გამოდის 1998 წლიდან
2011-06-15
იოსები

მეღვინის განთავისუფლების შემდეგ ორი წელი გავიდა. „არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა“ (დაბ.40:23).
ფარაონს კი უცნაური სიზმარი ესიზმრა: ვითომ ნილოსიდან გამოვიდა ჯერ შვიდი ხორცსავსე, მსუქანი ძროხა და ლერწმიანში ბალახობდა, შემდეგ ამოჰყვა მათ შვიდი მჭლე, შეუხედავი ძროხა. მჭლე ძროხები გვერდით დაუდგნენ მსუქნებს, გადაყლაპეს ისინი, მაგრამ არ მოემატათ ფერ-ხორცი. გამოეღვიძა ფარაონს და როდესაც შეიბრუნა ძილი, კვლავ ესიზმრა: ხორბლის ღეროდან ამოვიდა შვიდი თავთავი, მსხვილმარცვლიანი, სავსე, მეორე ღეროდან კი შვიდი უმარცვლო, ფშუტე, ხორშაკისაგან დათუთქული. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი... და გაეღვიძა ფარაონს. ცუდად ენიშნა ეს სიზმრები მმართველს, დაუმძიმდა სული. იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები. ვერავინ აუხსნა ფარაონს მათი მნიშვნელობა. ერთი რამ ნამდვილად ცხადი იყო: ორივე სიზმარი ერთსა და იმავეზე მიანიშნებდა.
სწორედ ამ დროს გაახსენდა მეღვინეს იოსები. უამბო ფარაონს მეპურისა და მისი პატიმრობის დროს მომხდარი ამბავი: „ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა“ (დაბ.41:12-13). ფარაონი დაინტერესდა, გაგზავნა კაცი და სასახლეში მოიხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ გამოიყვანეს დილეგიდან. „...გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს“ (დაბ.41:14).
იოსები ცამეტი წლის წინ ჩამოვიდა ეგვიპტეში. ამ დროისთვის ის უკვე ოცდაათისა შესრულდა. წარდგა ფარაონის წინ ჭეშმარიტი ღვთისმოსავი, ღმერთის რწმენითა და სიყვარულით აღვსილი გონებითა და გულით, გულწრფელი და მინდობილი. თავის უცნაურ ნიჭს სამართლიანად მიიჩნევდა ღვთის წყალობად, თავის თითოეულ საქმესა თუ სიტყვას ღმერთის სადიდებლად და ურწმუნოთა მოსაქცევად ამბობდა.
იოსები კვლავ იცვლის სამოსს. ეს მისი წინასწარმეტყველური უნარის განახლებასა და გამძაფრებაზე მიგვანიშნებს. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
მიმართა ფარაონმა იოსებს: „...სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო“(დაბ.41:15). იოსები ღვთის ხსენებითა და ჩვეული თავმდაბლობით იწყებს ფარაონთან ურთიერთობას — „...მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას“ (დაბ.:41:16). ხოლო ფარაონის სიზმრებს ასე ხსნის: „...ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს. შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს. მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია“ (დაბ.41:25-27). მოწყალე ღმერთმა ორჯერ ანიშნა ფარაონს მომავალი შიმშილობის შესახებ. იოსების აზრით, ფარაონს სასწრაფოდ უნდა მოეძებნა ჭკვიანი, გამჭრიახი მმართველი, რომელიც სწორად დაითვლიდა და გადაანაწილებდა ეგვიპტის შემოსავალს პირველი შვიდი წლის განმავლობაში, ნაწილს მოიხმარდა, ხოლო მეხუთედს შეინახავდა და შიმშილობის შვიდ წელიწადში ყაირათიანად გამოიზოგავდა. „უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება? უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული“(დაბ.41:38-40) და წაიძრო თითიდან ბეჭედი, ნიშნად მისივე სიტყვებისა, უსახსოვრა იოსებს ეს ბეჭედი — „აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის განმგებელად!“ (დაბ.41:41) — შემოსა იოსები ზეზის შესამოსელით, ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე, დასვა თავის მეორე ეტლზე. ამ დღიდან იოსები ეგვიპტის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა. ფარაონის ნებით, იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი უწოდეს, ხოლო ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული მიათხოვეს. ქურუმის ოჯახთან დანათესავება მეტად საინტერესო ფაქტია. ის გარდა გარკვეული დამატებითი პატივისა, ეგვიპტელ ქურუმთა ინსტიტუტში დაუნჯებულ ცოდნასთან თანაზიარობას ნიშნავდა. ეს კი ამ ცოდნასთან ღია დაპირისპირების გვერდის ავლით ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის დამკვიდრების საშუალებასაც იძლეოდა. გავიხსენოთ, რომ იოსებამდე იყო აბრაამი. ეგვიპტეში მისმა ცხოვრებამ და ქადაგებამ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა იქაურებს ჭეშმარიტ ღმერთზე. აბრაამის შემდეგ იოსების ჭეშმარიტმა რწმენამ თავისი ნაყოფი მოგვიანებით გამოიღო. როგორც ისტორიიდან ვიცით, ფარაონმა ამენჰოტეპ IV-მ ეგვიპტეში დიდი რელიგიური რეფორმა წამოიწყო, ხოლო ეხნატონს მცდელობაც კი ჰქონდა, რომ სახელმწიფო რელიგია მონოთეისტურ ჩარჩოებში მოექცია.
