გამოდის 1998 წლიდან
2011-06-15
უნიშნობათა შემნიშნავი

2 ივნისს, ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“, 24-ე საჯარო სკოლის IXბ კლასის (დამრიგებელი — ლამარა ტაბატაძე) მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო — „უნიშნობათა შემნიშნავი“ გამართეს. საღამოს ორგანიზატორი ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბარისაშვილი იყო. ლიტერატურული საღამო მოსწავლეებმა გია მურღულიას რედაქციით გამოცემული წიგნის „სიბრძნე მინიატურაში“ მიხედვით წარმოადგინეს.
თამარ ბარისაშვილი, 24 -ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ჩვენ მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა აღმოსავლური სიბრძნის შეცნობისა, იმ სამყაროსთან მიახლოებისა, ევროპულ აღორძინებაზე ადრე რომ იგემა რენესანსი. მართალია, აღმოსავლური ლიტერატურა, პოეზია წუთისოფლის კანონებს ვერ ცვლის, მაგრამ ცხოვრებას მეტ შინაარსს სძენს, ადამიანის ჰუმანისტურ ბუნებას აღვიძებს და წარმოაჩენს, რითაც მარადიულ ინტერესს იწვევს. ძნელია, XXI საუკუნის გადასახედიდან X-XV საუკუნეების აღმოსავლური ფილოსოფიის გათავისება, თუმცა ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის მამოძრავებელი შემოქმედებითი საწყისია. სწორედ ამ მადლით ჩვენმა მოზარდებმა რუდაქის, აბუ საიდის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ჰაფეზის, ომარ ხაიამის, დაყიყის პოეზია შეიყვარეს, რაც ყველაზე არსებითია, დაიწყეს ფიქრი მარადიულ ღირებულებებზე, იგავური თქმებით თვალი გაუსწორეს რეალურ ყოფა-ცხოვრებას. IXბ კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ღვთაების არსებობის ახსნას, მიხვდნენ საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე დიდი ნიჭია, მოკვდავი ადამიანის ის უნარია, „სიძნელეს გზისას“ რომ აადვილებს, დარწმუნდნენ, საკუთარ „მეს“ ხშირად უნდა ჩაეკითხო: „ვინ ვარ, რა ვარ“, და ვინც თავს შეიცნობს, გაცხადებულად ჰპოვებს უფალს. წიგნი „სიბრძნე მინიატურაში“ ჩვენი სამაგიდო წიგნია. კრებული, რომელშიც 138 ფილოსოფიური იგავია შეტანილი, მოზარდებისთვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ის, რაც დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს, მხოლოდ იმ მასალის მცირე ნაწილია, რომლის გადაკითხვაც, შესწავლაც და შეფასებაც გაკვეთილების პროცესში მოუწიათ. იგავებზე მუშაობისას ისინი ეზიარნენ ჭეშმარიტებას. ღონისძიებისთვის მხოლოდ რამდენიმე იგავი და რობაია შევარჩიეთ. ვფიქრობთ, ეს მცირედი აღმოსავლური სიბრძნეც კი საკმარისია, მსმენელისთვის ესთეტიკური ტკბობის მისანიჭებლად. მოსწავლეებმა მშვენივრად შეძლეს თავიანთი ნაგრძნობი მსმენელამდე მიეტანათ. დიდი მადლობა ბატონ გიას, რომელმაც მსოფლიო ხალხთა იგავები ერთ წიგნად გააერთიანა და ქართველ მკითხველამდე მოიტანა.
