გამოდის 1998 წლიდან
2011-06-09
ერთი სიმართლეს ეძებს, მეორე გასცემს, „ყველაფერს სამი აკეთებს“

დღევანდელი ნომრის სტუმარია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ სტურუა

მარჯანიშვილის თეატრში, 8 და 10 მაისს, აკა მორჩილაძის „წიგნის“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ლიტერატურის მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა. ამიერიდან „ფრიდონიანი“ მხოლოდ ავტორის პოპულარობით აღარ მიიპყრობს ყურადღებას. ნურადინ ფრიდონისა და ბრძენი ალ ქაუსის მიერ სცენაზე ამეტყველებული ორი ცივილიზაცია — ქრისტიანულ-დასავლური და ისლამურ-აღმოსავლური იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ პრემიერის შემდეგ წამოსული, უკვე მერამდენედ, კარგა ხანს ვფიქრობ „ვეფხისტყაოსნის“ ფენომენზე.
„წიგნის“ პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ (უკვე ერთი კვირის ჩაწერილი მაქვს ინტერვიუ სპექტაკლის ჩემთვის ყველაზე სასურველ მსახიობთან) ვიწყებ ინტერვიუსთვის შესავლის წერას. თუმცა, შეიძლებოდა ამის გარეშეც. მაგრამ ვხვდები, რომ ამის გარეშე არ გამომივა.
არატრადიციულ სპექტაკლში — ლეგენდა, მითი და წიგნი — ეს ყველაფერი მაყურებლამდე მსახიობებს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით მიაქვთ, თეატრისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპული ეფექტების გარეშე. სიტყვით, აკა მორჩილაძისეული სიტყვით, მოხდენილ სასვენ ნიშნებსაც კი გრძნობ და, რაც მთავარია, ეს ლიტერატურის მოყვარულების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს — უსმენ ლიტერატურას, როგორც კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელსაც აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი — ნურადინ ფრიდონი (ოთარ მეღვინეთუხუცესი) და აღმოსავლეთისავე უპირველესი ბრძენი (ზურაბ სტურუა) გადმოგვცემენ — ერთი სიმართლეს ეძებს და მეორე გასცემს. ამას ყველაფერს მსახიობები იმდენად დამაჯერებლად ყვებიან, რომ განცდა გაქვს, თითქოს, შენც ამ ამბის თანამონაწილე ხარ.
მოთხრობიდან სიტყვაც კი არ არის გამოტოვებული, ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და საკმაოდ წარმატებულიც. „ზღვისრეთის გამგებელ ნურადინ ფრიდონს აღარც კი ახსოვდა, რამდენი წლისა იყო. ვარსკვლავთმრიცხველნი და კარის ჩელები ამბობდნენ, რომ მას მიეღწია სულიერების იმგვარი წერტილისთვის, რომელიც სრულიად გამორიცხავს ასაკის მნიშვნელობას იმქვეყნად მივლინების მიზეზთა შორის“. ჰოდა, ას წელს მიტანებული ნურადინ ფრიდონი ბიოგრაფიის დაწერას ცდილობს, უნდა შთამომავლობას დაუტოვოს სიმართლე. ამ დროს მისთვის საჩუქრად მოაქვთ წიგნი „ჰინდურელ ნამე“ („ვეფხისტყაოსანი“), რომელშიც აღწერილია ამბავი, თუ როგორ შეებრძოლა აღმოსავლეთის პირველი რაინდი, ორ მეგობართან ერთად, ქაჯებს და ტყვეობიდან იხსნა მეგობრის სატრფო. ნურადინ ფრიდონს აღაშფოთებს ეს ამბავი და განიცდის, რატომ დაწერა ავტორმა წიგნი ასე, ეს ხომ სიმართლე არ არის, სიმართლე მხოლოდ მის 16 წიგნშია აღწერილი. მას კი, ქალისთვის ბრძოლა არასოდეს უკადრებია, რადგან ეს გმირობად არ მიაჩნია: „შეუძლებელია ჩემთვის იმ გმირობის მითვისება, რომელიც არ ჩამიდენია“... აკას ლეგენდის მიხედვით, სცენაზე ბრძენი ალ ქაუსი შემოდის. მის გამოჩენაზე სუნთქვა გეკვრება, სიტყვის ამოღებამდე უკვე რაღაცით გნუსხავს, მერე ხვდები, რომ ეს რაღაც კი არა, მისი საოცარი ნიჭიერებაა, რომელიც მაყურებელს ასე მოგვნატრებია. მოხუცი ბრძენი ნურადინ ფრიდონის კითხვას, თუ რატომ დასჭირდა ავტორს სამი მეგობრის შებრძოლება ქაჯებთან, ასე ხსნის: „...