გამოდის 1998 წლიდან
2011-06-15
„ბუსუნსულებით“ დამკვიდრებული ლექს-ნახატები

ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის დღე — გამომცემლობა „პეგასის“ მიერ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასკვნითი ნაწილი კი ზაზა აბზიანიძის საბავშვო წიგნების წარდგინებას დაეთმო. საზოგადოებას „პეგასის“ მიერ გამოცემული „ბაფთა“, „ბუსუნსულები“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული „წითელკუდა“ წარუდგინეს.
„ბუსუნსულები“ მკითხველისთვის სრულიად უჩვეულო და უცნობ ჟანრს მიეკუთვნება — „სადიდო“ და „საბავშვო“ პოეზიის მიჯნაზე შექმნილ ლექსებს ავტორმა თავისივე ილუსტრაციები დაურთო და სახელიც გამოუგონა — „ლექს-ნახატები“, ასე შექმნა „ბუსუნსულებმა“ ახალი ჟანრი. იწერებოდა სრულიად მოულოდნელად, ლექციასა და ლექციას შორის, ტრანსპორტში, ქუჩაში... არავითარი შრომა, ამბობს მწერალი, ეს ლექსები თამაშ-თამაშით დავწერეო. ერთ ერთი პირველი ლექსი ამ წიგნისთვის ბატონ ზაზას სქელოსა და ჩიაზე დაუწერია:

ბაღში ცოცავს
ორი ჭია.
ერთი სქელო,
ერთიც — ჩია.
ეკითხება სქელო ჩიას:
რომ გამხდარხარ,
სულ არ გშია?
უპასუხა სქელოს ჩიამ:
— რას არ ვიყრი მუცელშია,
მაგრამ იქ რომ მიზის ჭია,
იმას ჩემზე მეტად შია.