გია მურღულია, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი: ძალიან ბევრი იგავი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არის ერთი წიგნიდან — „სიბრძნე მინიატურაში“. ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. როდესაც ამ წიგნისთვის იგავებს ვარჩევდი, რამდენიმე ათასი იგავი, მინიატურული სიბრძნე წავიკითხე, საბოლოოდ 138 შევარჩიე. ძალზე სასიამოვნოა, როცა მოსწავლეები ასეთი სერიოზული თემებით ინტერესდებიან. ადამიანებს უყვართ, როდესაც ბევრი ფილოსოფოსობის გარეშე, რაღაც ღირებულს ელაპარაკები, მარადისობისკენ უბიძგებ. სიბრძნე, ამეტყველებული მოსწავლეების ენით, მათი გონებით, გულით, ძალიან გულწრფელად, ზოგჯერ ხმადაბლა, მაგრამ მაინც გასაგებად და კარგად — ეს არის სწორედ სიბრძნე მინიატურაში. თავის დროზე, სწორედ ამ იგავებზე ძალიან ბევრი უფიქრიათ აღმოსავლეთში. როცა აღმოსავლეთს იხსენებს ადამიანი, ბუნებრივია, ამოტივტივდება ცნობიერებაში ისეთი სახელები, როგორიცაა: ლაო-ძი, კონფუცი, ჯალალ ედ-დინ რუმი, ჰაფეზი, ფირდოუსი... ევროპელები ხშირად იხსენებენ, რომ ევროპა ეს არის პრაგმატული ხედვის სამყარო, ხოლო აღმოსავლეთი ეს არის მჭვრეტელობა, შინაგანი სიმშვიდე, მშვენიერების განცდა. აღმოსავლეთს ხშირად განაბულ სამყაროსაც უწოდებენ. ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ აღმოსავლეთის გარეშე საქართველო არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს მთელი დანარჩენი სამყარო. აღმოსავლური წვდომა ჰარმონიისა, ეს არის დღემდე მიუწვდომელი სიმაღლე, რომელსაც ყველანი უნდა ვეზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს. მათ მოუწიათ ფიქრი იგავებზე, რობაიებზე. საზოგადოდ, ყველა ადამიანმა უნდა ინატროს ერთი რამ, რომ ყოველი დღე მისთვის იყოს თუნდაც პატარა სიკეთის მომტანი. სწორედ ასეთი მშვენიერი დღე გვაჩუქეს დღეს ჩვენმა ბავშვებმა.
მამა ანტონი: აღმოსავლეთი არის შორსმჭვრეტელობა, შორს ხედვა. მოზარდის სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლურ ლიტერატურასთან ზიარება. სასიხარულოა, რომ ბავშვები ასეთ სერიოზულ ღონისძიებებს აწყობენ, ეცნობიან, სწავლობენ, მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც ადამიანს სიბრძნეს, სიკეთეს, სიყვარულს ასწავლის. დღევანდელი ღონისძიება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ნიჭიერი და ინტერესიანი თაობა მოდის. მხოლოდ სწავლით, ძველთა ცხოვრებისეული გაკვეთილების გათვალისწინებითა და ჭეშმარიტებასთან ზიარებით მიიღწევა წარმატება.
ლიკა სულაძე, აღმოსავლეთმცოდნე: 24-ე საჯარო სკოლის ღონისძიებას არა ერთხელ დავსწრებივარ და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. დღევანდელი ლიტერატურული საღამო საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მომზადებული. ამ ასაკის ბავშვებისთვის არც ისე ადვილია აღმოსავლური ლიტერატურის გაცნობა. იგავის გააზრებულად წაკითხვა საკმაოდ სერიოზული საქმეა, რასაც მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი. დიდი მადლობა მათ, რომ დაინტერესდნენ და ჩვენამდე ასე ლამაზად და საინტერესოდ მოიტანეს აღმოსავლური სიბრძნე.