ასწია ალ ქაუს ბრძენმა თავისი შავი, ყვითელგულა ხელი... შეკრა ერთად ცერა, საჩვენებელი და შუა თითები და თქვა: მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს სამი აკეთებს. აი, ეს სამი. თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“.... „მათ“ ის ქვეყანაა, სადაც ეს წიგნი დაიწერა, ეს ქვეყანა კი საქართველოა, აქ კი მთავარი ალ ქაუსის თითებით ნაჩვენები სამებაა. ასე გააფერმკრთალა სიყვარულზე გამონაგონმა ერთმა წიგნმა რეალურ გმირობაზე დაწერილი თექვსმეტივე წიგნი, რომლებიც ზღვისრეთის გამგებლისთვის ასე რთული დასაჯერებელი აღმოჩნდა. ასე შემოდის შენში სულიერებითა და სიბრძნით სავსე ამბავი „ფრიდონიანისა“, აკა მორჩილაძის მოხდენილი სიტყვით და მსახიობთა საოცარი გარდასახვით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პრემიერის შემდეგ ეს ემოცია ასე იოლად არ გაქრებოდა, არ დამთავრდებოდა... მეტიც, იმის გაფიქრება, რომ შენ იმ სამყაროს ნაწილს განეკუთვნები, სადაც სამი რამ ქმნის ყველაფერს და იმ ქვეყანას, სადაც სიყვარულის გამო სამი რაინდი შიშველი ხელებით ეომება ქაჯებს, სიამაყეს თუ არა, სიამოვნების ჟრუანტელს მაინც მოგგვრის. ფინალი კი საბოლოოდ შეგაგრძნობინებს, რომ ხშირად ბრძოლაში გამოჩენილ სიმამაცეზე მეტია სიყვარული.

***
ამ ემოციის შემდეგ ბატონ ზურაბ სტურუას facebook-ზე 10-წლიანი პაუზის შემდეგ ასეთ წარმატებას ვულოცავ.
ეს დიდი ხნის დუმილის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუს პირველი ნაწილია:
— გილოცავთ!!! დღეს არაჩვეულებრივი ალ ქაუსი ვნახე. სიბრძნითა და სულიერებით დამუხტული დავბრუნდი.
— არ ესმით ჩემი...
— ვის? და რატომ?
— r
— r???
— დავიღალე.
— მესმის თქვენი, არ შეგაწუხებთ. ისეთი ემოციით დავბრუნდი, ჯერაც არ დავწყნარებულვარ, თან მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი.
— დაიძინეთ.

***
ინტერვიუს მეორე დღე. მსახიობთან, შეთანხმებისამებრ, სახლში მივედი. მელოდა, კარის ზღურბლს გადავაბიჯე და მოვხვდი სამყაროში, რომელიც არც თუ ისე იოლი შესაცნობია. თვალი შევავლე მის ნივთებს, მაგიდაზე ერთმა ფაიფურის თოჯინამ მიიპყრო ყურადღება, „მოლა“ აღმოჩნდა, მას ვეხები, მასპინძელს არ მოსწონს, ეს განსაკუთრებული ნივთია, თავისი ისტორიით... კედელზე მისივე ნახატები კიდია... დროს არ ვკარგავთ, ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ერთი საათია, 5 საათზე რეპეტიცია აქვს ლილი იოსელიანთან. ფურცლებს თავად მაწოდებს და წერას ვიწყებ... კითხვები??? კითხვებს ვერ ვსვამ... უფრო სწორად სრულად, მივენდე, რასაც მიამბობდა...

***
გაბრაზებული გალაკტიონი, ნერვებაშლილი იმით, რომ მისი არ ესმით, ძმას ჭყვიშში წერილს წერს: „ძმაო აბესალომ!