„დღეს ბავშვის უფლებების დაცვის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს უფლებები მხოლოდ 1 ივნისს გვახსენდება — გვითხრა მწერალმა ზაზა აბზიანიძემ, — იმედი მაქვს, ისინი უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ. თუმცა, სანამ ჩვენს ქალაქში ქუჩაში, ასფალტზე, მტვერში დაწოლილ ან ხელგამოწვდილ პატარას ვიხილავთ და მას გულგრილად ჩავუვლით, იქამდე ყველა დეკლარაცია, რომელსაც აქვეყნებს იუნისეფი თუ სხვა ორგანიზაცია ან ყველა ნაწარმოები, რომელიც ბავშვებს ეძღვნება, დარჩება მხოლოდ დეკლარაციად ან მხატვრულ ლიტერატურად, კაზმულსიტყვაობად. ეს ფონი ყოველთვის ახლავს თუნდაც ჩემი წიგნების პრემიით ან წარდგინებით გამოწვეულ სიხარულს. ეს ყველაფერი ჩვენი საფიქრალია და მიხარია, რომ თქვენში თანამოაზრეებს ვხედავ.“
ღონისძიებას მწერალი თამრი ფხაკაძე უძღვებოდა: „დღევანდელი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ორი გამომცემლობის საზიარო და ჩვენთვის საყვარელი ავტორის წიგნების წარდგინებას დაეთმო. მთლიანობაში კი, ეს წიგნები, საქართველოს ბავშვებს ეკუთვნის და არა მარტო მათ, რადგან ბატონი ზაზას შემოქმედება საბავშვო და სადიდო პოეზიის მიჯნაზეა. ის თავადაც ასე მიიჩნევს: „ლექს-ნახატები ჩემი მეგობრებისა და მათი შვილებისათვის“. მკითხველი ამ წიგნების წაკითხვისას, აუცილებლად დარწმუნდება, რომ ამ არაჩვეულებრივი სამხიარულო ლექს-ნახატებით ისიამოვნებს როგორც პატარა, ასევე დიდი ადამიანიც. ეს არის უნივერსალური საბავშვო ლიტერატურის ნიშან-თვისება, რადგან „პინოქიო“, „ბურატინო“ თუ სხვა კლასიკური საბავშვო ნაწარმოები ერთნაირ სიამოვნებას ანიჭებს როგორც ზრდასრულ, ისე პატარა მკითხველსაც.
აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზაზას, ზეიმი კარგია, მაგრამ როცა ქუჩაში ამდენ უბედურებას და ამდენ ხელგამოწვდილ პატარას ვხედავთ, ეს ჩვენთვის დამთრგუნველია. მწერლის იარაღი კალამია და მან თავისი წვლილი სწორედ კალმით უნდა შეიტანოს ამ საქმეში. დღეს თეატრმა, ბატონმა მიშა ანთაძემ, მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩაატარა, თუ შეიძლება ამას არაჩვეულებრივი ვუწოდოთ — საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა და დარბაზი სავსე იყო 500-ზე მეტი ობოლი, მიუსაფარი, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვით. მათ მართლაც ისიამოვნეს ასეთი თბილი საღამოთი, მაგრამ, მოდით, ყველამ ერთად ვისურვოთ, რომ უახლოეს წლებში, დარბაზი, ასეთი კატეგორიის ბავშვების თვალსაზრისით, ცარიელი გვქონოდეს.“
მარინა ცხადაია, გამომცემელი: „მკითხველი ზაზა აბზიანიძეს კრიტიკული ესეებითა და ლიტერატურული პორტრეტებით იცნობდა. ამ რამდენიმე წლის წინ, იგი, სრულიად მოულოდნელად, იმავე მკითხველის წინაშე წარდგა მის მიერვე ილუსტრირებული ზღაპრით „ამბავი დე ლა მელასი“. ადვილად შესამჩნევია, რომ „ბუსუნსულების“ იუმორიც, ლირიზმიც, ტექსტისა და ნახატის განუყოფელი ერთიანობაც სწორედ „დე ლა მელაში“ იღებს სათავეს. შემდეგ იყო „წითელკუდა“ (რომელსაც სკოლაში ასწავლიან და სკოლისავე სცენაზე დგამენ), „კოსტა ბრავო“, „ბაფთა“, დაბოლოს, ადრე ცალ-ცალკე გამოცემული ზღაპრების კრებული „წითელკუდა“.
„ბუსუნსულებიც“ ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში და ტრადიციული კითხვა, რომელიც თან სდევდა პირველ ნაცნობობას ამ ხალისიან და მომხიბლავ ლექს-ნახატებთან, ასეთი იყო: „წიგნად როდის გამოვა?“
დღეს თქვენ ხელთ სწორედ წიგნად გამოსული „ბუსუნსულებია“ და გამომცემლობა იმედოვნებს, რომ ერთგულ მკითხველებთან ერთად „ბუსუნსულები“ ახალ მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შეიძენს.“