ლია კარიჭაშვილი, ლიტერატორი: ქართველი ერის და ქართველი წიგნიერი საზოგადოების ინტერესი აღმოსავლური ლიტერატურისადმი ძალიან ტრადიციულია. რუსთაველის გახსენებაც კმარა. იმდენად დიდია აღმოსავლური ნაკადი „ვეფხისტყაოსანში“, რომ ეს უკვე ცხადჰყოფს, რამდენად ფასეული იყო იქიდან მოწოდებული სიბრძნე, მხატვრული აღქმა სამყაროსი. ვფიქრობ, პოეზია, ზოგადად მხატვრული სიტყვიერება, წარმომავლობით აღმოსავლური, რასაკვირველია, მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, ისევე როგორც რუსთაველი. სიბრძნე, რაც მინიატურებში დევს, არის ძიება ღვთისა, საღმრთო სიბრძნის. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, ვინც კი გაეცნობა ამ წიგნს „სიბრძნე მინიატურაში“, საყვარელ და სამაგიდო წიგნად იქცევა. სასიხარულოა, რომ მოსწავლეები ეზიარნენ აღმოსავლურ სიბრძნეს, სილამაზეს, დააჭაშნიკეს იგი. მჯერა, ისინი შეიყვარებენ და კიდევ უფრო ახლოს გაეცნობიან აღმოსავლურ ლიტერატურას. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს, ქალბატონ თამარს და მოსწავლეებს, ამაღლებული განწყობა შეგვიქმნეს, რაც ყოველთვის ახლავს ჭეშმარიტ ლიტერატურასა და პოეზიას.
მაია კობახიძე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი: მოსწავლეებმა მართლაც, რომ ამაღლებულ განწყობაზე დაგვაყენეს. მათი შთამაგონებელი ხმით ძალიან ლამაზად ისმინებოდა აღმოსავლური სიბრძნე, იგავები და რობაიები. დიდი მადლობა მათ და ქალბატონ თამარს იმისათვის, რომ მოსწავლეები საინტერესო და უმშვენიერეს აღმოსავლურ პოეზიას აზიარა.
ანი გოგიაშვილი, IX კლასის მოსწავლე: წიგნზე „სიბრძნე მინიატურაში“ მუშაობის პერიოდი ძალიან სასიამოვნო იყო, ჩვენ გარკვეული დოზით ვეზიარეთ აღმოსავლურ კულტურას. თითოეულ იგავს განვიხილავდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს. კრებული მრავალფეროვანია არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მრავალი ერის სიბრძნეს აერთიანებს, არამედ იმითაც, რომ მასში სხვადასხვა პერიოდის იგავები მოხვდა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ სტუმრების წინაშე საინტერესოდ წარვმდგარიყავით.
ნუცა გოცირიძე, IX კლასის მოსწავლე: იგავებით ჩვენი დაინტერესება განაპირობა წიგნმა „სიბრძნე მინიატურაში“, რომელსაც ქალბატონმა თამარმა გვაზიარა. ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, თითოეულ იგავზე მუშაობის პროცესი ძალზე საინტერესო იყო, ვმსჯელობდით, ვარჩევდით და ვითვისებდით აღმოსავლურ სიბრძნეს.

***
ლიტერატურული კომპოზიცია გაფორმებული იყო აღმოსავლური მელოდიებითა და ქორეოგრაფიული ელემენტებით. აღმოსავლური ცეკვა შეასრულა 24-ე საჯარო სკოლის VIდ კლასის მოსწავლემ მარიამ როსტომაშვილმა (ქორეოგრაფი — კახა ხერხეულიძე). უნიშნობათა შემნიშნავი მარადი სული კი VIდ კლასის მოსწავლე სალომე ესვანჯია იყო, რომელიც ჰაეროვანი სვლითა და მთრთოლვარე ხმით შესავალშივე გვამცნობდა: „ვინმემ რომ მკითხოს ვინაობა, რა ვუპასუხო... და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ!“ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IXბ კლასის მოსწავლეები: დავით მაზმიშვილი, თამარ და ნიკა ლურსმანაშვილები, ქეთევან ბურჭულაძე, ბექა ფარაჯანიშვილი, თამარ მახარაძე, თიკო კორინთელი, თამარ საღრიშვილი, ნინო მანთაშაშვილი, ელენე ებრალიძე, ანი ჯაფარიძე. საღამოს ესწრებოდნენ 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ორგანიზატორებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ლიტერატურულ კაფე „ქარავანს“ თანადგომისათვის.

მაკა ყიფიანი

25-28(942)N