მე ნერვები მაქვს აშლილი და მკურნალობას ვსაჭიროებ. მე დღეში შეიძლება ას კაცს შევხვდე და მაინც მარტო ვარ!“
ჩემდა სურვილთა უკითხავად, 40 წლის ასაკში განვმარტოვდი. მარტოობა, სიბნელე, შიში, წიგნები, ფურცლები, საღებავები, უფრო სწორად — შავი პასტელი და ზეთი... მონასტერი, უცხოეთი, თბილისი, სიბნელე, წიგნები, მეცადინეობა 24 საათის რეჟიმში; ცრემლი, ფიქრი... ფიქრი... ფიქრი... თეატრი, შედევრი, მარცხი. არ ესმით ჩემი? 10 წლის შემდეგ დავარღვიე დუმილი. რეალითი შოუ — ბებერი მასხარას უკბილო ხუმრობა.
ლილი იოსელიანი — მასწავლებელი, ჰენრი იბსენის „იუნ გაბრიელ ბორკმანი“ — სხვა განზომილება, რეალისტური თეატრი. კ. სტანისლავსკი — მუშაობის მეთოდიკა; სათქმელი — ძალაუფლების ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. ყოველგვარი ხერხის გამოყენება ხელისუფლებაში მოხვედრისა ზიანს აყენებს არა მარტო თავად ადამიანს, არამედ საზოგადოებას, ქვეყანას, ოჯახს. დავფიქრდეთ... სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას რეალიზმი სცენაზე? თუ დაიკარგა მოსმენა კულტურისა, მაშინ, რასაკვირველია, ასეთი ტიპი ადამიანებისა დატოვებენ დარბაზს, საიდანაც ტკივილი ისმის და გავლენ სანახაობათა ფორმის დაწესებულებაში, რომლებიც დღევანდელ ყოფიერებაში მომრავლდა; ხოლო ადამიანნი, თუნდაც მცირეოდენნი, ვისაც აქვს უნარი მოსმენისა, მერწმუნეთ, დიდი ყურადღებით მოუსმენენ რეალურ ტკივილს ყოველგვარი ეფექტების გარეშე, თუ კი ის, ტკივილითა და საკუთარ თავის პრიზმაში გატარებულს მიაწვდის მაყურებელს.
ათი წლის განმავლობაში, ჩემთა სურვილთა უკითხავად, განმარტოებული ადამიანი, არაპოპულარული ვარ, რადგან ვეწინააღმდეგები მთელი არსით ყვითელ ფურცლებზე მოხვედრას, გასართობ სატელევიზიო შოუებზე მიწვევას. მიმაჩნია, ამგვარი გზით მოპოვებული პოპულარობა დამამცირებელი და საშიშია თვით იმ პიროვნებებისთვის, რომლებიც დღეს პოპულარულები არიან. თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, მათი პოპულარობა გაფერმკრთალდება, შემდეგ უეცრად გაქრება, რამაც მათ ადამიანურ ღირსებებზე, შესაძლოა, დამთრგუნველად იმოქმედოს.
ხელოვნება ღმერთთან წილნაყარი ცნებაა, თუ არ დაიწვი, თუ არ გაეცი, თუ არ დაიხარჯე, თუ არ გეტკინა, თუ არ იტანჯე, თუ არ იტირე, თუ არ განიცადე, თუ გონების პრიზმაში არ გაატარე, მაშინ ეს ხელოვნება არ არის! ხელოვნება ხელოსნობა არ არის.
ნახევარი საუკუნის გავხდი (თითქმის), მოსემ 40 წლის ასაკში დაინახა მაყვლის ბუჩქზე ანთებული ცეცხლი და ესმა ხმა. მეც მესმა ხმა... მე არ მქონდა უფლება, ამ ხმას არ დავმორჩილებოდი... შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა კურთხევა მომცა, რომ არ მოეცა? დავარღვევდი პროექციის დუმილს?.. არ ვიცი... აი, ამიტომ დავარღვიე დუმილი.
პრემიერაზე არ დავღლილვარ. როცა გავაკეთე ყველაფერი, მერე დავიღალე... დამაგვიანდა „პაკლონზე“ გასვლა და მაყურებლისთვის მადლობის თქმა, ვერ გამიგეს და მისაყვედურეს, ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი.