„ბუსუნსულებმა“ თაყვანისმცემლები უკვე შეიძინა, უფრო მეტიც, მას ათწლიანი ისტორია აქვს. 2001 წელს ზაზა აბზიანიძის წიგნმა „ბაფთა“ იუნისეფის პრემია აიღო. ავტორის მიერ ილუსტრირებული, კონვენციის მუხლების მიხედვით შექმნილი ზღაპრები, კარგა ხანია, ბავშვებს თავიანთ უფლებებს შეახსენებს ასოციაციის პრეზიდენტის ბუსო ბუსუნსულას (დამსახურებული ნაგაზი, საერთაშორის ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით) და ასოციაციის წევრების — აგნესა, ავგუსტინა, ამაკო და ლამზირა, კოშმარინა, ლენჩო, პაკო, სოკრატი, ჭიჭიკო და სხვ. — მონათხრობით. ასეთი ორიგინალური ფორმით პატარებისთვის ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლების მიწოდება და პოპულარიზება მართლაც სახალისო და საუკეთესო ფორმაა.
ღონისძიებაზე მაყურებელმა „ბაფთის“ ინსცენირება იხილა, რომელიც რეჟისორმა თამრიკო თუხარელმა მოამზადა. თეატრის დირექტორმა, ბატონმა მიშა ანთაძემ 10 წლის წინანდელი „ბაფთა“ გაიხსენა, რომელიც მაშინ „ზღაპრის“ თეატრში დაიდგა და, იუნისეფის ფარგლებში, სპექტაკლმა მთელი საქართველო მოიარა: „ბუსუნსულები ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს. სპექტაკლი ჩაგვქონდა საქართველოს რაგიონებში, ვაჩვენებდით სკოლებში, ძალიან მოსწონდათ. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი გვქონდა ლაგოდეხის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში, მოგვიანებით გავიგეთ, თურმე იმ სოფლის სკოლის ბავშვებმა ორგანიზაცია „ბუსუნსულები“ ჩამოაყალიბეს, რომელიც დღემდე არსებობს. ჩვენც ერთმანეთს ბუსუნსულებს ვეძახით დღემდე. ძალიან გამიხარდა დღეს, კიბეზე რომ ამოვდიოდი, ვანო ამირხანაშვილი ვიღასაც ეკითხებოდა: ხომ ვარ მე ბუსუნსულაო? ასე აიტაცა ყველამ ბუსუნსულების ფენომენი, ბუნებრივია, ეს მწერლის წარმატებაა. დღევანდელი ჩვენი სპექტაკლი სახელდახელოდ, საპრეზენტაციოდ მოამზადა თამრიკო თუხარელმა, რომელიც თქვენ ასე თბილად მიიღეთ, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო რეჟისორს და ჩვენს მსახიობებს “.
სულ მალე კი, „ბუსუნსულები“ ინგლისურენოვან მკითხველსაც გაახალისებს.
ქალბატონმა მირანდა მამალაძე-თაყაიშვილმა მწერალს ცოტა ხნის წინ სიურპრიზი გაუკეთა და „ბუსუნსულები“ ინგლისურად თარგმნა. თავიდან ქალბატონმა მირანდამ ერთ-ერთი ლექსი თარგმნა და მწერალს გაუგზავნა, შემდეგ, როგორც თვითონ გვითხრა, იმდენად შეიტყუა ლექსების თარგმნამ, რომ წიგნი ბოლომდე გადათარგმნა. წიგნი გამოსაცემად მზადაა, ავტორმა მხატვრულადაც გააფორმა და მალე მკითხველი ინგლისურ ენაზეც შეძლებს „ბუსუნსულების“ წაკითხვას, რომელიც მართლაც ისევე სახალისოდ ჟღერს, როგორც ქართულ ენაზე.
საღამოზე მწერალმა და მთარგმნელმა ლექსების ქართულ-ინგლისური ვარიანტები წაიკითხეს.
მერწმუნეთ, ტყის და ველის ამბებით თუ დრამებით დატვირთული ლექს-ნახატები მართლაც გაგახალისებთ: საჩივრის წიგნსაც ჩახედავთ, ტურას და გოჭის სიყვარულის ამბავსაც შეიტყობთ, ზოოპარკის საიდუმლოებებსაც გაიგებთ, ჭაობ-ტბაობ-ზღვაობშიც იმოგზაურებთ და მოძალადე ფლამიგნოს მოთხოვნაც გაგაოცებთ: ბაყაყს ამშვიდებს ფლამინგო, შეგჭამ და უნდა გამიგო... და კოჭლ ხოჭოსაც უთანაგრძნობთ:

ქარს ქვეყანა მიაქვს,
ფეხი იღრძო ხოჭომ,
კიდევ ხუთი კი აქვს,
მაგრამ მაინც კოჭლობს.

მთლიანობაში კი „ბუსუნსულები“ გაზიარებთ სრულიად უჩვეულო, ზაზა აბზიანიძისეულ, ლიტარატურულ ჟანრს — ტექსტი, ლექსი, ნახატი.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N