და აი, დადგა შვიდი უხვი, ხვავიანი წელი. იოსების მითითებითა და ხელმძღვანელობით მთელ ქვეყანაში ააგეს მარცვლეულის შესანახი სათავსოები, ზედმიწევნით ზუსტად ჰყოფდნენ მოსავალს და ინახავდნენ. მაგრამ დადგა შიმშილობის წლებიც. არა მარტო ეგვიპტეში, არამედ მთელ მიმდებარე ქვეყნებში გვალვა დაიჭირა, მოსავალი გაფუჭდა და სიდუხჭირემ დაისადგურა. მხოლოდ ეგვიპტელები ცხოვრობდნენ მშვიდად, რადგანაც სწორი გამოდგა იოსების წინასწარმეტყველება. „...იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური“ (დაბ.41:54).
მოსავლის გარეშე დარჩნენ ქანაანელებიც. უთხრა იაკობმა შვილებს წასულიყვნენ ეგვიპტეში, ეყიდათ ცოტაოდენი ხორბალი და შინ მარცვლეულით დაბრუნებულიყვნენ. ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. ხოლო უმცროსი ბენიამინი კი შინ დარჩა მამასთან. იაკობს იოსების შემდეგ რახელის უმცროსი შვილიღა დარჩენოდა ნუგეშად.
„იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად“ (დაბ.42:6-7); ძმებმა ვერ იცნეს იოსები. რაღა თქმა უნდა, ეგვიპტეში გატარებულმა წლებმა იოსები გარეგნულად ძლიერ შეცვალა. ამასთან, ის „უცხო“ სტუმრებთან თარჯიმანის დახმარებით საუბრობდა. ძმების დანახვაზე ათასი ფიქრი და მოგონება აეშალა, გაახსენდა მამა, მშობლიური კერა, ბავშვობის სიზმრები, ძმების სიმუხთლე... იფიქრა — მოვიდა ჩემი სიზმრების ასრულების დრო... „...უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით“ (დაბ.42:9). ძმებმა იუარეს და მოჰყვნენ ფიცს, რომ ბოროტი ზრახვით კი არა, პურის საყიდლად იყვნენ მოსულები. იოსები მაინც არ იშლიდა თავისას.
„უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს“ (დაბ..42:13).
იმდროინდელი კანონების მიხედვით, მსტოვრები თავიანთი ავი ზრახვებით ქურდებს უტოლდებოდნენ, ხოლო ქურდობა სიკვდილით ისჯებოდა. ძმებს კი ჯერ არ მოენანიებინათ დიდი ხნის წინანდელი დანაშაული. მათ, ფაქტობრივად, მამას შვილი მოპარეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.
იოსების საქციელში ღვთის ნება გამოსჭვივის. ის საშუალებას აძლევს მათ გამოისყიდონ დანაშაული. იოსების ტონი მკაცრი და შეუვალია: „უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ“ (დაბ.41:15-16). იოსები სამი დღით აპატიმრებს ძმებს საპყრობილეში, შემდეგ ერთ მათგანს — სიმონს, მათ თვალწინ დაადებს ბორკილებს და ტოვებს ეგვიპტეში. დანარჩენებს კი შინ გაშვებას პირდება იმისათვის, რომ უმცროსი ძმა მოიყვანონ და ამით თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. „თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი“ (დაბ.42:19-20). როგორც აღვნიშნეთ, იოსები ძმებს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდა. მათ არ ეგონათ, რომ იოსებს ებრაული ენა ესმოდა, ამიტომაც მოურიდებლად გადაულაპარაკეს ერთმანეთს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი“ (დაბ.42:21). ამ სიტყვების გაგონებაზე შეტრიალდა იოსები და მწარედ ატირდა. რეუბენმა, უფროსმა ძმამ კი დაამატა: „...ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი“ (დაბ.42:22).
ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ ძმების ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ. ძმებმა აჰკიდეს ტომრები სახედრებს და გაუდგნენ გზას. ღამის გასათევად ერთ ადგილზე დაბანაკდნენ. ჩამოცალეს ტვირთი და ერთ-ერთმა მათგანმა თავის ტომარაში ვერცხლის ფული ნახა. კიდევ უფრო შეწუხდნენ ძმები.
შინ დაბრუნებულები მწუხარებით მოუყვნენ მამას თავს გადამხდარი. ისიც ამცნეს, რომ თუ შემდეგ წასვლაზე ბენიამინს არ წაიყვანდნენ, ეგვიპტის მმართველი სიმონსაც არ გაათავისუფლებდა. იოსების მიზანი კი თითოეული მათგანის გულში ჭეშმარიტი სინანულის აღძვრა იყო, რადგან სხვაგვარად ძმები საბოლოოდ დაკარგავდნენ ღვთისაკენ სავალ გეზს.

25-28(942)N