***
„დილისთვის გუნდს უკვე დაევიწყებინა საკუთარი სიგიჟე, — გუნდს და არა ფლეტჩერს.
— ის თუ გახსოვს, ჯონათან, რა თქვი დიდი ხნის წინ: უნდა გიყვარდეს გუნდი, დაუბრუნდე მას და ფრენა ასწავლოო?
— მახსოვს, რასაკვირველია.
— არ მესმის, როგორ შეგიძლია გიყვარდეს ფრინველთა ეს ბრბო, რომელიც ერთი წუთის წინ მზად იყო შუაზე გაეგლიჯე.
— ოჰ, ფლეტჩ, რასაკვირველია, სიძულვილი და ბოროტება არ უნდა გიყვარდეს! უნდა ვივარჯიშოთ და თითოეულ მათგანში ნამდვილი თოლია დავინახოთ, დავინახოთ მასში სიკეთე და დავეხმაროთ, რომ თვითონაც დაინახოს ეს საკუთარ თავში. აი, რას ვგულისხმობ სიყვარულში. კარგია, როცა ამას მარჯვედ აკეთებ. მაგალითისთვის, გავიხსენებ ერთ მძვინვარე ახალგაზრდა თოლიას, სახელად ფლეტჩერ ლინდს, გუნდიდან ახლადმოკვეთილსა და მასთან სასიკვდილო შეჭიდებისთვის მზადმყოფს, შორეულ კლდეებზე თავისი ცხოვრების მწარე ჯოჯოხეთის მშენებელს... ახლა ის აქ არის, ჯოჯოხეთის ნაცვლად ზეცას იშენებს და მთელი გუნდი ამ გეზით მიჰყავს...
...ერთი წამის შემდეგ ჯონათანის აციმციმებული, უფრო და უფრო გამჭვირვალე სხეული ჰაერში ალივლივდა:
— არ დაანებო, რომ ჩემს შესახებ ბრიყვული ხმები დაყარონ ან კიდევ ღმერთად შემრაცხონ, კარგი ფლეტჩ? მე მავანი თოლია ვარ, შესაძლოა — ფრენაში შეყვარებული თოლია...
...— უპირველეს ყოვლისა, — მძიმედ წამოიწყო ფლეტჩერმა, — თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თოლია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლების დაუსაზღვრავი იდეა, დიდი თოლიას ხატი და სახე, და რომ მთელი თქვენი სხეული, ერთი ფრთის წვერიდან მეორემდე, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე აზრია... თოლია ფლეტჩერმა უცებ ისე დაინახა ისინი (სულ ერთი წამით!), როგორებიც სინამდვილეში იყვნენ. და კი არ მოეწონა მხოლოდ, — ფლეტჩერმა სიყვარული იგრძნო იმის მიმართ, რაც დაინახა.
— „მაშ არავითარი საზღვარი, ჯონათან?“ — გაიფიქრა და ბაგე ღიმილმა გაუპო. ის უკვე მიჰყვებოდა სწავლის მარათონს“...
(რიჩარდ ბახი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონ“)

***
ეს თოჯინა (მოლა) ცოტა ხნის წინ მაჩუქა ლილი იოსელიანმა, ალ ქაუსზე მუშაობაში ძალიან დამეხმარა.
ტელევიზორს არ ვუყურებ, საერთოდ არ მაქვს. როცა ტელევიზორს ვუყურებდი, ძალიან მეშინოდა, იმდენ ტყუილს ამბობდნენ ან ვერ ვიგებდი. ეთერში იჯდა ორი ადამიანი (არ ვასახელებ მათ ვინაობას), ერთი და იმავე საკითხზე აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს ამბობდნენ და არც ერთი მათგანი არ იყო მართალი. ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ვარ. როცა ინტერნეტში პირველად დავაჭირე ღილაკს ხელი, მოვხვდი ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების არქივში, საშუალება მომეცა 1809-10 წლების ჩანაწერების ტექსტი მენახა. საშუალება მომეცა მენახა, თუ როგორები იყვნენ რეალურ ცხოვრებაში ფროიდი, ტოლსტოი, იბსენი, რაც ჩემი პროფესიის აუცილებელ ატრიბუტიკას წარმოადგენს. მხოლოდ ეს ყველაფერი — ამ ინფორმაციის მიღება საინტერესოა განმარტოებით, ბნელ სივრცეში, გულმოდგინე მეცადინეობის შემდეგ, მარტო...
