცოცხლეს ტევდნენ“.

შთაბეჭდილებები:
ნატო შარაშიძე, პედაგოგი: დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი პროექტების ფონდი შეიქმნას სკოლაში, რომელსაც შემდეგ მასწავლებლები გამოვიყენებთ გაკვეთილებზე. ბუნებრივია, მასწავლებლის დამსახურებაა, როცა მისი მოსწავლეები ასე ორიგინალურად აზროვნებენ და ასეთივე ორიგინალურ თემებს ირჩევენ. მაია მათ მხოლოდ ლიტერატურას კი არა, ხელოვნების სხვა დარგებსაც ასწავლის.
აზა მირგატია, პედაგოგი: დღევანდელი საღამო იაპონური პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის გემოვნებიანი სინთეზი იყო. ეს მოსწავლეებმა ძალიან ნიჭიერად მოიტანეს ჩვენამდე.
ლალი დუნდუა, 147-ე საჯარო სკოლის დირექტორი: არაჩვეულებრივი საღამო იყო. დღეს მოსწავლეებმა მართლაც სიღრმისეული პოეზია წაგვიკითხეს, თუ შეიძლება ითქვას, ამაღლებული, გრძნობებით სავსე განწყობა შექმნეს. რაც მთავარია, ასეთი პროექტები მათთვისვეა სასარგებლო. თუნდაც ის, რომ იაპონური პოეზიით დაინტერესდნენ, ამდენი რამ წაიკითხეს და ისწავლეს, უკვე წარმატებაა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებენ, თავიანთ პედაგოგთან ერთად.

პროექტის მონაწილეები:
თამუნა ქსოვრელი: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა, ძალიან დიდი აზრი დევს თითოეულ ლექსში.
მარიამ კალანდარიშვილი: დაბალ კლასებში იაპონურ პოეზიას აზა მასწავლებელმა გვაზიარა, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წელს კი, მაია მასწავლებელს ვთხოვეთ, რომ უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა და მოგვემზადებინა ასეთი სახის პროექტი. მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუშაობის პროცესიც და ვფიქრობ, პროექტიც. რაც მთავარია, ჩვენ ბევრი რამ შეგვძინა, უამრავი მასალა მოვიძიეთ, თან წიგნებით და არა ინტერნეტით.
ნინო ჩახუნაშვილი: ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ღირდა. იაპონურმა პოეზიამ იაპონელი ხალხის სულიერი სამყარო დაგვანახა, ღრმა და მრავლისმომცველი. ბევრი რამ შევიტყვეთ მათზე და, რაც მთავარია, ჩვენი ცოდნა, თვალსაწიერი კიდევ უფრო გავამდიდრეთ.
შორენა აბრამიშვილი: დიდი სიამოვნება მოგვანიჭა პროექტზე მუშაობამ, უამრავი მასალა მოვიძიეთ, წავიკითხეთ, დავამუშავეთ. ბევრი რამ გავიგეთ იაპონური პოეზიის შესახებ, რომელიც ასე გნუსხავს და გაფიქრებს.

***
დაბოლოს, ისევ იაპონურ პოეზიას მივუბრუნდები, ზემოთ ვახსენე მაცუო ბასიოს მინიატურა, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ასეთი განწყობა შექმნა: ყვავი, გამხმარი ტოტი, მოახლოებული მწუხრი, გვიანი შემოდგომა. ერთი ფერით შესრულებული პეიზაჟი, სიჩუმისა და მწუხრის განცდა. მის მეორე მინიატურაში კი მარადიულისა და წუთიერის შერწყმაა:

„ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ! გაისმა სიჩუმეში.“

ძველი გუბურა მარადიულია და მის მარადიულობაში რომ შეაღწიო ცნობიერებით, საჭიროა ერთგვარი წუთიერი ძვრა — ხტომა. ამ მინიატურას სერიოზულად დაფიქრება სჭირდება. ხტომაა საჭირო, სწორი ხტომა, რათა მარადიულობას შეერწყა.

***
იაპონური პოეზიის საღამომ, ამ ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული არტაქცია „საკურას ყვავილობა“ გამახსენა, რომელშიც იაპონელი ხალხის მხარდასაჭერად მონაწილეობდნენ ქართველი ფოტოგრაფები, მხატვრები და მუსიკალური ბენდი. სწორედ ამ გამოფენაზე შესრულდა კომპოზიცია „საკურა“, რომლის სიტყვებითაც დავასრულებ წერილს: „ბოლოს ჩვენ დავუბრუნებთ ზღვას თავის ფერს, ცას თავის ფერს და მზე ისევ გაგვათბობს“.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N