ვფიქრობ, რომ სინათლის სწორი გამოყენება (დელუკი, მე-19 საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი — ნამშრომი „სინათლე სწორი ალგებრისა“) — პატარა სწორი განათებით, სწორი სხივი პირამიდას ანათებს. ამდაგვარ განათებას კინემატოგრაფში გენიალურმა ადამიანებმა მიაღწიეს, თეატრშიც გენიალურმა ადამიანებმა მიაღწიეს — პარალელურ სხივთა გადაკვეთა და ზემოდან ჩამოშვებული სხივი იძლევა გალაქტიკის ფორმას. გამოსხივება ეს არის თავი და თავი სინათლის სწორი აგებულებისა, ანუ სინათლის სწორი ალგებრისა. მაგალითისთვის — ნიკო ფიროსმანაშვილის „გოგონა და ბუშტი“, ანდრეი ტარკოვსკი, აღარ უნდა მეტი ჩამოთვლა, ბევრნი არიან...
ალ ქაუსი ღმერთის ნება იყო, მე არ მიფიქრია. ალ ქაუსი 14 დღეში „ვქმენი“, უფრო სწორად, 14 რეპეტიციით...
ლილი იოსელიანი — ესეც ღვთის ნებააა. ერთ დღეს მივედი და დავჯექი და ჩემს წინ გადაიშალა უამრავი ხატები. გადავწყვიტე, დამერღვია დუმილი. ჩემ წინ იჯდა ადამიანი, რომელთანაც ადრეულ წლებში მომიხდა ურთიერთობა. ვთვლი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა (გერმანელ დრამატურგის გერჰარდ ჰაუპტმანის „მშვიდობის დღესასწაული“) წარმატებით დამთავრდა. მეორე შეხვედრა იყო შექსპირის „ჰამლეტი“ — ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, თეატრალურ სარდაფში უნდა შემდგარიყო პრემიერა 10 წლის წინ, მხოლოდ გენერალური რეპეტიციით დასრულდა. იმ დროს მე არ აღმოვჩნდი მზად ჰამლეტის ძნელი და ფსიქოლოგიური სახის შესაქმენლად. და აი, ათი წლის შემდეგ, მოზღვავებულ უბედურებათა თავსდამტყდარ ნაკადთა გაძლების შემდეგ, კვლავ შევხვდით და დავიწყეთ ყველაფერი თავიდან. რეალისტური სკოლის პირველი კლასის მოწაფე ვარ.
მაყურებელი მომნატრებია, კი ვიგრძენი და მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა, მაგრამ ეს ხომ ჩემი ნება არ იყო. „წიგნის“ რეპეტიციები კარგა ხნის დაწყებული იყო, მე მოგვიანებით შევედი, 14 რეპეტიცია გავიარე. ეს მცირე დროა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლილი იოსელიანთან წელიწადნახევარია ვმუშაობ, სამაგიდო სამუშაოს მოვრჩით და გვინდა სცენაზე გადავიტანოთ.
მე მინდოდა მეთქვა: „...რომ ყველაფერს სამი აკეთებს. აი, ეს სამი. თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“...

***
ჩემი რესპონდენტი აცხადებს, რომ ის ახლა რეალისტური სკოლის პირველი კლასის მოწაფეა, მე კიდევ ვლამობ ფრენის ხელოვნებიდან ცოტა რამ მაინც ვისწავლო, მისივე დახმარებით. ალბათ, რთულია ამის დაუფლება ისე, რომ „ზეცას იმ მომენტში შეეხო, როცა სრულქმნილ სისწრაფეს დაეუფლები“, რადგან ყოველგვარი რიცხვი დასაზღვრულია, სრულქმნილებას კი საზღვრები არ აქვს.
„...რასაც ვერ მივხვდი, კვლავ საიდუმლოა ჩემთვის. სიბრძნე გადამდები არ ყოფილა“.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N